მიტაცებული ტყეები

ჟურნალისტი: ცქრიალა შერმადინი ; რედაქტორი: ზაზა წულაძე
Divider dot 22 თებერვალი 2024

ჟურნალისტის ხმა: ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები და ოცნების  შემწირველები, რომლებიც თბილისის ყველაზე პრესტიჟულ სატყეო ზონებსა და მწვანე სივრცეში საკუთარ სახლებს აშენებენ

ალექსი ბაირაკი, თბილისის მცხოვრები:მიაყარეს და მიაყარეს მშენებლობები, აქ სულ მინდორი იყო, ხეხილი და რაღაცეები, ნაძვი, კიპარისი, სულ ხელითაა დარგული

ბეტონი ასხია და დანაწილებულია, ზოგი აი შემოღობილია.

ჟურნალისტის ხმა: გაჩეხილი ტყე, დაკარგული რეკრეაციული სივრცეები, რაც სტიქიური უბედურებების შემთხვევბის რისკს ზრდის… 

საფრთხე, რომელიც თითოეულ თბილისელს ეხება 

კოჯრის მცხოვრები: ხომ გვინდა რომ ტყეში შევიდეთ, გავიაროთ, ეხლა ვიღავამ დაადო ლაპა, ნელ-ნელა შემოღობავს და წაირებს საკუთრებაში. 

რეზო გეთიაშვილი,კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის დირექტორის მოადგილე: თბილისი დაკარგავს, მისი არსებობისთვის აუცილებელ რესურსს ტყეების სახით. 

ჟურნალისტის ხმა: საკრებულოს მიერ უსაფუძვლოდ  შეცვლილი ზონები, რის შედეგადაც მერია მშენებლობის ნებართვებს გასცემს.

გიორგი ტყემალაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე: თითოეული ზონის ცვლილებას აქვს საფუძველი, რომელიც არის შესაბამისობაში ქალაქის განვითარებასთან. 

ჟურნალისტი

როგორ იღებენ თბილისის საუკეთესო – სარეკრეაციო და სატყეო ზონებში  მდიდარი ქართველები  ვილების და კორპუსების მშენებლობის ნებართვებს.

როგორ უცვლის  საკრებულო ჰექტრობით სარეკრეაციო და სატყეო ზონას სტატუსს სამშენებლო ზონად. ზონის ცვლილების შემდეგ კი მერია ამ ადგილებში სამშენებლო ნებართვებს გასცემს.

მოგიყვებით, როგორ ნადგურდება მწვანე სივრცე და რა საფრთხეს წარმოადგენს ეს თითოეული თბილისელისთვის. 

ეს კრწანისია, სადაც პრემიუმ ხარისხის კორპუსების მშენებლობა, ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ნოშრევან ნამორაძემ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. კომპლექსი ფართოვდება, ნაწილი, სადაც კომპანია კრწანისი “ვილა რეზიდენსის” მშენებლობებია ბოტანუკური ბაღის სანერგე მეურნეობა იყო. 

ტერიტორიის დასათვალიერებლად მისულებს, იქვე მცხოვრები ალექსი ბაირაკი შეგვხვდა, რომელიც წლების წინ ბოტანიკური ბაღის სანერგე მეურენობაში მუშაობდა.

ალექსი ბაირაკი, თბილისის მცხოვრები

ეს ტერიტორია იყო ბოტანიკური ბაღის, მერე გაყიდეს, რაღაცა და დაიწყეს მშენებლობა. კი არ გააკეთეს ერთი პარკი რომ ჰაერი იყოს და ხალხმა დაისვენოს და ბავშვებმა გაიხარონ. მიაყარეს და მიაყარეს მშენებლობები და ავლენ მალე შინდისამდე. აქ სულ მინდორი იყო და ხეხილი და ნარგავები და სადღაა, მოდიან  ზევით და ზევით. 

ჟურნალისტი

ნოშრევან ნამორაძე BM.GE- ისთან ინტერვიუში ყვება, რომ ტერიტორია უკვე გამწვანებულია და იქ მალე ბორჯო -ბაკურიანის მსგავსი ტყე პარკი იქნება.

ნოშრებან ნამორაძე, ბიზნესმენი

როდესაც მოდიან ჩვენი მომავალი მაცხოვრებლები გაისეირნებენ ამ ტყე პარკში ასე ვთქვათ ჰექტარ ნახევარში. ამოცანა მქონდა მე პირადად რომ ბორჯომ-ბაკურიანის მსგავსი ნაძვის ტიპის მიკროკლიმატის ტყე პარკის შექმნა. ეგაც უკვე განაშენიანებულია, დასრულებულია.

ჟურნალისტი

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი,  რეზო გეთიაშვილი ამბობს, ამ ადგილას გვაქვს უკვე მჭიდროდ განაშენიანებული კვარტალი.

რეზო გეთიაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის დირექტორის მოადგილე

6 ვილა რეზიდენსის წარმომადგენელი

მთლიანად თუ შევხედავთ ლანდშაფტურად, რასაც ქვევით ვუყურებთ არის მჭიდროდ განაშენიანებული კვარტალი ქალაქის, დიდი კორპუსებით და აქეთ არის ბუნებრივთან მიახლოებული, რეკრეაციული ტიპის ტერიტორია. ქვევით რასაც ვუყურებთ აი ასეთი იყო ეს ტერიტორია სანამ კორპუსები ჩაიდგმებოდა. თბილისის განვითარებას განსაზღვრავს კონკრეტული ადამიანების ინტერესები, რომლებსაც აქვთ გავლენა, საკრებულოზეც და შემდეგ მერიაზე, რომელიც გასცემს მშენებლობის ნებართვებს.ამის უკან მომავალში დგას უამრავი ადამიანი და თბილისის ცენტრალური ნაწილის მდგრადობა და უსაფრთხოება.  ვიდრე ახალ ვერეს კატასტროფას არ მივიღებთ.

ჟურნალისტი

კრწანისში, ნოშრევან ნამორაძეს საკრებულომ ცვლილებები რამდენჯერმე დაუმტკიცა. 

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ლილე ლიპარტელიანი, გვეუბნება რომ “კრწანისი ვილა რეზიდენსს”  ზონალური ცვლილება ბოლოს 2023 წლის დეკემბერში დაუმტკიცდა

ლილე ლიპარტელიანი, საკრებულოს დეპუტატი

შემოიტანა ცვლილებაზე და მოითხოვა 17 000კვ.მ-ის სადაც ძირითადი ნაწილი იყო სპეციალური ზონა ერთი და საზოგადოებრივ საქმიანი ზონა მცირე ნაწილი და გადაკეთდა საცხოვრებელ ზონა ერთად და სამ მრავალბინიან შენობას დაამატებს 50 მეტიანს საშუალაოდ. გაუნაშენებელი ტერიტორია იყო, სანამ ნოშრევან ნამორაძე დაიწყებდა მშენებლობებს, გეოდინამიკა საშიშია, ღვარცოფულია, მდინარეები გადის, წყალდაცვითი ზონაა და ნოშრევან ნამორაძისთვის ყველაფერი შესაძლებელია, ის რაც არავისთვის არაა შესაძლებელი. ყველაფერზე მწვანე აქვს ანთებული, ჰქონდა ყოველ შემთხვევაში ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, ნათელმირონია როგორც მოგეხსენებათ.

ჟურნალისტი

სტუდია მონიტორმა კითხვით “ვილა რეზიდენსს” მიმართა. თუმცა კომპანიამ ჩვენ კითხვას არ უპასუხა და მოგვწერა: 

VR HOLDING-უარს აცხადებს,  როგორც თვქენთან ინერვიუზე, ასევე ჩვენი კომპანიის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის ვიდეო გადაღებაზე. 

ჩვენ, ინტერვიუ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს  ვთხოვეთ, თუ რის საფუძველზე შეუცვალეს ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის მიწას სტატუსი.

გიორგი ტყემალაძემ ინტერვიუზე უარი გვითხრა. ამის შემდეგ მას სამსახურთან მივაკითხეთ. 

გიორგი ტყემალაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე

თითოეული ზონის ცვლილებას აქვს საფუძველი, რომელიც არის შესაბამისობაში ქალაქის განვითარებასთან. 

ჟურნალისტი

რეზო  გეთიაშვილთან ერთად, გზას კოჯრისკენ ვაგრძელებთ. 

  • მოვედით კოჯორში, ეს არის სატყეო ზონა, სადაც უკვე გაცემულია სამშენებლო ნებართვები. 

რეზო გეთიაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის დირექტორის მოადგილე

ეს არის თბილისის ტყე და თითოეული თბილისელის. ის ქმნის თბილისის მიკროკლიმატს. რატომ გადარჩა ეს ტყე, ამ ტყეს ჰქონდა სტატუსი და დინამიკაში თუ დავინახავთ ამ სტატუსს თანდათან როგორ კარგავს. ეს ტყეები ბოლნისამდე ჩადიოდა. ეს იყო დაცული, იმიტომ რომ ეს იყო ე.წ მწვანე ზოლის ტყეები. უკვე 2011 წელს ამოირეცხა ტყის ფონდიდან და გადაეცა თვითმმართველობას სამართავად. მაგრამ გადაეცა არა როგრც ტყე, არამედ მიწა რომელსაც მიენიჭა რეკრეაციული ზონის სტატუსი. ამით ამ ტყემ დაკარგა ძირითადი ჯავშანი რითიც გამოიარა 90 იანი წლები, გადაურჩა ეს ტყე სრულ განუკითხაობას რაც თბილისშ იყო. რასაც ვხედავთ დღეს ახალი სტატუსი, არის საკმაოდ სუსტი, რომ ეს ტყეები გადარჩეს და შეუნარჩუნდეს თითოეულ თბილისელს. 

ჟურნალისტი

ჩვენ კოჯორში ადგილობრივ მოსახლეობასაც გავესაუბრეთ. ისინი ამბობენ რომ ტყეში მშენებლობები განსაკუთრებით ბოლო ორ წელიწადში გააქტიურდა.

კოჯრელების ნაწილს, ტყის პრობლემებზე ღიად კამერასთან საუბარი უჭირთ.

კოჯრის მცხოვრები

გინდათ ხალხო ტყე, თუ არა. ამოიღეთ ხმა. თუ იყოს შემოღობილი. ხომ გვინდა რომ ტყეში შევიდეთ, გავიაროთ, ეხლა ვიღაცამ დაადო ლაპა, ნელ-ნელა შემოღობავს და წაიღებს საკუთრებაში. არავინ არაფერს არ ამბობს, ვისია აბა თქვას. კაცს უწერია ქვემოთ ვყიდი 7 ათას მეტრას, საიდან?ვინ მოგცა? 

ჟურნალისტი

1 ჰა შერეული ტყე წელიწადში შთანთქავს საშუალოდ 13-17

ტონა ნახშირორჟანგს და გამოყოფის 10-15 ტონა ჟანგბადს, ასევე ფილტრავს

დაახლოებით 50-70 ტონა მტვერს.

საქატატის მონაცემებით, 2000 წლიდან 2019 წლამდე კი ტყით დაფარული ფართობი 110 000 ჰექტარით შემცირდა.  რაც დიდი ალბათობით დაკავშირებულია ტყეზე სხვადასხვა ზემოქმედების ღონისძიებებთან.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ქალაქში გამწვანების საშუალო მაჩვენებლის სტანდარტი,  ერთ სულ მოსახლეზე 35-50 კვადრატულ მეტრს შეადგენს. თბილისი ამ სტანდარტს კატასტროფულად ჩამორჩება  და ევროპის კონტინენტზე  გამწვანების მაჩვენებლით, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ქალაქია.   

ესეც იმ ფონზე, რომ 2010 წელს, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, დედაქალაქის მოსაზღვრე 8 106  ჰექტარი ტყე სამართავად თბილისის მერიას გადაეცა. ეს ნაბიჯი გამწვანების მაჩვენებლის ხელოვნურად გასაზრდელად გადაიდგა.

რეზო გეთიაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის დირექტორის მოადგილე

მიზანი იყო ის რომ ჯავშანი მოეხსანთ ტყისთვის და მაშინ არანაირად არ შეიძლებოდა და შეცვლა სტატუსის? -კანონის ფარგლებში ეს იყო შეუძლებელი. ამის ცვლილებას დაჭირდებოდა უკვე მთავრობის დონეზე საკითხის შეთანხმება. დღეს ამას სჭირდება შეთანხმება საკრებულოს დონეზე.

ჟურნალისტი

ახლა ვართ, დაბა კოჯორში, ზღვის დონიდან 1350 მეტრზე.  ეს ტერიტორია სარეკრეაციო ზონა იყო, ახალი გენ- გეგმით კი 2019 წელს  სატყეო ზონის სტატუსი მიენიჭა.  1200 კვ/მ მიწა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენის დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა  ზურაბ ჭაბაშვილმა  2017 წელს შეიძინა 6 ათას დოლარად. 2019 წელის იანვარში კი მერიას, მიმართა და სახლის  მშენებლობის ნებართვა ითხოვა.

მერიამ ჭაბაშვილს მშენებლობის ნებართვაზე არაერთი მიზეზით უარი უთხრა. მერიის პასუხში ვკითხულობთ:

ვინაიდან წარმოდგენილი ტერიტორია არსებული მდგომარეობით არ არის განაშენიანებული…რომ არ მოხდეს ტერიტორიის ქაოტური სამშენებლოდ განვითარება და ერთიანი სივრცითი გადაწყვეტის დარღვევა.

მერიის უარიდან 3 თვეში  2019 წლის აპრილში, მაშინ როდესაც ქალაქს უკვე ახალი გენ-გეგმა ჰქონდა ჭაბაშვილმა 3 სართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვა მიიღო  სატყეო ზონაში, სადაც მშენებლობა დაშვებული არაა.

ნებართვის მიღების შემდეგ 2020 წელს ეს ქონება გააჩუქა. 

ჩვენ ჭაბაშვილის წარმომადგენელს კითხვით მივმართეთ.

მან გვითხრა, რომ ნაკვეთზე სპეციალური ზონალური შეთანხმება მოხდა და  მშენებლობის ნებართვა ამის საფუძველზე  მიიღეს.  

უჩა უჩავა, ზურაბ ჭაბაშვილის წარმომადგენელი

გენგეგმა რომ დამტკიცდა თებერვალში, ნებართვა გაქვთ აპრილში და ეს როგორ შეძელით?- არ ვიცი, მე ვაკეთებდი, სატყეოზე არ ვიცი და სარეკრეაციოზე მოხდა ზონის ცვლილება.სარეკრეაციო ზონაზე დაშვებულია სპეც შეთანხმებით ინდივიდუალური სახლის მშენებლობა.

-რას ნიშნავს ეს სპეციალური ზონალური შეთანხმება?- კომისია იყო შედგენილი, რომელმაც მიანიჭა ნაკვეთს სპეციალური ზონალური შეთანხმება და მერე ნებართვა მაგის საფუძველზე გაიცა. 

საბა ბუაძე, საკრებულოს დეპუტატი

სპეციალური ზონალური შეთანხმება არის, კიდევ ერთი მავნებლური ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ხდება სწორედ ასეთი ტერიტორიების 

განსაკუთრებით მწვანე სივრცეების და სატყეო ზონების განადგურება და მათთვის ფუნქციის შეცვლა საცხოვრებელი ან სხვა მიზნით. ბოლო წლებში არაერთი ასეთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც სპეციალური ზონალური შეთანხმებით ხდება განსაკუთრებით მმართველ პარტიასთან ან ქალაქის მერთან დაკავშირებული პირებისთვის ნებართვების გაცემა. 

ჟურნალისტი

კოჯორში სადაც ჭაბაშვილმა მშენებლობის ნებართვა მიიღო, ვნახეთ რომ სატყეო ზონაში მიწა დღესაც იყიდება. 

  • გამარჯობა, თქვენი განცხადებაა, კოჯორში მიწას ყიდით.
  • დიახ,  1000 კვ.მ , ვაფასებ 95 დოლარს კვადრატს.
  • აქ მშენებლობა შეიძლება?
  • ეხლა რაშია საქმე, ეხლა ველდოებით სარეკრეაციო ზონად გადაკეთებას 25% შევიდა სატყეო ზონაში. ხოდა შეტანილი გვაქვს და ველოდებით გადაწყვეტილებას, ისევ დაგვიბრუნონ ზონა შეგვიცვალონ. 

სტუდია მონიტორმა აღმოაჩინა, რომ კოჯრის ტყეში, ამ ტერიტორიაზე,  სატყეო ზონის ცვლილება ამჟამადაც მიმდინარეობს, მოქალაქე ბექა ჯავახიშვილმა, რომელმაც მიწის ნაკვეთი 2020 წელს შეიძინა, საკრებულოს 2023 წლის ოქტომბრის გადაწყვეტილებით სატყეო ზონა საცხოვრებელ ზონად შეუცვალეს.

რეზო გეთიაშვილი,კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის დირექტორის მოადგილე

დღეს ამას ჰქვია თბილისის ტყეები და ამას იცავს და მართავს თბილისის მერია. მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაცული არ არის და სახელმწიფო ტყეებისგან განსხვავებით ადვილია ამორეცხვა და უნდა ვიყოთ ფხიზლად და მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს რომ ეს მათი საკუთრებაა და ვიღაცა ართმევს, ყველას აქვს სამართლებრივი უფლება აქ მოვიდეს და ისარგებლოს ამ ტყით.

ჟურნალისტი

წყნეთის თითქმის ყველა უბანში მშენებლობა მიმდინარეობს. აღარ არსებობს არც წყნეთის სატყეო უბანი, არც ნუშების და კაკლების ბაღების ტერიტორია. ყველგან შეხვდებით გაჩეხილ ხეებს. 

რაც გადარჩა უშველებელი გალავნითაა შემოსაზღვრული და კერძო მეპატრონეების საკუთრებაშია. 

წყნეთში, ტერიტორია სადაც ახლა ვიმყოფებით ამ წუთას ნაწილი სარეკრეაციო და ნაწილი სატყეო ზონას მიეკუთვნება, თუმცა ხედავთ რომ აქ მიმდინარე მშენებლობებიც არის და მოსამზადებელი სამუშაოებიც იწყება. 

 ამ ტერიტორიაზე, სატყეო ზონის სტატუსის ცვლილება 2022 წელს მოხდა. 

ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტი ტყის ეკოლოგიაში ვასილ მეტრეველი ჩვენთან ერთად ათვალიერებს ტერიტორიას.  

ვასილ მეტრეველი, ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტი ტყის ეკოლოგიაში ვასილ მეტრეველი

-გავიგეთ რომ ქალაქი იზრდება და ეს შეიძლება რომ ასეთი სარეკრეაციო და სატყეო ზონების ხარჯზე იზრდებოდეს?

-ცალსახად არ შეიძლება ამ სტრატეგიული ადგილების ხარჯზე იზრდებოდეს ქალაქი. არსებობს სტრატეგიული ადგილები, რომელთა გასხვისება და ასევე იქ ჩარევა ჩემი აზრით დაუშვებელია. ასეთი ადგილებია თბილისის გარშემო გამწვანებული ადგილები. რომ გადავხედავთ თბილისს არის ის რომ ქალაქი არის ნაცრისფერი და რაც გვაკლია არის გამწვანება. 

-ვხედავთ რომ იჭრება აქ ხეები

-გეოლოგებიც ამბობენ,  რომ ეს ფერდი საკმაოდ მეწყრული ადგილია, მთაწმინდის და ეს ქედი. მოპირდაპირე მხარეს რომ გადავხედავთ ვხედავთ, რომ გამაგრებები  მიდის. მიზანი რა იყო ამ ტყის გაშენების? – ამ ჩამონადენისგან, ღვარცოფისგან რომ დაეცა და ტალახისგან და ეს გამონაბოლქვისგან. ეს რომ გაიჩეხება იგივე პროცესები განვითარდება.

ჟურნალისტი

ინტერვიუს დროს კერძო საკუთრებიდან მოვიდნენ. 

-რა გვარი მითხარით?

-ვალერი ბარბაქაძე, დაურეკეთ და გაარკვევთ ყველაფერს. ანუ, ეს სადაც ვართ არის კერძო ტერიტორია?- ბეტონები ასხია უკვე და დანაწილებულია, ზოგი შემოღობილია…

-კერძო სახლები უნდა ააშენოთ?

-ალბათ ხო, მე ვერ გეტყვით.

10 ნაკვეთს ამ ტერიტორიაზე,  სატყეო ზონის სტატუსი 2022 წელს შეუცვალეს. 

პირველად, მფლობელმა შალვა ერისთავმა, სტატუსის ცვლილების წერილით თბილისის საკრებულოს 2020 წელს მიმართა, თუმცა უარი მიიღო, 2 წლის შემდეგ კი თანხმობა.

გთხოვთ შეგვიცვალოთ ფუნქციური ზონა სატყეო ზონიდან სარეკრეაციო ზონა 2-ად. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით. საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ თბილისში, წყნეთში.

ტერიტორია არ გამოირჩევა რთული რელიეფით, საპროექტო ტერიტორია აქტიურად არის გამწვანებული თუმცა აღნიშნული ხე-ნარგავები დაავადებულია და უმეტესი ნაწილი გამხმარია.  თუმცა საპროექტო სახლები განთავსდება ისე რომ შენარჩუნებული იქნება უკლებლივ ყველა მცენარე. 

შალვა ერისთავი,რომელსაც  ქართული ოცნებისთვის 70 000 ლარი აქვს შეწირული, გვარწმუნებს, რომ ტყეში მშენებლობის ნებართვა კანონის სრული დაცვით მიიღო.  2022 წელს ერთ-ერთი მიწა ქართული ოცნების მილიონერი დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის სიძეს, კონსტანტინე ხიდირბეგიშვილს 175 000 დოლარად მიჰყიდა.

შალვა ერისთავი, ბიზნესმენი

  • თქვენ 2020 წელსაც მიმართეთ რომ შეგეცვალათ სტატუსი და უარი გაქვთ და მერე 2022 წელს თანხმობა გაქვთ და ეს როგორ შეძელით?
  • მე არაფერი არ შევძელი, მივმართე, მერე სასამართლოში ვაპირებდი და მერე ძველი ნებართვა ჰქონდა ჩემ შვილს და მერე უბანმა,  ხელი მოაწერეს რაღაცას, არ ვიცი დეტალები. 

საბა ბუაძე, საკრებულოს დეპუტატი

ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც სატყეო ზონის სტატუსის ცვლილება ხდება და როგორც წესი არიან ამის უკან მმართველ ელიტასთან დაკავშირებული პირები და შემდეგ ანადგურებენ სარეკრეაციო და მწვანე სივრცეებს და იქ ხდება განაშენიანება. ამის ძალიან კარგი მაგალითია, ქალაქის შემოგარენი, კოჯორი, კიკეთი, წავკისი, წყნეთი სადაც პირდაპირ ამორეცხვა ხდება სატყეო ფონდებიდან და სატყეო ზონებიდან და მათი გარდაქმნა საცხოვრებელ ზონებად რაც არის დანაშაული და დამკვიდრებული პრაქტიკა მოქმედი და წინა ხელისუფლების დროს.

ტყის ფართობი, რომელსაც ახლა ვკარგავთ ხელოვნურადაა გაშენებული საბჭოთა პერიოდის დროს. მთავარი მიზანი,  გამწვანებასთან ერთად  ამ ტერიტორიებზე ბუნებრივი კატასტროფების თავიდან აცილება იყო. ვასილ მეტრეველი ამბობს, რომ წყნეთის და სოლოლაკის ფერდი მეწყრულია და აქ ტყის გაჩეხვა საფრთხის შემცველია.

ვასილ მეტრეველი,ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტი ტყის ეკოლოგიაში ვასილ მეტრეველი

კვლევები საერთოდ არ ტარდება და ისე იჩეხება ხოლმე. ეს არის პრობლემა, გაჩეხვა ყოველთვის პრობლემაა, მაგრამ არ ვიცით რას ვკარგავთ. ამის შესაფასებლად, კვლევებია ჩასატარებელი და არც ეს არ ტარდება. რადგან ძვირი ჯდება და ამასაც ერიდებიან. ამიტომ ვკარგავთ ტერიტორიებს რომელიც შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი და არ ვიცით იმისი მნიშვნელობა. ის კი არა რომ სტრატეგიული ობიექტებისთვის ან ბიზნესისთვის, რომელიც სარგებელს მოუტანს ქვეყანას მომავალში, არამედ სახლები, ვიღაცის კერძო ინტერესები რომ აქ მინდა სახლი ავაშენო.საბოლოო ჯამში სტრატეგიული ადგილის სანაცვლოდ   ვიღებთ ერთი ან ორი ადამიანის სახლს ან ვილას. რაც საზოგადოებას არ ხმარდება და არ არის სწორი.

გიორგი ტყემალაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე

-კვლევები ტარდება?

-რა თქმა უნდა, ყველა შესაბამისი დოკუმენტი არის წარმოდგენილი. – მაგალითად კოჯორში, ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ პირებს უცვლით სტატუსს და ეს მიზანშეწონილია? თუ  თქვენი მხრიდან პოლიტიკური ლოიალობა?- რა საქციელია?-გვიპასიხეთ ძალიან მნიშვნელოვანია…

სტუდია მონიტორმა საკრებულოს 2023 წელის დეკემბერში მიმართა სატყეო და სარეკრეაციო ზონების რა ფართობს შეეცვალა სტატუსი და სად.  საკრებულომ წერილი მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსთან   ვიქტორ წილოსანთან გადაამისამართა.

თუმცა პასუხი დაპირების მიუხედავად არ მიგვიღია.

ჟურნალისტი

სტუდია მონიტორმა ასევე მიმართა თბილისის მერიას, მილიონი ხის პროგრამის ფარგლებში რა თანხა დაიხარჯა და სად მოხდა ხეების დარგვა აქედან რამდენმა მათგანმა გაიხარა.

მერიიდან მხოლოდ დარგული ხეების რაოდენობა და ხარჯები მოგვაწოდა. 

რამდენმა ხემ იხარა მიუხედავად ჩვენი კითხვისა არ გვიპასუხეს.

„მილიონი ხის“ პროექტის ფარგლებში ყველაზე მეტი ნერგი დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე დაირგო. „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენლებმა ეს ტერიტორია შეისწავლა და აღმოჩნდა, რომ დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე დარგული ნერგების დიდი რაოდენობა იმ დროისთვის (2016 წლის მარტი) უკვე გამხმარი იყო.

ალექსი ბაირაკი, თბილისის მცხოვრები

არავინ არა ფოქრობს იმაზე რომ ხე დავრგოთ, ჰაერი იყოს, ბუნება იყოს, საცა წახვალ მთელ თბილისში, პატრა ადგილი არაა დარჩენილი, რომ ხე დარგონ. ყველგან კორპუსს აკეთებენ რომ დიდი შემოსავალია.

ხალხი ამოდიოდა, უხაროდათ, ისვენებდნენ და ეხლა ვინ უნდა ამოვიდეს, სად უნდა მივდეს სულ კორპუსებია.