საპარლამენტო არჩევნები 2024 [განახლებადი]
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სტუდია მონიტორი მთელი დღის მანძილზე ამ სტატიაში შემოგთავაზებთ განახლებულ ცნობებს და ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს.
დღევანდელი არჩევნების შედეგად საქართველოს მოსახლეობა პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევს. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს მაინც მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 18 საარჩევნო სუბიექტი.
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება, აქედან 67 საარჩევნო უბანი საზღვარგარეთაა გახსნილი, სადაც 95 910 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე ჩატარდება, დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით გაიმართება. იმ უბნებზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იმართება, ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რომელიც პლანშეტის საშუალებით იგზავნება ცესკოში. როგორც ცესკოში განაცხადეს, სავარაუდოდ კენჭისყრის დასრულებიდან 1- 2 საათის განმავლობაში საზოგადოებას აცნობებენ პირველად წინასწარ მონაცემებს.
23:25 – ლონდონში ამომრჩევლები ამ დრომდე რიგში დგანან. საარჩევნო უბანი 25 წუთის წინ უნდა დახურულიყო, თუმცა რიგში მდგომმა ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ. ვიდეოს სანახავად დააჭირეთ ამ ბმულს.
21:36 – ცესკოს წინასწარი მონაცემები: ქართული ოცნება – 52.98%, 4 ოპოზიციური პარტია – 38.98% [უბნების 69.945%-ის მიხედვით]
ქართული ოცნება – 52.98%
კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 11.9%
ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა – 9.8%
ძლიერი საქართველოს – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის – 9.04%
გახარია საქართველოსთვის – 8.24%
21:21 – ცესკოს მონაცემებით, 20:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე 2 060 412 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის 58.94%-ია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს 20:00 საათისთვის ხმის მისაცემად 1 970 540 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა 56.11% იყო; 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს – 1 814 276 ადამიანი [ამომრჩეველთა 51.63%] მონაწილეობდა არჩევნებში 20:00 საათის მდგომარეობიღ, 2012 წელს კი – 2 197 243 ადამიანი, რაც იყო ამომრჩეველთა 60.8%.
20:45 – სტუდია მონიტორის ჟურნალისტებმა მოიპოვეს თბილისის 2 საარჩევნო უბნის შედეგები, ორივე უბანში 4 ოპოზიციური პარტიის ჯამური მაჩვენებლი აჭარბებს მმართველი პარტიის მაჩვენებელს. კერძოდ, საბურთალოს #73-ე უბანზე ოთხმა ოპოზციურმა პარტიამ მიიღო 588 ხმა, ქართულმა ოცნებმ – 429 ისნის #39 უბანზე ოთხმა ოპოზციურმა პარტიამ მიიღო 633 ხმა, ქართულმა ოცნებამ – 532 ხმა. ფოტოების სანახავად დააჭირეთ ბმულს.
20:00 – “მთავარი არხის” ეგზიტპოლი: ქართული ოცნება – 42%, ოპოზიცია – 48%
ქართული ოცნება – 42%
კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 18%
ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა – 13%
ძლიერი საქართველოს – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის – 9%
გახარია საქართველოსთვის – 8%
20:00 – “ფორმულას” ეგზიტპოლი: ქართული ოცნება – 40.9%, ოპოზიცია – 51.9%
ქართული ოცნება – 40.9%
ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა – 16.7%
კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 16.7%
გახარია საქართველოსთვის – 10.3%
ძლიერი საქართველოს – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის – 8.2%
20:00 – “იმედის” ეგზიტპოლი: ქართული ოცნება – 56.1%, ოპოზიცია – 31.2%
ქართული ოცნება – 56.1%
ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა – 11.6%
ძლიერი საქართველოს – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის – 7.0%
გახარია საქართველოსთვის – 4.8%
კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 12.6%
18:50 – ნიუ-იორკში საარჩევნო უბანთან ამომრჩეველთა დიდი რიგია. იდეოს სანახავად დააჭირეთ დააჭირეთ ამ ბმულს.
18:00 – ბერლინში საარჩევნო უბნის წინ ამომრჩეველთა რიგი დგას. ვიდეოს სანახავად დააჭირეთ ამ ბმულს.
