აქციის მონაწილეების წამება

ჟურნალისტი: სტუდია მონიტორი
Divider dot 8 დეკემბერი 2024

ზვიად მაისაშვილი: გარშემო ყველა მხრიდან პოლიციელები მირტყამდნენ და ამის შემდეგ გავითიშე.

ვატო გვაზავა: ის ჩემი მეგობარი რომ გადმომეფარა, მუხლზე გადაიტეხეს მაგის ხელი.

ავთანდილ ტიტვინიძე: დამეწყო სისხლდენა, თქრიალით ჩამომდიოდა და მომაწოდა “ნასკი”, ამითი მოიწმინდეო.

ლაზარე კომახიძე: როცა მივხვდი, რომ შეიძლება მოვეკალი ამ ადამიანს, ამ დროს მივაძახე, რომ სოზარ სუბარი ჩემი ძმის ნათლიაა-მეთქი.

ჟურნალისტის ხმა: როგორ გაუსწორდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტანენტის თანამშრომლები მშვიდობიანი მომიტინგეებს?

გიორგი ჩუტკერაშვილი: შემდეგ იყო იარაღით მუქარაც.

გია ჯვარშეიშვილი: გაგაუპატიურებთ, მო******ვთ, – აი, ასე პირდაპირ.

დავით ჯანიაშვილი: დუბინკებითო და არა მარტო დუბინკებით, ფიზიკურად გაუპატიურებითაც გვემუქრებოდნენ.

ჟურნალისტის ხმა: მოქალაქეები შსს-ს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ამხელენ.

ლევან იოსელიანი: ეს უტოლდება წამებას. კანონი ამბობს, რომ ეს არის არასათანადო მოპყრობა.

სათაური: აქციის მონაწილეების წამება

ავთანდილ ტიტვინიძე, პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილე, დაზარალებული: ვიდეოში ჩანს, რომ არაფერი არ მჭირს, ისე მივდივარ და შემდეგ უკვე დაკავებულზე, რომ გავცდი პარლამენტს ვიღაცას მოუნდა, ბეისბოლის თამაში – გადმოხტა და დავცხოთო. აი, ეს ცხვირში ისე მომხვდა, რომ დანარჩენი – არც ტკივილი მახსოვს. ხელი გასიებული მაქვს, ფეხიც გახეხილი მაქვს, მხარიც, კისერი გაჭედილი. ცხვირის ძვლები მაქვს დამტვრეული და ტვინის შერყევა.

ჟურნალისტის ხმა: გორელი აქტივისტი ავთანდილ ტიტვინიძე 30 ნოემბერს, დაახლოებით დილის 06:30 სთ-ზე დააკავეს თბილისში, როდესაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპული აქციიდან შინ ბრუნდებოდა. უწყვეტი აქციები დედაქალაქსა და საქართველოს ქალაქებში 28 ნოემბრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” მიერ დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე გადადო მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. აქციაზე დაკავების შემდეგ ავთანდილ ტიტვინიძე  შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ე.წ. გდდ-ს თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს.

ავთანდილ ტიტვინიძე, პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილე, დაზარალებული: რომ შემომარტყეს, დამეწყო სისხლდენა, თქრიალით ჩამომდიოდა, გათიშული ვიყავი, ფაქტიურად. აი, რომ მიმიყვანეს, ფურგუნ-მარშუტკა იყო – მიკროავტობუსი არ ერქვა, ეგ იყო მარშუტკა. მაგასთან რომ ვიდექი, რიგში ვიდექი ფაქტობრივად, ტენიდნენ ხალხს და მომაწოდა “ნასკი”, ამითი მოიწმინდეო. მერე მომაწოდა სვიტრი, ამითი მოიწმინდეო. შემტენეს, ტელეფონიც წამართვეს. მე გამიმართლა, ყველგან მაგას ვამბობ, რომ მოვხვდი ბოლოში. ვინც გააღებდა ამ მარშუტკის კარებს, პირველს სულ სახეში ხვდებოდა ყველა გაღებაზე. ერთ-ერთ გაღებაზე ტელეფონი წამართვეს, და ეხლაც არ ვიცი, სად არის. მერე რაც შეეხება, 6-საათნახევარი სისხლი მომდიოდა და რომ ვითხოვდი ექიმს, თურმე ექიმი არ მოდის.

ჟურნალისტის ხმა: როგორც ავთანდილ ტიტვინიძე იხსენებს, პოლიციაში მას უთხრეს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევისთვის დააკავეს, რაც სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ავთანდილ ტიტვინიძე, პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილე, დაზარალებული: ის 173-ე მუხლი იმას მოიცავდა, რაც არ დამიშავებია და ეს კაცი, ვითომ ჩემი დამკავებელი, მეუბნება, რომ ორი ხელით იგინებოდიო, მე დაგინახე პირადადო, ცხოვრებაში რავი ერთი-ორჯერ თუ შემიგინია, მით უმეტეს რა პოლიციელების მიმართ?!

ჟურნალისტის ხმა: პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილე, 29 წლის გიორგი ჩუტკერაშვილი 29 ნოემბერს, გამთენიისას დააკავეს რუსთაველის გამზირზე. გიორგი დეტალურად იხსენებს, თუ როგორ სასტიკად გაუსწორდნენ მას დაკავების შემდეგ გდდ-ს თანამშრომლები.

გიორგი ჩუტკერაშვილი, პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილე, დაზარალებული: ჩვეულებრივად, ფეხის ნაბიჯებით მივყვებოდი, რა თქმა უნდა, იყო კეფაში რტყმა, ზურგში წიხლები, ვეუბნებოდი – არ გინდათ, ჩემით მოგყვებით, რა საჭიროა ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც არ ვიცი რატომ გადაწყვიტეს ისევ დაგდება ჩემი და უკვვე 4 კიდურით წაღება, ასე ვთქვათ. როდესაც კორდონს გავცდით, ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ბოტასი გამხადა. მე მგონია, რომ ეხლა წამიყვანენ და პატრულის მანქანაში ჩამსვამენ და გადამიყვანენ განყოფილებაში, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება, მაგრამ ეგრე არ აღმოჩნდა. შემაგდეს რაღაც სადამსჯელო სამარშუტო ტაქსში, სადაც გამისწორდა დაახლოებით 10 სპეცრაზმელი მინიმუმ. რომ იღლებოდნენ, იცვლებოდნენ, გარედან დანარჩენი სპეცრაზმელები უყურებდნენ ამ სეირს, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, არ ვიცი, სასწაული პირდაპირ, ისეთი გინებები იყო, იყო დამცირებები, დაცინვები, ადამიანის აბუჩად აგდება. შემდეგ იყო იარაღის მუქარაც, ანუ იარაღს, მოკიდა ხელი და წამოიღო ჩემსკენ, რა. კიდევ ერთი მომენტი ის იყო, რო ამ რტყმის დროს, ხელები რომ მქონდა ესე აფარებული სახეზე, ეს ღვიძლის მხარე იყო გახსნილი და დაიწყეს წიხლების, ღვიძლში, რტყმა. რა დროსაც, ერთ-ერთი დარტყმის დროს მომცა, აი, ძაან ისეთი მძიმე სპაზმი, რა ისე, რომ ვეღარ, აი, დავეცი და აი, პირველი ამოსუნთქვა გამიჭირდა ძაან და მეორედ რომ ამოვისუნთქე, ეს სპეცრაზმელი დაიხარა, ეს სახე გამისწორა თვალწინ – ნიღაბი ეკეთა, რავი, არ დამავიწყდება არასდროს და კარგად ხარო? – მე მეუბნება და კი-მეთქი და აი, მაგ დროს – “კი” და მაგის მუშტი მოქნეული ცხვირში ერთი იყო, რა. თან, პლიუს ამას ჯიბგირობენ: კურტკა წამართვეს, რომელიც დაიტოვეს, ფეხსაცმელი წამართვეს, რომელიც დაიტოვეს, სავარაუდოდ ,ზურგჩანთა წამართვეს, რომელიც დაიტოვეს და დღემდე არ დაუბრუნებიათ. შემდეგ, ერთი ნახევარი საათი, როცა უკვე ჩვენ მაგრად გვცემეს – ყველანი, გვითხრეს, რომ ეხლა თქვენო გადაგიყვანთო პატრულის მანქანაშიო. როცა ჩავედი, მე ფეხზე არაფერი არ მაცვია, არც ქურთუკი არ მაცვია და ვარ უზომოდ სველი იმიტომ, რომ მანამდეც რომ მივყავდი, უკვე წვიმა იყო დაწყებული. ხოდა, ამ ნაცემზე მივდივარ, პატრულის მანქანა იყო დაახლოებით ორმოცდაათ მეტრში,და ეს ორმოცდაათი მეტრი რაც გავიარე, გზაში, ესე ალაგ-ალაგ სპეცრაზმელი ვინც შემხვდა, აი, ყველამ გამოიწია ჩემსკენ და ყველამ დამარტყა აბსოლუტურად – ზოგმა წიხლი, ზოგმა იდაყვი, ზოგმა მუშტი, არ ვიცი… ერთ-ერთი იძახდა, რომ ეს როგორ ჯანზე არისო, არაფერი როგორ არ მოსდისო – უკვირდათ რა. და მეორე იძახდა: მოდი, მაშინ თითი მოვტეხოთო და რაღაც მომენტში დაიწყეს ჩემი თითის კი არა, ხელის მოტეხვა, გესმით?!

ჟურნალისტის ხმა: შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი 29 ნოემბერს დააკავეს პროევროპული აქციის დარბევის დროს. ამბობს, რომ დაკავების დროს გდდ-ს თანამშრომლები სცემდნენ, ფიზიკურად შეურაცხყოფდნენ და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.

გია ჯვარშეიშვილი, პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილე, დაზარალებული: სპეცრაზმელები რომ მომცვივდნენ, მე არ გავუწიე წინააღმდეგობა, არც მეგონა, რომ დამიჭერდნენ და ხელები ავწიე და მერე უკვე წავიდა, ორი-სამი ნაბიჯის გადადგმის მერე იყო უკვე ეგრევე ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა: გაგაუპატიურებთ, მო******ვთ, – აი, ასე პირდაპირ… მერე უკვე დაკავების მანქანაში წიხლებით, ფეხსაცმლის ძირებით, სამხედრო ძირებით, ზევიდან მიზანმიმართული თავში ჩარტყმის მცდელობები. სულ მარჯვენა მხარეს ვეგდე, ასე ვთქვათ, ემბრიონის პოზა შევეცადე მაქსიმალურად მიმეღო და ხელები მქონდა თავზე წაფარებული. მირტყამდნენ აბსოლუტური გამეტებიდა აი, როგორც კი შემაგდეს, რაც გააკეთეს პირველი, გამძარცვეს ფაქტობრივად. ერთმა მეორეს უთხრა, ტელეფონი ჯიბიდან ამოუღეო. აი, ასე ხელის ჯიბეში ჩაყოფით ამომაცალეს ტელეფონი. და მეორე ჯიბიდან, შარვლის ჯიბიდან, ვსაუბრობ წინა ჯიბეზე, რომ ვერ დაკარგავ, ეგრე მქონდა განთავსებული საფულე და ფულადი ნივთები, ეგეც ამოიღეს, გამძარცვეს.

ჟურნალისტის ხმა: 22 წლის დავით აბულაძე პროევროპულ აქციაზე 2 მეგობართან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ის გდდ-ს თანამშრომლებმა დააკავეს. მათ არ დაიჯერეს ახალგაზრდა ბიჭის მინიშნება, რომ სმენის და საუბრის პრობლემა ჰქონდა და უმოწყალოდ სცემეს, შემდეგ კი – ტელეფონი წაართვეს.

ირმა ლომიძე, დავით აბულაძის დედა: რომ დაგვიჭირეს, მე ვუთხარიო, რომ არ მესმისო და არ მჯერაო, მატყუარა ხარო, შენ გესმისო, მოდიო მოგწერო და არა-არაო და დამიწყეს ცემაო მერე. ტვინის შერყევაა, ცხვირის მოტეხილობაა, მენჯის დაზიანებაა დაჟეჟილობა და სახეზე რასაც ხედავთ, აი, ფორმა 100 ხელზე გვაქვს და დაჟეჟილობა მთელ სახეზე. ხელი სტკივა და ფეხიც ტკივა.

ჟურნალისტის ხმა: ლაზარე კომახიძე პროდასავალური აქციის დარბევის დროს, 29 ნოემბერს დააკავეს, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც ტვინის შერყევა დაუდგინდა. როგორც ლაზარე ჰყვება, გდდ-ს თანამშრომლებმა არა მხოლოდ ფიზიკურად იძალადეს მასზე, არამედ გაძარცვეს კიდეც, რადგან კომპიუტერი წაართვეს.

ლაზარე კომახიძე, პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილე, დაზარალებული: ამ დროს გზის მეორე მხრიდან გადმოდის ეს რობოკოპი და ჯერ მუშტებს მირტყამს და მერე უკვე წიხლებს. ერთი რაც მოვასწარი, რომ ხელები ამეფარა სახეზე, იმიტომ რომ პირდაპირ მირტყამდნენ. თან ფეხსაცმელები, რომელიც აცვიათ, არ არის ჩვეულებრივი რეზინის, მყარი მასალით არის გაკეთებული. წიხლი იყო მორტყმული ამ ადგილას, თავიდან მუშტებით დაიწყო და მერე წიხლებით გააგრძელა. როცა მივხვდი, რომ შეიძლება მოვეკალი ამ ადამიანს, ამ დროს მივაძახე, რომ სოზარ სუბარი ჩემი ძმის ნათლიაამეთქი და ამაზე, ერთ-ერთმა გდდ-მ გაწია ეს რობოკოპი. ამ გდდ-მ ისიც მითხრა, რომ თუ შენი ნათესავი არის, აქ რა გინდაო. ამაზე მე მქონდა პასუხი, რომ ეს არის რუსეთის ხელისუფლება, რომელსაც ვეწინააღმდეგები, ჩემი მხრიდან მშვიდობიანი პროტესტით.  მე როცა აღმომაჩნდა ადამიანი, ვინც შეიძლებოდა იქ მეხსენებინა, ამან გადამარჩინა, მაგრამ ბევრ ადამიანს ეს არ ჰქონდა და განწირულად ურტყამდნენ. და ეს ხდებოდა ისეთ სივრცეში, სადაც ადამიანები ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ და მგონია, რომ პირდაპირი დავალება იყო, რომ უშუალოდ თავში უნდა ყოფილიყო ეს დარტყმები, რომ ადამიანისთვის მაქსიმალური ზიანი მიეყენებინათ.

ჟურნალისტის ხმა: დავით ჯანიაშვილი 1 დეკემბერს დააკავეს რუსთაველზე პროევროპული აქციის დარბევის დროს. იხსენებს, რომ როგორც კი გდდ-ს თანამშრომლების კორდონში შეიყვანეს, მისი უმოწყალოდ ცემა დაიწყეს –  გაუტეხეს თავი და ახლა შინ ტვინის შერყევის დიაგნოზით მკურნალობს.

დავით ჯანიაშვილი, პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილე, დაზარალებული: უკვე სპეცრაზმის რიგები რომ გავიარეთ და მედიის თვალს მოვშორდით მანდ უკვე დაიწყო, კორიდორი როგორც არის და ამ ხაზში იქით აქეთ მყოფი ადამიანები სიარულისას, ასე ჩამოკიდებული რომ ვიყავი ფეხებით და ხელებით, ზოგი ფეხებში მირტყამდა, ზოგი ხელებში, ზოგი სახეში მირტყამდა. ნუ, მაგრამ რეალურად ეს ცემა არ იყო, ცემა დაიწყო მერე, როცა შემაგდეს სამარშრუტო მიკროავტობუსში, რაც გაგრძელდა დაახლოებით ნახევარი საათი მინიმუმ და ეს რტყმა არ იყო უბრალოდ მსუბუქი შემოლაწუნება, ეს იყო მუშტით პირდაპირ ცხვირში, ყველაზე სათუთ ადგილებში. სახეში, ყბებში, ფეხსაცმელებით, ჩექმებით ნეკნებში რტყმა. ბოლოს ეგ რომ არ ეყოთ, ფეხებზე გადავიდნენ, აი, კუნთები რაც გვაქვს გვერდზე, ეგ რომ დაეზიანებინათ და ფეხზე რომ ვერ დავმდგარიყავი და რამენაირად ყველანაირად გავენეიტრალებინე. ასე, გზაში იმ მანქანიდან მინივენამდე, რომელსაც გადავყავდით განყოფილებაში, ასევე ვინც შეგხვდა გზაში, ამ დაზიანებულ და გასიებულ სახეზე ასეთ მდომაროებაში კიდევ ხელი დაგვარტყა და თან ფეხშიშველებიც ვიყავით, გვციოდა, სველები, შიგნით წყალიც დაგვასხეს, მეც შემომაგლიჯეს ტანსაცმელი. ფეხსაცმელები წამართვეს, იმიტომ რომ კარგი ფეხსაცმელები გაცვიაო, ჩანთაში რაც მელაგა, ესენი წამართვეს, ჩანთა მოგვპარეს, ჩემთან ერთად ვინც იყო, მაგას ქურთუკი მოპარეს.

ჟურნალისტი: ნაცემი აქტივისტების ძალიან დიდი ნაწილი გვეუბნება, რომ მათ ცემის დროს სექსუალური ძალადობით ემუქრებოდნენ. თქვენს შემთხვევაშიც იყო ასეთი რამ? 

დავით ჯანიაშვილი: კი! ანუ რატომ ჰქონდათ ასეთი სექსუალური აქტივობის სურვილი ჩვენთან, მაგას ვერ ვხვდები. ყველა მომენტში, დუბინკებითო და არა მარტო დუბინკებით, ფიზიკურად გაუპატიურებითაც გვემუქრებოდნენ… ნუ, დეტალებში აღარ მინდა შევიდე, ცოტა ისეთი სალაპარაკოა, მაგრამ ნუ… გაუპატიურება კიდევ ერთია, მკვლელობითაც გვემუქრებოდნენ.

ლაზარე მაღლაკელიძე, პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილე, დაზარალებული: ეს ყველაფერი როცა მოხდა, ეს იყო 2 დეკემბრის დილა, როდესაც უკვე აქცია დაარბიეს, იშლებოდა და ტოვებდა რუსთაველის ტერიტორიას. მე, როგორც დანარჩენი მომიტინგეები, უკვე მივდიოდი სახლში და ამ დროს ეს ხალხი, როცა მშვიდობიანად სახლში მიდიოდა, რობოკოპებმა გაარღვეს თავისი ბარიერი, უცბად გამოვიდნენ და ვინც მოახერხეს, რომ იმ მომენტში დაეჭირათ, დაიჭირეს, მე ვიყავი ერთ-ერთი.

ჟურნალისტის ხმა: 20 წლის ლაზარე მაღლაკელიძე ჩვენთან საუბარში იხსენებს, თუ როგორ სცემეს და გაძარცვეს გდდ-ს თანამშრომლებმა აქციაზე დაკავების შემდეგ.

ლაზარე მაღლაკელიძე, პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილე, დაზარალებული: როგორც კი პეპერ-სპრეი შემასხეს, მე მაშინვე ძირს დავწექი და თავზე ხელი დავიფარე, ამ დროს მომვარდა რამდენიმე კაცი, ამ მომენტში რამდენჯერმე წიხლი ჩამარტყეს, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული, ზუსტად ორ წამში ყველანაირი ნივთი ამომაცალეს ჯიბიდან, აქ საუბარი არის საფულეზე, რომელშიც იყო ბარათები, პირადობა, საუბარია ტელეფონზე, შემდეგ უკვე სცადეს ჩანთის მოხსნა, რომელიც მეკეთა, იმიტომ, რომ ძირს რომ ვიყავი, ვერ მოახერხეს მოხსნა, აიღეს და საერთოდ შემომაგლიჯეს ეს ჩანთა.  ამის შემდეგ მოვიდა, ორმა ადამიანმა მხრებში ხელი ამომდო და დაიწყეს ჩემი გადაყვანა თავიანთ ამ შტაბამდე, რაც აქვთ ამ მანქანებით. თავიდან დაიწყეს იმით, რომ უბრალოდ ნებისმიერი სპეცრაზმელი მირტყამდა, ვისაც მოეპრიანებოდა, შემდეგ საკუთარი საწვიმარი თავზე გადამაფარეს, ორმა ადამიანმა ხელები დამიკავა და დაიწყეს ჩემთვის სახეში რტყმა, ზუსტად ეს რამდენი ხანი გრძელდებოდა, მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ რაღაც პერიოდის მერე გონება დავკარგე. ამის შემდეგ ცოტა გამოვფხიზლდი ისევ და რომ მიხვდნენ, რომ გამოვფიხზლდი იმიტომ, რომ გადახდა ვცადე ამ საწვიმრის, ისევ ერთი რაუნდი ისევ მცემეს. ამის შემდეგ დაახლოებით 30 წამში ამოვიდა ჩვენთან 5 სპეცრაზმელი, რომლებმაც ამ სამარშრუტო ტაქსში შუქი ჩააქრეს, დაბურულია და აბსოლუტურად დაბნელდა და იქ განაგრძეს ჩვენი ცემა. რომ მომხვდა წიხლი თავში, იმის მერე დავკარგე გონება, გინება ყველანაირი ტიპის, ამას ემატება შეურაცხყოფა ზოგადსაკაცობრიო თემებზე, ეს არის კაცობაზე, ქვეყნის სიყვარულზე და ა.შ. და მუქარები – საუბარი არის რომ დუბინკით გაგაუპატიურებთ, ტრ…ში დაგიყენებთ, თქვენ ხო ეგრე გევასებათ – ტრ…ში რაღაცები და ა.შ. ამ ტიპის შეურაცხყოფები იყო ასევე უხვად.  მე სხვა ადამიანებთან შედარებით ძალიან კარგად გამოვძვერი, მხოლოდ და მხოლოდ ტვინის შერყევით, გატეხილი ცხვირით, აქა-იქ თავზე დაზიანებებით, ყბაც მტკივა და კბილიც წავიტეხე, მაგრამ მაგას ვინ ჩივის.

ჟურნალისტის ხმა: ამ ვიდეომასალაში კარგად ჩანს, თუ რა სისასტიკით უსწორდებიან გდდ-ს თანამშრომლები პროევროპული აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, 23 წლის ზვიად მაისაშვილს.

ზვიად მაისაშვილი, პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილე, დაზარალებული: უცებ დავინახე ადამიანი, რომელიც არ ვიცოდი პოლიციელი იყო თუ არა და რეაქციით მივხვდი, რომ რახან ჩემსკენ გამოიწია, მივხვდი, რომ პოლიციელი იყო ეს ადამიანი: ნიღბიანი, ნიღაბი ეკეთა, ჩემსკენ მოვარდა, უცებ დამარტყა, რის შედეგადაც დავვარდი, ძირს დავეცი და უცებ გარშემო ყველა მხრიდან პოლიციელები მირტყამდნენ და ამის შემდეგ გავითიშე, მე უკვე მაგის მერე რა, ის კადრები, რაც გავრცელდა, მე უკვე აღარ მახსოვს, გათიშული ვიყავი. როგორც შემდგომ ჩემი ძმისგან გავიგე, მან დაინახა, როგორ მომვარდა პოლიციელი, როგორ დამაგდო ძირს და უნდოდა ჩემი გადარჩენა, მარა მასაც სხვა პოლიციელებმა დაუწყეს მანამდე რტყმა, და ისიც მალევე გაითიშა. საბოლოოდ ეგრე გამოვიდა, რომ მე უკვე გონზე მაშინ მოვედი, როცა სასწრაფოს მანქანაში ვიყავი. ცემის შედეგად მივიღე ტვინის შერყევა. ასევე, მაქვს მრავლობითი ჩატეხილობა ცხვირის ძგიდეში, დღეს ვიყავი ექიმთან და თაბაშირი მომხსნეს, მაგრამ მაინც არის იმის საფრთხე, რომ თუ რაღაც არასწორად მექნება ცხვირი ან რაღაცა, მომხვდება ისევ… ანუ დიდი ყურდღება ჭირდება მაინც, რომ სწორად შეხორცდეს და სწორად განვითარდეს პროცესები. ცხოვრებაში არც პოლიციისთვის შემიგინებია და არც რამე არ მისვრია, მაგრამ მიზანმიმართულად მოვიდნენ და თან ამორჩეული ჰქონდათ რატომღაც სახეში რტყმა. ეს ალბათ უკვე მათი რაღაც ახალი ის არის. აქამდე ესე არ იყო, სავარაუდოდ. ძაან ბევრი შემთხვევა იყო, საავადყოფოში როცა ვიყავი, ყველა ვინც ნაცემი იყო, ყველას თავის არეში ჰქონდა ტრამვები მიღებული. მე ამ კუთხითაც ძაან გადავრჩი, იმიტომ რომ არ მოვხვდი დაკავებულთა სიაში, რაშიც გადამარჩინა მსახიობმა გიორგი ბახუტაშვილი, რომელმაც ხელში ამიყვანა და მანქანაში ჩამსვეს. დარეკეს სასწრაფოში და მიმიყვანა სასწრაფოს მანქანამდე.

იოსებ ჩანადირი, ალექსანდრე თირქიას ბიძა: ეს არის ოთხის ნახევარი დაახლოებით. აი, მაგ დროს შევედი მე სახლში… და სახლში, როგორც კი მივედი, ბებომ დარეკა, რომ ალექსი ვნახეო პირდაპირ ეთერშიო, სისხლიანი არისო და სასწრაფოს მანქანაში გადაიყვანესო. რა თქმა უნდ,ა ეგრევე დავრეკეთ 112-ზე, რაც მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ იყო ინგოროყვას კლინიკაში გადმოყვანილი და მოვედით, გზაში ველაპარაკეთ, აზრზე იყო, გვესაუბრებოდა, გვეუბნებოდა, რომ ბებოს დაურეკეთო, რომ კარგად ვარ, რომ არაფერი ისეთი არ მჭირსო, უბრალოდ თავი მაქვს გატეხილიო და დაამშვიდეთო, ტირისო რა. თან, იცინოდა, რაღაცეებს გვეხუმრებოდა. ხოდა რომ მოვედით, მერე უკვე ექიმს ვკითხე: რამე პლასტიკური ოპერაცია ხომ არ დაჭირდება-მეთქი და ექიმს გაუკვირდა, რა დროს პლასტიკური ოპერაციები, მეათე ხარისხოვანი არისო, მთავარია, ეხლა ალექსი გადარჩესო. მინდა მადლობა მოვუხადო ყველა იმ დემონსტრანტს, ყველა იმ ბიჭს, რომლებმაც აი უსწრაფესად მოახდინეს ალექსის გადაყვანა სასწრაფოს მანქანაში. ექიმმა გვითხრა, რომ, აი, ასე სწრაფად რომ არ მომხდარიყო ალექსის გადმოყვანა კლინიკაში, აუცილებლად სასწრაფო დახმარების მანქანაში დარჩებოდაო, იმდენად მძიმე დაზიანება აქვს.

ჟურნალისტის ხმა: 22 წლის ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მისი ემიგრანტი მშობლები საქართველოში 5 დეკემბერს დაბრუნდნენ, თუმცა მათ ჩვენთან საუბარი ვერ შეძლეს.

იოსებ ჩანადირი, ალექსანდრე თირქიას ბიძა: ამ მომენტისთვის მდგომარეობა ისევ ისე არის – სტაბილურად მძიმე, აქვს სერიოზული დაზიანება თავის ქალის, წარბთან შემტვრეული აქვს ძვალი, უცხო სხეულები ძვლის ფრაგმენტები ამოღებული აქვს, ჭრილობა ღიად დაუტოვეს, ტვინი ტრავმიდან გამომდინარე არის შეშუპებული და არის ხელოვნურ მიძინებაში, კომას რასაც ეძახიან .უკვე დამოკიდებული ვართ ალექსის ბრძოლაზე, როგორ გაუძლებს.

ჟურნალისტის ხმა: ექიმი ტრავმატოლოგი ვატო გვაზავა 2 დეკემბერს დააკავეს პროევროპული აქციის დარბევის დროს. ექიმი იხსენებს, თუ როგორ სასტიკად გაუსწორდნენ მას ფიზიკურად გდდ-ს თანამშრომლები.

ვატო გვაზავა, პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილე, დაზარალებული: დაგდებულზე პირველი მახსოვს, რომ ფეხი ჩამარტყეს სახეში. მერე ამწიეს და აქედან იქიდან გვერდებში გირტყამენ. მერე მიმიყვანეს რაღაცა შავი მანქანა იყო, იმ მანქანაში შეგვაგდეს, თან გზაში იძახდნენ, რომ ესე, ნუ ურტყამ, გვიღებენ ჯერ კიდევ რა. აი, რომ შეგვაგდეს ამ მანქანაში და ამოვიდნენ, კიდევ თავიდან და კიდევ იგივე დარტყმა. ხოდა, ამ დარტყმების დროს თან გჩხრიკავენ და ჯიბეში მედო ბინტები, ბეტადინები, პირველადი დახმარების რაღაცეები, ტკივილგამაყუჩებელი და ააშ. და ასე რომ მომკიდა – შენ მესვრიო პიროტექნიკას და რა პიროტექნიკას-მეთქი? ექიმი ვარ-მეთქი და ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარ, მეთქი ერთ-ერთ კლინიკაში თქო და აი, მაგი ვუთხარი თუ არა, ესე მომწია, ისედაც მაგარი ნაცემი, ასე სახით და ესე გამიყვანა და “შეფ-შეფ, ეს რაღაცის ექიმია”. არ ვიტყვი, რა სიტყვებს ეხლა იგი თავის შეფუთული გინებით ყველაფერი რაღაცის ექიმი არისო. და ეს შეფი ამოვიდა და იმან დამიწყო ცემა … მერე მიმაგდო კუთხეში და ერთი სამი ადამიანი მაგრად მირტყამდა. და ის ჩემი მეგობარი, ვინც გვერდზე იჯდა, ის გადმომეფარა. მე ის რომ გადმომეფარა, ამაზე ესე ხელი მოკიდეს და მუხლზე გადაიტეხეს მაგის ხელი და მაგ ადამიანს ოპერაცია ჩაუტარდა და ძალიან ისეთ ცუდ მდგომარეობაშია, დარტყმების გარდა კიდევ ეს ხელიც მოტეხეს, ეს ჩამთავრდა. მერე წაგვართვეს ყველაფერი. მე ტელეფონი წამართვეს, მანქანის გასაღები წამართვეს და ეს ჯვარი მომგლიჯეს. კიდევ ყელიდან ერთი ჯვარი რაც იყო მისი, რა ქვია, ოქროს ჯვარი იყო, და შიგნით ეს ძაფის, ის, რაც იყო, ის ვეღარ წაიღეს. იმასაც მაგლიჯავდა. ვეუბნები: მეთქი, ჯვარი დატოვეთ, ხომ არ გაგიჟდით და გაგიჟდიო და აი მაგის მერე ეს თავში იყო, რო ჩამარტყეს კიდევ რაღაცა. ამით არ დამთავრდა ყველაფერი. ხელებს რომ იფარებს, შეფი ეუბნება, რომ მიდიო, გაასწორეთ და ესე გამასწორეს, ხელები გადამიკოჭეს და მუცელში ჩამარტყეს მერე ხელი და ნუ გავითიშე. მერე უკვე გადამაგდეს მანქანიდან და გაჰყავხარ ასეთ კორიდორში – აქეთ-იქით დგანან ეს აი უჯიშო ველურები და აქეთ-იქიდან გირტყამენ – წიხლი, ფეხი, დუბინკა, რავი ყველაფერი, რაც ხელში უჭირავთ და რავი რაც აქვთ, ყველაფერს გირტყამენ, გადიხარ მაგ იმაში. და მერე რაღაც თოკით შემიკრეს უკან ხელები და რომ დამაბეს, ამიყვანეს უკვე კიდევ ერთ მანქანაში. იმ მანქანაში რომ ამიყვანეს, ეს მუხლი ჰქონდა დადებული ჩემზე რა ერთ ერთ პოლიციელს რა, და კიდე გავითიშე იქ. ჩემი დიაგნოზი არის, რომ ტვინის შერყევა მაქვს, ნუ, აი, შიგნიდან პირის ღრუში სულ დაგლეჯილი მაქვს ყველაფერი. ახლა დღემდე რა, მერამდენე დღეა უკვე გასული, მეოთხე-მეხუთე დღე არის და ნუ ცხვირიდან ნაფლეთები მომდის, ცხვირის ხრტილები მაქვს გატეხილი. ფეხებზე მიღებული  ტრავმები, სადაც ეს რომ დამაყენეს, და მერე რომ მირტყეს, რომ დამაგდეს, სისხლჩაქცევები. კიდევ ბარძაყის არეში ჰემატომა მაქვს, მხარი მაქვს მაგარი დაზიანებული, ამოვარდნილი.

ჟურნალისტის ხმა: პროევროპული აქციის მონაწილეები, რომლებსაც შსს-ს თანამშრომლები სასტიკად გაუსწორდნენ ფიზიკურად, იდენტურ ისტორიებს ჰყვებიან, კერძოდ, დაკავებულებზე ძალადობდნენ ჯგუფურად, განზრახ ურტყამდნენ ყველაზე ხილულ – სახის არეში, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდნენ და ემუქრებოდნენ სექსუალური ძალადობით. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ ეს არის სახელმწიფოს მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელიც კვალიფიცირდება წამებად და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულად. საია აპირებს, რომ ამ ფაქტებთან დაკავშირებით სარჩელით ჰააგის სასამართლოს მიმართოს.

ნონა ქურდოვანიძე, საია-ს თავმჯდომარე: დარღვევების მასშტაბი, მისი ეს გავრცელების მასშტაბი და ფორმები თავისი შინაარსით უკვე შესაძლოა უტოლდებოდეს დანაშაულს ადამიანურობის წინააღმდეგ, რომელიც საერთაშორისო სისხლის სამართლის კანონმდებლობის ფარგლებში ექცევა.

ჟურნალისტი: ანალოგიური შემთხვევები ხომ არ გახსენდებათ, ჰააგას სასამართლოში, მაგალითად სხვა ქვეყნების მაგალითზე, თუ მიუმართავთ ასეთ საქმეებთან დაკავშირებით და რა შედეგი დამდგარა?

ნონა: ასეთი პრაქტიკები არსებობს, როდესაც მიმართვა მოხდა და საქმეები ჯერ არის განხილვის ეტაპზე. მათ შორის შეიძლება გავიხსენოთ ვენესუელის შემთხვევა, შეგვიძლია გავიხსენოთ უკრაინის შემთხვევა, ასევე, ბელორუსის მაგალითზე არსებობს საერთაშორისო შეფასებები, რომ ეს ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს უთანაბრდებოდა. ამიტომ ამ შემთხვევაშიც, საქართველოს შემთხვევაშიც, მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ერთიანობაში, ამ პროცესის დანახვა, მტკიცებულებების ერთობლიობაში, გაანალიზება და იმის გამოკვეთა, რა იქნება ამ შემთხვევაში ის სწორი ფორმა, რომლითაც მოხდება იმ ადამიანების და ამ სიტუაციის შეფასება და იმ ადამიანებისთვის მართმსაჯულების დაყენება, რომლებიც ამ შემთხვევაში დაზარალდნენ.

ჟურნალისტის ხმა: სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მისი აპარატის თანამშრომლებმა 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში პროევროპულ აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 260 ადამიანი მოინახულეს და მათგან 188-მ სამართლადამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითა.

ლევან იოსელიანი, სახალხო დამცველი: როდესაც ადამიანს დაკავების დროს ასე ექცევიან, რა სურათები ჩვენ ვნახეთ და როგორი ნაცემი ადამიანებიც ჩვენ ვნახეთ საავადმყოფოებში, რა თქმა უნდა, ეს უტოლდება წამებას. ანონი ამბობს, რომ ეს არის არასათანადო მოპყრობა. შესაბამისად, ყველა ასეთ ფაქტზე უნდა მოხდეს ეფექტური გამოძიება და ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ასეთი სამართალდარღვევა, უნდა მიეცნენ პასუხისგებაში.

ჟურნალისტის ხმა: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ფაქტების გამოძიება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციაა, რომელმაც გამოძიება უკვე დაიწყო.

ჟურნალისტი: თქვენი კომპეტენცია არის იმ ნაწილში, რომ დაეხმაროთ და მიაწოდოთ შესაბამისი მასალები, პირთა ვინაობა და ა.შ. რა ინფორმაცია გამოითხოვა თქვენგან სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიაწოდეთ თუ არა რომელიმე პოლიციელის ვინაობა, რომელიც შესაძლოა ფიგურირებდეს ძალადობაში?

ალექსანდრე დარახველიძე, შს მინისტრის მოადგილე: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმის მასალებთან დაკავშირებით მე არ შემიძლია ვისაუბრო და არც მაქვს უფლება, რომ ვისაუბრო და არც მაქვს ინფორმაცია. ყველა იმ დაკავებული პირის შესახებ, ვისაც აქვს დაზიანებები, ან გააჩნია პრეტენზია სამართლდამცავთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ ხდება ინფორმირება საგამოძიებო სამსახურის და ეს არის საკანონმდებლო ვალდებულება, რასაც დროებით მოთავსების იზოლატორები ასრულებენ პირნათლად. ყველა დაზიანება, რაც შეიძლება ჰქონდეს დაკავებულს სტამბოლის პროტოკოლის მიხედვით ხდება მათი აღრიცხვა, შექმნა ამ დოკუმენტაციის და ინფორმაციის მიწოდება საგამოძიებო სამსახურისთვის. შემდგომში უკვე საგამოძიებო სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ჩაატაროს თუ არა გამოძიება, გამოითხოვოს თუ არა მასალები და ა.შ. როდესაც შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაცია იარსებებს, რომ გადავცეთ – ეს დოკუმენტაცია, იქნება ეს სასამართლოს გადაწყვეტილება ვაწვდით ამ ინფორმაციას, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობა ყველა ამ ინფორმაციას ვაწვდით.

ჟურნალისტის ხმა: არასამთავრობო ორგანიზაცია “კანონის უზენაესობის ცენტრი” სამართალდამცავი უწყებების, მათ შორის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მუშაობას აკვირდება. ორგანიზაციის ხელმძღვანელია ლონდა თოლორაიაა, რომელიც გასულ წლებში სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე მუშაობდა და სამართალდამცავების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს სწავლობდა.

ლონდა თოლორაია, “კანონის უზენაესობის ცენტრის” ხელმძღვანელი: მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი პოლიციელი ამ საგამოძიებო სამსახურის თხოვნის საფუძველზე გამოსაკითხად დღეს იქ არ მივა, იმიტომ რომ მე როცა იქ ვიყავი, ჩვენ გვქონდა ეს პრობლემები, სამწუხაროდ, და სხვათაშორის, მაშინ ამ სამსახურის ხელმძღვანელი იყო ჩვენი ზედამხედველი პროკურორი და ჩვენ რომ ვთხოვდით, რომ ეს პოლიციელები მოდით იძულებით წავიყვანოთ სასამართლოში, პირადად იყო წინააღმდეგი, რომ პოლიციელი იძულების წესით წაგვეყვანა სასამართლოში. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი არც ამ შემთხვევაში ჩათვლის მიზანშეწონილად იმას, რომ პოლიციელები, რომლებიც დღეს იქ გამოკითხვაზე არ მიდიან, წაიყვანოს სასამართლოში იძულებითი წესით. მე დარწმუნებული ვარ, რომ არანაირ ინფორმაციას მას არ აწვდის შინაგან საქმეთა სამინისტრო – ვინ დგას აი ამ რობოკოპების უკან, დარწმუნებული ვარ ამაში. მე დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ პროკურატურა სათანადო ტიპის შუამდგომლობებს არ წარადგენს სასამართლოში ამ მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რომელიც დღეს თუ არა ხვალ შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, როცა ჩვენ რეალურად დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებები და პროკურატურა გვექნება ამ დანაშაულის ჩამდენი პირების პასუხისგებაში მისაცემად და ამაზე ამ სამსახურმა უნდა ილაპარაკოს.

ჟურნალისტის ხმა: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრასა და კითხვებზე პასუხების მოძიებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცდილობდა უშედეგოდ. აღნიშნულ სამსახურში არ უპასუხეს არც სტუდია მონიტორის შეკითხვებს.

შსს-ს თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოყრობასა და წამების ფაქტებზე პროევროპული აქციების მონაწილე ათობით მოქალაქე საუბრობს. ისინი მათზე მოძალადე პოლიციელების დასჯას ითხოვენ, თუმცა დანაშაულის გამოძიების ნაცვლად, პრემიერმა კობახიძემ შსს-ს მადლობა გადაუხადა.

ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი: პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ მოვლენებს და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს, მიუხედავად უმძიმესი სისტემური ძალადობისა, რომელსაც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებები მიმართავდნენ და  მათი უცხოელი ინსტრუქტორენი მიმართავდნენ. პოლიციამ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა და წარმატებით დაიცვა სახელმწიფო კონსტიტუციური წყობილების ხელყოფის მცდელობისგან.

ჟურნალისტის ხმა: პროევროპული საპროტესტო აქციები 28 ნოემბრის შემდეგ ყოველდღიურად უწყვეტ რეჟიმში იმართება. ფიზიკური ძალადობის გარდა, აქციის მონაწილეების მიმართ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ინტენსიურად იყენებს წყლის ჭავლსა და სხვადასხვა სახის გაზს, რაც ექიმების შეფასებით დაუშვებელია.

გიორგი კამკამიძე, ალერგოლოგ-იმუნოლოგი: ცრემლსადენ აირს და გაზს რასაც ვეძახით, რეალურად ეს გაზი არ არის. ეს არის ფხვნილის სახით წარმოებული ნივთიერება რომელიც იხსნება ან სითხეში, ან ხდება მისი გაფრქვევა. ამ ნივთიერების შერევა და გახსნა წყალში, ეს არის გაზრდა ამ კონცენტრაციის, რომელიც ხვდება ადამიანის ორგანიზმს, როგორც შეფრქვევის გზით, ასევე ტანსაცმლის გაჟღენთით. ამ ნივთიერების კონცენტრაციამ, აი, არსაწორი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა, ფილტვის შეშუპება, რაც შეიძლება გახდეს ადამიანის სიკვდილის მიზეზი. ეს არის დიდი ზიანის მომტანი იმ ადამიანებისთვის ვინც მშვიდობიანად იქ აპროტესტებს და ისინი არ არიან, დაუმორჩიელბელი ჯგუფები და იწყება პირდაპირ დარბევა ასეთი ჯგუფების. ეს არის ფაქტობრივად, დანაშაული. ამ შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს ეკისრება ვალდებულება და ეკისრებოდა პირველივე დღიდან, რომ აწარმოონ მუშაობა იგივე ძალოვან სტრუქტურებთან. დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს ამ ნივთიერებების გამოყენება, რადგან ამ ნივთიერებების გამოყენება ძალოვანმა სტრუქტურებმა არ იციან, ან ხელოვნურად ხდება არასწორად გამოყენება. რასაკვირველია ცნობილი უნდა იყოს დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის შემადგენლობა, აბა, სხვა რა მოვალეობა აქვს ამ ცენტრს?!

ჟურნალისტის ხმა: დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროში სტუდია მონიტორის შეკითხვებს არ უპასუხეს. თავად გდდ-ს ხელმძღვანელი კი აქციების დარბევის დროს ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას უარყოფს.

ზვიად ხარაზიშვილი, გდდ-ს ხელმძღვანელი: გამოდიან და ყვირიან, გამოიყენეს არაპროპორციული ძალა, რომელ არაპროპორციულ ძალაზე ლაპარაკობთ? წიწაკას და იმას გაუძლებ ახლა შენ? მსგავსი რამე არ გამოყენებულა. 

ჟურნალისტი: ანუ წიწაკა და წყალი, ქიმიური ნივთიერება და წყალი არ გამოყენებულა? 

ზვიად ხარაზიშვილი: ქიმიური ნივთიერება რომ გამოვიყენო, აქ ვინმემ, რომ გამოვიყენოთ, ვერავინ ვერ დარჩება მანდ, რომ იცოდეთ. ჩვენ არ გამოგვიყენებია მსგავსი რამე.

ჟურნალისტის ხმა: ერთკვირიანი უწყვეტი საპროტესტო აქციების დარბევების შედეგად ასობით საქართველოს მოქალაქეა დაზარალებული. მათ მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე საუბრობენ უფლებადამცველები. ევროკავშირის წარმომადგენლებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის განცხადებით, ისინი ყველა იმ პირის სანქცირების საკითხს განიხილავენ, რომლებიც საქართველოში მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობაში მონაწილეობენ.

საქართველოს ციხეებში პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი ვიდეოები 2012 წლის 18 სექტემბერს, არჩევნებამდე 2 კვირით ადრე გავრცელდა. არჩევნებში კი მაშინდელი ხელისუფლება – “ნაციონალური მოძრაობა” დამარცხდა და მთავრობა ბიძინა ივანიშვილის “ქართულმა ოცნებამ” გადაიბარა.

ბიძინა ივანიშვილი, “ქართული ოცნების” დამფუძნებელი: ყველამ ნახეთ, ნახეთ და მოუსმინეთ, რა ხდება საქართველოს ციხეებში. თავზარდამცემია კადრები, როგორ აწამებენ, აუპატიურებენ და სცემენ უსუსურ კაცებს. კაცებს და ბავშვებს. გესმით თქვენ ეს რას ნიშნავს ხალხო, გესმით?!

ჟურნალისტის ხმა: ივანიშვილის ამ განცხადებიდან 12 წლის შემდეგ მის მიერ კონტროლირებული ხელისუფლება საქართველოს უდანაშაულო მოქალაქეებს არაადამიანურად უსწორდება და აწამებს.