- მოდი, მოდი! დამარტყი აბა, მოდი. სად მიგყავს? სად მიგყავს?
- გადაიწიე.
- არა. სად მიყავს?..
ტექსტი: ეს კადრები 2025 წლის იანვარში, თბილისის ცენტრში, დაახლოებით ამ ტერიტორიაზეა გადაღებული, როცა 18 და 23 წლის აქტივისტები რატი ტყემალაძე და ოთო კვარაცხელია მეგობრებთან ერთად, პროევროპული აქციიდან სახლში ბრუნდებოდნენ.
ვიდეოში ჩანს, როგორ გადაჰყავთ ისინი გაურკვეველ პირებს “ჰიუნდაის” მარკის ავტომობილით, რომელსაც უცხო ქვეყნის სანომრე ნიშანი აქვს.
რატი ტყემალაძე: რაღაც შავი სამოსი აცვიათ, სიბნელეა, გარჩევა შეუძლებელია, ეს არ არის პოლიციის მანქანა, რომელიც შენ მოგყვება, არის სამი ადამიანი, მეტი არაფერი არ ჩანს და გადავწყვიტეთ, რომ გავქცეულიყავით. როგორც კი გავიქეცით, მივხვდით, რომ ეს ადამიანებიც უკნიდან გამოგვეკიდნენ და ამასობაში გამოჩნდა ეს მანქანაც.
ოთო კვარაცხელია: წინ გაგვიჩერა ისე, თითქოს ჩვენ დაჯახებას აპირებდა, წინ მოგვიჩერა და იქედან გადმოვიდა 4 ადამიანი, სრულიად შავებში ჩაცმული, არანაირად არ შეიძლებოდა მათი იდენტიფიკაცია, როგორც პოლიციელის, რა დროსაც ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ეგენი იყვნენ გადმოსულები ჩვენ საცემრად.
ტექსტი: რატისა და ოთოს დაკავებას შეესწრნენ მათი მეგობრები, რომლებმაც კადრები გადაიღეს. ისინი “სტუდია მონიტორთან” ამბის დეტალებს იხსნებენ.
თამარ ოქროპირიძე: შეგვეშინდა მანდედან გამომდინარე, რომ დავინახეთ რაღაც უნცაური მანქანა, ჩვეულებრივი ჰიუნდაი, რაღაც უცნაური ნომრებით, შავებში ჩაცმული ადამიანები, რა თქმა უნდა, მიდიხარ იქით, რომ ტიტუშკები არიან, ვიღაც უცხო ადამიანები არიან, არ იცი, რას უზამენ.
მარიამი: არ იყო ეს ჩვეულებრივი დაკავება. მეთქი ვიდეო, ყველაფერი უნდა ითქვას. რაღაც ეგეთი გრძნობაც მქონდა, რომ ახლა ვიდეო რომ არ ჩავრთო, არავინ არ დაგვიჯერებს, რომ ასე იყო, იმიტომ, რომ პირველად ვნახე, პირველი შემთხვევა იყო ჩემთვის და საერთოდ მედიასაც ხომ ვათვალიერებ ყოველდღე, რა ხდება, მაგრამ ასეთი გატაცება პირველი იყო.
ტექსტი: გატაცება სინამდვილეში დაკავება აღმოჩნდა, შავებში ჩაცმული, არაიდენტიფიცირებადი პირები, რომლებიც უცხონომრიან ავტომობილს მართავდნენ არა ე.წ. “ტიტუშკები”, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ.
ტექსტი: რატი და ოთო ვარაუდობენ, რომ პოლიცია სინამდვილეში სხვებს ეძებდა და ისინი შეცდომით აიყვანა. ამის მიუხედავად, სასამართლომ ორივე აქტივისტი სახის ნიღბის ტარებისა და პოლიციელების მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით 2200-2200 ლარით დააჯარიმა.
რატი ტყემალაძე: რადგან ვიღაცას ვგავდი თუ რაღაც ეგეთი, მოგვიწია 2 საათი დაკითხვაზე ვყოფილიყავით, მერე იზოლატორში, მერე რაღაც უსამართლო ჯარიმა და ყველაფერი ეს ერთმანეთს მიეწყო ისე, რომ თვითონაც მიხვდნენ, რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენ დამნაშავეები არ ვიყავით, მაგრამ რაღაცნაირად ეს გაამართლეს თავისი რაღაც “სპეცოპერაციით”, რომ ტყუილად არ ავუყვანივართ, სხვა ადამიანებს ეძებდნენ, ეს დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, იმიტომ, რომ კადრებს გვაჩვენებდნენ ადამიანების, რომლებიც ჩვენ არ ვიყავით.
ტექსტი: აქტივისტები პოლიციელებმა გერმანიის სანომრე ნიშან მიკრული ავტომობილით დააკავეს. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სავარაუდოდ, თვალთვალისა და დაკავებისთვის ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სანომრე ნიშნებს იყენებს.
ტექსტი: “სტუდია მონიტორი” თვეების განმავლობაში აკვირდებოდა და სწავლობდა პოლიციის თანამშრომლების ავტომობილების სანომრე ნიშნებს. ჩვენ აღმოვაჩინეთ შსს-ს თანამშრომელთა ავტომობილებზე მიკრული არაერთი ვადაგასული სანომრე ნიშანი, რომელიც საფრანგეთის, პოლონეთის, უნგრეთის, გერმანიის, ლატვიისა და სხვა ქვეყნების მიერ არის გაცემული.
