“ძალიან ვცდილობ, რომ გავამხიარულო ყველა”.
“ცუდად ხომ არა ხარ?”
“არასდროს არ გამივლის. რა ვიცი, იქნება გამიაროს”.
საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ოთახები ერთმანეთისგან მხოლოდ ნახატებით და წარწერებით განსხვავდება.
“მარტო ჩემი ექიმი კი არა, ყველა ექიმი მიყვარს”.
“მუსიკა არ გვქონდა, სულ “იმედი” იყო ჩართული და მუსიკა ჩავართვევინეთ და ეხლა ვმღერით მაინც”.
- ხონის ფსიქიატრიული დაწესებულება
ტექსტი:
ჯამბულ ურუშაძეს უმცროსი ძმა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში 2020 წლის 31 იანვარს დაეღუპა. ამ დაწესებულებას ხშირად “ხონის ფსიქიატრიულის” სახელწოდებითაც მოიხსენიებენ. ბესო ურუშაძეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები 35 წლის წინ საბჭოთა ჯარში სამსახურის დროს გამოუვლინდა. მას შემდეგ მკურნალობდა. ძმის ცხედარზე აღმოჩენილი დაზიანებები ჯამბულ ურუშაძეს ეჭვებს უჩენს, თუმცა კლინიკაში უთხრეს, რომ 51 წლის პაციენტი გულის შეტევით გარდაიცვალა.
ჯამბულ ურუშაძე – გარდაცვლილი პაციენტის ძმა:
მორგში რომ მივედი, 7 თუ 8 ნაკერი ჰქონდა თავზე. გადმოვარდა ლოგინიდანო, მაგენი როგორც აღნიშნავენ… მერე უკვე ფეხი რომ ვნახე, ხორცი ამოგლეჯილი იყო და “იამკასავით” იყო გაკეთებული.
ტექსტი:
ჯამბულ ურუშაძე გვიყვება, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე მისი ძმა პნევმონიის დიაგნოზით ხონიდან ბათუმის კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ოჯახის წევრს დაუყოვნებლივ აცნობეს. მაგრამ პაციენტის ხელახლა ჰოსპიტალიზაციის შესახებ, ჯამბულს ფსიქიატრიული დაწესებულებიდან აღარავინ დაჰკავშირებია.
ჯამბულ ურუშაძე – გარდაცვლილი პაციენტის ძმა:
პირველად რომ წაიყვანეს კი მაცნობეს, ანთება ჰქონდა რაღაცა, მაგრამ მეორედ რატომ წაიყვანეს?! და რომ წაიყვანეს, მერე მოსვლისთანავე გარდაიცვალა სამ საათში.
ტექსტი:
ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ პაციენტი ჩირქოვანი ბრონქიტით გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.
ქვედა კიდურების დაზიანებებთან დაკავშირებით კი წერია, რომ ჭრილობები მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებითაა მიყენებული, თუმცა სიკვდილის გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებულ ტრავმად ეს დაზიანებები არ სახელდება.
გარდაცვლილი ბესო ურუშაძის უფლებამონაცვლის ადვოკატი ანა თავხელიძე ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნა გარდაცვალების მიზეზს ნათელს ვერ ჰფენს, რის გამოც გამოძიებამ კომისიური ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა.
კომისიური ექსპერტიზა სხვადასხვა სამედიცინო დარგის ექსპერტის ჩართულობას ითვალისწინებს. ისინი საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტრომ და სამხარაულის ბიურომ უნდა მოიწვიოს, თუმცა კომისიის დაკომპლექტება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
ანა თავხელიძე – არასამთავრობო ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტი, უფლებადამცველი
პასუხი ვერ მივიღეთ სამედიცინო ექსპერტიზით, ამიტომ მოვითხოვეთ კომპლექსური ექსპერტიზის დანიშვნა, რომ ბევრი სპეციალისტი ჩართულიყო… გამოძიებისგან გვაქვს ინფორმაცია და ზოგადად ეს მხოლოდ ერთ რეგიონს არ ეხება, რომ ამ ტიპის კომპლექსური ექსპერტიზა საქართველოში ვერ ტარდება, თუ ამის პოლიტიკური ინტერესი არ არის ან გახმაურებული საქმე არაა ან რაღაც მსგავსი. ამიტომაც ეს საქმეები აქვთ თაროზე შემოდებული. ათობით საქმე აქვთ ხონის ფსიქიატრიულში ადამიანების გარდაცვალების ფაქტზე, რასაც ვერ იძიებენ.
“სტუდია მონიტორმა” პაციენტის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას წერილით მიმართა, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.
სთენდაფი:
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებისადმი ღირსების შემლახავი მოპყრობა დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. “სტუდია მონიტორმა” რამდენიმე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პაციენტებისადმი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები აღმოაჩინა და შეისწავლა. ჩვენ მოგიყვებით ადამიანის უფლებათა სისტემურ დარღვევაზე, რაც წლებია დიდ პრობლემას წარმოადგენს და რაზეც მთავრობა არ რეაგირებს.
ტექსტი:
2023 წელს გამოქვეყნებულ სახალხო დამცველის 300-გვერდიან ანგარიშში წერია, რომ “გასული წლის მსგავსად, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, სამოქალაქო განყოფილებებში მყოფი პაციენტები კვლავ უთითებენ პერსონალის მხრიდან უხეშ მოპყრობაზე, ყვირილზე, მუქარაზე, ფიზიკურ ძალადობასა და შეზღუდვის მეთოდების გამოყენების, მათ შორის ქიმიური შეზღუდვის დროს ძალის გადამატებაზე”.
შეზღუდვისა და შებოჭვის მეთოდებში ე.წ. დეესკალაციის ტექნიკა იგულისხმება. მექანიკური შეზღუდვა სპეციალური ინსტრუმენტებით პაციენტის ფიზიკურად დაბმას ნიშნავს, ხოლო ქიმიური შეზღუდვა ეწოდება ქცევის კონტროლის მიზნით პაციენტისთვის მედიკამენტის იძულებით მიცემას. კანონის თანახმად, ეს პრაქტიკა უსაფრთხოების უკიდურეს ფორმას წარმოადგენს და თერაპიად არ უნდა გამოიყენებოდეს.
სახალხო დამცველის ანგარიშში კი ვკითხულობთ: “ერთ-ერთი პაციენტი მთელი ღამის განმავლობაში იყო მექანიკურად შეზღუდული. მეორე პაციენტი სამი დღე იმყოფებოდა იზოლირებულ ოთახში, სადაც არ არის წყალი და საპირფარეშო.”
“მაღალი ალბათობით პაციენტის შეზღუდვის არაერთი შემთხვევა რჩება ყოველგვარი დოკუმენტირების მიღმა და შესაბამისად, ეჭვქვეშ დგება დაწესებულებაში წარმოებული დოკუმენტაციის სანდოობის საკითხიც”.
პაციენტების შელახული უფლებები საქართველოში ფსიქიკური ჯანდაცვის შავი ლაქაა. ამ მძიმე შემთხვევებს წლებია იკვლევენ უფლებადამცველები, რომელთაც სხვადასხვა ფსიქიატრიული ცენტრების წინააღმდეგ არაერთი საჩივარი შეუტანიათ და პაციენტებსაც არაერთხელ შეხვედრიან, მათ შორის ხონის დაწესებულების ყოფილ პაციენტებსაც.
ანა არგანაშვილი – საერთაშორისო ორგანიზაციის “Validity Foundation”-ის ადვოკატი, უფლებადამცველი
ეს ადამიანები მე მეუბნებოდნენ, რომ მათ არ შეუძლიათ მოსამართლის წინაშე თავი დაიცვან, რადგან მათ ამის საშუალებას არ აძლევს ადმინისტრაცია და სამედიცინო პერსონალი, ანუ არ ახვედრებს სასამართლოს… რეალურად ამ ადამიანებს არ ეძლევათ საშუალება დარღვევებზე, რაც მათ წინააღმდეგ ხდება, ეფექტურად მიმართონ სასამართლოს ისე, რომ ამის გამო არ დაისაჯონ, არ გაუხანგძლივონ დრო, არ შეუზღუდონ გასეირნება, ტელეფონით სარგებლობა, სუფთა ტანსაცმელი. რადგან მათ ეზღუდებათ წვდომა სასამართლოზე, ეს დარღვევებიც რეაგირების გარეშე რჩება.
ტექსტი:
“სტუდია მონიტორმა” ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან პაციენტების გარდაცვალების შესახებ სტატისტიკა გამოითხოვა, – პასუხი არ მიგვიღია. ეს ინფორმაცია ვერც ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვაწოდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო ხუთ წელში, სულ მცირე, ოთხი პაციენტის გარდაცვალების შემთხვევა დასტურდება.
სახალხო დამცველის ერთ-ერთი რეკომენდაციაც სამინისტროს მისამართით, სწორედ ფსიქო-სომატური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტების გარდაცვალების აღრიცხვას და სტატისტიკის შედგენას ეხება, რაც დღემდე არ შესრულებულა.
ხონში მდებარე კლინიკის პაციენტების გარდაცვალების ფაქტებზე აღძრული საქმეების შესახებ ინფორმაცია არც პროკურატურამ მოგვაწოდა.
ბესო ურუშაძის გარდაცვალებისა და ანგარიშში აღწერილი სხვა პაციენტების შელახული უფლებების ფაქტებზე, ამ დაწესებულების გენერალურ დირექტორთან, გოჩა ბაკურაძესთან ინტერვიუს ჩაწერა გადავწყვიტეთ.
ბაკურაძეს თბილისში, 11 მარტს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ გამართულ ღონისძიებაზე შევხვდით.
პასუხის უფლება: გოჩა ბაკურაძე – ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის გენერალური დირექტორი
ჟურნალისტი კითხვა: ბესიკ ურუშაძე, – გეუბნებათ ეს სახელი და გვარი რამეს? იგი 2020 წლის იანვარში გარდაიცვალა კლინიკაში და ოჯახი მისი ამტკიცებს, რომ მას ჰქონდა მძიმე დაზიანებები. გამოძიებაც დაწყებულია.
პასუხი: მე ბოდიშს მოგიხდით ყველას, ვერავის პერსონალურ მონაცემებზე მე ვერ ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, მითუმეტეს თუ გამოძიებაც დაწყებულია, როგორც თქვენ ბრძანებთ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარეც და პაციენტის უფლებებიდან გამომდინარეც.
ტექსტი:
ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წილის 95%-ს ბაკურაძის კუთვნილი კომპანია ფლობს, ხოლო 5%-ს სახელმწიფო. მკურნალობაც სახელმწიფო პროგრამით ხორციელდება.
პასუხის უფლება: გოჩა ბაკურაძე – ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის გენერალური დირექტორი
ჟურნალისტის კითხვა: ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, სახალხო დამცველის ანგარიშში მონიტორინგის ჯგუფის მიერ აღწერილია მძიმე მდგომარეობა.
ასუხი: რომელ ანგარიშში?
კითხვა: 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც 2022 წლის მონაცემებს აღწერს.
პასუხი: მძიმე მდგომარეობა რაში გამოიხატება?
კითხვა: გადამეტება, დეესკალაციის დროს ძალის გადამეტება, უხეში მოპყრობა…
პასუხი: გამორიცხულია.
კითხვა: ასე წერია ანგარიშში.
პასუხი: მე მასეთ ანგარიშს არ ვიცნობ. მე ნამდვილად არ ვიცი რა ანგარიში გაქვთ თქვენ მხედველობაში.
სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელზეც გოჩა ბაკურაძე გვეუბნება, რომ არ იცნობს, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს შორის ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდიცააა: “პაციენტმა შეზღუდვის, იგივე დაბმის დროს “თითის ფალანგის მოტეხილეობა მიიღო. დოკუმენტაციაში ფიქსირდებოდა შეზღუდვის მეთოდების გამოყენებისას მიღებული სხვა დაზიანებებიც”.
ანა არგანაშვილი – საერთაშორისო ორგანიზაციის “Validity Foundation”-ის ადვოკატი, უფლებადამცველი
წლების განმავლობაში ჩვენ გვესმის ძალიან ბევრი წამების, არასათანადო მოპყრობის ფაქტი ამ დაწესებულებებში, მაგრამ სახელმწიფო სრულ უმოქმედობას იჩენს… ფსიქიატრიული საავადმყოფო რაც არ უნდა კერძო სამართლის იურიდიული პირი იყოს, მაინც ასრულებს იმ მოვალეობას, რაც ევალება სახელმწიფოს… და თუ იქ დაქირავებული პირი ახორციელებს წამებას, ე.ი. სახელმწიფო აქტიური მოქმედებით სჩადის ამ წამებას.
- ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი
ტექსტი:
საქართველოში სახელმწიფო პროგრამით ამჟამად 11 ფსიქიატრიული დაწესებულება მუშაობს. მათგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი, თბილისში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრია.
ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ ამბავმა ამ დაწესებულებიდანაც გამოაღწია, რის შესახებაც სახალხო დამცველი წერს: “ერთმა პაციენტმა მონიტორინგის ჯგუფს უთხრა, რომ ფიზიკური შეზღუდვის დროს პერსონალმა ყელზე ხელი უხეშად მოუჭირა და ძლიერი მოჭერისგან დაზიანება მიიღო. პაციენტს ყელზე დაზიანების კვალი აღენიშნებოდა, თუმცა, როგორც მონიტორინგის ჯგუფმა დაადგინა, დაზიანება დოკუმენტირებული არ იყო. კიდევ ერთი პაციენტი აცხადებდა, რომ დაცვის თანამშრომელმა მარცხენა ხელის არეში მას ანთებული სიგარეტი ჩაუქრო. შეხვედრის დროს მას მხარზე აღენიშნებოდა დაზიანების კვალი”
თინათინ შალამბერიძე – ყოფილი პაციენტი, აქტივისტი
ეს იყო დაახლოებით 8-9 წლის წინ და უარს ვამბობდი ინექციაზე, რადგან ეს ინექცია ძალიან ცუდად მოქმედებდა ჩემს ფსიქიკაზე, მითრგუნავდა ცნობიერებას და უსიამოვნო შეგრძნება მოჰქონდა.
ტექსტი:
თინათინ შალამბერიძეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა 22 წლის ასაკში გამოუვლინდა. ხანგძლივი მკურნალობის შემდეგ განიკურნა. ახლა აქტივისტია და სხვა პაციენტებს ეხმარება. “სტუდია მონიტორთან” ინტერვიუში პრევენციის ცენტრში გატარებულ პერიოდს იხსენებს.
თინათინ შალამბერიძე – ყოფილი პაციენტი, აქტივისტი
და ამ უარის თქმის დროს წინააღმდეგობას ვუწევდი მედპერსონალს და ერთი მამაკაცი და ორი ქალბატონი მაკავებდნენ, რომ გაეკეთებინათ ინექცია. რომ ვერ გამაკავეს, იმ მამაკაცმა მუშტი მომარტყა თვალში და ორი თვე ჩალურჯებული მქონდა. არ ვთქვი მაშინ ამის შესახებ, არ მიჩივლია, რადგან არ ვიცოდი თუ შეიძლებოდა ამის გამო ჩივილი.
ტექსტი:
2021 წლის შემოდგომაზე ახალგაზრდა ქალი, სახელად ანა, კლინიკაში საკუთარი ნებით მივიდა. იზოლაციის წესის მიხედვით, მას მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. მოგვიანებით, იგი ძალადობის მსხვერპლად იქცა, რაც დერეფნის სათვალთვალო კამერაზეა აღბეჭდილი.
ანა თავხელიძე – არასამთავრობო ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტი, უფლებადამცველი
ღირსების შელახვით, დამამცირებელ გარემოში მოხდა მისი დაბმა, რასაც მოჰყვა პერსონალის მხრიდან, კერძოდ სანიტრების მხრიდან ზურგში ჩარტყმა, ფეხებზე ფეხებით შედგომა, თავში ჩარტყმა.
ტექსტი:
თბილისის საქალაქო სასამართლომ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გამამტყუნებელი განაჩენი 2023 წლის 9 ოქტომბერს გამოიტანა. სანიტარს დანაშაულის აღიარების გამო ორწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს და ჯარიმა დააკისრეს. ადვოკატები ამბობენ, რომ ფიზიკურ ძალადობაში კლინიკის სხვა თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ პროკურატურას მათთვის ბრალი არ წაუყენებია.
საქმეში იყო კიდევ ერთი ეპიზოდი, – სექსუალური შევიწროვება, რაც ვიდეომტკიცებულების არარსებობის გამო სანიტარს ბრალად არ წარედგინა.
ანა თავხელიძე – არასამთავრობო ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტი, უფლებადამცველი
კაცმა სანიტარმა, რომელიც მის დაბმაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და ფიზიკურად იძალადა ანაზე, დაბმის შემდეგ მასთან პალატაში რომ შევიდა, სხეულის სხვადასხვა ნაწილებში ხელით ეხებოდა, ასევე ტუჩებში აკოცა პირბადით, რაც ცალსახად წარმოადგენს სექსუალურ შევიწროვებას, სექსუალურ ძალადობას.
ტექსტი:
განაჩენის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანეს და უმოქმედობის შედეგად კლინიკისგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. საჩივართან დაკავშირებით “სტუდია მონიტორმა” ცენტრის ადმინისტრაციას წერილობით მიმართა. პასუხად არაფერი მოუწერიათ.
უფლებადამცველები ასევე ამტკიცებენ, რომ საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დანერგილი პაციენტების შეზღუდვისა და ფიზიკური შებოჭვის მეთოდი არსებულ კანონს ეწინააღმდეგება და საბჭოთა ფსიქიატრიიდან შემორჩენილი პრაქტიკაა.
