ოლიგარქი და ღარიბი ქვეყანა (ნაწილი I)

ჟურნალისტი: ქეთი თუთბერიძე ; რედაქტორი: ნინო ზურიაშვილი
Divider dot 11 ოქტომბერი 2024

კახეთი

ბიძინა ივანიშვილი: “აი, ამას გპირდებით, ხელისუფლება მოვა და იზრუნებს ადამიანის ბედნიერებაზე და არა პირიქით”

ტექსტი:

ახლა კახეთში რთველია. კახეთის მოსახლეობის პრობლემების გასარკვევად ჩვენ თელავისკენ, გურჯაანისა და ყვარლისკენ მივემართებით.

ბიძინა ივანიშვილი: “ჩვენ მევენახეობისა და ღვინის დარგის განვითრებაზე ვიზრუნებთ და ამ ზრუნვის ნაწილი იქნება რთველიც. ჩვენი გეგმის მიხედვით, ვენახები უნდა გაშენდეს თანამედროვე ტექნოლოგიური სქემებით, უნდა მოვიყვანოთ მაღალხარისხიანი ყურძენი, გლეხის მოსავალი დაზღვეული იქნება რისკებისგან”.

სთენდაფი:

2012 წელს კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კახეთის მოსახლეობას მევენახეობისა და მეღვინეობის აღორძინებას დაჰპირდა. მან თქვა, რომ ქართული ქვევრის ღვინო გავიდოდა მსოფლიო ბაზარზე, – შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების ბაზარზე. 

ჩვენ არქივიდან ის დაპირებები ამოვიღეთ, რომლის მიხედვითაც საქართველოში სიღარიბე უნდა დამარცხებულიყო და ემიგრანტები სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ამ დაპირებების უმეტესი ნაწილი დღემდე შეუსრულებელია, ხოლო მიგრაციის მაჩვენებელმა 2023 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 

ბიძინა ივანიშვილი: “კახელი გლეხი მარტო მევენახე არ უნდა იყოს, ის უნდა გახდეს ღვინის მწარმოებელიც, რათა მეტი შემოსავალი მიიღოს. ყველა სოფელს თავისი სოფლის ღვინის მარანი უნდა ჰქონდეს, რომლის შექმნაშიც სახელწიფოც მიიღებს მონაწილეობას”.

ტექსტი:

გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში ადგილობრივ მევენახეს, გაიოზ ჯაფარიძეს ვხვდებით. დაახლოებით 2 ჰექტრამდე გაშენებული ვენახი მისი ოჯახის შემოსვლის ერთ-ერთი წყაროა. 

გაიოზ ჯაფარიძე – მევენახე

მე მაქვს ქვევრის ღვინო, დაახლოებით 5-6 ტონის ჭურჭელი მაქვს, მაგრამ ვერა ვყიდით ამ ღვინოს, რეალიზაციას ვერ ვუკეთებთ. გვიჭირს რეალიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ ქვევრის ღვინოა და შესანიშნავია და ხარისხიც კარგია. 

ჟურნალისტი: რატომ, რა არის ამის მიზეზი?

პასუხი: ამის მიზეზი ისაა ალბათ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ღვინოა, ზოგიც კარგი, ზოგიც ნაკლებხარისხიანი და ფასს ვერ იჭერს. აი, მაგალითად რომ ჩააბარო ქვევრის ღვინო 10 ლარად, იქ გაითვალისწინეთ კიდევ ბოთლის ფული, ეტიკეტის ფული, “პროპკის” ფული და ხარჯია და თან ნელა-ნელა იყიდება. 

ტექსტი: 

გაიოზ ჯაფარიძეს 12 წლის წინ ბიძინა ივანიშვილის დადებულ პირობას ვახსენებთ.

ბიძინა ივანიშვილი: “ბოლო დროს ქართულ ქვევრის ღვინოს გემო გაუგეს მსოფლიოში, ევროპასა და ამერიკაში და ჩვენ ვისარგებლებთ ამით და საკადრის ადგილს დავუმკვიდრებთ ჩვენს ქვევრის ღვინოს, გავხსნით ბაზრებს”.

ჟურნალისტი: ზუსტად 12 წელი გავიდა ბიძინა ივანიშვილის ამ გამოსვლიდან. რა გაკეთდა თქვენი აზრით ამ დაპირებიდან?

გაიოზ ჯაფარიძე:

ეს ხომ წინასაარჩევნო დაპირებაა? 

