რას მალავს საქართველოს მთავრობა “გაზპრომთან” საიდუმლო ხელშეკრულებაში?

ჟურნალისტი: მონიტორი
Divider dot 16 იანვარი 2026

საქართველო გამოძიებას იწყებს ჟურნალისტების მიერ გაზის შესახებ განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საბოტაჟისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის მუხლებით იძიებს, თუ როგორ გამოქვეყნდა მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე განკარგულება, რომელიც “გაზპრომთან” გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულების დეტალებს მოიცავს.

“დღეს არის 12 იანვარი; 16:40 სთ და ეს განკარგულება კვლავ საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე დევს,” – ასე იწყება ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტის, ელისო ჯარიაშვილის მიერ გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც, როგორც თავად ამბობს, უწყვეტად ასახავს იმას, თუ როგორ გახსნა მთავრობის ვებ-გვერდზე 2025 წლის 25 დეკემბერს საჯაროდ ატვირთული #2212 განკარგულება.

ვიდეომასალაში ჩანს, რომ ეს არის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულება, რომლითაც ცვლილება შედის მთავრობის 2025 წლის 14 მარტის #465 განკარგულებასა და დანართში. იქვეა მითითებული, რომ დანართი და განმარტებითი ბარათი კომერციული საიდუმლოა, თუმცა, ვიდეომასალაში ნაჩვენებია, რომ ვებ-გვერდზე ეს ინფორმაცია  საჯაროდაა ატვირთული.

ელისო ჯარიაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ამ საკითხზე გადაცემის მომზადება გადაწყვიტა და შეკითხვებით მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა, განუმარტეს, რომ ეს ინფორმაცია საიდუმლო იყო. მასვე დაუკავშირდნენ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები და განუმარტეს, რომ მისი გამოქვეყნება არ შეიძლებოდა.

15 იანვარს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამ საკითხზე სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით დაიწყო გამოძიება: სსკ-ის 318-ე მუხლი ეხება საბოტაჟს, რომელიც ითვალისწინებს 2-დან 4 წლამდე პატიმრობას; 284-ე მუხლი კი – კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

“გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოსული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და გარკვეული მანიპულაციები, რაც მიზნად ისახავდა არასწორი ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელების გზით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას, მათ შორის ქვეყნისთვის დამაზიანებელი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების დადგომას.

სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში დაიწყო საკითხის გაშუქება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება – სახელმწიფო ინტერესების დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, პრევენციულად, მედიის წარმომადგენლებს, ასევე ცალკეულ პირებს, მიეცათ რეკომენდაცია, რომ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეეკავებინათ”, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“სამართლებრივ სახელმწიფოში ჩვენ გვაქვს ყველა უფლება საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაცია გავავრცელოთ, მაგრამ ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო არ გვაქვს”, – ასე ხსნის ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი იმას, თუ რატომ აღარ გამოაქვეყნა ტელეკომპანია “ფორმულამ” საჯარო წყაროდან მოპოვებული საიდუმლო დოკუმენტი. 

#2212  განკარგულება, მათ შორის მისი საჯარო ნაწილი, აღებულია მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდიდან. მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტში “მონიტორს” განუცხადეს, რომ არ იციან, თუ როგორ გასაჯაროვდა მათ ვებ-გვერდზე საიდუმლო ინფორმაცია, რის გამოც მიმდინარეობს გამოძიება და დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებენ.

ჟურნალისტ ელისო ჯარიაშვილის თქმით,  მთავრობის მიერ ახლა უკვე დამალული დადგენილებიდან მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ “რუსეთიდან უფრო მეტ გაზს ვყიდულობთ, ნაწილს – უფრო ძვირად”.

იმ ფაქტს, რომ 2025 წელს რუსეთიდან საქართველოში გაზის იმპორტი გაიზარდა, ადასტურებს თავად რუსული კომპანია “გაზპრომი”.

“წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს, გაზპრომმა 38.8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა ჩინეთს, რაც 2024 წელთან შედარებით 24.8%-ით მეტია. ამგვარად, გაზპრომის გაზსადენით ჩინეთში გაზის ექსპორტის მოცულობა აღემატება კომპანიის ექსპორტის ჯამურ მოცულობას ევროპის ქვეყნებში ყოფილი საბჭოთა კავშირის მიღმა [თურქეთის ჩათვლით]. გაზპრომი აგრძელებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის გაზით საიმედო მიწოდების უზრუნველყოფას. 2025 წელს ექსპორტი ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში გაიზარდა. მაგალითად, კომპანიამ რუსული გაზის მიწოდება ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში 22.2 პროცენტით, ხოლო საქართველოში – 40.4 პროცენტით გაზარდა,” – ნათქვამია “გაზპრომის” პრესრელიზში, რომელიც 13 იანვარს გამოქვეყნდა.

“გაზპრომს” ჩვენ მივმართეთ შეკითხვებით, თუ რა რაოდენობის და ღირებულების გაზი მიაწოდეს 2025 წელს საქართველოს და აქვთ თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გასაჯაროვდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მთავრობის ვებგვერდზე კომერციული საიდუმლოს შემცველი ხელშეკრულების დეტალები. თუმცა პასუხი ამ კითხვებზე არ მიგვიღია.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით,  2024 წელს საქართველოს ბუნებრივ გაზზე მოთხოვნამ 3,011 მლნ კუბ.მ შეადგინა, აქედან 788 მლნ კუბური მეტრი გაზი საქართველომ რუსეთიდან მიიღო. ამავე ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლებში საქართველოში იზრდება რუსეთიდან გაზის იმპორტის მაჩვენებლები. 2025 წლის ანგარიში სემეკს ჯერ არ გამოუქვეყნებია.