სოფი მენაბდიშვილი – არასამთავრობო ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტი, უფლებადამცველი
გვაქვს არაერთ ბენეფიციართან, ყოფილ პაციენტთან კომუნიკაცია კონსულტაციის გაწევის მიზნით და მათ უთქვამთ, რომ ასეთ მეთოდს ხშირად ჰქონია მათ მიმართ ადგილი, ოღონდ არა უსაფრთხოების მიზნით, არამედ იმისთვის, რომ პაციენტს ზედმეტად არ გამოეხატა პრეტენზია კონკრეტულ საკითხზე.
პასუხის უფლება: ბორის თაყაიშვილი – ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი
კითხვა: სახალხო დამცველის ანგარიშებში აღწერილია პაციენტების უფლებრივი მდგომარეობა. იქ დაფიქსირდა პაციენტების უფლებების შელახვის საკმაოდ მწვავე ფაქტები, რამდენიმე ფაქტი. ამ ანგარიშში წერია დეესკალაციის მეთოდების დროს ძალის გადაჭარბებაზე და ასე შემდეგ…
პასუხი: არა… რას იძახით ეხლა?!
კითხვა: სახალხო დამცველის ანგარიშზე გესაუბრებით…
პასუხი: ჩვენი ფსიქიატრიული სტაციონარი აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც არის სტანდარტი, თუმცა ჩვენ ახლა ვგეგმავთ ახლო მომავალში დელოკაციას ცენტრის და იქ უფრო განვითარებული იქნება სერვისები სტაციონარული.
სთენდაფი:
ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის დოკუმენტი საქართველოს მთავრობამ პირველად 2013 წელს შეიმუშავა, მოგვიანებით გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციას მოეწერა ხელი. ეს დოკუმენტი ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, დაიცვან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტების უფლებები და ხელი შეუწყონ მათ რეაბილიტაციას. ამის მიუხედავად, უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ საქართველოში საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული ვალდებულებები ხშირად ირღვევა.
ტექსტი:
“ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ნესტად ლონდარიძეც ერთ-ერთია, ვინც ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებულ სისტემურ დარღვევებს იკვლევს.
ნესტან ლონდარიძე – “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი
ის, რომ შეგვიძლია განვათავსოთ ასეთი პაციენტები კლინიკებში, არ არის მათი უფლებების დაცვა და ამ დაწესებულებებს თუ შევხედავთ, ნათლად წარმოგვიდგენა სურათი, რომ ეს პირები არ არიან ამ ქვეყნისთვის პრიორიტეტი, მათი უფლებების დაცვაც არ არის პრიორიტეტი იმიტომ, რომ ღირსების შემლახავ პირობებში ყოფნა დაუშვებელია.
ტექსტი:
ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებში არსებული გამოწვევებისა და პაციენტების უფლებების დასაცავად სახალხო დამცველმა მთავრობას რეკომენდაციებით არაერთხელ მიმართა. აგრეთვე საქართველოს პარლამენტს გაეგზავნა 5 წინადადება, რომელთაგან სამი შეზღუდვის მეთოდებს, ხოლო დანარჩენი ორი პაციენტების სამართლებრივი დაცვის გაძლიერებას ეხება
თუმცა რეკომენდაციების ნაწილში ხაზგასმულია, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პაციენტების უფლებების დასაცავად და კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად მიღებული წინადადებები პარლამენტმა არ გაიზიარა. ანგარიშში ასევე ვკითხულობთ: “დასანანია, რომ შედეგად, სამართლებრივი დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიების გარეშე დატოვა ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი პირები. სამინისტროს მიმართ გაცემული 39 რეკომენდაციიდან 28 რეკომენდაცია ამ ეტაპზე შეუსრულებელია”.
სთენდაფი:
ამ საკითხებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატიდან ინტერვიუზე უარი მივიღეთ არგუმენტით, რომ ახალი ანგარიშის გამოქვეყნებამდე მედიასთან კომენტარის გაკეთებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.
პასუხის უფლება: თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
კითხვა: რატომ ვერ ხერხდება ამ დრომდე ამ რეკომენდაციების გათვალსწინება?
პასუხი: ნაწილი სრულდება, ნაწილი შესრულების პროცესშია და ეს თემატური მოკვლევაც იმას უკავშირდება, რომ ერთიანი ჩარჩო შეიქმნას, რადგან მთელი რიგი რეკომენდაციების შესრულება დაკავშირებულია უფრო გლობალურ საკითხებზე, როგორიცაა საკანონმდებლო ცვლილებები, პროფესიული რესურსის არსებობა, თუ რამდენი ექიმი, რამდენი ექთანი და რამდენად კვალიფიციური პერსონალი მუშაობს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში იმისთვის, რომ პაციენტების მოთხოვნები უკეთ იქნას დაფარული.
ტექსტი:
გლობალური ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუტის გენერალური მდივანი ბენედეტო სარაჩენო, რომელიც საქართველოში არსებულ მდგომარეობას კარგად იცნობს, მკაცრი იზოლაციის პრაქტიკას და ძალადობრივ მეთოდებს საერთაშორისო კონვენციის დარღვევად აფასებს.
ბენედეტო სარაჩენო – გლობალური ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუტის გენერალური მდივანი
ამ დოკუმენტის ხელმოწერა არა სიმბოლური აქტი, არამედ დიდი პასუხისმგებლობის აღებაა მთავრობის მხრიდან. შესამაბისად, მე შემიძლია საქართველოს რომელიმე ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორს ვუჩივლო გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის დარღვევისთვის.
ჟურნალისტის კითხვა: რა სამედიცინო სტანდარტი არსებობს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში პაციენტის აგრესიული ქცევის სამართავად ისე, რომ მისი უფლებები არ შეილახოს?
პასუხი: ძალადობა იზრდება მაშინ, როცა გარემო ძალადობრივია, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. როცა ათობით პაციენტი ერთი ჭუჭყიანი ტუალეტით სარგებლობს, როცა პაციენტს არ აქვს პირადი სათავსო ტანსაცმლის შესანახად, როცა საკვები საშინელია, როცა არაადამიანურად გეპყრობიან, როცა სარეაბილიტაციო აქტივობები არ ტარდება, ასეთ გარემოში, რაღა თქმა უნდა, პაციენტი იქნება გაღიზიანებული და აგრესიულიც კი.
ტექსტი:
2021 წლის მონაცემებით, საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის დიაგნოზის მქონე 84 ათასზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული. 2022 წელს კი ქვეყანაში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის დიაგნოზი 19 292 ადამიანს დაუდგინდა. ამ დროისთვის ეს ის უახლესი მონაცემებია, რაც “სტუდია მონიტორმა” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან გამოითხოვა.
ფსიქიკური ჯანმრთელობის ბიუჯეტი კი 2024 წლისთვის 50 მილიონ ლარს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით ამ სფეროს დაფინანსება არ გაზრდილა. როცა მთავრობამ ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის დოკუმენტი გამოსცა, მაშინ ეს ბიუჯეტი 14-მილიონ ნახევარი ლარი იყო.
ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქიატრი ნინო მახაშვილი მიიჩნევს, რომ ფუნდამენტური ცვლილებებისთვის, ეს თანხა საკმარისი ნამდვილად არ არის.
ნინო მახაშვილი – ფსიქიატრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
როგორ ვთქვა, რომ ეს ცოტაა, როცა გაცილებით დაბალი ბიუჯეტით ვმუშაობდით?! მაგრამ თუ მართლა გვინდა ხარისხი, ადამიანის უფლებები და ახალი, ხარისხიანი ფსიქიკური ჯანმრთელობა, ეს ბიუჯეტი საკმარისი არ არის. თუ სახელმწიფო ნაბიჯს არ გადადგამს ამ ბიუჯეტის გასაზრდელად, ასევე დაფინანსების მოდელების შესაცვლელად, მაშინ ჩვენ წინ ვერ წავალთ.
- თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი (რეპორტაჟი ფსიქიატრიული დაწესებულებიდან)
ანონიმური რესპონდენტი – ყოფილი პაციენტი
ყველაფერი ყარდა “ვაფშე”: ლოგინი, ბალიში, კორიდორი, ტუალეტი. კვირაში ბანაობის უფლებას გვაძლევდნენ ერთხელ. მახსოვს, ტილები დამესია, ყველას ეგ პრობლემა ჰქონდა და ყველა პაციენტი მაგაზე ჩიოდა. საჭმელს რაც შეეხება, საშინლად უგემური იყო, თან ცოტა იყო და იქ რომ ხარ სულ გშია. ესეთი არ უნდა იყოს საავადმყოფო, რა! ჯერ რას გავს შიგნით ოთახები. ყველაფერი არის ძველისძველი, ჩანთხლეული, მოუვლელი.
ტექსტი:
ყოფილი პაციენტი, ანონიმურობის გარანტიით, თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გატარებულ რამდენიმე კვირას იხენებს.
მისი მონათხრობი სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშში აღწერილ ფაქტებს ემთხვევა. დოკუმენტში მძიმე სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებზე, პაციენტების შეზღუდვასა და შებოჭვაზე, შენობის სიძველესა და უხარისხო საკვებზეა გამახვილებული ყურადღება:
“დაწესებულებაში მიწოდებული საკვები უცხიმოა, აკლია მარილი და შაქარი. ამ ინგრედიენტების დამოუკიდებლად დამატება კი შეუძლებელია. პაციენტების გადმოცემით, ხილს აძლევენ კვირაში ერთხელ მცირე რაოდენობით. ზოგიერთ პალატაში არსებულ ლოგინებზე გადაკრული იყო დახეული და დასვრილი თეთრეული. რამდენიმე პაციენტს არ ჰქონდა ზეწარი და ბალიშის პირი. პაციენტებს არ ეძლევათ ახალი თეთრეული, ხოლო თეთრეულის გამოცვლა ხდება ერთ ან ორ თვეში ერთხელ”.
ტექსტი:
გლდანში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი 1972 წელს აგებულ პოლიციის შენობაშია განთავსებული. მას შემდეგ, რაც გლდანის ციხის ტერიტორიაზე არსებული საავადმყოფო დაანგრიეს, ფსიქიატრიული დაწესებულება აქ გადმოვიდა.
კლინიკური ხელმძღვანელი გვეუბნება, რომ არსებობს მთელი რიგი გამოწვევები, რომელსაც დღევანდელი ბიუჯეტის ფარგლებში ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი ვერ უმკლავდება. ამ გამოწვევებს შორისაა შენობის სიძველე და სანიტარულ-ჰიგიენური საკითხები.
პასუხის უფლება: კახა ყიფიანი – თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის კლინიკური ხელმძღვანელი
იყო ერთ-ერთი კრიტიკული ნაწილი კვებასთან დაკავშირებითაც. კი ბატონო, მოგახსენებთ და არ იფიქროთ არანაირად, რომ რეალური სურათის შელამაზებას ვცდილობ, არამც და არამც ასე არაა, მაგრამ არსებული დაფინანსების ფარგლებში, მე ვიტყოდი, რომ ძალიან კარგი კვება გვაქვს, სამჯერადი. გარდა ამისა, ჩვენთან ყველაფერი ტენდერებით არის, ჩვენ ვერ ვყიდულობთ ერთ “ბულკსაც” კი.
ტექსტი:
2021 წელს სახალხო დამცველმა სურსათის ეროვნულ სააგენტოს ამ დაწესებულებაში საკვებისა და სასმელი წყლის კონტროლი დაავალა. მიზეზად რამდენიმე პაციენტის ინტოქსიკაციის შემთხვევა დაასახელა. “სტუდია მონიტორმა” ასევე გაარკვია, რომ მსგავსი შემოწმება აქ არ ჩატარებულა, ხოლო სურსათის ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, რომ აღნიშნული ანგარიში სახალხო დამცველს მათთვის არ მიუწოდებია.
კახა ყიფიანი – თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის კლინიკური ხელმძღვანელი
ჯერესერთიც, არც გარემონტებულა რაც გადმოვედით, არ გარემონტებულა საავადმყოფო…
კითხვა: და ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე?
პასუხი: ჯანდაცვის სამინისტრო, აბა სხვა ვინ?!
ტექსტი:
ჩვენ ქალთა განყოფილებაში შევდივართ. ახლა ამ საავადმყოფოში დაახლოებით 210 პაციენტი იმყოფება. ხის იატაკზე ალაგ-ალაგ ნაპრალებია, კედლების ზედაპირი კი დაზიანებული, ოთახებში რკინის ლოგინები დგას. ტანსაცმლის შესანახად აქ ერთი საერთო ოთახია გამოყოფილი. ყოველი დერეფნის ბოლოს კი ერთი საპირფარეშო ფუნქციონირებს.
საკვების ერთფეროვნებაზე შთაბეჭდილებას ერთ-ერთი პაციენტიც გვიზიარებს.
- აი, საღამოს საჭმელი რომ სხვა რამე იყოს, მაგას მოვითხოვ.
- რას ჭამთ ხოლმე საღამოს?
- ფაფას, პურს და ჩაის. საღამოს არის ხოლმე ბულკი და ჯემიანი პური და ა.შ., მაგრამ არ გვყოფნის ხოლმე და რა ვქნათ, მერე კიდევ გვშივდება.
ტექსტი:
აქ კი ე.წ. განრიდების ოთახია. დეესკალაციის პრაქტიკას უფლებადამცველები ამ დაწესებულებაშიც აკრიტიკებენ.
კახა ყიფიანი – თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის კლინიკური ხელმძღვანელი
თუ აქ ძალადობა ხორციელდება და არც ისე იშვიათად ხორციელდება, ესაა ძალადობა პერსონალის მიმართ, თორემ პაციენტს აქ ხელს ვინ აკარებს?! მხოლოდ შებოჭვა, ისიც კლინიკური დანიშნულების ფარგლებში.
ჟურნალისტის კითხვა: თუმცა ამ ნაწილშიც კრიტიკული იყო სახალხო დამცველი, დეესკალაციის ტექნიკას აკრიტიკებდა…
პასუხი: იცით რა არის, როდესაც აკრიტიკებენ, აბა ამ ადამიანებმა სცადონ აქ მუშაობა ორი კვირით ან ერთი თვით და როგორ მოახდენენ ამ დეესკალაციას, მაგასაც ვნახავ! ეს იცით რა არის?! ქაღალდზე წერია და რაღაც ფანტაზიებია.
საბჭოთა მემკვიდრეობა და
თანამედროვე ფსიქიატრიის უარყოფა
სთენდაფი:
წლებია უცვლელი რჩება სახალხო დამცველის მოწოდება ჯანდაცვის სამინისტროს მისამართით, გაიზარდოს მედპერსონალის რაოდენობა ფსიქიატრიული დაწესებულებების სტაციონარულ განყოფილებებში, ამაღლდეს კვალიფიკაცია, გაიზარდოს მათი ყოველთვიური ანაზღაურება და უზრუნველჰყონ მედპერსონალი მაღალი ხარისხის დაზღვევით.
ტექსტი:
ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან შეუსრულებელ რეკომენდაციებს შორისაა ეს მოთხოვნებიც: “ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მონიტორინგის ჩატარებით გამოავლინოს და აღკვეთოს ამ დაწესებულებების პერსონალის მიერ პაციენტების მიმართ ძალადობის განხორციელების, მათ შორის, მათთვის ინექციებისა და მედიკამენტების ძალით გაკეთების/მიცემის ფაქტები”.
სოფი მენაბდიშვილი – არასამთავრობო ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტი, უფლებადამცველი
ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონი, როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო, ამბობს, რომ დაწყებული სანიტრიდან, ყველა პერსონალი, ვინც კი დაწესებულებაში მუშაობს, აუცილებლად უნდა იყოს პროფესიონალი. მათ უნდა ჰქონდეთ განათლება ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში.
ტექსტი:
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების უფლებათა შელახვა საქართველოში სისტემურ პრობლემას რომ წარმოადგენს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიც ადასტურებს. ჟურნალისტური გამოძიების პროცესში შევეცადეთ გაგვერკვია, რამდენად აცნობიერებენ საკანონმდებლო ორგანოში ამ სფეროს ირგვლივ არსებულ სირთულეებს.
პასუხის უფლება: ზაზა ლომინაძე – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
- ადამიანის უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტია დაფიქსირებული
- არა, არასწორად აფიქსირებთ.
- ამას წერს სახალხო დამცველი პირდაპირ, რომ ადამიანის უფლებების არაერთი დაღვევაა დაფიქსირებული…
- აბა მაჩვენეთ სად წერს?! მასეთ რამეს არ წერს!
ტექსტი:
ბეტონის კედლებს მიღმა ცხოვრობენ ადამიანები, ვისთვისაც სახელმწიფო უმოქმედო მექანიზმია. ამ ადამიანების ხმა არ ისმის ან მათ ხმას არ უსმენენ.
თინათინ შალამბერიძე – ყოფილი პაციენტი, აქტივისტი
მე შემიძლია გავიხსენო რამდენიმე განსაკუთრებით კეთილგანწყობილი მედპერსონალი, რომელიც მუსიკას გვირთავდა იმისთვის, რომ ჩვენ უკეთესი განწყობა გვქონოდა, დადებითი ემოციები მოეტანა ამას ყველაფერს ჩვენთვის.
ნესტან ლონდარიძე – “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი
ერთ-ერთ დაწესებულებაში იმყოფება პაციენტი, რომლის ახლობლებმაც, მას შემდეგ რაც იგი იძულებითი წესით განათავსეს კლინიკაში, თქვეს, რომ გარდაიცვალა ეს პიროვნება. და სინამდვილეში ის იმყოფება ერთ-ერთ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში.