გაიცანით თაღლითები საქართველოდან

ჟურნალისტი: სტუდია მონიტორი
Divider dot 5 მარტი 2025

აგენტი: გამარჯობა, ქალბატონო ჯენიფერ. მე გირეკავთ კომპანიიდან “Golden Currency”.

აგენტი: გამარჯობა ანაბელ, საღამო მშვიდობისა… მე ვარ ესტებან ფერნანდესი, გირეკავთ ბიტკოინის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. 

აგენტი: ოქსანა, გამარჯობა. მე მქვია ლეონიდი, გირეკავთ კომპანია “ადმირალიდან”… 

აგენტი: გამარჯობა, ქალბატონი ჰეცბერგი ხართ?

აგენტი: გამაჯრობა, ეს არის ლანა ლიმანსი. გიკავშირდებით თქვენი ფინანსური მრჩეველი კომპანია “Golden Currency”-დან.

სინამდვილეში, ყველას ატყუებენ. ზარის არც ერთი ავტორი არ არის დასახელებული კომპანიის წარმომადგენელი. ყველა მათგანი საქართველოში მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის თანამშრომელია.

“სტუდია მონიტორი” OCCRP-სთან და 30-ზე მეტ მედიასთან ერთად თვეების განმავლობაში მუშაობდა ჟურნალისტურ გამოძიებაზე. ჩვენ შევისწავლეთ თაღლითური ქოლ-ცენტრიდან გამოჟონილი ასობით ათასი დოკუმენტი, სატელეფონო ზარი და სამუშაო კომპიუტერების ჩანაწერები. ეს მასალები შვედეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა SVT-მ მოიპოვა.

ჟურნალისტურ გამოძიებაში მოგიყვებით ქართველი სკამერების, ანუ თაღლითების, შესახებ, რომლებიც მსხვერპლებს ფულის სარფიანად დაბანდებას ჰპირდებიან, შემდეგ კი ძარცვავენ.

გიამბობთ, ვინ დგას მათ უკან და როგორ მუშაობს სქემა, რათა ადამიანებს ევროპიდან კანადამდე მაქსიმალურად მეტი ფული გამოძალონ.

ქართველი სკამერის ერთ-ერთი მსხვერპლი კანადელი მარსელ დეშამია. 60 წლის მამაკაცი ონტარიოში ერთ-ერთ ქარხანაში მუშაობდა და თანხას წლების განმავლობაში აგროვებდა. თაღლითურ მახეში გაბმის შემდეგ, უკანასკნელი ცენტიც დაკარგა. ყველაფერი ფეისბუკზე განთავსებული რეკლამით დაიწყო.

მარსელ დეშამი, თაღლითური ქოლ-ცენტრის მსხვერპლი: ვიპოვე რეკლამა ფეისბუკზე, სადაც ჯასტინ ტრუდო და ილონ მასკი საუბრობდნენ QUANTUM AI-ზე. ეს რეკლამები სიმართლეს ჰგავს. რეკლამაში გეუბნებიან, რომ შენი ინვესტიცია ოთხჯერ უფრო გაიზრდება.  ეს ყველა დაპირება სიცრუეა.

ფეისბუკზე განთავსებული ყალბი რეკლამა, სადაც თითქოს ცნობილი ადამიანები მონაწილეობენ, მსხვერპლებს კრიპტოვალუტაში ინვესტირებისკენ მოუწოდებს. დამაჯერებელი რეკლამით მოხიბლული ადამიანები ბმულზე გადადიან, ხოლო დამატებითი ინფორმაციის მისაღებად პლატფორმა მათ საკონტაქტო მონაცემების შეყვანას სთხოვს. მონაცემების მითითების შემდეგ ეს ყალბი გვერდები ინფორმაციას თაღლითურ ქოლ-ცენტრებზე ყიდიან – ერთი ადამიანის საკონტაქტო მონაცემს 1000 ევროდ. ამის შემდეგ საქმეში ქოლ-ცენტრის აგენტები ერთვებიან.

მარსელ დეშამი, თაღლითური ქოლ-ცენტრის მსხვერპლი: გადავედი ერთ-ერთ რეკლამაზე, და ხუთ წუთში დამირეკეს. მითხრეს, რომ ერთ-ერთ დეპარტამენტთან გადამამისამართებდნენ. როდესაც ამას აკეთებენ, შემდეგ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას გთხოვენ. ჩემი პირადობის დადასტურების შემდეგ, მცირე თანხის ინვესტირება შემომთავაზეს და მითხრეს, რომ მოგებას მივიღებდი – ძალიან დიდ მოგებას. გეუბნებიან, რომ თუ 350 ევროს ინვესტირებას განახორციელებ, გარკვეულ მოგებას მიიღებ, ხოლო თუ 1000 ან 10,000 ევროს გადარიცხავ, გაცილებით დიდ მოგებას გპირდებიან. გეუბნებიან, რომ შენ დასახმარებლად ყველაფერს აკეთებენ და რომ ძალიან, ძალიან დიდ მოგებას მიიღებ.

იმისთვის, რომ მსხვერპლს მაქსიმალურად მეტი თანხა გამოძალოს, აგენტი მას არწმუნებს, რომ ტელეფონსა და კომპიუტერში AnyDesk-ის აპლიკაცია გადმოწეროს.

აგენტი: თუ ჩემს კლიენტებს უჭირთ რამის მოძებნა ან ვერ პოულობენ, როგორ მიმდინარეობს მათი ტრეიდინგი, ასეთ დროს ყოველთვის ვურჩევ, რომ გადმოწერონ აპლიკაცია AnyDesk. ეს მეხმარება, რომ კლიენტებს ვუთხრა, რაზე უნდა გადავიდნენ. გასაგებია?

აგენტი: შეგიძლიათ გახსნათ AnyDesk? შეგიძლიათ ამის გაკეთება?”

აგენტი: თქვენ კომპიუტერში გვჭირდება AnyDesk

გაჟონილ დოკუმენტებში ჩანს, რომ აგენტები აკვირდებიან მსხვერპლების ყველა მოქმედებას კომპიუტერებში და ტელეფონებში. სრული წვდომა აქვთ პირად ინფორმაციაზე, მათ შორის საბანკო ანგარიშებზე. ამრიგად, აგენტებმა ზუსტად იციან, რომელ მსხვერპლს რა დანაზოგი აქვს.

მარსელ დეშამი, თაღლითური ქოლ-ცენტრის მსხვერპლი: თუ მათ გვერდზე ხარ შესული, მათ აქვთ საკუთარი პლატფორმა. ფული, რომელსაც შენ რიცხავ, ისინი ამ პლატფორმაზე კრეფენ რიცხვებს, და შენ ფიქრობ, რომ ეს შენი თანხაა. ყველაფერი ნამდვილი გგონია. შენ შენს კომპიუტერში შედიხარ, სავაჭრო პლატფორმაზე, და ხედავ, რომ თანხები იზრდება. რასაც გიჩვენებენ, რეალური ჩანს. ძალიან ჰგავს სიმართლეს.

ჟურნალისტი: როდის შეგეპარათ ეჭვი ამ ყველაფერში?

მარსელ დეშამი, თაღლითური ქოლ-ცენტრის მსხვერპლი: როდესაც ფულის გამოტანას ცდილობ, ყოველთვის შეუძლებელია. სულ რაღაც საკომისიო არის ფულის გამოტანაზე, უფრო და უფრო მეტი საკომისიო. მაგრამ ვერასდროს აიღებ ამ თანხას. ეს ყველაფერი თაღლითობაა.

თაღლითური ქოლ-ცენტრის თანამშრომლები თვეების განმავლობაში ძარცვავდნენ მარსელს. ისინი არწმუნებდნენ მამაკაცს, დაებანდებინა მთელი ცხოვრების დანაზოგი ყალბ კრიპტოვალუტაში. მარსელს მხოლოდ დოლარიღა დარჩენოდა და არ იცოდა, როგორ გადაიხდიდა გადასახადებს. მალე მის ტელეფონზე ზარი გაისმა. ქალი თავს მერი რობერტსს უწოდებდა და ამტკიცებდა, რომ პროფესიონალი კრიპტო ექსპერტი იყო. ის მარსელს დაკარგული ფულის უკან დაბრუნებას დაჰპირდა.

მარსელ დეშამი, თაღლითური ქოლ-ცენტრის მსხვერპლი: მე მას ვენდე. ის ძალიან დამაჯერებელი იყო. მითხრა, რომ ფულის უკან დაბრუნებაში დამეხმარებოდა. მან დამატებით მთხოვა თანხის ჩარიცხვა, რათა ჩემი იქამდე ჩარიცხული თანხების უკან მიღება შემძლებოდა. თუმცა, ეს არასდროს მომხდარა. ის ერთი თვის განმავლობაში მიკავშირდებოდა.

ქალი, რომელიც მარსელს მერი რობერტსის სახელით გაეცნო, მამაკაცს ნდობის მოსაპოვებლად ყალბ ფოტოებს უგზავნიდა. ეს, ერთ-ერთი ხერხია, რომელსაც ქოლ-ცენტრის აგენტები იყენებენ. ქალები მეტწილად მამაკაცებს ურეკავენ, ინტერნეტში მოპოვებული მოდელების ფოტოებს უგზავნიან და ატყუებენ, რომ ასე გამოიყურებიან. კაცი აგენტები კი, მსხვერპლად ქალებს ირჩევენ. 

მარსელ დეშამი, თაღლითური ქოლ-ცენტრის მსხვერპლი: ის ძალიან კეთილი ჩანდა. საყვარელი ხმა ჰქონდა. ცდილობდა, ძალიან ცდილობდა, რომ მეგობრული ყოფილიყო. მან მე დამარწმუნა. ის ძალიან დამაჯერებელი იყო.

კანადის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მარსელს მარი რობერტსის სატელეფონო ზარი შეახსენა. 

(მარსელი უსმენს თავისი და მერი რობერტსის ძველ სატელეფონო ჩანაწერს)

მარი რობერტსი-აგენტი: მარსელ, გპირდები, სიტყვას გაძლევ, გპირდები, რომ ყველაფერს უკან დაიბრუნებ. ნუ ღელავ. როგორ ფიქრობ მე შენ პრობლემებს შეგიქმნი?! რა თქმა უნდა, არა. ამას არასდროს გავაკეთებ.

მარსელ დეშამი, თაღლითური ქოლ-ცენტრის მსხვერპლი: დიახ, თქვა რომ არასდროს გააკეთებდა, მაგრამ გააკეთა. მან მე ცენტის გარეშე დამტოვა. არაფერი, სრულიად გამძარცვა. არაფერი დარჩა ანგარიშზე. ყველაფერი სიცრუე იყო. ყველაფერი იყო თაღლითობა. მან მე გამაცურა.

როდესაც მარსელმა მიხვდა, რომ გაძარცვეს, მერი რობერტსს დაურეკა და დაემუქრა, რომ კანადის პოლიციაში უჩივლებდა. მერიმ აღიარა, რომ მარსელი მოატყუა და დასცინა. აღნიშნული სატელეფონო ჩანაწერი გაჟონილი დოკუმენტებიდან მოვიპოვეთ. კანადის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა CBC-იმ აუდიო ჩანაწერი მარსელ დეშამს კიდევ ერთხელ მოასმენინა.

მარსელი: სასწრაფოდ დამიბრუნეთ ფული

მერი რობერტსი: შენ ვერასდროს ნახავ ამ ფულს, სანამ… 

მარსელი: გინდა მითხრა, რომ ერთ დოლარსაც არ მიბრუნებ?! როგორ უნდა ვიცხოვრო?! თავს მოვიკლავ.

მერი რობერტსი: კარგი, წადი და მოიკალი თავი!

მარსელი: შენ მატყუარა ხარ!

მერი რობერტსი: მაგრამ ეს ძალიან კარგად გამომდის, არა?!

მარსელი: იცი რას გეტყვი, დავრეკავ პოლიციაში, ჩავრთავ ინტერპოლს. შენი პასპორტი მაქვს.

მერი რობერტსი:ასაცილო ხარ! სულელი ხარ! დაურეკე კანადის პოლიციას, კვებეკის პოლიციას, ალბერტას პოლიციას, კალგარის პოლიციას, ონტარიოს პოლიციას, თუნდაც მთელი მსოფლიოს პოლიციაში დარეკე. ჩემს ნამდვილ პასპორტს მაინც ვერასოდრს იპოვი. სულელო!

ჟურნალისტი: რას გრძნობთ, როცა ამას კიდევ ერთხელ უსმენთ?

მარსელ დეშამი, თაღლითური ქოლ-ცენტრის მსხვერპლი: უდი მოგონებები. როგორ შეგიძლია იყო ასე დარწმუნებული საკუთარ თავში, როცა ინვესტიციას აკეთებ და ამავე დროს როგორ შეგიძლია იყო ასე მიმნდობი, ენდობოდე ვინმეს, ვინც ასე შეგაცდინა?! ამ ქალს არანაირი სინანული არ აქვს. არც გული აქვს. არა. დაუჯერებელია. როგორ შეგიძლია ასე მოექცე ვინმეს და მან თავად აღიარა, რომ ჩართული იყო ამ ყველაფერში. როგორ შეუძლიათ ამის გაკეთება?! დაუჯერებელია.

ჟურნალისტი: მაგრამ, თქვენ შეძელით და მას სიმართლე აღიარებინეთ.

მარსელ დეშამი, თაღლითური ქოლ-ცენტრის მსხვერპლი: კი, ეს ერთადერთი კარგი რამაა, რაც მოხდა. მე ათი წუთი მქონდა. მოვახერხე, რომ ეღიარებინა, რაც გააკეთა. მგონი, საჭირო ღილაკს დავაჭირე. ნამდვილად ვაფასებ იმას, რასაც თქვენ აკეთებთ, რომ გამოავლინოთ ეს თაღლითები.

სინამდვილეში, მარი რობერტსი პროფესიონალი სკამერია და თბილისში, თაღლითურ ქოლ-ცენტრში მუშაობს. ის გულმოდგინედ ფარავდა კვალს, იყენებდა ყალბ სახელს, ფოტოებსა და პასპორტს. თუმცა ჩვენ ის ვიპოვეთ. თვეების განმავლობაში ვსწავლობდით ქოლ-ცენტრიდან გამოჟონილ შიდა მიმოწერებს. 

გამოჩნდა, რომ აგენტები საკუთარ თავს “სკამერებს”, ანუ თაღლითებს უწოდებენ. მიუხედავად მკაცრი გაფრთხილებებისა, შიდა მიმოწერებში ხანდახან ერთმანეთს რეალური სახელებით მიმართავდნენ. ისინი თავს იწონებდნენ ფუფუნებით სავსე არდადეგებით, ძვირფასი სამკაულებითა და ბრენდული ტანსაცმლით. საუბრობდნენ მეუღლეებზე და სხვა პირად დეტალებზე. ამ ყველაფრის ანალიზითა და დეტალების შეკრებით, ჩვენ შევძელით მარი რობერტსის ნამდვილი ვინაობის დადგენა – ის მარიამ ჩარჩიანი აღმოჩნდა. მისი თვიური ხელფასი ხშირად 20,000 დოლარს აჭარბებდა. ამავე ქოლ-ცენტრში მუშაობს მისი და – ვერიკო ჩარჩიანი, ყალბი სახელით ვერონიკა ნოვაკი.

ჩვენ მხოლოდ დებს არ მივაგენით – გავიგეთ თაღლითური კომპანიის სახელიც, გავშიფრეთ მისი დამფუძნებელი, ქოლ-ცენტრის აგენტები და მათი ბოსი. მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ თაღლითურ ქოლ-ცენტრს თბილისის ცენტრში მინიმუმ სამი ოფისი აქვს: დიღომში, შარტავას ქუჩაზე და ქავთარაძის 13-ში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობიდან სულ რაღაც 500 მეტრში.

ამ სქემის უკან მდგომი კომპანია AK ჯგუფია, სადაც სულ მცირე 85 ადამიანი მუშაობს. 2022 წლის მაისიდან 2025 წლის თებერვლამდე თაღლითურმა ქოლ-ცენტრმა 6,100-ზე მეტი ადამიანი გაძარცვა და 35.3 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ამის მიუხედავად, კომპანიის შესახებ საჯაროდ თითქმის არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვებოდა – თაღლითები ყალბი სახელებით, ფოტოებითა და პასპორტებით საგულდაგულოდ იმალებოდნენ. 

თუმცა, საახალწლო წვეულებაზე გადაღებულმა ფოტოებმა მათი ვინაობა გაამჟღავნა. ჩვენ AK ჯგუფის 2023 წელს გადაღებულ ფოტოებს მივაგენით. 

36 წლის მერი შოთაძე ბიზნესის რეესტრის მიხედვით AK ჯგუფის დირექტორი და ერთადერთი მფლობელი სწორედ ის არის. გამოჟონილი დოკუმენტებიდან გაირკვა, რომ შოთაძე გამოგონილ სახელს ქსენია კოენს იყენებს. მას ჰყავს სკამერების ჯგუფი, რომლებსაც “ტოპ-აგენტებს” უწოდებს. ის აგენტებისგან დღეში მინიმუმ 30,000 დოლარის გამომუშავებას მოითხოვს.

მერი შოთაძის ტელეგრამ მიმოწერა აგენტების ჯგუფთან: თვის ბოლომდე დღეში გვჭირდება 30K და სანამ 30k-ს არ გავატარებთ დღეში, იცოდეთ აქედანვე,  არ გავდივარ სამსახურიდან. 7 უძლიერესი RET-აგენტი სხედხართ ამ თემაში. 30K დღეში თქვენთვის არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს და ერთი და იგივე თემაზე ნუ მიწევს ბევრი საუბარი, დაფუშეთ თქვენი კლიენტები და ფული გაატარეთ.

„სტუდია მონიტორმა“ არაერთხელ დააფიქსირა მერი შოთაძის ავტომობილი ქავთარაძის 13-ში, თაღლითური ქოლ-ცენტრის მიმდებარედ. ტოპ-თაღლითების ხელმძღვანელის ავტომობილის სერიაში მისი ყალბი სახელი – „კოენი“ არის მითითებული.

მერი შოთაძე წლების განმავლობაში მოსკოვთან ახლოს, ქალაქ ხიმკიში ცხოვრობდა. სოციალური ქსელების მიხედვით, მას დღევანდელისგან განსხვავებით, მოკრძალებული ცხოვრების სტილი ჰქონდა. ახლა აგენტები შოთაძეს “დედოფალს” ეძახიან. თავად კი ტელეგრამზე “გვირგვინის” სიმბოლოს იყენებს და ფოტოზე 18,000 დოლარის ღირებულების Rolex-ის საათით იწონებს თავს.

თაღლითური ქოლ-ცენტრის რეალური ბოსი მერი შოთაძის სახელს მიღმა იმალება. კომპანიის დოკუმენტებში არ ჩანს, თუმცა ქოლ-ცენტრიდან გამოჟონილმა მასალებმა ისიც გამოააშკარავა. ადამიანი, რომელსაც არამხოლოდ სკამერები, არამედ მერი შოთაძეც “უფროსს” უწოდებს, 33 წლის აკაკი ქევხიშვილია. სოციალური ქსელებიდან ირკვევა, რომ მან სკოლა ბაქოში დაამთავრა. თაღლითური ქოლ-ცენტრის მმართველი, ორივე მუხლზე ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის აღმნიშვნელ ტატუს ატარებს. წლების წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებში ის ცეცხლსასროლი იარაღების მიმართაც გამოხატავდა სიმპათიას.

თაღლითური ქოლ-ცენტრის ბოსი ოფიციალურად მხოლოდ 300 კვ.მ მიწას ფლობს ზესტაფონში და საპარკინგე ადგილს დიდ დიღომში. რეალურად, ის ამავე კორპუსში ცხოვრობს ოჯახთან ერთად.

ჩვენ გავარკვიეთ, რომ 2024 წელს აკაკი ქევხიშვილის დედამ 4 უძრავი ქონება შეიძინა – 2,033,747 ლარად. ნასყიდობის დოკუმენტში საკონტაქტო ინფორმაციაში აკაკი ქევხიშვილის იმეილი მითითებული. მათგან ერთი ბინა ახალაშენებულ კორპუსში მდებარეობს. კერძო სახლი მიწის ნაკვეთით, აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარედ ძვირადღირებულ უბანში. 607 კვ.მ მიწასა და 433 კვ.მ სახლში აკაკი ქევხიშვილის დედამ 1,825,549 ლარი გადაიხადა.

აკაკი ქევხიშვილის მეუღლის, მარიამ ქვლივიძის სახელზეა რეგისტრირებული ძვირადღირებული ვოლვო. ჩვენი გამოძიების მიმდინარეობისას, თაღლითური ქოლცენტრის ხელმძღვანელმა ახალი ავტომობილიც შეიძინა – რენჯ როვერ აუტობიოგრაფი. ავტომობილის ფასი 365,000 ლარიდან იწყება და მილიონ ლარს აჭარბებს.