ჟურნალისტი: დიახ.

ჯაფარიძე: ხოდა მანდ ყველაფერი ნათქვამია. 

ჟურნალისტი: არ შესრულდა ეს დაპირებები, თქვენი აზრით?

ჯაფარიძე: მე ვერა ვხედავ. მე არ მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ ვერ ვხედავ ჩვენი სოფლის მაგალითზე, რომ ეს ვთქვა. ვერ შესრულდა, ვერა.

ჟურნალისტი: თქვენი აზრით, რატომ ვერ გახდა კახელი გლეხი და მევენახე მწარმოებელი, როგორც ამას ქართული ოცნება გვპირდებოდა?

ჯაფარიძე: ყველაფერი დამოკიდებულია იმ თანხებზე, რაც ვენახს სჭირდება და არ აქვს გლეხს ეს თანხა. იღებს კრედიტს ბანკიდან და არა ყოფნის ამ ვენახის მოსავლელად, საჭმელად. მთელი წელი საჭმელი უნდა, ჩაცმა უნდა ადამიანს და ოჯახს, ათასი რაღაცა უნდა ადამიანს და არა ყოფნის. ისე გამოდის, რომ კრედიტს რომ იღებს გლეხი, იმ კრედიტსაც ვერა ფარავს. 

ტექსტი:

კახეთში ვენახების საერთო ფართობი 33 ათას 500-ზე მეტ ჰექტარს შეადგენს. 2014-2021 წლებში “ქართულმა ოცნებამ” შეიმუშავა კახეთის განვითარების სტრატეგია, რომელსაც რეგიონის სოციალური მდგომარეობა უნდა შეეცვალა. 

2020 წელს კი მთავრობამ სუბსიდირების ახალი სქემა შექმნა. ამ სქემაში მხოლოდ მსხვილი კომპანიები მონაწილეობდნენ. საერთო ჯამში 30 კომპანია იყო, რომლებმაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი მიიღეს. სამი წლის წინ “სტუდია მონიტორმა” გამოიძია, რომ ამ 30-იდან 17 კომპანიის დირექტორები და მფლობელები “ქართული ოცნების” მსხვილი შემოიმწირველები არიან. მათ შორის ერთ-ერთი “გრუზვინპრომია”. ეს კომპანია თავად ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეპარტნიორს, უკრაინის მთავრობისგან სანქცირებულ ვახტანგ კარიჭაშვილს ეკუთვნის.

ბიძინა ივანიშვილი: “ეს ხელისუფლება გლეხს ყურძნის ფასს წყალობასავით უხდის და ამადლის. ამათ გლეხი მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ და ამიტომაც ღირს ყურძენი წელს 1 ლარი”… 

შემოდგომის დაწყებისთანავე კახეთში ღვინის ქარხნებთან გრძელი რიგი დგას. გლეხები ყურძენს აბარებენ. წელს ჩასაბარებელი 1კგ ყურძნის ფასი ლარი და 10 თეთრიდან ლარ-ნახევარს შორის მერყეობს. კახეთის მაგისტრალები სავსეა სატვირთო მანქანებით. ჩვენ ყვარელში მდებარე ერთ-ერთ ქარხანასთან მივდივართ, სადაც ათობით კახელ მევენახეს ვესაუბრებით.

დიალოგი რესპონდენტთან #1

ჟურნალისტი: თქვენი აზრით ეს ადეკვატური ფასია? 

რესპონდენტი: არა, წამლობა ბევრი ჯდება, მუშახელიც.

დიალოგი რესპონდენტთან #2

ჟურნალისტი: წელს კარგი მოსავალი მოვიდა?

რესპონდენტი: მოსავალი კარგია, ფასები არ ვარგა.

ჟურნალისტი: დაბალია ფასი?

რესპონდენტი: კი, დაბალია.

ჟურნალისტი: ვისი ბრალია ეს?

რესპონდენტი: ვისი ბრალია არ იცით?! მთავრობის ბრალია.

ჟურნალისტი: 2012 წელს ივანიშვილი დაგპირდათ, რომ მეღვინეობას და მევენახეობას ააღორძინებდა, შეასრულა მან ეს დაპირება, თქვენი აზრით?

რესპონდენტი: სათავისოდ შეასრულა, გლეხისთვის არაფერი გაუკეთებია. 

ჩვენ მევენახეობისა და ღვინის დარგის განვითრებაზე ვიზრუნებთ და ამ ზრუნვის ნაწილი იქნება რთველიც. ჩვენი გეგმის მიხედვით, ვენახები უნდა გაშენდეს თანამედროვე ტექნოლოგიური სქემებით, უნდა მოვიყვანოთ მაღალხარისხიანი ყურძენი, გლეხის მოსავალი დაზღვეული იქნება რისკებისაგან, აუცილებლად შევქმნით სეტყვის საწინააღმდეგო თანამედროვე ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ბუნებისათვის უვნებელ სისტემას.

დიალოგი რესპონდენტთან #3

ჟურნალისტი: თქვენი აზრით, მან ეს დანაპირები შეუსრულა კახელ ხალხს?

რესპონდენტი: არა. ერთი დანაპირებია შესრულებული, ვენახები გააშენა და ბოლოს არაფერი. კი, ეგ შეუსრულა, მაგრამ ჩაბარებაში რა ხდება?

ჟურნალისტი: ჩაბარების მხრივ რა პრობლემა გაქვთ ყველაზე დიდი?

რესპონდენტი: ბევრი პრობლემა იჩენს თავს მუშახელი, ტრანსპორტი და არასაკმარისი ფასი. 

დიალოგი რესპონდენტთან #4

რესპონდენტი: საუკეთესო ვენახები გავაშენე, მაგრამ აზრი?! იმ ვალს დაფარვა ხომ უნდა, ვერა ფარავს გლეხი, გაშენდა ვენახები და ფასები შემცირდა ყურძენზე. ეს არ ვიცი რა არის, რა იყო ამ გეგმაში ჩადებული, არაფერი არ ვიცი. 

ჟურნალისტი: მუშახელის ნაკლებობას განიცდით? 

რესპონდენტი: მუშახელის ნაკლებობა ძალიან არის, იმიტომ რომ ბევრი ვენახი გაშენდა, ალბათ ეს იყო სახელმწიფოს პრიორიტეტი, მაგრამ მუშახელი არ არის. 

ჟურნალისტი: ამის მიზეზი რა არის? ემიგრაცია ხომ არა? 

რესპონდენტი: ალბათ.

ჟურნალისტი: იცლება კახეთის სოფლები?

რესპონდენტი: კი, კი, იცლება…

ბიძინა ივანიშვილი: “ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც არავის აღარ დასჭირდება ლუკმა-პურის საშოვნელად სამშობლოდან გადახვეწა”.

ტექსტი: 

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, 2014 წელს კახეთში 320 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, წელს კი 20 ათასით ნაკლები ადამიანია აღრიცხული. მოსახლეობის აღწერის შედეგად, ეს რიცხვი ყოველწლიურად კლებულობს.

მაგალითად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კახეთის მოსახლეობა 13 ათასი ადამიანით შემცირდა.

რესპიონდენტი თელავიდან #1

ესე იგი, რაც კი ნაცნობები მყვანან და მეგობრები, ყველას ოჯახიდან თითო ადამიანი გასულია სამუშაოდ, ოჯახების სარჩენად არიან წასულები. აი, ქუჩაზე რომ ჩამოივლით, ყოველი მეორე სახლის გამოტოვებით ემიგრანტის ოჯახია და ჩემი აზრით, ეს ძალიან მწვავე პრობლემაა

რესპონდენტი თელავიდან #2

რესპონდენტი: ქალთა ნახევარი ალბათ გასულია სამუშაოდ, მათ შორის ჩემი მეუღლე. 

ჟურნალისტი: ამის საწყისი პრობლემა რა გგონიათ თქვენ?

რესპონდენტი: გაჭირვება. მე, უმაღლესი განათლებით, ბავშვთა ქირურგი, არ გაინტერესებთ რამდენი ავიღე ბოლო ხელფასი?! 38 ლარი. 

ჟურნალისტი: ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი დაპირება 2012 წელს, აი, აქ იდგა თელავში და თქვა, რომ დააბრუნებდა ემიგრაციიდან ხალხს. 

რესპონდენტი: არა მხოლოდ ეგ დაპირება, გადაიკითხეთ მისი დაპირებებია, არცერთი არ არის შესრულებული.

ტექსტი:

“სტუდია მონიტორმა” “ქართულ ოცნებას” წერილობით მიმართა და ის დაპირება შეახსენა, რის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეს ლუკმა-პურის საშოვნელად შრომითი მიგრაცია აღარ მოუწევდა. გაგზავნილ წერილში ჩვენ ვიკითხეთ, რატომ ვერ ახერხებს მთავრობა რეგიონებიდან მოსახლეობის გადინების შეჩერებას. პასუხი არ მიგვიღია.

