გაიცანით თაღლითური ქოლ-ცენტრის მმართველები

Divider dot 10 მარტი 2025

Credit: James O’Brien/OCCRP

თაღლითური ქოლ-ცენტრის A.K გრუპის დირექტორი და ერთადერთი მფლობელი 36 წლის მერი შოთაძეა. კომპანია 2021 წლის 26 აპრილს დაფუძნდა. ბიზნესის რეესტრის მიხედვით, კომპანიის საქმიანობა ტელემარკეტინგია. რეალურად კი, ამ კომპანიაში დასაქმებული ადამიანები წლების განმავლობაში ძარცვავდნენ ევროპის და კანადის მოქალაქეებს. მხოლოდ 2022 წლის მაისიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით, A.K ჯგუფმა 6,100-ზე მეტი ადამიანი გაძარცვა და 35 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

წყაროს მიერ მოწოდებული დოკუმენტებიდან გავარკვიეთ, რომ მერი შოთაძე იყენებს აგენტის სახელს ქსენია კოენი/Ksenya Koen. მას ჰყავდა სკამერების, იგივე თაღლითების ჯგუფი, რომლებსაც “ტოპ-აგენტებს” უწოდებდა.

თვის ბოლომდე დღეში გვჭირდება 30K და სანამ 30k-ს არ გავატარებთ დღეში, იცოდეთ აქედანვე,  არ გავდივარ სამსახურიდან. 7 უძლიერესი RET-აგენტი სხედხართ ამ თემაში. 30K დღეში თქვენთვის არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს და ერთი და იგივე თემაზე ნუ მიწევს ბევრი საუბარი, დაფუშეთ თქვენი კლიენტები და ფული გაატარეთ“.

„სტუდია მონიტორმა“ არაერთხელ დააფიქსირა მერი შოთაძის ავტომობილი ქავთარაძის 13-ში, თაღლითური ქოლ-ცენტრის მიმდებარედ. ტოპ-თაღლითების ხელმძღვანელს ავტომობილის სერიად მისი ყალბი სახელი – „კოენი“ აქვს მითითებული.

სოციალური ქსელებიდან ირკვევა, რომ მერი შოთაძე მოსკოვთან ახლოს ქალაქ ხიმკიში ცხოვრობდა და დღევანდელისგან განსხვავებით გაცილებით მოკრძალებულად ცხოვრობდა.

ახლა მას თაღლითური ქოლ-ცენტრის აგენტები დედოფალს ეძახიან. თავად კი, ინსტაგრამზე გვირგვინის სიმბოლოს იყენებს და ფოტოზე 18,000 დოლარად შეფასებული როლექსის საათით იწონებს თავს.

თაღლითური ქოლ-ცენტრის დირექტორისთვის კითხვები წერილობით გავგზავნეთ. მან არც ერთ ჩვენს დასმულ შეკითხვას არ უპასუხა და, მათი მიღების შემდეგ, თავის სახელზე რეგისტრირებული ქონება სრულად გაყიდა.

A.K. ჯგუფის რეალური ბოსი მერი შოთაძის სახელის მიღმა იმალება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის დოკუმენტებში მისი სახელი არ ფიგურირებს, შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან გაირკვა, რომ ადამიანი, რომლის სახელიც აღნიშნულ ქოლ-ცენტრს ატარებს, 33 წლის აკაკი ქევხიშვილია. სწორედ მას უწოდებენ “უფროსს” არა მხოლოდ აგენტები, არამედ მერი შოთაძეც.

სოციალური ქსელებიდან ირკვევა, რომ მან სკოლა ბაქოში დაამთავრა. თაღლითური ქოლ-ცენტრის მმართველი, ორივე მუხლზე ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის აღმნიშვნელ ტატუს ატარებს. წლების წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებში ის ცეცხლსასროლი იარაღების მიმართაც გამოხატავდა სიმპათიას.

თაღლითური ქოლ-ცენტრის ბოსი ოფიციალურად  მხოლოდ  300 კვ.მ მიწას ფლობს ზესტაფონში და საპარკინგე ადგილს დიდ დიღომში. რეალურად ის ამავე კორპუსში ცხოვრობს ოჯახთან ერთად.

ჩვენ გავარკვიეთ, რომ 2024 წელს აკაკი ქევხიშვილის დედამ 4 უძრავი ქონება შეიძინა – 2 033 747 ლარად. ნასყიდობის დოკუმენტში საკონტაქტო ინფორმაციაში აკაკი ქევხიშვილის იმეილია მითითებული.

მათგან ერთი ბინა ახალაშენებულ კორპუსში მდებარეობს. კერძო სახლი მიწის ნაკვეთით, აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარედ ძვირადღირებულ უბანში. 607 კვ მეტრ მიწასა და 433 კვ.მ სახლში მან 1,825,549 ლარი გადაიხადა.

აკაკი ქევხიშვილის მეუღლის-მარიამ ქვლივიძის სახელზეა რეგისტრირებული ძვირადღირებული ვოლვო. ჩვენი გამოძიების მიმდინარეობისას თაღლითური ქოლცენტრის ხელმძღვანელმა ახალი ავტომობილიც შეიძინა Range Rover Autobiography. ავტომობილის ფასი 365 000 ლარიდან იწყება და მილიონ ლარს აჭარბებს.

ქოლ-ცენტრის შიდა ფინანსური დოკუმენტების მიხედვით, აკაკი ქევხვიშვილი გამუდმებით ანაღდებს თანხას, რომელიც თაღლითური კომპანიის ანგარიშზე ჩაირიცხა. მხოლოდ 2024 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით, მან მინიმუმ 130,000 დოლარი გამოიტანა ნაღდი სახით.

სტუდია მონიტორი აკაკი ქევხიშვილისთვის კითხვების დასასმელად თაღლითური ქოლ-ცენტრის A.K ჯგუფის “ბოსი” სახლში ღამის 3 საათზე მოვიდა, პირად დაცვასთან ერთად. ჟურნალისტების დანახვაზე ქევხიშვილი მანქანაში ჩაჯდა.

ქოლ-ცენტრიდან გამოჟონილ დოკუმენტებში ჩანს, რომ აკაკი ქევხიშვილი მოუწოდებს აგენტებს უფრო აგრესიული ზეწოლა განახორციელონ კლიენტებზე, რათა მათ მაქსიმალური თანხა გამოსძალონ.

აკაკი კევხიშვილი: მთელი დღე რო ქოლზე მოგიწიოთ ამისთვის ჯდომა, უნდა იჯდეთ მთელი დღე.

ლანა ლემანსი: მაგასაც გამოვასწორებ და კიდე ის კლიენტიც დაიძრა. ყველაფერი კარგად იქნება. დედას ვუტირებ, გპირდები.

აკაკი კევხიშვილი: პირად კონტროლზე ყველა ეს კლიენტი. 4 კლიენტი გყავს ძაან დიდი შესაძლებლობით. ეხლა შენი საქმე მანდ მხოლოდ ეს 4 კლიენტია. დამიჯერე, 80% მანდ შენ დაკავებული უნდა იყო მხოლოდ ამ 4 კლიენტით და გააკეთებინო აგენტს ყველაფერი რასაც შენ თვლი, რო საჭიროა ამ 4 კლიენტისთვის.

ლანა ლემანსი: არის უფროსო!

აკაკი კევხიშვილი: აღარ გამიმაზო ასე ბანალურად ტრანზაქციები გთხოვ! და ემოციები გათიშე საერთოდ.ხელს შეგიშლის. ეიფორიაც გათიშე ქოლს რო უსმენ. მხოლოდ ტვინით მიუდექი ემოციების გარეშე.

სტუდია მონიტორმა და სხვა 30-ზე მეტმა საერთაშორისო მედიამ A.K ჯგუფის შესახებ გამოძიება 5 მარტს გამოაქვეყნა. საქართველოს პროკურატურამ გვიპასუხა, რომ გამოძიება დაწყებულია ორი მუხლით – თაღლითობა და ფულის გათეთრება. ამ დროისთვის უცნობია, დააკავეს თუ არა თაღლითური ქოლ-ცენტრის თანამშრომლები.