“ქართული ოცნება” არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის კონტროლს კიდევ უფრო აძლიერებს

ჟურნალისტი: მონიტორი
Divider dot 29 იანვარი 2026

„ქართული ოცნება“ გეგმავს მასშტაბურ ცვლილებებს, რომლებიც მთავრობის პირდაპირ კონტროლს დაუქვემდებარებს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების უმეტესობას, რომლებიც იღებენ საზღვარგარეთიდან დაფინანსებას, ხოლო დაუმორჩილებლობა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდება.

ამ ნაბიჯმა, დამოუკიდებელი ხმების ჩახშობისა და სრულმასშტაბიანი დევნის მცდელობამ,  ქვეყანაში  შეშფოთება გამოიწვია. 

„მონიტორის“ მიერ მოპოვებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის თანახმად, მნიშვნელოვნად ფართოვდება იმ საქმიანობის სფერო, რომლის რეგულირებასაც “ქართული ოცნება” გეგმავს. ცვლილებები ითვალისწინებს გრანტის მიღებისთვის წინასწარი თანხმობის მოთხოვნას თითქმის ყველა ფინანსური ან ტექნიკური დახმარების შემთხვევაში.

თუ პარლამენტი ცვლილებებს დაამტკიცებს, გაფართოვებდა „გრანტის“ სამართლებრივი განმარტებაც და მოიცავს ნებისმიერ მხადაჭერას ,  რომელსაც “ქართული ოცნების” მთავრობა მიიჩნევს , როგორც საჯარო პოლიტიკაზე რაიმე სახის გავლენის განხორციელებად . აღნიშნული ცვლილებები საფრთხეს უქმნის ჟურნალისტიკას, ადვოკიტირებას და კვლევით საქმიანობას.

„ქართული ოცნების“ განაცხადებით, ცვლილები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს, 6 წლამდე პატიმრობას  მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტის მიღებისთვის.

  უცხოური ძალის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული პირები ასევე 8 წლის განმავლობაში ვერ გაწევრიანდებიან პოლიტიკური პარტიებში, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიღებს გაფართოებულ უფლებამოსილებებს პოლიტიკური აქტივობის მქონე პირებისა და სუბიექტების ფინანსების მონიტორინგისთვის.

ნიკა სიმონიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” აქამდე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით ვერ შეძლო სრულად გაეჩუმებინა კრიტიკული ხმები, ამიტომ ახლა სწორედ დარჩენილი გზების ამოქოლვას ცდილობს.

„ქართულ ოცნებას: უბრალოდ სურს, რომ აღარ დარჩეს სივრცე მათგან დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციებისთვის,“ – განაცხადა სიმონიშვილმა და დასძინა, რომ ახლა ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს „უზრუნველყოს, რომ დამოუკიდებელმა ფულმა და სახსრებმა ამ ადამიანებამდე ან მედია ორგანიზაციებამდე აღარ მიაღწიოს“.

28 იანვარს გამართულ ბრიფინგზე, “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ აღნიშნა, რომ ცვლილებების მიზანია იმ დარჩენილი სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრა, რაც, მისი შეფასებით უცხოურ დაფინანსებას ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის საშუალებას აძლევს.

„ამ ეტაპზე, გარედან საქართველოში არეულობის, ძალადობისა თუ რევოლუციური პროცესების დაფინანსება მნიშვნელოვნად გართულდა. თუმცა, პრაქტიკაში ჩვენ კვლავ ვხედავთ გარკვეულ მექანიზმებსა და გზებს არსებული კანონებისთვის გვერდის ავლისთვის,“ – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე და დასძინა, რომ რეაგირების გარეშე დატოვების შემთხვევაში, „ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მშვიდობას, სტაბილურობას, ეკონომიკურ პროგრესს და კეთილდღეობას, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დიდი ძალისხმევით შეინარჩუნა“.