“ოცნების” ჩინოვნიკების გასაიდუმლოებული სამოგზაურო ხარჯები

ჟურნალისტი: ნინო შუბითიძე ; რედაქტორი: მაია მეცხვარიშვილი
Divider dot 24 ოქტომბერი 2024

ჟურნალისტის ხმა: პარიზი, დუბაი, ლისაბონი, რომი – რა უჯდებათ თანამდებობის პირებსა და მათი ოჯახის წევრებს უცხოეთში მოგზაურობები?

არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრი: დისნეილენდში მე არ ვყოფილვარ ჩემს ცხოვრებაში, თუ დამპატიჟებთ, სიამოვნებით წამოვალ.

ჟურნალისტი: მეც არ ვყოფილვარ, თქვენი მეუღლე იყო.

ჟურნალისტის ხმა: რატომ არ უთითებენ ხელისუფლების წარმომადგენლები სამოგზაურო ხარჯებს დეკლარაციებში?

დავით კაჭარავა, პარლამენტის წევრი: არ გეწერებით-მეთქი, გაგეცით პასუხი და არ გეწერებით, მიბრძანდით.

ჟურნალისტის შეკითხვა: ხო, მაგრამ კანონდარღვევა არის, ბატონო დავით.

ჟურნალისტის შეკითხვა:  რატომ არ გვაწვდით ამ დოკუმენტებს? რატომ არ გვაწვდით, ბატონო ლაშა? 

დეა ერემაშვილი, “შშმ ქალთა ალიანსის“ თავმჯდომარე:  5 წელზე მეტია ვარ შშმ პირი, აქტივისტი და ამ დროის განმავლობაში ჩვენმა თემმა შევძელით ერთობლივი ძალებით მოგვეხერხებინა, რომ ბათუმში არის ადაპტირებული ტრანსპორტი, არის მისაწვდომი პლიაჟი და დაინერგა სხვადასხვა სერვისები, რომელიც განკუთვნილია  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად და მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის ასამაღლებლად 

ჟურნალისტის ხმა: დეა ერემაშვილი “რუსულ კანონს” არ დაემორჩილა და მისი ორგანიზაცია “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში” არ დაარეგისტრირა. თუმცა  2 კვირის წინ შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მისი ხელფასი, რომელიც რეესტრში რეგისტრირებულმა ერთ-ერთმა ორგანიაციამ 2023 წელს ჩაურიცხა,  გასაჯაროვდა, რის გამოც რეაგირებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს უკვე მიმართა საჩივრით.

დეა ერემაშვილი, “შშმ ქალთა ალიანსის“ თავმჯდომარე: სახელმწიფო ურცხვად გვატყუებდა ამდენი ხნის მანძილზე, რომ ფიზიკურ პირებს ეს არ შეგვეხებოდა და მე, როგორც ფიზიკურ პირს შემეხნენ და ასევე, იტყუებოდა იმას, რომ შშმ პირებს არ ეხება.

ჟურნალისტის ხმა: საზოგადოების პროტესტი მიუხედავად, მაისში “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ “რუსული კანონი” მიიღო. 

ჟურნალისტი: აგენტების შესახებ რუსული კანონის მიღების დროს ხელისუფლება უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის აუცილებლობაზე აპელირებდა. ეს მაშინ, როცა ამავე ხელისუფლების წარმომადგენლები თანამდებობის პირის დეკლარაციებში მუდმივად მალავენ მათ რეალურ შემოსავლებსა და ხარჯებს, რითაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მოთხოვნებს არღვევენ.

არქივი: მონა! მონა! მონა! მონა!

ჟურნალისტის ხმა: პარლამენტარი დავით კაჭარავა უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი თანაავტორი იყო 2023 წელს. მართალია მაშინ საპარლამენტო უმრავლესობას ამ კანონის უკან გაწვევა მოუხდა, თუმცა საბოლოოდ “ქართულმა ოცნებამ” კანონი მიიღო. კაჭარავა კი, რომელიც მაშინ პარტია “ხალხის ძალას” წარმოადგენდა, ამჟამად “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის 31-ე ნომერია.

დავით კაჭარავა, პარლამენტარი, არქივი: მდიდარ NGO-ებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს.

ჟურნალისტის ხმა: არასამთავრობო ორგანიზაციების სიმდიდრესა და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობაზე დამაშვრალი დეპუტატი, როგორც გავარკვიეთ, სულაც არ არის ასეთივე მომთხოვნი საკუთარი თავისადმი. თანამდებობის პირის დეკლარაციის შევსებას მას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონი ავალდებულებს. კანონის შესაბამისად, მან დეკლარაციაში ოჯახის წევრები, მათ შორის მასთან ერთად მუდმივად მცხოვრები პირი უნდა ასახოს. 

ნიკოლოზ წულუკიძე, ტელეწამყვანი, ვიდეო არქივიდან: სამზარეულო უყვართ, მაგრამ სამზარეულოზე მეტად ერთმანეთი უყვართ.

ქეთი ხატიაშვილი: გადაღებებზე გავიცანით ერთმანეთი.

ნიკოლოზ წულუკიძე: თამამად შემიძლია სტუდიაში მოვუხმო ქეთის რჩეულს, არაჩვეულებრივ მორაგბეს, დავით კაჭარავას.

დავით კაჭარავა: ჩემი საყვარელი ადამიანია. 

ჟურნალისტის ხმა: ეს ვიდეო 2019 წელსაა გადაღებული. დავით კაჭარავა პარლამენტის წევრი 2020 წელს გახდა და მას შემდეგ თანამდებობის პირის დეკლარაცია 4-ჯერ შეავსო, თუმცა დეკლარაციაში არასდროს შეუტანია ქეთევან ხატიაშვილის მონაცემები და მის სახელზე რეგისტრირებული ქონება. რამდენიმე თვის წინ კი ქეთევან ხატიაშვილი დავით კაჭარავას შვილის დედა გახდა.

ქეთევან ხატიაშვილი სოციალურ ქსელებში ხშირად აქვეყნებს უცხოეთში დავით კაჭარავასთან ერთად მოგზაურობის ამსახველ ფოტო-ვიდეომასალას. მაგალითად, ეს ვიდეოები 2022 წლის დეკემბერშია გამოქვეყნებული და წყვილის არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში მოგზაურობას ასახავს.

ჩვენ რამდენიმე ტურისტული კომპანიის შეთავაზებას გავეცანით და გავარკვიეთ, რომ დუბაიში 5-დღიანი ჯგუფური ტურის შემთხვევაში 1 ადამიანის ფრენისა და სასტუმროში განთავსების ღირებულება 1300 ლარის ფარგლებში მერყეობს. ამას ემატება შიდა გადაადგილებისა და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების მონახულების ღირებულება, დაახლოებით 800 ლარი, რაც ჯამში 2100 ლარია. თუ ამას კვებისა და “შოპინგის” ხარჯსაც მივუმატებთ, გამოდის, რომ 2 ადამიანის 5-დღიანი ტური დუბაიში 5,000 ლარს აღემატება და დეკლარირებას ექვემდებარება, თუმცა ამ მოგზაურობასა და მასზე გაწეულ ხარჯებზე კაჭარავას 2023 წლის დეკლარაციაში არაფერია მითითებული.

2022 წლის აგვისტოში დავით კაჭარავა და ქეთევან ხატიაშვილი საფრანგეთშიც იმყოფებოდნენ ერთად სამოგზაუროდ. მოინახულეს ნიცა, ეზე და მონაკო. კადრებში ჩანს, რომ წყვილმა Turkish Airlines-ის რეისით იფრინა. აღნიშნული ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე თბილისი-ნიცა-თბილისის ავიაბილეთი აგვისტოში, ეკონომ-კლასი 1 ადამიანზე თითქმის 500 დოლარი ღირს. ამას უნდა დავუმატოთ სასტუმროსა და ქალაქებს შორის გადაადგილების, კვების ხარჯები. კაჭარავას არც ამ მოგზაურობის შესახებ აქვს ხარჯები დეკლარაციაში მითითებული.

პარიზი, ბარსელონა, ნაპოლი – ეს იმ ქალაქების არასრული ჩამონათვალია, სადაც დავით კაჭარავამ 2023 წელს იმოგზაურა ქეთევან ხატიაშვილთან ერთად. ხარჯები კი 2024 წლის დეკლარაციაში არ აუსახავს. 