ირაკლი კობახიძე – პრემიერ-მინისტრი 

ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, 40 მილიარდი ლარით გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა, 10 მილიარდინ ლარით გავზარდეთ ქვეყნის ბიუჯეტი, 350 ათას ადამიანს დავეხმარეთ სიღარიბის დაძლევაში, შევქმენით 150 ათასი სამუშაო ადგილი და საქართველოსთვის მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. 

ტექსტი:

პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება 2024 წლის 10 სექტემბერს გააკეთა. იგი მთელი საქართველოს მასშტაბით აბსოლუტური სიღარიბის დაძლევაზე საუბრობს. 

თუმცა საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა ბოლო ათ წელში გაიზარდა.

ოლიგარქის დაპირებული კეთილდღეობის საპასუხოდ, კახეთში სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობაც გადავამოწმეთ. როგორც ირკვევა, სოციალური შემწეობის გაცემის მაჩვენებლით კახეთი მეექვსე ადგილზეა.

2023 წლის მონაცემებით, აქ საარსებო შემწეობას 15 ათასამდე ადამიანი იღებს, რაც წინა წლებთან შედარებით მომატებულია. ეს მაჩვენებელი, ემიგრაციის დინამიკის მსგავსად, ყოველწლიურად იზრდება. 

ბიძინა ივანიშვილი: “აი, ამას გპირდებით, ხელისუფლება მოვა და იზრუნებს ადამიანის ბედნიერებაზე და არა პირიქით”.

სამცხე-ჯავახეთი

ტექსტი:

ახლა სამცხე-ჯავახეთისკენ მივდივართ. ეს ერთ-ერთი რეგიონია, რომლის მოსახლეობასაც ივანიშვილი 2012 წელს სოციალურ კეთილდღეობას დაჰპირდა.

ბიძინა ივანიშვილი: “ტყე ჩვენი ქვეყნისა და განსაკუთრებით, სამცხე-ჯავახეთის სიმდიდრეა. ახლა გლეხს ტყეც წაართვეს და ერთი მუჭა მონოპოლისტების ხელში ჩააგდეს”.

ტექსტი:

ამ განცხადებიდან 9 წლის თავზე, ბაკურიანის ტყის 5 ათას 958-ი კვადრატული-მეტრი ფართობი ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუკა თამაზაშვილს 49 წლით იჯარით გადაეცა. 

არჩევნებამდე რამდენიმე კვირაა დარჩენილი. სამცხე-ჯავახეთის ყველა ქალაქი ქართული ოცნების ბანერებითაა სავსე, აქ ოპოზიციური პარტიის ბანერს თითქმის ვერ შეხვდებით.

სთენდაფი:

2012 წლის სექტემბერში ახალციხეში ჩამოსული ბიძინა ივანიშვილი სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას კეთილდღეობას დაჰპირდა. მან თქვა, რომ ფერმერებს უფასოდ დაურიგდებოდათ კარტოფილის თესლი, რომ მთავრობა მათ პროდუქციის გასაღებაში დაეხმარებოდა, ხოლო სიღარიბით გამოწვეული ემიგრაცია დასრულდებოდა. სამცხე-ჯავახეთში ჩამოსულებს, ჩვენ დაპირებული რელობისგან სრულიად განსხვავებული რეალობა გვხვდება.

ბიძინა ივანიშვილი: “ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც არავის აღარ დასჭირდება ლუკმა-პურის საშოვნელად სამშობლოდან გადახვეწა”.

ტექსტი:

ივანიშვილი საქართველოს ემიგრაციის შეჩერებას ჰპირდებოდა. მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა რეგიონებს სულ უფრო ხშირად რომ ტოვებს, ამას სტატისტიკაც მოწმობს. ამ რიცხვებს მიღმა ქვეყნის სოციალური მდგომარეობა ჩანს. 2023 წელს საქართველო 245 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა (245 064). ეს წინა წელთან შედარებით 95%-ით მეტია. 

