პატიმარი 54-ე საკნიდან

ჟურნალისტი: ქეთი თუთბერიძე ; რედაქტორი: ნანა ბიგანიშვილი
Divider dot 16 თებერვალი 2024

იგი იატაკზე უგონო მდგომარეობაში იწვა, მაჯაზე პულსი აღარ ცემდა, არ სუნთქავდა. მორიგე ექიმი გულის ამუშავებას ცდილობდა. მოგვიანებით, გამოკითხვისას ექიმი იტყვის, რომ საკანში შესვლისთანავე მიხვდა, პაციენტს არცერთი სასიცოცხლო ნიშანი არ აღენიშნებოდა:

“ვენური და არტერიული წნევა არ ესინჯებოდა. ჩავუტარე გულის მასაჟი, ხელოვნური სუნთქვა. მალევე სასწრაფოც მოვიდა”.

პატიმარი 54-ე საკნიდან, სახელად გიორგი, 2023 წლის 7 ივლისს 19:50 საათზე გარდაიცვალა. გიორგიმ მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ე.წ. გლდანის ციხეში მხოლოდ ორი კვირა გაძლო და მთელი ამ დროის განმავლობაში საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა. მისი ამბავი გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას ჰგავს, როცა პატიმრის ოჯახი შიშობდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გიორგი საპყრობილეს ვერ გაუძლებდა, თუმცა არც სასამართლომ და არც პენიტენციურმა სისტემამ მათ არ დაუჯერა. 

როგორ აღმოჩნდა გიორგი ციხეში?

დაახლოებით 14:00 საათი იქნებოდა, როცა გიორგის დეიდას ტელეფონზე დაურეკეს. უცნობი მამაკაცი მას გამომძიებლად გაეცნო, ვისი სახელიც დღემდე არ ახსოვს. 

“ესა და ესა ვარო, თქვენი გამომძიებელიო. არაფერი ცუდი არ მითხრა-მეთქი, ვთხოვე და ეს მითხრა. გავქვავდი, იცით?! ცრემლიც არ მვარდება. გავუმეორე, არაფერი ცუდი არ მითხრა-მეთქი და სამწუხაროდო… თავში ჩავირტყი ხელები, გულში ვირტყი.” – დეიდა იმ დღეს იხსენებს, როცა ციხიდან გიორგის გარდაცვალება შეატყობინეს. 

“ავადმყოფი გაიყვანეს სახლიდან და მკვდარი მოგვიყვანეს, მეტი რაღა უნდა ვთქვა,” – ამბობს იგი და ფოტოს უყურებს, რომელზეც ახალგაზრდა მამაკაცია გამოსახული. იმ ფოტოზე გიორგი 18 წლის იქნება, – თეთრი პერანგი აცვია და იღიმის, ფონად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა ჩანს. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები გიორგის სწორედ იმ პერიოდში დაეწყო:

“პირველ კურსზე რომ შევიდა, იარაღი დაადეს, დანა დაადეს, შარვალი გაიხადეო, არ გაიხადა, კიბეებზე ჩამოიყვანეს მეოთხე სართულიდან და სცემეს და აკრძალა საერთოდ უნივერსიტეტში სიარული. მერე მანტო გახადეს, მერე მამა მოუკვდა 51 წლის და მე დამყავდა უნივერსიტეტში, ვიდექი იქ და ველოდებოდი. ერთად დავამთავრეთ უნივერსიტეტი. შიშები ჰქონდა ყველაფრის. ეშინოდა ჭამის, დაბანვის, წვერის გაპარსვის და სახლიდან გასვლის”, – უამბობს “სტუდია მონიტორს” გარდაცვლილი პატიმრის დედა. 

