გარიგებული ერი და ბერი
ლევან მურუსიძე, მოსამართლე: მე ანტონ ბულუხიას კი არა, შეიძლება ბევრს ვიცნობ ტელევიზიიდანაც და ისედაც. ჯერ ეს ერთი, არ არის საუბარი – ანტონ ბულუხია, ის არის, მეუფე არის.
ჟურნალისტის ხმა: სასამართლო კლანის გავლენიანი მოსამართლის გავლენიან მიტროპოლიტთან შეხვედრის დეტალები
ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მერის მოადგილე: საპატრიარქოსთან მაქვს ძალიან ახლო ურთიერთობა და შეძლებისდაგვარად, კანონის ფარგლებში, ბევრ სასულიერო პირს ვეხმარები.
ჟურნალისტის ხმა: დედაქალაქის მერის მოადგილის მოძღვრის სამშენებლო ბიზნესი.
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: ჩემთვის არის ძალიან შეურაცხმყოფელი, რომ ისეთ კითხვას მისვამთ, ანუ თქვენ უშვებთ იმას, რომ მე უკანონო რამე ვთხოვე ვინმეს.
ჟურნალისტის ხმა: პროტოპრესვიტერის სახელისუფლებო კავშირები და მილიონიანი ტენდერები მისი შვილის კომპანიისთვის.
მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი:პატრული მოვიდეს ეხლავე აქ! დატოვეთ მონასტრის ტერიტორია!
ჟურნალისტის ხმა: გაიფლანგა თუ არა ბიუჯეტიდან დაფინანსებული ეპარქიის სახსრები შუამავლების სქემის გამოყენებით?
სათაური: გარიგებული ერი და ბერი
ჟურნალისტის ხმა: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობა კონსტიტუციითაა აღირებული. თუმცა, როგორც ირკვევა, მღვდელმთავრებისა და სასულიერო პირების ნაწილი ფარულ გარიგებებშია ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან. გარიგებების წყალობით, სავარაუდოდ, ისინი ეუფლებიან საბიუჯეტო სახსრებს, უძრავ-მოძრავ ქონებას, ბიზნეს-წილებს და სხვა სახის პრივილეგიებს. სანაცვლოდ კი, მაღალი თანამდებობის პირები ყველაზე გავლენიანი ინსტიტუციის – საპატრიარქოს მხარდაჭერას იღებენ.
ჟურნალისტის სტენდაფი: ნარიყალაზე მდებარე ამ პავილიონების ბიზნესის ხელში ჩასაგდებად ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიას კარგი სახელისუფლებო კავშირები დაეხმარა. პავილიონები მიტროპოლიტთან დაკავშირებული კომპანიის საკუთრებაშია.
გრაფიკა: ნარიყალაზე ეს მიწის ნაკვეთი თბილისის მერიამ 2017 წელს შპს “ალიანსს” გადასცა 10-წლიანი იჯარით, სავაჭრო-საგამოფენო პავილიონების მოსაწყობად. საიჯარო მოსაკრებლად კი წელიწადში 3700 ლარი განუსაზღვრა.
ჟურნალისტის ხმა: “ალიანსის” 33%-ანი წილის მფლობელის, რუსლან ღვინჯილიას და აცხადებს, რომ თბილისის მერიაში ეს 10-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება მიტროპოლიტმა ანტონ ბულუხიამ მოიპოვა რუსლანის თხოვნით, რომელიც წლების წინ სასჯელს მასთან ერთად იხდიდა. სანაცვლოდ კი ღვინჯილიამ ბულუხიას შვილის სახელზე “ალიანსის” 34%-ანი წილი გააფორმა. ღვინჯილიების თქმით, ბიზნესი საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა, რის გამოც მიტროპოლიტმა კომპანიიდან მათი ჩამოშორება განიზრახა.
ლამარა ღვინჯილია, შპს “ალიანსის” ერთ-ერთი მეწილის და: როცა შეხედა ანტონმა, როგორი მომგებიანი იყო ეს ბიზნესი, აი, იქიდან დაიწყო ყველაფერი. ჩამოიყვანა მანანა რობაქიძე და რუსლანს უთხრა, რომ რამოდენიმე ადგილს მისცემს, თავის რამოდენიმე ადგილს და ამუშავებს.
გრაფიკა: საჯარო რეესტრის მიხედვით, 2018 წელს ბულუხიას წილის მფლობელი მიტროპოლიტის ახლო მეგობარი, მანანა რობაქიძე გახდა, მოგვიანებით კი ამ უკანასკნელმა 67%-ანი წილი მიიღო.
ჟურნალისტის ხმა: 2018 წლის ივლისში რობაქიძე ღვინჯილიას წილის გადაფორმებასაც შეეცადა. საჯარო რეესტრში შეტანილ საპასუხო წერილში ღვინჯილია წერდა, რომ რობაქიძემ შეცდომაში შეიყვანა და ითხოვდა მისი წილის გასხვისების შეთანხმების გაუქმებას. ამის შემდეგ, წილებზე დავა და დაპირისპირება გამწვავდა, რაც საბოლოოდ ქურდულ გარჩევებამდე მივიდა. „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 2019 წლის 23 მარტს რუსლან ღვინჯილია დააკავეს. ხოლო მასთან ერთად დაკავებულ კიდევ 2 პირს გამოძიებამ ქურდული სამყაროს წევრობაში დასდო ბრალი.
ლამარა ღვინჯილია, შპს “ალიანსის” ერთ-ერთი მეწილის და: ბიზნესია, როდესაც შენ თვითონ ქმნი და ის უბრალოდ მზა ბიზნესიდან აგდებს ადამიანებს და ეს ადამიანები მერე სამართალს ვერსად ვერ პოულობენ. აი, ჩემ შემთხვევაშიც, 3 წელია მიმდინარეობს და რა? და არც მაქვს იმის იმედი, რომ რამე მივა ლოგიკურ დასასრულამდე. ეს ხომ ოდესმე უნდა დასრულდეს? ეხლა იმიტომ, რომ ანტონი მეუფეა და მას ყველგან ნაცნობები ჰყავს და მე არ მყავს, რა თქმა უნდა, ამდენი ნაცნობები, საიდან უნდა მყავდეს, რიგით მოქალაქეს? ამის გამო უნდა დავიჩაგრო და სამართალი ვერ უნდა ვიპოვო ჩემს ქვეყანაში?!
ჟურნალისტის ხმა: ღვინჯილიები დარწმუნებულები არიან, რომ დაკავების ოპერაცია მიტროპოლიტმა დაგეგმა პავილიონების ბიზნესის სრულად ხელში ჩასაგდებად. ამის საილუსტრაციოდ კი რამდენიმე სატელეფონო ჩანაწერი გადმოგვცეს, რომლებშიც ანტონ ბულუხია ღვინჯილიებთან ანგარიშსწორების საქმის დეტალებს მანანა რობაქიძესთან და ადვოკატ მიხეილ ბაიდოშვილთან ათანხმებს.
მიტროპოლიტი ანტონი: მიაწექით “პოლნასტიუ” ქურდული მენტალიტეტის იმითი მიაწექი.
მანანა რობაქიძე: ქურდული არ წავა ახლა აქ.
მიტროპოლიტი ანტონი: არა რო მაგი გეჩემება ქურდული მენტალიტეტით, კი.
მანანა რობაქიძე: არ შეიძლება, რომ ის გამომძიებელი, რომ გააფრთხილონ?
მიტროპოლიტი ანტონი: რომელი რაიონია?
მანანა რობაქიძე: მიშამ იცის. მიშას დაელაპარაკე, რომ სხვანაირად მიაწვეს ამას, თორემ უნდა რომ გააიოლოს ეს ყველაფერი.
მიტროპოლიტი ანტონი: მომწერე, ან უთხარი მიშას რომელი რაიონია. კარგი.
ჟურნალისტის ხმა: 2020 წლის 6 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსლან ღვინჯილიას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის პარალელურად, შპს “ალიანსის” წილებთან დაკავშირებით დავამ სასამართლოში გადაინაცვლა. სავარაუდოდ, სუს-დან გაჟონილი ფარული ჩანაწერების მიხედვით, 2020 წლის 11 იანვარს ანტონ ბულუხია სასამართლო კლანის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოსამართლე ლევან მურუსიძეს შეხვდა.
ამონარიდი ფარული ჩანაწერებიდან: ვანი-ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონ ბულუხიამ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილთან საუბარში დადებითად შეაფასა მოსამართლე ლევან მურუსიძესთან შეხვედრა და განაცხადა, რომ ამ უკანასკნელმა მოისმინა და გაიგო მისი პრობლემა.
ლევან მურუსიძე, მოსამართლე: ამ ფარული ჩანაწერების პროპაგანდას ნუ ეწევით ეხლა ტელევიზიები.
ჟურნალისტი: პროპაგანდა არ არის. თქვენ არ ადასტურებთ ანტონ ბულუხიასთან შეხვედრას?
ლევან მურუსიძე: პროპაგანდაა ზუსტად, ამიტომ არაფერს არ ვადასტურებ და არაფერს არ ვიძახი და არ ვლაპარაკობ.
ჟურნალისტი: თქვენი ზეგავლენები არ გამოგიყენებიათ?
ლევან მურუსიძე: არავის, არასოდეს, არცერთ საქმეში.
ჟურნალისტის ხმა: მოგვიანებით ლევან მურუსიძემ დაადასტურა, რომ ანტონ ბულუხიას იცნობს, ხოლო შეხვედრის თაობაზე საუბარი არ ისურვა.
ჟურნალისტი: ანტონ ბულუხიას არ იცნობთ?
ლევან მურუსიძე: მე ანტონ ბულუხიას კი არა, შეიძლება ბევრს ვიცნობ ტელევიზიიდანაც და ისედაც. ჯერ ეს ერთი არ არის საუბარი – ანტონ ბულუხია, ის არის, მეუფე არის.
ჟურნალისტი: ეს შეხვედრაც არ შემდგარა 11-ში?
ლევან მურუსიძე: მე არაფერს არ ვიძახი, შედგა-არ შედგა, როგორ შედგა.
ჟურნალისტის ხმა: სასამართლო დავა “ალიანსის” წილებზე დღემდე გრძელდება. თავად მიტროპოლიტმა ანტონ ბულუხიამ ამ საკითხებზე ჩვენთან საუბარი არ ისურვა.
ჟურნალისტი: გამარჯობა, მამა გიორგი ტატურაშვილს ვეძებთ, სად შეიძლება მისი ნახვა?
ჟურნალისტის ხმა: დეკანოზი გიორგი ტატურაშვილი თბილისში, კალოუბნის #40-ში მშენებარე კორპუსის ეზოში ვნახეთ.
ჟურნალისტი: მამა გიორგი, თქვენთან შეკითხვა გვაქვს და თუ შეიძლება რომ დაგველაპარაკოთ?
მღვდლის თანმხლები პირი: რა ხდება, ძმაო, ერთი წამით, გამორთე კამერა.
ჟურნალისტის ხმა: ჩვენი გადამღები ჯგუფის გამოჩენის შემდეგ დეკანოზი გაიქცა. მასთან უნდა გადაგვემოწმებინა, ჰქონდა თუ არა წილი სამშენებლო ბიზნესში. დეკანოზის ნაცვლად “თავისუფლების მონიტორს” მისმა თანმხლებმა უპასუხა:
ჟურნალისტი: ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ცნობილი არის, რომ მამა გიორგის აქვს წილი “სხივში”
თანმხლები: აქა? რას ლაპარაკობთ? რას ლაპარკობთ?
ჟურნალისტი: არ არის ასე?
თანმხლები: არანაირად, არანაირად…
ჟურნალისტი: რეესტრშიც ასეა და ძალიან ხშირად არის აქ.
თანმხლები: ჩემთან მოდის, ჩემთან მოდის სტუმრად.
ჟურნალისტი: რატომ, ზაზა?
თანმხლები: მრევლი ვარ მისი და ჩემთან მოდის სტუმრად.
ჟურნალისტის ხმა: მოგვიანებით სატელეფონო საუბარში დეკანოზმა გიორგი ტატურაშვილმა დაადასტურა, რომ შპს “სხივი” მას ეკუთვნის, რომელიც კალოუბნის 40-ში საცხოვრებელ კორპუსს აშენებს.
ირაკლი ბენდელიანი: თქვენ საიდან იცით, მე როდის მხვდება ხოლმე მამა გიორგი?
ჟურნალისტის ხმა: სავარაუდოდ, სუს-დან გაჟონილი ფარული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ 2019 წლის აპრილში დეკანოზი გიორგი ტატურაშვილი არაერთხელ შეხვდა მის მეგობარს, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს და მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვის მიღებაში დახმარება სთხოვა.
დეკანოზი გიორგი ტატურაშვილი: წელიწადი და 8 თვე პროექტი ვერ დამტკიცდა და მე არ ვიცი თქვენ დახმარებას რას ეძახით? რაღაც განსაკუთრებული დახმარება, რამე დახმარება უფრო სწორედ, არ მქონია.
ჟურნალისტის ხმა: თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ კალოუბნის 40-ში მშენებლობის ნებართვაზე განცხადება თავდაპირველად 2018 წლის ნოემბერში შევიდა. საბოლოო პროექტი 7 თვეში დამტკიცდა. ნებართვებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები დეკანოზ გიორგი ტატურაშვილს 2019 წლის აპრილ-მაისში შეექმნა. სავარაუდოდ, სუს-დან გაჟონილი ფაილების მიხედვით, სწორედ ამ პერიოდში მიმართა მან დახმარებისთვის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს.
ჟურნალისტის შეკითხვა: როცა მამა გიორგი შეგხვდათ, ერთ შემთხვევაში დაგელაპარაკათ, მერე რამდენიმე ხანში შეგხვდათ, მან მალევე მიიღო ამ კალოუბნის 40 ნომერში მშენებლობის ნებართვა.
ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მერის მოადგილე: ნახეთ, მამა გიორგისთან მაქვს დაახლოებით ერთი 15 წელია ურთიერთობა. ამ 15 წლის განმავლობაში ვარ უამრავჯერ შეხვედრილი მამა გიორგისთან, აი, 15 წელია დაახლოებით, რაც მაგ მამაოსთან მაქვს ურთიერთობა და შესაბამისად, ახლა რომელი შეხვედრის მერე რა გააკეთა, მე როგორ უნდა დაგიდასტუროთ ეს?!
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: სანამ მოხვალთ უნდა, იკითხოთ. მერე რომ მოხვალთ, უნდა თქვათ, რომ მამა გიორგი, უდიდესი ბოდიში, უდიდესი ბოდიში, ვიცით, რომ ეს თქვენთან არანაირად დაკავშირებული არ არის, მაგრამ თუ შეიძლება ასეთი კითხვა დაგისვათ.
ჟურნალისტის ხმა: კითხვა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ერთ-ერთ, ყველაზე გავლენიან მღვდელს უნდა დავუსვათ, მისი შვილის ბიზნესკომპანიებს ეხება.
გრაფიკა: თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის შვილის, თორნიკე ზვიადაძის სახელზე რეგისტრირებულ 10-ზე მეტ კომპანიას მილიონობით ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები აქვს მოგებული. მხოლოდ ერთი კომპანიის – “ამხანაგობა ნიუ გრუპის” საშუალებით 2017-19 წლებში საგზაო-სარემონტო სამუშაოებისთვის, 20-მდე ტენდერი მოიგო და 4 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა ბიუჯეტიდან.
ჟურნალისტის ხმა: “ამხანაგობა ნიუ გრუპი” სატენდერო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს განსაზღვრულ ვადაში ან საერთოდ ვერ ასრულებდა. ამის მიუხედავად, იგებდა ახალ ტენდერებს და ახერხებდა ძველი ვალდებულებების გადავადებას. სექტემბერში გავრცელებული ე.წ. სუსის ფაილების მიხედვით, პროტოპრესვიტერი შვილს კომპანიის პრობლემების მოგვარებაში ეხმარებოდა.
ჟურნალისტის შეკითხვა: ჰქონდა თუ არა მამა გიორგის კავშირები სისტემატიურად სხვადასხვა თანამდებობის პირთან, რომ თავისი შვილის კომპანიისთვის ეშველა?
თორნიკე ზვიადაძე, “ამხანაგობა ნიუ გრუპის” მფლობელი: მამა გიორგიმ გაიგო უკვე ბოლოს, როცა პრობლემები იყო უკვე გამწვავებული და მისი ჩართულობა მხოლოდ მოიცავდა მოკითხვას და თხოვნას, დაინტერესებულიყვნენ კანონის ფარგლებში, თუ რა ვითარება იყო, ხომ არ იყო რაღაც ხელოვნური პრობლემები შექმნილი.
ჟურნალისტის სტენდაფი: სავარაუდოდ, სუს-დან გაჟონილ ფარულ ჩანაწერებში ჩანს, რომ 2019 წელს გიორგი ზვიადაძემ რუსთავსა და გურჯაანში მისი შვილის კომპანიისთვის შექმნილი პრობლემების მოგვარების თხოვნით საპარლამენტო უმრავლესობის წევრს სოზარ სუბარს მიმართა, რომელიც მაშინ პრემიერის მრჩეველი იყო რეგიონული განვითარების საკითხებში. ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს თავად გიორგი ზვიადაძე დაუკავშირდა თხოვნით.
გრაფიკა: რუსთავში, გურჯაანსა და ხარაგაულში ზვიადაძის კომპანიამ 2 წელიწადში დაახლოებით 5 მილიონამდე ლარის ღირებულების 15 ტენდერი მოიგო. ბიუჯეტიდან 3 მილიონ 400 ათასი ლარი დაიხარჯა ისე, რომ 15-დან 11 ტენდერის პირობები შეუსრულებელი დარჩა.
ჟურნალისტის ხმა: დახარჯული თანხის ნაწილი იმ პირგასამტეხლოებს მოხმარდა, რაც “ამხანაგობა ნიუ გრუპს” ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის დაეკისრა. თორნიკე ზვიადაძე ამბობს, რომ ტენდერებში მონაწილეობის გამო ვალი დაედო და პირგასამტეხლოებისთვის გადახდილი თანხის დაბრუნებას ამჟამად სასამართლოს გზით ცდილობს.
გრაფიკა: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის 4 აპრილს გურჯაანის მერიამ 3 სატენდერო ხელშეკრულება გაუფორმა “ნიუ გრუპს”. 3-დან 2 ხელშეკრულება 6 ივნისს შეუწყვიტა სატენდერო პირობების შეუსრულებლობისთვის.
ჟურნალისტის ხმა: სავარაუდოდ, სუსიდან გაჟონილი ფაილების მიხედვით, ხელშეკრულებების შეწყვეტამდე რამდენიმე დღით ადრე პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ დახმარებისთვის კახეთის მაშინდელ გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილს მიმართა, მოგვიანებით კი იგივე თხოვნით სოზარ სუბარს დაუკავშირდა. ირაკლი ქადაგიშვილმა უარყო ზვიადაძის შვილის კომპანიისთვის რაიმე დახმარების გაწევა ტენდერებში. სოზარ სუბარმა კი “თავისუფლების მონიტორის” შეკითხვებს არ უპასუხა.
გრაფიკა:“თავისუფლების მონიტორმა” გაარკვია, რომ გურჯაანის მერიამ 700 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულებები 6 ივნისს შეუწყვიტა “ნიუ გრუპს”, მაგრამ 2 დღით ადრე მასთან 600 ათასიანი ხელშეკრულება გააფორმა.
ჟურნალისტის შეკითხვა: იმ შეუსრულებელი ტენდერების შემდეგ, თორნიკე – თქვენი შვილი, კიდევ იგებს სხვადასხვა ტენდერს და ხომ არ იყო თქვენი გავლენა, რადგანაც იცნობდით სხვადასხვა თანამდებობის პირებს?
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: არა, ნამდვილად ტყუილია, აი, ძალიან კარგია, რომ მეკითხებით, ნამდვილად ტყუილია. მე შეიძლება ადამიანს დავურეკო და ვთხოვო, რომ თუ შეიძლება რაღაც დრო დაუთმო, თუ შეიძლება ამ საკითხზე რომ ისაუბროთ, რა არის კანონიერი და რა არის სამართლებრივი, შეიძლება ამაზე დავურეკო, ახლა არ მახსოვს საერთოდ.
ჟურნალისტის ხმა: “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” წლების მანძილზე სწავლობს სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებულ საკითხებს. ორგანიზაციის წარმომადგენელს ვკითხეთ, რა შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ კომპანია, რომელიც წლების მანძილზე ვერ ასრულებს ვალდებულებებს, კვლავაც ახალ-ახალ ტენდერებს იგებდეს.
ბესო ნამჩავაძე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” უფროსი ანალიტიკოსი: როცა სახეზე გვაქვს ისეთი შემთხვევა, რომ ეს კომპანია … ისევ იგებს ახალ ტენდერებს და ნაწილს ასრულებს და ნაწილს ვერ ასრულებს, ეს ბუნებრივია აჩენს ეჭვს, რომ შეიძლება ვინმე მფარველობდეს ამ კომპანიას და შეიძლება საგამოძიებო უწყებების ჩართვაც გახდეს საჭირო, ამის უკან ხომ არ დგას კორუფციული გარიგებები.
ჟურნალისტის ხმა: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ცნობით, ამხანაგობა „ნიუ გრუფი“ 2019 წლის მეორე ნახევარში შავ სიაში 12-ჯერ შეიყვანეს 1 წლის ვადით. ამ დროს კომპანიას უკვე თითქმის 2 წლის განმავლობაში მილიონობით ლარის შეუსრულებელი ვალდებულება ჰქონდა დაგროვილი. ფარავნის ტბის პირას, ასპარაში მდებარე ეს მიწის ნაკვეთები ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრის საკუთრებაშია.
გრაფიკა: 2013 წლიდან დღემდე ეპარქიის სასწავლო ცენტრმა აქ 21 მიწის ნაკვეთი იყიდა, საერთო ჯამში 11 ჰექტარზე მეტი.
ჟურნალისტის სტენდაფი: საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ეპარქიის ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ამ მიწების შესაძენად შუამავლები გამოიყენა. შუამავლები მიტროპოლიტთან დაკავშირებული ადამიანები იყვნენ, რომლებმაც ადგილობრივი მოსახლეებისგან მიწები იაფად იყიდეს და შემდეგ გაცილებით ძვირად მიყიდეს ეპარქიის სასწავლო ცენტრს. მაგალითად, 2013 წელს ახალქალაქის ეპარქიის საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორმა ლელა ჭინჭარაულმა 3480 ლარად შეიძინა ასპარაში 3 მიწის ნაკვეთი, რომლებიც 2016 წელს 18 750 ლარად მიყიდა ეპარქიას.
ჟურნალისტის ხმა: ასეთი სქემით ეპარქიის სასწავლო ცენტრმა, რომელიც ყოველწლიურად ნახევარი მილიონი ლარით ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯამში, 50 ათას ლარზე მეტი იზარალა. მოგება მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის გარემოცვის წევრებმა ნახეს. ინფორმაციის გადასამოწმებლად მიტროპოლიტს ინტერვიუზე შევუთანხმდით და მისივე მიწვევით მონასტრის ტერიტორიაზე შევხვდით.
ჟურნალისტის შეკითხვა: მოხდა თუ არა ასპარაში შუამავლების საშუალებით სახლების შესყიდვა და შემდეგ ეპარქიამ იყიდა ბევრჯერ ძვირად?
მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: შეწყვიტეთ გადაღება! შეწყვიტეთ გადაღება! გადაუღე ერთი იმას.
ჟურნალისტის ხმა: ამის შემდეგ მიტროპოლიტი პატრულს იძახებს. ეუბნება, თითქოს ჩვენ მონასტრის ტერიტორიაზე შევიჭერით.
მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი იძახებს პატრულს: დიახ, საშინელი და არაფრით არ მანებებენ თავს და ამ წუთას მოვიდეს პატრული თუ შეიძლება! ძალიან უხეშად მექცევიან, თუ შეიძლება ამ წუთას მოვიდეს პატრული!
ჟურნალისტი: მეუფე ნიკოლოზ, ჩვენგან უხეში მოქცევა სად ნახეთ?
მიტროპოლიტი ნიკოლოზი: თუ შეიძლება ეხლავე მოხვიდეთ, იმიტომ, რომ არ ამთავრებენ ე.ი. მინდა, რომ შეწყვიტონ კითხვების დასმა და არაფრით არ ამთავრებენ, შემოჭრილები არიან მონასტრის ტერიტორიაზე.
ჟურნალისტი: არა, არა, დიდი ბოდიში, არ არის ეს სიმართლე.
ჟურნალისტის ხმა: ეპარქიისთვის გამოყოფილი სახსრების შესაძლო არასწორ განკარგვას არა მხოლოდ ასპარას ეპიზოდი უკავშირდება. სავარაუდოდ, სუს-დან გაჟონილი ფარული ჩანაწერების მიხედვით, 2020 წლის ივნისში – ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მუზეუმის დირექტორი მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს ატყობინებს, რომ ამოეწურა თანხა, რის გამოც ვეღარ აგრძელებს მუზეუმის მოწყობას და აპირებს ფინანსური დახმარებისთვის ადგილობრივ გუბერნატორს მიმართოს.
ამონარიდი ფარული ჩანაწერებიდან: [12.06.20, 14:33:55]: საუბრიდან იკვეთება, რომ მუზეუმის მშენებლობა-მოწყობის თანხები არასწორად იქნა გახარჯული, რის გამოც ნ.ფაჩუაშვილმა ნ. მურცხვალაძეს მოუწოდა მოამზადოს ხარჯთაღრიცხვის ფურცელი და თანხების ამოწურვის მიზეზების შესახებ დაწეროს ახსნა-განმარტება, რათა ყოველივე აღქმული არ იქნას, როგორც ქონების გაფლანგვა და არ შეექმნას პრობლემები.
ჟურნალისტის ხმა: პრობლემები მიტროპოლიტს არ შექმნია. მუზეუმის მეორე სართულის მშენებლობისა და კეთილმოწყობისთვის ევროკავშირიდან იმავე წლის სექტემბერში 123,762.22 ლარი მიიღო. სწორედ ამ საგრანტო დაფინანსებისთვის ესაჭიროებოდა მას თანამონაწილეობის ჩვენება. სავარაუდოდ, სუს-დან გაჟონილი ფაილებიდან ირკვევა, რომ თანადაფინანსებისთვის საჭირო 30 ათასი ლარი ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის კახა საბანაძისა და გუბერნატორის დახმარებით მოიპოვა.
ამონარიდი ფარული ჩანაწერებიდან: [28.06.19, 19:00:06]: კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილს აცნობა, რომ კომუნიკაცია ჰქონდა შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძესთან და ეპარქიაში მუზეუმის მოსაწყობად 30 000 ლარი სთხოვა. მიტროპოლიტის განმარტებით, თუ რამდენიმე დღეში თანხას ვერ მოიძიებს მისი პროექტი გაუქმდება. ბ.ამირანაშვილი ნ.ფაჩუაშვილს დახმარებას დაჰპირდა.
ჟურნალისტის ხმა: მუზეუმის დირექტორმა, გუბერნატორმა და ყოფილმა შს მინისტრის მოადგილემ ამ საკითხებზე “თავისუფლების მონიტორის” შეკითხვებს არ უპასუხეს. შეკითხვები მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს დავუსვით:
მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: მე ვამბობ, რომ ამ თემაზე არ მინდა ლაპარაკი და თქვენ უკვე რამდენიმე წუთია მაიძულებთ მე, რომ ამ თემაზე გესაუბროთ.
ჟურნალისტი: მუზეუმზე გეკითხებით.
მიტროპოლიტი ნიკოლოზი: მუზეუმის შესახებ უკვე მეშვიდეჯერ გეუბნებით, ეხლა ჩანაწერი ნახეთ, თქვენ გინდათ მე გამომიყვანოთ მდგომარეობიდან.
ჟურნალისტი: არა. არ გვინდა ჩვენ.
მიტროპოლიტი ნიკოლოზი: იმიტომ, რომ ზუსტად მეშვიდეჯერ გეუბნებით, რომ თქვენ მუზეუმის შესახებ გაქვთ ინფორმაცია ფარული ჩანაწერებიდან.
ჟურნალისტი: რა მნიშვნელობა აქვს, მეუფე ნიკოლოზ? მუზეუმზე ხომ ობიექტური ინფორმაცია..
მიტროპოლიტი ნიკოლოზი: ეხლა მე პატრულს გამოვუძახებ!
ჟურნალისტის ხმა: მიტროპოლიტის მიერ გამოძახებული პატრული მოვიდა.
მიტროპოლიტი ნიკოლოზი: რა ტიპის კანონი არეგულირებს აი, ამ ურთიერთობას? და როგორ შეიძლება ასეთი თავდასხმა?
ჟურნალისტი: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას გულისხმობთ, მეუფე?
მონაზონი ჟურნალისტს: გაჩერდი შენ!
ჟურნალისტი: რატომ უნდა გავჩუმდე?
ფაჩუაშვილი მიმართავს მონაზონს: შენ ვინ გეკითხება საერთოდ? ..ლაპარაკს არ მაცდის (ჟურნალისტზე ეუბნება პატრულს)
ჟურნალისტი: თანასწორუფლებიანი მოქალაქეები ვართ, მეუფე ნიკოლოზ.
ჟურნალისტის ხმა: საბოლოოდ, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო საპატრულო პოლიციამ ეპარქიის ტერიტორია დატოვა. მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა კი ამის შემდეგ მუზეუმში შესვლისა და გადაღების უფლება არ მოგვცა და ცხადია, არც ჩვენს სხვა შეკითხვებს უპასუხა.
ლელა ჯეჯელავა, ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის პრეზიდენტი: ჩვენ ვცხოვრობთ დანაშაულებრივი სინდიკატის, მართლა მინდა ეს ვთქვა, პირობებში ეხლა.
ჟურნალისტის ხმა: სავარაუდოდ, სუს-დან გაჟონილი ფაილებიდან ჩანს, რომ გავლენიანი სასულიერო პირები ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ახლო კავშირების გამოყენებით ხშირად იღებენ სხვადასხვა სახის სარგებელს. სავარაუდო კორუფციული გარიგებების სქემებზე კი სახელმწიფო უწყებები არ რეაგირებენ.
ლელა ჯეჯელავა, ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის პრეზიდენტი: აი, ამ მოსმენებმა ჩვენ გვაჩვენა სრული მანკიერება ჩვენი მმართველი სისტემისა და რა არის ეს? – ეს არის საპატრიარქო, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ხელისუფლება, მათი აბსოლუტურად არასამართლებრივი და მანკიერი ურთიერთობები. რაც ჩვენ იქ ვნახეთ, გარდა იმისა, რომ გარკვევით ჩანს, რომ სახელმწიფო და ეკლესია სრულიადაც არ არიან ერთმანეთისაგან გამიჯნულები და დამოუკიდებლები, რაც არის პრობლემა კონსტიტუციური ხასიათისა და მეორე – ეს აჩვენებს დანაშაულებრივ სქემას ურთიერთობებისა – სახელმწიფოსა და ძირითად რელიგიურ ინსტუტუციას შორის.
ჟურნალისტის ხმა: ფარული ჩანაწერები, რომლებიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლების ფარულ მიყურადებას ასახავს, 13 სექტემბერს გავრცელდა. ფაილების ავთენტურობა საგამოძიებო უწყებებს ამ დრომდე არ დაუდგენია, თუმცა ჩანაწერების რეალურობა ფაილების არაერთმა ფიგურანტმა დაადასტურა.