ტექსტი: საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, BMW-ის მარკის ეს ავტომობილი “სტუდია მონიტორის” კამერამ პროევროპული აქციების დაწყებისთანავე დააფიქსირა. მანქანას პოლონეთის სანომრე ნიშანი უკეთია.
ტექსტი: კადრებში ჩანს, რომ ავტომანქანაში ორი მამაკაცი ზის, ერთ-ერთს ხელში პოლიციელის ქუდი უჭირავს, რომელსაც შემდეგ მალავს. ავტომობილს წინაც და უკანაც, პოლონეთის ნომერი პლასტმასის ხუნდებით აქვს მიკრული.
ტექსტი: “სტუდია მონიტორმა” პოლონეთის ზუსტად ეს სანომრე ნიშანი, სხვა და სხვა დროს, კიდევ ორი სხვა მარკის ავტომანქანაზე – “ოპელსა” და “შკოდაზეც” დააფიქსირა.
ტექსტი: “შკოდას” მარკის ავტომობილის გადაღების დროს ჩვენთან ორი პიროვნება მოვიდა, რომლებმაც თავი “უბრალო მოქალაქეებად” გაგვაცნეს.
პოლიციელთან ინტერვიუ:
– უკაცრავად, რატომ უღებთ მანქანას?
– ვის ველაპარაკები მე ახლა?
– უბრალო მოქალაქეს, რომელსაც კითხვა აქვს, რატომ უღებთ მანქანას ვიდეოს.
– ნინო წვერავა ვარ “სტუდია მონიტორიდან”. მაინტერესებს, ეს რა ნომრებია, თქვენ პოლიციაში მუშაობთ თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში?
– არსად.
– აბა რატომ დაინტერესდით?
– უბრალოდ დაგვაინტერესა, მანქანას რომ უღებდით.
– მაშინ თქვენ გამეცით პასუხი, ეს რა ნომერია?
– როგროც ჩანს, პოლონეთის ნომრებია.
– ხო? და პოლიციის ქუდი არის აგერ და პოლიცია როდის მერე გადაადგილდება არაქართული ნომრებით?
– გასანბაჟებელი მანქანა ჰყავს ეტყობა ჩამოყვანილი ადამიანს.
– მართლა?
– კი.
– ხშირად დადიხართ ხოლმე ასეთი ნომრებით?
– ჩვენ არაფრით არ დავდივართ, აი, უყურეთ მე რითი დავდივარ.
– პოლიციის ქუდი რომ დევს, ხშირად დადიან თქვენი კოლეგები?
– ხომ ხედავთ, ქალბატონო, მე რითი დავდივარ.
– თქვენი კოლეგები ხშირად დადიან ასეთი ნომრებით, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ნომერი არ არის?
– ჩემი კოლეგა არ არის, ქალბატონო.
– თქვენ ხომ პოლიციელი ხართ?
– არ ვარ პოლიციელი.
– შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი არ ხართ?
– არა.
ტქესტი: უცნობი პირები, რომლებმაც კატეგორიულად უარყვეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან და უცხოურ ნომრიანი ავტომობილი მათ არ ეკუთნით, სინამდვილეში პოლიციის თანამშრომლები აღმოჩდნენ.
ჩვენ გავარკვიეთ, რომ სწორედ ეს პირები ისხდნენ, ადრე გადაღებულ, BMW-ის მარკის ავტომობილში, რომელსაც იდენტური, პოლონეთის სანომრე ნიშანი ჰქონდა.
ტექსტი: პარლამენტის მიმდებარე ტერიოტიაზე, საპატრულო პოლიციის მანქანების გვერდით, ჩვენ კიდევ ერთი ავტომობილი აღმოვაჩინეთ, რომელსაც პოლონეთის სხვა სანომრე ნიშანი ეკეთა.
ინტერვიუ პოლიციელთან:
- პოლიციელი ხართ?
- არა, ქალბატონო, რა პოლიციელი.
- აბა?
- მოქალაქე ვარ ჩვეულებრივი.
- ეს რა ნომრებია, შეგიძლიათ, რომ მითხრათ?
- ევროპიდან ვარ ჩამოსული.
- რამდენი ხნის წინ ჩამოიყვანეთ მანქანა?
- რა სისულელეებს მეკითხებით?
- ჩამოწიეთ, თუ შეიძლება, კითხვა მაქვს, რა ნომრებია?
ტექსტი: ეს პირიც, რომელმაც ჩვენთან საუბრისას თავისი ვინაობის დამალვა სცადა, შსს-ის თანამშრომელი აღმოჩნდა.
ტექსტი: “ფოლცვაგენის” მარკის ეს სრულიად დაბურული ავტომობილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც “სტუდია მონიტორის” კამერამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პროევროპული აქციების დაწყებისთანავე არაერთხელ დააფიქსირა. ავტომანქანას გერმანიის სანომრე ნიშანი აქვს მიკრული. კადრების გადაღების დროს დავინახეთ, როგორ გადმოვიდა მანქანიდან ეს მამაკაცი.
ინტერვიუ პოლიციელთან:
- უკაცრავად, შეგიძლიათ მითხრათ, ეს რა ნომრებით დადიხართ?
