მიტოვებული ჩემპიონები
ნინო წვერავა – ჟურნალისტი: მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ზვიად სულიკაშვილმა მკლავჭიდში ვარჯიში პირველად 8 წლის წინ დაიწყო.
ზვიად სულიკაშვილი – პარამკლავჭიდელი: ,,დღეში ვარჯიშს ვუთმობ სულ ცოტა 6 საათს მაინც, ყოველდღიურად, მნიშვნელობა არ აქვს, მხოლოდ შაბათს ვისვენებ. 2016 წლიდან დღემდე არც ევროპა მაქვს წაგებული და არც მსოფლიო. ამჟამად ვარ ოთხგზის ევროპისა და ექვსგზის მსოლფიო ჩემპიონი.”
ნინო წვერავა – ჟურნალისტი: ჩემპიონი ამბობს, რომ პირადი მწვრთნელის გარეშე ვერაფერს მიაღწევდა.
ზვიად სულიკაშვილი – პარამკლავჭიდელი: ,,არსენ შოშიაშვილი რომ არ ყოფილიყო, მე დღეს სპორტში არ ვიქნებოდი. რომ იძახიან, ხელის წაკვრა სჭირდება ადამიანს, რომ რაღაცას მიაღწიოსო, არსენას ჩემთვის ხელი არ წაუკრავს, არსენამ ხელი მომკიდა და პირველ შეჯიბრზე წამიყვანა. მქონდა მომენტი, რომ მთელ გუნდს ვუგებდი და მაინც არ წამიყვანეს, არსენა შოშიაშვილმა წამიყვანა თავისი ხარჯით პირველ შეჯიბრზე, თქვა, ეს ბიჭი მომგებიაო, წავედი და მოვიგე კიდეც.”
ნინო წვერავა – ჟურნალისტი: არსენ შოშიაშვილი ქართველ პარამკლავჭიდელთა უმრავლესობას ავარჯიშებს.
არსენ შოშიაშვილი – პირადი მწვრთნელი: ,,ჩემი პირადი ნივთები გავყიდე, რომ მეყიდა ვიტამინები სპორტსმენებისთვის, სპორტსმენებისთვის მიმეხედა, ეს ჩემი ფულით, ჩემი ჯიბით, იმიტომ, რომ ჩემი გუნდი უნდა იყოს პირველი. კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას, რაც უნდა მოხდეს, სულ რომ ამ საქმისთვის დამსაჯონ, მაინც ასე გავაკეთებ, იმიტომ, რომ ამათ უყურადღებოდ არასდროს არ დავტოვებ.”
ზვიად სულიკაშვილი – პარამკლავჭიდელი: მეორე წელია, შეჯიბრზეც ჩემი ხარჯით დავდივარ, თვითმფრინავის ფულსაც მე ვიხდი, სასტუმროს ფულსაც მე ვიხდი, შეჯიბრზე გამოსასვლელ ფულსაც მე ვიხდი. ბოლოს წინა შეჯიბრზე რაც დავხარჯეთ, არაფერი, კაპიკი არც ერთს არ აგვინაზღაურდა, ხოლო წელს შეჯიბრიდან რომ ჩამოვედით, აგვინაზღაურდა, ისიც ნაწილი.
ფედერაციას დაბრაზი ჰქონდა, მაგრამ ჯარიმის აღების შემდეგ, ძირითადად, აქ ვვარჯიშობთ. ძირითადი ნაკრები ახლა აქ ვართ, მაგრამ ნახევარი სხვაგან ემზადება, ნახევარი აქ ვემზადებით.”
ნინო წვერავა – ჟურნალისტი: სპორტსმენები ჰყვებიან, რომ სამინისტრომ მათ დაფინანსებაზე უარი დისკვალიფიკაციის გამო უთხრა. 2020 წელს საქართველოში იგეგმებოდა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება მკლავჭიდში. სახელმწიფომ ნებართვის მოსაპოვებლად მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციას 390 000 აშშ დოლარიც გადაუხადა, თუმცა შემდეგ ჩემპიონატი ჩაიშალა, რადგან სამინისტრომ დამატებით თანხა აღარ გამოყო. დაიკარგა უკვე გადახდილი 390 000 აშშ დოლარიც, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია 900 000 დოლარით დაჯარიმდა, ხოლო მკლავჭიდისა და პარამკლავჭიდის ნაკრებებს დისკვალიფიკაცია მიენიჭათ.
მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციამ მაშინ განაცხადა, რომ საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციამ ვერ შეძლო მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზება, შეცდომაში შეიყვანა მსოფლიო ფედერაციის მენეჯმენტი და წევრები, მიაყენა უზარმაზარი ფინანსური დარტყმა და შელახა მსოფლიო ფედერაციის იმიჯი.
კახა კოჟორიძე – იურისტი: ,,სამინისტრომ თქვა, რომ თითქოს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება, გამომდინარე იქედან, რომ ხელშეკრულება იყო საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციასა და მსოფლიო ფედერაციას შორის, ეს იყო ორ კერძო პირს შორის გარიგება, შეთანხმება და სამინისტრო არ იყო ვალდებული, რომ რაიმე თანხები ბიუჯეტიდან გადაეხადა ამ ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით.”
ნინო წვერავა – ჟურნალისტი: კახა ჯოჟორიძე მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის უფლებებს იცავს სასამართლო დავაში წულუკიანის უწყების წინააღმდეგ, ფედერაცია ჯარიმის გადახდას სამინისტროს სთხოვს.
კახა კოჟორიძე – იურისტი: ,,სამინისტრომ იცოდა, რომ მკლავჭიდის ერონულ ფედერაციას არანაირი ფინანსური შესაძლებლობა, საკუთარი საბიუჯეტო სახსრები, საკუთარი ფული არ ჰქონდა, რომ დაეორგანიზებინა ამხელა დონის სპორტული ღონისძიება და, ცხადია, იცოდა, რომ სრულად იყო დამოკიდებული საბიუჯეტო დაფინანსებაზე.”
ნინო წვერავა – ჟურნალისტი: დისკვალიფიკაციის მიუხედავად, პარამკლავჭიდელთა ნაკრები მსოფლიო ფედერაციამ ჩემპიონატზე მოგვიანებით მაინც დაუშვა, სამინისტრომ კი მათ დაფინანსებაზე 2021 წელს უარი უთხრა, 2022 წელს კი სპორტსმენებს ხარჯები ნაწილობრივ აუნაზღაურა.
ბესიკ ლეკიაშვილი – პარამკლავჭიდელი: ,,სამინისტრო ფულს არ გვაძლევს, ჯერ იმას იმიზეზებს, რომ დისკვალიფიკაცია გაქვთ და ფულს როგორ მოგცემ, მიგვაქვს საბუთი, რომ დისკვალიფიკაცია არ გვაქვს და ფულს არ გვაძლევს. იგივე ხდება მეორე წელსაც.
არსენა შოშიაშვილი – პარამკლავჭიდელი: ,,მიდიხართ და ფული იშოვეთ, რომ ჩამოხვალთ, აგინაზღაურდებათ. კი, წელს რაღაც აანაზღაურეს, მაგრამ ვის აქვს, რომ იშოვოს?! და ბევრი სპორტსმენი რჩება ისე, რომ ვერ მიდის ან იმხელა პროცენტიან ვალს იღებს, რომ ის ფულიც რომ აუნაზღაურონ, მაინც არ ჰყოფნის, პროცენტები დამატებული აქვს, როცა უნაზღაურებენ.”
ნინო საბაშვილი – პარამკლავჭიდელი: ,,გეუბნებიან, რომ ვერ წახვალ, ელემენტარული იმის გამო, რომ თანხა არ არის. ბევრი ძალიან დიდი სპორტსმენი დარჩენილა იმის გამო, რომ თანხა ვერ უშოვია, ბევრი ბანკის ვალით წავსულვართ იმის იმედით, რომ გავაკეთებდით შედეგს.”
ბეჟან კობაიძე – პარამკლავჭიდელი: ,,ვჯახირობთ, ვწვალობთ რაღაცას ჩვენთვის და ბოლოს საქმე იქამდე რომ მივა, რომ წასასვლელები ვართ, უცბად გამოგვიცხადებენ, რომ ან გადაიდო, ან დაფინანსება არ არის, ან თქვენი ხარჯით უნდა წახვიდეთ და, აი, ასე. თუ ვერ წახვედი შენი ხარჯით კიდევ, რჩები ისე სპორტსმენი და ყველას ხომ არ აქვს მაგის შესაძლებლობა?”
ნინო წვერავა – ჟურნალისტი: ,,თავიანთი თანხებით მიდიან…”
სოსო ჯაჭვლიანი – მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი: ,, კი, კი…”
მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანია. ის 2012-2016 წლებში VIII მოწვევის პარლამენტარი და ,,ქართული ოცნების” წევრი იყო. ჯაჭვლიანმა მმართველი პარტიის დატოვების შესახებ 2020 წელს პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ნინო წვერავა – ჟურნალისტი: ,,ფედერაცია მათ არ ეხმარება, არ დაეხმარა ფედერაცია…”
სოსო ჯაჭვლიანი – მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი: ,,რით დავეხმარო, როცა არ გაფინანსებენ?! ამათ ვუთხარით, იშოვეთ, თუ არადა არ გვაფინანსებენ, გადაგვაგდეს-მეთქი, ფული რამე ჩამოირიცხა, რამე მომცეს?! ეგაა პასუხი.”
სპორტსმენები პასუხს, ყურადღებასა და დახმარებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან ითხოვენ.
ბესიკ ლეკიაშვილი – პარამკლავჭიდელი: ,,ჩვენ რომ მივედით წულუკიანთან შესახვედრად, ჯერ წერილი შევიტანეთ, პასუხი არ გაგვცა. მერე მივედით აქციით, რომ როგორმე მივაწვდინოთ ხმა, მეოთხე სართულზე ზის, იქნებ გაიგოს, რომ მოსულები ვართ სპორტსმენები. მე კიდევ ეგ პრობლემა არ მაქვს, ხალხი, რომელიც ვერ დადის. და იცით, რა მოხდა? იმის ნაცვლად, რომ ვინმე გამოვიდეს და დაგველაპარაკოს, წინ პოლიცია ჩადგა და გვითხრეს, იცით, ვერ შეგიშვებთ, თითქოს შევარდნას ვაპირებდით.”
არსენა შოშიაშვილი – პარამკლავჭიდელი: ,,ბოდიში და ძაღლადაც არ ჩაგვთვალეს, პოლიციის კორდონი დაგვიყენეს და ეტლიან გოგოებს წინ გადაუდგნენ, რას შეძლებდნენ ესენი? მინისტრს ზედმეტად შეაწუხებდნენ თუ რა? ვიღაც ხომ უნდა გამოსულიყო და დაგვლაპარაკებოდა? არავინ, არავინ, როგორც ადამიანებს, არ შემოგვხედეს ადამიანურად.”
ნინო საბაშვილი – პარამკლავჭიდელი: ,,ვითხოვთ ყურადღებას, ვითხოვთ იმას, რომ ჩვენ არანაირი მხარე არ ვართ. ჩვენ ვართ უბრალოდ სპორტსმენები. შესაბამისად, სამინისტროსთან იმიტომ ვიკრიბებოდით, რომ სპორტის სამინისტროს თუ სპორტი არ ევალება, სხვას ვის ევალება. უბრალოდ ვითხოვდით, რომ შეჯიბრზე გავეშვით და ეს პრობლემა რამენაირად მოეგვარებინათ.”
ზაურ ქათამაძე – პარამკლავჭიდელი: ,,მგონია, რომ მეტი დრო არსად არ დაგვიკარგავს, ვიდრე მაგ სამინისტროსთან დგომაში, უბრალოდ არასწორია ის, რაც ხდება. არ დააფინანსო გუნდი, რომელიც პირველია, ამ შედეგის მომტანი ახალგაზრდები და სპორტსმენები ასე მიყრილები არიან, თუ ვერ იშოვე ფული, შეჯიბრზე ვერ წახვალ. ეს ხომ არასწორია?”
ბესიკ ლეკიაშვილი – პარამკლავჭიდელი: ,,ესეც ჩვენი საკუთარი თანხებით მსოფლიოზე წასვლა ავტობუსით.”
თვითმფრინავის ბილეთებისთვის საკმარისი თანხების არარსებობის გამო 2022 წელს პარამკლავჭიდელთა ნაწილი ანტალიაში გამართულ ჩემპიონატზე ავტობუსით წავიდა და გზაში 30 საათზე მეტი გაატარა.
ბესიკ ლეკიაშვილი – პარამკლავჭიდელი: ,,ვისაც ჰქონდა შესაძლებლობა, გადაფრინდა თვითმფრინავით, 16 სპორტსმენი წავედით ანტალიაში ავტობუსით. აქედან 2 იყო ეტლიანი, ასეთი ტანჯვა არ ვიცი, მე ჩემს თავს აღარ ვდარდობდი, მგზავრობის დროს წელში ტკივილები ეწყება ამ ხალხს და ძალიან ბევრი სპეციფიკური მომენტია.”
სპორტსმენები ამბობენ, რომ საერთაშორისო ჩემპიონატზე წასულ ნაკრებს ექიმიც არ ახლავს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს. კანონმდებლობით კი გათვალისწინებულია, რომ ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალს უნდა მიეცეს სპორტსმენთა ჯამური საპრიზო თანხის 20%.
ზვიად სულიკაშვილი – პარამკლავჭიდელი: ,,გუნდს უნდა ჰყავდეს თავისი ექიმი. მით უფრო, როცა პარაგუნდზეა ლაპარაკი. არის ბევრი სპორტსმენი, რომელიც ხელჯოხით ადის და ელემენტარული ხელის გადაწევის დროს შეიძლება წაიქცეს, იმას ექიმი სჭირდება. ძალიან დიდი პრობლემაა იმიტომ, რომ იქ რომ მოგეხმსახუროს ექიმი, ეს უკვე ხარჯია.”
ბეჟან კობაიძე – პარამკლავჭიდელი: ,,მე აქ ექიმი არ მინახავს, მე აქ ექიმი არ მინახავს. რა ვიცი, მე რომ არ დამჭირვებია, იმიტომ? არც არავის არ დასჭირვებია აქ? მე აქ ექიმი არ მინახავს. არ ვიცი.”
ზაურ ქათამაძე – პარამკლავჭიდელი: ,,რა თქმა უნდა, ექიმი რომ გვერდზე გყავს, უფრო მეტად თავდაჯერებული იქნები, ხელის ტკენის არ შეგეშინდება, თუ რამეა, მოგხედავენ, ვიდრე ის, რომ გამაყუჩებელი გეგდოს ჯიბეში და თუ აგტკივდება, დალიო და გაგივლის.”
ნინო წვერავა – ჟურნალისტი: – ჰყავს ექიმი გუნდს?
სოსო ჯაჭვლიანი – მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი: – არა.
ნინო წვერავა – ჟურნალისტი: – რატომ?
სოსო ჯაჭვლიანი – მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი: – ფული…
ნინო წვერავა – ჟურნალისტი: – ხომ არის გათვალისწინებული ექიმი?
სოსო ჯაჭვლიანი – მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი: – მერე არ გაძლევენ და?..
ნინო წვერავა – ჟურნალისტი: – ეს 20% სად მიდის?
სოსო ჯაჭვლიანი – მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი: არ ვიცი, ეს უნდა მიხვიდეთ სამინისტროში და უთხრათ, სოსო ჯაჭვლიანმა გვითხრა, რომ 20%-ია ექიმზე გათვალისწინებული და იძახის, მე არ მიმიღია ეს 20%-იო.
,,თავისუფლების მონიტორმა” საექიმო პერსონალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ინფორმაცია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან გამოითხოვა, თუმცა მათ ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხეს.
ნინო წვერავა – ჟურნალისტი: ,,ფედერაციის ხელმძღვანელი სამინისტროსთან, წესით, თავად უნდა არკვევდეს დაფინანსების საკითხებს. მისი კიდევ ერთი მოვალეობა გამგეობასთან ერთად ნაკრების მთავარი მწვრთნელის დანიშვნაა. ფედერაციის ხელმძღვანელობამ ამ თანამდებობაზე დანიშნა ადამიანი, რომელიც, სპორტსმენთა თქმით, არასდროს ყოფილა მათი მწვრთნელი, თუმცა ბიუჯეტიდან სოლიდურ ანაზღაურებას მაინც იღებს.”
მთავრობის განკარგულების მიხედვით, მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ ადგილზე გასული სპორტსმენი იღებს 17 000 ლარს, მეორე ადგილზე გასული – 8500-ს, მესამე ადგილზე გასული კი – 5100 ლარს.
ევროპის ჩემპიონატის შემთხვევაში საპრიზო ფონდი ასე ნაწილდება – პირველ ადგილზე გასული სპორტსმენი იღებს 8500 ლარს, მეორე ადგილზე გასული – 5100 ლარს, ხოლო მესამე ადგილზე გასული – 1700 ლარს.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი გამარჯვებული სპორტსმენების საპრიზო თანხის ნახევარს იღებს. ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი მალხაზ ხვედელიძეა, რომელმაც 2022 წელს ქართველი სპორტსმენების მიერ მოგებული 34 ოქროს, 17 ვერცხლისა და 15 ბრინჯაოსთვის განკუთვნილი საპრიზო თანხის ნახევარი, 393 000 ლარზე მეტი მიიღო. 2021 წელს მთავარი მწვრთნელისთვის განკუთვნილმა პრემიამ 200 000 ლარზე მეტი შეადგინა.
ბესიკ ლეკიაშვილი – პარამკლავჭიდელი: ,,ფაქტობრივად, ჩვენ ვიღებათ პროცენტიან ვალს იმიტომ, რომ ხვედელიძეს ჩაერიცხოს ამხელა პრემია.”
მკლავჭიდელების უმრავლესობა თავისუფლების მონიტორს ეუბნება, რომ მთავარი მწვრთნელი ნაკრებს არ ავარჯიშებს.
ბესიკ ლეკიაშვილი – პარამკლავჭიდელი: ,,პარამკლავჭიდელები ვვარჯიშობთ ყველა თავისთვის. გარკვეული დროის წინ თბილისის პარაგანვითარების ცენტრმაც გამოგვიყო ჩვენ ადგილი, იქაც ვვარჯიშობთ. არის სპორტსმენების კატეგორია, რომელიც გლდანში თავისთვის ვარჯიშობს, ანუ, ფაქტობრივად, ნაკრები დაშლილია.
ნინო წვერავა – ჟურნალისტი: – მალხაზ ხვედელიძე თუ ყოფილა თქვენი მწვრთნელი?
თინიკო სარალიძე – პარამკლავჭიდელი: – არ ყოფილა და არც არასდროს იყო. უბრალოდ იბრალებს, რომ ჩვენი მწვრთნელია.
ბეჟან კობაიძე – პარამკლავჭიდელი: ,,ათასში ერთხელ თუ მოსულა და თუ დაუხედავს, რომ იტყვიან, ცოცხლები ვართ, რა.
ნინო საბაშვილი – პარამკლავჭიდელი: მალხაზი ჩვენ არ გვავარჯიშებს, შეხება არც ერთს არ გვაქვს.
ზვიად სულიკაშვილი – პარამკლავჭიდელი: ,,ოფიციალურად გვიწერია მალხაზ ხვედელიძე, რომელიც, ალბათ, 2019 წლის შემდეგ დარბაზში არ გვინახავს.”
ბესიკ ლეკიაშვილი – პარამკლავჭიდელი: ,,სპორტსმენები ვვარჯიშობთ დამოუკიდებლად, მთავარი მწვრთნელი წლიდან წლამდე არ ჩნდება, მერე ვსესხულობთ ფულს, ვიღებთ სესხს, რომ წავიდეთ შეჯიბრზე იმიტომ, რომ სპორტის სამინისტრო არ გვაძლევს ფულს, ამასობაში ჩამოვდივართ მოგებულები და სპორტის სამინისტრო პირდაპირ გამოჰყოფს ფულს მალხაზ ხვედელიძისთვის.”
პარამკლავჭიდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელსაც სპორტსმენების მოგებული საპრიზო ფონდიდან ასობით ათასი ლარი ერიცხება, დიდუბის ავტოსადგურში დისპეჩერად მუშაობს.
ნინო წვერავა – ჟურნალისტი: – ბატონო მალხაზ, გარკვეული დროის განმავლობაში გაკვირდებოდით და თქვენ ძირითადად აქ მუშაობთ.
მალხაზ ხვედელიძე – პარამკლავჭიდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი: რად მინდა დაკვირვება? ვმუშაობ, ვმუშაობ აქ. მუშაობა სირცხვილია? მესამე სამსახურიც რომ მქონდეს, კიდევ ვიმუშავებდი. მე ახლა სათითაოდ ხელს ვერ მოვკიდებ ვინმეს და თუ ვინმეს ინტრიგა უნდა და ის უნდა, რომ, აი, არ გვავარჯიშებს ახლა, სათითაოდ სახლებში ვერ ჩამოვუვლი.”
ჩვენ კითხვები ფედერაციის პრეზიდენტს, სოსო ჯაჭვლიანსაც დავუსვით, მასთან სახლში მისულებს, იქ მალხაზ ხვედელიძეც დაგვხვდა.
ნინო წვერავა – ჟურნალისტი: – სპორტსმენები ამბობენ, რომ არასდროს მალხაზ ხვედელიძე მათ მომზადების პროცესში ჩართული არ ყოფილა და წელიწადში მხოლოდ ორჯერ ხედავენ, ისიც აეროპორტში ან შეჯიბრებებზე.
სოსო ჯაჭვლიანი – მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი: – ტყუილია, მალხაზ ხვედელიძე არის მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი…
ნინო წვერავა – ჟურნალისტი: – ჩართულია?..
სოსო ჯაჭვლიანი – მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი: – ერთი წამით! მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორი. აქაა, დაგალაპარაკებ.
ნინო წვერავა – ჟურნალისტი: – ჩართულია მომზადებაში?
სოსო ჯაჭვლიანი – მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი: – კი, კი, ჩართულია და იქნება ჩართული, კიდევ!
ნინო წვერავა – ჟურნალისტი: პარამკლავჭიდელები და მათი პირადი მწვრთნელები ეჭვობენ, რომ პრემირების ეს სისტემა, როდესაც სპორტსმენების მიერ მოგებული საპრიზო ფონდის ნახევარი მხოლოდ მთავარ მწვრთნელს ერიცხება, კორუფციულია და სინამდვილეში თანხები ფედერაციაში ნაწილდება.
არსენა შოშიაშვილი – პირადი მწვრთნელი, პარამკლავჭიდელი: ,,მალხაზ ხვედელიძეს შეიძლება გროშები არ შეხვდეს. მალხაზ ხვედელიძე მე ვიცი, რომ დაკავებულია თავისი ფიზიკური სამსახურით. დღე და ღამე ათენებს, რომ ოჯახში რამე ლუკმა შეიტანოს და რაც მალხაზ ხვედელიძესთან ირიცხება, ის რომ სულ შეჰქონდეს, აყვავებული იქნება. არა, მალხაზ ხვედელიძეს არ შეხვდება.”
ზვიად სულიკაშვილი – პარამკლავჭიდელი: ,,მე როგორც ვიცი, მალხაზ ხვედელიძე იღებს ამ პრემიას იმიტომ, რომ ოფიციალურად სხვას ვერ ჩაერიცხება და უყოფს ზემდგომებს.”
ბესიკ ლეკიაშვილი – პარამკლავჭიდელი: ,,მალხაზ ხვედელიძეს, რომელიც დისპეჩერად მუშაობს დიდუბის ”მარშუტკებში”, არავინ არ გაატანს 400 000 ლარს.”
სპორტსმენების ეჭვი თანხის კორუფციულ გადანაწილებასთან დაკავშირებით ჩვენ თავად მალხაზ ხვედელიძესთან გადავამოწმეთ.
ნინო წვერავა – ჟურნალისტი: – 2022 წელს მთავარი მწვრთნელისთვის განკუთვნილმა პრემიამ შეადგინა დაახლოებით 393 000 ლარი, ადასტურებთ ხომ ამ ფაქტს, ჩაგერიცხათ ეს თანხა?
მალხაზ ხვედელიძე – პარამკლავჭიდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი: – ჩამერიცხა…
ნინო წვერავა – ჟურნალისტი: – 2021 წელს ეს თანხა იყო დაახლოებით 205 000 ლარამდე, 2021 წელსაც ჩაგერიცხათ ხომ ეს თანხა?
მალხაზ ხვედელიძე – პარამკლავჭიდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი: – სხვის თანხებს რატომ ითვლით? ფაქტებია, სამინისტროა, იქ მიბრძანდით. თუ მე არ მეკუთვნის, რატომ მირიცხავენ?
ნინო წვერავა – ჟურნალისტი: – სპორტსმენები ეჭვობენ, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულ თანხას, მთავარი მწვრთნელის პრემიას თქვენ უნაწილებთ სოსო ჯაჭვლიანს. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
მალხაზ ხვედელიძე – პარამკლავჭიდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი: – არა, არავითარი, მაგის მტკიცებულება წარმომიდგინონ, ეჭვობენ რა, ეჭვის საფუძველზე ბევრი რამის თქმა შემიძლია.”
უნაწილებს თუ არა მთავარი მწვრთნელი მისთვის განკუთვნილ პრემიას ფედერაციას, სოსო ჯაჭვლიანის პასუხი ასეთია:
სოსო ჯაჭვლიანი – მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი: ,,არა, ეს მისი საქმეა, ეს მისი საქმეა, ეს მისია, პირადად მისია.”
სპორტის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, სახელმწიფო პრემიას პარამკლავჭიდში მხოლოდ მთავარ მწვრთნელს აძლევს. პირადი მწვრთნელების ანაზღაურება კი განკარგულებით განსაზღვრული არ არის.
ნინო წვერავა – ჟურნალისტი: – თქვენი მწვრთნელი ვინ არის, ვინ გავარჯიშებთ?
ბეჟან კობაიძე – პარამკლავჭიდელი: – ჩვენი მწვრთნელი არის ბატონი არსენ შოშიაშვილი.
თინიკო სარალიძე – პარამკლავჭიდელი: – არსენ შოშიაშვილი…
ნინო წვერავა – ჟურნალისტი: – და რამდენი წელია, რაც არსენ შოშიაშვილი გავარჯიშებთ?
თინიკო სარალიძე – პარამკლავჭიდელი: – 7 წელია…
ზვიად სულიკაშვილი – პარამკლავჭიდელი: – მე პირადად, არსენ შოშიაშვილი მამზადებს…
მერაბ დუკაშვილი – პარამკლავჭიდელი: – მალხაზ ხვედელიძე ჩემი მწვრთნელი პირადად არასდროს არ ყოფილა.
ნინო საბაშვილი – პარამკლავჭიდელი: – არსენა შოშიაშვილი, ყველა შედეგიანი სპორტსმენი არსენას აღზრდილია.
ზაურ ქათამაძე – პარამკლავჭიდელი: – მე პირადად მწვრთნელი არ მყავს, სახლში ვვარჯიშობ. ბიჭები დამემოწმებიან, რამდენს ვშრომობ და რამდენს ვწვალობ, ჩემი პატარა ინვენტარი მაქვს, რითიც ვემზადები, მერიამ მაჩუქა მაგიდა მკლავჭიდის, დედაჩემმა მაჩუქა ჰანტელები, ,,ჟგუტები”, რაღაცები ვიყიდე და ძირითადად ეგ მაქვს.
ნინო ვწერავა – ჟურნალისტი: – მალხაზ ხვედელიძე თუ ყოფილა ოდესმე თქვენი მწვრთნელი?
რევი თუთისანი – პარამკლავჭიდელი: – არა, არასდროს არ ყოფილა ჩემი მწვრთნელი.
ნინო ვწერავა – ჟურნალისტი: – და ისე თუ გსმენიათ, რომ არის მთავარი მწვრთნელი?
რევი თუთისანი – პარამკლავჭიდელი: – კი, მთავარი მწვრთნელი ეგ არის ნაკრების, მაგრამ ნაკრებში ვარჯიშზე არ ვყოფილვარ არასდროს. არც ვიცი, თუ ტარდება რამე ვარჯიში.
ნინო ვწერავა – ჟურნალისტი: – მალხაზ ხვედელიძე თუ ყოფილა თქვენი ტრენერი ოდესმე?
დავით მესხი – პარამკლავჭიდელი: – არა, მალხაზ ხვედელიძე არის უბრალოდ გაფორმებული ჩვენს ტრენერად, თუმცა არც ერთხელ არ ვუვარჯიშებივართ, ერთხელ არ დამინახავს, რომ მოსულა და ეთქვას, რომ, აბა, ბიჭებო, რას შვრებით? მარტო მაშინ მოდის, როდესაც შეჯიბრზე მივდივართ. დანარჩენი – საერთოდ არ ვაინტერესებთ, საერთოდ.
ნინო ვწერავა – ჟურნალისტი: – მათი წარმატებიდან თქვენ ხომ გხვდებათ კანონმდებლობით პრემია?
მალხაზ ხვედელიძე – პარამკლავჭიდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი: – ეს არის კანონმდებლობით დადგენილი, ეს არის სახელმწიფოს დადგენილი, ჩემი დადგენილი არ არის, მიმართეთ სამინისტროს.
ნინო ვწერავა – ჟურნალისტი: – მაშინ მთავარი მწვრთნელი რას აკეთებს? რა ევალება მთავარ მწვრთნელს?
მალხაზ ხვედელიძე – პარამკლავჭიდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი: – სპორტსმენების ვარჯიში და შეჯიბრზე წარდგენა.
სპორტის სხვა სახეობებში გათვალისწინებულია პირადი მწვრთნელების ანაზღაურებაც, მაგრამ მკლავჭიდი გამონაკლისია.
ილონა დიასამიძე – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი: ,,კანონმდებლის ნებაც უნდა ყოფილიყო, რომ უშუალოდ ჩართულ პირებს, პირებს, რომლებიც ამ წარმატებაში არიან ერთ-ერთი რგოლი, მათაც უნდა ჰქონოდათ ამ წამახალისებელი თანხის მიღების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში, ნამდვილად კითხვის ნიშანს აჩენს იმიტომ, რომ სპორტის არაერთი სახეობაა ჩამოთვლილი, სადაც არის პირად მწვრთნელებზეც მითითება, ამ ერთი კონკრეტული სპორტის სახეობის გამოკლებით.”
არსენა შოშიაშვილი – პირადი მწვრთნელი, პარამკლავჭიდელი: ,,დაჩაგრული ვინ რჩება? ვინც ნამდვილად მოამზადა ეს სპორტსმენები. ფიქტიური მწვრთნელი ვინც არის ამჟამად, იმას ერიცხება. სპორტსმენებს შეეკითხეთ, რამდენჯერ ჰყავთ დარბაზში ნანახი ან საერთოდ წელიწადში რამდენჯერ ნახულობენ. გიჩნდებათ ახლა ის კითხვა, რომ მა, გიჟი ხომ არ ხარ, რომ დადიხარ? ალბათ, გიჟი ვარ, ისე ვარ შეყვარებული ამ სპორტზე, სპორტსმენებზე…”
ნინო წვერავა – ჟურნალისტი: ,,ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობისას, ჩვენ არაერთხელ მივმართეთ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ვითხოვეთ ოფიციალური კომენტარიც, თუმცა სამინისტროდან ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხეს.”
ქართველი პარამკლავჭიდელები ახლა ევროპის ჩემპიონატზე წასასვლელად ემზადებიან. სამინისტრომ მათ შეჯიბრზე წასვლისთვის თანხა არც ამჯერად გამოუყო, თუმცა, როგორც სპორტსმენები ამბობენ, არსებობს სიტყვიერი დაპირება, რომ მათ გაწეული ხარჯები აუნაზღაურდებათ.
ბესიკ ლეკიაშვილი – პარამკლავჭიდელი: ,,ჰორიოზონტზე გამოჩნდა ევრიპის ჩემპიონატი, სპორტსმენებმა დაიწყეს უკვე სირბილი აქეთ-იქით, რომ ფული მოეძიებინათ, რომ ევროპაზე არ დარჩენილიყვნენ იმიტომ, რომ სამინისტროს მიდგომა ჩვენ უკვე კარგად გავიგეთ – ფულს არ გაძლევს. აიღეს ვალები, პროცენტიანი ვალები გამოიტანეს, ბილეთები იყიდეს წინასწარ. ”
ბეჟან კობაიძე – პარამკლავჭიდელი: ,,ვახსოვართ ვინმეს? არა, ჩვეულებრივი ამბავია, წავალთ, მოვიგებთ, ჩამოვალთ, მერე ისევ ვემზადებით, წავალთ, მოვიგებთ, ჩამოვალთ, მერე ისევ ვემზადებით და ასე. ნომერ პირველი გუნდია მსოფლიოში საქართველოს პარანაკრები და ვისაც ხელეწიფება ჩვენი ყურადღება და მოვლა-პატრონობა, მათგან ყურადღება გვაქვს ნული.”
ზვიად სულიკაშვილი – პარამკლავჭიდელი: ,,ჩემთვის, როგორც სპორტსმენისთვის, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ევროპის ჩემპიონატზე წასვლა, იმიტომ, რომ მაქვს ძალიან დიდი მომზადება გავლილი, ძალიან ბევრი შრომა მაქვს ჩადებული. როგორც ზედიზედ ოთხგზის ევროპისა და ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონი, არც ერთი წაგება არ მაქვს, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ვარ და ტიტული არ უნდა ჩამომერთვას იმის გამო, რომ შეფერხება შეგვექმნა თვითონ სახელმწიფოდან და არა ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე.”