მიწის რეგისტრაცია შერჩევით
ჟურნალისტის შეკითხვა: ერთ დღეს 15 წუთის შუალედით დაურეგისტრირეთ 2 მიწის ნაკვეთი, ბატონო გიორგი, 15 წუთის შუალედით დაურეგისტრირეთ
ჟურნალისტის შეკითხვა: მოახდინეთ თუ არა თქვენ გავლენა აღიარებით კომისიაზე, როცა დაირეგისტრირეთ მიწები, ბატონო ვანო?
ჟურნალისტის ხმა: მიწის რეგისტრაცია რეგიონებში – ადვილია თანამდებობის პირებისთვის, თითქმის შეუძლებელი ადგილობრივი ფერმერებისთვის.
ფერმერი: ათასი რაღაცა, გაწვალება, გაწამება და… აზრი არა აქვს, იქ მისვლას აზრი არა აქვს.
ჟურნალისტის ხმა: გასულ საუკუნეში დაწყებული და დღემდე დაუსრულებელი რეფორმა.
თეო ზაქარაშვილი: დაახლოებით ოცდაათწლიანი ისტორია აქვს მიწის რეგისტრაციას, მაგრამ, წარმატებები ნაკლებად გვაქვს.
სათაური: მიწის რეგისტრაცია შერჩევით
ჟურნალისტის შეკითხვა: 3 ჰა მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეთ მას მერე, რაც თანამდებობაზე დაინიშნეთ, გამოიყენეთ თუ არა თქვენი გავლენები?
ვანო ბერიძიშვილი, გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე: რა ნაკვეთებზეა ჯერ საუბარი?
ჟურნალისტის შეკითხვა: ეს არის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ბაკურციხეში…
ვანო ბერიძიშვილი: მიკროფონი ჯერ გამორთეთ.
ჟურნალისტის ხმა: ვანო ბერიძიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა 2014 წლიდან. მანამდე ის ბიძინა ივანიშვილის კომპანია “კომპლექს სერვისში” მუშაობდა.
გრაფიკა: ივანიშვილის “კომპლექს სერვისი” გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში 10 ჰექტარზე მეტ მიწას ფლობს. ამ მიწებზე გაშენებულ მეურნეობას კი წლების მანძილზე ვანო ბერიძიშვილის მამა ხელმძღვანელობდა.
ჟურნალისტის სტენდაფი: გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ანუ ბოლო 6 წელში ვანო ბერიძიშვილმა ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში 18 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა, ჯამში – 3.5 ჰექტარი. 18-დან 12 ნაკვეთის მესაკუთრე ბერიძიშვილი ასეთი სქემით გახდა:
გრაფიკა: ნაკვეთები თავდაპირველად აღიარების კომისიის და გამგებლის ბრძანებით სხვადასხვა პირებმა დაირეგისტრირეს და რამდენიმე დღეში ვანო ბერიძიშვილს მიყიდეს. ამ სქემით, ჯამში, 2 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი ვანო ბერიძიშვილმა 6 900 ლარად შეიძინა.
ჟურნალისტის შეკითხვა: გამოიყენეთ თუ არა გავლენები რეგისტრაციის პროცესში აღიარებით კომისიაზე?
ვანო ბერიძიშვილი: რა თქმა უნდა, არა. როგორც მე რიგითი მოქალაქე, ჩვეულებრივ ვიყიდე კერძო პირისგან მიწის ნაკვეთი.
ჟურნალისტის ხმა: გურჯაანის საკუთრების აღიარების კომისიაში, ამბობენ, რომ კერძო პირები უბრალოდ ყურადღებიანი მოქალაქეები იყვნენ და ვანო ბერიძიშვილს თანამდებობა და გავლენები არ გამოუყენებია.
რამაზ ქიტიაშვილი, გურჯაანის მიწის აღიარების კომისიის თავმჯდომარე: არსებობს ყურადღებიანი მოქალაქე, რომელიც თავის საქმეს უფრო აქტიურად მიყვება… ვიღაცა ცდილობს იმას, რომ აი, ორი კაცი რომ მიდის დათვალიერებაზე, ვთქვათ, სხვა 2 კაცი გამოვყოთ და იგივე თავის ტრანსპორტით წაიყვანოს ან იქ ადგილზე დახვდეს და ასეთი ნიუანსებია რა და მოდი, მაგას ნუ დავარქმევთ იმას, რომ ვანო ბერიძიშვილის გამო ჩატარდა ან ვანო ბერიძიშვილის გამო საკითხი გავიდა.
ჟურნალისტის ხმა: საქართველოს კანონმდებლობა მოქალაქეებს თვითნებურად დაკავებული მიწის მესაკუთრედ აღიარების შესაძლებლობას აძლევს. ამ მიზნით მუნიციპალიტეტებში საკუთრების უფლების აღიარების კომისიები მუშაობენ.
გრაფიკა: კომისიამ მოქალაქე რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღიაროს, აუცილებელია პირის მიერ ნაკვეთით სარგებლობა ან მფლობელობა დადასტურდეს. ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები ვერ ახერხებენ მამაპაპისეული მიწების ფლობის დადასტურებას, რადგან მიწაზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ჩანაწერები არ არსებობს, დაკარგულია ან განადგურებულია. ამის გამო კომისია ე.წ. მოწმეების გამოკითხვის პრაქტიკას იყენებს. მოწმეებმა უნდა დაადასტურონ, რომ კონკრეტული მოქალაქე ამ მიწას ფლობს ან სარგებლობს.
ნატო მაღლაკელიძე: ხუთი წელია მას მერე მიმდინარეობს, მიწათმომწყობიც იყო…
ჟურნალისტის ხმა: ნატო მაღლაკელიძის ოჯახი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში ნახევარი ჰექტარი მიწის ნაკვეთით წლებია სარგებლობს. შემოღობილ ტერიტორიაზე, რომელსაც ჯერ კიდევ მისი ქმრის მშობლები ამუშავებდნენ, ნერგები აქვთ გააშენებული. მიწის დასარეგისტირებლად ნატო მაღლაკელიძემ საჯარო რეესტრს 2018 წელს მიმართა. რეესტრიდან დოკუმენტები ოზურგეთის მიწის აღიარების კომისიაში გადააგზავნეს, რადგან საკადასტრო ნახაზით, ნაკვეთი ოზურგეთის საზღვრებში აღმოჩნდა.
ნატო მაღლაკელიძე: მოწმეები გვითხრეს, თუ ეს ნაღდად იყო ჩვენი და მომჩივანი რომ არ იყო და ის ხალხი ახლა, რომელიც ხნეა, 80 წელს მიღწეული მეზობლებია, რომლებმაც იცოდა, რომ მეც ვმუშაობდი ჩემ დედამთილთან ერთად და ისინი გვყავდა.
ჟურნალისტის ხმა: აღიარების კომისიამ ერთი წლის მანძილზე ვერ განიხილა მაღლაკელიძის საქმე. ერთი წლის შემდეგ კი, საჯარო რეესტრმა თავად მიმართა კომისიას, რომ საქმის წარმოება შეეწყვიტა.
ვახტანგ ბოხაშვილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსი: მუნიციპალიტეტის აღიარების კომისიამ იმისთვის, რომ დღეს მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება, მიწის ნაკვეთზე უნდა იდგეს შენობა-ნაგებობა, ან მიწის ნაკვეთი უნდა იყოს საკუთრებაში არსებულის მომიჯნავედ.
გრაფიკა: კომისიის ინფორმაციით, ნატო მაღლაკელიძის შემთხვევაში ეს წინაპირობები არ არსებობდა. 2019 წელს მას უარი ეთქვა ნაკვეთის რეგისტრაციაზე, რომლითაც დღემდე სარგებლობს და რომლის დაკანონებასაც დღემდე უშედეგოდ ელოდება. კანონში გასულ წელს შესული ცვლილებებით, მას ამ მიწის დაკანონება შეეძლება, თუკი მუნიციპალიტეტი საკარმიდამო ან ოჯახის სამეურნეო მიწის შესახებ ცნობას მისცემს.
ნატო მაღლაკელიძე: ძიებაშია საქმე, ასე მომდის პასუხი. მიწათმოქმედი იტყვის, დღეს, ხვალ, ხვალ, ხვალ და აღარ დეილია ხვალე, 5 წელია ასე ვარ.
ჟურნალისტის ხმა: ლოდინი არ დასჭირვებია- ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის, ბესიკ ტაბიძის ცოლმა უპრობლემოდ მიიღო ამავე მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიისგან თანხმობა და შედეგად 7105 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა სოფელ ნიგზვიანში.
ჟურნალისტის შეკითხვა: ბ-ნო ბესიკ “თავისუფლების მონიტორის” ჟურნალისტი ვარ, მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით უნდა დაგისვათ შეკითხვა
ბესიკ ტაბიძე, ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე გაურბის ჟურნალისტის შეკითხვებს: მე?
ჟურნალისტის შეკითხვა: დიახ, მაშინ როცა მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, თქვენ სამი მიწის ნაკვეთ დაირეგისტრირეთ.
ბესიკ ტაბიძე: ერთი წუთით რა, ერთი წუთით ვლაპარაკობ.
ჟურნალისტის შეკითხვა: თუ შეიძლება მიპასუხეთ (გარბის…)
ჟურნალისტის ხმა: პროკურატურა უნდა დაინტერესდეს და შეისწავლოს, იყენებენ თუ არა თანამდებობის პირები გავლენებს აღიარების კომისიებზე, – გვეუბნება “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტი.
თეო ზაქარაშვილი: არ უნდა ქონდეს მნიშვნელობა, საკრებულოს თავმჯდომარემ მოგმართათ განცხადებით აღიარების კომისიას, მიწის აღიარებასთან დაკავშირებით თუ ვიღაც კონკრეტულმა იქს ადამიანმა, ვისაც არანაირი თანამდებობა არ გააჩნია… მნიშვნელოვანია შემოწმდეს რამდენად სწორად წავიდა პროცესი და ხომ არ იყო შემთხვევა, როდესაც ამ ადამიანმა ისარგებლა თავისი სტატუსით.
გრაფიკა: თუკი მოქალაქეს ყველა საჭირო დოკუმენტი აქვს, მიწის რეგისტრაციისთვის ის პირდაპირ საჯარო რეესტრს უკავშირდება. დღესდღეობით საქართველოში ყველაზე ფართოდ სწორედ ეს წესი, ანუ მიწის სპორადული რეგისტრაცია გამოიყენება: მესაკუთრე უკავშირდება ამზომველს, რომელიც ადგენს ნახაზს. ნახაზით და მის ხელთ არსებული სხვა დოკუმენტებით მოქალაქე მიდის საჯარო რეესტრში; თუკი წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, უტყუარად ვერ დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა, რეესტრი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს მიმართავს, რომ აქტით დაადგინოს მიწის ნაკვეთის იდენტურობა. მიღებული დოკუმენტების მიხედვით, საჯარო რეესტრი მიწას არეგისტრირებს.
გურამ ქიტიაშვილი: მოგიდებენ რაღაც შარს, რომ ეს საბუთი აკლია. მერე იმ საბუთს მიიტან, მერე იტყვიან, აქ სხვანაირად იყო შედგენილიო, ახლა ისა და ასე…
ჟურნალისტის ხმა: გურამ ქიტიაშვილი გურჯაანში სოფელ კარდენახში ცხოვრობს. საჯარო რეესტრს 2017 წლის გაზაფხულზე მიმართა მამა-პაპისეული მიწის ოფიციალურად დარეგისტრირების თხოვნით.
გურამ ქიტიაშვილი: ეს მამული მამაჩემისეულია. მამაჩემმა დამიტოვა მე. რეგისტრაცია არ არის ადვილი, ძალიან ძნელია.
ჟურნალისტის შეკითხვა: ბევრჯერ იყავით მისული?
გურამ ქიტიაშვილი: ბევრჯერ ვიყავი მისული. დაახლოებით ერთი ათჯერ მაინც. შეიძლება მეტჯერაც.
ჟურნალისტის შეკითხვა: რას გეუბნებიან?
გურამ ქიტიაშვილი: საბუთებში ხარვეზებია, არ არის მთლიანი, რაღაც აკლია… რა ვიცი, თავიანთი ნებაა… გაბრაზებული მერე წამოვედი და აღარც მივსულვარ მას მერე.
ჟურნალისტის ხმა: საჯარო რეესტრმა გურამ ქიტიაშვილს მიწის აზომვითი ნახაზების დაზუსტება მოთხოვა, რაც მან შესაბამის ვადებში ვერ მოახერხა. ორჯერ, კარდენახელი ფერმერის მიწის რეგისტრაცია, ამ მიზეზით შეწყდა. ხელახლა, გურამმა რეესტრს, 2020 წლის სექტემბერში, მიმართა. უწყებამ იდენტურობის ოქმის შესადგენად წერილი გურჯაანის მერიაში გადააგზავნა. მას შემდეგ, 7 თვე გავიდა თუმცა, გურჯაანის მერიის წარმომადგენელს პასუხი ჯერ არ გაუცია.
გიორგი ბერიძიშვილი, ბაკურციხის გამგებელი: რა წესია შემოვარდნა კამერებით? როგორ შეიძლება?
ჟურნალისტის შეკითხვა: ერთ დღეს 15 წუთის შუალედით დაურეგისტრირეთ 2 მიწის ნაკვეთი, ბატონო გიორგი, 15 წუთის შუალედით დაურეგისტრირეთ.
ჟურნალისტის ხმა: ეს ბაკურციხის გამგებელი გიორგი ბერიძიშვილია. საჯარო რეესტრს 7 დღეში გაუგზავნა გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარის, ვანო ბერიძიშვილის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო იდენტურობის ოქმი. ვანო ბერიძიშვილმა ამ ფორმით 1 ჰექტარზე მეტი მიწა შეუფერხებლად დაირეგისტრირა.
გრაფიკა: ეს კი ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილია. მერმა 4 მიწის ნაკვეთი, ჯამში, 2 ჰექტარზე მეტი დაირეგისტრირა. აქედან სამი ნაკვეთის იდენტურობა მუნციპალიტეტის წარმომადგენელმა დაადასტურა, მათ შორის, ერთ შემთხვევაში – რეესტრის მიმართვიდან ორ დღეში.
ალექსანდრე სარიშვილი: 2 დღეში რატომ მივიდა და ამაში დანაშაულს ხედავთ?
ჟურნალისტის შეკითხვა: მე დანაშაულს არ ვხედავ, მე გეკითხებით…
ალექსანდრე სარიშვილი: ორ დღეში ავიდა თუ სამ დღეში, ამაზე არც მიმიქცევია ყურადღება და არც არაფერი, ხო გეუბნებით.
ჟურნალისტის შეკითხვა: ანუ თქვენი ფაქტორი საერთოდ არ ყოფილა?
ალექსანდრე სარიშვილი: ანუ მე ამ საქმეში არ ჩავრეულვარ, ვერ ჩავერევი და არც ვიკადრებ რომ ჩავერიო. მიუხედავად იმისა, რომ მგონია, რომ დანაშაული არაფერი არ არის და არც ზედმეტობა.
ჟურნალისტის ხმა: 2021 წელს ლანჩხუთის მერმა კიდევ ერთი, 1.5 ჰა მიწა დაირეგისტრირა . გაფორმების პროცესში მუნიციპალიტეტის ჩართვა საჭირო არ გამხდარა. თუმცა მას შემდეგ, რაც ამ მიწის საკუთრებაში რეგისტრაციაზე გურიის რეგიონულმა ოფისმა მერს უარი უთხრა, ალექსანდრე სარიშვილმა გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის თანამშრომლის და აღიარებითი კომისიის წევრის – ირაკლი ხუხუნაიშვილის დახმარებით რესტრში გაასაჩივრა.
ჟურნალისტის შეკითხვა: კერძო დავებში რამდენად ხშირად ერთვება ბატონი ირაკლი, იმიტომ რომ ის თანაც არის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, ამასთან აღიარებით კომისიაშია?
ალექსანდრე სარიშვილი: აღიარებითი კომისია ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში ირაკლი ხუხუნაიშვილი როგორც ფიზიკური პირი, ისე ჩაერთო, რომელიც კონკრეტულ თემებში ძალიან გარკვეულია და მე უბრალოდ ვთხოვე, რომ ის ორი დღე, თუ რამდენიც სჭირდებოდა, ჩემ მაგივრად შეეტანა საბუთები, მე ვფიქრობ, რომ ამაში იურიდიულად დანაშაული არაფერია მაშინ, როდესაც მერია არ წყვეტდა არაფერს, საჯარო რეესტრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება.
ჟურნალისტის ხმა: “თავისუფლების მონიტორმა” კიდევ 20-მდე საქმე შეისწავლა, როდესაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეებმა და მერებმა უპრობლემოდ დაირეგისტრირეს მიწის ნაკვეთები აღიარების კომისიებისა თუ მერის წარმომადგენლების მიერ გაცემული ოქმების საფუძველზე. ამასთან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არაერთ მოქალაქეს შევხვდით, რომლებიც მიწების რეგისტრაციის დროს გადაულახავ ბარიერებს აწყდებიან.
დავით დოლიაშვილი, ფერმერი: ხო იცი, ახლა დღევანდელ ცხოვრებაში, ვისაც ნაცნობი ჰყავს ადრე კეთდება, არ გყავს ნაცნობი არ კეთდება. ეს ქვეყანა ეგრეა…
გიგლა გიორგაძე, ლანჩხუთელი მოქალაქე: დედაჩემის და მამაჩემის მიწა გამქრალია… რომ მოვიკითხე გამგეობაში, ახლანდელ მერიაში, მიწის გაფორმება როგორ იქნება ეს, მე ხომ მეკუთვნის მეთქი. ის ვინც ამ საბუთებს განკარგავდა მკვდარია, საბუთები დაკარგულია და რომ ვიჩივლო, სასამართლოში და გავიფორმო ეს მიწა?! ვერაფერს ვერ გახდებიო.
კარდენახელი ფერმერები:
- ძნელია რა, წადი მოდი, თანხებთან არის დაკავშირებული.
- ათასი რაღაცა, გაწვალება, გაწამება…
- იქ მისვლას აზრი არ აქვს….
- არანაირი საშუალება არ მაქვს. სანამდესაც ვიქნები ცოცხალი, ვიქნები, სანამდესაც მექნება, მექნება, თუ არა და წაიღონ.
ვახტანგ ბოხაშვილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსი: ასეთი ტიპის მიწის ნაკვეთებისთვის, სადაც საერთოდ ვერ იქნება მოძიებული დოკუმენტი, მუნიციპალიტეტიც ვერ გასცემს საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ცნობას, იქნება გამოსავალი, ასეთი ტიპის სისტემური რეგისტრაცია.
ჟურნალისტის ხმა: სისტემური რეგისტრაციის პირობებში საჯარო რეესტრის სააგენტო არ ელოდება მოქალაქის მიმართვას და პროაქტიულად, თვითონ არეგისტრირებს მიწებს მის მიერ სისტემურად მოპოვებული სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და სისტემურად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე.
თეო ზაქარაშვილი: სისტემური რეგისტრაციის მთავარი ღირსება არის ის, რომ:
1) სახელმწიფო თვითონ მიდის მოქალაქეებთან; 2) ხდება საჯარო წარმოება, ანუ ყველა მხარეა ჩართული, ყველა სავარაუდო მესაკუთრე, ყველა მოქალაქე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, გამგეობები და მერიები, ადგილზე მიჰყავთ ნოტარიუსი, ადგილზე ხდება მორიგება, თუ ეს საჭიროა და ადგილზე, ანუ იმ მოქალაქის საცხოვრებელ ადგილზე ხდება ყველაფრის რეგისტრაცია და სახელმწიფო ყველა მხარის მონაწილეობით, საჯარო შეთანხმებით მიდის იქამდე, რომ არეგისტრირებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ჟურნალისტის ხმა: სისტემური რეგისტრაცია ერთ-ერთი ბერკეტი შეიძლება იყოს იმისთვის, რომ მიწის რეგისტრაციის პროცესში არსებული უთანასწორობა თანამდებობის პირებისა და რიგითი მოქალაქეების მიმართ შემცირდეს.
თეო ზაქარაშვილი: დღეს პრობლემა არის ის, რომ სახელმწიფო არ დგამს სწორ ნაბიჯებს სისტემური რეგისტრაციისკენ, თუმცა, როგორც დაანონსდა, სახელმწიფო ამას აპირებს და იმედი გვაქვს, რომ ის პრაქტიკას სწორად გააანალიზებს და დაიწყებს სისტემურ რეგისტრაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერ შევძლებთ დარჩენილი მიწის ნაწილის რეგისტრაციას.
ჟურნალისტის ხმა: მიწის სისტემური რეგისტრაციის დაკანონების მცდელობები 2011 წლიდან დაიწყო. საბოლოოდ მიღებული კანონით, მიწის სისტემური რეგისტრაცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2023 წელს უნდა დასრულდეს.
გრაფიკა: საჯარო რეესტრის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით 1 მლნ-ზე მეტი ჰა მიწის ნაკვეთია დაურეგისტრირებელი, რაც მთლიანი მიწის ფონდის ⅓-ია.
ჟურნალისტის ხმა: იმის მიუხედავად, რომ საქართველოში მიწის რეფორმა გასულ საუკუნეში, 1992 წლიდან დაიწყო, მიწების სრული რეგისტრაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა და რეფორმაც დღემდე გრძელდება.