ჟურნალისტის ხმა: როგორ მოვიპოვოთ მილიონი ღარიბი ქვეყნის საჯარო სამსახურში მუშაობით?
საბა ბუაძე, თბილისის საკრებულოს წევრი: მე არაერთხელ მინახავს საკრებულოში მოსული ხმალაძე, რომელიც, დიდი ალბათობით, სწორედ, აი, ამ პროექტებს ლობირებს.
ჟურნალისტის ხმა: თბილისის მილიონერი ვიცე-მერი, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, უსახლკაროა.
ირაკლი ხმალაძე, თბილისის ვიცე-მერი: ვცხოვრობ დედაჩემის სახლში. კარგად ბრძანდებოდეთ…
მაია შალუტაშვილი, ირაკლი ხმალაძის დედა: მარტო ვცხოვრობ, არანაირი, მარტო მე ვარ, მარტო მე…
ჟურნალისტის ხმა: “სტუდია მონიტორმა” გამოიძია და გაჩვენებთ, ცხოვრობს თუ არა ირაკლი ხმალაძე ფეშენებელურ პენტჰაუსში კრწანისის ელიტურ დასახლებაში?
გოგა თუშურაშვილი, IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი: აუცილებელია, რომ ამ შემთხვევითაც დაინტერესდეს ანტიკორუფციული ბიურო…
სათაური: სად ცხოვრობს თბილისის უსახლკარო ვიცე-მერი?
კახა კალაძე, თბილისის მერი: დღეს მსურს წარმოგიდგინოთ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატები. ირაკლი ხმალაძეს თქვენ უკვე ყველანი კარგად იცნობთ. ირაკლი მთელი საარჩვენო კამპანიის დროს ჩემ გვერდით იყო და ჩვენ ერთად წარვადგენდით ხოლმე იმ პოლიტიკებს, რომლებიც იქნა ჩვენ მიერ გაჟღერებული და მომავალში მოგვიწევს მუშაობა. ირაკლი წლების განმავლობაში ჩემთან ერთად მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროში და ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთად, ის დაიკავებს ვიცე-მერის თანამდებობას და მინდა წარმატებები ვუსურვო ირაკლის…
ჟურნალისტის ხმა: 42 წლის ირაკლი ხმალაძეს უკვე მე-7 წელია, რაც თბილისის ვიცე-მერის თანამდებობა უკავია. მერიაში დასაქმებამდე, ხმალაძე კალაძის მოადგილე ენერგეტიკის სამინისტროშიც იყო. კალაძის ენერგეტიკის მინისტრად დანიშვნამდე, ხმალაძეს ამავე სამინისტროში მუშაობის 7-წლიანი სტაჟი ჰქონდა. თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შევსება 2008 წლიდან დაევალა, როცა 26 წლის ასაკში, ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.
სტენდაფი: “სტუდია მონიტორმა” 2008 წლიდან დღემდე, ანუ ბოლო 16 წლის განმავლობაში ირაკლი ხმალაძის მიერ შევსებული ყველა ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა. ამ საღამოს გაჩვენებთ სქემას, თუ როგორ იქცა მილიონერად ირაკლი ხმალაძე საჯარო სამსახურში თითქმის 20-წლიანი მუშაობის პირობებში? რა ქონება დააგროვეს მისმა ოჯახის წევრებმა, რომლებიც, ასევე, სახელმწიფო სამსახურებში მუშაობენ და მალავს თუ არა ფეშენებელურ პენტჰაუსს “კრწანისი ვილა რეზიდენსში”, პრემიუმ კლასის საცხოვრებელ უბანში, რომელსაც “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენი, ნოშრევან ნამორაძე აშენებს.
”კრწანისი ვილა რეზიდენსის” საიმიჯო რეკლამა (VR ჰოლდინგის Facebook გვერდიდან): ,,ჩვენ ვიმყოფებით “კრწანისი ვილა რეზიდენსში”, ეს არის ახალი, თანამედროვე და ეკოლოგიურად სუფთა უბანი…ჩვენ ეხლა ვიმყოფებით მე-6 სართულზე, პენტჰაუსში, რომელიც აერთიანებს 4 საძინებელს, 5 სააბაზანო ოთახს, ტერასას სახურავზე და პერსონალურ საცურაო აუზს. პენტჰაუსის მთავარი ოთახი იყოფა 2 ნაწილად – ეს არის მოსასვენებელი ოთახი და სამზარეულო, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედები იშლება.”
სტენდაფი: “სტუდია მონიტორის” წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამ პენტჰაუსში ცხოვრობს თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე. ჩვენ ახლა “კრწანისი ვილა რეზიდენსში” მივდივართ და მოდით, ერთად გავარკვიოთ, ცხოვრობს თუ არა იქ ირაკლი ხმალაძე.
აი, მოვედით. ეს არის “კრწანისი ვილა რეზიდენსის” ის კორპუსი, სადაც, როგორც წყარო გვეუბნება, ბოლო სართულზე, პენტჰაუსში ცხოვრობს თბილისის ვიცე-მერი. ახლა 17 იანვარია, დილის 09:00 საათი და დაველოდოთ, გამოვა თუ არა ამ კორპუსიდან ირაკლი ხმალაძე, რათა წავიდეს სამსახურში.
ჟურნალისტის ხმა: დაახლოებით საათ-ნახევარს მოგვიხდა ლოდინი. ირაკლი ხმალაძე 11-ის 28 წუთზე გამოვიდა სახლიდან და ჩაჯდა თბილისის მერიის ბალანსზე რიცხულ ამ ავტომანქანაში, რომელიც ვიცე-მერს ემსახურება. ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩვენ ამ მეთოდს არაერთხელ მივმართეთ, მათ შორის 1 კვირის განმავლობაში ზედიზედ ყოველდღე.
სტენდაფი: ახლა არის 25 იანვარი. დილის 11:00 საათი. ირაკლი ხმალაძე ჯერ არ ჩქარობს გამოსვლას და სამსახურში წასვლას, თუმცა გუშინ პირველის ნახევარზე გამოვიდა; გუშინწინ უფრო ადრე. ვნახოთ, დღეს რა მოხდება. ჩვენ ისევ აქ ვართ და ველოდებით…
ჟურნალისტის ხმა: მას შემდეგ, რაც “კრწანისი ვილა რეზიდენსის” ამ კორპუსში თბილისის ვიცე-მერი არაერთხელ დავაფიქსირეთ და გადავიღეთ, გადავწყვიტეთ, მისთვის გვეკითხა და გაგვერკვია, თუკი აქ ცხოვრობს და ამ პენტჰაუსის მესაკუთრეა, რატომ არ უთითებს ამას დეკლარაციაში, რომლის მიხედვითაც ის საერთოდ უსახლკაროა.
ჟურნალისტი: ბატონო ირაკლი, გამარჯობა, მე ვარ ნინო წვერავა, ”სტუდია მონიტორის” ჟურნალისტი, რამდენიმე კითხვა გვაქვს თქვენთან, თუ შეიძლება…რატომ არ უთითებთ დეკლარაციაში, რომ ამ სახლში, “კრწანისი ვილა რეზიდენსის” პენტჰაუსში ცხოვრობთ?
ირაკლი ხმალაძე, თბილისის ვიცე-მერი: არ ვცხოვრობ აქ, მე მოვდივარ ადამიანთან, ვისთანაც მაქვს ჩემი ურთიერთობები.
ჟურნალისტი: ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ, რომ თქვენ ზუსტად ამ სახლში ცხოვრობთ და გვაქვს მტკიცებულებები…
ირაკლი ხმალაძე, თბილისის ვიცე-მერი: კარგად ბრძანდებოდეთ.
ჟურნალისტი: სად ცხოვრობთ რეალურად, აი, ჩვენ არაერთხელ დაგაფიქსირეთ, რომ თქვენ ნამდვილად დადიხართ აქ…
ირაკლი ხმალაძე, თბილისის ვიცე-მერი: მოვდივარ ხოლმე-თქო, ხომ გითხარით?!
ჟურნალისტის ხმა: პენტჰაუსი, რომლის შესახებაც ხმალაძეს ვკითხეთ, საჯარო რეესტრში დღემდე შპს ”კრწანისი ვილა რეზიდენსის” სახელზეა რეგისტრირებული.
კომპანიის მფლობელი “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენი – ნოშრევან ნამორაძეა, რომელმაც კრწანისში ამ აპარტამენტების მშენებლობა 2015 წელს დაიწყო უნებართვოდ, თუმცა ჯარიმის გადახდის შემდეგ, მან აქ მრავალბინიანი სახლების მშენებლობის უფლება მოიპოვა.
ნოშრევან ნამორაძე, “კრწანისი ვილა რეზიდენსის” მესაკუთრე: გთხოვთ, ბატონო მერო, კახი კალაძეს მოვიწვიო ტრიბუნასთან…
ჟურნალისტის ხმა: ნამორაძის სამშენებლო პროექტები თბილისში 2020 წლიდან, კალაძის მერობის პერიოდში გახდა მასშტაბური, მას შემდეგ, რაც მერიამ და საკრებულომ კრწანისში 12 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დაუმტკიცეს.
იმავე წელს ნამორაძის ცოლის და, თეა გაბადაძე, სახელმწიფო კომპანია “საქრუსენერგოს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრად აირჩიეს, სადაც თავმჯდომარის მოადგილე კალაძის საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი ავთანდილ თევზაძეა; ხოლო კიდევ ერთი წევრი, ასევე, კალაძის გარემოცვიდან – ივანე როსტიაშვილი. იმ დროისთვის “საქრუსენერგოში” მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე იყო დასაქმებული ირაკლი ხმალაძის ძმის – ჯაბა ხმალაძის ცოლი, ქეთევან ჩოდრიშვილი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ დაშორდა.
“ვი არ ჰოლდინგის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით თანახმად, “კრწანისი რესორტ რეზიდენსში” 35 სადარბაზოსგან შემდგარი 9 საცხოვრებელი კორპუსი და 3 მულტიფუნქციური ნაგებობა უნდა აშენდეს. მხოლოდ ამ ერთ კორპუსში 5731 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართობია. 1 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართს აქ კომპანია მინიმუმ 5000 ლარად ყიდის. ანუ მხოლოდ ამ ერთ კორპუსში გაყიდული ბინებით კომპანიას 29 მილიონ ლარამდე შემოსავლის მიღება შეუძლია. კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით კი, “კრწანისი რესორტ რეზიდენსში” თითქმის სრულად გაყიდულია ბინები.
კიდევ ერთი მასშტაბური სამშენებლო პროექტი, რომელიც თბილისის მერიამ და საკრებულომ ნოშრევან ნამორაძის კომპანიას გასულ წელს დაუმტკიცეს, ვაკეში სპორტის უნივერსიტეტისა და ცათამბჯენის მშენებლობას უკავშირდება. პროექტს ეწინააღმდეგებოდნენ როგორც კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 2 წევრი, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. ვაკეში სატრანსპორტო კოლაფსისა და ვაკის პარკის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების საფრთხე – ეს იყო ცათამბჯნების მშენებლობის მოწინააღმდეგეების ძირითადი არგუმენტები.
ჟურნალისტის შეკითხვა: რა მოტივაციით შეიძლებოდა მიეცათ ნოშრევან ნამორაძისთვის ჯერ გრგ და შემდეგ უკვე მშენებლობის ნებართვა?
ლილე ლიპარტელიანი, თბილისის საკრებულოს წევრი: ჯამში, ეს განაშენიანება, რა თქმა უნდა, უკავშირდება იმას, რომ ნოშრევან ნამორაძე არის ირაკლი ღარიბაშვილის ნათლიმირონი და, რა თქმა უნდა, ის, რომ ირაკლი კობახიძესთან ახლობლობა და ზოგადად, ბიძინა ივანიშვილის პარტიასთან ახლობლობა არის საფუძველი და თავი და თავი იმის, რომ ნოშრევან ნამორაძისთვის მიეცათ ასეთ ტერიტორიაზე, რომელიც რა თქმა უნდა, კომერციულად მომგებიანია, მილიონობით მოგებაზე გავა ნოშრევან ნამორაძე.
ჟურნალისტის შეკითხვა: ნოშრევან ნამორაძის კომპანია არაერთ გრანდიოზულ სამშენებლო პროექტს ახორციელებს თბილისში. ამავდროულად, ჩვენ მის აშენებულ ერთ-ერთ ფეშენებელურ აპარტამენტში, პენტჰაუსში, რომელიც დღემდე კომპანიის საკუთრებაშია რეგისტრირებული, არაერთხელ დავაფიქსირეთ თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, რომელიც ამბობს, რომ ის იქ არ ცხოვრობს, თუმცა ხშირად დადის. რას შეიძლება ნიშნავდეს, აი, ამ ფაქტების ერთობლიობა?
საბა ბუაძე, თბილისის საკრებულოს წევრი: ნამორაძესთან დაკავშირებული არის თბილისში ბოლო დროს მიმდინარე ყველაზე მასშტაბური და ამავდროულად ყველაზე პრობლემური მშენებლობები და ბუნებრივია, რომ ამას აქვს თავისი ახსნა. ამ ყველაფრის ახსნა არის ის განსაკუთრებული კავშირი, რომელიც არსებობს თბილისის მერიას და განსაკუთრებით ვიცე-მერ ხმალაძეს და ნოშრევან ნამორაძეს შორის… ვიცე-მერი ხმალაძე პირადად არის ხოლმე დაინტერესებული, რომ ნამორაძესთან დაკავშირებული პროექტები დამტკიცდეს, ამ განხილვების წინ თავად მე არაერთხელ მინახავს საკრებულოში მოსული ხმალაძე, რომელიც, დიდი ალბათობით, სწორედ, აი, ამ პროექტებს ლობირებს. ბუნებრივია, ის, რომ ვიცე-მერი, ფაქტობრივად, ცხოვრობს იმ შენობაში, რომელიც აშენებული არის იმ კომპანიის მიერ, რომელსაც აქტიურად ლობირებს ვიცე-მერი, არის ძალიან მკაფიო დანაშაულის ნიშნების შემცველი ეპიზოდი, რომელიც საჭიროებს დამატებით გამოკვლევას.
ჟურნალისტის ხმა: ირაკლი ხმალაძემ საბა ბუაძის ბრალდებებს “მტკნარი სიცრუე და საკრებულოს წევრის ფანტაზიის ნაყოფი” უწოდა. ჩვენ “კრწანისი ვილა რეზიდენსში” შევეცადეთ გაგვერკვია, ვინ სარგებლობს პენტჰაუსით, რომელშიც სტუდია მონიტორის წყაროს ინფორმაციით ირაკლი ხმალაძე ცხოვრობს და სადაც ჩვენც არაერთხელ დავაფიქსირეთ თბილისის ვიცე-მერი. კომპანიაში ვიკითხეთ, ხომ არ არის ეს პენტჰაუსი შიდა ხელშეკრულებით გასხვისებული ან გაქირავებული და ვინ სარგებლობს ამჟამად ამ ფართით? კომპანიაში ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხეს.
სტენდაფი: 2023 წელს შევსებული ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ხმალაძე უსახლკაროა. ხოლო როცა ”კრწანისი ვილა რეზიდენსში” შევხვდით და ვკითხეთ, თუ სად ცხოვრობს, გვითხრა, რომ დედასთან – აი, ამ კორპუსში, შარტავას ქუჩაზე.
ირაკლი ხმალაძე, თბილისის ვიცე-მერი: – ვცხოვრობ დედაჩემის სახლში.
ჟურნალისტი: – ჩვენ ვიცით, რომ დედათქვენი ცხოვრობს მარტო…
ირაკლი ხმალაძე, თბილისის ვიცე-მერი: კარგით, დამაკეტინეთ კარი…
ჟურნალისტი: ბატონო ირაკლი, გვიპასუხეთ, თუ შეიძლება…
ჟურნალისტის ხმა: ირაკლი ხმალაძემ ჩვენს დამატებით შეკითხვებს აღარ უპასუხა. ამიტომ დედამისს მივაკითხეთ. თავდაპირველად მას გავეცანით არა როგორც ჟურნალისტები და ფარულად გადავიღეთ.
(ფარული გადაღება)
ჟურნალისტი: – ქალბატონო მაია, ოჯახში სულ რამდენი ხართ?
მაია შალუტაშვილი, ირაკლი ხმალაძის დედა: ერთი.
ჟურნალისტი: – ერთი ადამიანი? რამდენი ცხოვრობს ფაქტობრივად სახლში?
მაია შალუტაშვილი, ირაკლი ხმალაძის დედა: – ერთი, ჩემი სახლია.
ჟურნალისტი: –თქვენ არ ვიცი ახლა შვილები გყავთ თუ არა, მოკლედ, ზოგჯერ ხომ თხოვდებიან, მიდიან…
მაია შალუტაშვილი, ირაკლი ხმალაძის დედა: – ბიჭები მყავს და დაქორწინებულები, კი…
ჟურნალისტი: –თქვენთან არ ცხოვრობენ ნამდვილად?
მაია შალუტაშვილი, ირაკლი ხმალაძის დედა: –არა, შვილო, არა, მარტო ვცხოვრობ, არანაირი, მარტო მე ვარ, მარტო მე.
ჟურნალისტის ხმა: ამის შემდეგ ირაკლი ხმალაძის დედას, როგორც ჟურნალისტი, ისე დავუკავშირდით.
მაია შალუტაშვილი, ირაკლი ხმალაძის დედა: – ირაკლი დროებით ცხოვრობს ჩემთან
ჟურნალისტი: – და ისე სად ცხოვრობს?
მაია შალუტაშვილი, ირაკლი ხმალაძის დედა: – ისე არ ვიცი. ირაკლის თავისი პირადი ცხოვრება აქვს, მე არ ვიცი, ჩემთან არის ხოლმე კი და სულ არის ჩემთან. უფრო მეტად ჩემთან არის…
ჟურნალისტის ხმა: ეს ირაკლი ხმალაძის მიერ ბოლო 16 წელში შევსებული ქონებრივი დეკლარაციებია. 2008 წელს, როდესაც მან, როგორც თანამდებობის პირმა, პირველი დეკლარაცია შეავსო, მისი და მისი მაშინდელი ცოლის, თამარ მცხვეთაძის, საკუთრებაში იყო 21,000 ლარად შეძენილი 71 კვადრატული მეტრი ფართობის მშენებარე ბინა დიღომში და 8,000 დოლარიანი “ფოლკსვაგენ პასატი”. ბოლო, 2023 წლის დეკლარაციით, მას სახლი და მანქანა აღარ აქვს, მაგრამ ანაბარზე უდევს 364,123 დოლარი, ანუ თითქმის მილიონი ლარი, ხოლო ყოფილ ცოლს 425,000 დოლარი, ანუ მილიონ ლარზე მეტი გადაურიცხა ქონების გაყოფის შედეგად.
როგორ გახდა მილიონების პატრონი ირაკლი ხმალაძე საჯარო სამსახურში მუშაობის შედეგად ისე, რომ არც მას და არც მის ყოფილ ცოლს სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა არ მიუღიათ და მხოლოდ ხელფასს იღებდნენ, რამაც 16 წლის განმავლობაში ჯამში 1,276,372 ლარი შეადგინა, ანუ 2023 წელს მათ საკუთრებაში არსებულ 2 მილიონზე ბევრად ნაკლები? თანაც თუ ამ ჯამურ ხელფასს 2 მცირეწლოვანი შვილისთვის და ოჯახის რჩენისთვის გაწეულ ხარჯებსაც გამოვაკლებთ, სხვაობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება. სხვათაშორის, ხმალაძე დეკლარაციებში არ უთითებს მისი შვილების კერძო სკოლაში სწავლის საფასურს. კანონით კი თანამდებობის პირი ვალდებულია 5000 ლარზე მეტი ღირებულების ხარჯი დეკლარაციაში ასახოს.
სტენდაფი: ხმალაძის გამდიდრების საიდუმლო, მისი დეკლარაციების მიხედვით ასეთია: ის იაფად ყიდულობს მიწის ნაკვეთებს, რაზეც საბანკო კრედიტით აშენებს ფეშენებელურ სახლებს და უკვე აშენებულ ან გარემონტებულ სახლებს ყიდის ბევრად ძვირად. მაგალითად, ეს სახლი სოფელ დიღომში ირაკლი ხმალაძემ, დეკლარაციის მიხედვით, დაახლოებით 180 ათას დოლარად ააშენა და კეთილმოაწყო 2014-16 წლებში, რისთვისაც საქართველოს ბანკიდან 150,000 დოლარის იპოთეკური სესხი გამოიტანა. 2017 წელს კი თითქმის 2-ჯერ ძვირად, 370,000 დოლარად გაყიდა
ჟურნალისტის ხმა: ლისზე, ამ ფეშენებელური სახლის მშენებლობა და კეთილმოწყობა კი ირაკლი ხმალაძეს, დეკლარაციის მიხედვით, 365,220 დოლარი დაუჯდა 2018-21 წლებში. 2022 წელს კი იგი თითქმის 3-ჯერ ძვირად – 1,000,000 დოლარად, გაყიდა. სწორედ ასე გახდა ოფიციალურად მილიონერი თბილისის ვიცე-მერი.
გოგა თუშურაშვილი, IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი: პირველ რიგში, სახეზე გვაქვს ჩვენ მაღალი კორუფციული რისკის თანამდებობა, ხოლო, მეორე მხრივ, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ხდება ამ ქონების ოპერაციებით, ასე ვთქვათ, დიდძალი ქონების დაგროვება. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კითხვები ჩნდება არაერთი მიმართულებით – რამდენად კეთილსინდისიერად წარიმართა, რამდენად სამართლებრივ ჩარჩოებში ხდებოდა ეს პროცესი, იგივე ეს ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესი და აგრეთვე, რა თქმა უნდა, კითხვები ჩნდება, ხომ არ გვქონდა სახეზე იმ გავლენების, რამდენად თავისუფალი იყო ეს პროცესი იმ გავლენებისგან, რომელიც შესაძლებელია ჰქონდეს მსგავს თანამდებობაზე მყოფ თანამდებობის პირს. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ამ შემთხვევითაც დაინტერესდეს ანტიკორუფციული ბიურო.
სტენდაფი: სახლების იაფად ყიდვისა და ძვირად გადაყიდვის პრაქტიკას, ირაკლი ხმალაძის მსგავსად, მისი ძმაც ხშირად მისდევს. ჯაბა ხმალაძე “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორია და ძმის მსგავსად, ისიც 23 წლის ასაკიდან მუშაობს სახელმწიფო დაწესებულებებში.
ჟურნალისტის ხმა: ალექსიძის 3-ში 61 კვ.მ მშენებარე ბინა ჯაბა ხმალაძემ 44,800 აშშ დოლარად იყიდა 2014 წლის დეკემბერში “სონნეთ ქონსთრაქშენისგან”, რომელიც იოსებ სონღულაშვილის საკუთრებაში იყო. ამ უკანასკნელის ძმა – დავით სონღულაშვილი 2016 წლიდან “ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრია. “სონნეთ ქონსთრაქშენისგან” შეძენილი ბინა ჯაბა ხმალაძემ 2017 წელს 17,200 დოლარით ძვირად, 62,000 დოლარად გაყიდა; ყაზბეგის 34-ში, 114 კვ.მ მშენებარე ბინა ჯაბა ხმალაძემ 79,000 დოლარად იყიდა შპს სბ-სგან, რომლის 50%-ანი წილის მფლობელი ”ქართული ოცნების” შემწირველი ბიზნესმენი, აბესალომ თავბერიძეა. საჯარო რეესტრში დაცული ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, 2016 წლის 27 სექტემბერს შეძენილი ბინა ჯაბა ხმალაძემ იმავე დღეს, 43,500 დოლარით ძვირად, 122,500 დოლარად გადაყიდა; თამარაშვილის 13 ი-ში 120კვ.მ ბინა ჯაბა ხმალაძემ 105,350 დოლარად იყიდა 2021 წელს კომპანია ”გრინ სითისგან”, რომლის წილის 43.5%-ს მე-9 მოწვევის პარლამენტში “ქართული ოცნების” სიით არჩეული დეპუტატის – ივლიანე წულაიას დედა ფლობს; დირექტორი კი, თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის დის ქმარი, შიო ხეცურიანია. ჯაბა ხმალაძემ თამარაშვილზე შეძენილი ბინა 2022 წელს 2-ჯერ ძვირად, 240,000 დოლარად გაყიდა.
ჟურნალისტის ხმა: ბოლო, 2023 წლის დეკლარაციით, ძმის მსგავსად, ჯაბა ხმალაძეც უსახლკაროა და მხოლოდ 35,000 დოლარიანი “პორშეს” მფლობელია. ჩვენ მას სამსახურში მივაკითხეთ, სადაც “ენერგეტიკის განვითარების ფონდის” ბალანსზე რიცხული ამ ძვირადღირებული ავტომანქანით, HYUNDAI PALISADE-ით მოვიდა.
ჟურნალისტი: – ბატონო ჯაბა, დეკლარაციაში სახლი არ გაქვთ მითითებული და სად ცხოვრობთ, შეგიძლიათ, რომ გვითხრათ?
ჯაბა ხმალაძე, “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორი:
– ნაქირავებში.
ჟურნალისტი: – თქვენ ბოლო წლებში რამდენჯერმე იყიდეთ ბინა მშენებარე კორპუსებში და შემდეგ ბევრად ძვირად გაყიდეთ. მაგალითად, 2016 წელს იყიდეთ ყაზბეგის ქუჩაზე ბინა, რომელიც იმავე დღეს გაყიდეთ ბევრად ძვირად. ამ ფაქტს როგორ ახსნით?
ჯაბა ხმალაძე, “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორი:
– წარმოდგენა არა მაქვს, რაზე მელაპარაკებით.
ჟურნალისტი: შემიძლია, რომ ამონაწერიც გაჩვენოთ, აი, წამოღებული მაქვს, რომ გაჩვენოთ…
ჯაბა ხმალაძე, “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორი: არა, რა ყაზბეგის ქუჩაზე? პირველად მესმის…
ჟურნალისტი: აი, ბატონო ჯაბა, ყაზბეგის 34-ში, ეს ხომ თქვენი ხელმოწერაა? აი, აქ არ იყიდეთ ბინა? 27 სექტემბერს და შემდეგ არ გაყიდეთ, იმავე დღეს? ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, 34 ნომერში…
ჯაბა ხმალაძე, “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორი:
– არ ვიცი, არასდროს არ მქონია მე მანდ ბინა, ნამდვილად არასდროს არ მქონია მე მანდ ბინა, თორემ დასამალი არაფერი არ მაქვს, ყველაფერი არის დეკლარაციაში მითითებული.
სტენდაფი: მოგვიანებით ჯაბა ხმალაძე ტელეფონით დაგვიკავშირდა, რა დროსაც დაგვიდასტურა, რომ მართლაც ფლობდა ამ ბინებს და გაყიდა. მათ შორის, ყაზბეგის 34-შიც, რომლის არსებობასაც მანამდე უარყოფდა. თუმცა იქვე დაამატა, რომ ყიდვა-გაყიდვა ერთ დღეს არ მომხდარა, 9-თვიანი ინტერვალი იყო და რეესტრში ასე იმიტომ აისახა, რომ მანამდე მისი ბინა დეველოპერის სახელზე იყო რეგისტრირებული და როცა გაასხვისა, მაშინ დაფიქსირდა ქონება მის სახელზე.
სატელეფონო ინტერვიუ:
ჯაბა ხმალაძე, “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორი:
– მთლიანობაში, რა პერიოდზეც მეკითხებით ახლა, აი, ამ წერილში, კითხვები რაზეც ისმევა, ამ პერიოდის განმავლობაში მე არ ვყოფილვარ თანამდებობის პირი, შესაბამისად, არ მიწევდა დეკლარაციის წარდგენა და რაიმე სახის ინფორმაციის ატვირთვა საჯაროდ და ასევე მინდა თქვენც გაითვალისწინოთ, რომ ეს პერიოდი არ არის საჯარო, ჩემი ეს ნაწილი, ეს პერიოდი და თქვენც მინდა, რომ უბრალოდ მიიღოთ ეს მხედველობაში.
ჟურნალისტი: – 2016 წელს თქვენ სექტემბერში, 27 სექტემბერს, 114 კვ.მ ბინა იყიდეთ ზუსტად ამ ყაზბეგის გამზირზე, 34 ნომერში და იმავე დღეს გაასხვისეთ.
ჯაბა ხმალაძე, “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორი:
– ნინო, გიპასუხებთ ახლავე, ზუსტად იგივეა, რაზეც გითხარით, ყაზბეგის ქუჩაზე, შანხაის დასახლებაში, შეძენილი არის ეს 2016 წლის თებერვალში და საჯარო რეესტრის საიტზე არის ნასყიდობის კონტრაქტი, ამონაწერში ჩანს, უბრალოდ, მესაკუთრედ რჩებოდა ისევ დეველოპერი, ვინაიდან სრული თანხა არ იყო გადახდილი და წლის ბოლოს, როდესაც გარკვეული სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, წლის ბოლოს ჩემს სახელზე ამოვიდა ამონაწერი, რათა გადაფორმებულიყო უკვე მყიდველზე, ანუ ეს ერთდღიანი ტრანზაქცია არ იყო, ეს იყო დაახლოებით 9 თვის განმავლობაში მქონდა მე ეს ბინა ჩემს სახელზე.
ჟურნალისტი: – შესაძლებელია თუ არა ისეთი ღარიბი ქვეყნის თანამდებობის პირები, როგორიც საქართველოა, გახდნენ დიდძალი ქონების და მილიონების მფლობელები მხოლოდ სახელფასო შემოსავლებით და თუ არა, რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე?
გოგა თუშურაშვილი, IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი:
– როდესაც სახეზე გვაქვს, ვთქვათ, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში კონკრეტული თანამდებობის პირის გამდიდრებასთან, პროცესი უნდა იყოს აუცილებლად გამჭვირვალე, სხვა შემთხვევაში, ლოგიკურია, რომ იქნება კითხვები და ძალიან გაჭირდება საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ ამ ქონების მობილიზება მოხდა პატიოსნად და კეთილსინდისიერად.
არქივი: 2019 წლის 16 აპრილი
ვასილ სოფრომაძე, “ფრესკოს” დამფუძნებელი: ჩვენი კომპანია აპირებს დიდუბეში, წერეთლის პროსპექტზე ჩვენი ახალი სუპერმარკეტის აშენებას და როდესაც ქალაქის მერიიდან ოფიციალურად მოდის წერილი, რომელშიც რეკომენდაციის სახით მირჩევენ, ვიყიდო ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნათესავის მიწის ნაკვეთი. თქვენ ამას განვითარებას უძახით?
ჟურნალისტის ხმა: სუპერმარკეტების ქსელ ”ფრესკოს” დამფუძნებელმა ეს ვიდეომიმართვა 2019 წლის აპრილში გამოაქვეყნა, მას შემდეგ, რაც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს წერეთლის გამზირზე სუპერპარკეტის მშენებლობის ნებართვისთვის მიმართა, იქიდან კი რეკომენდაცია მისცეს, რომ განაშენიანებისთვის გამოეყენებინა მონიჯნავე მიწის ნაკვეთი, რომლის ერთ-ერთი მესაკუთრეც ირაკლი ხმალაძის სიმამრი – გივი მცხვეთაძე იყო.
არქივი: 2019 წლის 17 აპრილი
ირაკლი ხმალაძე, თბილისის ვიცე-მერი: გუშინ მე ამ თემაზე კომენტარი ვერ გავაკეთე იმიტომ, რომ დრო დამჭირდა, გამერკვია ამ ბრალდების შინაარსი. ნახეთ, როგორ არის – არქიტექტურის სამსახური გასცემს რეკომენდაციებს და მითითებს, მითითება სავალდებულოა, რეკომენდაცია არა… “ფრესკოს” შეუძლია სხვა ხარვეზები გაასწოროს, რომელიც მის პროექტს აქვს, ეს რეკომდენაცია არ მიიღოს მხედველობაში და ჩააბაროს, აიღებს მშენებლობის ნებართვას.
ჟურნალისტის ხმა: ამ განცხადებების შემდეგ, 2019 წლის 19 აპრილს “ფრესკომ” წერილობით აცნობა არქიტექტურის სამსახურს, რომ ვერ შეასრულებდა მათ რეკომენდაციას ამ მიწის ნაკვეთის შეძენასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, კომპანიამ ეს მშენებლობის ნებართვა ივლისში მოიპოვა.
ჟურნალისტის ხმა: ირაკლი ხმალაძე ქონებრივი დეკლარაციაში უძრავი ქონების ფართის არასწორად დაფიქსირების გამო 2019 წელს დაჯარიმდა. ამის მიუხედავად, ის დეკლარაციას მაინც არასრულყოფილად ავსებს. მაგალითად, არ აფიქსირებს შვილების სწავლის გადასახადის ხარჯს. ასევე, არასოდეს უთითებს სამოგზაურო ხარჯებს. არადა, ეს ფოტო ადასტურებს, რომ 2018 წელს ის ესპანეთში იყო სამოგზაუროდ ცოლთან ერთად; ეს საოჯახო ფოტო კი პარიზში, დისნეილენდშია გადაღებული.
ირაკლი ხმალაძის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას წერილობითი პასუხი
“ირაკლი ხმალაძეს არ დაურღვევია დეკლარაციის შევსების წესი, რაზეც მონიტორინგს შესაბამისი სამსახური ახორციელებს” – ეს არის ამონარიდი ხმალაძის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას წერილიდან, რომელიც ჩვენი შეკითხვების პასუხად გამოგვიგზავნა.
ჟურნალისტის ხმა: იანვარში ანტიკორუციულმა ბიურომ იმ 300 თანამდებობის პირის სია გამოაქვეყნა, რომელთა დეკლარაციებსაც 2024 წელს შეისწავლის, თუმცა ირაკლი ხმალაძე ამ სიაში არ არის.