- არ ვიცი, ჩემი მანქანა არ არის.
- ჟურნალისტი ვარ ნინო წვერავა “სტუდია მონიტორიდან”. მითხარით, თუ შეიძლება, რა მანქანით მოძრაობთ?
- ერთი წუთით…
- რატომ არ გაქვთ სახელმწიფო ნომრები?
- ერთი წუთით, ჩამომშორდით რა!
- ჟურნალისტი ვარ და მაინტერესებს.
- გავიგე და ჩამომშორდი, კაცო.
- ხელს ნუ მკრავთ, მიპასუხეთ.
ტექსტი: როგორც “სტუდია მონიტორმა” გაარკვია ეს მამაკაცი, რომელიც ჩვენს კითხვებს გაექცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. იგი მოგვიანებით იმავე ტერიტორიაზე პოლიციის ფორმით ერთი-ერთი საპროტესტი აქციის დროს გადავიღეთ.
სტენდაფი: ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობის პროცესში, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მხოლოდ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენ ვადაგასული ან ყალბი უცხოური ნომრებით მოძრავი არაერთი ავტომობილი დავაფიქსირეთ, ამ ავტომანქანებს ფორმიანი თუ უფორმო პოლიციელები მართავდნენ. ჩვენ ასევე გადავიღეთ, როგორ ანაცვლებენ შსს-ს წარმოადგენლები უცხოურ ნომრებს საქართველოს სანომრე ნიშნით პირდაპირ ოპერაციის ადგილზე ან პოლიციის განყოფილებასთან.
ტექსტი: 18 აპრილს ერთ-ერთ ასეთ ავტომობილს პარლამენტის გვერდით, ჭიჭინაძის ქუჩაძე, პოლიციელებმა ჩვენ თვალწინ მოხსნეს უცხოური სანომრე ნიშანი და საქართველოს სანომრე ნიშანი დაუყენეს. იგივე მოხდა 6 მაისს, პოლიციელმა ამჯერად საფრანგეთის ნომერი საქართველოს ნომრით პოლიციის განყოფილებასთან შეცვალა.
სტენდაფი: ვადაგასული სანომრე ნიშნები, რომლებსაც შსს-ს წარმომადგენლები, სავარაუდოდ, თვალთვალის, მიყურადებისა და დაკავების მიზნით იყენებენ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გასულ წლებში გაცემული სანომრე ნიშნებია, მათ შორის არის როგორც გაუქმებული, ვადაგასული, ისე დროებითი სატრანზიტო ნომრები.
სტენდაფი: “ჰიუნდაის” მარკის ავტომობილს, რომელიც პოლიციამ 18 იანვარს, თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, ორი აქტივისტის დასაკავებლად გამოიყენა, გერმანიაში გაცემული დროებითი სატრანზიტო ნომერი ჰქონდა მიკრული.
ეს სანომრე ნიშანი გერმანიაში მხოლოდ 5 დღის ვადით გაიცემა და მისი გამოყენება მხოლოდ გერმანიის ტერიტორიაზე შეიძლება. მასზე დატანილი რიცხვებიდან ჩანს, რომ ნომრის მოქმედების ვადა 2022 წლის 14 ოქტომბერს ამოიწურა. 2025 წლის 18 იანვრის ღამეს, როცა ზანდუკელზე ორი აქტივისტი დააკავეს, აღნიშნული სანომრე ნიშნით “ჰიუნდაის” მარკის ავტომობილს შსს-ს თანამშრომელი დიმიტრი ქუშაშვილი მართავდა.
მიუხედავად იმისა, რომ ოქმზე ხელს სწორედ დეტექტივი ქუშაშვილი აწერს, პოლიციელმა ზანდუკელის ქუჩაზე, დაკავების ოპერაციაში მონაწილეობა საერთოდ უარყო და არც იმაზე გვიპასუხა, რა მიზნით და რამდენად კანონიერად იყენებდა გერმანიის ვადაგასულ სანომრე ნიშანს.
ინტერვიუ დიმიტრი ქუშაშვილთან:
- 18 იანვარს თქვენ მართავდით ჰიუნდაის მარკის ავტომობილს, რომელსაც ჰქონდა ვადაგასული გერმანული სანომრე ნიშანი მიკრული.
- მე არაფერს არ ვმართავდი, არ ვიცი.
- ეს მანქანა, სწორედ ამ მანქანით დააკავეთ აქციის ორი მონაწილე, ზანდუკელის ქუჩაზე, თქვენი ფოტოც მაქვს, ნახეთ, თქვენ ხართ.
- რამდენად კანონიერია, რომ თქვენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, იყენებთ ვადაგასულ სანომრე ნიშანს? მიპასუხეთ, თუ შეიძლება.
- არაფერს არ ვიყენებ, ეგ მე არა ვარ. არ ვიცი, რას მეუბნები.
- თქვენ ხართ, ბატონო დიმიტრი, ვიცით, რომ თქვენ ხართ. რა მიზნით იყენებთ ამ ნომრებს, თუ შეგიძლიათ, რომ გვითხრათ?
- გპასუხობთ, რომ მე არ ვარ, ჩემი მანქანაც არ არის.
- როგორ არ არის თქვენი მანქანა?
- გეუბნებით, რომ არ ვარ მე.
- ჩვენ დაგვიდასტურეს, აი, ნახეთ, ბატონო დიმიტრი, ეს ხართ თქვენ, დაგვიდასტურეს კიდეც, მათ შორის, ადამიანებმა, რომლებიც დააკავეთ.
- გეშლებით ვიღაცაში.
- მითხარით თქვენი გვარი.
- ქუშაშვილი დიმიტრი.
- დიახ, თქვენ ხართ დიმიტრი ქუშაშვილი, კიბატონო, თქვენ აწერდით, მათ შორის, ოქმს ხელს, რამდენად კანონიერია, რომ თქვენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იყენებთ ევროპულ ნომრებს?
- არ ვიცი, ეს ჩემი მანქანა არ არის,
- თქვენ ხართ, ბატონო დიმიტრი, რამდენჯერ უნდა უარყოთ თქვენი თავი? ვიცით, რომ თქვენ ხართ.
- არ ვარ, გეუბნები.
- ამ ნომრებს აქციის მონაწილეების დევნისთვის და დაკავაბებისთვის იყენებთ, ბატონო დიმიტრი, შეგიძლიათ, რომ გვითხრათ?
- კარგით, ბოდიში.
ტექსტი: საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა, რომელიც “სტუდია მონიტორის” მიერ ჟურნალისტური გამოძიების დროს მოპოვებულ ფოტო და ვიდეო მასალას გაეცნო, ოფიციალურად მოგვწერა, რომ საქართველოს შსს-სა და სხვა სამსახურების მიერ გერმანიის ტერიტორიაზე გაცემული ვადაგასული სანომრე ნიშნების გამოყენება გერმანიის კანონმდებლობით ცალსახად უკანონოა.
გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი: სანომრე ნიშნები ყვითელი ზოლით არის მოკლევადიანი სანომრე ნიშნები, რომლებიც გაიცემა გერმანიაში მაქსიმუმ 5 დღით ტესტირების, შემოწმების ან მიწოდების მიზნით. სანომრე ნიშნები წითელი ზოლით არის მიწოდების სანომრე ნიშნები, რომლებიც გამოიყენება მანქანის ერთი მფლობელიდან მეორესთან ან გერმანიიდან სხვა ქვეყანაში მანქანის გადაყვანის მიზნით. ისინი კანონიერ ძალას მიწოდებისთანავე კარგავენ. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს სანომრე ნიშნები ვადაგასულია. მათი გამოყენება აღარ არის ნებადართული გერმანელებისთვის. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთ სანომრე ნიშნებს უკანონოდ არც თუ ისე იშვიათად იყენებენ. თუ ამ სანომრე ნიშნებს ქართველი სამართალდამცავები იყენებენ, ეს ასევე უკანონოა.
სტენდაფი: როგორ ხვდება უცხოეთში გაცემული სანორმე ნიშანი ან დროებითი სატრანზიტო ნომერი საქართველოს შსს-ს ხელში?
როცა უცხოეთიდან საქართველოში ავტომობილი შემოდის, საბაჟო პროცედურების შემდეგ, უცხოეთში გაცემული სანომრე ნიშანი იხსნება და საბოლოოდ, გასანადგურებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაეცემა. ამავდროულად, ვადაგასული უცხოური ნომრები თბილისში რამდენიმე ადგილას იყიდება, მათ შორის, მშრალ ხიდზე, სადაც წყვილი ნომერი 40 ლარი ღირს. ასევე ელიავას, ისნისა და ფეიქრების ბაზრობებზე.
ყოფილმა პოლიციელებმა “სტუდია მონიტორს” ანონიმურობის დაცვის გარანტიით დაუდასტურეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის დროს, ვადაგასულ უცხოურ ნომრებს ბაზრობებზე ეუფლებოდნენ და პირად ავტომობილებზე არალეგალურად იყენებდნენ, მათ შორის, ვიდეოჯარიმის თავიდან აცილების მიზნით.
ტექსტი: უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნების ამოღების წესს საქართველოში შს მინისტრის ბრძანება არეგულირებს, “სატრანსპორტო საშაულებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ” ბრძანების მე-16 მუხლში ნათქვამია, რომ საბაჟო პროცედურების შემდეგ, “უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნები მიღება- ჩაბარების აქტის საფუძველზე ბარდება შსს-ს მომსახურების სააგენტოს”.
20-ე მუხლში ვკითხულობთ, რომ სააგენტოსათვის ჩაბარებული ან/და მიმოქცევიდან ამოღებული სანომრე ნიშნები და ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრები ნადგურდება დადგენილი წესით.
ამავე დროს, იმავე 20-ე მუხლში ნათქვამია, რომ “დაუშვებელია მიმოქცევიდან ამოღებული ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის მიმოქცევაში ხელახალი გაშვება, გარდა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის”.
ტექსტი: თბილისის ყოფილი პროკურორის მაია მწარიაშვილის აზრით, უცხოური ვადაგასული სანომრე ნიშნების გამოყენება უკანონოა.
მაია მწარიაშვილი, თბილისის ყოფილი პროკურორი, იურისტი: უცხოური ნომრები ოპერატიული დანიშნულებისთვის ვერ იქნება გამოყენებული. უცხოური მანქანა შემოვიდა ამ ტრანზიტულ რეჟიმში, შემდეგ ეს ნომერი ექვემდებარება უტილიზაციას, ნებისმიერ შემთხვევაში, მისი გამოყენება არ შეიძლება და მით უფრო არცერთ სხვა მანქანაზე მისი გამოყენება არ შეიძლება. ამიტომ, აქ პრობლემა ზედაპირზე დევს, ახლა სხვა ამბავია, როდის იქნება სურვილი ამ საქმის გამოძიების…. შსს-მ ამაზე უნდა გიპასუხოთ, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ნომრებით იმათ ოფიციალურად უნდა მიმართოთ, გაუგზავნოთ, და მათ გიპასუხონ, ეს ნომრები რა ნომრებია, რა რეჟიმში მოძრაობს ქალაქში..
სტენდაფი: კანონი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ, როგორც შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და დაზვერვის სამსახურებს კონსპირაციის მიზნით აძლევს, ე.წ “ოპერატიული სანომრე ნიშნების” გამოყენების შესაძლებლობას. ეს არის ფარული სანომრე ნიშანი, რომელიც კონკრეტული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისთვის შსს-ს მომსახურების სააგენტოში იბეჭდება, მკაცრად განსაზღვრული წესით გაიცემა და შსს-ს სანომრე ნიშნების საერთო ბაზაში არ იძებნება.
ტექსტი: ვიცე-პოლკოვნიკი, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი ირემაშვილი, რომელიც 2021 წლამდე, შსს-ში მაღალ თანამდებობებს იკავებდა, ახლა კი პოლიტიკურ ემიგრაციაშია, გვეუბნება, რომ მისი მუშაობის პერიოდში, ე.წ “ოპერატიულ ნომრებად”, უცხოეთის სანომრე ნიშნების გამოყენების პრაქტიკა არ ყოფილა.
გიორგი ირემაშვილი, ვიცე- პოლკოვნიკი, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი: უცხოური სატრანზიტო ნომრების გამოყენება საერთოდ წინააღმდეგობაშია კანონთან და ოპერატიულ საგამოძიებო საქმიანობასთან ამას არაფერი საერთო არ აქვს. კონკრეტულად ოპერატიულ საქმიანობაში ტრანზიტული ნომრების გამოყენება, რა ვიცი, მაგის პრეცენდენტი არ ყოფილა, არც იყო საჭიროება, რაში უნდა დაგჭირვებოდა ტრანზიტული ნომრები, როდესაც შეგიძლია ჩვეულებრივი სტანდარტული ნომრები, “ოპერატიული ნომრები” გამოიყენო და იგივე ფუნქციის შემასრულებელია და იგივენაირად ისარგებლებ, საჭიროებაც არ იყო მაგის. ახლა ალბათ, სავარაუდოდ, რომ არ გაიშიფრონ და კონსპირაციის შემდეგ ლეველზე არიან ასულები, რომ ფიქრობენ, რომ თუ ტრანზიტულ ნომრებს იხმარენ და პოლიციის თანამშრომლებს სამოქალაქო ფორმას ჩააცმევენ, არ გაიშიფრებიან. ესეც უკავშირდება, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ, ამ საპროტესტო აქციებს, რომ რამე არ გამოეპაროთ, ყველაფერი იყოს დაფიქსირებული, შემდეგ უამრავი ზღვა მასალა გროვდება, ამ მასალას ალბათ, სავარაუდოდ, მერე ვიღაცა უზის, ანალიზს უკეთებს, სახეებს არჩევენ და ა.შ.
ეს უფრო ღია თვალთვალის ფორმა არის, რომ პროტესტანტს ჰქონდეს განცდა, რომ მას უყურებენ და უთვალთვალებენ, და არაფერი დაუფიქსირებელი არ დარჩება, ეს აღარ შეიძლება უკვე რომ ფარულში გადიოდეს, რამე ფარულ ღონისძიებაში, ეს არის უკვე ღია თვალთვალის ფორმა, რომ ჩვენ აქ ვართ, გიყურებთ და გაკონტროლებთ.
ტექსტი: შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი, რომელიც 2024 წლის დეკემბერში მუქარის გამო იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა და ოჯახთან ერთად, პოლიტიკური თავშესაფარი აშშ-ში მოეთხოვა, ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ წინა წლებში უნახავს, როგორ იყენებდნენ შსს-ს თანამშრომლები რუსეთის სანომრე ნიშნებსაც.
ირაკლი შაიშმელაშვილი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი:
2020 თუ 2019 წელს მაქვს ნანახი რუსული ნომრები, რომლებიც თანამშრომლებს მანქანებში ეყარათ, საბარგულში ჰქონდათ რუსული ნომრები, მოხსნიდნენ ამ ნომრებს შკოდებზე ან ჯიპებზე და რუსულ ნომრებს დააყენებდნენ და ისე მოძრაობდნენ, მაშინ ვიკითხე, რასთან გვაქვს საქმე-მეთქი და ამის გარდა კიდე ბევრი გვაქვსო. ის, რაც ხდება, ამ სანომრე ნიშნებზე, დამიჯერეთ, ეს არ მოდის რომელიმე კონკრეტული დეპარტამენტის ხელმძღვანელიდან ეს ბრძანება, იმდენად არის ეს სისტემა მოშლილი, ვიღაცა შეიძლება სამმართველოს უფროსი ან განყოფილების უფროსი, ჩვეულებრივი საშუალო რგოლის მენეჯმენტი იღებდეს მაგაზე გადაწყვეტილებას, რომ მანქანაში ეყაროს რამდენიმე ნომერი ბულგარეთის, გერმანიის რუსეთისა და ა.შ.