17:50 – ცესკოს მონაცემებით, 17:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე 1 768 816 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის 50.6%-ია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს 17:00 საათისთვის ხმის მისაცემად 1 607 530 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა 45.77% იყო; 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს – 1 477 262 ადამიანი [ამომრჩეველთა 42.04%] მონაწილეობდა არჩევნებში 17:00 საათზე, 2012 წელს კი – 1 916 395 ადამიანი, რაც იყო ამომრჩეველთა 53.03%.
17:40 – სტუდია მონიტორის ჟურნალისტებმა მარნეულის #4 საარჩევნო უბანზე დააფიქსირეს, თუ როგორ აძლევს “საქართველოს ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტურის” დამკვირვებელი ლაშა ბურნაძე ერთ-ერთ ამომრჩეველს პასპორტს. ბურნაძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, თუმცა ის პასპორტის გადაცემას უარყოფს. დღეს დილიდან სტუდია მონიტორის ჟურნალისტებმა არაერთი ფაქტი დააფიქსირეს მარნეულის #4 უბანზე, როდესაც ამომრჩევლები სხვისი პასპორტით ცდილობდნენ ხმის მიცემას. ვიდეოს სანახავად დააჭირეთ ამ ბმულს.
17:20 – დამკვირვებელი გიორგი გოცირიძე აცხადებს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მარნეულის #4 საარჩევნო უბანზე მას შემდეგ, რაც ამომრჩევლის მარკირების შემოწმება მოითხოვა. ვიდეოს სანახავად დააჭირეთ ამ ბმულს.
17:15 – ჩხუბი და ხელჩართული დაპირისპირება მოხდა მარნეულის #4 საარჩევნო უბანზე. ვრცლად დეტალების ჩვენს ვიდეომასალაში, რომლის სანახავადაც დააჭირეთ ამ ბმულს.
16:45 – მცხეთის #14 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის კაბინაზე არ იყო დამაგრებული მოძრავი კონსტრუქცია, რომელიც უზრუნველყოფს ფარულობას. კონსტრუქცია 16:33 საათზე, მას შემდეგ დაამაგრეს, რაც ამ უბანზე დამკვირვებელი მივიდა და დარღვევაზე მიუთითა. ვიდეოს სანახავად დააჭირეთ ამ ბმულს.
16:05 – მცხეთის საარჩევნო ოლქის #18 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს მარკირებაზე მხოლოდ 1 ხელზე ამოწმებდა საარჩევნო კომისიის წევრი. ვიდეოს სანახავად დააჭირეთ ამ ბმულს.
16:00 – ცესკოს მონაცემებით, 15:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე 1 454 837 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის 40.62%-ია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს 15:00 საათისთვის ხმის მისაცემად 1 279 947 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა 36.45% იყო; 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს – 1 222 634 ადამიანი [ამომრჩეველთა 34.79] მონაწილეობდა არჩევნებში 15:00 საათზე, 2012 წელს კი – 1 625 818 ადამიანი, რაც იყო ამომრჩეველთა 44.99%.
15:11 – ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ფიქრია ნიკოლაშვილი აცხადებს, რომ ისნის #19, #20 და #21 საარჩევნო უბნების მიმდებარედ, სადაც ბოლო 1 საათის განმავლობაში ჩხუბი და დაპირისპირება იყო და ადგილზე პოლიციაც მივიდა, სრული სიმშვიდეა და არაფერი მომხდარა. ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში 2021 წლის არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევებისა და ფიქრია ნიკოლაშვილის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტზე “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიება იხილეთ ამ ბმულზე. ფიქრია ნიკოლაშვილის კომენტარის სანახავად კი დააჭირეთ ამ ბმულს.
14:58 – ისანში 99-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ენმ-ს წარმომადგენელმა შსს-ს წარმომადგენლებს აუხსნა, თუ როგორ დაიწყო ჩხუბი. მარიამ დოლიძის თქმით, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს დაუვარდათ ამომრჩევლების სიები, რის გარკვევასაც შეეცადნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ამის შემდეგ ადგილზე გამოჩდნენ უბნის მაცხოვრებელი მამაკაცები, რასაც მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება და მანქანების დაზიანება. ვრცლად ვიდეოს სანახავად დააჭირეთ ამ ბმულს.
14:34 – შსს-ს წარმომადგენლები მივიდნენ ისანში, 99-ე საჯარო სკოლასთან, სადაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულ სკოლაში 3 საარჩევნო უბანია გახსნილი. ვიდეოს სანახავად დააჭირეთ ამ ბმულს.
14:14 – დამკვირვებელი მარნეულის #4 საარჩევნო უბანზე აცხადებს, რომ იმ პირებს, ვინც უბანზე ხმის მისაცემად მეორედ მიდის სხვისი პასპორტით თან ახლავს ხოლმე “ქართული ოცნების” წარმომადგენელი. დამკვირვებლის თქმით, მან ასეთი დაახლოებით 20-მდე შემთხვევა დააფიქსირა. ვიდეოინტერვიუს სანახავად დააჭირეთ ამ ბმულს.
13:36 – მარნეულში #4 საარჩევნო უბანზე მორიგი ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც მოქალაქე სხვისი პასპორტით ცდილობდა ხმის მიცემას. ვიდეოს სანახავად დააჭირეთ ამ ბმულს:
13:17 – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას სათანადო გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა იმ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, რომელშიც ჩანს, რომ მარნეულის #69 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაიყარა. კალანდარიშვილის თქმით, ამ საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება შსს-ს მიერ. საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ამსახველი ვიდეომასალის სანახავად დააჭირეთ ამ ბმულს.
13:06 – ცესკოს მონაცემებით, 12:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე 776 726 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის 22.22%-ია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს 12:00 საათისთვის ხმის მისაცემად 681 583 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა 19.41% იყო; 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს – 695 948 ადამიანი [ამომრჩეველთა 19.81%] მონაწილეობდა არჩევნებში 12:00 საათზე, 2012 წელს კი – 935 278 ადამიანი, რაც იყო ამომრჩეველთა 25.88%.
13:00 – მარნეულში #4 საარჩევნო უბანზე მოქალაქე სხვისი პასპორტით ცდილობდა ხმის მიცემას. ვიდეოს სანახავად დააჭირეთ ამ ბმულს.
11:40 – ცესკოს მონაცემებით, 10:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე 324 197 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის 9.27%-ია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს 10:00 საათისთვის ხმის მისაცემად 292 587 ადამიანი მივიდა, რაც ამომრჩეველთა 8.33% იყო; 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს – 293 047 ადამიანი [ამომრჩეველთა 8.34%] მონაწილეობდა არჩევნებში დილის 10 საათზე, 2012 წელს კი – 385 413 ადამიანი, რაც იყო ამომრჩეველთა 10.66%.
11:25 – თბილისის #102 საჯარო სკოლის შენობაში, სადაც 3 საარჩევნო უბანია [#67, #68, #69] განთავსებული, ამომრჩეველთა დიდი რიგია. ამომრჩეველთა ნაკადი აქ დილიდან არ წყდება. ვიდეოს სანახავად დააჭირეთ ამ ბმულს.
10:45 – #9 საოლქო საარჩევნო ოლქის #67 კომისიის თავმჯდომარის მაია დალაქიშვილის თქმით, პრობლემა შეექმნა არა აპარატს, არამედ რამდენიმე ბიულეტენი იყო დაზიანებული, რომლებიც გამოცვალეს. ვრცლად დალაქიშვილის კომენტარის სანახავად დააჭირეთ ამ ბმულს.
10:30 – ნაძალადევის #9 საარჩევნო ოლქის #67 უბანზე ხმის მიცემის ელექტრონულმა აპარატმა რამდენიმე ამომრჩეველს უკან დაუბრუნა ბიულეტენი, რომლებმაც ხმის მიცემა ვერ შეძლეს. საარჩევნო უბანზე უკვე მივიდა ტექნიკოსი, რომელიც ცდილობდა ხარვეზის აღმოფხვრას. აპარატს პრობლემა 10:00 საათზე შეექმნა და ნახევარი საათის განმავლობაშუ უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეფერხებული იყო. ვიდეოს სანახავათ დააჭირეთ ამ ბმულს.