“ოცნების” საიდუმლო ქსელი არჩევნების კონტროლისთვის

ჟურნალისტი: სტუდია მონიტორი
Divider dot 8 ნოემბერი 2024

ხმა: მოგესალმებით კაპიტნებო. ძალიან მაგრად მუშაობთ, მადლობა მინდა გითხრათ, რა თქმა უნდა ამისთვის

ჟურნალისტის ხმა: ქართული ოცნების საიდუმლო ქსელი ამომრჩევლის ტოტალური კონტროლისთვის

ფარული გადაღება:

  • ვინც მოვიდა დავაპლუსებდით, მერე გადავცემდით იმ IT-ს და შეყავდა. 
  • სიები ვინ მოგაწოდათ უშუალოდ?
  • შტაბიდან 

ხმა: ამ შემთხვევაში არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვისი მომხრე იყო და ვისი მხარდამჭერი. ყველა უნდა შეგეყვანა. ხო ესე იყო მითითება? 

-კი კი

ბენო გეგეჭკორი ,“ქართული ოცნების” რეგიონული დეპარტამენტის საარჩევნო სამსახურის წარმომადგენელი:

  • ხოდა ტყუილს ამბობენ, ქალბატონო. 

სათაური: “ოცნების საიდუმლო ქსელი არჩევნების კონტროლისთვის”

ჟურნალისტის ხმა: “სტუდია მონიტორმა” მოიპოვა ამომრჩევლის კონტროლის საიდუმლო სქემა, რომელიც 26  ოქტომბრის არჩევნების დღეს “ქართულმა ოცნებამ” აამუშავა. წყარომ მოგვაწოდა ჩუღურეთის რაიონის მონაცემები, საიდანაც ჩანს,  რომ თითოეულ საარჩევნო უბანთან გახსნილი  იყო ქოლცენტრი, რომელიც ქართული ოცნების ოფისებიდან იმართებოდა. 

ჟურნალისტი: აი, აქ არის “ქართული ოცნების” ჩუღურეთის ორგანიზაციის ოფისი.

ჟურნალისტი: როგორც ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ამ დოკუმენტიდან ჩანს, სწორედ ამ ოფისიდან იმართებოდა ჩუღურეთის ოლქში საარჩევნო უბნებთან მოწყობილი “ქართული ოცნების” ე.წ. ქოლ-ცენტრები, საიდანაც უკვე “ქართული ოცნების” ცენტრალურ შტაბს მიეწოდებოდა უბანზე მისული თითოეული ამომრჩევლის შესახებ ზუსტი ინფორმაცია.

ხმა: მეგობრებო, მოგესალმებით კაპიტნებო..ასახვის ნაწილში ძალიან მაგრად მუშაობთ, მადლობა მინდა გითხრათ, რა თქმა უნდა ამისთვის, იმიტომ, რომ არსად დაყოვნება არა გვაქვს.

ჟურნალისტი: ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში, სადაც 41 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, უბნებთან ახლოს, უმეტესად კერძო პირების საცხოვრებელ ბინებში ფუნქციონირებდა 50 ქოლ-ცენტრი. თითოეულ ქოლ-ცენტრში, რომელსაც კაპიტანი ხელმძღვანელობდა, დასაქმებული იყო ტელეფონის 2 და კომპიუტერის 1 ოპერატორი.  

ჟურნალისტი: ჩვენ ახლა შევეცდებით კითხვებზე პასუხები პირველ რიგში ქოლცენტრების ოპერატორებისგან მივიღოთ. 

ხმა: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ნინო  ჩხეიძის  N29-ში, ხელოვნების სკოლის შენობაში ჩუღურეთის ოლქის #6 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. აქედან 400 მეტრში კი, ბუხაიძის #24-ში – “ქართული ოცნების” ქოლცენტრი, სადაც მეზობლად მცხოვრები სალომე რაზმაძე იყო დასაქმებული ტელეფონის ოპერატორად. მას ჩვენ სახლში ფარული კამერით მივაკითხეთ და “ქართული ოცნების” მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებად გავეცანით. 

სალომე რაზმაძე, “ქართული ოცნების” საარჩევნო ქოლ-ცენტრის ოპერატორი (ფარული გადაღება): 

  • თქვენ იყავით ბუხაიძის 24 ნომერში, ქოლ-ცენტრის ოფისში, მარიამ გულბანი იყო თქვენი კაპიტანი, და თქვენ იყავით უბნების ოპერატორი, ხომ ასეა? 
  • კი 
  • რამდენი ადამიანი მუშაობდა უბანზე, ვისთანაც თქვენ გქონდათ კომუნიკაცია?
  • უბანზე ანუ? პასუხისმგებელი პირები? … 7 ადამიანი მარტო მე მყავდა. ჩვენ ხო ვრეკავდით, შესაბამისად ხომ ვრეკავდით, სიაში ხომ გვიწერია ჩვენ ეს ID და ა.შ. ვინც მოვიდა, დავაპლუსებდით, მერე გადავცემდით იმ IT-ს და შეყავდა. 
  • ანაზღაურებასთან დაკავშირებითაც არ ყოფილა პრობლემა, როგორც იყო შეთანხმება 150 ლარი, 
  • კი, კი. ისიც გვითხრეს 100 ხელფასი, 50 ტელეფონზე ჩაირიცხეთ და ნუ რა თქმა უნდა, რომ რაღაც გამოგვეძახა. 
  • გადმორიცხვა ხომ არ მომხდარა? ქეშად იყო ხომ?
  • კი კაპიტანმა მოგვცა.

ხმა: სალომე რაზმაძემ დაადასტურა, რომ მის მოვალეობაში შედიოდა #6 საარჩევნო უბანზე მყოფი “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისგან, ე.წ. პასუხისმგებელი პირებისგან, არჩევნებზე მისული ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციის მიღება, რის შემდეგაც ამ ამომრჩევლის მონაცემებს – სახელს, გვარს და პირად ნომერს გადასცემდა კომპიუტერის ოპერატორს. 

იმ ქოლცენტრში, სადაც ტელეფონის ოპერატორად სალომე რაზმაძე მუშაობდა, კომპიუტერის ოპერატორად არასრულწლოვანი იყო დასაქმებული, ამიტომ მის ვინაობას არ ვასახლებთ. მას ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით, როგორც “ქართული ოცნების” მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელი.

სატელეფონო აუდიო, ფარული ჩანაწერი:

  • პროგრამის სახელი გახსოვს?
  • sheavse.ge იყო წესით, ეგრე მახსოვს. 
  •  შენ რომელი ინფორმაცია შეგყავდა?…
  • …ID-ებს ვწერდით მანდ და ანუ თუ იყო ეგ ადამიანი მისული, მე უკვე ვნიშნავდი მაგას. 
  • ამ შემთხვევაში არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვისი მომხრე იყო და ვისი მხარდამჭერი. ყველა უნდა შეგეყვანა. ხო ესე იყო მითითება? 
  • კი კი, 
  • ყველა მომსვლელი ადამიანი უნდა შეგეყვანათ სიაში? 
  • კი, კი, კი.
  • წინა დღეს გადმოგეცა ქეშად, ხომ ასეა?
  • დიახ, დიახ ეგრე იყო.
  • 150 ლარი, ხომ?
  • დიახ.

ხმა: ჩვენს მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, 39-ე უბანზე მიმაგრებულ ქოლცენტრში, ხუდადოვის 173 ნომერში, კომპიუტერის ოპერატორად მარიამ ქართველიშვილი მუშაობდა. ქართველიშვილმაც დაადასტურა, რომ სპეციალურად შექმნილ პროგრამაში არჩევნებზე მისული, არა მხოლოდ ქართული ოცნების ამომრჩევლების, არამედ ყველა მოქალაქის მონაცემები შეყავდათ. 

მარიამ ქართველიშვილი (სატელეფონო აუდიო, ფარული ჩანაწერი): 

  • მარიამ, გამარჯობა, 
  • გამარჯობა,
  • ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისიდან გირეკავთ, მონიტორინგის სამსახური. 26 ოქტომბრის არჩევნების დღესთან დაკავშირებით, რამდენიმე კითხვა გვაქვს, შიდა მოკვლევას ვატარებთ. თქვენ იყავით ქოლ-ცენტრის ჯგუფის წევრი, ხომ ასეა? 

     –      დიახ,

     –      ჩუღურეთის რაიონში ოცდამეცხრამეტე უბანთან?

     –      დიახ.

     –     ხუდადოვის 173 ნომერში?

    –      დიახ.

    –      თქვენ იყავით კომპიუტერის ოპერატორი, ხომ? 

    –      დიახ 

   –      თქვენი მითითება იყო, რომ შეგეყვანათ ყველა მისული ადამიანი არჩევნებზე,      თქვენს უბანში მისული ყველა ადამიანი ხომ ასეა? 

   –      კი, ჩვენს უბანში მისული ყველა 

   –     განურჩევლად იმისი ვისი მხარდამჭერი იყო?

   –    არა, ხო, არა, მხარდამჭერი და ასეთი არა. უბრალოდ მივიდა თუ არა  არჩევნებზე, ეს უნდა შეგვეყვანა, დაფიქსირებული ყოფილიყო, თორე კონკრეტულად რომელი პარტია-ეს არაფერი არ იყო მითითებაში

ხმა: კომპიუტერის ოპერატორს ამომრჩევლებზე მოპოვებული პერსონალური მონაცემები, ელექტრონულ ბაზაში, sheavse.ge-ზე შეჰქონდა. საიტზე წვდომა მხოლოდ ქოლცენტრების კომპიუტერებიდან, კონკრეტული IP მისამართებიდან იყო შესაძლებელი. 

მზია ბალანჩივაძე  (სატელეფონო აუდიო, ფარული ჩანაწერი): 

  • ჩვენ როგორ ვშვებოდით იცი? 2 პიროვნება ზარებზე ხო პასუხობდა ხოდა ერთი და იგივე სახელს და გვარს რო აწვდიდნენ, რო შევდიოდით ის რო აღნიშნული გვქონდა ის გვაძლებდა იმის მონაცემებს რო ეს პიროევნება უკვე აღნიშნული იყო. მერე ვამოწმებდით და ერთი და იგივე გვარი და სახელი იყო მერე ვამოწმებდით აუცილებლად წლოვანებას დაბადების თარიღს, ხომ უნდა გვცოდნოდა რომელ პიროვნებაზე იყო საუბარი
  • თქვენ უბნიდან გაწვდიდნენ დაბადების თარიღს?
  • ი კი,  აბა რა, ბევრი რომ ამოგვივიდა მერე, იმ წუთში რეკავდა ის გოგონა, ანი და ამოწმებდა, რომ აქ ამოგვიყარა ერთი და იგივე გვარი და სახელი და დაგვიზუსტეთ რომელი წლის არის, რომელ წელშია დაბადებული ესა თუ ის პიროვნება. და ასე ლწოვანებით გვაქვს მითითებული
  • პროგრამაში?
  • ხო, პროგრამაშიც და ისეც. 
  • თქვენ რომელ პროგრამაში მუშაობდით?
  • ეგრე არ მახსოვს
  • sheavse.ge იყო ხომ?
  • ხო, ხო

ხმა: ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობის პერიოდში ჩვენ “ქართული ოცნების” საარჩევნო ქოლცენტრების სქემაში ჩართულ 20-ზე მეტ პირს ვესაუბრეთ და მივიღეთ არაერთი დადასტურება, რომ არჩევნების დღეს, “ქართული ოცნების” პარტიული აქტივისტებისა და ჩუღურეთის გამგეობის თანამშრომლების სახლებში იყო მოწყობილი ქოლ-ცენტრები.

თბილისის 96-ე ბაგა-ბაღში, რომელიც ნინო ჩხეიძის N13-ში მდებარეობს, 26 ოქტომბერს 3 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა. უბნის მიმდებარედ, ჩხეიძის 26-ში კი “ქართული ოცნების” 2 ქოლ-ცენტრი იყო გახსნილი. გავარკვიეთ, რომ სახლი, სადაც მმართველი პარტიის 2 ქოლცენტრი ფუნქციონირებდა, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომელსა და “ქართული ოცნების” კოორდინატორს – მარინა მასხარაშვილს ეკუთვნოდა, მარინა მასხარაშვილი ჩუღურეთში მე-4 უბანზე დამკვირვებლის სტატუსითაც იმყოფებოდა. მისი შვილი – ქეთევან დევიძე კი, მის სახლში გახსნილი ქოლცენტრის კაპიტანი იყო.

მარინა მასხარაშვილის სახლში ქოლ-ცენტრის არსებობა ქოლ-ცენტრის კომპიუტერის ოპერატორმა დაგვიდასტურა. ბარბარე მაისურაძეს ჩვენ “ქართული ოცნების” მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებად გავეცანით და მასთან საუბარი ფარულად გადავიღეთ.

ბარბარე მაისურაძე, “ქართული ოცნების” ქოლ-ცენტრის ოპერატორი:

  • რამდენიმე კითხვა გვაქვს 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, თქვენ ჩხეიძის 26-ში მუშაობდით, ხომ ასეა? 
  • დიახ. 
  • თქვენ იყავით კომპიუტერის ოპერატორის თანამდებობაზე
  • დიახ…კარგი კაპიტანი გვყავდა
  • თანხა უშუალოდ კაპიტანმა მოგიტანათ?
  • დიახ

ჟურნალისტი: ქოლ-ცენტრების ოპერატორებისგან ინფორმაციის დადასტურების შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ კაპიტნებისა და ბინის მეპატრონეებისთვის  დაგვესვა კითხვები. ისინი მალევე გააფრთხილეს, რომ უცხო პირები მათთან ქოლცენტრების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით რეკავდნენ. ამიტომაც ისინი ჩვენს კითხვებს აღარ გვპასუხობდნენ. შესაბამისად, ჩვენც ტაქტიკა შევცვალეთ და მათ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებად გავეცანით.

მარინა მასხარაშვილი, ჩუღურეთის გამგეობის თანამშრომელი (ფარული აუდიო ჩანაწერი)

  • გამარჯობა ქალბატონ მარინას ვესაუბრები ხომ?
  • დიახ.
  • ქალბატონო მარინა, მე სწრაფად გეტყვით, რაც უნდა გითხრათ, უსაფრთხოების სამსახურიდან გირეკავთ და გაფრთხილებთ, რომ ვიღაც ქალბატონი რეკავს, სავარაუდოდ, ვიღაც პროვოკატორია და არავის არ დაუდასტუროთ ინფორმაცია ქოლცენტრების არსებობის შესახებ თქვენს სახლში.
  • დიახ, დიახ, დიახ. 
  • თუ ვინმემ დარეკა.
  • დიახ.
  • ძალიან გთხოვთ მაგის ნომერი ჩამიგდეთ მე. 
  • აუცილებლად.
  • ასევე საკომუნიკაციო საშუალება, რომელიც დაგრჩათ – ჩათი, თუ სხვა რამე, იქაც გააგზავნეთ.
  • გასაგებია.
  • არავის არ დაუდასტუროთ.
  • გასაგებია. 

ჟურნალისტის ხმა: მას შემდეგ, რაც მარინა მასხარაშვილმა არ უარყო, რომ მის სახლში “ქართული ოცნების” ქოლ-ცენტრი ფუნქციონირებდა, მას უკვე როგორც ჟურნალისტმა, ისე მივაკითხეთ.

  • თქვენს სახლში 26 ოქტომბერს იყო ქოლ-ცენტრი და თქვენ იყავით მე-4 და მე-5 უბნებზე ასევე. 
  • ქოლ-ცენტრი რა არის?
  • ჩვენ გვაქვს სია, რომ ჩუღურეთის რაიონში უბნებიდან გადასცემდნენ ამომრჩევლების პირად ინფორმაციას. და თქვენ იყავით უბანზე – მეოთხე და მეხუთე უბანზე.
  • ძალიან დიდი ბოდიში, შეცდომაში ხართ შეყვანილი, არავითარი ქოლცენტრი, არავითარი მსგავსი არაფერი, ზოგადად კი ვარ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი.
  • გამგეობაში მუშაობთ ხომ?
  • რასაკვირველია და ხომ მაქვს უფლება, რომ ვმუშაობდე გამგეობაში და ამავე დროს ვიყო  “ქართული ოცნების” წარმომადგენელი და მხარდამჭერი?.. არავითარი ქოლცენტრი არ ყოფილა.
  • პირადი მონაცემების დამუშავება გადმოცემა არ ხდებოდა თქვენთან?
  • არა არ ყოფილა მსგავსი არაფერი.
  • ქეთი დევიძე თქვენი შვილია?
  • ქეთი დევიძე კი ჩემი შვილია. 
  • ქეთი დევიძე, ქოლცენტრი რომელიც ამ სახლში იყო განთავსებული, არ იყო ქოლცენტრის კაპიტანი?
  • შემიძლია ერთი რამე გითხრათ, შეიძლება ხომ?! თქვენ პირადად არცერთს არ გაყენებთ შეურაცხყოფას, ძალიან შეცდომაში ხართ შეყვანილი, მეცოდებით რა, ვინც დაგავალათ ეს რაღაცები მოიკვლიოთ მართლა. “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა ღირსეულად და მოდი შევირგოთ ეს გამარჯვება.

ჟურნალისტის ხმა: მე-10 ბაგა-ბაღში განთავსებული, 41-ე უბნის ქოლცენტრს, რომელიც გუმათის პირველ ნომერში მდებარეობდა, მარიამ თათარაშვილი ხელმძღვანელობდა.

ახლა ვრეკავთ მარიამ თათარაშვილთან, რომელიც იყო ჩუღურეთის #41 უბანზე მიმაგრებული ქოლცენტრის კაპიტანი.

მარიამ თათარაშვილი, “ქართული ოცნების” ქოლ-ცენტრის კაპიტანი:

  •  მარიამ, მოგესალმებით, 
  • დიახ,
  • პარტიის ცენტრალური ოფისიდან გიკავშირდებით გიორგის დავალებით, კაპიტნებს გვინდა გამოვკითხოთ ქოლცენტრების პლიუსებზე და მინუსებზე
  • უკაცრავად რა კაპიტნებზე საუბრობთ?… არ ვიცი არაფერში არ მიმიღია მონაწილეობა…. ოქტომბერს ხმა მივეცი და ქალაქი დავტოვე და ფიზიკურად ვერ ვიქნებოდი ვერსად უბანზე

ჟურნალისტის ხმა: რამდენიმე წუთში მარიამთან როგორც უსაფთხოების თანამშრომლებმა ისე დავრეკეთ.

  • მარიამ მოგესალმები, მე უსაფრთხოების სამსახურიდან გირეკავთ და სწრაფად გეტყვი და ძალიან გთხოვთ, ყურადღებით მომისმინეთ, როგორც გავიგეთ, რეკავენ და თუ ვინმემ დაგირეკათ ქოლცენტრების შესახებ, არ დაუდასტურო. გესმით, მარიამ?
  • დიახ, დიახ.  
  • მარიამ თქვენ დაგირეკეს?
  • დიახ, დამირეკეს.
  • თქვენ ადრეც ხომ გაფრთხილებული იყავით, რომ არ გეთქვათ ქოლცენტრების შესახებ. 
  • დიახ, არაფერი არ მაქვს ნათქვამი.
  • კარგით, კი, ბატონო და სხვა დროს რომ დაგვჭირდეს, ითანამშრომლებთ, ალბათ, ჩვენთან, ხომ?
  • თუ ასე ვიღაცებმა უნდა მირეკონ და რაღაცები უნდა არკვიონ, არა. მაგაზე მინდოდა მეთქვა, სხვათაშორის, ის ჩათი, რაც იყო გაკეთებული, იქ გაზიარდა მთლიანი ფაილი, სადაც იყო ყველანაირი მონაცემი, მათ შორის ჩვენი პირადი ნომრები, ამაზე პასუხს ვინ აგებს, რომ ჩვენი პირადი ინფორმაცია რომ არის გავრცელებული?!

ჟურნალისტის ხმა: ამის შემდეგ მარიამ თათარაშვილს, რომლის ხელმძღვანელობით ასობით ამომრჩევლის პირადი მონაცემები გროვდებოდა და გადაიცემოდა, სახლში მივაკითხეთ, როგორც ჟურნალისტებმა.

  • მარიამ სხვის პირად მონაცემებს რომ ამუშავებდით, არ ფიქრობთ, რომ ეს კანონდარღვევაა?
  • არ მქონია მე არავის პირადი მონაცემი, მე ქალაქიდან ვიყავი გასული. 
  • ეს ხომ თქვენი ხმა?
  • კი, ჩემი ხმა კი არის.
  • სადაც ადასტურებთ, რომ იყავით. 
  • მოტყუებით მიიღეთ რაღაც ინფორმაცია, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. 

ჟურნალისტის ხმა: ჟურნალისტური გამოძიების პროცესში, ჩვენ ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული პირების სიაში, არა მხოლოდ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები, არამედ კომისიის თავმჯდომარეც აღმოვაჩინეთ. 

ჩუღურეთის მე-7 უბნის ქოლცენტრი ჩიქობავას 8 ნომერში იმ ბინაში იყო გახსნილი, სადაც  ჩუღურეთის მე-3 უბნის კომისიის თავმჯდომარე, ლელა ქართველიშვილია დარეგისტრირებული.

ამ მისამართზე ქოლცენტრის მუშაობა მობილური ოპერატორის თანამშრომელმა ანა სხირტლაძემ დაგვიდასტურა.

ფარული აუდიო ჩანაწერი:

  • თქვენ იყავით მე-7 უბნის ქოლცენტრში მობილურის ოპერატორი
  • კი ბატონო, მაგრამ ვის დაქვემდებარებაში ბრძანდებით?
  • ჩიქობავას 8 ნომერში მდებარეობდა ეს ოფისი ხომ ასეა?
  • ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით, ძალიან დიდი ბოდიში
  • ჩიქობავას 8 ნომერში მდებარეობდა, თქვენი კაპიტანი იყო ნინო მამამთარვრიშვილი…
  • ხო მაგრამ, იცით რა არის დაწვრილებით ინფორმაციას ამაზე ვერაფერს ვერ გიპასუხებთ.

ლელა ქართველიშვილი ჩუღურეთის მე-3 უბნის კომისიის თავმჯდომარე:

  •  ჩვენ გვაქვს სია, რომლის მიხედვითაც თქვენ საცხოვრებელ სახლში, ჩიქობავას 8 ნომერში 26 ოქტომბერს ფუნქციონირებდა “ქართული ოცნების” ქოლცენტრი.
  • შემდეგ?
  • დასტურებთ ამ ინფორმაციას?
  • არა
  • თქვენ კომისიის თავმჯდომარე იყავით.. 
  • სამსახურში ვარ
  • ოლქის მიერ დანიშნული კომისიის თავმჯდომარე ბრძანდებოდით ბინის დათმობა ინტერესთა კონფლიქტი არ იყო თქვენთვის?

(თიშავს ტელეფონს)

ჟურნალისტის ხმა: ქოლ-ცენტრებიდან მოწოდებული ინფორმაციისა და არჩევნების დღეს გადაღებული ვიდეოების შესწავლის შედეგად, გამოიკვეთა შემდეგი: ამომრჩევლის მასობრივი კონტროლი და აღრიცხვა საარჩევნო უბნებიდან იწყებოდა. დამკვირვებლად გაფორმებული ე.წ. პასუხიმგებელი პირები ხმის მისაცემად მისული მოქალაქეების შესახებ მონაცემებს ქოლცენტრების ჯგუფებს უწყვეტ რეჟიმში გადასცემდნენ. 

ფარული აუდიო ჩანაწერი:

  • რა მონაცემებს ხედავდით თქვენ, როდესაც შეგყავდათ ინფორმაცია?
  • მხოლოდ სახელს, გვარს, უნიკალურ კოდს და ვინ იყო პასუხისმგებელი პირი მაგ ადამიანზე.
  • თქვენს უბანზე პასუხისმგებელი პირი ვინ იყო?
  • თათული ხვედელიძე.

ჟურნალისტის ხმა: თათული ხვედელიძე ჩუღურეთის 23-ე საარჩევნო უბანზე დედასთან, ეკა შეყილაძესთან ერთად დამკვირვებლად იყო რეგისტრირებული. შეყილაძე ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომელია. ვიდეოში ჩანს, რომ იგი სხვა დამკვირვებელს ხელს უშლიდა, ამომრჩევლების იდენტიფიცირების პროცესს დაკვირვებოდა.  

თათული ხვედელიძე, “ქართული ოცნების” პასუხისმგებელი პირი ჩუღურეთის ოლქის #23 საარჩევნო უბანზე:

  • ქოლცენტრის ჯგუფის ცენტრმა დაგვიდასტურა, რომ თქვენ მთელი დღის განმავლობაში უბანზე მისული ამომრჩევლების მონაცემებს იწერდით და მთელი დღის განამვლობაში გადასცემდით ქოლცენტრის ჯგუფს, უკანონო საქმიანობაში იყავით ჩართული, უკანონო ქსელში, რატომ?
  • რომელ ქსელში?
  • თქვენ ხართ “ქართული ოცნებასთან” დაახლოებული, თქვენი ოჯახი არის “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული, დედათქვენი მუშაობს გამგეობაში და თქვენ ხართ რიმა ბერაძის ოჯახის ახლობლები. რიმა ბერაძის მითითებით იყავით ჩართული ამ უკანონო საქმიანობაში?
  • შენ თვითონ მაგ ლაპარაკის გჯერა, რასაც საუბრობ?
  • კი, მტკიცებულებები გვაქვს.
  • მართლა?
  • იდექით თუ არა მთელი დღის განმავლობაში 23-ე უბანზე?
  • რა ქოლცენტრებზე მესაუბრები, არ გრცხვენიათ? რაღაც ტყუილები გაქვს მოტანილი და მახვევ თავზე
  • რიმა ბერაძის დავალებით აკეთებდით ამას?
  • ვაიმეე

ჟურნალისტის ხმა: საარჩოვნო უბნებზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვას სისტემური ხასიათი ჰქონდა და ამას ადასტურებს არაერთი ვიდეომასალა, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნების დღეს გადაიღეს.

ვიდეო სოციალური ქსელიდან:

  • დამნაშავე ხარ, სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადიხარ.
  • დამიჭირეთ.
  • ე რატომ უნდა დაგიჭირო, გადაგცემთ, ვინც უნდა დაგიჭიროთ იმას. 

დანაშაულს ჩადიხარ სისხლის სამართლის, გააძევეთ ახლა ეს ქალბატონი უბნიდან. დავწეროთ საჩივარი სასწრაფოდ.

  • პწიჩკავდა აგერ, ვინ მოვიდა და ვინ არა. თან თავის ნახე, როგორ აქვს თავის მისამართებით, პასუხისმეგებელი პირებით. 

ჟურნალისტის ხმა: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED ) წლებია არჩევნებს აკვირდება და სხვადასხვა ქვეყნებში არჩევნების გაყალბების სქემებს სწავლობს.

ნინო დოლიძე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელი

ლოგიკურად ასე არის – ერთი რომ მოიყვანო შენი ამომრჩეველი, და მეორე – იცოდე, რა ხდება უბანზე შედეგებთან დაკავშირებით. ეს შესაძლოა გამოიყენო, მათ შორის, დამატებით არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებისთვის, ვთქვათ, თუკი სადმე გაკლია ხალხი, დამატებით მობილიზებისთვის, რომ ვიღაც არ მოსულა ან სხვა ტიპის მანიპულაციებისთვისა და სქემებისთვის, რომელიც ვიხილეთ, ხო? ჩვენ გვქონდა შემთხვევები მრავალჯერადი ხმის მიცემის, გვქონდა, მაგალითად, სხვის ნაცვლად ხმის მიცემის შემთხვევები, მარკირებები როდესაც არ მოწმდებოდა და არ კეთდებოდა, რაც კარუსელის ინდიკაცია შეიძლება იყოს, ამიტომ ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ დამატებითი მექანიზმების ამიშავებისთვის, რომ, ვთქვათ, შედეგები ყოფილიყო ისეთი, როგორიც იყო მათთვის სასურველი

ჟურნალისტი:  ჩვენ გავარკვიეთ, რომ ქოლცენტრების თანამშრომლები წინასწარ იყვნენ გადამზადებულები მმართველი პარტიის მიერ. მათ ხელმძღვანელობდნენ ე.წ. კაპიტნები. ქოლცენტრები უმეტესად გახსნილი იყო  ჩუღურეთის გამგეობის თანამშრომლებისა და  “ქართული ოცნების” აქტივისტების სახლებში, ან საჯარო დაწესებულებებში, საარჩევნო უბნებთან ახლოს, – დაახლოებით 200-250 მეტრის დაშორებით. 

ჟურნალისტი:: ასევე გავარკვიეთ, რომ თითო საარჩევნო უბანზე ერთი ან ორი ქოლცენტრი იყო მიმაგრებული. ქოლცენტრის ოპერატორებს არჩევნების წინა დღეს ნაღდი ფულით 150 ლარი გადაუხადეს. ქოლცენტრების თანამშრომლები პირდაპირ კავშირზე იყვნენ საარჩევნო უაბანზე მყოფ პასუხისმგებელ პირებთან, რომლებიც მათ უკლებლივ ყველა ამომრჩევლის პერსონალურ მონაცემებს გადასცემდნენ.

ჟურნალისტი: შემდეგ ეს პერსონალური მონაცემები შეყავდათ სპეციალურად არჩევნებისთვის შექმნილ პორტალზე – “sheavse.ge”. პორტალი მონაცემებს თავს უყრიდა მთელი საქართველოს მასშტაბით და ამ მონაცემებზე წვდომა “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს ჰქონდა.

ჟურნალისტი:: ეს სქემა რომ მხოლოდ თბილისში არ მუშაობდა, ამის მტკიცებულებაც მოვიპოვეთ. მაგალითად, ეს ფაქტი ახმეტაში ანალოგიური ქოლცენტრის ბინის მესაკუთრემ დაგვიდასტურა.

ნატო დათუკიშვილი, ახმეტაში ქოლ-ცენტრის სახლის მესაკუთრე

  • გამარჯობა, ნატო დათუკიშვილს ვესაუბრები?
  • დიახ.
  • ხომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა?
  • კარგად იყო ყველაფერი, განსაკუთრებით უბანზე ვიყავი ხშირად. 
  • კონკრეტულად რა უფლება-მოვალეობა გქონდათ?
  • აგიტატორი ვიყავი თან
  • თქვენ ინფორმაციას აწვდიდით? რამე ხომ არ გიშლიდათ ხელს?
  • არა ჩემს სახლში იყო, ჩემი მეგობრები იყვნენ, მაგრამ მე ჩემი საქმით ვიყავი დაკავებული უბანზე ვიყავი, არაფერი ხელს არ უშლიდა ამათ. 

ჟურნალისტის ხმა: ჩვენ მოვიპოვეთ აუდიოჩანაწერი, რომელიც ადასტურებს რომ ქოლცენტრები “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბიდან იმართებოდა.

ბენო გეგეჭკორი, “ქართული ოცნების” რეგიონული დეპარტამენტის საარჩევნო სამსახურის წარმომადგენელი (აუდიო)

მოკლედ, ეს მესიჯი, რასაც ახლა ჩავაგდებ, გთხოვთ, რომ ჩაუშვათ ყველა ჩატებში, რასაც ეხლა ჩავაგდებ, აი, ეს ვოისი გადააგდოთ პირდაპირ ჩატებში: მეგობრებო, მოგესალმებით კაპიტნებო, ვხედავთ შემდეგი სახის პრობლემას, რომ პასუხისმგებელი პირებიდან ინფორმაციის მოწოდება გვაქვს შენელებული. ასახვის ნაწილში ძალიან მაგრად მუშაობთ, მადლობა მინდა გითხრათ, რა თქმა უნდა ამისთვის, იმიტომ, რომ არსად დაყოვნება არა გვაქვს. ახლა მინდა, რომ 10 წუთში კიდევ ერთხელ ყველა პასუხისმგებელ პირს დაურეკოთ და აუხსნათ შემდეგი რამე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თავიანთი სიიდან ადამიანების მიყვანის შესახებ ინფორმაცია გვითხრან იმიტომ, რომ ვართ ძალიან ბრმად – დაახლოებით 30%-ანი ჩამორჩენა გვაქვს. ამ ინფორმაციის გარეშე რეაგირება შეიძლება დავაგვიანოთ და დავიღუპოთ, შეცდომა შეიძლება დავუშვათ და ამისათვის გვჭირდება, რომ თითოეულმა მათგანმა მაღალი პასუხისმგებლობით მოგვაწოდოს ინფორმაცია… თითოეულ პასუხისმგებელ პირს აუხსენით, რომ მნიშვნელოვანია მათი მოწოდებული ინფორმაცია ყოველ საათში ერთხელ კი არა მუმდმივ რეჟიმში, ამიტომ გთხოვთ.

ჟურნალისტი: პირი, რომელიც კაპიტნებისთვის ამ აუდიო მიმართვის გავრცელებას ითხოვს, ბენო გეგეჭკორია – “ქართული ოცნების” რეგიონული დეპარტამენტის საარჩევნო სამსახურის წარმომადგენელი.

მეორე აუდიო ჩანაწერში კი, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ ის ქოლცენტრების დაფინანსებაზე საუბრობს.

ბენო გეგეჭკორი:

  • “სტუდია მონიტორიდან “გირეკავთ რამდენიმე კითხვა გვაქვს თქვენთან
  • კი, ბატონო.
  • ჩვენ გვაქვს თქვენი აუდიო მესიჯები, რომლითაც მიმართეთ  ქოლ-ცენტრების კაპიტნებს, თქვენ არჩევნების დღეს ორგანიზებას უკეთებდით და ეს ქოლ ცენტრები უკანონოდ ახდენდა ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას. 
  • უკანონოდ რას ახდენდა, უკაცრავად?
  • პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
  • რომლის?
  • როგორც ვიცით, ისინი ინიშნავდნენ პერსონალურ მონაცემებს უბანზე მისული ყველა ამომრჩევლის. 
  • ვის პერსონალურ მონაცემებს გადმომცემდნენ?
  • ამომრჩევლის, ყველაზე ვინც მიდიოდა.
  • თქვენ ამბობთ ტყუილს, ყველასი არა, არასწორ ინფორმაციას ამბობთ. გადამოწმებული გაქვთ ეს ინფრომაცია?
  • რა თქმა უნდა.
  • არასწორი ინფორმაცია მოგაწოდეს…ჩვენ ვახდენდით ჩვენი მხარდამჭერების მიყვანის აღრიცხვას, ვერსად ვერც ერთი ქვექნის კანონმდებლობაში, ვერც საქართველოს კანონმდებლობაში საარჩევნო, სისხლის სამართლის და პერსონალური მონაცემებით დამთავრებული ვერსად ვერ მაჩვენებთ უკანონობას. როდესაც საკუთარი ამომრჩევლების მობილიზებას ვახდენთ. 
  •  sheavse.ge-ზე, რომელსაც ავსებდნენ ეს ადამიანები, ისინი გვიდასტურებენ რომ არა მარტო “ქართული ოცნების”  ამომრჩეველი შეყავდთ, არამედ ყველა ამომრჩველი
  • ხოდა ტყუილს ამბობენ, ქალბატონო. 
  • ის ადამიანები, ვინც თქვენ დაიქირავეთ

ჟურნალისტი: როგორც ხედავთ, ბენო გეგეჭკორმა არ უპასუხა ჩვენს შეკითხვას,  თუ როგორ დაარიგა მმართველმა პარტიამ ნაღდი ფულის სახით ქოლცენტრის თანამშრომლების ხელფასები. ჩვენ მეტი დეტალის გარკვევას “ქართული ოცნების” კიდევ ერთ წარმომადგენელთან, რიმა ბერაძესთან შევეცდებით, რომელიც სწორედ ჩუღურეთის პარტიულ შტაბს ხელმძღვანელობს.

რიმა ბერაძე, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსი ჩუღურეთში

  • ქალბატონო რიმა, თქვენ გყავდათ კაპიტნები, შეგვიძლია სახელები და გვარები დაგისახელოთ. კაპიტნებს ასევე ყავდათ ქოლ ცენტრში ოპერატორები – სატელეფონო და კომპიტერის, რომლებსაც მონაცემები შეყავდათ შეავსე.ჯიზე. 
  • არა გაქვთ თქვენ, რომელი ტელევიზია ხართ?
  • “სტუდია მონიტორი”
  • არა, არა გაქვთ სწორი ინფორმაცია გენაცვალე. საარჩევნო შტაბში იყო მხოლოდ ერთადერთი ქოლცენტრი. ჩემთან, ჩიტაიას 3 ში. 
  • ჩვენ დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს, ვესაუბრეთ თანამშრომლებს, ყველამ დაადასტურა და ქეშად აიღეს თანხა.
  • არა, არა, არასწორია. ეს არის მორიგი ტყუილი. 

ჟურნალისტის ხმა: ამომრჩეველთა კონტროლისა და მათი პერსონალური მონაცემების შეგროვება-დამუშავების იმ სქემაზე, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოიყენა ქოლცენტრების ქსელით, ჩვენ შეკითხვებით ცესკოს მივმართეთ.

ნათია იოსელიანი, ცესკოს სპიკერი:

  • ჩვენ 45 მუხლში პირდაპირ გვიწერია რომ დაუშვებელია კენჭისყის შენობიდან და კენჭისრის შენობაში და შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლების გადაადგილების შეზღუდვა. შეფერხება, დაუშვებელია მათი აღრიცხვა, ხალხის შეკრება და ასე შემდეგ. თუ თქვენ ფლობთ რაიმე ფაქტებს სისხლის სამართლის დანაშაულზე და მტკიცებულებებს მიმართეთ შესაბამის უწყებებს. 
  • თითქმის ყველა უბანზე არსებობდნენ ეს ადამიანები, უბნებთან ახლოს იყო ოფისები, კონკრეტული აიპი მისამართებიდან შეავსე ჯიზე შეყავდათ ეს გვაინტერესებს.
  • ვერაფერს ვერ გეტყვით, რაც ვრცელდებოდა ტელევიზიით და სოციალურ ქსელებში ეს ნანახი გვაქვს, ჩვენთვის ეს ფაქტები არ ნიშნავს არაფერს. სანამ არ ჩაერთვება შესაბამისი უწყებები და არ მოხდება დადგენა კონკრეტული დანაშაულის. კონკრეტული დამადასტურებელი ფაქტების წარმოდგნა თქვენი იქნება თუ სხვა ორგანიზაციებისგან. 

ჟურნალისტის ხმა: ცესკოს წინასწარი მონაცემებით, “ქართულმა ოცნებამ” 1,112,011 ხმა მიიღო, ანუ ამომრჩეველთა 53.93%. არჩევნების მასშტაბურ გაყალბებაზე საუბრობენ ოპოზიციაში, დამკვირვებელ არასამთავრობო ორგანიზაციებში და შესაბამისად, ამ არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ.    

ბესიკ დონაძე, “კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენელი:

გაიშიფრა სქემა, რომლითაც მოქმედებდა “ქართული ოცნება”. ეს არის ამომარჩეველთა კონტროლის საიდუმლო ცენტრები. ანუ სრულად ყველა ამომრჩეველი, არა მარტო ქართული ოცნების, არამედ ყველა ამომრჩეველი, რომელიც არჩევნებზე მივიდა, ყველა ამომრჩეველი ყველა იყო გაკონტროლებული, ყველას შესახებ იყო ინფორმაცია… 

ანუ ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში ქართული ოცნება უყურებს ამომრჩევლის გადაადგილებას, ვინ მივიდა არჩევნებზე. ეს უკვე არის ამომრჩევლის კონტროლი და რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული. და ამაზე აუცილებლად დაისჯებიან, ხოლო რაც შეეხება შემდეგ, – როდესაც ქართულმა ოცნებამ იცის, ვინ მიდის არჩევნებზე და ვინ არ მიდის, შესაბამისად, ძალიან მარტივია მიხვდე, რომ ვინც არ მიდის არჩევნებზე, გამოიყენონ მისი პირადი პერსონალური მონაცემები… ამ პირადი ნომრებით დაატრიალეს ე.წ. ტექნოლოგიური კარუსელი. შესაბამისად, ეს არის კანონდარღვევა და ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, როდესაც ერთმა კონკრეტულმა პარტიამ მიიტაცა ძალაუფლება.

სანდრო ბარამიძე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი:

ზოგადად, ეს იყო რამდენიმე მეთოდის და მრავალი მეთოდის კომბინაცია, ასე ვთქვათ: ან აკონტროლებდნენ პირს, რომ მისულიყო და მიეცა ხმა, და მერე ამოწმებდნენ მართლა მისცა თუ არა ხმა, ან თუ ის არ მივიდოდა, ან წინასწარ იცოდნენ რომ ვიღაცა არ მივიდოდა, მაშინ თავიანთი აგენტების მეშვეობით, აი, არ მისული ხალხის პირადობის მოწმობის, და მითუმეტეს ჩამორთმეული პირადი ნომრის და ასევე ჩამორთმეული პირადობის მოწმობის მეშვეობით, ასევე, ასე ვთქვათ, მიდიოდა ქართული ოცნების ყულაბაში. ეს ხო, ეს არი მასობრივი სქემა არჩევნების გაყალბების. 

ჟურნალისტის ხმა: ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით არჩევნებზე სხვისი პირადი ნომრებით ხმის მიცემის ფაქტები არ დადასტურებულა

ხმა ვიდეოდან: 

  • ასე შეიძლება? ასე შეიძლება?
  • ვისი პასპორტით ხართ, ბატონო, მოსული? 

ჟურნალისტის ხმა: მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანზე “სტუდია მონიტორმა” არჩევნების დღეს გაყალბების მცდელობის არაერთი ფაქტი გადაიღო.

  • უკაცრავად პასპორტით, რატომ ვერ მიეცით ხმა?
  • მობრძანდით, გამოდით
  • მობილურს გაუშვით ხელი  

ჟურნალისტის ხმა: მოქალაქე, რომელიც ვიდეოში ჩანს, ხმის მიცემას პასპორტში ჩაკრული სხვისი პირადი ნომრით გეგმავდა. მას შემდეგ, რაც სტუდია მონიტორმა ეს ფაქტი კამერაზე აღბეჭდა, მან საარჩევნო უბანი დატოვა. 

უბანზე მყოფმა “ხმის გუშაგის” დამკვირვებელმა ინტერვიუში დაგვიდასტურა, რომ ყველაზე ხშირად სწორედ ამ ტიპის დარღვევას აფიქსირებდა.

ევა სადიკოვა, “ხმის გუშაგის” დამკვირვებელი: 

  • ყველაზე მეტი დარღვევა, რომელსაც ხშირი და განმეორებითი ხასიათი აქვს, ეს არის, რომ ერთი და იგივე მოქალაქე შემოდის სხვადასხვა ხალხის პასპორტებით და როცა თანამშრომელი ცესკოს ეუბნება, რომ ეს თქვენ არ ხართ. პასპორტის სხვა ფურცელს ანახებს პასპორტის ფურცელი, გვერდი არ არის, პასპორტში პატარა ფურცლებია 
  • თქვენ არ გინახავთ რა წერია ზედ?
  • კოდი წერია, ნომრებია, მარა რისი მანიშნებელია და რა ნომერია, არ ვიცი  და როცა შეუძლიათ იგივე ხალხი, რომელიც უკვე გავიდა შენიშვნის გამო, მეორედ შემოდის “41”-ის დამკვირვებელთან ერთად .

ჟურნალისტის ხმა: “ხმის გუშაგის” დამკვირვებელი ლაშა ბურნაძეზე საუბრობს. იგი საარჩევნო უბანზე “საქართველოს ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტუტის” დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. ბურნაძემ არ დაგვიმალა, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერია.

ჩვენმა კამერამ დააფიქსირა, როგორ გადასცა მან პასპორტები საარჩევნო უბანზე მისულ რამდენიმე ამომრჩეველს. 

ლაშა ბურნაძე, “საქართველოს ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტუტის” დამკვირვებელი:

  • თქვენ, როგორც დამკვირვებელი ისე ხართ უბანზე, მაგრამ დავაფიქსირეთ, რომ პასპორტს გადასცემთ გარეთ ადამიანს.
  • მერე? რატო არ შეამოწმეს მერე? ეს სპეციალურად გადავეცი პასპორტი, რომ შეემოწმებინათ
  • სპეციალურად გადაეცით და არიგებთ გარეთ პასპორტებს?
  • რაის პასპორტი გადავეცი, მანახეთ, აბა, სად ხედავთ პასპორტი? რა პასპორტი გადავეცი, ბავშმა ფული მომცა, მშია
  • გარკვევით ჩანს ამ კადრებში, როგორ გადასცემთ პასპორტს
  • აბა, სად არის მანდ პასპორტი?
  • პასპორტია, ბატონო, ვერ ხედავთ?

ჟურნალისტის ხმა: გაყალბების ერთ-ერთი პრევენცია საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლის მარკირებაზე შემოწმებაა. თუმცა “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტებმა სხვადასხვა ქალაქში აღმოაჩინეს, რომ არჩევნების დღეს კომისიის წევრები ამომრჩეველს მარკირებაზე სათანადოდ არ ამოწმებდნენ.

  • მარკირებას ერთ ხელზე ამოწმებთ ხოლმე?
  • არა, ერთ ხელზე არ ვამოწმებ, ძირითადად ხო ეს არის, მარჯვენა ხელის ცერა თითი?
  • მაგრამ ორივეზე არ უნდა შეამოწმოთ? ორივე ხელზე არ უნდა შეამოწმოთ მარკირება?
  • უნდა შევამოწმო, მაგრამ ძირითადად აქ უკეთებენ ცერა თითზე, ესეა კანონში.
  • კი, მაგრამ მეორე ხელზე რომ ქონდეს გაკეთებული? ანუ ორივე ხელზე უნდა შეამოწმოთ თუ არა, როგორ არის კანონში?
  • კი, კი
  • და რატომ არ ამოწმებთ?
  • ვამოწმებ, რომ ვანათებ.
  • ერთ ხელზე ამოწმებთ ხოლმე, რამდენჯერმე გადავიღე ვიდეო 

ჟურნალისტის ხმა: მარნეულის მე-4 უბანზე ნათლად ჩანდა, რომ მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ხმის მისაცემად სხვისი პასპორტებით ან პასპორტში ჩადებული ფურცლებით შემოდიოდნენ, სადაც სხვისი პირადი ნომრები ეწერა. 

ასევე, არჩევნების დროს დამკვირვებელთა ნაწილის შედგენილი საჩივრები აჩვენებს , რომ სავარაუდოდ გაყალბების ეს სქემა მუშაობდა არა მხოლოდ მარნეულის ამ კონკრეტულ უბანზე, არამედ სხვა ოლქებშიც და საქართველოს არაერთ ქალაქში.