ახლობლებისთვის დამარცხებული უმუშევრობა

ჟურნალისტი: ქეთი თუთბერიძე ; რედაქტორი: მაია მეცხვარიშვილი
Divider dot 1 მაისი 2023

ჟურნალიტის შეკითხვა: თქვენი პროტექციით დაინიშნა თუ არა თქვენქალიშვილი? – ეს არის ჩვენი ერთადერთი შეკითხვა.

ვიქტორ ჯაფარიძე: მერე მე ხომ გაგეცი პასუხი, არა-თქო.

ჟურნალისტის ხმა: ნეპოტიზმი მერიტოკრატიის ნაცვლად? რა ხდება, როდესაც საჯარო სამსახურებში თანამდებობის პირების ოჯახის წევრებს  ნიშნავენ?

გიორგი დავითური: ეს იწვევს ბიუჯეტის ხარჯზე არაკვალიფიციური ადამიანების საზრდოობას, ბიუჯეტის გაფლანგვას/

ჟურნალისტის ხმა: გაჩვენებთ, როგორ ასაქმებს “ქართული ოცნება” პარტიულ აქტივს მაღალანაზღაურებად პოზიციებზე სახელმწიფო კომპანიებში.

თეა გაბადაძე: ბიძინა ივანიშვილი თითქოს ჩემი მხსნელია.

ჟურნალისტის ხმა: “თავისუფლების მონიტორმა” გამოიძია, თუ როგორ იზრდება კორუფციული რისკები ხელისუფლების გარემოცვის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებით.

ლიკა საჯაია: ნეპოტიზმი არის კორუფციის შემადგენელი ნაწილი.

სათაური: ახლობლებისთვის დამარცხებული უმუშევრობა

ჟურნალისტის ხმა: დილიდან, საქართველოს ათეულობით მოქალაქე, სამუშაო ვიზის მისაღებად, პოლონეთის საკონსულოსთან იკრიბება. ეს მათთვის აშშ-ში არალეგალურად შეღწევის ერთ-ერთი გზაა. აფხაზეთიდან დევნილი ბადრი ქვაჩახია  სამტრედიიდან ჩამოვიდა. იგი თავის რიგს ელოდება. გვითხრა, რომ 3-შვილიანი ოჯახის შენახვას ვეღარ ახერხებს და იძულებულია ამერიკაში სამუშაოდ არალეგალურად წავიდეს.

ბადრი ქვაჩახია: მინახეთ და დღესვე დავხევ პასპორტს. მინახეთ სამსახური, მინახოს მთავრობამ სამსახური – არც კანონს დავარღვევ, არც საზღვარს გადავკვეთავ და არაფერი, ვიქნები ჩემ ოჯახში. მიკეთებს რამეს?! და სანამდე ვიყო ასე? სანამდე ვუყიდო შვილებს მეორადში ტანსაცმელი? მაგენსაც უნდა ახალი, ხო? თავიანთ შვილებს ხო აქვენ ყველაფერი?

გრაფიკა: 2021 წელს  საქართველოდან ემიგრაციაში თითქმის 100 ათასი ადამიანი წავიდა. ემიგრანტების 87%-მდე  შრომისუნარიანი ასაკისაა. ემიგრაციაში წასვლის უმთავრესი მიზეზი უცხოეთში დასაქმებაა. 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე დაახლოებით 20% იყო, ხოლო დასაქმებულთა 25% სახელმწიფო სექტორში მუშაობდა. ემიგრანტებისა და სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა შესახებ 2022 წლის მონაცემები საქსტატს ჯერ არ გამოუქვეყნებია. 2022 წლის მესამე კვარტალში კი უმუშევრობა 15.6%-მდე შემცირდა.

ჟურნალისტის სტენდაფი: საქართველოში მოქალაქეები დასაქმებასა  და კარიერულ წინსვლას თითქმის ვერ ახერხებენ, თუმცა ეს პრობლემა ნაკლებად  ეხება თანამდებობის პირების ოჯახის წევრებს. “თავისუფლების მონიტორმა” სავარაუდო ნეპოტიზმის ათობით ფაქტი შეისწავლა და ახლა გიამბობთ, როგორ იხარჯება საბიუჯეტო სახსრები ხელისუფლებაში მყოფთა გარემოცვის ხელფასებზე.

კადრში ჩანს რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობა.