ცხინვალიდან დევნილი გიორგის ცხოვრებაში საბედისწერო ეპიზოდი 2023 წლის 9 ივნისს იწყება, როცა სოციალურ ქსელში ქალი გაიცნო. რამდენიმედღიანი მიმოწერის შემდეგ, ურთიერთობა  დაეძაბათ. სისხლის სამართლის ამ საქმის მიხედვით, მან ქალს უცენზურო და მუქარის შემცველი ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა. საჩივარი გიორგის წინააღმდეგ უცნობმა ქალმა 2023 წლის 20 ივნისს შეიტანა. გიორგი იმავე საღამოს, დაახლოებით 23:00-ზე დააპატიმრეს. პოლიცია მის დასაკავებლად  სასამართლოს განჩინების გარეშე, ნაქირავებ ბინაში მივიდა, სადაც იგი დედასთან ერთად ცხოვრობდა. 

“მილიცია რომ მოვიდა, გეძებდითო იქო, აქო და შემოსულან, შენზე საჩივარიაო, უთხრეს. მეო არავის არაფერს ვუშავებო, არავისთვის არაფერი დამიშავებიაო და ვინ დამიწერდა საჩივარსო, ჩემმა შვილმა უთხრა. როგორ არაო და ჩასვეს, თავზე და ყელზე ხელი მოკიდეს და თუ ვინმე ყელზე ხელს მოკიდებდა, ეშინოდა, დავიხრჩობიო”, – იხსენებს დედა დაკავების წუთებს. 

დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილ მოქალაქეს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა ედებოდა ბრალად, რაც ადევნებას და ტელეფონით არასასურველ კომუნიკაციას გულისხმობს. გამოკითხვის ოქმში დაზარალებული წერდა, რომ გიორგი მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. თავად დაკავებულმა მუქარის შემცველი ტექსტური შეტყობინების გაგზავნა აღიარა, მაგრამ განმარტა, რომ ეს ხუმრობა იყო და უცნობმა ქალმა მისი სიტყვები არასწორად გაიგო. პოლიციამ ისიც დაადგინა, რომ დაზარალებული და დაკავებული პიროვნება ფიზიკურად ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან. 

პოლიციის მთავარ სამმართველოში გიორგის გამოკითხვა ადვოკატის გარეშე დილის 5:00 საათამდე  გაგრძელდა, გამთენიისას კი საგარეჯოში,  წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. როგორც ირკვევა, იმ ღამით თბილისის არცერთ იზოლატორში ადგილი არ მოიძებნა. როცა გიორგი კახეთში მიჰყავდათ, პოლიციას სთხოვა, დედაც თან გამომყვეს, მე მის გარეშე მოვკვდებიო. 

“წნევა მქონდა და მე ვერ შევძლებდი ამხელა გზაზე წასვლას, ამიტომაც ჩემი და გაჰყვა ჩემ შვილს”, – უყვება გიორგის დედა “სტუდია მონიტორს”. 

ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პოლიციამ დაკავებულის დეიდას უფლება მისცა, საგარეჯოში გაჰყოლოდა. დეიდა იხსენებს, რომ გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა არც საგარეჯოს იზოლატორის ექიმს გამოჰპარვია.

“მოითხოვა ექიმი, ექიმიც შევიდა და მერე მითხრა იმ ქალბატონმა, ეს არ ვიცი რა არისო, ამას შველა უნდაო და აქ საერთოდ რანაირად მოხვდაო?!” 

დაკავებიდან ორი დღის შემდეგ, დედამ პოლიციაში შვილის დიაგნოზი და ექიმისგან დანიშნული მედიკამენტების სია წარადგინა, რასაც ბრალდებული წლების განმავლობაში უწყევატად იღებდა. 

ამ სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გიორგის ფსიქო-სომატური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, კერძოდ შიზოტიპური აშლილობა და თანმდევი დეპრესია. მისი ერთ-ერთი მკურნალი ფსიქიატრი წერს, რომ პაციენტის მდგომარეობა წლების განმავლობაში იყო სტაბილურად არადამაკმაყოფილებელი, ხოლო გამწვავების პერიოდში დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა. ექიმის დანიშნულებით იგი იღებდა მედიკამენტებს და ანტიდეპრესანტებს.

“თუ მე თავზე არ ვედექი, ვერ ჭამდა. უნდა დაელია წამალი შუადღისას და მერე შევაჭმევდი და ეგ იყო სულ მისი ჭამა 24 საათში ერთხელ. დიდი ხანია ეს პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ბოლო ათ წელზე მეტია ძალიან დაიმძიმა ცხოვრება და ნევროზმა დაამძიმა. აი, კარებს თუ გახსნიდა და ქუჩაში გავიდოდა, ამბობდა, ფეხები მიკანკალებს, ფეხებში რაღაცა მომდის, მოვკვდები, დედა, მოვკვდებიო, მეუბნებოდა. მერე ურეკავდა ოჯახის ექიმს, ეკითხებოდა სულ რაღაცებს”, – იხსენებს გარდაცვლილი პატიმრის დედა. 

რა მოხდა სასამართლო პროცესზე?

საგარეჯოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გიორგიმ დღენახევარი გაატარა. მისი პირველი და უკანასკნელი სასამართლო პროცესი დაპატიმრებიდან ორ დღეში, 22 ივნისს გაიმართა, შემდეგი პროცესი კი 50 დღის შემდეგ ჩაინიშნა, როცა ბრალდებული უკვე გარდაცვლილი იყო. რადგან ადევნების მუხლი სასჯელად ჯარიმასაც ითვალისწინებს, ადვოკატი გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა. თუმცა მოსამართლე, დავით მგელიაშვილმა პატიმრობის შეფარდების შესახებ პროკურორის შუამდგომლობა გაითვალისწინა. დიდუბე – ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი,  ლაშა გამყრელიძე აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვდა, წინასწარი პატიმრობის ერთ-ერთ არგუმენტად კი სწორედ ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებდა. 

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ იმ დროს, როდესაც სასამართლო პროცესზე გიორგის ბედი წყდებოდა, პროკურორს ორი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმე ერთმანეთში აერია. პროკურორი  თავის შუამდგომლობაში იმ არგუმენტებს ეყრდნობა, რომელსაც გიორგის საქმესთან არავითარი შემხებლობა არ ჰქონია და სრულიად სხვა სისხლის სამართლის საქმის დეტალებს აღწერს. 

მაგალითად, შუამდგომლობაში წერია: “საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულია მ., ასევე დაზარალებული ოჯახის წევრები, რომლებიც იძლევიან ბრალდებულის მამხილებელ ინფორმაციას. არსებობს საფრთხე, რომ ა. ზემოქმედებას მოახდენს მოწმეებზე”.  

აგრეთვე, პროკურორი მის შუამდგომლობას საქმეში არარსებულ მტკიცებულებაზე აფუძნებდა, აღკვეთის ღონიძიების გამოყენების საფუძვლად კი შემაკავებელ ორდერსა და ოქმებზე მიუთითებდა, მაგრამ ასეთი ორდერი გიორგის საქმეში არ მოიპოვებოდა. 

საქალაქო სასამართლოში პროკურორის შეცდომა მოსამართლე დავით მგელიაშვილს არ შეუმჩნევია, – უფრო მეტიც,  დასაბუთება საფუძვლიანად მიიჩნია და ბრალდებული ციხეში გაუშვა.  

ადვოკატი ზურაბ დგებუაძე, რომელიც ამ საქმეში ბრალდებულის გარდაცვალების შემდეგ ჩაერთო,  “სტუდია მონიტორთან” ინტერვიუში ამბობს, რომ  გიორგის დაპატიმრება ოჯახისთვის სრულიად მოულოდნელი იყო. იგი იხსენებს, როგორ სთხოვდნენ ოჯახის წევრები და დაცვის მხარე მოსამართლე დავით მგელიაშვილს დარბაზიდან გაეთავისუფლებინათ ბრალდებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გარდაიცვლებოდა. ასევე ირკვევა, რომ მკურნალი ფსიქიატრის დანიშნულება და დიაგნოზი დედამ სასამართლოს იმ დღესვე წარუდგინა.

“თუ დადგინდება პირის ბრალეულობა, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს ჯარიმა, სავალდებულო საზოგადოებრივი შრომა ან, უკიდურეს შემთხვევაში, თუ ეს რეციდივისტია ან პირობითი სასჯელი ჰქონდა და მაინც ჩაიდინა დანაშაული, ამ შემთხვევაში მაქსიმუმ ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს ეს კონკრეტული მუხლი. შესაბამისად, გაოცებას იწვევს სამართლებრივი თვალსაზრისით პროკურორის შუამდგომლობა და სასამართლოს განჩინება, რის საფუძველზეც შეუფარდეს მას პატიმრობა”, – განმარტავს ზურაბ დგებუაძე. 

დეტალების გასარკვევად “სტუდია მონიტორი” საქალაქო სასამართლოში პროკურორ ლაშა გამყრელიძეს შეხვდა. კითხვაზე, თუ რატომ ითხოვდა იგი პატიმრობას მაშინ, როცა ადევნების მუხლი გირაოსაც ითვალისწინება, პროკურორმა აღნიშნა:

“არსებობდა საქმეში არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით საკმარისი იყო მის მიმართ პატიმრობის გამოყენებისთვის”.

აგრეთვე კითხვაზე, თუ რატომაა მის შუამდგომლობაში ნახსენები ორი სრულიად უცხო პირი და გიორგის საქმეში არარსებული შემაკავებელი ორდერი, პროკურორმა აღნიშნა, რომ ამ დეტალებზე საქმის ინტერესიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს, ხოლო საპროცესო დოკუმენტებში დაშვებულითვალსაჩინო შეცდომა მან უარყო. 

გულგრილობა თუ სისტემური დანაშაული – რა მოხდა ციხეში? 

ბრალდებული მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ე.წ. გლდანის ციხეში 22 ივნისს, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გადაიყვანეს. იმავე დღეს ის სამარტოო საკანში მოხვდა. სამედიცინო მოხსენებით ბარათში, რომელსაც ციხის ექიმი ირაკლი მაისურაძე აწერს ხელს, წერია: “განთავსდეს დეესკალაციის ოთახში, აღენიშნება დეპრესია”.

მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მან შვიდი დღე-ღამე გაატარა. აღნიშნულ სივრცეში პატიმარი მხოლოდ მაშინ გადაჰყავთ, როცა იგი საკუთარი თავისთვის ან სხვა პატიმრებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. დეესკალაციის ოთახი პატარა ზომის უფანჯრო სივრცეა, სადაც არაერთი ანგარიშის მიხედვით, მძიმე სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა და ღირსებისშემლახავი გარემოა. იატაკზე რბილი, ნესტიანი ფილებია განლაგებული. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე  ციხეებში არსებულ სისტემურ პრობლემებს წლებია იკვლევს. მისი თქმით, დეესკალაციის ოთახში პატიმრის დაყოვნება კანონით დაშვებულ ვადას ხშირად აღემატება. 

“ძალიან ხშირად ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებიც ხვდებიან დეესკალაციის ოთახში, რომელიც კიდევ უფრო ამწვავებს მათ მდგომარეობას. და გარდა ამისა, ძალიან ხშირად ხდება ვადების დარღვევაც, მაშინ, როდესაც 24 საათის და არა უმეტეს 72 საათით შეიძლება განთავსდნენ მხოლოდ. ჩვენ კი ვხედავთ, რომ დღეების განმავლობაში, – არა ერთი დღე და ორი დღე, არამედ მთელი კვირის განმავლობაშიც კი ხდება ხშირ შემთხვევაში დეესკალაციის ოთახში მათი განთავსება გადაბმულად, გამოყვანის გარეშე”.

             “დეესკალაციის ოთახის ტუალეტის ნიჟარა მოქცეულია ვიდეოკამერების ხედვის არეალში, რაც დაუშვებელია.  პატიმარი იატაკზე უნდა დაწვეს, რისთვისაც კედელზე მიყუდებულია თხელი მატრასი, ხმარებისგან დაზიანებული”, – ასე აღწერს ადამიანის უფლებათა სახლი დეესკალაციის ოთახებს. საერთაშორისო ორგანიზაციის “ციხის რეფორმა” ანგარიშში კი ეს ოთახი შემდეგნაირადაა მოხსენიებული: 

“დეესკალაციის ოთახებში ყოფნის დროს, პატიმრებს უმეტესად არ ეძლევათ შხაპის მიღების და გასეირნების საშუალება, შეზღუდული აქვთ მაღაზიით სარგებლობის, სატელეფონო ზარით, პირადი მიმოწერით და პაემნით სარგებლობის უფლება. არსებული სანიტარულ-ჰიგსიენური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. პატიმრების განცხადებით, დეესკალაციის ოთახში მათ შეზღუდული აქვთ სახალხო დამცველთან და ადვოკატთან დარეკვის უფლებაც”.

არსებული მავნე პრაქტიკა არაადამიანურ და ღირსებისშემლახავ მოპყრობადაა შეფასებული სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშებშიც, რის შესახებაც “სტუდია მონიტორი” სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს, ნიკა კვარაცხელიას ესაუბრა. 

“იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დეესკალაციის ოთახში განცალკევებით, ხანგრძლივად მოთავსება ისეთ პირობებში, როდესაც ადეკვატური სამედიცინო და სხვა ტიპის სერვისები არ არის ხელმისაწვდომი ამ პირისთვის, შეიძლება გაუტოლდეს არაადამიანურ, ღირსებისშემლახავ და დამამცირებელ მოპყრობას.” – აღნიშნა ნიკა კვარაცხელიამ.               

დეესკალაციის ოთახში მოთავსებული გიორგის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. ამას მოწმობს პატიმრის გარდაცვალების შემდეგ შედგენილი ციხის მედპერსონალის გამოკითხვის ოქმები, სადაც წერია:

  • “იგი უჩიოდა კბილების არარსებობას და ტკივილებს პირის ღრუში და ზოგად სისუსტეს. ასევე ჰქონდა ფსიქოლოგიური ჩივილები, კერძოდ, არ იღებდა საკვებს. ამბობდა, რომ მხოლოდ დედამისის მიერ მიწვდილ საჭმელს ჭამდა. იგი ითხოვდა, მასთან მისულიყო დედამისი და მას მიეცა მისთვის საკვები”.
  • „დაწესებულებაში შემოყვანის დროს მას ეტყობოდა, რომ დაწესებულებაში მოთავსების გამო იყო ძალიან დათრგუნული და შეშინებული, ასევე ექიმ ფსიქიატრის დანიშნულებით დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა. ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ იგი განიცდიდა დაწესებულებაში ყოფნის ფაქტს და იყო დაძაბული. ჩანდა, რომ იგი იყო მშვიდი, უკონფლიქტო ადამიანი”. 
  • “ის იყო კონტაქტური პაციენტი, ხშირად მეძახდა და ითხოვდა ყურადღებას. იგი ამბობდა, რომ არ უნდოდა ციხეში ყოფნა და იძახდა, რომ ვერ გაძლებდა ციხეში”.

              ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმართა რთული მდგომარეობა, სამედიცინო მომსახურებისა და სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კვლავაც გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ამ მძიმე რეალობასთან დაკავშირებით სახლხო დამცველი რეკომენდაციებს ყოველწლიურად გასცემს, მაგრამ რეკომენდაციათა დიდი ნაწილი შეუსრულებელი რჩება. 

“ცალსახაა, რომ პენიტენციურ სისტემაში, როდესაც პირი იმყოფება, პასუხისმგებლობას სრულად იღებს სახელმწიფო, რომ უზრუნველჰყოს მისი უსაფრთხოება და უზრუნველჰყოფს იმას, რომ ღირსეულ პირობებში მოიხადოს ამ პირმა სასჯელი. რეკომენდაციების შესრულებას რაც შეეხება, სამწუხაროდ არ არის მაღალი მაჩვენებელი და არის პრობლემები ამ მიმართულებით, რადგან საკითხი არ არის განხილული ერთიანად, კოორდინირებულად და კონცეპტუალურად გააზრებული, რათა მოხდეს გარდამტეხი ნაბიჯების გადადგმა”, – განმარტავს ნიკა კვარაცხელია. 

შესაბამისად, პასუხგაუცემელია კითხვა თუ რატომ აღმოჩნდა ფსიქო-სომატური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმარი დეესკალაციის ოთახში, ნაცვლად სამედიცინო დაწესებულებისა. 

“სთხოვდა, გადამიყვანეთ საავადმყოფოშიო. რატომ არ გადაიყვანეს?!  რადგან არ ჭამდა საჭმელს, წვეთოვანი დაუდგეს. სიმართლე გითხრათ, გაგვიხარდა, ვიფიქრეთ, წვეთოვანი მაინც კვებავს და უკეთესია მისთვის. ე.ი. გამოიყვანეს ისევ და ისევ შეიყვანეს ციხეში”, – ამბობს გარდაცვლილი პატიმრის დეიდა. 

2023 წლის 23 ივნისს მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში შედგენილ სამედიცინო კონსულტაციის ბარათშიც კი წერია: “პატიმარი ვივა-მედის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს, რადგან ამბობს, რომ დედის გარეშე ვერ იღებს საკვებს და სჯერა, რომ დედა საავადმყოფოში მივა და აჭმევს”.

საქართველოში მოქმედი პატიმრობის კოდექსის მიხედვით, საქართველოს ნებისმიერი სასჯელაღსრულების დაწესებულება ვალდებულია, პატიმარს გაუწიოს ისეთივე სამედიცინო დახმარება და მედიკამენტოზური მკურნალობა, რისი შესაძლებლობაც მას ციხის გარეთ ექნებოდა. 

სისხლის სამართლის ამ საქმიდან ირკვევა, რომ გიორგი დეესკალაციის ოთახიდან გამოყვანის შემდეგ, სამხარაულის ბიუროში ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. ექსპერტიზის პასუხი 20 დღეში გახდა ცნობილი, როცა ბრალდებული უკვე გარდაცვლილი იყო. სამხარაულის ბიუროს დასკვნაში წერია:

“მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა. იგი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას და საჭიროებს იძულებით მკურნალობას, რომელიც რეკომენდებულია ჩატარდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში”.

რატომ მოათავსეს ბრალდებული დეესკალაციის ოთახში და რატომ არ გადაიყვანეს იგი საავადმყოფოში, ამ კითხვებით “სტუდია მონიტორმა” სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიმართა. საპასუხო წერილში, რომელიც რედაქციაში დათქმულ ვადაზე გვიან გამოგზავნეს, წერია, რომ აღნიშნული ინფორმაცია გარდაცვლილი პატიმრის პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს და გასაჯაროვებას არ ექვემდებარება.

სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისა და განაჩენის მოლოდინში მყოფი პატიმრის სიცოცხლე 54-ე საკანში დასრულდა. იგი 45 წლის იყო, განათლებით იურისტი, რომელიც წარსულში ნასამართლევი არასდროს ყოფილა. 

გიორგის გარდაცვალების მიზეზი უცნობია, რადგან ექსპერტიზის დასკვნა ამ დრომდე მზად არ არის. ოჯახის ადვოკატმა ზურაბ დგებუაძემ საჩივარი უკვე შეიტანა და პროკურატურას შუამდგომლობით მიმართა. საქმე სამსახურებრივი გულგრილობის მუხლითაა აღძრული, ხოლო გარდაცვლილის დედას სახელმწიფომ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. ობიექტური გამოძიების მოთხოვნით, გარდაცვლილი პატიმრის ოჯახმა გენერალურ პროკურორს, პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართა. ოჯახის წევრების გარდა, წერილს გიორგის 70-მდე მეგობარი აწერს ხელს.

შენიშვნა: პირადი მონაცემების დაცვის მიზნით და ოჯახის მოთხოვნით, სტატიაში პატიმრის სახელი შეცვლილია.

ჟურნალისტი: ქეთი თუთბერიძე

რედაქტორი: ნანა ბიგანიშვილი

გრაფიკა: სალვატორე კოსტა