6 მაისის დაზარალებულები
2009 წლის 6 მაისს პოლიციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ნიკა ავალიანისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, საპროტესტო მოძრაობის სამი აქტივისტი დააპატიმრა – მელორ ვაჩნაძე, გიორგი ონიანი და რევაზ რევაზიშვილი. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავები დაკავებულებს ფიზიკურად და მორალურად შეურაცხყოფდნენ. მომიტინგეები გია გაჩეჩილაძესთან ერთად დაკავებულების დასაცავად დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან წავიდნენ. გაჩეჩილაძემ დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლება მოითხოვა, შემდეგ ეზოს ღობეზე გადავიდა და პოლიციის შენობაში წერილობითი მიმართვის შეტანა სცადა. ამან დიდი არეულობა გამოიწვია. შეკრებილი ადამიანების ერთი ნაწილი გისოსებს მიაწვა, ზოგმა გადაძრომაც დააპირა.
დავით ჩანტლაძე და ირაკლი ხომასურიძეც ამ აქციაზე იმყოფებოდნენ. ორივე იმ ღამესვე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ჩანტლაძეს თვალი მთლიანად ამოკვეთეს; ხომასურიძემ კი ცალ თვალში მხედველობა სრულიად დაკარგა.