“კორუფციასთან შეუწყნარებელი” მდინარაძის მეგობარი

ჟურნალისტი: მონიტორი
Divider dot 29 იანვარი 2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პარტნიორი და მისი ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობებს ინაწილებენ. “მონიტორის” ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში გაჩვენებთ შესაძლო ნეპოტიზმის ფაქტებს, რომელიც მამუკა მდინარაძეს უკავშირდება.

“კორუფციასთან ვიქნებით შეუწყნარებლები,“ –  ასეთი პირობა დადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ახალდანიშნულმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასული წლის ოქტომბრის ბოლოს.

კორუფციის ერთ-ერთი გამოვლინებაა ნეპოტიზმი, როდესაც პირს ან პირთა ჯგუფს მეგობრობისა და ნათესაობის ნიშნით ენიჭება პრივილეგიები, როგორიცაა, მაგალითად, თანამდებობაზე დანიშვნა-დაწინაურება.

მოდით, ერთად გავარკვიოთ, არის თუ არა ნეპოტიზმის გამოვლინება ის ფაქტი, როდესაც სუს-ის უფროსის ყოფილი პარტნიორისა და მეგობრის – გიორგი გელაშვილის ოჯახში აღმოვაჩინეთ პარლამენტის დეპუტატი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მაღალჩინოსანი, სუს-ისა და მთავრობის კანცელარიის თანამშრომლები, თბილისის VII მოწვევის საკრებულოს წევრი და ოზურგეთის მერი.

მდინარაძის პარტნიორი და მეგობარი

2001 წელს თბილისის ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს საგამოძიებო სამსახურში გამომძიებლებად დასაქმდნენ მამუკა მდინარაძე და გიორგი გელაშვილი. პოლიციის რიგებში მათ 3 წელი გაატარეს და შემდეგ საადვოკატო საქმიანობას შეუდგნენ.

საჯარო რეესტრში დაცული დოკუმენტების მიხედვით, მდინარაძე-გელაშვილის პარტნიორობა 2006 წლიდან დაიწყო, როდესაც სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება “მამუკა მდინარაძის, გიორგი გელაშვილის და შალვა მშვილდაძის კომპანია” დააფუძნეს. 2007 წელს მათ კიდევ ერთი სპს “მამუკა მდინარაძე და თბილისის იურიდიული ცენტრი” დააარსეს. 
2009 წლის ოქტომბერში მამუკა მდინარაძემ და გიორგი გელაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია – “სამართლის მონიტორინგის ცენტრი” დააფუძნეს. 2014 წელს დამფუძნებლებმა ორგანიზაციას სახელი შეუცვალეს  და “ადვოკატთა ალიანსი” დაარქვეს. საჯარო რეესტრში ამ არასამთავრობო ორგანიზაციის გამგეობის თავმდჯომარედ ბოლო, 2025 წლის ამონაწერით,  კვლავაც სუს-ის ამჟამინდელი უფროსია მითითებული.

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან

2015 წელს მამუკა მდინარაძემ გიორგი გელაშვილთან ერთად კიდევ ერთი ორგანიზაცია – შპს “მდინარაძე და პარტნიორი ადვოკატები” დააფუძნა. 

“საკმაოდ დიდი ფირმა მქონდა საადვოკატო”, – ასე მოიხსენიებს ამ კომპანიას მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში. იქვე იხსენებს, თუ როგორ შეთავაზა 2016 წლის იანვარში ამ საადვოკატო ფირმის ერთ-ერთი კლიენტის მეგობარმა “ქართული ოცნების” რიგებში გაწევრიანება, რაზეც ერთი თვის თავზე დათანხმდა:

“მეორე დღესვე დამირეკა და ბატონ კახისო [საუბარია თბილისის მერ კახი კალაძეზე – რედაქცია] უნდაო შენთანო შეხვედრაო. ირაკლი ჩემი კურსელია კობახიძე, ოღონდ არ გვქონდა ესეთი ძაან ახლო ურთიერთობა, ძაან რა – არ ვმეგობრობდით. კახისთან, კი, ბატონო-მეთქი. ერთი 15-20 წუთი ვილაპარაკეთ. ირაკლისო ხო იცნობო? კი-მეთქი, როგორ არ ვიცნობ, ირაკლი ჩემი კურსელია-მეთქი. აუ, კაიო, ირაკლისთან ერთადაც ამ დღეებში შევხვდეთო. მეორე დღესვე დამირეკეს და ირაკლი, კახი და გიორგი კვირიკაშვილი შემხვდნენ ერთად და…მერე პირველი გაკვირვება იყო, რომ პოლიტსაბჭოს წევრობა შემომთავაზეს ისევ ირაკლიმ და კახიმ პირველი საუბრებიდან ერთ თვეში… და ჩავერთე და ჩავერთე”. 

ასე გახდა მამუკა მდინარაძე 2016 წელს პარლამენტის წევრი – “ქართული ოცნების” მაჟორიტარი თბილისის ერთ-ერთ ოლქში.

გადეპუტატების შემდეგ მამუკა მდინარაძე ზემოთ დასახელებული 2 სპს-დან გავიდა. მდინარაძემ, ასევე, გაყიდა კუთვნილი 95% წილი შპს “მდინარაძე და პარტნიორ ადვოკატებში”. ამასთან, კომპანიას შეეცვალა სახელი და დაერქვა შპს “ადვოკატთა ალიანსი”, სადაც გიორგი გელაშვილის წილი 5-დან 35%-მდე გაიზარდა და ორგანიზაცია იურიდიულად მისი საცხოვრებელი სახლის მისამართზე დარეგისტრირდა.

გარდა იმისა, რომ მდინარაძე და გელაშვილი წლების მანძილზე პარტნიორები იყვნენ სხვადასხვა კომპანიაში, მათ ოჯახებითაც ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვთ. სოციალურ ქსელებში არაერთი ფოტოა გამოქვეყნებული, სადაც ისინი ერთად არიან სხვადასხვა თავყრილობებზე.

ნათია კუნჭულია [მამუკა მდინარაძის ცოლი]და სალომე ჯინჯოლავა [გიორგი გელაშვილის ცოლი]; 2017 წელი. წყარო: ფეისბუკიგიორგი გელაშვილი, მისი ცოლი სალომე ჯინჯოლავა და ნათია კუნჭულია [მამუკა მდინარაძის ცოლი], 2016 წელი; წყარო: ფეისბუკი

წარსულში ორივე მათგანის ცოლები თბილისის მერიაში მუშაობდნენ: მამუკა მდინარაძის ცოლი – ნათია კუნჭულია, ქმრის ბოლო დეკლარაციის მიხედვით, თბილისის მერიაში იყო დასაქმებული. გიორგი გელაშვილის ცოლი – სალომე ჯინჯოლავა კი თბილისის მერიაში 2014-16 წლებში მუშაობდა – ჯერ სტაჟიორად, შემდეგ წამყვან და ბოლოს მთავარ სპეციალისტად. 

2016 წლის ბოლოს კი, მას შემდეგ, რაც მამუკა მდინარაძე პარლამენტის წევრი გახდა, პროფესიით სტომატოლოგი სალომე ჯინჯოლავა საკანონმდებლო ორგანოში დასაქმდა.

როგორ გახდა მდინარაძის მეგობრის ცოლი დეპუტატი?

IX მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარი მამუკა მდინარაძის ბოლო სამუშაო წელი მისი კარიერული წინსვლით დასრულდა: 2019 წელს, მას შემდეგ, რაც “გავრილოვის ღამის” გამო პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა ირაკლი კობახიძემ და ის უმრავლესობის მაშინდელმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჩაანაცვლა, ამ უკანასკნელის თანამდებობა მამუკა მდინარაძემ დაიკავა. ასევე, დაწინაურდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზეც.

პარალელურად,პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის, ანუ მამუკა მდინარაძის სამ­დივ­ნოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ დაინიშნა სალომე ჯინჯოლავაც, რის შემდეგაც ის “ქართული ოცნების” 2020 წლის საპარლამენტო საარჩევნო სიაშიც კი აღმოჩნდა. თუმცა პარლამენტის წევრი მხოლოდ 2023 წლის მაისში გახდა, როგორც “ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში ერთ-ერთი დეპუტატის ადგილომონაცვლე.

ჯინჯოლავა “ქართული ოცნების” პარლამენტის წევრი 2024 წელსაც გახდა, ამჯერად როგორც ირაკლი ღარიბაშვილის ადგილმონაცვლე.