მიზეზის გასარკვევად დავით კაჭარავას “ქართული ოცნების” ოფისში მივაკითხეთ.

ჟურნალისტის შეკითხვა: ბატონო დავით, სტუდია მონიტორის ჟურნალისტი ვარ, ნინო და რამდენიმე კითხვა მაქვს თქვენს დეკლარაციასთან დაკავშირებით.

დავით კაჭარავა, პარლამენტის წევრი: სხვა დროს დაგელაპარაკებით.

ჟურნალისტის შეკითხვა: არა, ძალიან გთხოვთ. 

დავით კაჭარავა, პარლამენტის წევრი: ნუ შემოდიხართ სივრცეში!

ჟურნალისტის შეკითხვა: არ შემოვდივარ სივრცეში, უბრალოდ თქვენს დეკლარაციასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა – სამოგზაურო ხარჯებს არ უთითებთ დეკლარაციაში.

დავით კაჭარავა, პარლამენტის წევრი: ძალიან გთხოვთ, ნუ შემოდიხართ!

ჟურნალისტის შეკითხვა: თქვენ გამობრძანდით მაშინ გარეთ.

დავით კაჭარავა, პარლამენტის წევრი: არ ვაპირებ, რომ ჩაგეწეროთ, ხომ მაქვს უფლება?

ჟურნალისტის შეკითხვა: სამოგზაურო ხარჯებს არ უთითებთ დეკლარაციაში, ბატონო დავით, რატომ არ უთითებთ მოგზაურობის ხარჯებს დეკლარაციაში?

დავით კაჭარავა, პარლამენტის წევრი: არ გეწერებით მეთქი გაგეცით პასუხი და არ გეწერებით, მიბრძანდით რა.

ჟურნალისტის შეკითხვა: ხო, მაგრამ კანონდარღვევა არის, ბატონო დავით, კორუფციის შესაბ კანონი გავალდებულებთ, რომ დეკლარაციაში ასახოთ თქვენი გასავალი, ხარჯები.

დავით კაჭარავა, პარლამენტის წევრი: შენობა დატოვე, არ მაინტერესებს!

ჟურნალისტის შეკითხვა: კითხვები გაჟღერდება და არ გაქვთ სურვილი, რომ პასუხი გაგვცეთ?

დავით კაჭარავა, პარლამენტის წევრი: ყველაფერი მითითებული მაქვს.

ჟურნალისტის შეკითხვა: არ გაქვთ მითითებული, ასევე, არ უთითებთ ქალბატონი ქეთევან ხატიაშვილის შესახებ დეკლარაციაში.

დავით კაჭარავა, პარლამენტის წევრი: მიბრძანდით.

არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრი, არქივი: გუშინ საღამოს ორმა სატელევიზიო არხმა – “ფორმულამ” და “მთავარმა” გაავრცელეს უკიდურესად პოლიტიზებული და მიკერძოებული სიუჟეტი, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ თითქოს მე დასასვენებლად ვიმყოფები ახლა კომოს ტბაზე იტალიაში. სინამდვილეში კი, როგორც ხედავთ, მე ახლა ვარ საქართველოს პარლამენტში, ჩემს სამუშაო ოთახში .

ჟურნალისტის ხმა: პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე, ამჟამად კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე ასე უარყოფდა 2019 წელს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის, თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად იმყოფებოდა იტალიაში, კომოს ტბაზე, წვეულებაზე. ამის შემდეგ სიცრუის გავრცელებაში დადანაშაულებულმა მედიებმა თვითმფრინავში გადაღებული ეს ფოტოები გაასაჯაროეს, რის შემდეგაც თალაკვაძე იძულებული გახდა დაედასტურებინა, რომ მართლაც იმყოფებოდა იტალიაში, ოღონდ არა კომოს ტბაზე, არამედ მილანში.

არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრი, არქივი: პარლამენტის თავმჯდომარე მილანში ჩავიდა მეუღლესთან და შვილთან ერთად და მეორე დღეს უკვე იყო სამსახურში.

ჟურნალისტის ხმა: თალაკვაძეს იტალიაში ოჯახთან ერთად მოგზაურობის ხარჯი დეკლარაციაში არ აუსახავს. უფრო მეტიც, გავარკვიეთ, რომ მისი ცოლი – ქეთევან ბუბუტეიშვილი ყოველწლიურად საკმაოდ ბევრს მოგზაურობს უცხოეთში. 

ეს ფოტო ქეთევან ბუბუტეიშვილმა სოციალურ ქსელში 2022 წელს ატვირთა. ფოტოზე ჩანს, რომ ის ამსტერდამში იმყოფება; იმავე 2022 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული ფოტოს მიხედვით კი პარიზში მოგზაურობდა. ირკვევა, რომ პარიზში ის შვილებთან ერთად იმყოფებოდა. მოინახულეს დისნეილენდი, სადაც მხოლოდ შესვლის საფასური მინიმუმ 56 ევროა 1 ადამიანზე. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის, ვიზეარის 1 ბილეთი კი ქუთაისი-პარიზი-ქუთაისის მიმართულებით აგვისტოს თვეში საშუალოდ 600 ლარია.

ამ მოგზაურობების ხარჯებზე არაფერია ნათქვამი არჩილ თალაკვაძის 2023 წლის დეკლარაციაში. მიზეზების გასარკვევად დეპუტატს მივაკითხეთ.

არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრი: ნებისმიერი ხარჯი, 5000 ლარზე ზევით მე მაქვს დეკლარირებული, როგორც ჩანს, ამ ვიზიტებში არც ერთი არ იყო ან იყო მივლინებაში ჩემთან ერთად ჩემი მეუღლე თავის დანახარჯებით, რომელიც არის ბევრად ნაკლები ყველა ასეთ შემთხვევაში 

ჟურნალისტის ხმა: ამის შემდეგ ჩვენ თალაკვაძეს ვთხოვეთ კონკრეტული ვიზიტების შესახებ ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი მოეწოდებინა, რათა დავრწმუნებულიყავით, მართლა დაჯდა თუ არა ეს მოგზაურობები 5,000 ლარზე ნაკლები, თუმცა დეპუტატს ეს მტკიცებულელები არ წარმოუდგენია.

არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრი: პარიზში რაც შეეხება, როგორც საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის წევრი, წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ ჩავდიოდი, ასე რომ პარიზის ვიზიტები ყველა არის გადახდილი სამივლინებო.

ჟურნალისტის შეკითხვა: მათ შორის 2022 წლისაც?

არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრი:  მათ შორის 2022 წლისაც.

ჟურნალისტის შეკითხვა: დისნეილენდში ვიზიტიც?

არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრი:  დისნეილენდში მე არ ვყოფილვარ ჩემს ცხოვრებაში, თუ დამპატიჟებთ, სიამოვნებით წამოვალ.

ჟურნალისტის შეკითხვა: მეც არ ვყოფილვარ, თქვენი მეუღლე იყო.

არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრი: ჩემი მეუღლე თუ იყო, გითხარით, კერძო სექტორში მუშაობს და ხარჯებს ვადეკლარირებთ, როცა სცდება ზღვარს.

ჟურნალისტის ხმა: სარდინია იტალიის მეორე უდიდესი კუნძულია და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი ევროპაში. სწორედ ამ კუნძულზე ისვენებდა 2023 წლის აგვისტოში ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის ცოლი 2 შვილთან ერთად.

ჟურნალისტის ხმა: ტურისტული კომპანია Hot Travel Group-ი სარდინიის 1-კვირიან ტურს ამ ზაფხულში 3365 ლარად ყიდდა 1 ადამიანზე 2-ადგილიან ნომერში; კომპანია Sky Travel-ი კი 2450-დან 3170 ლარამდე. 

ჟურნალისტის ხმა: ეს ლისაბონია, პორტუგალიის დედაქალაქი. ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი.

ფინანსთა მინისტრის ცოლი აქ 2023 წლის სექტემბერში მოგზაურობდა. თუმცა ლაშა ხუციშვილის 2024 წლის დეკლარაციაში ამ ხარჯებზე არაფერია ნათქვამი. 

