როგორ და სად გაურბის ივანიშვილი სანქციებს
ჟურნალისტის ხმა: ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ქართველი ოლიგარქი.
Reuters: მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაა საქართველოში.
DW: ამბობენ, რომ მან მთელი ქვეყანა იყიდა.
TLDRnewsEU: ივანიშვილი გავლენიანი ოლიგარქია, რომელმაც 1990-ან წლებში დააგროვა ფული რუსეთში და საგრძნობლად დაახლოებულია კრემლთან.
ჟურნალისტის ხმა: ადრე ბიძინა ივანიშვილი მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში მის საკუთრებაში არსებული გრანდიოზული სასახლეების, ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშების, გიგანტური ზომის ხეებისა და ეგზოტიკური ცხოველების კოლექციის გამო ექცეოდა. მაგრამ 2022 წლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი წამოიწყო და დასავლეთმა ის და მისი მოკავშირეები დაასანქცირა, ბიძინა ივანიშვილმა “გლობალური ომის პარტია” გამოიგონა მტრად, იმისთვის, რომ სანქციებისგან მისი ქონების გადარჩენის ოპერაცია გაემართლებინა.
“ქართული ოცნების” ევროპულიდან რუსეთისკენ გადახრილი პოლიტიკური კურსის გამო, ამ პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი უკვე დასანქცირებული ჰყავს ლიეტუვას, ესტონეთს, ლატვიას, უკრაინას და ამერიკის შეერთებულ შტატებს.მისი სანქცირების საკითხზე შეტანილია შაუმდგომლობა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან კი ივანიშვილის სანქცირებას ევროპარლამენტი ითხოვს.
როგორ ცდილობს ბიძინა ივანიშვილი სანქციებისგან მისი და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონების დაცვას? – ამის გასარკვევად ოფშორებიდან საქართველოში გამოგზაურებთ. მოგზაურობას საქართველოს სამეწარმეო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტების შესწავლით ვიწყებთ. ჩვენ აქ 100-ზე მეტი კომპანია გავშიფრეთ, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიებით ფლობდა. მას შემდეგ, რაც ქართველ ოლიგარქს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფინანსური სანქციები დაუწესა, მან აქტიურად დაიწყო ოფშორულიდან ქართულ კომპანიებზე წილებისა და ქონებების გადატანა.
ჟურნალისტი: უცხოეთში ბიძინა ივანიშვილს კიდევ აქვს ქონება, რომლებსაც ოფშორში ან ევროკავშირში დაფუძნებული კომპანიების საშუალებით ფლობს და რომლებზე წვდომაც მას შეეზღუდება, თუკი ამერიკის მსგავსად, სანქციებს გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი დაუწესებენ.
ჟურნალისტის ხმა: ბიძინა ივანიშვილის ბოლო, 2024 წლის დეკლარაციის მიხედვით, მის მფლობელობაშია ბაჰამის კუნძულებზე რეგისტრირებული 1 ოშფორული კომპანია [Sandcay Investment Limited], ხოლო ცოლის – ეკატერინა ხვედელიძის საკუთრებაშია ასევე, ბაჰამის კუნძულებზე რეგისტრირებული 1 [Soothsayer Limited] და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული 2 კომპანია [Lynden Management და MEADOWSWEET ASSETS LIMITED]. ოთხივე კომპანია იყო ჩართული შვეიცარიულ ბანკ “კრედიტ სუისთან” ივანიშვილის მრავალწლიან დავაში, რომელიც საბოლოოდ, ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა – “კრედიტ სუისს” ივანიშვილისთვის 461 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა, თუმცა ამერიკული სანქციების შესაბამისად, ამ თანხას ის ამერიკის თანხმობის გარეშე ვერ მიიღებს.
ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატ – ნიკოლოზ გულუასთან:
- გამარჯობა, ბატონო ნიკოლოზ!
- გამარჯობა.
- მე გიკავშირდებით “სტუდია მონიტორიდან” ჟურნალისტი მაია მეცხვარიშვილი. ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან ბატონი ბიძინა ივანიშვილის “კრედიტ სუისთან” დავასთან დაკავშირებით, ხომ თქვენ ხართ? ბოლოს უკვე თქვენ იყავით ადვოკატი, როგორც ვიცი.
- დიახ, გისმენთ.
- ჩვენ გვაინტერესებს ბოლოს 461 მილიონი დოლარის გადახდა რომ დაეკისრა “კრედიტ სუისს” სასამართლოს გადაწყვეტილებით, ანუ ამ თანხის ტრანზაქციაზე ამერიკული სანქციების მიხედვით, ჭირდება, ასე ვთქვათ, ამერიკის თანხმობა, რომ მოხდეს ამ თანხის ტრანზაქცია. ჩვენ გვაინტერესებს, მანამდე მოესწრო თუ არა ამ თანხის მიღება, თუ სადაოა დღემდე და გაჩერებული აქვს აშშ-ს? თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
- არა, არა. არასწორ ინფორმაციას ფლობთ.
- დიახ, თქვენ გისმენთ, აბა, როგორ არის მაშინ სწორი ინფორმაცია?
- არა, ეგრე არ არის, სანქციები არ შეხებია.
- ანუ ჩვეულებრივად ეს ტრანზაქცია განხორციელდა?
- არა, არა. რომელ თანხაზე იძახით? მანდ ბევრი დავა იყო.
- ბოლო, 461 მილიონი რომ დაეკისრა.
- ყველა დავა დღემდე წარმატებით არის დასრულებული
- ბოლოს, ოქტომბერში რომ გამოვიდა.
- ტრანზაქციებზე ვერაფერს ვერ გეტყვით. ანუ დანარჩენი რაც არის, რომ ყველა სასამართლო, დღემდე რაც იმსჯელა, ბატონი ივანიშვილის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
- კი, ეგ ვიცით, უბრალოდ, რაც მოიგო სასამართლოს ძალით, მოხერხდა ამ თანხის ჩარიცხვა თუ ვერა?
- არა, ვერ გეტყვით მაგას.
- სადაო ხომ არ არის? – ეს გვაინტერესებს.
- უკაცრავად რა, საქმე მაქვს პროცესზე შევდივარ, ბოდიში.
- ანუ ვერ გვიპასუხებთ – კარგი, მადლობა.
ჟურნალისტის ხმა: სავარაუდოდ, “კრედიტ სუისთან” სასამართლო მასალების გასაჯაროების შემდეგ გადაწყვიტა ივანიშვილმა ოფშორული კომპანიების, მათ შორის ცოლის საკუთრებაში არსებული “ლინდენ მენეჯმენტის” დეკლარირება, რომელსაც გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო ქსელმა ჯერ კიდევ 2016 წელს მიაგნო მასობრივად გაჟონილ “პანამის დოკუმენტებში”.
ფრაგმენტი ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციიდან, 2016 წელი:
- ლინდენ მენეჯმენტი” – ასეთი კომპანია გახსოვთ თქვენი?
- უამრავი ოფშორი მქონია და მაქვს დღესაც და არ მახსოვს კონკრეტული სახელები, მაგრამ რა გინდათ, რომ მიანიშნოთ?
- არ არის დეკლარაციაში-თქო შეტანილი.
- ყველაფერია დეკლარაციაში შეტანილი, რაც საჭიროებდა. თუ თქვენ თვლით, თქვენ მოქალაქე ხართ, ჟურნალისტი ხართ, თანაც კარგად გაცნობიერებული ხართ, რომ რაღაც დარღვევაა, მიმართეთ და დაწერეთ და მე პასუხს მაგებინებენ
ჟურნალისტის ხმა: ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის დროს 2012-13 წლებში, 2-ჯერ შეავსო დეკლარაციები, რომლებშიც ოფშორული კომპანიები არ ჩაუწერია, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის დარღვევაა, თუმცა მას ამისთვის პასუხი არ უგია. არადა, “კრედიტ სუისთან” სასამართლო დავის მასალებიდან გაირკვა, რომ სწორედ ოფშორული “ლინდენ მენეჯმენტის” საკუთრებაში იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ 2006-08 წლებში 573,416,441 დოლარად შეძენილი 245 ხელოვნების ნიმუში, მათ შორის, პიკასო, შაგალი, მონე, მატისი, კანდინსკი, ვან გოგი, სეზანი, რენუარი და მოდილიანი.
პიკასოს “დორა მაარი კატასთან ერთად” ბიძინა ივანიშვილმა 2006 წელს $95.2 მილიონად შეიძინა სოტბის აუქციონზე. $5 მილიონად – კლოდ მონეს “გზა მონტე-კარლოსკენ”, $2.5 მილიონად კი – მარკ შაგალის “სამოთხე”. სწორედ ასე დაიწყო მან იმპრესიონისტებისა და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების კოლექციის შექმნა.
ფრაგმენტი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან, 2014 წელი:
- პირველი ნამუშევარი რა შეიძინეთ?
- პირველი, სხვათაშორის, “დორა მაარი” შევიძინე – დავიწყე სიმაღლით
- არაფერი პატარა არ გიყიდიათ მანამდე?
- არაფერი. მანამ ვსწავლობდი. დაემთხვა, რომ მივიღე გადაწყვეტილება და სხვათაშორის, გვიან რომ მივხვდი, აზრზეც არ ვიყავი – მერე გავიცანი გალერისტები და მე მეგონა, რომ გავერკვიე და დავიწყე, დაემთხვა, გამოვიდა ზუსტად ეს კატალოგი, სადაც ეს იყიდებოდა. სამი ნახატი ვიყიდე, მონე ვიყიდე, მახსოვს და მესამე, აბა, თუ გავიხსენე.
- ანონიმურად იყიდეთ და იქ არ იცოდნენ და რეკავდნენ, ხომ არ იცით ქართველი.
- კი, ჩემი მეგობარი ფრანგი გავუშვი, ბერტრანი და გადარია ხალხი… მე რა ვუქენი ბირჟებს და საერთოდ, მაგ დარგის გალერეებს, ყველამ ფული უნდა გადამიხადოს, წესით. მთელი რუსეთი მე დავსვი მაგაზე, ხელოვნებაზე მე გადავიყვანე
ჟურნალისტის ხმა: მედიაში და სოციალურ ქსელებში გასაჯაროებული ფოტოების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის კოლექციაშია: როი ლიხტენშტეინის “ინტერიერი წითელი კედლით”, რომელიც 2008 წელს 7,026,500 დოლარად გაიყიდა სოტბის აუქციონზე; ლუსიენ ფროიდის “ილაი და დავიდი”; ეგონ შილეს “ინდივიდუალური სახლები”, რომელიც 2006 წელს 22,416,000 დოლარად გაიყიდა კრისტის აუქციონზე.
2016 წელს ივანიშვილმა ხელოვნების ნიმუშების ნაწილი გაყიდა: ვილემ დე კუნინგის “უსახელო XXV”, რომელიც 2006 წელს $27.1 მილიონად იყო შეძენილი კრისტის აუქციონზე, 2016 წელს $66,3 მილიონად გაიყიდა ; პაბლო პიკასოს “კაცი ჩიბუხით”, რომელიც 2007 წელს $11,8 მილიონად იყო შეძენილი სოტბის აუქციონზე, 2016 წელს $18,4 მილიონად გაიყიდა კრისტის აუქციონზე; ფრენსის ბეკონის ეს ნამუშევარი, კი, რომელიც 2006 წელს სოტბის აუქციონზე $15 მილიონად იყო შეძენილი, 2016 წელს $27,1 მილიონად გაიყიდა კრისტის აუქციონზე.
“კრედიტ სუისის” სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ ხელოვნების ნიმუშების კოლექციის 50%-ს თბილისში, სპეციალურად აშენებულ საგამოფენო ცენტრში ინახავდა, რომელიც საჯარო არ იყო; 50%-ს კი სახლში – თბილისიდან 200 კილომეტრში, “დაცულ ადგილზე”.
მოგვიანებით, 2011 წელს, როდესაც საქართველოში მისი პოლიტიკური მიზნების შესახებ განაცხადა და “ქართული ოცნება” დააფუძნა, ივანიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელოვნების ნიმუშების დიდ ნაწილს ლონდონში ინახავდა.
ფრაგმენტი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან, 2011 წელი: რამდენიმე ნახატი, რამდენიმე შედევრი, რამდენიმე ნამუშევარი მე დამრჩა დღეს და უმეტესობა ლონდონში მაქვს გადატვირთული, რამდენადაც მინდა კორექტირება გავაკეთო – გაიყიდოს ის, რაც არ ვთვლი, რომ თანამედროვე მუზეუმში უნდა იყოს და დავამატო, რომ თანამედროვე მუზეუმში თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები
ჟურნალისტი: 2011 წელს დადებული პირობა ივანიშვილს დღემდე არ შეუსრულებია და არ გაუხსნია საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. თუმცა, როგორც ირკვევა, 2022 წლიდან, თავისი ხელოვნების ნიმუშების კოლექციას უკვე ის ეზიდება ლონდონიდან და ამერიკიდან საქართველოში იმისათვის, რომ თავისი ძვირადღირებული ქონება საგულდაგულოდ დაიცვას სანქციებისგან.
ჟურნალისტის ხმა: ფრანგი ხელოვანის – მორის დე ვლამინკისა და რუსი მხატვრის – ალექსანდრა ექსტერის ნამუშევრები ოფშორულმა “ლინდენ მენეჯმენტმა” 2022 წელს გაუგზავნა საქართველოში რეგისტრირებულ კომპანია “ფინსერვის XXI”-ს. ამის დამადასტურებელი – 90 მილიონ 500 ათასი დოლარის ღირებულების ინვოისი, რომელიც კრისტის აუქციონის სახელზე იყო გამოწერილი, “ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის კვლევის პროექტის” OCCRP-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს.
მაშინ “ფინსერვის XXI”-ს ბელიზის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანია “ვიზალია ენტერპრაიზ ლიმიტედი” ფლობდა, რომლის საბოლოო მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილის ვაჟი – უტა ივანიშვილია. 2023 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, “ფინსერვისის” კაპიტალი 78,316,856 ლარი იყო და მის აქტივში იყო 5,563,052 ლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშები, კერძოდ: 2,818,394 ლარის ღირებულების ნახატები; 1,212,872 ლარის ღირებულების სკულპტურა; 730,032 ლარის ღირებულების საიუველირო ნაწარმი და 801,754 ლარის ღირებულების სხვა დეკორაციები.
OCCRP-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს “ფინსერვისს” 90.5 მილიონი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშები უნდა მიეღო, თუმცა კომპანიის 2023 წლის ფინანსურ ანგარიშში ეს ასახული არ არის. ამ ტვირთის მიღება არც იმპორტის მაჩვენებლებშია დაფიქსირებული, ვინაიდან 2022 წელს საქართველოში, ჯამში, მხოლოდ 494 050 დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების იმპორტია განხორციელებული.
გიორგი ბაჩიაშვილი, ბიზნესმენი: ივანიშვილმა 2022 წელს შემოიტანა საქართველოში დაახლოებით, 1 მილიარდი დოლარის ღირებულების კოლექცია. რა თქმა უნდა, მას არ უნდოდა არც დღგ-ის გადახდა, არც ქონების გადახდა და არც მოგების გადახდა ამ ნივთებზე.
ჟურნალისტის ხმა: გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის “თანაინვესტირების ფონდს” წლების მანძილზე მართავდა და კარგად იცნობს ოლიგარქის ბიზნეს საქმიანობას. ის ამბობს, რომ 2022 წელს ივანიშვილმა ხელოვნების ნიმუშებთან მიმართებაში დროებითი შემოტანის რეჟიმით ისარგებლა, რაც დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლებულია. 2024 წლის ივნისში ივანიშვილის ხელისუფლებამ საგადასახადო კოდექსში ცვლილება შეიტანა, რომლითაც ოფშორულიდან ქართულ კომპანიაზე აქტივების გადატანა მოგების, იმპორტის, ქონების და საშემოსავლო გადასახადებისგან გათავისუფლდა. ბაჩიაშვილის თქმით, ამის შემდეგ მოახდინა ივანიშვილმა ხელოვნების ნიმუშების რეალური იმპორტი, რასაც 2025 წელს ამ სასაქონლო კოდის იმპორტის გაზრდილი მაჩვენებლები ადასტურებს: 2023 წელს 798,960 დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების იმპორტი განხორციელდა საქართველოში; 2024 წელს – 2,417,540 დოლარის ღირებულების. 2025 წლის პირველ 3 თვეში კი ეს მაჩვენებელი 514,812,080 დოლარამდე გაიზარდა.
გიორგი ბაჩიაშვილი, ბიზნესმენი: ეს კანონი ითვალისწინებს სამ რამეს: ერთი, რომ აქტივები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, ანუ მომავალში რომ ამ აქტივებს მოგებით გაყიდის, ამაზე გადასახადი არ ექნება გადასახდელი. შესაბამისად, მილიარდის კოლექცია 5-10 წელიწადში, რომ გაყიდოს 2 მილიარდად, ის 200 მილიონი დოლარი, რომელიც ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს, უბრალოდ ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოიღო. ასევე, ის განბაჟების და დღგ-ს საფასური – მილიარდ დოლარზე, დაახლოებით, 180 მილიონი დოლარი უწევს, მან ასევე ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოიღო. და ის ქონების გადასახადი, წლიური 1%, რომელსაც ყველა იხდის თავის ქონებაზე, ყველა კომპანია იხდის თავის აქტივებზე, მან წელიწადში 10 მილიონი დოლარი პირდაპირ ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოიღო. ანუ 1 ოპერაციაში, დაახლოებით, 400 მილიონი დოლარი მოპარა სახელმწიფოს.
ჟურნალისტი: მოდით, ვნახოთ, ნამდვილად ბიძინა ივანიშვილმა ისარგებლა თუ არა შეღავათებით ხელოვნების ნიმუშების საქართველოში შემოტანის დროს? 2025 წლის სამ თვეში ხელოვნების ნიმუშები ძირითადად 2 ქვეყნიდან – გაერთიანებული სამეფოდან [254,758,660 დოლარი] და ამერიკის შეერთებული შტატებიდან [258,853,060 დოლარი] შემოვიდა. იმპორტიორების შესახებ ინფორმაცია საქსტატმა ვერ მოგვაწოდა, თუმცა, როგორც განგვიმარტეს, ხელოვნების ნიმუშების 90%-ზე მეტი მხოლოდ ერთმა კომპანიამ შემოიტანა. ამის შემდეგ, 2025 წელს აშშ-დან საქართველოში იმპორტიორი ყველა კომპანია გავშიფრეთ და მათში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია – სს ლუსოლი აღმოვაჩინეთ. საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის აუცილებელია, რომ აქტივის გადაცემის დროს ოფშორულ და ქართულ კომპანიას ერთი და იგივე მფლობელი ჰყავდეს. ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშების მფლობელი ოფშორული “ლინდენ მენეჯმენტის” მესაკუთრე ეკატერინა ხვედელიძეა. ამასთან სწორედ ხვედელიძემ დააფუძნა 2025 წლის იანვარში საქართველოში სს ლუსოლი, რომელმაც დაფუძნებისთანავე განახორციელა აშშ-დან იმპორტი.
ინტერვიუ სს “ლუსოლის” დირექტორ გელა კობერიძესთან:
- გამარჯობა, ბატონო გელა.
- გამარჯობა.
- მე გიკავშირდებით სტუდია მონიტორიდან. კომპანია “ლუსოლთან” დაკავშირებით გეკითხებით – 2025 წლის იანვარში ამერიკიდან ხელოვნების ნიმუშების იმპორტი განახორციელეთ, ხომ, როგორც ვიცით?
- არა. არასწორია.
- თვითონ საქსტატმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ შემოტანილი არის ამერიკიდან თქვენს მიერ…
- არასწორად რეკავთ0თქო და არ ვიცი, ვინ მოგაწოდათ. კარგად ბრძანდებოდეთ.
- თქვენ ტვირთი არ შემოგიტანიათ ლუსოლიდან? [თიშავს ტელეფონს].
ჟურნალისტის ხმა: 2025 წლის იანვარშივე უტა ივანიშვილმა მის საკუთრებაში არსებული ოფშორული “Vizalia Enterprises Limited”-სგან უსასყიდლოდ მიიღო 78,316,856 ლარის ღირებულების წილი შპს “ფინსერვისი-XXI”-ში, რომელიც თბილისში ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშების კოლექციას ფლობდა. მოგვიანებით კი ეს კომპანია მის მიერ 2024 წლის 31 დეკემბერს დაფუძნებული სს “ატუ ჰოლდინგის” საწესდებო კაპიტალში შეიტანა. “ატუ ჰოლდინგში” უტა ივანიშვილმა მისი 3 ოფშორული კომპანიის მიერ საქართველოში რეგისტრირებული 5 კომპანიის წილები [1. შპს ქართული ჰოლდინგი; 2. შპს ფინსერვისი-XXI; 3. შპს ინტერ კონსალტინგ + 4. შპს ქართუ მშენებელი 5. შპს ქართუ მენეჯმენტი] გადაიტანა. მათ შორის, 32,087,800 ლარის ღირებულების წილი შპს „ქართულ ჰოლდინგში“, რომლის საქმიანობის სფერო შვეულმფრენებითა და ვერტმფრენებით მომსახურებაა. სხვათაშორის საქსტატის მონაცემებით, საფრენი აპარატების იმპორტიც მნიშვნელოვნად გაიზარდა: მაგალითად, თუკი 2022 წელს 45 მილიონი დოლარის ღირებულების საფრენი აპარატების იმპორტი განხორციელდა და 2023-ში – 43 მილიონის, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 162 მილიონამდე გაიზარდა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ოფშორული კომპანიის აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანის დროს გადასახადისგან გასათავისუფლებლად აუცილებელია, რომ იმპორტიორმა განცხადებით მიმართოს შემოსავლების სამსახურს. თუმცა ამ უწყებიდან არ მოგვაწოდეს ინფორმაცია, თუ რამდენი ასეთი განცხადება მიიღეს და დააკმაყოფილეს ფინანსთა მინისტრის ბრძანების ამოქმედებიდან, ანუ 2024 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე.
2024 წლის ნოემბერში 100%-ით უტა ივანიშვილის საკუთრებაში გადავიდა სს “ქართუ ჯგუფი”, რომელსაც მანამდე ივანიშვილის 3 ოფშორული კომპანია [1. KRISTA INVESTMENT LIMITED – 49,61694%; 2. SARGANS LIMITED – 49,32128%; 3. TARPAN MANAGEMENT LIMITED – 1,06187%] ფლობდა. შესაბამისად, უტა ივანიშვილის მფლობელობაში გადავიდა “ქართუ ჯგუფის” კუთვნილი აქტივები, მათ შორის, “ბანკი ქართუ” და საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”.
ფონდ “ქართუს” საკუთრებაში კი დიდი აქტივია საქართველოში, მათ შორის:
8 მოქმედი და მშენებარე სასტუმრო საქართველოს მასშტაბით – პარაგრაფი თბილისი, პარაგრაფი შეკვეთილი, პარაგრაფი თაბორი რიზორთსი, პარაგრაფი აბასთუმანი, Magnolia Resort&Spa, სასტუმრო განმუხურში, სასტუმრო და საკონფერენციო ცენტრი სოლოლაკში, სასტუმრო “ბოდბე”. ამ სასტუმროების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 895 მლნ აშშ დოლარია.
ივანიშვილის ბიზნეს ცენტრი თბილისში, რომლის საბალანსო ღირებულებაა 80,424,252 ლარი
ასევე, მიწის ნაკვეთები თბილისში – ლაგუნა ვერესთან და ისანში, სადაც ივანიშვილს უკვე აქვს ცათამბჯენებისა და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის ნებართვები.
2024 წლის გაზაფხულზე, “ქართული ოცნების” დეპუტატები პარლამენტში დეტალურად აღწერდნენ, თუ რა შეღავათებით ისარგებლებდა ის პირი, ვინც ოფშორიდან საქართველოში გადაიტანდა კომპანიის წილებსა და ქონებებს.
პაატა კვიჟინაძე, “ქართული ოცნების” პარლამენტის წევრი: დღეს თუ მაგალითად ოფშორში აქვს პიროვნებას კომპანია, რომელიც ფლობს საქართველოში რაღაც კომპანიას ან წილს ამ კომპანიისას, რომ საქართველოში დარეგისტრირდეს, რომ გადმოიტანოს, დღევანდელი კანონმდებლობით, მას გადასახადის გადახდა მოუწევს. მაგალითად, თუ ეს წავა მიწოდების კუთხით, მაშინ მოგების გადასახადს გადაიხდის, თუ ეს წავა ჩუქების კუთხით საშემოსავლოს და მოგების გადასახადს და ა.შ. ეხლა საუბარია, რომ ერთჯერადად გადმოტანის მომენტში ეს გადასახადები ვაპატიოთ, თუ გადმოვლიან და გაათეთრებენ და მეორე, თუ იგივე კომპანიებს, რომლებსაც გარდა ამ წილისა, გააჩნია სხვა აქტივები, მაგალითად, არ ვიცი, თვითმფრინავი, დაზგა-დანადგარები, ან მანქანები, ან რაღაც და ისიც უნდა, რომ საქართველოში გადმოიტანოს, ოღონდ ამ წილს არ ეხება, აქაც ერთჯერადად იმპორტის გადასახდელებისგან შემოტანის მომენტში გათავისუფლდება
ჟურნალისტის ხმა: უტა ივანიშვილმა, რომელიც 2025 წლის თებერვალში იაპონიაში იმყოფებოდა, ადგილობრივ გამოცემასთან საუბარში უარყო, რომ მან დააფუძნა საქართველოში “ატუ ჰოლდინგი”, რომელზეც ოფშორული აქტივები გადაიტანა. ამავე გამოცემის ცნობით, უტა ივანიშვილმა ტოკიოს ცენტრში ნაღდი ფულით 500 მილიონი იენის ღირებულების აპარტამენტი შეიძინა. გამოცემამ მაშინ ასევე დააფიქსირა, თუ როგორ გადასცა იაპონიაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ ლეჟავამ ტოკიოს ერთ-ერთ რესტორანში სადილობისას უტა ივანიშვილს შავი ჩანთა, რომელზეც უთხრა, რომ “აქ არ გაეხსნა”.
ჟურნალისტი: ცოლის და შვილის მსგავსად, ოფშორული კომპანიებიდან აქტივები თავად ბიძინა ივანიშვილმაც გადაიტანა ქართულში. ივანიშვილის კომპანია “ტერას” 2025 წლის 17 იანვარს უსასყიდლოდ გადაეცა ოფშორული LIMESTONE FINANCE INTERNATIONAL-ის წილები 7 ქართულ კომპანიაში [1. შპს სანაპიროს ხედი; 2. შპს ახალი კაპიტალი 3. შპს ინვესტ კაპიტალი 4. შპს ქართუ კონსალტინგი 5. შპს ჯეოფერტ 6. შპს ბლექ სი არენა 7. შპს აბასთუმანი 2019], რომელთა შორისაა: მისი რეზიდენცია აბასთუმანში; როსტომ მეფის სასახლე, სადაც “ქართული ოცნების” ოფისი იყო წლების მანძილზე განთავსებული; თანამედროვე ხელოვნების კოლექციის საცავი შუშის სასახლის გვერდით. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ არაერთი აქტივი აქვს ივანიშვილს გაფორმებული ოფშორულ ან სხვა უცხოურ ფირმებზე.
ჟურნალისტის ხმა: ყოფილი პრემიერის დეკლარაციაში მხოლოდ 2 სახლია მითითებული უცხოეთში – საფრანგეთსა და რუსეთში. თუმცა საფრანგეთში ლა-სელ-სენ-კლუში, რობიშონის ხეივანში, ივანიშვილის მიერ დეკლარირებული ამ სახლისა და მიწის ნაკვეთის გარდა, ოლიგარქი შესაძლოა ფლობდეს კიდევ ერთ სახლს – პრინცესების 29 ნომერში, სადაც ივანიშვილს უძრავი ქონების მართვის კომპანია აქვს რეგისტრირებული. ივანიშვილს უძრავი ქონება აშშ-შიც აქვს, სადაც მისი ქალიშვილი – გვანცა [ვივიენ] ივანიშვილი ცხოვრობდა ბოლო წლების მანძილზე. სწორედ მის სახელზეა რეგისტრირებული ჩრდილოეთ კაროლინის შტატში, ქალაქ დარემში 2018 წელს 800 ათას დოლარად შეძენილი ეს ბინა და 2019 წელს 1,186,000 დოლარად შეძენილი ეს ბინა – 3-3 საძინებლითა და 2-2 აბაზანით.
ჟურნალისტის შეკითხვა: სანდრო, თქვენ და თქვენს ორგანიზაციას – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ძალიან ბევრი გაქვთ ნამუშევარი ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ აქტივებთან დაკავშირებით და ბოლო პერიოდში რა ცვლილებებიც განახორციელა “ქართული ოცნების” პარლამენტმა საგადასახადო შეღავათები მაქვს მხედველობაში, ივანიშვილმა სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ოფშორული აქტივების საქართველოში გადმოტანა. როგორ ფიქრობთ, მოარგო თუ არა “ქართულმა ოცნებამ” კონკრეტულად ივანიშვილზე ეს საგადასახო შეღავათები და რისთვის ჭირდება ეს ყველაფერი თვითონ უშუალოდ ივანიშვილს?
სანდრო ქევხიშვილი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” პროგრამის მენეჯერი: ამ კანონის მთავარი მიზანი არის ბიძინა ივანიშვილისთვის გადასახადებისგან თავის არიდება. ამ მორგებული კანონის მიღებით ბიძინა ივანიშვილი მოემზადა შესაძლო სანქციებისთვის, ამ კანონმა მას გაუმარტივა აქტივების გადმოტანა ქვეყანაში, ხომ?! რა იგულისხმება გამარტივებაში? ანუ რა არის სირთულე, როგორც წესი? დიდი სირთულე არ არის ხოლმე, მთავარი სირთულე არის ხოლმე სხვადასხვა ტიპის გადასახადები რაც გეხება, როდესაც ქონება გადაგაქვს ერთი ქვეყნიდან მეორეში, ანუ ამაზეა საუბარი, ეს არის მთავარი წინაღობა. მან ეს მთავარი წინაღობა მოიხსნა. ანუ საქართველოს ბიუჯეტში მან არ გადაიხადა მრავალი ათეული მილიონი ლარი ამ კანონით და რა თქმა უნდა, ეს არის, ეს მოხდა სანქციების გამო, სანქციებისთვის მოემზადა ის, ამიტომ ეს კანონი შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც სანქციებისგან გვერდის არიდების კანონი
BBC: რომან აბრამოვიჩის ქონება გაყინულია.
ჟურნალისტის ხმა: აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს სანქციების შედეგად უცხოეთში არსებული ქონებები გაეყინათ პუტინის მოკავშირე რუს ოლიგარქებს. 2024 წლის შემოდგომიდან თბილისში უწყვეტი პროევროპული საპროტესტო აქციები იმართება, რომლებსაც სხვადასხვა სადამსჯელო მეთოდით უსწორდება ბიძინა ივანიშვილის პრორუსული “ქართული ოცნების” ხელისუფლება. სწორედ ამიტომ მოქალაქეები აქტიურად ითხოვენ ივანიშვილის, მისი მთავრობისა და დამფინანსებელი ბიზნესმენების დასანქცირებას ევროკავშირიდან და გაერთიანებული სამეფოდან.