მდინარაძის მეგობრის შვილი ჯერ პარლამენტში, შემდეგ მთავრობაში

მამუკა მდინარაძის მეგობრის – გიორგი გელაშვილისა და სალომე ჯინჯოლავას შვილი – ანა გელაშვილი 23 წლისაა, მაგრამ უკვე აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის 4-წლიანი სტაჟი. როგორც მას ფეისბუკის პირად გვერდზე აქვს მითითებული, პარლამენტში 2021 წლიდან დასაქმდა, როცა ის 19 წლის სტუდენტი იყო. დედამისის დეკლარაციაში მითითებულია, რომ 2023 წელს ანა გელაშვილი პარლამენტში ფრაქცია ,,ქართული ოცნება” აპარატის თანამშრომელი იყო. ამ დროს მამუკა მდინარაძე ამავე ფრაქციის თავმჯდომარე იყო; ანას დედა სალომე კი – მდინარაძის სამდივნოდან დეპუტატის თანამდებობაზე დაწინაურდა.

ამის შემდეგ გელაშვილმა ცოტა ხანი სსიპ საგანმანათლებო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სპეციალისტად იმუშავა.

2024 წლის თებერვლიდან კი, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძე დაინიშნა, მდინარაძის მეგობრის შვილი მთავრობის კანცელარიაში დასაქმდა.

მდინარაძის მეგობრის დანიშვნა მაღალ თანამდებობაზე

ირაკლი კობახიძის პრემიერად დანიშვნის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ “ქართულ ოცნებაში” შიდა პარტიული დაპირისპირების შედეგად ივანიშვილის გუნდმა, რომელიც მან საკუთარი ბიზნესიდან მოიყვანა პოლიტიკაში, მთავრობა დატოვა: 2025 წლის აპრილში ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა; სუს-ის მაშინდელი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი კი თანამდებობიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. 

სწორედ ამ დროს დაინიშნა მამუკა მდინარაძის მეგობარი გიორგი გელაშვილი  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ, სამ თვეში კი პირველი მოადგილის პოზიციაზე დაწინაურდა.

უკავშირდება თუ არა თანამდებობაზე მისი დანიშვნა მდინარაძესთან მეგობრობას, ამის გასარკვევად გიორგი გელაშვილს დავუკავშირდით და ვესაუბრეთ:

გიორგი გელაშვილი: ჯერ ეს ერთი, მე ამ სისტემაში ვმუშაობ ჯერ კიდევ 2000 წლიდან.

მონიტორი: ერთად მუშაობდით შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვაკის განყოფილებაში თქვენ და ბატონი მამუკა.

გიორგი გელაშვილი: განყოფილებაში ერთად არ გვიმუშავია. გარკვეული პერიოდი ერთად მოგვიწია მუშაობა, შემდეგ სხვადასხვა სამსახურში ვიყავით.

მონიტორი: და რატომ წამოხვედით 2004 წელს, მაშინ როცა, ასევე, ბატონი მამუკაც გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, თქვენც მაგ პერიოდში და თქვენ რატომ დატოვეთ მაშინ?

გიორგი გელაშვილი: რეფორმები როცა დაიწყო, წამოვედი სამსახურიდან.

მონიტორი: როგორ მოხვდით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მაინც და მაინც 2025 წელს?

გიორგი გელაშვილი: მე ჩემი გამოცდილება მაქვს მრავალწლიანი და შესაბამისად ჩავთვალე…

მონიტორი: დიდი წყვეტა გქონდათ. 2004-ის მერე აღარ ყოფილხართ საჯარო სამსახურში და მას შემდეგ, რაც მამუკა მდინარაძე დაწინაურდა და მანამდე ირაკლი კობახიძე გახდა პრემიერ-მინისტრი, ანუ ამის შემდეგ მოდიხართ თქვენ მთავრობაში….

გიორგი გელაშვილი: კი, ბატონო, გუნდმა ჩათვალა, რომ ჩემი გამოცდილება და ჩემი საქმიანობა ნაყოფიერი იქნებოდა.

მონიტორი: და ამ გუნდთან ვინ დაგაკავშირათ – „ქართული ოცნების“ გუნდთან?

გიორგი გელაშვილი: ძალიან ბევრმა ადამიანმა.