რეგიონის დასავლეთით მდებარე სოფლებისკენ მიმავალ გზაზე ასფალტი მთავრდება და ჩვენი მანქანა ქვა-ღორღიან მიწას მიუყვება. სოფელ მოხეში ახალგაზრდა კაცს ვხვდებით. თემურ ბერიძე გვეუბნება, რომ თვის ბოლოს ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში შრომით მიგრაციაში მიემგზავრება.

თემურ ბერიძე – მოხეს მცხოვრები

რა თქმა უნდა, ჩემს ქვეყანაში დარჩენა მინდა, მაგრამ არ არის სათანადო რესურსი. მე მაქვს უიმაღლესი განათლება, იურიდიული, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვპოულობ ჩემი სპეციალობით აქეთ მხარეს, მიწევს წასვლა. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა არაა, ყველანი, ახალგაზრდა ბიჭები ასე მივდივართ სოფლიდან. ყველაზე ცუდი ისაა, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებს ძალიან რთულადა აქვთ აქ ყველაფერი.

ტექსტი:

საქსტატის ოფიციალური მონაცემები ცხადჰყოფს, რომ სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა ბოლო 10 წლის განმავლობაში 20 ათასი ადამიანით შემცირდა

სოფლების დაცლის მიზეზის გასარკვევად ზღვის დონიდან 1500 მეტრ სიმაღლეზე ავდივართ. მართლაც, ადიგენის რაიონში გზად არაერთი მიტოვებული სახლი გვხვდება. 

სთენდაფი:

აჩრდილთა ქალაქი, როგორც ნასახლად ტერიტორიებს უწოდებენ, დღეს ყველაზე მეტად ემიგრაციის შედეგად დაცლილ საქართველოს სოფლებს შეეფერება. ჩვენ ახლა სოფელ კიკიბოში ვიმყოფებით, სადაც მხოლოდ სამი ოჯახია დარჩენილი. აქ იმდენად ცუდი გზა მოდის, რომ დაახლოებით 15 კილომეტრის გავლას, ჩვენ ორი საათი მოვანდომეთ.

ტექსტი:

სოფელში 18 წლის არჩილ გობაძეს შევხვდით. ის 10 წლის წინ ამ სოფლის სკოლაში სწავლობდა, მაგრამ დღეს სკოლა დაკეტილია, რადგან ბავშვები აქ აღარ დარჩნენ. როგორც არჩილი გვიყვება, ზამთარში გათბობის ერთადერთი საშუალება შეშაა. გაზი კიკიბოში გაყვანილი დღემდე არ არის; ასევე არ არის ინტერნეტი და ფიჭვური კავშირიც შეფერხებით მუშაობს. დიდთოვლობისას მიუვალი გზის გამო, სასწრაფო დახმარების მანქანა აქამდე ვერ ამოდის. 

არჩილ გობაძე – კიკიბოს მცხოვრები

ახლა ახალგაზრდებს აღარ გვინდა აქ დარჩენა, მივდივართ ყველანი.

ჟურნალისტი: სკოლა?

პასუხი: სკოლა იყო და დაიხურა, ბავშვები აღარ არიან სოფელში.

ტექსტი: 

გზა სოფელ დერცელშიც ქვა-ღორღიანი და ტალახიანია. მანქანას გადაადგილება უჭირს. ადგილობრივი მოსახლეობა გვეუბნება, რომ ემიგრაციის შედეგად სოფლები მათ თვალწინ დაცარიელდა.ოთარ ბერიძე დერცელში დაიბადა. იგი სოფლის პრობლემებზე გვიყვება.

ოთარ ბერიძე – დერცელის მცხოვრები

50 კომლიდან დარჩა 37 კომლი დერცელში, კიკიბოში სამი კომლია დარჩენილი. სულ დაიცლება ეგ სოფელი, მე ასე ვფიქრობ. მიზეზი ის გახლავთ, რომ მაღალზეა სოფლები და გზაა ძალიან გლახა.

ტექსტი:

სამცხე-ჯავახეთის განვითარების 2014-2021 წლების სტრატეგიაში გზების გაყვანაც გაწერილი იყო. დოკუმენტში წერია: რეგიონში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძე 945 კილომეტრია, რომლის დიდი ნაწილი დაზიანებულია: თითქმის სრულად არის მოშლილი ძველი ასფალტბეტონის საფარი, ხოლო მოხრეშილი ნაწილი არასახარბიელო მდგომარეობაშია. შესაბამისად, 2021 წლის ბოლომდე მიზანშეწონილია განხორციელდეს ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შეკეთება.

გზების ნაწილი ბოლო ათ წელში გაკეთდა, თუმცა არის სოფლები, სადაც გზა ჯერ კიდევ რთულად გასავლელია.

ადიგენის რაიონში ზემო აჭარელი ფერმერები თავიანთ წუხილს გვიზიარებენ. სოფელ ჩიქუნეთის მცხოვრებლებს ზაფხულობით საქონელი საბალახოდ სამცხე-ჯავახეთში გადმოჰყავთ, ხუთ თვეში კი ისევ მშობლიურ სოფელში ბრუნდებიან. ყველაზე რთული მათთვის იმ გზის გავლაა, რომელიც სამცხე-ჯავახეთს ზემო აჭარასთან აკავშირებს. 140 კილომეტრის გავლას ისინი მთელ დღეს ანდომებენ, ზოგჯერ გზაში აღამდებათ კიდეც.

რესპონდენტი ჩიქუნეთიდან #1

გზა არ ვარგა და გატყდა, მთელი სოფელი გაჭირვებულია და ორხიდიანი მანქანით დადიან, სხვა მანქანა აქ ვერ ავა. 

რესპონდენტი ჩიქუნეთიდან #2

უფროსობამ გაიაროს ერთი რანაირი გზები გვაქვს! გზაზე ვართ ძალიან შეწუხებული.

ჟურნალისტი: მიგიმართავთ მთავრობისთვის, რომ გზა გაეკეთებინათ?

კი, იყვნენ, ნახეს, მაგრამ ყურადღებას მაინც არავინ გვაქცევს. 

ტექსტი:

ახალციხეში დაბრუნებულები ჩვენ კოლეგას, “სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტ თემო ინასარიძეს ვხვდებით. იგი ოთხი წელია ამ რეგიონის პრობლემებს აშუქებს. 

ჟურნალისტი: მოხეში შეგვხვდა ადამიანი, რომელმაც გვითხრა, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო აქ დევნიან. იმდენად დევნიან, რომ მათ სოფლის მეურნეობაშიც კი უჭირთ თავის დამკვიდრება, განსხვავებიოთ პროსახელისუფლო განწყობის მქონე ადამიანებისგან.

თემო ინასარიძე – “სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტი

დიახ, სამწუხაროდ ასეთი რამე ხდება და ჩვენს მედიასთანაც არაერთხელ დაუფიქსირებია ხალხს ეს აზრი. ხშირად, გასულ წლებშიც და ახლაც გვინახავს ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს სოციალური შემწეობა, ან დაკარგეს სამსახური განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო და ესაა კიდევ ერთი გამოხატულება იმის, რომ აქ ადამიანებს ეზღუდებათ გამოხატვის თავისუფლება. 

ტექსტი:

ემიგრაციის ტალღის მატების პარალელურად, რეგიონში სოციალურად დაუცველთა რაოდენობაც გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში 6500-ზე მეტი ადამიანი სოციალურ შემწეობას იღებს. ეს რიცხვი 2012 წელთან შედარებით შემცირებულია, თუმცა ბოლო 5 წელში რამდენიმე ასეულით გაიზარდა. 

დანიშნულების შემდეგი ადგილი ახალქალაქსა და ნინიწმინდას ირგვლივ მდებარე სოფლებია. ჩვენი მოგზაურობის განმავლობაში პირველი, რაც ჯავახეთში თვალში გვხვდება, სოფლის გზებზე ქალებისა და ახალგაზრდების ნაკლებობაა. 

ახალქალაქისკენ მიმავალ ცენტრალურ მაგისტრალზე სოციალური სამართლიანობის ცენტრის მკვლევარი ელის ბაქრაძე გვიერთდება. იგი წლებია ამ რეგიონის სოციალურ პრობლემებს იკვლევს.

ელის ბაქრაძე – სოციოლოგი, მკვლევარი

ახალქალაქში ზაფხულში ჩასვლის დროს გაოცებული აღმოვჩნდი იმ ფაქტით, რომ ახალგაზრდა მამაკაცები არ იყვნენ ქალაქში. როდესაც ვიკითხე, მითხრეს, რომ ისინი ხოპანში არიან. ხოპანი ეს არის სომხური სიტყვა, რომელიც ნიშნავს სეზონურ მიგრაციას. 

ბიძინა ივანიშვილი: “ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც არავის აღარ დასჭირდება ლუკმა-პურის საშოვნელად სამშობლოდან გადახვეწა”.

ჟურნალისტი: ეს არის 2012 წლის დაპირება. თქვენი აზრით, ეს დაპირება სანახევროდ მაინც შეასრულა?

ელის ბაქრაძე: სამწუხაროდ, ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა.

ბიძინა ივანიშვილი: გაისად ყველას, სოფლის მეურნეობის მოღვაწეს უფასოდ ექნება ელიტური ჯიშის თესლის კარტოფილი, უფასოდ დაურიგდება მთელ მოსახლეობას. ეს რეალურად რამდენჯერმე გაზრდის მოსავლიანობას. მაგრამ მოსავალი არაფერია გასაღების გარეშე, სახელმწიფო გვერდით დაუდგება გლეხს გასაღებაში…

ტექსტი: 

სამცხე-ჯავახეთის განვითარების სტრატეგიაში “ქართულმა ოცნებამ” ჩაწერა, რომ 2021 წლისთვის ფერმერები უზრუკველყოფილნი უნდა ყოფილიყვნენ სათესლე და სანერგე მასალაზე ხელმისაწვდომობით, ასევე მათ ხელი უნდა შეეწყობოდათ პროდუქციის გასაღებაში. ეს უკანასკნელი 2012 წელს პირადად ივანიშვილის გაცემული დაპირებაც იყო. 

ჯავახეთის მოსახლეობის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად ელის ბაქრაძე კარტოფილის გასაღების საკითხს ასახელებს. ჯავახეთის სოფლების ნაგავსაყრელზე ტონობით გადაყრილი კარტოფილი მას თავადაც არაერთხელ უნახავს.

ელის ბაქრაძე – სოციოლოგი, მკვლევარი

ბოლო 2-3 წელია განსაკუთრებით იგრძნობა ჯავახეთში კარტოფილის რეალიზაციის პრობლემა, რადგან სახელმწიფო ახორციელებს იმპორტს ბელარუსიდან, რუსეთიდან, გერმანიიდანაც კი და ჯავახეთში მოყვანილი კარტოფილი რჩება რეალიზაციის გარეშე. გლეხებს სთავაზობენ ძალიან დაბალ ფასს, ფაქტობრივად თვითღირებულების ფასს სთავაზობენ, 50-60 თეთრი და ეს იმდენად მიზერული თანხაა, რომ გლეხს აღარ უღირს მოსავლის მოყვანა. 

ტექსტი:

საქართველოში კარტოფილის იმპორტი ძირითადად რუსეთიდან, გერმანიიდან და თურქეთიდან ხორციელდება. საქსტატის 2023 წლის მონაცემებით, კარტოფილის საშუალო მოსავლიანობა 198 – 230 ათას ტონას შორის მერყეობს. 

არტურ არუთინიანიც მეკარტოფილეობას მისდევს. იგი განძაში მრავალსულიან ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მისი თქმით, კარტოფილის ფასი იმდენად დაბალია, რომ შრომა, ფაქტობრივად, დაუფასებელია.  

არტურ არუთინიანი – განძას მცხოვრები

კარტოფილის მოსავალი კარგია, მაგრამ ფასი არა, 50-60 თეთრი ღირს. ზოგჯერ მოსავლის გადაყრა უწევს ხალხს, ვერ ყიდიან.

ჟურნალისტი: თქვენც გადაყარეთ?

არტურ: სხვა რა გზა მქონდა?! 

ჟურნალისტი: სახელმწიფო გეხმარებათ?

რით უნდა დაგვეხმაროს?! მამას პენსია აქვს, მე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ვარ, ცოტაც მე მაქვს დახმარება, სხვა მხრივ არაფერი. მაგრამ გაგვაქვს მაინც თავი მეტ-ნაკლებად. აბა რა ვქნათ?!

ტექსტი: 

ჩვენ “ქართულ ოცნებას” წერილი გავუგზავნეთ, რატომ არ გაკეთდა აქამდე გზები სამცხე-ჯავახეთში, როგორც ეს სტრატეგიით იყო გათვალისწინებული და რატომ არ აქვთ ადგილობრივ ფერმერებს პროდუქციის გასაღებისთვის ხელშეწყობა. “სტუდია მონიტორის” ეს წერილიც მმართველი პარტიისგან უპასუხოდ დარჩა. 

ბიძინა ივანიშვილი: “ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც არავის აღარ დასჭირდება ლუკმა-პურის საშოვნელად სამშობლოდან გადახვეწა”.