როგორ შეიძლება საქართველო იყენებდეს ნებისმიერი საქმიანობისთვის საქართველოს ტერიტორიაზე გერმანულ ნომერს, აი, რაში უნდა სჭირდებოდეს ევროპული ნომრის გამოყენება, როდესაც აქვს თავისი ოპერატიული ნომერი, ქართული ნომერი? ქართულ ნომრებს იყენებენ გერმანული სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები? რაში უნდა გამოიყენონ?! ან პოლონეთის, ან ბულგარეთის ქვეყნები?
ტექსტი: კიდევ უფრო დიდ პრობლემას სამართალმცოდნეები იმაში ხედავენ, რომ შსს ვადაგასულ უცხოურ სატრანზიტო ნომრებს ამ კონკრეტულ შემთხვევებში არა რეალური ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის, არამედ პოლიტიკურ ოპონენტებზე თვალთვალისა და დაკავებისთვის იყენებს, იმ მიზნით, რომ ასეთი პოლიტიკური დევნა დაუსჯელი დარჩეს და პოლიციელების იდენტიფიცირება შეუძლებელი იყოს.
ნიკა სიმონიშვილი, იურისტი: ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ იმას, რომ არაერთი დაკავებული გახდა წამების, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, პოლიციელების მხრიდან თავისი უფლებამოსილების გადამეტების მსხვერპლი, აქ განსაკუთრებით აქტუალური ხდება საკითხი, როგორ უნდა მოხდეს ამ პოლიციელის იდენტიფიცირება და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ უკვე, ფაქტობრივად, აქ შემოდის უცხოური სანომრე ნიშანები, რომლებიც ბრუნვიდან არის ამოღებული და მის უკან რეალურად ვინ დგას, ეს შეიძლება ვერც კი კონტროლდებოდეს, ეს არის ცალსახად პოლიტიკური დევნისთვის გამოყენებული და შესაძლებელია ეს საქმიანობა სწორედაც დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.
ტექსტი: რა მიზნით გადაწყდა ე.წ “ოპერატიულ ნომრებად” უცხოეთის ვადაგასული სატრანზიტო ნომრების გამოყენება? რომელი ბრძანებით ან საიდუმლო ნორმატიული აქტით რეგულირდება ეს სფერო და რატომ გამოიყენება, პოლიციის მანქანანებზე კონკრეტულად ვადაგასული ნომრები – ამ კითხვებით ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.
ტექსტი: ამის შემდეგ შევეცადეთ პასუხი შსს მინისტრისგან, ვახტანგ გომელაურისგან მიგვეღო.
ინტერვიუ ვახტანგ გომელაურთან:
- რამდენად კანონიერად იყენებენ თქვენი პოლიციელები ვადაგასულ და ყალბ სანომრე ნიშებს?
- რას?
- ყალბ სანომრე ნიშნებს.
- ყალბი სანომრე ნიშები ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ არ გვაქვს.
- შემიძლია მტკიცებულებები გაჩვენოთ, ბატონო ვახტანგ.
- მიპასუხეთ, თუ შეიძლება, რამდენად კანონიერია, რომ თქვენი პოლიციელები იყენებენ ყალბ და ვადაგასულ სანომრე ნიშნებს..
სტენდაფი: უცხოური, არაიდენტიფიცირებადი სანომრე ნიშნების გამოყენება თვალთვალის დროს, გაგრძელებაა იმ გაუმჭვირვალე პოლიტიკისა, რომელსაც “ქართული ოცნება” და შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებით ბოლო წლებში ატარებს.
პოლიციელებს, როგორც წესი, არ აცვიათ ფორმა, ნიღბით დაფარული აქვთ სახეები, არ გააჩნიათ შესაბამისი სანომრე ნიშნები, გამორთული აქვთ სამხრე კამერები, არ ატარებენ არანაირ აღმნიშვნელ ნიშანს, რაც მათი ამოცნობის, ხოლო საგამოძიებო ორგანოებს პოლიციელთა ან სპეცრაზმელთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულის გამოძიების საშუალებას მისცემდა.
ტექსტი: გაუმჭირვალე პოლიტიკის პარალელურად, ბოლო წლებში, პოლიციელთა და სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მიერ ჩადნილი დანაშაულის ფაქტები პირდაპირ პროპორციულად იზრდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური რაზმის წევრის სასტიკი თავდასხმა გურამ როგავაზე, რა დროსაც “ფორმულას” ჟურნალისტს კისრის მალა და სახის ძვლები გაუტყდა. ამ თავდასხმიდან 6 თვე გავიდა, დამნაშავე ისევ დაუსჯელია.
