ბაგა-ბაღების დირექტორები საარჩევნო მოხელეებად

ჟურნალისტი: მარიკა დუდუნია
Divider dot 4 მაისი 2023

დავით წიტაიშვილი, ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი: უნდა ვიცოდე ჩემი ბაღის გამგეები და 37-ნი არიან, ვინაა კომისიის თავმჯდომარე?

ჟურნალისტის შეკითხვა: იყენებს თუ არა ამ რესურსს მმართველი პარტია, მე ვგულისხმობ ბაღის დირექტორებს?

ხათუნა თოლორაია, ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის  დირექტორი: ამასთან დაკავშირებით მე მინდა გითხრათ, რომ ესენი არიან ამ მომენტისათვის შვებულებაში

ჟურნალისტის ხმა: როგორ და რატომ ინიშნებიან ბაგა-ბაღების დირექტორები საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებად?

ჟურნალისტის შეკითხვა: ის, რომ ვთქვათ, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირი ბრძანდებით, ამან ხომ არ იქონია გავლენა იმაზე, რომ არჩევნებში ხართ ჩართული?

თამილა ხარშილაძე, თბილისის #135 ბაგა-ბაღის დირექტორი: სავარაუდოდ, არა.

ჟურნალისტის შეკითხვა: ქართული ოცნების მხარდამჭერი ბრძანდებით?

ნონა ჩუბინიძე, ქუთაისის #19 ბაგა-ბაღის ხელმძღვანელი: მხარდამჭერი რა ვიცი ახლა, როგორ გითხრათ.

ჟურნალისტის შეკითხვა: ხართ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი?

ემა აბსანძე, ანაკლიის საბავშვო ბაღის დირექტორი: ჩემი გარკვეული აზრი მაქვს…რა თქმა უნდა, ვარ მხარდამჭერი.

ჟურნალისტის ხმა: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი. “თავისუფლების მონიტორმა” გაარკვია სქემა, თუ როგორ ასაქმებს ხელისუფლება პარტიულ აქტივს ბაღებში და როგორ ავსებს მისი მხარდამჭერებით ნეიტრალური წევრებისთვის გამოყოფილ კვოტებს საარჩევნო კომისიებში.

სათაური: ბაგა-ბაღების დირექტორები საარჩევნო მოხელეებად

ჟურნალისტის სტენდაფი: საჯარო ბაღების შენობებში გახსნილ საარჩევნო უბნებში არჩევნების პროცესს ხშირად ამავე ბაღების დირექტორები ხელმძღვანელობენ. ჩვენ ახლა ერთად გავარკვევთ, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება ამ ადმინისტრაციულ რესურსს არჩევნებში მის სასარგებლოდ.

გრაფიკა: საარჩევნო კოდექსის მიხედვით, თითოეული საუბნო კომისია 17 წევრისგან შედგება. აქედან 9 – პარტიების წარმომადგენელია, 8 წევრი კი – საოლქო საარჩევნო კომისიამ პროფესიული ნიშნით უნდა დანიშნოს.

ნინო დოლიძე, ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი: პროფესიული წევრები, სამწუხაროდ, ხშირად აფილირებული არიან მმართველ პარტიასთან.

ჟურნალისტის ხმა: “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” წლებია, აკვირდება არჩევნებს საქართველოში. ორგანიზაციის ხელმძღვანელი გვეუბნება, რომ როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მიკერძოებულია, ეს პირდაპირ იმ პარტიის სასარგებლოდ აისახება საარჩევნო პროცესზე, ვისაც თავმჯდომარე უჭერს მხარს.

ნინო დოლიძე, ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი: ის, რომ თავმჯდომარე უნდა იყოს დამოუკიდებელი და ნეიტრალური, არის გადამწყვეტი უბანზე პროცედურების წარმართვისთვის და თუ ეს ასე არ ხდება, შესაბამისად, იმ უბანზე პროცესები უკვე ნაკლოვანებებით ან ყოველ შემთხვევაში, ერთი პარტიის მხარდასაჭერად არის ხოლმე.

ჟურნალისტის ხმა:  მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედი დაახლოებით 3700 საარჩევნო უბნიდან 2000-მდე – საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების შენობებშია განთავსებული. შესაბამისად, კომისიების თავმჯდომარეებად ხშირად სწორედ სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები ინიშნებიან. ამჯერად ჩვენ საბავშვო ბაღების მაგალითზე მოგიყვებით, თუ როგორ იყენებს მათ ხელისუფლება საარჩევნო მიზნებისთვის. ამისთვის კი საქართველოს რამდენიმე ქალაქში ვიმოგზაურეთ. პირველი გაჩერება ქუთაისში გვაქვს. “თავისუფლების მონიტორმა” გაარკვია, რომ 37-დან 10 – იმავდროულად საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ან წევრია. გაერთიანების დირექტორთან შევეცადეთ გაგვერკვია, თუ როგორ და რა ნიშნით შეირჩნენ მისი წარმომადგენლები საარჩევნო კომისიებში.

ჟურნალისტის შეკითხვა: მაინტერესებდა ეს ადამიანები “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არიან, თუ როგორ მოხვდნენ?

დავით წიტაიშვილი, ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი: თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა, მე შეკითხვას სწორად მისვამთ? მე უნდა ვიცოდე ჩემი ბაღის გამგეები და 37-ნი არიან, ვინაა კომისიის თავმჯდომარე?

ჟურნალისტის შეკითხვა: ბევრნი არიან და თუ გნებავთ, ჩამოგითვლით.

დავით წიტაიშვილი: რა, არ ვიცი, წარმოდგენა არა მაქვს.

გრაფიკა:   ბაგა-ბაღების დირექტორებს “ბაგა-ბაღების გაერთიანება” ნიშნავს. გაერთიანების დირექტორის მოადგილე ნანა შენგელია მმართველი პარტიის აქტივისტია. გაერთიანების კიდევ ერთი თანამშრომელი – მაკა გაჩეჩილაძე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრია “ქართული ოცნებიდან”.

ჟურნალისტის შეკითხვა: თქვენი მხრიდან დირექტივას ხომ არ ჰქონია ადგილი, როგორც გაერთიანების თანამშრომელს, ბაღის დირექტორების მიმართ, რომ დაუჭირონ მხარი ქართულ ოცნებას?

მაკა გაჩეჩილაძე, ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი “ქართული ოცნებიდან” და ბაგა-ბაღების გაერთიანების სპეციალისტი: არა, არასოდეს. მე რატო, რატო? ყველა, არა არასოდეს. მე თუმცა პარტიის ინტერესებს ვიცავ აქ, მაგრამ დირექტირვას არასდროს არ გავცემ

ჟურნალისტის შეკითხვა: ქალბატონ ნანაზე იგივეს ვერ იტყვით?

მაკა გაჩეჩილაძე: ნანას მაგივრად მე როგორ გიპასუხოთ?

ნანა შენგელია, ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილე: იცით, რომ ვარ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, ამას გიდასტურებთ. გიდასტურებთ იმას, რომ ვთქვათ, თუ არიან ბაღის გამგეები კომისიის წევრები და ოლქიდან დანიშნულები თუ არიან, ალბათ, არ იქნებიან პარტიის წევრები ან მხარდამჭერები.

ჟურნალისტის შეკითხვა: თქვენი მხრიდან ხომ არ ჰქონია დირექტივას ადგილი, რომ მხარი დაუჭირონ პარტიას, რომელსაც თქვენ უჭერთ მხარს?

ნანა შენგელია: გეუბნებით, რომ არ ჰქონია, დაიჯერებთ თუ არა, არ ვიცი ახლა.

ჟურნალისტის სტენდაფი: ეს მე-19 ბაგა-ბაღის შენობაა, რომელშიც 94-ე საარჩევნო უბანია გახსნილი. 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” პირველად გაიმარჯვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ამ ბაღში, ისე როგორც ბევრ სხვა ბაღში, ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა. ბაღის ახალი  დირექტორი “ოცნების” აქტივისტი ნანა შენგელია მოგვიანებით გაერთიანების დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დაწინაურდა. ბაღის ამჟამინდელ დირექტორს ნონა ჩუბინიძეს, რომელიც უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯომარეა,  ვეკითხებით,  არის თუ არა “ქართული ოცნების” მხარდამჭერი

ნონა ჩუბინიძე, ქუთაისის #19 ბაგა-ბაღის ხელმძღვანელი და #94 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: მხარდამჭერი რა ვიცი ახლა, როგორ გითხრათ?

ჟურნალისტის შეკითხვა: უჭერთ მხარს თუ არ უჭერთ?

ნონა ჩუბინიძე: რა მნიშვნელობა აქვს? შევინახავ ჩემთვის ჩემ გადაწყვეტილებას.

ჟურნალისტის შეკითხვა: თქვენ ბრძანდებით კომისიის თავმჯდომარე.

ნონა ჩუბინიძე: ჰო, მარა არ არის მგონი აფიშირება საჭირო ამისი.

ჟურნალისტის ხმა: მე-19 ბაღში გახსნილ საარჩევნო უბანზე კომისიის 17 წევრიდან 10 ამავე ბაღის თანამშრომელია, მათ შორის კომისიის თავმჯდომარე, მდივანი, მოადგილე,“ქართული ოცნებიდან” დანიშნული წევრი. კომისიის  წევრები არიან, ასევე, თავმჯდომარის და და შვილი. “თავისუფლების მონიტორმა” გაარკვია, რომ ანალოგიური სქემით, ანუ ბაღის თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული ქუთაისის სხვა ბაღებში გახსნილი საარჩევნო უბნებიც.

ხმა არქივის ვიდეოდან: რას აკეთებთ აქ ქალბატონო? ბაღის თანამშრომლებს რა უნდა აქ? რა სიები გიჭირავთ? დააფიქსირეთ სახეები თუ შეიძლება.

ჟურნალისტის ხმა: “თავისუფლების მონიტორმა” გაარკვია, რომ ეს ქალი, რომელიც დამკვირვებლებმა ქუთაისის მე-17 ბაღში გახსნილ 54-ე საარჩევნო უბნის გვერდით ოთახში დააფიქსირეს არჩევნების მეორე ტურის დროს, ამავე ბაღის თანამშრომელია. მე-17 ბაღის თანამშრომელია მისი დაც – ლია კახიანი. ის იმავდროულად ამ უბნის საარჩევნო კომისიის წევრია ოლქიდან. კახიანები, ისევე როგორც ამ ბაღის დირექტორი და სხვა თანამშრომლები 27 ოქტომბერს თბილისში “ქართული ოცნების” მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობდნენ.

ჟურნალისტის შეკითხვა: ოცნების მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობდით.

ლია კახიანი, ქუთაისის #17 ბაგა-ბაღის თანამშრომელი და #54 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი: მერე რა? არის ამაში რამე დანაშაული? არ უთქვამთ, რომ დანაშაულიაო.

ჟურნალისტის ხმა: არჩევნების მეორე ტურამდე 3 დღით ადრე თბილისში გამართულ “ქართული ოცნების” მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა, ასევე, ქუთაისის 21-ე ბაღის დირექტორი, რომელიც იმავდროულად 95-ე საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა. თავდაპირველად ბაღის დირექტორმა მმართველი პარტიის მხარდამჭერობა ჩვენთან საუბარში არ დაადასტურა.

ჟურნალისტის შეკითხვა: “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ბრძანდებით?

ელენე დემეტრაძე, ქუთაისის #21 ბაგა-ბაღის ხელმძღვანელი და #95 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: არა, ეს ხომ ყველასი პირადულია, ვინ ვისი მხარდამჭერია და რატომ კითხულობთ ახლა? ძალიან გთხოვთ რაა.

ჟურნალისტის ხმა: მოგვიანებით კი სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერია.

ჟურნალისტის შეკითხვა: ანუ მხარდამჭერი ბრძანდებით.

ელენე დემეტრაძე: დიახ, მხარდაჭერი ვბრძანდები, ვსიო მეტს აღარ გიპასუხებ.

ჟურნალისტის ხმა: ანალოგიური შეკითხვით მივმართეთ ქუთაისის 36-ე ბაღის დირექტორს, რომელიც 49-ე საუბნო საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობს. “ქართული ოცნების” საიმიჯო კლიპებს ის ხშირად აზიარებს სოციალურ ქსელში. 

ჟურნალისტის შეკითხვა: კომისიის თავმჯდომარედ ამის გამო არ შეურჩევიხართ?

ეკა ზარნაძე, ქუთაისის #36 ბაგა-ბაღის ხელმძღვანელი და #49 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: არა, არანაირად.

ჟურნალისტის ხმა: შეარჩიეს თუ არა მმართველი პარტიის მხარდაჭერის გამო ბაღის ხელმძღვანელები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად, ვეკითხებით ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

ლარინა ლალიაშვილი, ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: 1500-მდე თანამშრომელი გვყავს და ყველა პოლიტიკური ნიშნით ვერ იქნება შერჩეული. ამას გარდა, პოლიტიკური ნიშნით მათი დაინტერესებების შესახებაც ნაკლებად გვა ქვს ინფორმაცია.

ჟურნალისტის ხმა:  იმას, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ ქუთაისში ბაღების ხელმძღვანელები სავარაუდოდ პარტიული ნიშნით შეირჩნენ, არაერთი გარემოება მიუთითებს. მაგალითად:

1. რეორგანიზაციის სახელით, 2015 წელს ბაღის დირექტორების შტატები გაუქმდა და დაითხოვეს ამ თანამდებობებზე “ნაციონალური მოძრაობის” დროს დანიშნული დირექტორების ნაწილი;

2. რეორგანიზაციის შემდეგ გაუქმებული შტატები აღდგა – იგივე რაოდენობითა და საქმიანობის იგივე შინაარსით;

3. ძველ დირექტორებს თანამდებობებზე დასაბრუნებლად გამოცდები ჩაუტარდათ; ახალი ხელმძღვანელები – უგამოცდოდ დანიშნეს; 

4. ამ დროისთვის მოქმედი 37 დირექტორიდან 26-ს გამოცდა არ ჩაუბარებია;

5. უგამოცდოდ დანიშნულები უმეტესად “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რიგებიდან იყვნენ

ჟურნალისტის ხმა: ქეთი დეისაძემ გამოცდები ჩააბარა, თუმცა “ბაგა-ბაღების გაერთიანებიდან”, სადაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობდა, მაინც დაითხოვეს. ამბობს, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი აღმოჩნდა. თუმცა გაერთიანებაში პოლიტიკურ მოტივაციას გამორიცხავენ და დათხოვნის მიზეზად მხოლოდ შტატის შემცირებას ასახელებენ.

ქეთი დეისაძე, ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ყოფილი თანამშრომელი: ჩემს შემთხვევაში, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო პოლიტიკური ნიშანი. მე არ ვიყავი პარტიული, მაგრამ მათ იცოდნენ, რომ მე არ ვიყავი მათი მხარდამჭერი. ეხლა ვინც მუშაობს ადმინისტრაციაშიც და ბაღის გამგეების თუ აბსოლუტური უმრავლესობა არა, დიდი წილი, არის მათი მხარდამჭერი.

გრაფიკა:  ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში 1800-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი შრომის ანაზღაურებისთვის 700 ათას ლარზე მეტი იხარჯება ქალაქის ბიუჯეტიდან.

ჟურნალისტის ხმა: ქუთაისიდან ზუგდიდში მივემგზავრებით. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის იქაც აღმოვაჩინეთ საჯარო ბაგა-ბაღების ხელმძღვანელები. 

ჟურნალისტის სტენდაფი: აი, მაგალითად, სოფელ ოდიშში, 57-ე საარჩევნო უბანზე, “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი კომისიის წევრია არლეტა საქანია – ამავე სოფლის საბავშვო ბაღის დირექტორი. 

ჟურნალისტის ხმა: საარჩევნო უბანზე არლეტა საქანიასთან შეხვედრა გვინდა. კომისიის წევრები ტერიტორიას გვატოვებინებენ. 

კომისიის წევრი: არ ჩაიწეროთ! არ ჩაიწეროთ, რასაც ვამბობ, გამორთეთ კამერა!

ჟურნალისტი: არსად არ გვეჩხუბნენ, სადაც ვიყავით, რა პრობლემა გაქვთ?

კომისიის წევრი: მიბრძანდით გარეთ.

ჟურნალისტის ხმა: ამის შემდეგ სოფელ ჭითაწყარში წავედით. აქაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი “ქართული ოცნებიდან” ადგილობრივი ბაღის დირექტორი დარიკო ფარცვანიაა.

ჟურნალისტი: ეს ხომ საარჩევნო უბანია? იცით ვის ვეძებ? – დარიკო ფარცვანიას.

კომისიის წევრი: დღეს მორიგე არ არის.

ჟურნალისტი: აა, მორიგე არ არის და შეიძლება არ მოვიდეს?

კომისიის წევრი: ჰო, მარა დავურეკავ.

ჟურნალისტი: მითხარით ნომერი და მე თვითონ დავურეკავ…. ქალბატონო დარიკო, მე ვარ ჟურნალისტი. დარიკო ფარცვანიამ ჩვენი შეკითხვები უპასუხოდ დატოვა. 

ჟურნალისტის ხმა: შემდეგი გაჩერება ანაკლიაში გვაქვს. ადგილობრივი საბავშვო ბაღის დირექტორი ემა აბსანძე აქ ოლქმა წარადგინა 91-ე საარჩევნო უბნის წევრად და შემდეგ თავმდჯომარედაც აირჩიეს. აბსანძე ჩვენთან საუბარში არ მალავს, რომ ის “ქართული ოცნების” მხარდამჭერია.

ჟურნალისტი: ხართ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი?

ემა აბსანძე, ანაკლიის საბავშვო ბაღის დირექტორი: ჩემი გარკვეული აზრი მაქვს, როგორც ასეთი, მაგრამ მხარდამჭერი … რა თქმა უნდა, ვარ მხარდამჭერი

ჟურნალისტი: ის, რომ ახლა “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ბრძანდებით, არ მოახდენს გავლენას არჩევნების ობიექტურად ჩატარებაზე?

ემა აბსანძე: არა მგონია.

ჟურნალისტის ხმა: ზუგდიდის ამ სამივე უბანზე პირველ ტურში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა. მეორე ტურში ოდიშისა და ჭითაწყარის უბნებზე კი – სახელისუფლებო კანდიდატმა. ანაკლიაში კონკურენტებს შორის ხმები თანაბრად გადანაწილდა მას შემდეგ, რაც 12 ბიულეტინი გაბათილდა.

გრაფიკა: ზუგდიდში 62 საჯარო ბაღია. “თავისუფლების მონიტორმა” გაარკვია, რომ 5 საბავშვო ბაღის დირექტორი ზუგდიდის სხვადასხვა საუბნო საარჩევნო კომისიაში მმართველი პარტიის მიერ იყო წარდგენილი, 3 კი – ოლქის მიერ, რომლებიც შემდეგ კომისიების თავმჯდომარეებად აირჩიეს.

ჟურნალისტი: იყენებს თუ არა ამ რესურსს მმართველი პარტია, მე ვგულისხმობ ბაღის დირექტორებს?

ხათუნა თოლორაია, ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი: ამასთან დაკავშირებით მე მინდა გითხრათ, რომ ესენი არიან ამ მომენტისათვის შვებულებაში.

ჟურნალისტის ხმა:ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის” დირექტორი გვეუბნება, რომ  მის დაქვემდებარებაში მყოფი ბაღის დირექტორები საარჩევნო საქმიანობაში მონაწილეობისთვის, ბაღში შვებულებას აფორმებენ. ხათუნა თოლორაია ამბობს, რომ საარჩევნო პროცესებში მონაწილეობა ბაღის დირექტორებისთვის დამატებითი შემოსავალია. თავად უწყების ხელმძღვანელად 2018 წელს, მას შემდეგ დანიშნეს, რაც მისი ძმა – ედიშერ თოლორაია პარლამენტის წევრი გახდა “ქართული ოცნებიდან”. 

ჟურნალისტი: თქვენს ძმას გავლენა არ მოუხდენია?

ხათუნა თოლორაია, ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი: არა, არანაირად.

ჟურნალისტი: არ მოუთხოვია თქვენი დანიშვნა?

ხათუნა თოლორაია: არა.

ჟურნალისტი: და ახლა ბაღის დირექტორები არ ასრულებენ პარტიულ მითითებებს?

ხათუნა თოლორაია: გეთანხმებით, არანაირად, არა. პარტიის დავალება ნამდვილად არ არის.

გრაფიკა: ა(ა)იპ ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრში 800-მდე ადამიანია დასაქმებული. მათ შრომის ანაზღაურებაზე 400 ათას ლარამდე იხარჯება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

არჩილ თოდუა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” რეგიონული კოორდინატორი ზუგდიდში: არსებობს ყოველთვის ალბათობა და რისკი იმისა, რომ ეს ხალხი გამოყენებული იყოს საარჩევნო მიზნებისთვის და მათი დასაქმების ერთადერთი მიზანიც შესაძლოა სწორედ ეს იყოს.

ჟურნალისტის ხმა:“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” რეგიონული კოორდინატორი ზუგდიდში, გვიხსნის, რომ არასამეწარმეო იურიდიულ პირებში დასაქმების გაუმჭვირვალე პრაქტიკა ბიუჯეტის ხარჯზე პარტიული აქტივის დასაქმების კარგ შესაძლებლობას იძლევა.

არჩილ თოდუა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” რეგიონული კოორდინატორი ზუგდიდში: თუკი მერიის, დავუშვათ, საჯარო მოხელე შეირჩევა ფორმალურად მაინც საჯარო კონკურსის მეშვეობით, განსხვავებით ამ წესისაგან, იურიდიულ პირში, იურიდიული პირის ხელმძღვანელი, მოადგილე თუ ჩვეულებრივი რიგითი თანამშრომელი ინიშნება ერთპიროვნული გადაწყვეტილებით. ვთქვათ, ააიპ-ის დირექტორს ნიშნავს მერი, ააიპ-ის დირექტორი კი თავის მხრივ, ან დამოუკიდებლად, ან მერთან შეთანხმებით, არჩევს და ნიშნავს მისთვის სასურველ ადამიანს ნებისმიერ პოზიციაზე იურიდიულ პირში.

ჟურნალისტი მანქანით მიდის ტრასაზე

ჟურნალისტის ხმა: ზუგდიდან ფოთში გადავინაცვლეთ, ფოთის შემდეგ – გორში, რუსთავში… თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში აღმოვაჩინეთ საბავშვო ბაღების დირექტორები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში ოლქის ან მმართველი პარტიის წარდგენით მუშაობენ. 

ჟურნალისტის სტენდაფი: ბოლო გაჩერება დედაქალაქშია. აქ საკმაოდ გრძელი სია გვაქვს ბაგა-ბაღების დირექტორების, რომლებიც იმავდროულად საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები არიან.

ჟურნალისტის ხმა: გლდანის ოლქში 9 საარჩევნო უბანი აღმოვაჩინეთ, სადაც კომისიებში საბავშვო ბაღების დირექტორები აირჩიეს. არჩევნების დღეს ჩვენ რამდენიმე  მათგანს შევხვდით.

ჟურნალისტი: ის, რომ ვთქვათ, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირი ბრძანდებით, ამან ხომ არ იქონია გავლენა იმაზე, რომ არჩევნებში ხართ ჩართული?

თამილა ხარშილაძე, თბილისის #135 ბაგა-ბაღის დირექტორი და გლდანის #24 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: სავარაუდოდ, არა.

ჟურნალისტი: ის, რომ “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობთ, ეს არ ცვლის არაფერს, ზეგავლენა არ მოუხდენია?

მეგი მარღანია, თბილისის #100 ბაგა-ბაღის დირექტორი და გლდანის #78 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: არა, არანაირად.

ჟურნალისტის ხმა: თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში “თავისუფლების მონიტორს” ინტერვიუზე უარი განუცხადეს – გვითხრეს, რომ საარჩევნო საკითხებში არ მონაწილეობენ. თავად ბაგა-ბაღების დირექტორების ნაწილი ჩვენთან საუბარში მმართველ პარტიასთან კავშირს უარყოფს. თუმცა, ქუთაისის მსგავსად, პარტიული ნიშნით დირექტორების ჩანაცვლება თბილისშიც 2015-16 წლებში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ადგილობრივ თვითმმართველობებში “ნაციონალური მოძრაობა” “ქართულმა ოცნებამ” შეცვალა.

ხმა არქივის ვიდეოდან: რა ხდება თბილისის ბაგა-ბაღებში? ბოლო ერთ კვირაში ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს 6 ადამიანი.

ხმა არქივის ვიდეოდან:  ბაგა-ბაღების 11 დირექტორის გათავისუფლების საფუძვლად თბილისის მერია აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნას ასახელებს.

ხმა არქივის ვიდეოდან: ბაგა-ბაღებში არსებული მდგომარეობა საპროტესტო ტალღის მიზეზი 2 კვირის წინ, მას შემდეგ გახდა, რაც ბაღების სააგენტომ თანამდებობა ერთდროულად 20-მდე დირექტორს დაატოვებინა.

ჟურნალისტის ხმა: 2016 წელს გათავისუფლებულ დირექტორებს შორის იყო ხატია ლაშქარაშვილი, რომელიც მანამდე თბილისის 215-ე ბაგა-ბაღს ხელმძღვანელობდა. ლაშქარაშვილის თქმით, მისი და სხვა დირექტორების დათხოვნის ფორმალურ მიზეზად მაშინ აუდიტის დასკვნა დასახელდა, რეალურად კი ისინი პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს. მათ ნაცვლად კი, უკონკურსოდ “ქართული ოცნების” აქტივისტები დანიშნეს.

ხატია ლაშქარაშვილი, თბილისის #215 ბაგა-ბაღის ყოფილი დირექტორი: ისინი იყვნენ კოორდინატორები “ოცნების” პარტიის და მე ვფიქრობ, მათ პროფესიონალიზმი კი არ დაუფასდათ, არამედ დაფუსდათ სწორედ აქტიურობა.  

ჟურნალისტის სტენდაფი: თბილისის ბაგა-ბაღების დირექტორების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების ფაქტები ჩვენ ჟურნალისტური გამოძიებით ჯერ კიდევ 2017 წელს გავასაჯაროვეთ. მაშინ დედაქალაქის მერის პოსტზე კახა კალაძე პირველად იყრიდა კენჭს “ქართული ოცნების” სახელით. გავარკვიეთ, რომ ბაღების დირექტორებისგან სწორედ კალაძის მხარდამჭერების სიებს ითხოვდნენ.

ჟურნალისტი: ანუ 95-ე-ში მისატან სიაზე გეუბნებით, საარჩევნო სიაზე

ბაღის დირექტორი: აა, ხო, კი-კი, მივიტანეთ მაშინ.

ჟურნალისტი: როდის მიიტანეთ?

ბაღის დირექტორი: მარიკასთან მივიტანე დაზუსტებული სია.

ჟურნალისტი: რამდენი კაცია სიაში?

ბაღის დირექტორი: ერთში იყო 105 და მეორეში 10.

ჟურნალისტი: ნამდვილად მხარდამჭერები არიან?

ბაღის დირექტორი: კი

ჟურნალისტი: ბაღების სააგენტოდან გირეკავთ. მაინტერესებს, თუ გაქვთ დაზუსტებული სიები მიტანილი 95-ეში?

ბაღის დირექტორი: კი, გენაცვალე, იმაზე მეტი, დაზუსტებული, ცესკოთი შემოწმებული, იმაზე მეტი რაც მოგვთხოვეს

ჟურნალისტი: დაახლოებით რამდენია გახსოვთ?

ბაღის დირექტორი: ჩემი? რამდენი მივიტანეთ? ალბათ ერთი 130 კაცი

ჟურნალისტის ხმა: საჯარო ბაღების დირექტორების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების პრაქტიკას ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლამდე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიმართავდა. თავის დროზე, წინა ხელისუფლების დროს დანიშნული დირექტორები მათაც უმეტესად თავიანთი პარტიული აქტივისტებით ჩაანაცვლეს. 

ნინო დოლიძე, ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი: ის, რომ ზოგადად საგანმანათლებლო სისტემა არის პოლიტიზებული და მათზე ხდება პოლიტიკური დავალებების გაცემა, ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ჩვენს ქვეყანაში.

ჟურნალისტის ხმა: ნინო დოლიძე ამბობს, რომ ბაღებისა და სკოლების პოლიტიზება მძიმედ აისახება საარჩევნო პროცესებზე, ვინაიდან საარჩევნო ადმინისტრაციებში, როგორც წესი, უმეტესად სწორედ სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები საქმდებიან. 

ნინო დოლიძე, ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი: ქვეყანაში 62 ათასზე მეტი კომისიის წევრი მუშაობდა – 17 კომისიის წევრი 3700 უბანზე, ძალიან რთულია ამხელა რესურსის სხვაგან პოვნა, უბრალოდ, ჩვენ უნდა ვეცადოთ საგანმანათლებლო სისტემის დეპოლიტიზაციას, იმისათვის, რომ მივიღოთ რეალურად დამოუკიდებელი კომისიის წევრები საუბნო საარჩევნო კომისიაში და ზოგადად, საარჩევნო ადმინისტრაციაში.

გრაფიკა: მთელი საქართველოს მასშტაბით 1600-ზე მეტი საჯარო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, რომლებშიც 16 ათასზე მეტი აღმზრდელ-პედაგოგია დასაქმებული. მათი ხელფასებისთვის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება. 

ჟურნალისტის ხმა: ეს საბიუჯეტო ხარჯები ბავშვების ეფექტური ადრეული განვითარებისთვისაა გათვალისწინებული. ხშირად ამ სახსრების ნაწილი ხელისუფლების პარტიული აქტივის შენახვას ხმარდება.