ჟურნალისტის სტენდაფი: ახლა საქართველოს პარლამენტში ვიმყოფებით. ჩვენ 150-ვე დეპუტატის ქონებრივი დეკლარაცია შევისწავლეთ და სულ მცირე, 15 შემთხვევა აღმოვაჩინეთ, რაც ცხადად გვაჩვენებს, რომ დეპუტატების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურებში დასაქმდნენ ან დაწინაურდნენ.

ჟურნალისტის ხმა: საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ტაბატაძე თანამდებობის პირის დეკლარაციას 1999 წლიდან ავსებს. მისი ქონება შესამჩნევად 2012 წლიდან იზრდება და მისი ოჯახის წევრებიც საჯარო სამსახურს ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ იწყებენ.

გრაფიკა: 367 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 240 კვ.მ სახლი თბილისში, უიარაღოს III შესახვევში; 3400 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 90 კვ.მ სახლი დაბა მანგლისში; 3900 კვ.მ მიწის ნაკვეთი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქანდაში – ასე გამოიყურებოდა ალექსანდრე ტაბატაძის დეკლარირებული უძრავი ქონება 2012 წლის ბოლოს, როცა ის “ქართულმა ოცნებამ” შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნა. თანამდებობაზე დანიშვნიდან 10 წელში, ტაბატაძის დეკლარაციის მიხედვით, ამ ქონებას დაემატა დაახლოებით 700 ათასი ლარის ღირებულების სახლები და მიწები –  თბილისის ცენტრში – ფალიაშვილის 83-ში 62კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და ინგოროყვას N2-ში 97კვ.მ ბინა; 3100 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 345  კვ.მ სახლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავდარაანთკარში; 800 კვ.მ-მდე შენობები მანგლისში.

ჟურნალისტის ხმა: გაცილებით შთამბეჭდავად გამოიყურება ქონება, რომელსაც მის დეკლარაციაში ვერ შეხვდებით და რომელიც  ბოლო წლებში ტაბატაძის დედის, შვილების, სიდედრის, სიძის სახელზეა რეგისტრირებული.

გრაფიკა: 159 კვ.მ კომერციული ფართი თბილისში, ნუცუბიძის #14-ში და 114 კვ.მ – ხოშარაულის #6-ში ტაბატაძის პენსიონერმა დედამ 128 ათას ლარად იყიდა 2014-18 წლებში. წინამძღვრიშვილის 58-ში კი – 33კვ.მ კომერციული ფართი სიძეს 60 ათას ლარად მიყიდა, ხოლო 3 წლის შემდეგ იგივე მისამართზე 2-ჯერ მეტი ფართი უფრო იაფად, 50 ათას ლარად იყიდა სიძისგან. 2014 წელს ალექსანდრე ტაბატაძის სიძემ და ვაჟმა – ლევან ტაბატაძემ 177 კვ.მ კომერციული ფართი იყიდეს დადიანის 114-ში 133 000 დოლარად. მაშინ ლევან ტაბატაძე 19 წლის იყო და მისი სწავლის საფასურს ჯიპაში მშობლები იხდიდნენ, თუმცა შვილის ძვირადღირებული შენაძენი მამას დეკლარაციაში არ აუსახავს, რაც კანონდარღვევაა. 2019 წელს ტაბატაძის ვაჟმა 110 კვ.მ ბინა 70 381 ლარად იყიდა ბათუმში, ტბელ აბუსერიძის 51-ში. თბილისში, ნუცუბიძის #14-ში ბინებსა და კომერციულ ფართებს ფლობენ ტაბატაძის და, სიძე და სიდედრი.

ჟურნალისტის ხმა: კომერციული ფართები ალექსანდრე ტაბატაძის ოჯახის წევრებს ქსელურ სუპერმარკეტებზე აქვთ მიქირავებული.

გრაფიკა: დეპუტატის დეკლარაციაში მხოლოდ ერთი კომერციული ფართის გაქირავებით მიღებული შემოსავალია ასახული: ცოლის – ია იაძე-ტაბატაძის სახელზე რეგისტრირებული კომერციული ფართის გაქირავებით ტაბატაძემ გასულ წელს 24 000 დოლარის შემოსავალი მიიღო.

ჟურნალისტის სტენდაფი: ია ტაბატაძეს შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც აქვს. მან ხელფასის სახით  საჯარო სამსახურიდან ბოლო 8 წელში თითქმის 400 ათასი ლარი მიიღო; თავად ალექსანდრე ტაბატაძეს თანამდებობაზე ყოფნის ბოლო 10 წლის განმავლობაში შრომის ანაზღაურებისთვის 730 ათასი ლარი ჩაერიცხა,  მისმა ოჯახმა კი, იმავე პერიოდში მილიონობით ლარის ქონება შეიძინა.

გრაფიკა: ალექსანდრე ტაბატაძე 2012 წლის ბოლოს შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამ დროს მისი ცოლი თბილისის 161-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი იყო და წელიწადში 2964 ლარს გამოიმუშავებდა. ქმრის დაწინაურების შემდეგ ტაბატაძის ცოლი ფინანსთა სამინისტროში იწყებს მუშაობას, სადაც დღეს უკვე  შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს. შემოსავლების სამსახურშია დასაქმებული მათი რძალიც. 2016-2019 წლებში ალექსანდრე ტაბატაძე სუს-ის უფროსის მოადგილე იყო. სწორედ სუს-ში დასაქმდა მისი ვაჟი – ლევან ტაბატაძე. ქალიშვილი – ნატა ტაბატაძე კი თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა.

ალექსანდრე ტაბატაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი: და არ უნდა იმუშაონ მერე რახან? რა პრობლემას ქმნის? (მიდის კიბეებზე)

ჟურნალისტის ხმა: ალექსანდრე ტაბატაძის შვილები და რძალი საჯარო სამსახურში სავარაუდოდ კონკურსის გარეშე მოხვდნენ, რადგან ამის გამომრიცხავი მტკიცებულებები შემოსავლების სამსახურიდან, სუს-დან და თავდაცვის სამინისტროდან არ მოგვაწოდეს.

ფრაგმენტი “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ვიდეორგოლიდან: ნეპოტიზმის მაგალითებია ნათესავების და ნაცნობ-მეგობრების თანამდებობებზე დანიშვნა კონკურსის გვერდის ავლით. მოვითხოვთ ნეპოტიზმის კრიმინალიზაციას.

ჟურნალისტის ხმა: “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” “სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილებებისა და ნეპოტიზმის კრიმინალიზაციის მოთხოვნით პარლამენტს ჯერ კიდევ 2015 წელს მიმართა.

ლიკა საჯაია, “საერთაშორის გამჭვალობა საქართველოს” საპარლამენტო მდივანი: მაშინ იურიდიულმა კომიტეტმა არგუმენტად სწორედ ის გვითხრა, რომ ეს დანაშაული ისედაც მოიაზრება თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში და ამიტომ ვერ ხედავდა რეალურ საჭიროებას, რომ ამ გზით წასულიყო სისხლის სამართალი, რაც, რა თქმა უნდა, არ იყო წონადი არგუმენტი. თუმცა, რა თქმა უნდა, არც მაშინ გვქონია ილუზია და არც ახლა არ გვაქვს, რომ თუკი ამ ერთ მუხლს დავამატებთ, ამით რეალურად შეიცვლება სურათი, იმიტომ რომ ნეპოტიზმი არის კორუფციის შემადგენელი ნაწილი და თუ ჩვენ არ ჩავატარებთ ფუნდამენტურ რეფორმას ანტიკორუფციულს, ამ შემთხვევაში, ეს ერთი ნორმა რა თქმა უნდა ვერ შეცვლიდა რეალობას.

ფრაგმენტი “თავისუფლების მონიტორის” არქივიდან: საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების 100-ზე მეტი მაღალჩინოსანი, რომელთა ოჯახის წევრების ხელფასებზე ბიუჯეტიდან წელიწადში მილიონნახევარ ლარზე მეტი იხარჯება.

ჟურნალისტის ხმა: ბოლო წლებში დეპუტატების მისამართით ნეპოტიზმის ბრალდებები არაერთხელ გასაჯაროვდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა. მილიონერი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 2012 წლიდან წარმოადგენდა. მიმდინარე წლის ოქტომბერში მმართველი პარტია დატოვა და მოძრაობა “ხალხის ძალას” შეუერთდა, რომელიც ღიად აკრიტიკებს  აშშ-ის ელჩის საქმიანობას, დასავლეთს  და ლიბერალურ ფასეულობებს უპირისპირდება. ვიქტორ ჯაფარიძის შვილი – ეკა ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრის აპარატში პროტოკოლის თანამშრომელია.

ჟურნალიტის შეკითხვა: თქვენი პროტექციით დაინიშნა თუ არა თქვენი ქალიშვილი? – ეს არის ჩვენი ერთადერთი შეკითხვა.

ვიქტორ ჯაფარიძე: მერე მე ხომ გაგეცი პასუხი, არა-თქო. 