ამ დრომდე გამოუძიებელია სპეცრაზმელთა მხრიდან წაქცეული დემონსტრანტის ზვიად მაისაშვილის უმოწყალო ცემის ფაქტი, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების დაკავების, გატაცებისა და ცემის ათეულობით ფაქტი, რომელშიც შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
ტექსტი: სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც კანონით უფლებამოსილია სამართალდამცველთა მხრიდან წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, ჯანმრთელობის დაზიანების, ძალადობის და სხვა დანაშაულის ფაქტები გამოიძიოს, პირდაპირ აღიარებს, რომ უძლურია:
“გამოძიებას მოპოვებული აქვს სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლებშიც ასახულია სამართალდამცავის მხრიდან აქციის მონაწილის მიმართ ძალადობა, თუმცა სამართალდამცველის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები აღჭურვილნი არიან სპეციალური ფორმით (ე.წ. “რობოკოპით”/ჩაფხუტით ან/და ნიღბით), რომელზეც არ არის დატანილი მაიდენტიფიცირებელი მონაცემი. შესაბამისად, ძალადობის ფაქტების თვითმხილველი პირების არსებობის შემთხვევაშიც კი, თითქმის შეუძლებელია არაპროპორციული ძალის გამომყენებელი სამართალდამცველის იდენტიფიცირება და ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება.”
ტექსტი: ექსპერტების აზრით, ჟურნალისტ გურამ როგავასა და დემონსტრანტ ზვიად მაისაშვილზე, ისევე როგორც სხვა აქტივისტებზე, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებზე, შსს-ს თანამშრომლები და სპეცრაზმელები ასე ღიად, კამერების თვალწინ თავდასხმას ვერ გაბედავდნენ, მათ ჩაფხუტსა და ჟილეტზე სპეციალური საიდენტიფიკაციო ნომერი რომ ყოფილიყო დატანილი, როგორც ამ კადრებში თურქეთის სპეცრაზმელებს აქვთ.
ტექსტი: სპეცრაზმელთა დანომვრა ბიძინა ივანიშვილის ფავორიტმა, ამჟამად, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის სანქციების ქვეშ მყოფმა გდდ-ს უფროსმა, ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე ხარებამ გააუქმა.
ირაკლი შაიშმელაშვილი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი:
მე როდესაც მივედი შსს-ში, მე დამხვდა ეს პრაქტიკა, როცა იყო ნუმერაცია და დანომრილი იყო, როდესაც დეპარტამენტში მოვიდა ხარაზიშვილი, ხარაზიშვილის ბრძანებით იქნა ეს ნუმერაცია მოხსნილი. დანომრილი იყო რობოკოპები, ანუ ეს სპეციალური აღჭურვილობა დანომრილი იყო ზურგზეც, დანომრილი იყო წინა მხრიდან, დანომრილი იყო მკლავზეც, დანომრილი იყო ჩაფხუტებიც. ამას ჰქონდა 2 ფაქტორი – ლოჯისტიკური მართვის ასპექტი რომ გაუმჯობესებულიყო და იოლი ყოფილიყო გაცემა, შენახვა, მოხმარება და ა.შ. და მეორე იყო, ბუნებრივია, გადაცდომები, ანუ 2019 წლის გავრილოვის ღამის ინციდენტის ფაქტთან დაკავშირებით, ყველაზე ცნობილი ეს არის, ზუსტად მაგ ნუმერაციით მოხდა მაშინ თანამშრომლების იდენტიფიცირება, ვინც კონკრეტულად გამოიკვეთა, რომ გადაცდომებს ჩადიოდნენ. სროლა იყო თუ ძალის გადამეტება იყო და ა.შ.
ტექსტი: 2023 წლის მარტიდან მოყოლებული, როცა ბიძინა ივანიშვილმა ღიად დაიწყო ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის შემოტრიალება, დემოკრატიული ინსტიტუტების დანგრევა და ძალაუფლების უზურპაცია, პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების და შესაძლო დანაშაულის უამრავი ფაქტი დაფიქსირდა. ამ დრომდე არცერთი პოლიციელი არ დასჯილა, არ დამდგარა არა თუ “ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურისა და სხვა მაღალჩინოსნების, არამედ სამინისტროს ქვედა რგოლის პასუხისმგებლობის საკითხი.
მაია მწარიაშვილი, თბილისის ყოფილი პროკურორი, იურისტი:
ყოველთვის რთული იყო პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, მათ შორის, ამ მიზეზის და სხვა მიზეზების გამოც, მაგრამ სხვა ამბაია, როცა სახელმწიფო ამას თავად ახალისებს და შემდეგ თვითონვე ვითომ ვერ იძიებს, ანუ თვითონვე ქმნის იმ წინაპირობებს, რომ არ იყვნენ ასეთი პოლიციელები დადგენადი, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში, როდესაც პოლიციელი დადგენადია, ძალიან რთულია მას მისცე იმ ტიპის დავალებები, რაც არ ეტევა კანონის ფარგლებში. იშვიათად ნახავ ასეთ ადამიანს, რომელსაც შუბლზე აწერია სახელი და გვარი და ღიად მოქმედებს უკანონოდ, ამიტომ ეს კომფორტის შექმნა ორმხრივ ინტერესშია, ასეთი ტიპის საპოლიციო სტრუქტურებსაც და ასეთი ტიპის ქვეყნებსაც, რასაც ახლა ჩვენ დავემსგავსეთ, აწყობთ ასეთი რეგულაციები, ანუ რეგულაციები ნული, რომ პოლიციელს იმ ტიპის თავისუფლება ჰქონდეს, რომ მისი ამოცნობა შეუძლებელი იყოს.
ტექსტი: საქართველომ დამოუკიდებლობა საბჭოთა მილიციის პირობებში დაიბრუნა, შემდეგი 15 წელი კი შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაზე კორუმპირებული სამსახური იყო. “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს პოლიციის რეფორმა საჯარო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველი და მნიშვნელოვანი რეფორმა გახდა, რომელმაც ქვეყანაში პოლიციისადმი ნდობა დააბრუნა და დანაშაულის მნიშვნელოვან კლებას შეუწყო ხელი. ამავე დროს, რეფორმის ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორებიცაა ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და განსაკუთრებით პოლიტიკური ნეიტრალობა მაინც მიუღწეველი დარჩა.
ტექსტი: მესამე სექტორის აზრით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან მე-13 წელს, ეს პრობლემები არათუ გამოსწორდა, კიდევ უფრო გაღრმავდა და სისტემური ხასიათი მიიღო – შსს ხელშეუხებელთა კასტა გახდა.
ექსპერტების მოსაზრებით, ბოლო წლებში პოლიციამ პრაქტიკულად დაკარგა ნდობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქცია და ერთი პოლიტიკური რეჟიმის ინტერესების გამტარ, რეპრესიულ მანქანად იქცა.
ნიკა სიმონიშვილი, იურისტი: რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს პოლიციის ხელით, რასაც შვრება “ქართული ოცნება”, ეს არის ცალსახად ერთი რაღაცისკენ მიმართული, რომ მას სურს ძალაუფლება შიენარჩუნოს და ძალაუფლება შეინარჩუნოს ყველაფრის ფასად.
ტექსტი: კარენ გრინევეიმ გამოძიების ფედერალურ ბიუროში 22 წელი იმუშავა და საქართველოს სამართალდამცავი სისტემის რეფორმასა და გაძლიერებაში იღებდა მონაწილეობას. FBI-ის ყოფილი აგენტი რეგიონში მუშაობის პერიოდში, თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამბობს, რომ საქართველომ ნაბიჯი უკან გადადგა.
კარენ გრინევეი, FBI-ის ყოფილი აგენტი, იურისტი: შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით 5 წლის წინ, საქართველო იყო საუკეთესო პარტნიორი რეგიონში. სომხეთი პროგრესს აჩვენებდა, მაგრამ საქართველო მაინც საუკეთესო იყო. ერთ-ერთი ჩემი ბოლო ვიზიტი, სანამ პენსიაზე გავიდოდი, საქართველოში სწორედ სამართალდამცავებთან, პროკურორებთან საქმის შესახებ საუბარს ეხებოდა და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, კარგად ვითანამშრომლეთ. ჩემი შეფასებით, ამჟამად FBI-ს ოფისს რეგიონში საუკეთესო ურთიერთობა აქვს სომხეთის სამართალდამცავ სტრუქტურებთან.
ტექსტი: იმ ფონზე, როცა არცერთი პოლიციელი და სპეცრაზმელი დასჯილი არ არის, რომლებმაც, სულ მცირე, გადაამეტეს უფლებამოსილებას, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით პროევროპული აქციის მონაწილე, 50-ზე მეტი მოქალაქეა დაპატიმრებული. ნაწილს უკვე მიესაჯა მრავალწლიანი პატიმრობა, ნაწილი ისევ განაჩენის მოლოდინშია.
მათ შორის, მეხუთე თვეა, პატიმრობაშია ჟურნალისტი ქალი, მზია ამაღლობელი, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. იურისტების თქმით, როგორც ამაღლობელის, ისე სხვა დაკავებულების საქმეებში პოლიციელები ცრუ მოწმეებად გვევლინებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ისევ განაგრძობს პოლიტიკურ თვალთვალს ევროპული ქვეყნების ვადაგასული, სატრანზიტო ნომრების გამოყენებით.
რატი ტყემალაძე: რამდენჯერაც ამ ქუჩაზე ამოვალ, სულ უკან უნდა ვიხედო, ვიღაც ხო არ მომდევს, რატომ უნდა ვცხოვრობდე ეგრე, რომ მიწევდეს იმის ყურება, რომ საიდანღაც ვიღაც შავებში ჩაცმული ადამიანი ხომ არ გამოდის, მათ შორის ის უნდა ვარკვიო მერე, რომ ეს ახლა პოლიციელია, ზონდერ ჯგუფის წარმომადგენელია, რომელსაც ჩემი ცემა უნდა.
ოთო კვარაცხელია: შიშის ფაქტორია ეს ყველაფერი, რისი დანერგვაც უნდათ ადამიანებში, რომ სახელმწიფო არის მთავარი, რაც სახელმწიფოს უნდა, მაგას გააკეთებს. ჩვენ თუ არ შევშინდით, ვიღაც ადამიანი, ვინც ამას ტელევიზორიდან უყურებს, ეგ ადამიანი შეაშინოს, შიშის ფაქტორია, რომ შენ თუ ამას იზამ დღეს, ჩვენ ხვალ მოვალთ და შენც გაგიტაცებთ.
დასასრული:
სპეცრაზმელები: “თქვენი დედის ტ*ვნის ღამე იქნება დღეს!”