მონიტორი: ბატონი მამუკა არაფერ კავშირშია ამასთან?

გიორგი გელაშვილი: კავშირში როგორ არ არის?! ბატონი მამუკა ჩემი მეგობარია და სხვა გუნდის წევრებიც და, შესაბამისად, გუნდმა როცა ჩათვალა საჭიროდ და შემოთავაზება გამიკეთა, მეც დავთანხმდი და ვემსახურები იმ საერთო საქმეს.

მდინარაძის მეგობრის ბიზნესები

თანამდებობაზე დანიშვნის დროს გელაშვილის ქონება საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა, რომლის დიდი ნაწილი 2016 წლიდან და შემდეგ დააგროვა. 

მაგალითად, 2016 წლის მარტში გიორგი გელაშვილმა თბილისში, დავით გურამიშვილის 84 გ-ში საჯარო აუქციონზე სს “ელმავალმშენებლისგან1071 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები 21,420 აშშ დოლარად იყიდა. 2023 წელს კი ეს ქონება შპს “ქართული საბაზისო ჯგუფის” საწესდებო კაპიტალში შეიტანა და მის ღირებულებად 540,000 ლარი მიუთითა. იმავე წელს ამ მიწაზე ავტოსერვისის მშენებლობის ნებართვა გაიცა; მშენებლობის თანხის – 540,000 ლარის შეტანა კომპანიის საწესდებო კაპიტალში კი შპს “ქართული საბაზისო ჯგუფის” 50% წილის მფლობელად შემოყვანილმა შალვა მაჩაბელმა იტვირთა.

ავტოსერვისის პროექტის ფოტომონტაჟი. წყარო: tas.ge

2016 წლის მარტშივე სს “ელმავალმშენებლისგან” გიორგი გელაშვილმა დავით გურამიშვილის 84 ბ-ში მეორე ნაკვეთიც იყიდა საჯარო აუქციონზე – ჯამში, 509 კვ.მ მიწა შენობა-ნაგებობებიანად, რაშიც 15,855 აშშ დოლარი გადაიხადა, ანუ 1 კვ.მ-ში დაახლოებით 31 აშშ დოლარი. მოგვიანებით, მან ეს ნაკვეთი დაანაწევრა – ნაწილი გაყიდა და ნაწილი გადაცვალა: მაგალითად, 2020 წლის დეკემბერში 23.20 კვ.მ ფართი 4000 აშშ დოლარად გაყიდა, ანუ 1 კვ.მ 172 აშშ დოლარად; 2025 წლის მარტში კი  23.37 კვ.მ ფართი კიდევ უფრო ძვირად – 24,000 აშშ დოლარად გაყიდა, ანუ 1 კვ.მ 1027 აშშ დოლარად. 

2022 წელს გიორგი გელაშვილმა შპს “თი ჯი ეს 2022” დააფუძნა და მალევე ამ კომპანიამ სს “აი თი დი სი”-დან 2 მილიონ ლარად შეიძინა შპს “ექსპერიმენტალური სტუდიის” 100%. ხელშეკრულების მიხედვით, ეს თანხა მყიდველს 2023 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა. კომპანია ფლობს და აქირავებს 6 კომერციულ ფართს თბილისში, ნოდარ ბოხუას ქ. #6-ში. 

ბოხუას 6-ში, ამ შენობაში “ექსპერიმენტალური სტუდიის” გარდა, ოფისები აქვთ “იმედისა” და “ჯიდიესის” მფლობელ კომპანიას ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს

გიორგი გელაშვილი 2025 წელს შევსებულ დეკლარაციაში უთითებს, რომ შპს “ექსპერიმენტალური სტუდიიდან” 65,632.64 ლარის შემოსავალი მიიღო. მას ვკითხეთ, როგორ მოახერხა 2 მილიონიანი ქონების შეძენა?

გიორგი გელაშვილი: 2 მილიონი განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება იყო, იქ თავისი ვალდებულებებია და მრავალწლიანი ურთიერთობა გამაჩნდა და ეს ყველაფერი არის საჯარო ინფორმაცია – შეგიძლიათ შეამოწმოთ და ამ კონტექსტში ნახეთ მთლიანად რა, მარტო შესყიდვას ნუ უყურებთ, იქ ვალდებულებებსაც…

მონიტორი: ჰოდა მაგას გეკითხებით, ანუ როგორ იყიდეთ, განვადებით?

გიორგი გელაშვილი: მაგის დეტალებზე ეხლა არ ვაპირებ, კი, ბატონო განვადება, იმას თავისი ვალდებულებები მოჰყვება, მე სამართლებრივად ბევრი ხანია ვემსახურებოდი და იქ ჩემ პარტნიორებთან მქონდა ურთიერთობა ამ შენობასთან დაკავშირებით, სადაც მე დაახლოებით 15 წელია, 2006 წლიდან სხვადასხვა კომპანიებში ვიყავი პარტნიორი და იქიდან მოხდა პარტნიორებს შორის რაღაცა აქტივების განაწილება.

თანამდებობაზე დანიშვნის გამო, გელაშვილმა თავისი წილები 2 სპს-ში, რომელიც წლების წინ მამუკა მდინარაძესთან ერთად დააფუძნა. საკუთარ ვაჟს – ნიკა გელაშვილს გადაუფორმა.

რაც შეეხება “ადვოკატთა ალიანსს”, რომელიც, ასევე, წლების წინ დააფუძნეს,  მდინარაძემ და გელაშვილმა – ამ სახელწოდების ააიპ-დან გიორგი გელაშვილი გავიდა, შპს-ში კი თავისი კუთვნილი წილი უსასყიდლოდ გადასცა ნინო ყიფიანს, რომელიც ამ კომპანიის ერთ-ერთი მოწილე 2017 წელს გახდა, როცა ეს წილი მას მამუკა მდინარაძემ მიყიდა. მდინარაძე და ყიფიანი მანამდე ერთად ფლობდნენ, ასევე, წილებს “საქართველოს პარაოლიმპიურ ფონდში”. ნინო ყიფიანი ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორია მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი და ახლო მეგობარი – თინათინ რუხაძე ახალგაპრემიერებულმა ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პოსტზე დანიშნა.

გიორგი გელაშვილმა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ასევე, უსასყიდლოდ გადასცა შვილს თავისი 100%-ანი წილი 2022 წელს დაფუძნებულ შპს “თი ჯი ეს 2022”-ში.

დეკლარაციის მიხედვითვე, გიორგი გელაშვილის საკუთრებაშია 107 კვ.მ ბინა და 73 კვ.მ  არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, ვაჟა ფშაველას 30-ში; ცოლს – სალომე ჯინჯოლავას კი ბათუმში, თაყაიშვილი 2-ში 50,8 კვ.მ ბინა 2022 წელს აქვს შეძენილი 42,500 აშშ დოლარად.

წყარო: maps.gov.ge

თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, 2025 წლის 16 ივლისს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულებით, ბაკურიანში, მთის ქუჩა 35-ში 5640 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და მასზე მდგომი 6 შენობა ნაგებობა, მათ შორის 2 “ბასეინი”, 177,333 ლარად გადაეცათ გიორგი გელაშვილს, მამამისს – ავთანილ გელაშვილს, ლევან ბოგიშვილსა და გიორგი კურტანიძეს. სანაცვლოდ, 2025 წლის 30 ივლისს გელაშვილმა, გიორგი კურტანიძემ და ლევან ბოგიშვილმა სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს 4000 კვ.მ მიწის ფართობი და დამატებით გიორგი გელაშვილის მამის კუთვნილი 600 კვ.მ მიწის ფართობი ბაკურიანში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარედ. 4000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი ბაკურიანში გიორგი გელაშვილმა [ლევან ბოგიშვილთან და გიორგი კურტანიძესთან ერთად] 2024 წლის 22 აპრილს 60,000 აშშ დოლარად იყიდა. 2025 წელს შევსებულ დეკლარაციაში გელაშვილი უთითებს, რომ თავის წილად 25,000 აშშ დოლარი გადაიხადა ამ მიწის ნაკვეთში.

გიორგი გელაშვილს ვკითხეთ, თუ რის გაკეთებას აპირებს მიწაზე, რომელიც მთავრობის განკარგულებით გადაეცა ბაკურიანში:

გიორგი გელაშვილი: ნახეთ, მთავრობის განკარგულებით არ გადმომეცა, მემკვიდრეობით, მანდაც შეგიძლიათ საჯარო რეესტრში ჩაიხედოთ…

მონიტორი: კი, ვნახეთ, მემკვიდრეობით 600 კვადრატული მეტრი იყო მხოლოდ…

გიორგი გელაშვილი: ეს ქონება, სადაც მქონდა მემკვიდრეობით მიღებული, სახელმწიფო პროექტისთვის სჭირდებათ – იქ ავტოსადგურის გადატანა უნდათ, რაღაცა მიზნები და მთავრობის მხრიდან შემოთავაზება იყო, რომ ადგილმონაცვლეობა გაკეთებულიყო და რეალურად გაკეთდა იქ შეფასება – გაცილებით კარგ ადგილას იყო ჩემი ის მიწა, რომელიც მემკვიდრეობით მქონდა მიღებული და გადაიცვალა სხვა მიწაში და ის მიწა მარტო ჩემი არ არის, თანამესაკუთრეები არიან.

მონიტორი: რა უნდა მოაწყოთ იმ ტერიტორიაზე, რას აპირებთ?

გიორგი გელაშვილი: ჯერჯერობით არაფერს.

დეკლარაციის მიხედვით, გელაშვილების საკუთრებაშია 7 ავტომანქანა, მათ შორის, ყველაზე ძვირადღირებულია 2020 წელს 35,000 აშშ დოლარად შეძენილი chevrolet corvette.

ნიკა გელაშვილის საკუთრებაში არსებული chevrolet corvette

მდინარაძის მეგობრის სიძე 

2025 წლის მარტში მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე გადაინაცვლა. 

მდინარაძემ ახალ უწყებაში პარლამენტიდან თან გაიყოლა ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის უფროსი ავთანდილ კუნჭულია. 25 წლის კუნჭულიას ახლა სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა უკავია. პარლამენტში კი კუნჭულია 21 წლის ასაკში დასაქმდა.

2025 წელსვე ავთანდილ კუნჭულიამ მამუკა მდინარაძის მეგობრის – გიორგი გელაშვილის ქალიშვილზე იქორწინა.

ავთანილ კუნჭულია და ანა გელაშვილი

მდინარაძის მეგობრის ოჯახთან დაკავშირებული პირები თვითმმართველობებში

2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოზურგეთის მერის თანამდებობაზე “ქართულმა ოცნებამ” პაატა კუნჭულიას კანდიდატურა წარადგინა და გაიმარჯვა კიდეც არჩევნებში. პაატა კუნჭულიამ, რომელიც ავთანდილ კუნჭულიას ბიძაა [მამის ძმა], პოლიტიკაში აკადემიური სექტორიდან გადაინაცვლა.

თბილისის საკრებულოში “ქართული ოცნების” პარტიულ სიაში იყო 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მამუკა მდინარაძის მეგობრის – გიორგი გელაშვილის ძმისშვილი მარიამ გელაშვილი, რომელიც საკრებულოს წევრი 2024 წელს გახდა და ამ პოზიციაზე 2025 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე დაჰყო. მანამდე, ის თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის აპარატის თანამშრომელი იყო. უფრო ადრე კი – 2021- 2022 წლებში მამუკა მდინარაძესთან მუშაობდა. კერძოდ, პარლამენტის  ფრაქცია “ქართული ოცნების” აპარატის თანამშრომელი იყო, როგორც მისი ბიცოლა და ბიძაშვილი.

თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი მარიამ გელაშვილი

როგორ აღმოჩნდნენ თანამდებობზე და საჯარო სამსახურში მამუკა მდინარაძის მეგობარი და მისი ოჯახის წევრები? – ამის შესახებ გიორგი გელაშვილს ვკითხეთ:

მონიტორი: მთელი თქვენი ოჯახის წევრები ფაქტობრივად საჯარო სამსახურში თანამდებობებზე არიან და ესეც როგორ მოხდა?

გიორგი გელაშვილი: მთელი ოჯახის წევრები არ არიან.

მონიტორი: თქვენი შვილი, თქვენი სიძე, თქვენი ძმისშვილი, ანუ ფაქტობრივად ყველა…

გიორგი გელაშვილი: სიძე მუშაობდა საჯარო სამსახურში, სანამ სიძე გახდებოდა,

მონიტორი: კი, მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მას შემდეგ გადაიყვანა ბატონმა მამუკამ, რაც თვითონ დაინიშნა…

გიორგი გელაშვილი: კი, მაგრამ სანამ სიძე გახდებოდა, მანამდე მუშაობდა საჯარო სამსახურში.

მონიტორი: კი, პარლამენტში… და ის, რომ თქვენ და ბატონი მამუკა ერთად იყავით პარტნიორები სხვადასხვა კომპანიაში, იყო თუ არა ეს საფუძველი იმისა, რომ მანამდე თქვენი მეუღლე, ქალბატონი სალომე გახდა პარლამენტის წევრი, ამას ხომ არ უკავშირდება ეს? ჯერ სამდივნოში დააწყებინა მუშაობა ბატონმა მამუკამ?

გიორგი გელაშვილი: არა, აბსოლუტურად არ უკავშირდება. ჩემ მეუღლეს დაწყებული აქვს რავი, სტაჟიორობიდან და გაიარა…

მონიტორი: ეს მერიაში კი, მაგრამ პარლამენტში მოხვდა მას შემდეგ, რაც ბატონი მამუკა გახდა პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“.

გიორგი გელაშვილი: ხო, ესე ყველაფერი შეგიძლიათ ეხლა მამუკას მიაბათ და ეხლა, ბუნებრივია, ეხლა ნაცნობობა და ურთიერთობა გვაქვს და იქ სანდოობის ხარისხიც მაღალია და ერთი გუნდი ვართ და ერთ საქმეს ვემსახურებით.

XXX

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი სანდრო ქევხიშვილი გვეუბნება, რომ ამ შემთხვევაში შესაძლოა საქმე გვქონდეს, როგორც ნეპოტიზმთან, ისე ფავორიტიზმთან:

“ჩვენს კანონმდებლობაში არ არის ცალკე ნეპოტიზმის ან ფავორიტიზმის ცნებები, როგორც ასეთი, თუმცა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლში თავისთავად გადის ესეთი ქმედებები. თუ მამუკა მდინარაძემ თავისი გავლენები ჯერ პარლამენტში და ახლა როგორც სუს-ის უფროსის თანამდებობაზე, გამოიყენა, რომ ეს ადამიანები მოხვედრილიყვნენ თავიანთ პოზიციებზე, მაშინ ეს ჩვეულებრივად კვალიფიცირდება, როგორც კორუფცია”.

უკავშირდება თუ არა მამუკა მდინარაძესთან მეგობრულ და პარტნიორულ კავშირებს ის ფაქტები, რომ გიორგი გელაშვილი დაინიშნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პირველ მოადგილედ; მისი ცოლი – სალომე ჯინჯოლავა კი – გახდა პარლამენტის წევრი “ქართული ოცნების” პარტიული სიით; შვილი დასაქმდა მთავრობის კანცელარიაში; სიძე – სუს-ში, ძმისშვილი კი თბილისის VII მოწვევის საკრებულოს წევრი იყო “ქართული ოცნებიდან”? – ამ კითხვაზე სუს-ის პრესსამსახურიდან ასეთი პასუხი მოგვწერეს:

“ბატონი მამუკა მდინარაძის თხოვნით გიგზავნით პასუხს – დიახ, რა თქმა უნდა, უკავშირდება. მეტიც, ასევე, გვთხოვა გადმოგვეცა, რომ სხვა ბევრი მისთვის და მათი გუნდისთვის სანდო და პროფესიონალი კადრი მუშაობს სხვადასხვა პოზიციაზე, მისივე რეკომენდაციით. ვფიქრობთ, შედეგებიც თვალსაჩინოა. აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ მიერ ჩამოთვლილი არცერთი პოზიცია არ გახლავთ საკონკურსო თანამდებობა. საკონკურსო პოზიციებთან დაკავშირებით დაგიზუსტებთ – ანა გელაშვილი არის პრემიერის თანაშემწე”.

2026 წლიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგო თვეში 13 120 ლარია [წლიურად 157,440 ლარი]; ხოლო პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგო 12 800 ლარი [წლიურად 153,080]. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტიდან მდინარაძის მეგობრისა და მისი ცოლის ხელფასისთვის წელს 300 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება, რასაც დაემატება საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული სხვა მათი ოჯახის წევრების ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხები.