ახტალა და ლიბანი – დავით ხიდაშელის დაუსრულებელი პროექტები
მევლუდ გოგიაშვილი, ქალაქ გურჯაანის მკვიდრი:მასხარად გვიგდებენ ხალხს, ჩვენც და სრულიად საქართველოსაც.
ნოე იანტბელიძე, სოფელ ლიბანის მკვიდრი: გული მტკივა, იმიტომ მტკივა, რომ ამდენი საქმე ფუჭდება. აბა თოვლი და წყალი რო ჩამოუვა იმას, აბა რა მოუვა, დაინგრევა.
ჟურნალისტის ხმა: ჩვენ მოგიყვებით, როგორ გაასხვისა სახელმწიფომ 2018 წელს კურორტები ახტალა და ლიბანი ბიზნესმენ დავით ხიდაშელზე.
გიგა ბედინეიშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი: ურთიერთობა, რომელიც ხიდაშელსა და ქართულ ოცნებას შორისაა, არის კლასიკური შემთხვევა, როცა მსხვილი ბიზნესი შეზრდილია მთავრობასთან.
ჟურნალისტის ხმა: რა ვალდებულებები ჰქონდა ინვესტორს და რატომ არ სრულდება საინვესტიციო პროექტები.
ჟურნალისტის კითხვა: თქვენ ფიქრობთ, რომ ეს დასრულდება?
დავით სონღულაშვილი – გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი: არაფერი დაწყებული არ აქვს, შესაბამისად, ვერც დასრულდება.
ანტონ ობოლაშვილი – ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი: ბიზნესს აქვს ყოველთვის თავისი დაგეგმარების დრო, შესაბამისად, დრო უნდა მივცეთ და დაველოდოთ.
ჟურნალისტის ხმა: 20-მილიონიანი დაუსრულებელი საინვესტიცო პროექტები, რომლებსაც რეგიონი უნდა განევითარებინა.
სათაური: ახტალა და ლიბანი – დავით ხიდაშელის დაუსრულებელი პროექტები
ოთარი, ქალაქ გურჯაანის მკვიდრი: ქალაქ გურჯაანის მკვიდრი: თითქმის მსოფლიოში გაითქვა სახელი, სხვადასხვა სახელმწიფოდან ჩამოდიოდნენ, ევროპის სახელმწიფოებიდანაც ჩამოდიოდნენ სამკურნალოდ, მოდიოდა მადლობის წერილები, მკურნალობამ გაამართლა.
ალექსი დავითნიძე, ქალაქ გურჯაანის მკვიდრი: ბინებს ქირაობდნენ, ერთობოდნენ, პარკები იყო, პარკი მუშაობდა, რესტორანი მუშაობდა.
ოლია ცისკარაშვილი, ქალაქ გურჯაანის მკვიდრი: ახტალაზე, რომ შეხვიდოდი, არც სკამი იყო თავისუფალი, ისედაც, რომ დამდგარიყავი, იმდენი ხალხი იყო, დამსვენებლები, მაგრამ ახლა ახტალაზე რომ შეხვიდეთ, არაფერი, არავინ. ვერ იტყვით რომ ეს არის რაიმე კურორტი და ვინმესთვის რაიმე გამოსადეგარი. აღარავინ აღარ ჩამოდის, აღარავის აღარ ჭირდება, ვერ გამიგია, არ ვიცი, რატომ.
ჟურნალისტის ხმა: კურორტი ახტალა გურჯაანის რაიონში, ზღვის დონიდან 412 მ სიმაღლეზე მდებარეობს და მსოფლიოში ფსევდოვულკანური წარმოშობის ტალახით სამკურნალო ერთ-ერთი უნიკალური კურორტია. ახტალაში ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ და სხვა დაავადებებს მკურნალობენ.
ჟურნალისტის სტენდაფი: ჩვენ მოგიყვებით, როგორ იყიდა ბიზნესმენ დავით ხიდაშელმა 2018 წელს აუქციონზე კუროტები ახტალა და ლიბანი, სადაც 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო. რა ვალდებულებები ჰქონდა ინვესტორს და რატომ არ სრულდება საინვესტიციო პროექტები რომელსაც რეგიონის ეკონომიკური განვითარება შეეძლო.
ჟურნალისტის ხმა: გოგა უტიაშვილი წლებია კურორტ ახტალას დირექტორია. უტიაშვილი ამბობს, რომ საკურორტო სეზონზე ახტალას ბევრი დამსვენებელი სტუმრობს, თუმცა მაინც არასაკმარისად.
გოგა უტიაშვილი, კურორტ ახტალის დირექტორი: დამსვენებლები, ჩვენ რომ გვინდა იმ რაოდენობით არ არის. დაახლოებით შვიდასი-რვაასი კაცი არის წელიწადში. ჩვენ სეზონურად ვმუშაობთ მაისის შუა რიცხვებიდან ნოემბრის დასაწყისამდე და აი, ამ ხუთი თვის განმავლობაში ფაქტობრივად შვიდას-რვაას კაცს ვატარებთ.
ჟურნალისტის ხმა: ახტალის სამკურნალო ტალახი უძველესი დროიდანაა ცნობილი, თუმცა უშუალოდ კურორტი აქ საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა. ტალახს ჯერ სპილენძის ქვაბებში ათბობდნენ და შემდეგ აბაზანებში ასხამდნენ.
ჟურნალისტის ხმა: კურორტზე ტალახის მასა 250 მ სიღრმიდან ამოიფრქვევა, ბორცვების ფართობი 4-5 ჰექტარია, საიდანაც ტალახის მოპოვება შესაძლებელია 9 წერტილიდან, რომლებიც სხვადასხვა დროს აქტიურდება.
დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი, არქივი, 2016 წელი: ახტალის ტალახები ყველასთვის ცნობილია, მინდა, რომ შემოგთავაზოთ აღნიშნული ქონების ასევე განხილვა.
ჟურნალისტის ხმა: პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის” ფარგლებში 2018 წელს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბალნეოლოგიურ კურორტ ახტალას აქციები ელექტრონულ აუქციონზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გასაყიდად პირობებით გამოიტანა.
ჟურნალისტის ხმა: საკურორტო-რეკრეაციული კომპლექსის აქციების 99.54808% შპს “გლობალ ვიქთორი ჯეორჯიამ” 3 760 000 ლარად იყიდა. კომპანიას 12 მილიონი ლარის ინვესტიცია 4 წელში უნდა განეხორციალებინა. შპს “გლობალ ვიქთორი ჯეორჯია” 2017 წელს დაარსდა და საჯარო რეესტრის მიხედვით მის 100%-იან წილს არაბეთის გაერთიანებულ საამიროების რას ალ ხაიმას თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GLOBAL VICTORY INVESTMENTS LIMITED ფლობს. აღნიშნული კომპანიის მფლობელი ბიზნესმენი დავით ხიდაშელი იყო. მოგვიანებით მან საკუთარი წილი მისსავე შვილს გადასცა და კომპანიის დირექტორად დარჩა.
დავით ხიდაშელი 2007-2014 წლებში, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის, ევტუშნკოვის კორპორაცია “სისტემის” ვიცე-პრეზიდენტი იყო. ევტუშენკოვი და მისი კომპანია დასავლეთმა კრემლისთვის სარგებლის მიღებაში მონაწილებითვის დაასანქცირა. დავით ხიდაშელის სახელი “პანამის დოკუმენტებშიც” მოხვდა. თუმცა ბოლო დროს საზოგადოებისთვის ფართოდ ცნობილი კარტოგრაფების საქმიდან გახდა, როდესაც წინასაარჩევნოდ, 2020 წელს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი რუკები მოიპოვა .
ირაკლი იმნაიშვილი, არქივი, 2020 წელი: ივანიშვილთან შეხვედრის შედეგად, რაზე ისაუბრეთ, როგორ დასრულდა ეს შეხვედრა?
დავით ხიდაშელი, არქივი, 2020 წელი: პრობლემები შეიქმნა დავით გარეჯის მონასტერთან და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით, მან მთხოვა დახმარება, რომ მომეძია რაღაც რუკა.
ჟურნალისტის ხმა: როგორ შეასრულა დავით ხიდაშელმა ხელშეკრულებით ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებები, ამის გასარკვევად, ჩვენ ახტალაში ჩავედით.
სტენდაფი: ამ ადგილას 120-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი ღია/დახურული ტიპის აუზებით, სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრით, რესტორნებით ჯერ კიდევ 2022 წელს უნდა დასრულებულიყო. სახელმწიფომ ინვესტროს ვადა 2024 წლის ივლისამდე გადაუწია. ახლა დავით ხიდაშელის კომპანიას ზუსტად 8 თვე აქვს დარჩენილი იმისთვის, რომ აქ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს, სასტუმრო კომპლექსი ექსპლუატაციაში შეიყვანოს და ადგილობრივი მოსახლეობაც დაასაქმოს. თუმცა როგორც ხედავთ, ჯერ აქ დაწყებული არაფერი არ არის.
ჟურნალისტის ხმა: დავით სონღულაშვილი 2016 წლიდან პარლამენტის წევრი და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატია. ჩვენ სონღულაშვილს ვკითხეთ, ამ წლების განმავლობაში თუ დაინტერესდა კურორტ ახტალაზე განსახორციელებელი ინვესტიციით და რა კომუნიკაცია ჰქონდა ამ საკითხზე პარლამენტში.
ჟურნალისტის კითხვა: დაგიყენებიათ ეს საკითხი, როცა ინვესტორი არ ასრულებს ვალდებულებას?
დავით სონღულაშვილი, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი: მთავრობასთან მაქვს აქტიური კომუნიკაცია ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, თუ არ შეასრულებას ვალდებულებას, იქნება რაც გათვალისწინებული არის კანონით, სრულად შესაბამისი სანქციები ამოქმედება.
ჟურნალისტის კითხვა: თქვენ ფიქრობთ, რომ ეს დასრულდება?
დავით სონღულაშვილი, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი: არაფერი დაწყებული არ აქვს და შესაბამისად, ვერც დასრულდება. როგორც კი ვადა დადგება, მიიღებს შესაბამის კანონით განსაზღვრულ ყველა ნორმის პასუხს. კანონის სრული სიმკაცრით უნდა იყოს შესაბამისად პასუხი ნაგები, ამასთან დაკავშირებით რა ვალდებულებასაც ვერ შეასრულებს.
ჟურნალისტის ხმა: გიგა ბედინეიშვილი ფინანსისტია, მას როგორც კაპიტალის ანალიტიკოსს 30-წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს. ჩვენ ბედინეიშვილს ინვესტორის მხრიდან შეუსრულებელ ვალდებულებებზე ვკითხეთ.
გიგა ბედინეიშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი:
ერთი სიტყვით, ამას ყველაფერს კორუფცია ქვია. ხიდაშელი, მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქართული ოცნებისთვის წინა არჩევნებზე. რუკებთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, დაივალა ქართული ოცნება. დიდი ალბათობით, ამასთან იყო დაკავშირებული ეს ტკბილი ურთიერთობა, რომელიც ხიდაშელს და ქართულ ოცნებას შორის არის ეს არის კლასიკური შემთხვევა, როდესაც ფაქტობრივად რაღაცა ბიზნესი, შედარებით მსხვილი ბიზნესი, ამ შემთხვევაში შეზდილია ფაქტობრივად მთავრობასთან და რაღაცა პოლიტიკურ ხეირს იღებს.
ალექსი დავითნიძე, ქალაქ გურჯაანის მკვიდრი: პატრონი არ ჰყავს, რომ აამუშაოს, გახდეს გურჯაანი ცნობილი ქალაქი, რაიონი. მიყრუებულია რა, არსად არ ჩანს.
ოლია ცისკარაშვილი, ქალაქ გურჯაანის მკვიდრი: ათასი, რაღაც გამოჩნდებოდა ეს ადგილები, სამუშაო ადგილები და ყველა დასაქმდებოდა, მაგრამ არაფერი არ გაკეთდა.
მევლუდ გოგიაშვილი, ქალაქ გურჯაანის მკვიდრი: სულაც არ მიკვირს ეგ, 2018 წელში რომ გაიყიდა, თქვეს ის უნდა გაეკეთებინათ, ეს უნდა გაეკეთებინათ. არ მიკვირს, მაგას უკვე მიგვაჩვიეს, რომ რასაც შეგვპირდებიან, მერე თავიანთ ჭკუაზე გააკეთებენ და მასხარად გვიგდებენ ხალხს, ჩვენც და სრულიად საქართველოსაც.
ჟურნალისტის ხმა: რადგანაც კურორტი მხოლოდ სეზონურად მუშაობს, თანამშრომლების თქმით ნახევარი წლით ისინი უხელფასო შვებულებაში გადიან. იმისთვის, რომ კურორტი უფრო ხანგრძლივად მუშაობდეს ბალნეოლოგიურ კურორტს მეტი დამსვენებელიც უნდა სტუმრობდეს.
გოგა უტიაშვილი, კურორტ ახტალას დირექტორი:
ბაზა, მატერიალური ბაზა, ტექნიკური ბაზა რომ გვქონდეს უკეთესი, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა, რომ ევროპულ ბაზარზე თავისუფლად გავსულიყავით.
ჟურნალისტის ხმა: კურორტ ახტალას დირექტორი დროში გაჭიანურებულ მშენებლობას ასე ხსნის.
გოგა უტიაშვილი, კურორტ ახტალას დირექტორი:
ტალახის სააბაზანოს პროექტირება ესეთი იოლი არ არის, ეს არ არის ჩვეულებრივი სააბაზანო. აქ უნდა ძალიან ბევრი გათვლები, საბადოდან ეს მყარია ხო ეს ტალახი, იმის შემოტანა, იმისი გადამუშავება, იმისი ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ნასოსების დაყენება და ათასი რაღაცა. აქ ცოტა სხვა თემები არის, ამიტომ ესენი ფაქტობრივად ახლა უკვე დამუშავებულია და აი, დაიწყება მშენებლობა.
ჟურნალისტის ხმა: რატომ არ ასრულებს საინვესტიციო ვალდებულებებს და დააჯარიმეს თუ არა კომპანია, ამ კითხვებით სტუდია მონიტორმა “გლობალ ვიქთორი ჯეორჯიას” მიმართა.
კომპანიიდან მოგვწერეს, რომ ვალდებულებების შესრულების პირველი ეტაპი მოწვეული უცხოელი სპეციალისტების მიერ კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას მოიცავდა, რაც 2020 წლის 1 იანვრამდე შეასრულეს. ამასთან სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების პარალელურად იგეგმებოდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოს შესრულებაც. მათ შორის აპარტამენტების, კოსმეტიკის წარმოების საამქროს მშენებლობა და გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკის მოწყობა. პანდემიის გამო უცხოელ პარტნიორებთან დადებულმა ხელშეკრულების ვადებმა გადაიწია.
კურორტი ახტალა ერთადერთი არაა, სადაც დავით ხიდაშელთან დაკავშირებულ კომპანიას საინვესტიციო ვალდებულებები ჰქონდა შესასრულებელი.
კურორტი ლიბანი ბორჯომის ხეობაში, ზღვის დონიდან 1368 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ტერიტორია ხშირი, მაღალი და დაბურული ტყითაა გარშემოტყმული. აქ ფრანგულ სტილში 1927 წელს აშენებული ყოფილი სანატორიუმის შენობა მდებარეობს.
ნოე იანტბელიძე, სოფელ ლიბანის მკვიდრი:
სილამაზით, აი შიგნით რომ შევიდოდა ადამიანი, აი, გამოსვლა არ უნდოდა, ისეთი სილამაზე ქონდა.
ჟურნალისტის ხმა: ფიჭვ-ნაძვნარით გარშემოტყმული სანატორიუმი წლების განმავლობაში ტუბერკულოზთან ბრძოლის პირველ მძლავრ კერას წარმოადგენდა.
ავთანდილ კოშაძე, სოფელ ლიბანის მკვიდრი:
აი, ის ეთერზეთები, რაც იმას უხდება, იმ ბრონხებს და ფილტვებს, აქ არის და აბასთუმანშია, თორემ ფიჭვ-ნაძვნარი საქართველოში ძალიან ბევრგან არის ხომ, მაგრამ ის თვისება არა აქვს, რა თქმა უნდა, რაც იმას უხდება.
ჟურნალისტის ხმა: წლების წინ სანატორიუმის მომსახურე პერსონალისთვის კურორტის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლები, კინო და კლუბიც კი ააშენეს.
გიორგი ბურნაძე, სოფელ ლიბანის მკვიდრი
ისეთი კარგად იყო მოწყობილი გზები, სინათლე, სულ ყველაფერი, რომ აი, გასვლა, არსად გვინდოდა, მაღაზია ჩვენი გვქონდა, სულ ყველაფერი, გართობა და პატარა პარიზს ვეძახდით, პატარა პარიზს, ისეთი იზოლირებული იყო ყველაფერი. ახლა განა ხალხი არ მიდი-მოდიოდა, მაგრამ აი, თანამშრომლებს სულ გასვლა არ გვინდოდა, არც ბორჯომი გვინდოდა, არც არაფერი.
ჟურნალისტის ხმა: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კურორტმა ლიბანმა ფუნქციონირება შეწყვიტა. წლებთან ერთად კი სანატორიუმის შენობა დაზიანდა.
ნოე იანტბელიძე, სოფელ ლიბანის მკვიდრი:
ძალიან გული მწყდება, რომ აი, ბევრჯერ, ბევრჯერ მივსულვარ და მიმიფარებია ისა, რომ პირუტყი არ შევიდეს. გული მტკივა, იმიტომ მტკივა, რომ ამდენი საქმე ფუჭდება. მთელი წვიმა, წყალი დადის ზედ კედელზე. იმას რა მოუვა აბა, თოვლი და წყალი რომ ჩამოვა, აბა, რა მოუვა იმას, დაინგრევა.
ჟურნალისტის ხმა: 2017 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ყოფილი სანატორიუმის შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
2018 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე პირობებით გასაყიდად კურორტი ლიბანი გამოიტანა. 5 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები შპს “ჯიენდიმ” ვალდებულებებით 1 003 000 ლარად იყიდა. “ჯიენდი” “გლობალ ვიქთორი ჯეორჯიას” შვილობილი კომპანიაა.
სტენდაფი: 70-ნომრიან სასტუმროს ღია და დახურული ტიპის აუზებით, რესტორნებით, გარე განათებით, გამწვანებითა და საპარკინგე ადგილებით ფუნქციონირება ჯერ კიდევ 2022 წელს უნდა დაეწყო. სახელმწიფომ დავით ხიდაშელის კომპანიას მშენებლობის ვადა 2024 წლის აპრილის ჩათვლით გაუხანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა ინვესტორს ზუსტად 5 თვე აქვს დარჩენილი იმისთვის, რომ აქ 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს და სასტუმრო ააშენოს, თუმცა როგორც ხედავთ, ჯერ აქ დაწყებული არაფერი არ არის.
ჟურნალისტის ხმა: ადგილობრივები ამბობენ, რომ სანატორიუმის შენობაში გაწმენდითი და სადემონტაჟო სამუშაოები პანდემიამდე აქტიურად მიდიოდა, თუმცა მას შემდეგ აქ არავინ გამოჩენილა.
ავთანდილ კოშაძე, სოფელ ლიბანის მკვიდრი: კოვიდამდე დაიწყეს, გააწკრიალეს, გაასუფთავეს იქაურობა. ხეები იყო, 5-მეტრიანი ხეები იყო ამოსული შენობაზე.
გიორგი ბურნაძე, სოფელ ლიბანის მკვიდრი: შეაჩერეს, აგერ მთელი სამი წელიწადი ხომ გავიდა უკვე, და ეს დანგრეული რაც იყო, ესეც მიემატა, კიდევ სახურავიც რომ არ არის, ცოტაზე მაინც ფარავდა ისა და ნელ- ნელა დაიშალა. ხანდახან მეტირება ხოლმე, რომ გავივლი. ახლა შიგ არ შეისვლება, იქ ჭერმა ჩამოიწია დაბლა, სახურავიც რომ მოიხსნა და ისიც, ისიც წვიმს, თოვს ხო. იქ ვინ გადმოთოვს აბა და ნუ ასე ინგრევა, ჯერჯერობით უპატორნობით.
ჟურნალისტის ხმა: სოფელ ლიბანში 30-მდე ოჯახი ცხოვრობს, მათი ნაწილი სამუშაოდ მეზობელ ქალაქებში თვეობით მიდის. სოფელში თითქმის აღარ დარჩნენ ახალგაზრდები. ზამთარში ოჯახების რიცხვი აქ 15-მდე მცირდება, რადგან აქ არც გაზია და არც ტრანსპორტი. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალი სასტუმრო კურორტს ძველ სახელს დაიბრუნებს და შეიძლება აქ მოსახლეობაც დაბრუნდეს.
ნოე იანტბელიძე, სოფელ ლიბანის მკვიდრი: კი, ბევრი დაბრუნდება, ბევრი დაბრუნდება უკან.
ავთანდილ კოშაძე, სოფელ ლიბანის მკვიდრი: რატომ უნდა წავიდეს ჩემი შვილი და ირბინოს იქ, როცა აქ ცხვირწინ იქნება სამუშაო. ხომ ყველასთვის შეღავათია ეგ.
გიორგი ბურნაძე, სოფელ ლიბანის მკვიდრი: საიდან სად მუშაობენ ბაკურიანში და ისა და თვეობით, კვირაობით მიდიან და ოჯახში არ ჩამოდიან.
ჟურნალისტის ხმა: ანტონ ობოლაშვილი ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატია. ჩვენ დეპუტატს ვკითხეთ, თუ ჰქონდა ინფორმაცია ინვესტორის ვალდებულებაზე.
ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი: მეც ველოდები თქვენსავით, რომ დაიწყოს სამუშაოები და ლიბანმა მიიღოს ის იერსახე, სადაც დამსვენებელი განთავსდება.
ჟურნალისტის კითხვა: თქვენ, ბატონო ანტონ, მაგალითად, თუ გაქვთ მიმართული მინისტრისთვის, ეკონომიკის მინისტრისთვის პარლამენტში მოსვლის დროს?
ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი: არა, არ მიმიმართავს, რადგან აღებულია ეს ვალდებულება, მეც თქვენსავით ველოდები. ბიზნესს აქვს თავისი დაგეგმარების დრო, შესაბამისად დრო უნდა მივცეთ და დაველოდოთ.
გიგა ბედინეიშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი:
ინვესტიციების მნიშვნელობა უდიდესია, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის როგორიც არის საქართველო, რომელიც არის, რასაც ეძახიან პატარა, ღია ეკონომიკა. თუ მერე დარღვევა ხდება ამ პირობების მთავრობამ ამას უნდა უპასუხოს ძალიან მკაცრად და ნუ უნდა მოითხოვოს ამ პირობების შესრულება ან რაღაც საჯარიმო სანქციები იქნება, ის უნდა აამოქმედოს. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს არ გაკეთდება.
ჟურნალისტის ხმა: სტუდია მონიტორმა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ინფორმაცია კომპანიების მხრიდან ვალდებულებების შესრულების თაობაზე გამოითხოვა. მათ შორის იმაზეც, აქვს თუ არა “გლობალ ვიქთორი ჯეორჯიას” და მის შვილობილ კომპანიას ამ დრომდე ჯარიმა დაკისრებული. უწყებამ ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხა.
როგორც “გლობალ ვიქთორი ჯეორჯიაში” ამბობენ, სახელმწიფოს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან ერთად კონცეფცია კურორტ ლიბანზეც ჰქონდათ შემუშავებული, რაც, მათ შორის, მოიცავდა ბორჯომი – ბაკურიანის საავტომობილო გზიდან უმოკლესი მარშრუტით კურორტთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობასა და რკინიგზის სადგურ ლიბანიდან სანატორიუმამდე საბაგირო გზის მოწყობას.
ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზად, აქაც ახტალის მსგავსად, პანდემიასთან ერთად “გლობალ ვიქთორი ჯეორჯია” დავით ხიდაშელის მიმართ დაწყებულ ნეგატიურ კამპანიასაც ასახელებს.
კომპანიის დირექტორი რევაზ მაისურაძე ამბობს, რომ არც “გლობალ ვიქთორი ჯეორჯია” და არც მისი შვილობილი კომპანია “ჯიენდი” დაჯარიმებული არაა, რადგან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადები არ დამდგარა, მიმდინარე ვალდებულებებს კი ასრულებენ.
ჟურნალისტის ხმა: 2018- 2023 წლებში დავით ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საქართველოში არაერთი უძრავი ქონება შეიძინეს, მათ შორის, “გლობალ ვიქთორი ჯეორჯიამ” უპირობო აუქიციონით იყიდა 6 მილიონ ლარამდე უძრავი ქონება, რომლის ნაწილიც შემდგომ გაყიდა. 2022 წლიდან ბიზნესმენ დავით ხიდაშელის საკუთრებაშია ასევე აუქციონზე 10 მილიონ ლარად შეძენილი რიყის დოქებიც. ამავე წელს რუსი ოლიგარქის პარტნიორს სახელმწიფომ რაჭასა და ქვემო სვანეთში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზია მისცა. ამ ლიცენზიის ფარგლებში მას 49 წლით 100 000 ჰექტარზე მეტი ტყის ფართობიც გადაეცა. თუმცა ნაკისრი ვალ დებულების შეუსრულებლობის გამო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ლიცენზიის საკითხი შეიძლება გადაიხედოს.
ახტალასა და ლიბანში მოსახლეობა ჯერ ისევ სანატორიუმების რებილიტაციასა და განახლებას ელის. ინვესტორი კომანიიის წარმომადგენლები კი ჯერ მხოლოდ დაპირებებს იძლევიან.