23 დეკემბერს, დილის საათებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მისულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა: “გამორიცხავთ, რომ ბრალი წაგიყენონ?” რაზეც ყოფილმა გავლელიანმა მაღალჩინოსანმა უპასუხა – “ღვთის ნებაა ყველაფერი”.
აქედან, რამდენიმე წუთში, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებულია. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის გ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ე ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებამდე გრიგოლ ლილუაშვილმა მედიასთან არ ისაუბრა, მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე:
“ეტყობა, რაღაც დეტალები აინტერესებთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით… არ ვიცი, რა საქმეა, ჩვენება არ მიმიცია არასოდეს. პირველად ვარ გამოკითხვაზე…”
ლილუაშვილის ადვოკატის, რობერტ გრიგალაშვილის თქმით, ბრალდების დადგენილებას არ გაცნობია: “ჯერ არ გაუცნიათ. ამას აქვს პროცედურები.
არანაირი განმარტება ჯერ ჩვენების სახით არ მიგვიცია, ბრალსაც არ ვიცნობთ და, ბუნებრივია, ვერ გავაკეთებდით ვერანაირ განცხადებას”.
პროკურატურის ინფორმაციით, ლილუაშვილს ბრალად ედება ქრთამის აღება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორისაა თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობა:
“2021-2023 წლებში… ქოლ-ცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან, სხვადასხვა ოპოზიციურ მედია საშუალებებს აფინანსებდნენ. ხოლო ქოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის – სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით დაახლოებით 1,365,000 USD მიიღო…
…გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც, გრიგოლ ლილუაშვილი, სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლ-ცენტრების არსებობა, ხოლო, თავის მხრივ, ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლცენტრების არსებობის შესახებ,” – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა ბრიფინგზე.
დამატებით შეკითხვებს არც მან და არც მისმა პრეს-სამსახურმა არ უპასუხეს. ჩვენ გვაინტერესებდა, კონკრეტულად რომელ ქოლ-ცენტრებს მფარველობდა გრიგოლ ლილუაშვილი.
“რაც ბრიფინგზე ითქვა, იმის გარდა, ვერაფერს გეტყვით. გამოძიება მიმდინარეობს, მეტს ვერაფერს გეტყვით,” – გვითხრა ბაია ცანავამ, საქართველოს გენერალური პროკურატურის პრეს-სამსახურმა.
ადვოკატი მარიამ კაპანაძე იხსენებს, რომ გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საქართველოში უსაფუძვლო ცილისწამების საქმეებს (ე.წ. SLAPP-ებს) დაუდო საფუძველი. კაპანაძე ამ საქმეში ტელეკომპანია “ფორმულას” ინტერესებს იცავდა: “მაშინ ტელეკომპანია “ფორმულას” და “მთავარს”, ასევე ლევან ხაბეიშვილს მიადგა და დაობდა, ქოლ ცენტრების მფარველობას როგორ მაბრალებთ, ეგ ცილისწამებააო. მართლმსაჯულების სისტემამ მაშინ წარმოუდგენელი სისწრაფე გამოიჩინა და სამივე ინსტაციაში საქმის განხილვა წელიწადსა და რამდენიმე თვეში დასრულდა, რა თქმა უნდა, ლილუაშვილის გამარჯვებით”.
მამუკა ანდღულაძე, “მედიის ადვოკატირების კოალიციის” თავმჯდომარე გვეუბნება, რომ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დაკავება “ქართული ოცნების” შიდა პარტიულ დაპირისპირებას ასახავს და არა – კორუფციასთან ბრძოლას:
“ქართული ოცნება“ შიდა სამეფო კარზე დაპირისპირებას კლანებს შორის იყენებს მედიის წინააღმდეგ მუქარის, დაუსაბუთებელი ბრალდებისა თუ დისკრედიტაციის მიზნით, რადგან დამოუკიდებელ მედიას, მათ შორის თქვენ, წლების განმავლობაში არაერთი მტკიცებულებით გამაგრებული გამოძიება გაქვთ ჩატარებული ქოლ-ცენტრებზე, მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხრიდან სათანადო რეაგირება, ეფექტური გამოძიება არ ყოფილა. უფრო მეტიც, დღეს რომ დააკავეს ლილუაშვილი, იგივე დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ გააკეთეს მუქარა, მინიშნებები”.
2025 წლის მარტში, OCCRP-იმ 32 მედია პარტნიორთან ერთად გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება “Scam Empire”, საიდანაც გამოავლინა, რომ საქართველოში სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის შენობიდან რამდენიმე მეტრში ფუნქციონირებდა თაღლითური ქოლ-ცენტრი “AK ჯგუფი”, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით 6,500 ადამიანი გაძარცვა და მხოლოდ ხუთ წელიწადში 35,3 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.
მანამდე, 2020 წელს OCCRP-იმ კიდევ ერთი თაღლითური ქოლ-ცენტრის შესახებ მოიძია ინფორმაცია საქართველოდან. კერძოდ, “მილტონ ჯგუფი” იყო საერთაშორისო თაღლითური ქოლ-ცენტრი, რომლის სათაო ოფისი მდებარეობდა კიევში, ხოლო ამ ჯგუფთან დაკავშირებული ქოლ-ცენტრი იყო თბილისში და “მორგან ლიმიტედის” სახელით ოპერირებდა.
ორივე შემთხვევაზე, საქართველოს პროკურატურა აცხადებდა, რომ დაიწყო გამოძიება. “AK ჯგუფის” აგენტები, რომლებიც OCCRP-იმ გამოავლინა, დაკავებულები არ არიან, მხოლოდ მათი ქონებაა დაყადაღებული. ერთადერთი პირი – წარმოშობით გერმანელი “სკამერი” გერმანიის მოთხოვნით დააკავეს. რაც შეეხება “მორგან ლიმიტედს”, 2024 წელს პროკურატურამ დააკავა რამდენიმე პირი, რომლებიც ამ ქოლ-ცენტრში მუშობდნენ.
იმის მიუხედავად, რომ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა არაერთი პირი გამოავლინეს, რომლებიც ამუშავებდნენ საქართველოში თაღლითურ ქოლ-ცენტრებს, საგამოძიებო უწყებებს დღემდე არ გამოუვლენიათ ამ ქოლ-ცენტრების მფარველები.
გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას 2020-2025 წლებში იკავებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 ნოემბრის განჩინებით, დაყადაღებულია გრიგოლ ლილუაშვილის სახელზე რეგისტრირებული 13 ცეცხლსასროლი იარაღია; 322 კვ.მ ბინა თბილისში, ნინო რამიშვილის ქუჩაზე, რომელიც ოფიციალურად სამშენებლო კომპანიაზეა რეგისტრირებულია, თუმცა სასამართლო განჩინებით ირკვევა, რომ ეს გრიგოლ ლილუაშვილის ფაქტობრივი საცხოვრებელია; ასევე, დაყადაღებულია მისი ცოლის, მაია ჭეიშვილის ავტომობილი; დის – ნინო ლილუაშვილის სახელზე რეგისტრირებული სამი მიწის ნაკვეთი მცხეთაში და ბორჯომში.