ქოლ-ცენტრის შიდა ფინანსური დოკუმენტების მიხედვით, აკაკი ქევხიშვილი გამუდმებით ანაღდებს თანხას, რომელიც თაღლითური კომპანიის ანგარიშზე ჩაირიცხა. მხოლოდ 2024 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით, მან მინიმუმ 130,000 დოლარი გამოიტანა ნაღდი ფულის სახით.

“სტუდია მონიტორი” აკაკი ქევხიშვილისთვის კითხვების დასასმელად მივიდა. თაღლითური ქოლ-ცენტრის AK ჯგუფის ბოსი სახლში ღამის 3 საათზე, პირად დაცვასთან ერთად მოვიდა. ჟურნალისტების დანახვაზე ქევხიშვილი მანქანაში ჩაჯდა.

ეს მანუჩარ გეთიაა, აკაკი ქევხიშვილის პირადი დაცვა. ჩვენ მის შესახებ ინფორმაცია გამოჟონილ დოკუმენტებშიც ვნახეთ. გეთია, რომელიც თავს პოლიციელს უწოდებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელია.

ქოლ-ცენტრიდან გამოჟონილ დოკუმენტებში ჩანს, რომ აკაკი ქევხიშვილი მოუწოდებს აგენტებს უფრო აგრესიული ზეწოლა განახორციელონ კლიენტებზე, რათა მათ მაქსიმალური თანხა გამოსძალონ. აქ, აკაკი ქევხიშვილი აგენტების ჯგუფის ხელმძღვანელს, ლანა ლემანსს, წერს.

აკაკი კევხიშვილი: მთელი დღე რო ქოლზე მოგიწიოთ ამისთვის ჯდომა, უნდა იჯდეთ მთელი დღე.

ლანა ლემანსი: მაგასაც გამოვასწორებ და კიდე ის კლიენტიც დაიძრა. ყველაფერი კარგად იქნება. დედას ვუტირებ, გპირდები.

აკაკი კევხიშვილი: პირად კონტროლზე ყველა ეს კლიენტი. 4 კლიენტი გყავს ძაან დიდი შესაძლებლობით. ეხლა შენი საქმე მანდ მხოლოდ ეს 4 კლიენტია. დამიჯერე, 80% მანდ შენ დაკავებული უნდა იყო მხოლოდ ამ 4 კლიენტით და გააკეთებინო აგენტს ყველაფერი რასაც შენ თვლი, რო საჭიროა ამ 4 კლიენტისთვის.

ლანა ლემანსი: არის უფროსო.

აკაკი კევხიშვილი: აღარ გამიმაზო ასე ბანალურად ტრანზაქციები გთხოვ! და ემოციები გათიშე საერთოდ.ხელს შეგიშლის. ეიფორიაც გათიშე ქოლს რო უსმენ. მხოლოდ ტვინით მიუდექი, ემოციების გარეშე.

ლანა ლემანსი: კარგი.

ჩვენ ლანა ლემანსის ვინაობაც გავარკვიეთ. ის 26 წლის ლანა ვახტანგაძეა, ერთ-ერთი წამყვანი სკამერი. კლიენტებისგან მოტყუებით მან მხოლოდ 2023 წლის ივლისში 35,000 დოლარზე მეტი გამოიმუშავა. 2024 წლის იანვარში 28,550 დოლარი მიიღო. რამდენიმე თვეში კი მდიდრული ქორწილი გადაიხადა კოჯორში მდებარე ველნეს კურორტ ბიოლში. სკამერი ქორწილში ვერტმფრენით ჩაფრინდა, რასაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოყვა — „რომელი მილიონერის ქორწილია ეს?“ — კითხულობდა ხალხი.

თაღლითური ქოლ-ცენტრიდან გამოჟონილ დოკუმენტებში ჩანს, რომ ტოპ აგენტებს თვეში 20,000 დოლარზე მეტის გამომუშავებაც კი შეუძლიათ. სკამერები ერთმანეთთან კონკურენციაში ერთვებიან კომპანიის მიერ დაწესებული ისეთი პრიზებისთვის, როგორიც არის BMW და აიფონის ტელეფონი.

AK ჯგუფის სკამერების მსხვერპლი გახდა რუსულ აგრესიას სამშობლოდან გერმანიაში გაქცეული უკრაინელი ქალი, ოქსანა. თაღლითური ქოლ-ცენტრის აგენტისგან ერთხელ უკვე გაძარცვული იყო. მეორე აგენტმა კი მას მაშინ დაურეკა, როდესაც ქალი ომში დაღუპულ ძმას გლოვობდა.

(სატელეფონო საუბარი სკამერსა და მსხვერპლს შორის)

აგენტი: ოქსანა გამარჯობა, ეს ლეონიდია ადმირალიდან, ადრე თქვენ ჩვენთან თანამშრომლობდით და დიდი ხანია არ გამოჩენილხართ. მაინტერესებს რა არის მიზეზი?

ოქსანა: იმიტომ რომ დამიბლოკეს ანგარიშები, მთლიანად წაიღეს ჩემი ფული.

სკამერი: თქვენი ფული არავის არ წაუღია, თქვენთან არის, უბრალოდ პაროლი შეგყავდათ ანგარიშზე არასწორად და ამიტომ დაიბლოკა. მითხარით, როგორ შემიძლია თქვენი დახმარება.

ოქსანა: როგორ დამეხმარებით, ძმა მომიკლეს ომში, როგორ დამეხმარებით.

აგენტი: რას გულისხმობთ, ამიხსენით.

ოქსანა: დაიღუპა ჯარისკაცი ომში.

აგენტი: რას ამბობთ, თანაგიგრძნობთ, ძალიან ცუდია.

აგენტი: მითხარით, თუ შეიძლება, როგორ დაგიკავშირდეთ, ტელეგრამი გაქვთ, რომ მოგწეროთ?

ოქსანა: მომწერეთ, ლეონიდ, შემიძლია თქვენთან საუბარი.

ქართველი სკამერების მსხვერპლებს შორის შვედეთის მოქალაქეებიც აღმოჩნდნენ. 68 წლის ანიკა, პენსიონერია. მას ძვირადღირებული სტომატოლოგიური მომსახურებისთვის თანხა სჭირდებოდა. ფეისბუკზე მომხიბვლელი რეკლამა ნახა, რომელიც ფულის მარტივად შოვნას ჰპირდებოდა. სწორედ ასე გაება სკამერების მახეში. მას ქართველმა სკამერმა დაურეკა, რომელიც ენტონი ადამსად გაეცნო.

ანიკა გუსტაფსონი – თაღლითური ქოლ-ცენტრის მსხვერპლი: ის ძალიან სასიამოვნო ადამიანი ჩანდა, ძალიან ბევრს საუბრობდა, დაინტერესებული იყო ჩემით და ჩემი ცხოვრებით. მკითხა – ჩრდილოეთ შვედეთში ცხოვრობო?! მითხრა, რომ სულ უნდოდა ჩრდილოეთის ციალის ნახვა.

მას შემდეგ რაც ანიკას ენტონი ადამსმა 65,000 შვედური კრონა, მისი დანაზოგი სრულად გამოსძალა, დამატებით 100,000 შვედური კრონა სესხად ააღებინა ბანკიდან.

ანიკა გუსტაფსონი – თაღლითური ქოლ-ცენტრის მსხვერპლი: მან მითხრა, თუ ამ თანხას დაამატებ შენი ბიტკოინის ჯამი იქნება სამჯერ მეტი. რამდენიმე დღეში შენ მიიღებ წარმოუდგენელ მოგებას. მე არ ვიყავი დაინტერესებული დიდი მოგებით, მე მხოლოდ სტომატოლოგიური ჩარევა მჭირდებოდა. მაგრამ ვიფიქრე, კარგი თუ მივიღებ ამ თანხას, შემიძლია დავეხმარო მეგობრებს რომლებიც ასევე ღარიბები არიან. როდესაც გავაანალიზე, რომ ის ჩემი მეგობარი სულაც არ იყო, მას მხოლოდ ჩემი გაძარცვა სურდა, რთული აღსაწერია, სასოწარკვეთილი ვიყავი. თავი სულელად ვიგრძენი, მოტყუებულად, მრცხვენოდა. 68 წლის ვარ, ჟურნალისტი ვიყავი, როგორ შეიძლება ასეთი სულელი ვიყო.

ანიკა შვედეთის სააზოგადოებრივ მაუწყებლის ჟურნალისტებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა. მან წერილი დაწერა თაღლითისვის, რომელმაც ის გაძარცვა. 

ანიკა გუსტაფსონი – თაღლითური ქოლ-ცენტრის მსხვერპლი (კითხულობს წერილს): ძვირფასო ტონი, გწერ ანიკა ჩრდილოეთ შვედეთიდან. ერთი წლის წინ, შენ დამეხმარე მთელი ჩემი დანაზოგის დაკარგვაში და ბანკიდან ამაღებინე 100,000 შვედური კრონა სესხად. მას შემდეგ, მე უბედური ვარ. სრულიად ჩავიკეტე, არ მინდოდა ვინმესთვის მეთქვა, როგორ გამაცურეს… ჟურნალისტებმა გაიგეს სად მუშაობ და გადაწყვიტეს გამოგააშაკარვონ. შენ ხალხის მოტყუების ექსპერტი ხარ. ეს ბედნიერებას განიჭებს? ღამე კარგად გძინავს? როცა იღვიძებ ამაყობ საკუთარი თავით? მე ვფიქრობ, ერთხელაც შენ მიხვდები, რამდენ ადამიანს დაუნგრიე ცხოვრება. შეძლებ მშვიდად სიკვდილს, ტონი?  ანიკა, სუსხიანი ჩრდილოეთ შვედეთიდან…

ანიკა, ჟურნალისტებთან ერთად ქავთარაძეზე თაღლითური ქოლ-ცენტრში მივიდა. ჟურნალისტები შენობაში არ შეუშვეს. 

“სტუდია მონიტორის” კამერამ დააფიქსირა, როგორ გამოყვა ოფისიდან გამოსულ ჟურნალისტებს მამაკაცი. რომელმაც მათ ავტომობილს ფოტოები გადაუღო. ჩვენ გავარკვიეთ, რომ ეს ლევან გოგიაა, AK ჯგუფის დაცვის თანამშრომელი, რომელიც 2022 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ზუგდიდის სამმართველოს უფროსი იყო. ის AK ჯგუფის საახალწლო წვეულებაზეც იმყოფებოდა.

მსოფლიოს ათობით ქვეყნის მოქალაქეების თანხების მოტყუებით მითვისების შემდეგ, A.K. ჯგუფმა 2024 წელს კიდევ უფრო პომპეზური საახალწლო წვეულება გამართა. ღონისძიებას 2 მოწვეული, ცნობილი წამყვანი უძღვებოდა, შოუს კი კაბარეს მოცეკვავეები აფორმებდნენ. დასასრულს, სკამერებს კომპანიის ლოგოთი გაფორმებული ძვირადღირებული ტორტით გაუმასპინძლდნენ.

თაღლითური ქოლ-ცენტრის AK ჯგუფის ხელმძღვანელებს და აგენტებს კითხვებით მივმართეთ. არც ერთ მათგანს პასუხი არ მოუწერია და სოციალურ ქსელებში ანგარიშები გააუქმეს. სავარაუდოდ დაიხურა ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ოფისიც. 

კითხვები ჰქონდა კანადელ მარსელს მერი რობერტსთან, იგივე მარიამ ჩარჩიანთან.

მარსელი დეშამი: “გამარჯობა მარიამ!”

მარიამ ჩარჩიანი: “გამარჯობა!”

მარსელ დეშამი: “გამარჯობა, მარიამ როგორ ხარ?”

მარიამ ჩარჩიანი: “რომელი ხარ?”

მარსელ დეშამი: “მარსელი ვარ, არ გახსოვარ? მითხარი რომ ვერასოდეს გიპოვიდი, ვერასდროს დაგიკავშირდებოდი.”

მარიამ ჩარჩიანი: “შეგიძლია შემახსენო რომელი ხარ?”

მარსელ დეშამი: “მარსელი ვარ, არ გახსოვარ?”

მარიამ ჩარჩიანი: “მარსელი ხარ. არა, არ მახსოვხარ”.

მარსელ დეშამი: “შენ თბილისში ცხოვრობ ხომ, საქართველოში?”

მარიამ ჩარჩიანი: “არა.”

მარსელ დეშამი: “შენ ხომ მარიამ ჩარჩიანი ხარ, თუ მერი რობერტსი ხარ? მარიამ, შენ ფული მომპარე. ჩვენ შენ გიპოვეთ.”