გრიგოლ ბესელია: არ ქნა, რა, გოგო, არ ქნა, რა!
ჟურნალისტი: მზია ამაღლობელს აკავებენ, “ბათუმელების” მენეჯერს აკავებენ, მზია ამაღლობელი დააკავეს.
ჟურნალისტის ხმა: ყველაფერი ასე დაიწყო: 11 იანვარს, საღამოს, დაახლოებით 10-ის ნახევრისთვის, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ – ციალა ქათამიძემ სტიკერი გააკრა, რომელზეც 2 სიტყვა ეწერა – “იფიცება საქართველო!”
ირაკლი დგებუაძე: გეუბნები, რომ არ დააკრა, დარღვევაა, ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლი. მოხსენი!
ციალა ქათამიძე: დავაკარი.
ირაკლი დგებუაძე: დაარღვიე კანონი, ეს არის ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევა, წამობრძანდით!
ჟურნალისტის ხმა: კადრებში გარკვევით ისმის, რომ ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე ციალა ქათამიძეს ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლის დარღვევისთვის აკავებს, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებას ეხება და მხოლოდ ჯარიმით ისჯება. თუმცა დაკავების ოქმში ქათამიძეს ჩაუწერეს, რომ ის პოლიციის შეურაცხყოფისთვის დააკავეს.
ნონა ქურდოვანიძე, საია-ს თავმჯდომარე, მზია ამაღლობელის ადვოკატი: მზია ამაღლობელი 11 იანვარს საერთოდ არ იმყოფებოდა აქციაზე, მან ტელევიზიით შეიტყო, რომ იქ, აქციაზე აკავებდნენ მონაწილეებს, მათ შორის დაკავებული იყო მისი კოლეგა და ასევე, მეგობარი ციალა ქათამიძე და მზიამ გადაწყვიტა, რომ მისულიყო ადგილზე და გაერკვია, რა ხდებოდა. როდესაც გაიგო, რომ იქ აქციის მონაწილეები დააკავეს აი, ამ სტიკერის გაკვრის გამო, მანაც ერთ-ერთი სტიკერი გამოართვა აქციაზე მყოფ პირს და კედელზე გააკრა. ეს არ იყო სტიკერი, რომელიც რაიმე ტიპის დაზიანებას იწვევდა შენობაზე.
ჟურნალისტის ხმა: კადრებში კარგად ჩანს, თუ რა მარტივად ხსნიან მზიას მიერ გაკრულ სტიკერს პოლიციის თანამშრომლები. ისიც ნათლად ჩანს, რომ ფასადს დაზიანებისა და დამახინჯების არანაირი კვალი არ ეტყობა.
ნონა ქურდოვანიძე: თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩავთვლით, რომ ეს იყო იერსახის დამახინჯება, პოლიციას არ აქვს უფლება ამ მუხლის საფუძველზე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავოს.
მოქალაქე: ეს დარღვევა იყო? მზიამ ახლა რა დაარღვია, რომ დააკავეს? ირაკლი, ეხლა რატომ დააკავეთ, რა დაარღვია?
ირაკლი დგებუაძე: 150-ე მუხლი.
ნონა ქურდოვანიძე: ასეთ დროს პოლიციას რადგან საერთოდ არ ჰქონდა მზია ამაღლობელის დაკავების უფლება იმიტომ, რომ ასეთ უფლებას კანონი არ აძლევს პოლიციას 150-ე მუხლის ჩადენის შემთხვევაში, პოლიციელებმა შემდგომ ოქმში ჩაწერეს სხვა ინფორმაცია, ანუ ინფორმაცია, რომელიც რეალურად არ მომხდარა: მათ ჩაწერეს, რომ თითქოს მზია ამაღლობელმა ჩაიდინა 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება – ეს არის პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და პოლიციელის შეურაცხყოფა.
ჟურნალისტის ხმა: მზია ამაღლობელის დაკავების ოქმში, რომელიც “სტუდია მონიტორმა” მოიპოვა და შეისწავლა, არაერთი ფაქტობრივი უზუსტობა და სიყალბე აღმოჩდა. მაგალითად, ოქმში წერია, რომ მზია ამაღლობელი გოჩა ვანაძემ დააკავა, მაშინ როცა ვიდეომასალაში ცხადად ჩანს, რომ მზია ამაღლობელი აჭარის პოლიციის უფროსმა გრიგოლ ბესელიამ დააკავა.
ჟურნალისტი: გამარჯობა, ბატონო გოჩა, მე სტუდია მონიტორიდან გიკავშირდებით, ერთი შეკითხვა მაქვს
გოჩა ვანაძე: საიდან?
ჟურნალისტი: სტუდია მონიტორიდან. 11 იანვარს რომ დააკავეს მზია ამაღლობელი, დაკავების ოქმში მითითებულია, რომ თქვენ დააკავეთ, სინამდვილეში ის გრიგოლ ბესელიამ დააკავა და
გოჩა ვანაძე: არ მცალია
ჟურნალისტი: და რატომ არის ეს ტყუილი მითითებული ამ ოქმში?
გოჩა ვანაძე: კარგად ბრძანდებოდეთ.
ჟურნალისტის ხმა: მზია ამაღლობელის დაკავების ოქმში, დამკავებლის გარდა, გაყალბებულია დაკავების მოტივიც. კერძოდ, მოტივად მითითებულია შემდეგი: “მზია ამაღლობელი აკრავდა სტიკერს, რომელზეც იყო წარწერა “იფიცება საქართველო”. ასევე, პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას – “რუსეთის მონებო”, ძაღლებო და ღორებო. არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული და მოხდა მისი დაკავება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით”. ამის დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულება საქმეში არ არსებობს. არადა, ადგილზე მყოფ პოლიციელებს თან ჰქონდათ სამხრე კამერები, თუმცა ამ ვიდეომასალაში ჩანს, რომ კამერები წითლად ანათებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გამორთული იყო. სხვადასხვა მედიასაშუალების ვიდეომასალებში, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში, ლაივში ასახავდა 11 იანვრის საღამოს აჭარის პოლიციის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს, ნათლად ჩანს, რომ მზია ამაღლობელი უსიტყვოდ აკრავს სტიკერს, მას უახლოვდება აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია, რომელიც ამაღლობელს აკავებს, რაზეც ეს უკანასკნელი არანაირი წინააღმდეგობას არ წევს და არავითარ სიტყვიერ შეურაცხყოფას არ აყენებს პოლიციელებს.
ნონა ქურდოვანიძე: სწორედ აი, ამ გარემოებების გამო ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს დაკავების ოქმი და ველოდებით გადაწყვეტილების მიღებას.
ჟურნალისტის ხმა: გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა მიიღოს. ამასობაში კი, 15 თებერვალს ბათუმის პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმიც შეადგინა, რომლის საფუძველზეც 17 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა ჩაინიშნა. თუმცა იმის გამო, რომ ბრალდებულის დაცვის მხარე არ იყო ინფორმირებული, სასამართლო სხდომა 6 მარტისთვის გადაიდო. საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის თქმით, რომელიც მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს, ფაქტობრივი უზუსტობებია არა მხოლოდ მზიას დაკავების, არამედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმშიც.
ჟურნალისტი: თამარ, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მითითებულია, რომ თითქოს ის ხელს უშლიდა პოლიციას სხვა პირების დაკავებაში. ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არსებობს საქმეში?
თამარ წულუკიძე: საქმეში ფაქტობრივად არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ თითქოს მზია ამაღლობელი ვინმეს ხელს უშლიდა, რომ დაეკავებინათ პოლიციის თანამშრომლებს კონკრეტული პირი. ყოველ შემთხვევაში მასალებს, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ, რაც გადმოგვეცა სასამართლოდან, მასში არის ვიდეოკადრები, რომელიც ასახავს არა უშუალოდ ადმინისტრაციული წესით მის დაკავებას, არამედ მას შემდეგ პერიოდს, როდესაც უკვე ის გაათავისუფლეს და ხდებოდა შემდეგ სისხლის სამართლის წესით მისი დაკავება.
ჟურნალისტის ხმა: ეს ვიდეომასალა, სადაც მომიტინგეების პოლიციასთან დაპირისპირება და ჭყლეტაში მოყოლილი მზია ამაღლობელი ჩანს; ასევე ეს ვიდეო, სადაც ისმის მომიტინგეების შეძახილი “მონებო”, – ადგილობრივი ონლაინ გამოცემის “აჭარა თაიმსის” მიერაა გადაღებული. პოლიციამ ეს კადრები მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმეში მტკიცებულებად წარადგინა. “აჭარა თაიმსის” დამფუძნებელი სულხან მესხიძე გვეუბნება, რომ ეს კადრები მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების პროცესს არ ასახავს, ვინაიდან ის შემთხვევის ადგილზე მზიას დაკავების შემდეგ მივიდა.
სულხან მესხიძე, “აჭარა თაიმსის” დამფუძნებელი: ჩვენ მივედით ცოტა მოგვიანებით, მას შემდეგ უკვე, რაც მზია ამაღლობელი პირველი დაკავების შემდგომ გამოუშვეს აჭარის მთავარი სამმართველოდან და პირველი პირდაპირი ეთერი სწორედ მაგ დროს ემთხვევა, ჩვენ პირდაპირ ეთერშიც კი გვყავდა მზია ამაღლობელი, როდესაც გამოდიოდა შენობიდან.
ჟურნალისტი: ჩვენ ვხედავთ მზია ამაღლობელს, ონლაინმედია “ბათუმელების” დირექტორს. მზია, პირდაპირ ეთერში ხართ “აჭარა თაიმსის”, გვითხარი
მზია ამაღლობელი: მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს სიგიჟე აუცილებლად დამთავრდება კარგად და აუცილებლად ყველა უნდა გამოვიდეს აქციაზე.
ჟურნალისტი: მზია, ხელწერილის საფუძველზე გამოგიშვეს, თუ როგორ მოხდა თქვენი დაკავება და გათავისუფლება?
მზია ამაღლობელი: ჩვეულებრივად, პირველივე გამოძახების დროს უნდა გამოვცხადდე სამმართველოში.
ჟურნალისტი: რის გამო დაგაკავეს?
მზია ამაღლობელი: ვაკრავდი პლაკატს, რომლის გამოც აქციის მონაწილეები დააკავეს, ვფიქრობ, რომ ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა.
ჟურნალისტი: აი, ეს ვიდეომასალა, რომელიც საქმეში დევს და მე რამდენადაც ვიცი, უკვე თქვენც გაეცანით ხო, რეალურად როდის არის გადაღებული და რას ასახავს
სულხან მესხიძე: კადრები, რაც ამ საქმეში დევს, არის გადაღებული და პროცესს ასახავს, როდესაც მზია ამაღლობელი უკვე ხელმეორედ სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს.
ჟურნალისტის შეკითხვა: და ასევე საქმეში ვიდეომასალები არის გაყალბებული [გოჩა ვანაძე თიშავს ტელეფონს].
ჟურნალისტის ხმა: მზია ამაღლობელი მეორედ, პირველი დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ მალევე – ბათუმის პოლიციის უფროსზე სილის გაწვნისთვის დააკავეს.
ჟურნალისტი: ბატონო ირაკლი, ვინ დააკავეთ და რატომ, თუ შეგიძლიათ, რომ მითხრათ?
ირაკლი დგებუაძე: არ გცემთ პასუხს ცოტა ხანი
ჟურნალისტი: რატომ?
ირაკლი დგებუაძე: არ მცალია და მაგიტომ… ქართული ხო გესმით? არ მცალია.
ჟურნალისტის ხმა: ირაკლი დგებუაძეს, მისივე ჩვენების მიხედვით, სწორედ ამ დროს უნდა ჰქონოდა “ტკივილი განცდილი” და ლოყა გაწითლებული, თუმცა ეს ამ კადრებში ნაკლებად შესამჩნევია. მზია ამაღლობელს ბრალი სისხლი სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა – პოლიციელზე თავდასხმის მუხლით წაუყენეს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სწორედ ამ ბრალდების გამო მოითხოვა პროკურატურამ სასამართლოსგან მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება. პროკურორი ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად სწორედ მზიას ადმინისტრაციულ დაკავებას ასახელებდა, რომლის შემდეგაც თითქოს მან განმეორებით ჩაიდინა დაშაული და მოსალოდნელი იყო, რომ ისევ ჩაიდენდა.
ნინო სახელაშვილი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე: მომეტებულად საბუთდება ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის საფრთხე და ასევე მტკიცებულებათა განადგურების ნაწილში საფრთხე. შესაბამისად, ყველა ამ გარემოების მხედველობაში მიღებით … ბრალდებული მზია ამაღლობლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნას პატიმრობა.
ნონა ქურდოვანიძე: პატიმრობა, რომელიც მზიას საქმეზე გამოიყენეს, ეფუძნება მათ შორის იმას, რომ თითქოს მანამდე მან სამართალდარღვევა ჩაიდინა. სამართალდარღვევის საქმეში მზიას გამართლება, აი, ამ არგუმენტს აცლის სასამართლოს, რომ თითქოს პატიმრობის გამოყენების წინაპირობა არსებობდა. ეს კიდევ ერთი მცდელობა იქნება იმისა, რომ მზია ამაღლობელი არის უკანონო პატიმარი და მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება არის სრულიად დაუსაბუთებელი.
ჟურნალისტის ხმა: მზია ამაღლობელის დაკავებიდან მე-2 დღეს ბათუმის პოლიციის უფროსმა “აჭარა თაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ პოლიციელებზე შეურაცხყოფის დამადასტურებელ მტკიცებულებებს სასამართლოში წარადგენდა.
ირაკლი დგებუაძე: არც ერთი წამით დაკავებულებების უფლებები არ დარღვეულა, თუმცა მათი მხრიდან იყო არაერთი სამართალდარღვევა, არაერთი შეურაცხყოფა პოლიციის მიმართ, რასაც ჩვენ მტკიცებულებების სახით წარმოვადგენთ სასამართლოში და არა ესე ჰაერზე ბრალდებებით არავის პოლიცია არ აკავებს.
- თავისუფლება მზიას!
- თავისუფლება სინდისის პატიმრებს!
ჟურნალისტის ხმა: მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 11 იანვარს მზია ამაღლობელი პოლიციამ უკანონოდ დააკავა სტიკერის გაკვრისთვის, ხოლო შემდეგ ოქმი გააყალბა და პოლიციელის შეურაცხყოფისთვის წარუდგინა ბრალი. სასამართლომ ამ საქმეზე 6 მარტს უნდა იმსჯელოს. მანამდე კი 4 მარტს, წინასასამართლო სხდომაა დანიშნული მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე. რომელიც დაცვის მხარის შეფასებით, ასევე, არასწორადაა კვალიფიცირებული.
მაია მწარიაშვილი, მზია ამაღლობელის ადვოკატი: იმ სასამართლო პრაქტიკაშიც, სადაც მართლმსაჯულება არ არსებობს, ჩვენს სასამართლოშიც კი არ არსებობს არც ერთი საქმე, სადაც სასამართლომ თქვა, რომ ამ ტიპის მოქმედება შეიძლება შეფასდეს პოლიციელზე თავდასხმად. თავდასხმა, ამ მუხლის თვალსაზრისით, უნდა იყოს ისეთი ტიპის ძალადობრივი მოქმედება, რომელიც იმდენად მძიმე და აგრესიული და სერიოზულია, რომ საფრთხის ქვეშ აყენებს პოლიციელის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამიტომ სახეში სილის გალაწუნება, რაც არ უნდა ძლიერი იყოს ის, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დააყენებს საფრთხის ქვეშ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და თავისთავად ცხადია ვერც ამ შემთხვევაში ვერ დააყენა და უფრო მეტიც, აქ ბატონ დგებუაძეს არანაირი დაზიანება არა აქვს. ყველაზე მძიმე შემთხვევაში, რაზეც აქ საუბარი შეიძლება იყოს, ეს გახლავთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი, ეს გახლავთ სწორედ ის მუხლი, რომელიც პირველ ჯერზე, ასე ვთქვათ, უკანონოდ შეუთითხნეს მზიას.
ჟურნალისტი: რისთვის დაჭირდა პოლიციას ამდენი ფალსიფიკაცია მზია ამაღლობელის საქმეში?
მაია მწარიაშვილი: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფალსიფიკაცია დაჭირდათ იმიტომ, რომ გაამართლონ მისი უკანონო სისხლის წესით პატიმრობა და დაკავება.
ჟურნალისტის ხმა: მზია ამაღლობელისთვის უკანონოდ შეფარდებული წინასწარი პატიმრობის საქმეს საია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებს.