გაშიფრული და მაინც მოქმედი აგენტი პროვოკატორი

ჟურნალისტი: ზურა მოდებაძე ; რედაქტორი: მაია მეცხვარიშვილი
Divider dot 25 ივნისი 2023

ჟურნალისტი: რატომ აკავებენ და მალევე საპროცესო შეთანხმებით ათავისუფლებენ ალკოჰოლური სასმელების მცირე მწარმოებლებს?

ჟურნალისტის შეკითხვა: რატომ გეშინიათ ღიად გამოჩენის?

გიორგი: მე ვარ პირობით პატიმარი და ყოველ წუთს შეუძლიათ საქმის ხელახლა აღძვრა.

გაიოზ ჯაფარიძე: თუ ის არაფერს არ იტყოდა და არ გამოაჩენდა იმ აგენტ პროვოკატორს, მაშინ ამას მისცემდნენ 3 წელიწადს პირობითს.

ჟურნალისტი: გაჩვენებთ, როგორ უბიძგებს დანაშაულის ჩადენისკენ მოქალაქეებს აგენტი პროვოკატორი?

ჟურნალისტის შეკითხვა : იცოდით თუ არა, რომ ამ საქმეში მონაწილეობდა გაშიფრული აგენტი პროვოკატორი ივანე ლომსაძე? 

მანანა თანდაშვილი: გენტი პროვოკატორის თაობაზე მე ინფორმაცია არ გამაჩნია.

ზაქარია კაკოშვილი: ერთი წამით, თავი დამანებეთ, კაცო.

ჟურნალისტი: ბატონო ზაქარია, გვიპასუხეთ.

ზაქარია: გამანებე თავი

ჟურნალისტი: “თავისუფლების მონიტორმა” გამოიძია, დასჯის ნაცვლად, როგორ ახალისებს ხელისუფლება აგენტი პროვოკატორების უკანონო საქმიანობას.

გაგი მოსიაშვილი: დუმილით შეხვდა სასამართლო და დუმილით უპასუხა საგამოძიებო უწყებამ. ეს არის ამ შემთხვევაში აგენტ პროვოკატორის წახალისება

არჩილ ჩოფიკაშვილი: იტყვის ევროსასამართლო, რომ აქ დაირღვა მე-6 მუხლი

სათაური: გაშიფრული და მაინც მოქმედი აგენტი პროვოკატორი

ჟურნალისტის ხმა სტუდია მონიტორის არქივიდან: პიროვნება, რომელიც 6 სისხლის სამართლის საქმეში განსხვავებული როლით მონაწილეობდა. ვინ არის ივანე ლომსაძე? – მოხელეებისგან დაზარალებული ბიზნესმენი, თუ ფინანსურ პოლიციასთან მოთანამშრომლე აგენტი პროვოკატორი?

ჟურნალისტის სტენდაფი: 7 წლის წინ ამ ჟურნალისტური გამოძიებით ჩვენ ფინანსური პოლიციის აგენტი პროვოკატორი გავშიფრეთ. დანაშაულის პროვოკაცია კანონით ისჯება, თუმცა, როგორც გავარკვიეთ, ამ დანაშაულისთვის ივანე ლომსაძე არავის დაუსჯია. უფრო მეტიც, იგი დღესაც იგივე საქმიანობითაა დაკავებული. ჩვენ უამრავი ადამიანი დაგვიკავშირდა, ვინც ბოლო ერთ წელიწადში ამ აგენტი პროვოკატორის მსხვერპლი გახდა. ჩვენ ახლა ერთ-ერთი მათგანთან მივდივართ სახლში, კახეთში.

ჟურნალისტი: გამარჯობა.

გაიოზ ჯაფარიძე: გამარჯობა.

ჟურნალისტი: როგორ ბრძანდებით?

გაიოზ ჯაფარიძე: კარგად, შენ როგორ ხარ?

აი, ეს არის ის მარანი, დათო აკეთებს, ჯერ არ დაუსრულებია. მობრძანდით. აი, იმ იმაში იყო არაყი, ეს არის ზუსტად 500-ლიტრიანი და რამოდენიმე 20-ლიტრიანში, აი, იქ იდგა, როცა ბატონი აგენტი პროვოკატორი მობრძანდა და შეუკვეთა არყის ჩამოსხმა.

ჟურნალისტის ხმა: გაიოზ ჯაფარიძე გურჯაანის სოფელ ჭანდარში ცხოვრობს. 2 ჰექტარზე გაშენებულ ვენახს 2 შვილთან ერთად უვლის. დაახლოებით 6 წლის წინ ბოთლის ღვინის წარმოება დაიწყო. არყის ჩამოსხმა არასდროს უცდია. იხსენებს, რომ შარშან, ოქტომბერში მის ვაჟს – დავითს, რომელსაც ერთ-ერთ ვებგვერდზე მისივე მარნის პროდუქციის გასაყიდად განცხადება ჰქონდა განთავსებული, ტელეფონით უცხო პირი დაუკავშირდა და არყის ჩამოსხმა შეთავაზა. დამკვეთი ჯაფარიძეს ერთ ნახევარლიტრიან ბოთლში 15 ლარის გადახდას დაპირდა და უთხრა, რომ ჯამში, 1140 ბოთლ არაყს შეიძენდა მისგან. ჯაფარიძეებმა მაშინ არ იცოდნენ, რომ ჩამოსხმული არყის გაყიდვა აქციზური მარკირების გარეშე კანონდაღვევა იყო, რადგან აქამდე მხოლოდ ღვინოს ყიდდნენ, რაზეც აქციზის მოთხოვნა არ ვრცელდება. ჯაფარიძეებმა არც ის იცოდნენ, რომ ე.წ. დამკვეთი კარგად გამოწრთობილი აგენტი პროვოკატორი ივანე ლომსაძე იყო.

გაიოზი: ა, ბატონო.

ჟურნალისტი: ივანე ლომსაძე. ეს არის, ბატონო გაიოზ, კადრი ჩვენი სტუდიის ფილმიდან – “აგენტი პროვოკატორი ხელისუფლების სამსახურში”, რომელიც ჯერ კიდევ წლების წინ გადაიღო ჩვენმა სტუდიამ და როგორც ჩანს, ეს ადამიანი ისევ აგრძელებს ხელისუფლების სამსახურში ყოფნას და ადამიანების უკანონოდ წაქეზებას და შემდეგ უკვე დაკავებას.

ჟურნალისტის ხმა: გაიოზ ჯაფარიძე გვიყვება, რომ ვიდრე ლომსაძის აგენტ პროვოკატორობაზე ინფორმაციას მოიძიებდნენ და ის სარფიანი დამკვეთი ეგონათ, შინ გაუმასპინძლდნენ და არაყი დააგემოვნებინეს. მისივე მონათხრობით, ამის შემდეგ ლომსაძემ დავით ჯაფარიძეს უთხრა, რომ ეტიკეტზე წარწერა – “ქართული ბრენდი” დაეტანა; შეთანხმებიდან რამდენიმე დღეში, 2022 წლის 16 ნოემბერს ჯაფარიძის სახლში დამკვეთის გამოგზავნილი 2 პირი მივიდა მანქანით შეკვეთის წასაღებად.

გაიოზ ჯაფარიძე: აი, ეს ჭიშკარი გავაღეთ და შემოიყვანეს მანქანა, 2 ადამიანი იყო, ერთი დათომ იცნო და მეორე – ვერა… ჰოდა გახსნეს კარები და დაიწყეს დატვირთვა აქა.  შუა დადების დროს გვითხრა, რომ, აბაო, ფული ვის მივცეო? და დათომ უთხრა, რომ მე უნდა მომცეო. 1000 ლარი ამოიღო, მისცა და მერე დანარჩენიო? წამოვიდა იქიდან, ეს კარები ჩაკეტილი იყო, როგორც ეხლაა, გააღო ეს კარები და იქ კარებთან იდგა ერთი 6-7 კაცი და ესენი შემოვიდნენ, შემოცვივდნენ.

ჟურნალისტის ხმა: დავით ჯაფარიძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არყის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება-შენახვა-რეალიზაციის ბრალდებით ადგილზე დააკავეს, რისთვისაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. ამასთან, სამართალდამცავებმა სახლიდან ბოთლებში ჩამოსხმული არაყიც წაიღეს.

გაიოზი: გააფრთხილეს დათო და უთხრეს, რომ არ უნდა თქვა არაფერი და ამ გაჩუმების ხარჯზე, თუ ის არაფერს არ იტყოდა და არ გამოაჩენდა იმ აგენტ პროვოკატორს, მაშინ ამას მისცემდნენ 3 წელიწადს პირობითს, ადვოკატსაც ისინი აიყვანდნენ, ფულსაც ისინი გადაუხდიდნენ და ყველაფერს გააკეთებდნენ ისინი. ეგრეც მოიქცა და მართლა მისცეს 3 წელი პირობითი.

სტენდაფი:

ჟურნალისტის სტენდაფი: მე ახლა ხელთ მიჭირავს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამარ კაპანაძის 2023 წლის 27 იანვარს დავით ჯაფარიძისთვის გამოტანილი განაჩენის ასლი. მოსამართლემ თელავის საოლქო პროკურატურის პროკურორის მანანა თანდაშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ამ გადაწყვეყილებაში არაფერია ნათქვამი აგენტ პროვოკატორზე. აგენტი პროვოკატორი ნახსენები არ არის, რადგანაც მოსამართლემ გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოიტანა. ჩვენ შევეცდებით, რომ ვნახოთ ამ საქმის პროკურორი, გავესაუბროთ და ვკითხოთ, იცოდა თუ არა მან ამ საქმეში აგენტ-პროვოკატორის მონაწილეობაზე.

ჟურნალისტის შეკითხვა: თქვენთან მაქვს ერთი შეკითხვა, თქვენ იყავით დავით ჯაფარიძის საქმის პროკურორი და გააფორმეთ საპროცესო შეთანხმება მასთან. იცოდით თუ არა, რომ ამ საქმეში მონაწილეობდა გაშიფრული აგენტი პროვოკატორი ივანე ლომსაძე? 

მანანა თანდაშვილი: აგენტი პროვოკატორის თაობაზე მე ინფორმაცია არ გამაჩნია. თქვენ ეხლა ჩემს მეხსიერებას აკონტროლებთ და ვერ ვიხსენებ აგენტი პროვოკატორის მონაწილეობას.

ჟურნალისტის შეკითხვა: ივანე ლომსაძე რომ მონაწილეობდა არ იცით?

მანანა: თქვენი სახელი?

ჟურნალისტი: ზურა მქვია.

მანანა: ბატონო ზურა, ვერ ვიხსენებ ასეთ გარემოებებს და ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ალბათ არ იყო.

ჟურნალისტის სტენდაფი: ჩვენ შევეცდებით შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებს შევხვდეთ და გავესაუბროთ, რატომ გამოიყენეს საქმის გამოძიების დროს საჯაროდ მხილებული აგენტი პროვოკატორი და შემდეგ როგორ გააქრეს საქმიდან?

ჟურნალისტის შეკითხვა: ბატონო ზაქარია, გამარჯობა, მე ზურა მოდებაძე ვარ, სტუდია მონიტორის ჟურნალისტი, თქვენთან მაქვს შეკითხვა, დავით ჯაფარიძის საქმეში მონაწილეობდით და 

ზაქარია კაკოშვილი, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის კახეთის სამმართველოს ოფიცერი: ვერ გავიგე, სად ვმონაწილეობდი?

ჟურნალისტი: დავით ჯაფარიძის საქმის გამოძიებაში.

ზაქარია: გამომძიებელი არა ვარ და.

ჟურნალისტი: არა, გამოძიებაში მონაწილეობდით, თქვენ ხომ ხართ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი?! რატომ გამოიყენეთ ამ საქმეში აგენტი პროვოკატორი ივანე ლომსაძე და შემდეგ რატომ გაქრა ამ საქმის მასალებიდან?

ზაქარია: ერთი წამით, თავი დამანებეთ, კაცო.

ჟურნალისტი: ბატონო ზაქარია, გვიპასუხეთ.

ზაქარია: გამანებე თავი.

ჟურნალისტი: ბატონო ზაქარია, ვერ გაიხსენებთ? არც ივანე ლომსაძეს არ იცნობთ?ზაქარია: არ ვიცნობ, ბავშვის თავს გეფიცები, თუ ვიცოდე, არ ვიცი ვისზე მელაპარაკები.

ჟურნალისტის ხმა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 145-ე მუხლის მიხედვით, დანაშაულის პროვოკაცია დანაშაულის ჩასადენად სხვისი დაყოლიებაა, მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. დანაშაული 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობით ან 1-დან 3 წლამდე პატიმრობით ისჯება. სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიანი ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს და 2023 წლის 4 თვეში ამ მუხლის მიხედვით ჩადენილი დანაშაული რეგისტრირებული არ არის.

ვინ არის აგენტი პროვოკატორი და რატომ არ ისჯებიან ისინი დანაშაულის პროვოცირებისთვის საქართველოში? – ამ საკითხების გასარკვევად “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტს მივაკითხეთ.

დიმიტრი ნოზაძე, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტ: აგენტი პროვოკატორი, ეს არის ის პიროვნება, რომელიც მეორე პიროვნებას აქეზებს რაღაცა ქმედებისაკენ, ხომ? ხომ ასეა?! შეიძლება იმ პიროვნებას სულ არა ჰქონდეს რაიმე ჩანაფიქრი, ან დანაშაულებრივი ქმედებისკენ არ იყვეს მიდრეკილი, მაგრამ ეს თავის ქმედებით უქმნის ილუზიას და აქეზებს რაღაცა ქმედებისკენ და შემდგომში პიროვნება, რომელსაც აქეზებენ, ხდება უკვე დამნაშავე, ბრალდებული ან მსჯავრდებული და მსხვერპლი ამ ადამიანის.

ჟურნალისტის შეკითხვა: ჩვენ ვნახეთ ბევრი საქმე, სადაც აგენტი პროვოკატორი მონაწილეობდა რეალურად საქმეში, მან წააქეზა ბრალდებულები, მაგრამ სასამართლო პროცესის დროს ის უკვე აღარ ჩანს, როგორც მოწმე. რატომ ხდება ასე? იმიტომ ხომ არა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულის წაქეზება არის დასჯადი ქმედება და ასეთ შემთხვევაში აგენტ პროვოკატორებს გამოძიება მალავს

დიმიტრი ნოზაძე: ჩვენი კანონმდებლობით, სწორად აღნიშნეთ, განსაზღვრულია დანაშაულის წაქეზებისათვისაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, მაგრამ რას მივიღებთ ახლა ამ შემთხვევაში? თუ წამქეზებელსაც დავიჭერთ, მაშინ უკვე აღარ ეყოლებათ ხო აგენტი პროვოკატორები?!

არქივიდან გაგი მოსიაშვილის სინქრონი: მე მაქვს იმედი, რომ პროკურატურა დაინტერესდება, ობიექტურად შეაფასებს ლომსაძის პიროვნებას და გამოძიება შესაბამის შემაჯამებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. უდაოდ დასტურდება, რომ საქმე გვაქვს დანაშაულის პროვოცირებასთან 

ჟურნალისტის შეკითხვა: თქვენ იცავდით რამდენიმე ადამიანს, რომლებიც იყვნენ დაზარალებულები ამ აგენტი პროვოკატორის მოქმედებების გამო. მას შემდეგ, რაც თქვენ გამოკვეთეთ აგენტი პროვოკატორის, ივანე ლომსაძის როლი და გაირკვა, რასაც აკეთებდა, მისი საქმიანობა წარმოუჩინეთ სასამართლოს, მას შემდეგ რა რეაგირება ჰქონდა პროკურატურას და რა რეაგირება ჰქონდა სასამართლოს?

გაგი მოსიაშვილი, ადვოკატი: ჩვენს მიერ ფაქტიურად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რაც ეხებოდა პირის აგენტ პროვოკატორობის ფაქტის დადგენას, დუმილით შეხვდა სასამართლო და დუმილით უპასუხა საგამოძიებო უწყებამ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ამ შემთხვევაში აგენტ პროვოკატორის წახალისება.

ჟურნალისტის ხმა: 2016 წელს, სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიებით გაჩვენეთ, რომ ივანე ლომსაძე ფინანსური პოლიციის აგენტი პროვოკატორი იყო. ლომსაძე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს სხვადასხვა სფეროში მომუშავე ბიზნესმენებად ეცნობოდა და დახმარების სანაცვლოდ ქრთამს სთავაზობდა. ამ სქემით და ქრთამის აღების ბრალდებით დმანისის, ლენტეხის, ხონის, ბოლნისის, სენაკის, თბილისის მუნიციპალური სამსახურების მოხელეები დააკავეს. სასამართლომ ყველა მათგანი გაამტყუნა, ზოგიერთმა სასჯელის შესამსუბუქებლად დანაშაული აღიარა და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებები გააფორმა. თუმცა ყველა შემთხვევაში მსჯავრდებული მოხელეები და მათი ადვოკატები ღიად აცხადებდნენ, რომ დანაშაული ივანე ლომსაძის პროვოცირებული იყო.

ილიკო გირგვლიანი: ეს არის მაგის… ბოდიში თქვენთან, ლომსაძე ივანე, ახლა გამახსენდა, ფინანსურმა მომიწყო ეს.

დიმიტრი მჭედლიშვილი, ადვოკატი: ივანე ლომსაძე ამ შემთხვევაში არის აგენტი პროვოკატორის როლში. 

გიორგი დვალიშვილი, ადვოკატი: ჩემთვის როგორაც ცნობილია, ბორის ლიპარტელიანის დაკავებამდე 2 თვით ადრე ივანე ლომსაძემ, ე.წ. ინდ.მეწარმემ ანალოგიური სახის მახე მოუწყო ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთ-ერთ თანამშრომელს.

მერაბ ჩიქოვანი, ადვოკატი: გამოყენებული იქნა გამოცდილი აგენტი ივანე ლომსაძე, რომელიც ქალბატონ შურღაიასა და ბატონ ერემაძეს გაეცნო დიზაინერად.

ჟურნალისტის ხმა: დაზარალებულების ამ ღია განცხადებებისა და სხვა შესაბამისი მტკიცებულებების გასაჯაროების მიუხედავად, ივანე ლომსაძე დანაშაულის პროვოცირებისთვის არ დაუსჯიათ. ის დღემდე ამ საქმიანობითაა დაკავებული, ოღონდ, როგორც გავარკვიეთ, ამჯერად მისი სამიზნე არა საჯარო მოხელეები, არამედ ალკოჰოლური სასმელების მცირე მწარმოებლები არიან.

საგადასახადო კოდექსის 194-ე მუხლის მიხედვით, ჭაჭის არყის გამყიდველი აქციზისგან თავისუფლდება მაშინ, თუ პროდუქტს ნედლეულის სახით ყიდის სხვა მწარმოებელზე. მაგრამ შესყიდვის ეს პირობები შესაბამისი ხელშეკრულებით უნდა იყოს დადასტურებული. უფრო მეტი დეტალი შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე გავარკვიეთ.

ჟურნალისტის შეკითხვა: თუ შინ გამოხდილ ჭაჭის არაყს ცისტერნით გავყიდით კერძო პირზე, დაგვჭირდება თუ არა აქციზური მარკირება?

შემოსავლების სამსახურის ცხელი ხაზის ოპერატორი: გათავისუფლდებით ასეთ შემთხვევაში თუ ჭაჭის არაყს აწარმოებთ და ასევე აქციზის გადასახადის გადახდაც არ მოგიწევთ. ვინც შეიძენს თქვენგან, მასზე გადავა ვალდებულება.

ჟურნალისტის ხმა: ივანე ლომსაძის პროვოცირებით დამნაშავედ ქცეული კიდევ ერთი ადამიანი ანონიმურად დაგვთანხმდა ინტერვიუზე

გიორგის მესიჯი: გამარჯობა, ივანე ლომსაძეზე თქვენი ძველი ჟურნალისტური გამოძიება ვნახე, მეც გავები მის მახეში და დამაკავეს, შეიძლება შევხვდეთ? ოღონდ ღიად ვერ გამოვჩნდები!!

ჟურნალისტის საპასუხო მესიჯი: კი, ბატონო. როდის?…

გიორგის მესიჯი: ხვალ.

ჟურნალისტის შეკითხვა: რატომ გეშინიათ ღიად გამოჩენის და ღიად საუბრის?

გიორგი: ამ ეტაპზე მე ვარ პირობით პატიმარი და ყოველ წუთს, მაგალითად, შეუძლიათ საქმის ხელახლა აღძვრა და გადაკვალიფიცირება, მოკლედ, ახალი გარემოებებიდან გამომდინარე შეუძლიათ ახლიდან შეცვალონ, ახლიდან დაიწყონ გამოძიება და შესაბამისად არის რისკი, რომ შემექმნას პრობლემები.

ჟურნალისტის ხმა: გიორგი ერთ-ერთი რეგიონიდანაა. შარშან პირადი მოხმარებისთვის დაწურული ღვინიდან ჭაჭა დარჩა, რისგანაც 200 ლიტრი სპირტი გამოხადა და მისი გაყიდვა გადაწყვიტა. განცხადება ერთ-ერთ ონლაინ პლატფორმაზე განათავსა.

გიორგი: “მაიმარკეტიდან” შემდეგ შემომეხმიანა ერთი პიროვნება, რომელმაც მითხრა, რომ სურდა ამ სპირტის შეძენა მთლიანად, მე დავთანხმდი, თანხაზეც შევთანხმდით და რამოდენიმე დღის შემდეგ რომ შემომეხმიანა, მეუბნება ესეთ რამეს, რომ ესე სპირტის სახით ვერ აიღებს, ვერ შეიძენდა და ჭირდებოდა ამ სპირტის ჩამოსხმა, რაზეც მე უარი ვუთხარი იმიტომ, რომ მე ამ საქმეში, ამ ბიზნესში არ მქონდა გამოცდილება, არ ვიცოდი თუნდაც სად მეყიდა ბოთლები, ეს საცობები.

ჟურნალისტის შეკითხვა: თვითონ აქტიურობდა უფრო მეტად?

გიორგი: კი. დაახლოებით ეს გრძელდებოდა 2-3 კვირის განმავლობაში ეს ჩვენი ურთიერთობა, მიმოწერა პირადი, თვითონ მაღაზიაც მითხრა, აი, ბოთლები აქ იყიდე, საცობები აქ შეიძინე, ეტიკეტი აქ შეიძინე, ყველაფერი მიმითითა, მეც მარტივად მივიდოდი აქ, შევუკვეთავდი და სახლში წავიღე და ჩამოვასხი მოკლედ.სულ გამოვიდა 500 ბოთლი.

ჟურნალისტის ხმა: გასული წლის ოქტომბერში ბოთლებში ჩამოსხმული არყის წასაღებად მყიდველმა გიორგის სახლში მანქანით მიაკითხა, მისი თანმხლები პირები კი პოლიციელები აღმოჩნდნენ, რომლებმაც გიორგი აქციზური მარკის გარეშე დიდი ოდენობით არყის გამოშვება, შენახვა, რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გიორგიმ მოგვიანებით გაარკვია, რომ სინამდვილეში მყიდველი აგენტი პროვოკატორი ივანე ლომსაძე იყო, რომელიც გაქრა როგორც მისი სახლიდან, ისე საქმის მასალებიდან.

გიორგი: ჩვენებაზე რომ მივიდა საქმე უკვე შემდგომ პოლიციაში, მას რომ მე ვუთხარი, ჩვენებას რომ მაწერინებდა, რატომ გააქრეთთქო ეს პროვოკატორი საქმიდანთქო, მან მითხრა, რომ – დარწმუნებული ვიყავი თუ არა, რომ იყო საჭირო ამ პიროვნების ჩვენება, რადგან მათ შეეძლოთ, ეს მუხლი შეეცვალათ და შეეძლოთ ჯგუფურად, რაც ამ მუხლს ამძიმებს. 

ჟურნალისტის შეკითხვა: შეგიძლიათ ამოიცნოთ ეს კაცი, ეს ნამდვილად ეს ადამიანია?

გიორგი: დიახ, ეს არის ერთ-ერთი ორიდან, რომელთანაც კომუნიკაცია მქონდა. 

ჟურნალისტის შეკითხვა: ამ ადამიანის სახელი და გვარი იცით, ალბათ.

გიორგი: ივანე ლომსაძე, კი, ამის შემდგომ გავიგე, რეპორტაჟი იყო მასზე გაკეთებული.

ჟურნალისტის ხმა არქივიდან: ივანე ლომსაძე ხაშურელია, წლების განმავლობაში სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობდა. 2009 წელს თაღლითობისთვის დააკავეს. ბრალდების მიხედვით, მან ლომბარდის თანამშრომლისგან ფული და ტელეფონი თაღლითურად მიითვისა. სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ლომსაძემ საპატიმრო 1 წლის შემდეგ დატოვა.

ჟურნალისტის სტენდაფი: ივანე ლომსაძე დღემდე ხაშურშია რეგისტრირებული, მისი მშობლების სახლში, ამიტომ ახლა მასთან შესახვედრად ხაშურში მივდივართ.

ჟურნალისტი: ეგ ხო თბილისში მუშაობს და ნუთუ იქ რაიმე მისამართზე არ არის?

ივანე ლომსაძის დედა: ამ წუთში არ არის საქართველოში, გერმანიაშია.

ჟურნალისტის ხმა: მალევე გავარკვიეთ, რომ ივანე ლომსაძე გერმანიაში არ გამგზავრებულა და ამიტომ მეორე დღეს ისევ ხაშურში დავბრუნდით, სადაც რამდენიმე დღე გავატარეთ, ამჯერად სახლში არც თავად ლომსაძე და აღარც მისი მშობლები გამოჩენილან. ლომსაძესთან დაკავშირება ვცადეთ მის სახელზე სხვადასხვა დროს რეგისტრირებულ რამდენიმე ტელეფონის ნომერზე, თუმცა არ გვიპასუხა.

ჟურნალისტი: ვასილ ლომსაძეს ვეძებთ.

ვასილ ლომსაძე: მე ვარ.

ჟურნალისტის ხმა: საბოლოოდ წერილობით ჩამოყალიბებული შეკითხვები მამამისს გადავეცით და ჩვენი საკონტაქტო მონაცემები დავუტოვეთ, მაგრამ ივანე ლომსაძემ ჩვენი შეკითხვები უპასუხოდ დატოვა.

ივანე ლომსაძის პროვოცირებით ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული დავით ჯაფარიძისა და გიორგის საქმეების მასალები დეტალურად გავაცანით ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილს, რომელიც კარგად იცნობს ამ მიმართულებით როგორც ქართულ, ისე ევროპულ პრაქტიკას. გვითხრა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლო ამ ტიპის საქმეებზე იმ შემთხვევაში ადგენს მე-6 მუხლის, ანუ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას, თუკი დარწმუნდება, რომ დანაშაული ფარული აგენტის მონაწილეობის გარეშე ვერ მოხდებოდა.

არჩილ ჩოფიკაშვილი: როდესაც, ამ შემთხვევაში, რასაც თქვენ ამბობთ, რომ თვითონ აგენტმა პროვოკატორმა მიასწავლა, ასე ვთქვათ, დანაშაულის ჩადენის საშუალებების შესახებ, სამართლებრივად ასე დაერქმევა ამას სახელი, ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს დანაშაული არ მოხდებოდა მისი ჩარევის და მისი აქტიური მონაწილეობის და მისი რჩევა-დარიგებების გარეშე, ხომ? რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, რომ გახდეს ევროსასამართლოს განსჯადი, იტყვის ევროსასამართლო, რომ, დიდი ალბათობით იტყოდა, რომ აქ დაირღვა მე-6 მუხლი, მაგრამ აქ ახლა საპროცესო შეთანხმებაა მიღწეული და უკვე მიიღო სასჯელი, ფაქტიურად დაეთანხმა იმ სასჯელს, რაც მას დაკისრებული აქვს და ასეთ შემთხვევაში შემდგომი პერსპექტივა ასეთი ტიპის საქმეებს არა აქვთ.

ჟურნალისტის სტენდაფი: ამ ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობის პროცესში ჩვენ არაერთ იურისტს შევხვდით და ვესაუბრეთ. ყველანი თანხმდებიან, რომ გამოსავალი სასამართლოს დამოუკიდებლობაშია, ვინაიდან სამართლიანი სასამართლოს პირობებში აგენტი პროვოკატორის მსხვერპლი არ დათანხმდება საპროცესო შეთანხმებას და არ აღიარებს დანაშაულს, რომელიც აგენტის პროვოცირებული იყო. სასამართლოს დამოუკიდებლობა კი დღეს არსებული კლანური მმართველობის პირობებში ფაქტობრივად შეუძლებელია.

ჟურნალისტის ხმა: გაიოზ ჯაფარიძე უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ ცდილობს იმ არყის უკან დაბრუნებას, რაც მისი შვილის დაკავების შემდეგ ჩამოართვეს.

გაიოზ ჯაფარიძე: ქონებას გართმევენ, ე.ი. მთელი წლის სარჩო მიაქვს, მოვა, დაუდებს და წაიღებს რა, ესე შეიძლება? ლუბოი ადამიანს, ეხლა კახეთში ყველას აქვს არაყი. რომ უთხრა, დაურეკო, ჩამომისხი ბოთლებშიო და 15 ლარს გადაგიხდიო, ყველა სიხარულით ჩამოუსხამს, მოვლენ და წაიღებენ და არც კაპიკიანს არ გადაუხდიან. ეგრე ხომ არ შეიძლება?… 500 ლიტრა არაყს რომ გამოხდი შენ სახლში და ვიღაცა მოვა და წაგართმევს შენს საკუთრებას, გული გწყდება მერე, რატომ უნდა წაიღოს შენი შრომა ვიღაცამ?