ჟურნალისტის შეკითხვა: კარგით, დიდი მადლობა.

ვიქტორ ჯაფარიძე: კიდევ რა გაინტერესებთ. ტყუილებს მოყვებით კიდევ? 

ჟურნალისტის შეკითხვა: ჩვენ არ ვტყუით, მხოლოდ სიმართლეს ვამბობთ, დოკუმენტებით…

ვიქტორ ჯაფარიძე: თქვენ არ ტყუით? ხომ ამბობთ თქვენი პროტექციით დაინიშნაო?

ჟურნალისტის შეკითხვა: გეკითხებით… 

ვიქტორ ჯაფარიძე: ის არის სრულწლოვანი, იმას აქვს შესაბამისი განათლება და კითხეთ მას. მე არ ვიცი.

ჟურნალისტის ხმა: “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” საჯარო სამსახურში დასაქმების ხარვეზებსა და ნეპოტიზმის შემთხვევებს წლებია იკვლევს.

ჟურნალისტის შეკითხვა: ხელისუფლების პირები რატომ ასაქმებენ თავიანთი ოჯახის წევრებს და ნდობით აღსავსე გარემოცვის წევრებს საჯარო სამსახურებში?

გიორგი დავითური, IDFI-ის მთავარი იურისტი: ნდობა განსაკუთრებით გჭირდება კანდიდატების მიმართ და შენთან ახლოს მყოფი პირების მიმართ, როდესაც რაღაცა უკანონობას სჩადიხარ. შემდეგი ნაწილი ერთ-ერთი, რაც კიდევ ნეპოტიზმს საჯარო სამსახურში ძალიან გასდევს თან, ეს არის ხელის მოთბობა ვიღაცეებისთვის და მთლიანობაში ალბათ ერთ-ერთი საკითხი კიდევ, რასთანაც ეს შეიძლება მოდიოდეს, ეს არის სტაბილური პოლიტიკური მხარდამჭერი ადამიანური რესურსის შექმნა, მოდი ასე ვთქვათ, ადამიანური რესურსის შექმნა, რომელიც მივა და შემდეგ არჩევნებზე შენ მოგცემს ხმას… სხვადასხვა მიზანი შეიძლება იყოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, რასაც იწვევს ეს, ეს იწვევს ბიუჯეტის ხარჯზე არაკვალიფიციური ადამიანების საზრდოობას, ბიუჯეტის გაფლანგვას, მოდი ასე ვთქვათ.

ჟურნალისტის სტენდაფი: სახელმწიფო ბიუჯეტის ფული მთავრობის წევრების ნათესავებსა და ოჯახის წევრებზეც იხარჯება. “თავისუფლების მონიტორმა” 12-ვე მინისტრისა და მათი მოადგილეების, საერთო ჯამში, 51 მოადგილის ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა. ჩვენ 25 შემთხვევა აღმოვაჩინეთ, რაც ადასტურებს, რომ თანამდებობის პირების ცოლები, ქმრები და შვილები სახელმწიფოს მიერ დაარსებულ და დაფინანსებულ ორგანიზაციებში მუშაობენ.

გრაფიკა: მაგალითად, ვიცე-პრემიერისა და კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ქმარი – ნუგზარ კაკულია  ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში მუშაობს კონსულტანტად – მისი წლიური ანაზღაურება 35 167 ლარია. წულუკიანის 4 მოადგილიდან 2-ის მეუღლე ასევე საჯარო სამსახურშია დასაქმებული: ნიკოლოზ აზნაურაშვილის ცოლი – შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს ინსპექტორად; იოსებ ბაღათურიას ცოლი კი – ეროვნული არქივის უფროსი სპეციალისტია. 2017 წელს საჯარო სამსახურში დაინიშნა ბაღათურიას შვილიც. ის სუს-ში, კონტრდაზვერვის თანამშრომელი იყო.

ჟურნალისტის ხმა: ბაღათურიამ ინტერვიუზე უარი გვითხრა, თუმცა მოგვწერა, რომ “თანამდებობრივი უფლებამოსილება თუ ავტორიტეტი ოჯახის წევრების, მათ შორის – მეუღლის ან შვილების დასაქმებისთვის არასდროს გამოუყენებია”. მინისტრებისა და მათი მოადგილეების დეკლარაციების შესწავლის შემდეგ არა მხოლოდ ნეპოტიზმის, არამედ ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევებიც აღმოვაჩინეთ.

გრაფიკა: საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, “არ შეიძლება თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თანამდებობაზე მოხელედ, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ან შრომითი ხელშეკრულებით დაინიშნოს ამ თანამდებობის პირის ახლო ნათესავი.

ჟურნალისტის ხმა: გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას ცოლი – მარიამ სამხარაძე ამავე სამინისტროს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტია. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მისივე დეკლარაციის მიხედვით, მილიონერია და არაერთ ბიზნესკომპანიაში ფლობს წილს.

გრაფიკა: ამის მიუხედავად, შვილი – თამარ ხანიშვილი იმ 2 პროექტშია დასაქმებული, რომლებსაც მისივე სამინისტრო ახორციელებს ან ზედამხედველობას უწევს. “მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამასა” და საქართველოს ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტში კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობისთვის თამარ ხანიშვილმა შარშან ანაზღაურების სახით 54 700 ლარი მიიღო.

ჟურნალისტის ხმა: სოფლის მეურნეობის სამინისტროდან წერილობით გვიპასუხეს, რომ გიორგი ხანიშვილი უშუალოდ არ ახორციელებს იმ პროექტების სამსახურებრივ ზედამხედველობას, სადაც მისი შვილია დასაქმებული და შესაბამისად, არ ირღვევა კანონი. სამინისტროდან ასევე მოგვწერეს, რომ არც მინისტრისა და მისი ცოლის ერთ უწყებაში საქმიანობა შეიცავს ნეპოტიზმის და ინტერესთა შეუთავსებლობის ნიშნებს, რადგან მათი ცნობით, მარიამ სამხარაძე 2006 წლიდან მუშაობს სამინისტროში, 2013 წელს დაინიშნა თანამდებობაზე კონკურსის წესით, ქმარი კი 2022 წელს გახდა მინისტრი.

ჟურნალისტის სტენდაფი: კანონში წერია, რომ საჯარო მოსამსახურეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ორგანიზაციაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა, რომლის ხელმძღვანელ ორგანოშიც მისი ოჯახის წევრი საქმიანობს.

გრაფიკა: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას, რომელიც “საქრუსენერგოს” აქციათა 50%-ს ფლობს. “საქრუსენერგოს” დირექტორის მოადგილე მამუკა მენაღარიშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნინო ენუქიძის ქმარია. მენაღარიშვილის ანაზღაურებამ გასულ წელს 310 171 ლარი შეადგინა.

ჟურნალისტის ხმა: ეკონომიკის მინისტრის კიდევ ერთ მოადგილეს – რომეო მიქაუტაძეს კი საერთო ბიზნესი აქვს “საქრუსენერგოს” დირექტორთან – ბაჩანა სულაძესთან.

გრაფიკა: მიქაუტაძისა და სულაძის საერთო კომპანია “ბლუბერი ლაბს” მოცვის პლანტაციები აქვს სამეგრელოში, რომელიც სახელმწიფო პროგრამა “დანერგე მომავლის” ფარგლებში 91 402 ლარით დაფინანსდა.

ჟურნალისტის ხმა: “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტს ვთხოვეთ, შეესწავლა და შეეფასებინა, თუ რა ტიპის კანონდარღვევაა, როცა საზედამხედველო ორგანიზაციაში სამინისტროს ხელმძღვანელებთან დაკავშირებული პირები მუშაობენ.

ილონა დიასამიძე, საია-ს იურისტი: ასეთ შემთხვევაშიც საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ირღვევა იქედან გამომდინარე, რომ არ შეიძლება ოჯახის წევრი იყოს დასაქმებული იმ თანამდებობაზე და იმ კომპანიაში რაიმე საქმიანობას ახორციელებდეს, რომლის საზედამხედველო ფუნქციაც აკისრია ოჯახის მეორე წევრს. 

ჟურნალისტის შეკითხვა: როდესაც საქრუსნერგოს გენერალური დირექტორი ბაჩანა სულაძე დაკავშირებულია ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, რომეო მიქაუტაძესთან ბიზნესკავშირებით, ამ შემთხვევაში რომელი კანონი ირღვევა და ხომ არ ვეჯახებით ინტერესთა კონფლიქტს?

ილონა დიასამიძე: დიახ, ასეთ შემთხვევაში, როგორც ასეთი, ინტერესთა კონფლიქტი გვაქვს სახეზე.

ჟურნალისტი: ნინო ენუქიძემ წერილობით გვიპასუხა, რომ უშულოდ ის არ ხორციელებს სამინისტროდან სამსახურებრივ ზედამხედველობას საქრუსენერგოზე. რომეო მიქაუტაძემ კი ჩვენს შეკითხვებს მის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტზე არ უპასუხა.

ჟურნალისტი რეკავს საქრუსენერგოში

ავტომოპასუხე:მოგესალმებით, თქვენ დაუკავშირდით გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა “საქრუსენერგოს”.

ჟურნალისტი: გამარჯობა.

მოპასუხე: გამარჯობა.

ჟურნალისტი: HR-ის დეპარტამენტია?

მოპასუხე: გისმენთ.

ჟურნალისტის ხმა:“საქრუსენერგოში” დასაქმების შესაძლებლობით მას შემდეგ დავინტერესდით, რაც გავარკვიეთ, რომ ამ ორგანიზაციაში “ქართული ოცნებასთან” დაახლოებული არაერთი ადამიანი მუშაობს. კომპანიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენელს გავეცანით, როგორც ოსლოს უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ელექტრონული ინჟინერიის სპეციალობით. ჩვენ მაღალკვალიფიციური კადრის CV შევთავაზეთ იმ მიზნით, რომ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა განეხილათ.

საქრუსენერგო: sakrusenergoinfo.ge-ზე არის, საიტზე დევს ეს ინფორმაცია და იქ მეილზე რომ გამოგზავნოთ, იქ ნახავენ

ჟურნალისტის ხმა: გქონიათ ისე პრაქტიკაში, ქუჩიდან რომ აგეყვანათ ვინმე, ვისაც კარგი CV აქვს?

საქრუსენერგო: არა, რაც მახსოვს ესე არ ხდება ხოლმე.

გრაფიკა: “საქრუსენერგოს” ეკუთვნის საქართველოსა და რუსეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები. კომპანიის 50%-ს რუსული სახელმწიფო კომპანია, ხოლო 50%-ს საქართველოს სახელმწიფო ფლობს. საქართველოს სახელმწიფოს კომპანიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარმოადგენს. წესდების მიხედვით, კომპანიის გენერალურ დირექტორს ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭო. ხოლო თავად საბჭოს წევრებს – აქციონერთა საერთო კრება ირჩევს. ამჟამად “საქრუსენერგოს” სამეთვალყურეო საბჭოს 8 წევრი ჰყავს, მათ შორის 4 რუსეთის ფედერაციის, ხოლო 4 საქართველოს წარმომადგენელია.

ჟურნალისტის სტენდაფი: სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემის დირექტორატის საქმიანობა და ბიუჯეტი უნდა აკონტროლოს, უნდა შეამოწმოს ყოველწლიური ანგარიშები. ჩვენ ახლა ერთად გავარკვევთ, აქვთ თუ არა “საქრუსენერგოს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შესაბამისი კომპეტენცია, თუ ისინი ამ თანამდებობაზე მთავრობასთან ახლო კავშირების გამო დაინიშნენ?

ჟურნალისტის ხმა: პოზიტიური ფსიქოთერაპიის კონსულტანტი თეა გაბადაძე “საქრუსენერგოს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრად 2020 წლის ივლისში აირჩიეს. იგი “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენის – ნოშრევან ნამორაძის ცოლის დაა. სოციალურ ქსელებში თავადაც მმართველი პარტიის აქტიური მხარდამჭერია.

თეა გაბადაძე, საქრუსენერგოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი: ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი ადამიანი, ვინც სიკვდილის ბოლომდე… რა ვიცი ახლა ნუ, ამ ადამიანის მიმართ მაქვს რაღაცა, ნუ როგორ აგიხსნათ, რომ თითქოს ჩემი მხსნელია, იმიტომ რომ ნაციონალურმა მოძრაობამ პირადად მე, ჩემ ოჯახს რომ თავი დავანებოთ, მომაყენა ისეთი ტკივილი, რასაც დღესაც თერაპევტთან ვამუშავებ. ანუ 6 წელი პირობითი მომისაჯეს…2012 წლის 1 ოქტომბერს, როცა გაიმარჯვა “ქართულმა ოცნებამ”, ის შეგრძნება არასოდეს არ დამავიწყდება – თითქოს კონცლაგერში ვიყავი და გამათავისუფლეს.

გრაფიკი: “ქართულ ოცნებასთან”, კერძოდ, მის გენერალურ მდივანთან, კახა კალაძესთან დაახლოებული პირია “საქრუსენერგოს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ თევზაძე. ის 2002-04 წლებში სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, ხოლო 2012 წლის არჩევნებში სამტრედიაში “ქართული ოცნების” კანდიდატის – კახა კალაძის შტაბს ხელმძღვანელობდა. თევზაძე საქრუსენერგოში 2013 წლის თებერვლიდან დასაქმდა, როდესაც ამ კომპანიის ზედამხედველ ენერგეტიკის სამინისტროს კახა კალაძე ხელმძღვანელობდა.

ჟურნალისტის შეკითხვა: თქვენს სამსახურთან ვიმყოფებით, საქრუსენერგოსთან, ძალიან გვინდოდა, ბატონო ავთანდილ, თქვენი ნახვა და ჩაწერა, მაგრამ ვერ გნახეთ. კითხვა გვაქვს თქვენთან, თუ შეიძლება

ავთანდილ თევზაძე, საქრუსენერგოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე: მე ძალიან მინდა, რომ თქვენთან არავითარი ინტერვიუ არ ჩავწერო.

ჟურნალისტის შეკითხვა: ერთი კითხვა გვაქვს, თუ შეიძლება, გვიპასუხეთ: თქვენ როგორ მოხვდით საქრუსენერგოში? კახა კალაძესთან ახლო კავშირით და იმის გამო,  რომ ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი ხართ?.. გათიშა სამწუხაროდ, ვეცდებით, რომ თავიდან დავურეკოთ.

ავთანდილ თევზაძე: არ დარეკოთ მეტი, კატეგორიულად გაფრთხილებთ, თორემ უსიამოვნება გექნებათ!!!

ჟურნალისტის ხმა: “ქართული ოცნებისა” და კახა კალაძის აქტიური მხარდამჭერია “საქრუსენერგოს”  სამეთვალყურეო საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ივანე როსტიაშვილი. ხელისუფლებაში “ოცნების” მოსვლის შემდეგ როსტიაშვილი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, რის შემდეგაც “საქრუსენერგოს” სამეთვალყურეო საბჭოში გადაინაცვლა. დეკლარაციის თანახმად, 2013 წელს “საქრუსენერგოდან” ხელფასის სახით 55 080 ლარი მიიღო.

ჟურნალისტის შეკითხვა: ალო, გამარჯობა, ბატონი ივანე ბრძანდებით?

ივანე როსტიაშვილი, საქრუსენერგოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი: დიახ.

ჟურნალისტის შეკითხვა: თქვენ საქრუსენერგოს სამეთვალყურეო საბჭოში ხართ.

ივანე როსტიაშვილი: არ გიპასუხებთ, არა ვარ ვალდებული თქვენ გიპასუხოთ.

ფრაგმენტი არქივიდან – ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ალექსანდრე ჩივაძესთან.

ჟურნალისტის ხმა: “საქრუსენერგოს” სამეთვალყურეო საბჭოს კიდევ ერთი წევრია ცნობილი ფეხბურთელი ალექსანდრე ჩივაძე, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ენერგოკომპანიაში ასევე წარსულში ცნობილი ფეხბურთელის კახა კალაძის ენერგომინისტრობის დროს დასაქმდა. კახა კალაძეს პრესსამსახურს ვთხოვეთ მიეწოდებინა მისთვის ჩვენი შეკითხვა, დაასაქმა თუ არა საქრუსენერგოში ეს ადამიანები მან პოლიტიკური ნიშნით, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. ცნობილი სპორტსმენების მაღალანაზღაურებად სახელმწიფო კომპანიებში დასაქმება “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის გამონაკლის შემთხვევებს არ წარმოადგენს. მაგალითად, “მარაბდა-კარწახის რკინიგზაში”, რომლის 100%-ანი წილის მფლობელი სახელმწიფოა, საბჭოს წევრი ფეხბურთელი ვლადიმერ გუცაევია. მეტწილად კი მაღალანაზღაურებად სახელმწიფო კომპანიებში ხელისუფლება და მმართველი პარტია  ერთგულ ან დამსახურებულ წევრებს ასაქმებს.

გრაფიკა: მაგალითად, “ნავთობისა და გაზის კორპორაციის” დირექტორთა საბჭოშია ბერა ივანიშვილის ქვისლი, სუს-ის უფროსის მოადგილის შვილი ნიკოლოზ ფიცხელაური; ასევე,“ოცნების” ყოფილი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე. 2018-21 წლებში ამავე კორპორაციის დირექტორი იყო ყოფილი პრემიერის მამუკა ბახტაძის ძმა, 2015-18 წლებში კი – ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ცოლის ძმა. “საქართველოს რკინიგზაში” სამეთვალყურეო საბჭოს წევრია თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე გიორგი მუსხელიშვილი და “ოცნების” დეპუტატის, ნინო წილოსანის ოჯახის ადვოკატი დავით სამხარაშვილი. “ოცნების” ყოფილი დეპუტატები –  ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურშია დასაქმებული, ხოლო ვანო ზარდიაშვილი – საქართველოს ელექტროსისტემაში. ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია.

ჟურნალისტის ხმა: “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე გვეუბნება, რომ ხელისუფლების მხარდამჭერების საჯარო სამსახურში  დასაქმება ძირითადად საარჩევნო მიზნებს ემსახურება.

ჟურნალისტის შეკითხვა: “ქართული ოცნების” მთავრობა რატომ ასაქმებს სახელმწიფო სტრუქტურებში თავის გარემოცვას და როგორ იყენებს არჩევნების პროცესში ადმინისტრაციულ რესურსად? 

ნინო დოლიძე: საჯარო სექტორში დასაქმებულები ადამიანები თუ ლოიალური არიან მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ეს ცხადია, არჩევნებში გულისხმობს მათ მხარდაჭერას მეტად და ეს, რა თქმა უნდა, არის სასარგებლო მმართველი პარტიისთვის და ზოგადად რა თქმა უნდა მანკიერი პრაქტიკაა…რა თქმა უნდა, ნეპოტიზმი ზოგადად ძალიან დიდი პრობლემაა, მაგრამ როდესაც არჩევნებზე მუშაობს ორგანიზაცია, ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ საჯარო უწყებები იყოს დეპოლიტიზებული და იყოს დამოუკიდებელი მმართველი პარტიის გავლენებისგან.

ჟურნალისტის ხმა: დეპოლიტიზებული და დამოუკიდებელი უნდა იყოს ანტიკორუფციული სააგენტოც, რომლის შექმნა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებელი  12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია.  პარლამენტში  განსახილველად ორი ანტიკორუფციული კანონპროექტი იყო შეტანილი. საბოლოოდ კი “ქართული ოცნების” პროექტი დამტკიცდა, რომელიც ახალი სსიპ-ის – ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას ითვალისწინებს, რომლის ხელმძღვანელსაც პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.

ანა ნაცვლიშვილი, პარლამენტის წევრი პარტია “ლელოდან”: რა თქმა უნდა ის  საგულდაგულოდ შეარჩევს კადრს, რომელიც არადროს ხმას არ ამოიღებს არც პრემიერის და არც მისი გარემოცვის კორუფციულ საქმეებზე…ლელოს კანონპროექტი ქმნის ძლიერ ბერკეტს, რომ სახელმწიფომ კი არ ილაპარაკოს მარტო კორუფციაზე, არამედ ებრძოლოს კორუფციას. ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი დანაშაულთან ბრძოლის ესაა გამოძიება, ბრალდება და მსჯავრდება ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის. “ქართული ოცნება” საერთოდ არ ეხება ამ მთავარ ინსტრუმენტს, რაც არის გამოძიება, აქ უცვლელად ტოვებს ვითარებას.

ბექა დავითულიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი: ჩვენ შევიმუშავეთ კანონი, მივეცით ხმა. თუ რაიმე შენიშვნა იქნება ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რომ მაგალითად პარლამენტმა აირჩიოს და არა აღმასრულებელმა, მე აქ არსებით წინააღდეგობას ვერ ვხედავ.

ჟურნალისტის შეკითხვა: ეს ბიურო გამოიძიებს ელიტურ კორუფციას? 

ბექა დავითულიანი: რა ვიცი, ამისთვის იქმნება და ეხლა როგორ მეკითხებით, ჯერ არ შექმნილა. იმისთვის იქმნება რომ გამოიძიოს.

ბიძინა ივანიშვილის ხმა არქივის მასალიდან: რა ვიცი ახლა, ნაცნობობით ხდება ალბათ ხო ძირითადად. აბა, როგორ მოძებნი სპეციალისტებს? ეხლა ქართველები, ფრანგებს უყვართ კიდევ ძალიან ნაცნობობით, ახლობლობით დანიშვნა.. რომ ვთქვა ეხლა მე დღეს რომ ჩვენთან ნაცნობობით ვერავინ ვერ გაბედავს ადამიანი მიიღოს, არასწორი იქნება და მე აქ ვცხოვრობ, ჩვენ აქა ვართ, ესაა დღევანდელი საზოგადოება და…