სამინისტროდან მინისტრის წერილობითი პასუხი გამოგვიგზავნეს, რომელშიც მითითებული იყო, რომ ეს მოკლევადიანი ვიზიტები პირადად დაგეგმეს, Wizz Air-ის, Ryanair-ის და Aeroitalia-ს ავიახაზების მეშვეობით და მოგზაურობის ჯამური ხარჯი თითოეულ შემთხვევაში არ აღემატებოდა 5000 ლარს.

ჩვენ ვითხოვდით მინისტრს შესაბამისი მტკიცებულებები გამოეგზავნა – ავიაბილეთებისა და სასტუმროს ღირებულება, თუმცა პასუხები სამინისტროდან ვერ მივიღეთ, ამიტომ ლაშა ხუციშვილთან პირადად გასაუბრებას შევეცადეთ.

ჟურნალისტის შეკითხვა: რატომ არ გვაწვდით ამ დოკუმენტებს? რატომ არ გვაწვდით, ბატონო ლაშა? ესე სიტყვაზე უნდა გენდოთ, რომ 5000 ლარს არ აღემატებოდა ეს ხარჯები? 

გენერალური პროკურორის შერჩვის პროცესი, ალექსანდრე მუყასაშვილი, არქივი: გენერალურ პროკურორად არჩევის შემთხვევაში, რა იქნება თქვენვის 3 პრიორიტეტული მიმართულება, რომელსაც პირველ რიგში განახორციელებთ გენერალური პროკურორის ამპლუაში?

გიორგი გაბიტაშვილი: ერთ-ერთი ჩემი პრიორიტეტი ამ მიმართულებით იქნება თაღლითობის და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა.

ჟურნალისტის ხმა: გიორგი გაბიტაშვილი 18 ივლისს დაინიშნა გენერალურ პროკურორად. სწორედ მისი უწყებაა პასუხისმგებელი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის შესაბამისად ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე.

ეს ფოტო გენერალური პროკურორის ცოლმა ინსტაგრამში გამოაქვეყნა. ფოტოზე ჩანს, რომ მას ხელში Christian Dior-ის ჩანთა უჭირავს, რომლის ფასი ონლაინ სავაჭრო პლატფორმებზე 5000 ლარს ბევრად აღემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ დეკლარირებას ექვემდებარება, თუმცა პროკურორს ეს ხარჯი დეკლარაციაში მითითებული არ აქვს.

გაბიტაშვილის ცოლის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ გასულ წლებში წყვილმა იმოგზაურა დუბაიში, ბარსელონაში, რომში,. შესაბამისი ხარჯები კი ქმრის დეკლარაციებში ასახული არ არის.

გენერალური პროკურატურის პრესსამსახურიდან წერილობით გვიპასუხეს, რომ გიორგი გაბიტაშვილის დეკლარაცია შევსებულია კანონმდებლობის შესაბამისად და სრულად ასახავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ინფორმაციას. მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა პროკურატურის პასუხს, უწყებიდან არ მოგვაწოდეს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანალიტიკოსს ვკითხეთ, თუ რა ბერკეტები არსებობს იმისთვის, რომ გადამოწმდეს თანამდებობის პირის მოგზაურობებზე დახარჯული თანხის რაოდენობა, რათა მუდმივად არ რჩებოდეს ჩინოვნიკების უცხოეთში ვოიაჟების ხარჯები დეკლარაციებს მიღმა.

სანდრო ქევხიშვილი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანალიტიკოსი:

ანტიკორუფციული ბიურო არის ახალი უწყება. მასში გაერთიანდა რამდენიმე ანტიკორუფციული ფუნქცია, რომელიც გაფანტული იყო სხვადასხვა ინსტიტუციებში და მიზანი რა იყო ამ რეფორმის, რომ ამ ინსტიტუციას ამ სხვადასხვა შესაძლებლობის თანხვედრით შესაძლებლობა ექნებოდა, რომ ასეთ რთულ შემთხვევებსაც კი მისდიოს, მაგალითად, თანამდებობის პირის მოგზაურობა, ხომ?! მოსთხოვოს ამ ადამიანებს ჩეკები იქნება, თუ რაღაც დამადასტურებელი საბუთი, რომ სად იყო, რამდენი დახარჯა და ა.შ. მას აქვს ამის უფლება, მათ აქვთ წვდომა ასევე საბანკო ანგარიშებზე. იქ თუ გამოჩნდა, რომ ამა და ამ ადამიანმა დახარჯა ამდენი თანხა ბილეთზე, შემდეგ სასტუმროზე და ეს დეკლარაციაში არ არის ასახული, ისინი ამას დაინახავენ ძალიან მარტივად და შემდეგ შეუძლიათ, რომ მოთხოვონ დამატებითი ინფორმაცია, განმარტებების გაკეთება, ანუ ეს ყველაფერი გაწერილია კანონში, ამის პრობლემა არ არსებობს. ერთადერთი არის პოლიტიკური ნება, რომ იყოს დამოუკიდებელი უწყება, რომელიც აი ამ კანონს მისდევს და თავის ფუნქციას შეასრულებს. დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს საპირისპირო სიტუაცია, როდესაც ყველა თანამდებობის პირი იმით იმართლებს თავს, რომ მე არ დამიხარჯია 5000 ლარზე მეტი და არავინ ამას არ ამოწმებს. იმიტომ რომ ის ინსტიტუცია, ვინც ეს უნდა შეამოწმოს, ის არის პოლიტიკურად დამორჩილებული.

ჟურნალისტის ხმა: 2023 წლის 1 სექტემბრიდან, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი ანტიკორუფციულ ბიუროს ევალება. თუმცა ამის შემდეგ ბიუროს დეკლარაციების შევსების წესის დამრღვევი კონკრეტული თანამდებობის პირების ვინაობა აღარ გაუსაჯაროებია, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა მაშინ, როცა დეკლარაციების მონიტორინგს საჯარო სამსახურის ბიურო ახორციელებდა.

ჟურნალისტის შეკითხვა:  საჯარო სამსახურის ბიუროც აქვეყნებდა მონიტორინგის შედეგებს, კონკრეტულად ვინ დაჯარიმდა, რატომ დაჯარიმდა, რა იყო ამის მიზეზი, ხომ? საფუძველი? ამის შედეგებს თქვენც არ აქვეყნებთ იმისდა მიუხედავად, რომ უფრო გამჭვირვალე ორგანო უნდა ყოფილიყავით და უფრო ეფექტურად მუშაობდეთ.

რაჟდენ კუპრაშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი: წლის ბოლოს ქვეყნდება ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიში.

ჟურნალისტის შეკითხვა: 2023 წლის ხომ ახლა გამოაქვეყნეთ?

რაჟდენ კუპრაშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი: 2023 წელი იყო განსაკუთრებული წელი, როცა ჩემთან გადმოვიდა სექტემბრიდან ეს მანდატი. შესაბამისად სექტემბრამდე არსებული და ნაწარმოები საქმეების ანგარიშიც და მას შემდგომ პერიოდშიც ნაწარმოები საქმეების ანგარიშიც ჩვენს წლიურ ანგარიშში არის ასახული იმ ფორმით და იმ სტანდარტებით რაც მე დავადგინე.

ჟურნალისტის შეკითხვა: სამოგზაურო ხარჯებს ხშირად დეპუტატები არ უთითებენ დეკლარაციაში. თქვენ ფინანსურ ანგარიშებს თხოვთ, ან რა ბერკეტს იყენებთ ამისთვის, რომ შეამოწმოთ?

რაჟდენ კუპრაშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი: ჩვენ ვამოწმებთ ყველაფერს. მონიტორინგის ფარგლებში მოწმდება ყველა საკითხი, აბსოლუტურად ყველა საკითხი და ეს არის კანონით განსაზღვრული და შეგიძლიათ ჩახედოთ კანონს და ნახავთ, მოწმდება ყველაფერი 

დეა ერემაშვილი, “შშმ ქალთა ალიანსის“ თავმჯდომარე: ჩემი ხელფასი არ უნდა იყოს საჯარო, მე არ ვარ საჯარო პერსონა, მე არ ვიღებ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასს. მაგრამ მე, როგორც მოქალაქეს, ძალიანაც მაინტერესებს ზუსტად საჯარო მოხელეები ჩემი გადასახადებით შემდგარი ბიუჯეტით, სად ხარჯავენ ამ ფულს იმიტომ, რომ მე ვარ მათი დამქირავებელი პირი.