პარტიული აქტივის დასაქმების სქემა რეგიონებში
ქეთი გელაშვილი: აქ გვაქვს, მაგალითად ქუთაისის მუნიციპალური შპს-ების ხელმძღვანელები და მათი კავშირები “ქართულ ოცნებასთან”
ნუკა სტეფნაძე: მათ ხელფასებზე იხარჯება 11 მილიონ ლარზე მეტი
საბა წიწიკაშვილი: ამ ხალხს იყენებენ პარტიული ინტერესისთვის
ჟურნალისტის ხმა: ქუთაისი, ბორჯომი, ახალციხე, გორი – რა სქემას იყენებს ხელისუფლება “ქართული ოცნების” პარტიული აქტივის დასაქმებისთვის რეგიონებში?
ჟურნალისტი: თქვენ ბრძანდებით დიმიტრი სამხარაძესთან დაახლოებული პირი, მის ოჯახთან ერთად გაქვთ ბიზნესი
გრიგოლ დალაქიშვილი: როგორ გეკადრებათ?
ჟურნალისტი: კარს ნუ მიხურავთ, უბრალოდ ვკითხულობ ბატონ სერგის და მაინტერესებს როდის იქნება?
ჟურნალისტის ხმა: როგორ იმართებიან “ქართული ოცნების” აგრესიული ჯგუფები რეგიონებში და რა კავშირი აქვთ მათ მმართველი პარტიის რეგიონულ მდივან – დიმიტრი სამხარაძესთან?
გოგა თუშურაშვილი: გვაქვს მუნიპალიტეტები, სადაც ააიპებში დასაქმებულთა რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის 10%-იან მაჩვენებელს აჭარბებს
ჟურნალისტის ხმა: “სტუდია მონიტორმა” გამოიძია და გაჩვენებთ, თუ როგორ იხარჯება ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი მუნიციპალურ იურიდიულ პირებზე, სადაც მმართველი პარტიის აქტივისტებს ასაქმებენ
სათაური: პარტიული აქტივის დასაქმების სქემა რეგიონებში
დიმიტრი სამხარაძე, ქართული ოცნების რეგიონული მდივანი: მიშას დედას შე…ი. ომის პარტიის მ… მოვტ… ქათმებო, დედას მოგიტ…
ეს დიმიტრი სამხარაძეა, ბოლო 2 მოწვევის პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან”.
ჟურნალისტის ხმა: 2 წლის წინ გადაღებულ ამ ვიდეოში ის მმართველი პარტიის მაშინდელი ოფისიდან აგინებს საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციის – “შინ ევროპისკენ” მონაწილეებს.
ჟურნალისტი: დეპუტატი სამხარაძე ყურადღებას მხოლოდ ერთადერთი ნიშნით იქცევს – ხელისუფლების ოპონენტების მიმართ ბილწსიტყვაობით. “ქართულ ოცნებაში” მას რეგიონული მდივნის თანამდებობა უკავია. “სტუდია მონიტორმა” საქართველოს 3 რეგიონში, პარტნიორ მედიაორგანიზაციებთან ერთად, შეისწავლა სქემა, რომლითაც “ქართული ოცნება” აგრესიულ ჯგუფებს აორგანიზებს. ამ საღამოს გაჩვენებთ, თუ როგორ იხარჯება ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი მუნიციპალურ იურიდიულ პირებზე, სადაც მმართველი პარტიის აქტივისტებს ასაქმებენ.
ჟურნალისტის ხმა: “ქართული ოცნების” რეგიონული აქტივის ბიუჯეტიდან დაფინანსების სქემის შესწავლა ქუთაისიდან დავიწყეთ. გავარკვიეთ, რომ პარტიის რეგიონულ მდივან სამხარაძეს, რომელიც ამ ქალაქში დაიბადა, აქ საკმაოდ ორგანიზებული მხარდამჭერების ჯგუფი ჰყავს. ქუთაისის ცენტრში გახსნილი ამ ჩაის სახლის, “ფოე-ფოეს” ერთ-ერთი მესაკუთრე გრიგოლ დალაქიშვილია – დიმიტრი სამხარაძის შვილისა და მამის ბიზნეს-პარტნიორი კომპანიაში “გრინპლასტ ჯორჯია”. გრიგოლ დალაქიშვილი ქუთაისის მერის მოადგილედ 2017 წელს დაინიშა და მალევე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის პოსტზე დაწინაურდა; მოგვიანებით სამტრედიის მერის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა. ამჟამად კი “ეროვნული სატყეო სააგენტოს” იმერეთის სამსახურის უფროსის პოსტი უკავია. ეს ფოტო 2022 წლის ოქტომბერში “ქართული ოცნების” რეგიონული მდივნის შეხვედრას ასახავს მმართველი პარტიის რეგიონულ კოორდინატორებთან. ფოტოზე ჩანს, რომ შეხვედრაში “ქართული ოცნების” იმერეთის მაშინდელი კოორდინატორი გრიგოლ დალაქიშვილიც მონაწილეობს.
ჟურნალისტი: თქვენ ბრძანდებით დიმიტრი სამხარაძესთან დაახლოებული პირი, მის ოჯახთან ერთად გაქვთ ბიზნესი
გრიგოლ დალაქიშვილი: როგორ გეკადრებათ?
ჟურნალისტი: გრინპლასტ ჯორჯიას თქვენ არ ფლობთ მის მამასთან ერთად? შემიძლია დოკუმენტები გაჩვენოთ; დოკუმენტებს გაჩვენებთ. მასთან დაახლოების გამო არ ხართ სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშნული?
გრიგოლ დალაქიშვილი: არა. კონკურსის წესითა ვარ ყველგან დანიშნული და დიმიტრი სამხარაძე და მისი ოჯახი ჩემი მეგობრები არიან…
ჟურნალისტი: თქვენ ხშირად ჩანხართ ოპოზიციის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე, მოძალადე ჯგუფებთან ერთად.
გრიგოლ დალაქიშვილი: ანუ რას ამბობთ – ზონდერი ვარ? მაგას მეუბნებით – ზონდერი ვარ?
ჟურნალისტი: დიმიტრი სამხარაძისგან იღებთ ამ დავალებებს?
გრიგოლ დალაქიშვილი: ზონდერი ვარ?
ჟურნალისტი: მე მაქვს ვიდეომასალები, რომლებიც შემიძლია გაჩვენოთ, სადაც მოძალადე ჯგუფებთან ერთად ხართ
გრიგოლ დალაქიშვილი: მოაგროვეთ ვიდეოები და როცა კარგ ხასიათზე იქნებით, უყურეთ
ჟურნალისტი: ბატონი დიმიტრისგან იღებთ ამ დავალებებს?
გრიგოლ დალაქიშვილი: არა
ჟურნალისტი: გრიგოლ დალაქიშვილი ბოლო წლებში ქუთაისში ოპოზიციის წინააღმდეგ ორგანიზებული ძალადობრივი საპროტესტო აქციების ამსახველ არაერთ ვიდეოში აღმოვაჩინეთ, სადაც თან ახლავს მოძალადეების ჯგუფი. ამიტომ ახლა ოპოზიციის ადგილობრივ წარმომადგენელთან ერთად შევეცდებით გავარკვიოთ ამ ჯგუფის შემადგენლობა და მათი კავშირი ხელისუფლებასთან.
ჟურნალისტი: გამარჯობა. მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ
ჟურნალისტის ხმა: ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს რამდენიმე ვიდეომასალა ვაჩვენეთ, რომლებიც სხვადასხვა დროს ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობრივ აქციას ასახავს.
გრიგოლ დალაქიშვილი: ძმებო, ვცეთ პატივი პოლიციას? ისინიც დაიშლებიან. თქვენ მუნდირს ჩვენ ვაფასებთ, ძმაო.
ჟურნალისტი: ბატონო გიგა, ეს არის 2019 წლის 3 დეკემბერი, ხომ?! როცა გაერთიანებულმა ოპოზიცია შეიკრიბეთ და ამ დროს თქვენს ოფისთან გამოჩნდნენ საკმაოდ აგრესიული “ქართული ოცნების” მხარდამჭერები. აი, დალაქიშვილთან ერთად, აი, ამ კასრებში ვინ ამოიცანით? ვინ არიან ისინი?
გიგა შუშანია, ქუთაისის საკრებულოს წევრი ენმ-დან: აქ არის მთავარი პირი – დალაქიშვილი, რომელიც მაგ დროს იყო გუბერნატორის პირველი მოადგილე, ასევე იმერეთის “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, რომელიც აორგანიზებდა ამ ყველაფერს და გამორჩეული იყო, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული აგრესიული ზონდერი, ეხლა არის სატყეო მეურნეობის ხელმძღვანელად დანიშნული და პირდაპირ წარმოადგენს დიტო სამხარაძეს იმერეთის რეგიონში. აქ არის სხვადასხვა ააიპ-ის, ხინგავა ლაშა, რომელიც არის გამორჩეული კომიკური ფიგურა ქუთაისის მერიაში, ეხლა ტრანსპორტის კომპანიაში ყავთ დასაქმებული და ყველა არჩევნებზე დადის, ხან ერთი უბნის გაბრაზებულ მოქალაქეს ათამაშებენ, მეორე შეხვედრაზე მეორე უბნის მაცხოვრებლად წარმოგიდგებათ და საღამოს შემდგომ მიდის და მაგალითად მერს უხდის მადლობას ლიფტის გაკეთებისათვის და კმაყოფილი მოქალაქის როლში არის და ესეთი ადამიანები არიან. აი, აქ არის ბატონი ნუგზარ ხუციბერიძე, რომელიც არის სიძულვილის ენით გამორჩეული ადამიანი და ერთხელ ქუთაისის წინა მერი ჭიღვარია იძულებული იყო, რომ მოეხსნა სამსახურის ხელმძღვანელობიდან, როდესაც ჩვენც გავაპროტესტეთ, საზოგადოებაც აგვყვა ამასთან, მაგრამ ცოტა ხანში ისევ დააბრუნეს და ახლა არის ტრანსპორტის კომპანიის უფროსის მოადგილე. ეს ტრანსპორტის კომპანია გახდა ამ ზონდერების მთავარ დასაქმების ბიუროდ. ეს არის ირაკლი ცხვედიანი, რომელიც ამ კომპანიის ხელმძღვანელია ასევე და ესეც გამორჩეული იყო “ნაციონალური მოძრაობის” ოფისებზე თავდასხმის დროს .
ჟურნალისტის ხმა: შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია“ ქალაქის მერიამ 2020 წლის 14 იანვარს დააფუძნა, თუმცა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, ფაქტობრივი საქმიანობა 9 თვის შემდეგ დაიწყო, როდესაც მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისის მერიას 60 ავტობუსი გადასცა 22,669,500 ლარის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. “მიუხედავად იმისა, რომ იანვრიდან სექტემბრამდე ორგანიზაცია პრაქტიკულად არ ფუნქციონირებდა, მისი საქმიანობის დასაფინანსებლად გაწვეულმა ხარჯმა ამ პერიოდში 88,400 ლარი შეადგინა. თანხები, ძირითადად, გაცემულია დასაქმებული პერსონალის ხელფასებზე. დასახელებულ პერსონალზე გადახდილი თანხები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაწეული არაეკონომიური ხარჯია”, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის მიერ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში. ამავე ანგარიშის მიხედვით, „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია“ ვერ ახერხებს მგზავრთა სათანადო მომსახურებას, ვინაიდან ხშირად ზიანდება ავტობუსები. ეს კი, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გადაცემული ავტობუსების უხარისხობაზე მიანიშნებს. ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში ამჟამად 235 შტატიანი თანამშრომელია დასაქმებული. მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის კი ბიუჯეტიდან 4,660,000 ლარია გამოყოფილი. ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს შეკითხვები წერილობითაც გავუგზავნეთ და სამსახურშიც მივაკითხეთ. თუმცა პასუხები ვერ მივიღეთ.
ჟურნალისტი: ჩვენ უკვე კარგა ხანია ველოდებით ირაკლი ცხვედიანს, თუმცა ის შენობიდან არ გამოდის და არც ჩვენს ზარებს პასუხობს, მასთან რამდენიმე კითხვა გვქონდა, მთავარი კი – რატომ ჰყავს კომპანიაში დასაქმებული “ქართული ოცნების” აქტივისტები, რომლებიც ოპოზიციის თავდასხმებში მონაწილეობენ.
ჟურნალისტი: “სტუდია მონიტორის” მიერ მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, ქუთაისის მოსახლეობის 3.8% მუნიციპალურ ააიპ-ებში და შპს-ებში მუშაობს. მუნიციპალიტეტში 11 ა(ა)იპ და 8 შპს ფუნქციონირებს და თითქმის ყველა მათგანში “ქართული ოცნების” პარტიული აქტივია დასაქმებული, რომლებსაც ხელისუფლება ან ოპონენტებზე ძალადობრივი ანგარიშსწორებისთვის, ან მის მხარდასაჭერ აქციებში მონაწილეობისთვის ან კიდევ საუბნო-საარჩევნო კომისიების დასაკომპლექტებლად იყენებს. ამ ყველაფერს კი ადგილობრივი ონლაინ გამოცემის, “ქუთაისიპოსტის” ჟურნალისტებთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში ვარკვევდით.
ქეთი გელაშვილი, “ქუთაისიპოსტის” ჟურნალისტი: აი, აქ გვაქვს, მაგალითად ქუთაისის მუნიციპალური შპს-ების ხელმძღვანელები და მათი კავშირები “ქართულ ოცნებასთან”. გრიგოლ დალაქიშვილის ცოლია, მაგალითად, “ქუთაისის N4 შერეული პოლიკლინიკის” დირექტორი ნინო ჩალაძე. მას დეკლარაციის მიხედვით, წლიური ანაზღაურება 27 ათასი ლარი აქვს; შპს “საკალათბურთო კლუბი ქუთაისი 2010”-ის დირექტორი – ტრისტან ჭაბუკიანი არის “ქართული ოცნების” აქტივისტი. შპს “საფეხბურთი კლუბი მართვეს” დირექტორია გიორგი ჩხიკვაძე – წინა მოწვევის ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მოადგილის შვილი.
ჟურნალისტი: ქეთი, ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს ააიპ-ებშიც, ხომ? 29 აპრილს თქვენ გადაიღეთ ვიდეო, სადაც ჩანს როგორ მიყავთ ადამიანები თბილისში “რუსული კანონის” მხარდასაჭერ აქციაზე.
ქეთი გელაშვილი: დიახ, უმეტესად ეს ადამიანები იყვნენ სწორედ მუნიციპალური ააიპ-ებისა და შპს-ების თანამშრომლები. ამ მხრივ, გამორჩეულია ის ააიპ-ები, სადაც ყველაზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. მაგალითად, ა(ა)იპ “ქალაქ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება”, რომელშიც 531 შტატიანი და 60 შტატგარეშე თანამშრომელია და მათი ხელფასებისთვის 4,436,000 ლარია გამოყოფილი; ასევე, მრავალრიცხოვანია ა(ა)იპ “ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება”, რომელშიც 799 თანამშრომელია და ბიუჯეტიდან მათი ხელფასებისთვის იხარჯება 5,300,000 ლარი და განსაკუთრებით აქტიური და პოლიტიზებულია ა(ა)იპ “ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება“, რომელშიც 1876 თანამშრომელია დასაქმებული და მათი ხელფასებისთვის იხარჯება ბიუჯეტიდან 15,450,000 ლარი. ჩვენ ამ ააიპებში დასაქმებული არაერთი ადამიანი დავაფიქსირეთ “ქართული ოცნების” ორგანიზებულ სხვადასხვა აქციაზე. ასევე, ისინი აღმოვაჩინეთ საარჩევნო ადმინისტრაციებში.
ჟურნალისტი: ზუსტად 3 წლის წინ სტუდია მონიტორმა მოამზადა ჟურნალისტური გამოძიება, როგორ არიან ჩართულები ბაგა-ბაღების თანამშრომლები წინასაარჩევნო პერიოდში.
ქეთი გელაშვილი : ანალოგიური ვითარებაა დღესაც. ეს არის ხელისუფლების ადმინისტრაციული რესურსი, რომელსაც “ქართული ოცნება” იყენებს პარტიული ინტერესებისთვის.
ჟურნალისტის ხმა: ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა საყურადღებოა, რადგან მათზე არ ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნა თანამშრომელთა კონკურსის წესით აყვანის თაობაზე. მუნიციპალიტეტის მიერ იურიდიული პირების შექმნის საფუძველი სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული და ემსახურებოდეს მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქუთაისს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს მძიმე სოციალური პრობლემების გამო, ამ ფონზე კი მერია სულ უფრო ზრდის მის მიერ დაფუძნებულ იურდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობას.
მაგალითად, თუკი 2019 წელს ქუთაისში 138,200 ადამიანი ცხოვრობდა, 2024-ში მათი რაოდენობა 125,600-მდე შემცირდა, მუნიციპალურ იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობა კი 3894-დან 4832-მდე გაიზარდა.
ჟურნალისტი: რატომ არის გაზრდილი, ბატონო სოსო, ააიპ-ებსა და შპს-ებში დასაქმებულთა რაოდენობა და მათი სახელფასო ხარჯი, როცა ძირითად შემთხვევაში დასაქმებულები არიან, ხშირად დასაქმებულები არიან “ქართული ოცნების” პარტაქტივი და პარალელურად ქალაქი იცლება ადგილობრივი მოსახლეობისგან?
იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის ყოფილი მერი: რაღაცა არალოგიკურ კითხვას მისვამთ და ჯერ ჩამოყალიბდით.
ჟურნალიტი: რატომ გისვამთ არალოგიკურ კითხვას? 1000 ადამიანით არის გაზრდილი
იოსებ ხახალეიშვილი: რას რას ადარებთ არ იცით და როგორ გიპასუხოთ?
ჟურნალისტი: 1000-ით არის გაზრდილი აიიპებსა და შპს-ებში დასაქმებულთა რაოდენობა…
ჟურნალისტის ხმა: იოსებ ხახალეიშვილთან ეს ინტერვიუ 10 ივლისს ჩავწერეთ, 15 ივლისს კი ის ქუთაისის მერის თანამდებობიდან გადადგა.
დიმიტრი სამხარაძე, ქართული ოცნების რეგიონული მდივანი: მიშაა, დედის ტყ… მიშას დედას შევ…
ჟურნალისტის ხმა: ვიდეოში ჩანს, რომ “ქართული ოცნების” მაშინდელი სათაო ოფისის აივანზე თბილისში, საიდანაც სამხარაძე აქციის მონაწილეებს აგინებს, მასთან ერთად იმყოფება “ქართული ოცნების” რეგიონული მდივნის მოადგილე – ნიკა ტყემალაძე, რომელიც პრემიერმა კობახიძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დანიშნა. ეს კი კობა სამხარაძეა, რომელიც, ტყემალაძის მსგავსად, დიმიტრი სამხარაძის მოადგილეა “ქართულ ოცნებაში”.
კობა სამხარაძე: შენ თუ გინდა დატოვებ ქვეყანას, დროებით წახვალ სადმე, ძმაო და სამშვიდობოს რო იქნები, მერე გაჟღერდება ეგ საქმე რა.
ჟურნალისტის ხმა: ეს ვიდეომასალა 2012 წლის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პოლიციელის მოსყიდვისა და მოსყიდვის მცდელობის ბრალდებით “ქართული ოცნების” წარმომადგენლები დააკავა, მათ შორის, იყო კობა სამხარაძეც. ამ ფოტოზე კობა სამხარაძე დიმიტრი სამხარაძესთან და მის სხვა მოადგილეებთან ერთად “ქართული ოცნების” რეგიონულ კოორდინატორებთან შეხვედრას ესწრება. გავარკვიეთ, რომ მმართველი პარტიის სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი და ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი სერგი მუშკუდიანი, რომელიც ფოტოზე ამავე შეხვედრის მონაწილეებს შორის ჩანს, კობა სამხარაძის ქვისლია. ამიტომ ახლა სწორედ სამცხე-ჯავახეთში მივდივართ, რათა გავარკვიოთ, თუ რა სქემით უხდიან იქ მმართველი პარტიის აგრესიულ ჯგუფებს თანხას და როგორ ასაქმებენ “ქართული ოცნების” პარტიულ აქტივს მუნიციპალურ აიპებსა და შპს-ებში.
ჟურნალისტი: ბატონო ბაკურ, თქვენ, როგორც ბორჯომის საკრებულოს წევრი, თქვენს თანაპარტიელებთან ერთად, 2 წლის წინ ესწრებოდით იმ შეხვედრას, სადაც აპროტესტებდით მაშინდელი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისთვის ბაკურიანში ტყის იჯარით გადაცემის ფაქტს, ხომ? აი, რას ითხოვდით მაშინ?
ბაკურ გელაშვილი, ბორჯომის საკრებულოს წევრი ენმ-დან: რა თქმა უნდა, ჩვენ ვითხოვდით, რომ ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება და მის გაუქმებას ვითხოვდით, გამომდინარე იქიდან, რომ აქ ნათელი იყო, რომ მხოლოდ და მხოლოდ თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო ის სიკეთე, სახელმწიფოს ხარჯზე
ჟურნალისტი: ამ სხდომამდე თქვენ ადგილზეც იყავით ბაკურიანში ჩასული, სადაც საკმაოდ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეები დაგხვდნენ, ხომ?! რომლებიც, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ იყვნენ საჯარო მოხელეები. აი, ვიდეო მინდა გაჩვენოთ, გავიხსენოთ ეს ძველი ამბები, ვინ არიან ეს ადამიანები, იცით?
ბაკურ გელაშვილი: პარკის თანამშრომელი ლევან ბლიაძეა ეს, რომელიც საკმაოდ აგრესიულობით გამოირჩეოდა მაშინ და მე ვთვლი, რომ ეს ხელწერა ყველგან ასე აქვს ამ ხელისუფლებას, არ არის ბორჯომი გამონაკლისი, სადაც ჭირდებათ აგრესიული ჯგუფები, იქ ყველა მიმართულებით ჰყავთ.
ჟურნალისტი: ანუ ხშირია ესეთი ფაქტები, როცა, ვთქვათ, ააიპებში და სსიპებში დასაქმებული არიან აქტივისტები?
ბაკურ გელაშვილი: რა თქმა უნდა, ეს ქვეყნის მასშტაბითაა ზოგადად მანკიერი პრაქტიკა დამკვიდრებული, სადაც ბიუჯეტის ხარჯზე ხდება ამა თუ იმ ადამიანების პოლიტიკური ნიშნიდან გამომდინარე დასაქმება და მათ შორის ბორჯომი არაა გამონაკლისი. ამაზე სულ რომ მე არაფერი ვისაუბრო, რომელზეც ყოველ საკრებულოს სხდომაზე თითქმის ამაზე ვსაუბრობ, ამაზე პირდაპირ წერს აუდიტი, სადაც ვერ ასაბუთებენ საჭიროებას ამა თუ იმ შტატის, ამა თუ იმ რაოდენობას, ასე ვთქვათ, თუ რატომ არის საჭირო ესა თუ ის რაოდენობა ამა თუ იმ სსიპ-სა თუ ააიპ-ში. მხოლოდ და მხოლოდ პარტიული, ასე ვთქვათ, ერთგულებიდან გამომდინარე ხდება მათი დასაქმება, ბუნებრივია.
ჟურნალისტის ხმა: 2021-2022 წლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული 17 სუბიექტის ხარჯმა 20,438,600 ლარი შეადგინა – ბორჯომის ბიუჯეტის გადასახდელების 30%. მუნიციპალურ იურიდიულ პირებში 2021 წელს დასაქმებული იყო 926, 2022 წელს კი 1018 ადამიანი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ა(ა)იპ – კულტურის და ხელოვნების ცენტრში, სასოფლო კლუბების 10 გამგის ხელფასებზე დაიხარჯა 98,400 ლარი ისე, რომ “კლუბებს არ გააჩნდათ შესაბამისი სამუშაო პირობები და ვერც ა(ა)იპ-მა წარმოადგინა მათ მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ მტკიცებულებები”; ა(ა)იპ – სკოლის გარეშე სასპორტო სკოლის სპორტული წრეების მწვრთნელების ხელფასებზე დაიხარჯა 71,100 ლარი მაშინ, როცა აღნიშნული წრეების მოსწავლეებისათვის სავარჯიშოდ საჭირო ინფრასტრუქტურა ა(ა)იპ-ს არ გააჩნია. ააიპ საფეხბურთო კლუბ ბორჯომი 2013-ის თანამშრომელი რეზო გლუნჩაძე ერთ-ერთია, ვინც 2 თვის წინ ბორჯომში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა.
რეზო გლუნჩაძე: თქვენ გინდათ ომი და არეულობა ქვეყანაში, რომელსაც ვერ მოესწრებით ვერასოდეს.
ჟურნალისტის ხმა: ის ამ აქციაზე ლევან ბლიაძესთან ერთად უპირისპირდებოდა მოქალაქეებს.
ჟურნალისტი: გამარჯობა, ბატონი ლევანის ნახვა გვინდა, ბლიაძის
პარკის ადმინისტრაციის თანამშრომელი: ბლიაძე არ არის აქ.
ჟურნალისტი: როდის იქნება?
პარკის თანამშრომელი: არ ვიცი
ჟურნალისტის ხმა: ლევან ბლიაძეს სამუშაო საათებში მივაკითხეთ სამსახურში – ააიპ “ბორჯომის ცენტრალურ პარკში”, თუმცა არ დაგვხვდა. ამის შემდეგ მას ტელეფონით დავუკავშირდით ისევ სამუშაო საათების დროს. ის არც ამჯერად აღმოჩნდა სამსახურში.
ჟურნალისტი: თქვენ ბრძანდებით ააიპ-ში დასაქმებული და ასევე ხართ “ქართული ოცნების” აქტივისტი
ლევან ბლიაძე: მე 2012 წლის მერე, რაც “ქართული ოცნება” დაარსდა, იმის შემდეგ, აქტივიცა ვარ, ოჯახის წევრიცა ვარ და მოკლედ, “ქართული ოცნება“ ჩემთვის არის ყველაფერი და რას უსაბამებთ ერთმანეთს ვთქვათ ააიპ-ს და აქტივს, მე ვერ ვგებულობ
ჟურნალისტი: როგორც პარტიული აქტივისტი იღებთ ხელფასს, თუ მხოლოდ ააიპ-ის თანამშრომელი ხართ?
ლევან ბლიაძე: დედაა, არაფრის ხელფასს არ ვიღებ, ჩემო კარგო. მე ჩემი სამსახური მაქვს და ჩემი სამსახურიდან ხელფასზე ვცხოვრობ, ჩემო კარგო.
ჟურნალისტი: და ჩვენ რომ სამსახურში სამუშაო საათებში ვიყავით მოსული, არ დადიხართ ხოლმე სამსახურში, თუ შვებულებაში იყავით?
ლევან ბლიაძე: უყურე, უყურე, მომისმინეთ, თქვენ რომ მოდიხართ, ჩემო კარგო, მე და ჩვენ – მთავარი სპეციალისტი და სპეციალისტი, ორნი ვართ უსაფრთხოების განხრით… მე ვიყავი წასული მაგ დღეს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ბალონების ჩამოსატანად, ხანძარსაწინააღმდეგო ბალონებით ვავსებთ და ვამარაგებთ პარკს და დღეს ვიყავი შუადღემდე, ჩემო კარგო და დღის მეორე ნახევარში ვთხოვე, რომ შვილი მყავდა გამოცდაზე წამოსაყვანი და წამოვიყვანე.
ჟურნალისტის ხმა: ფეისბუკში გამოქვეყნებულ ფოტოებში ლევან ბლიაძე ხშირად პოზირებს ბორჯომში “ქართული ოცნების” აქტივისტებთან ერთად: უჩა იობაშვილი, რომელიც ა(ა)იპ “ბორჯომის დასუფთავება და კეთილმოწყობაში” მუშაობს სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში, ფეისბუკზე ხშირად ბილწსიტყვაობს “ქართული ოცნების” ოპონენტების მიმართ. ამ ფოტოში ის სერგი მუშკუდიანთან ერთად პოზირებს. სერგი მუშკუდიანთან შეხვედრას ჩვენ ახალციხეში 2 დღის მანძილზე ვცდილობდით.
ჟურნალისტი: არა, კარს ნუ მიხურავთ, უბრალოდ ვკითხულობ ბატონ სერგის და მაინტერესებს როდის იქნება? როდის იქნება?
კარიდან ხმა: არ ვიცი
ჟურნალისტის ხმა: “ქართული ოცნების” ოფისში ამ დროს მუშკუდიანის გარდა ახალციხის მერი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტაბატაძე და საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბესიკ ბლიაძე იმყოფებოდნენ. საბოლოოდ მუშკუდიანმა ოფისი ისე დატოვა, რომ ჩვენთან შეხვედრა არ ისურვა.
ჟურნალისტი: ბატონო სერგი!.. რატომ გააპარეთ? რატომ გაიპარა? კაი ხანია ველოდებით და
დავით ტაბატაძე: ვინ გაიპარა?
ჟურნალიტი: ბატონი სერგი
ბესიკ ბლიაძე: და რა ჭირდა გასაპარი?
ჟურნალიტი: თუ არაფერი არ ჭირდა ველოდებით 2 დღეა და რა ვიცი აბა.
ჟურნალისტის ხმა: ამის შემდეგ კიდევ არაერთხელ შევეცადეთ სერგი მუშკუდიანთან დაკავშირებას, წერილობითაც გავუგზავნეთ შეკითხვები, თუ რატომ არ უხდიან პარტიულ აქტივისტებს სამცხე-ჯავახეთში ხელფასს “ქართული ოცნების” პარტიული ბიუჯეტიდან და დასაქმებულები ჰყავთ მუნიციპალურ ააიპ-ებში, თუმცა მუშკუდიანმა ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხა.
ჟურნალისტის ხმა: სერგი მუშკუდიანი თავადაც არაერთხელ დაუფიქსირებია ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობრივ აქციებში სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივ ჟურნალისტებს. “სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტთან ერთად ჩვენ რამდენიმე თვის მანძილზე ვსწავლობდით ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალურ იურიდიულ პირებში დასაქმებულების კავშირებს მმართველ პარტიასთან.
ჟურნალისტი: ნუკა, რა გამოიკვეთა ახალციხეში ჩვენი მოკვლევის შედეგად?
ნუკა სტეფნაძე, “სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტი: მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა ის, რომ ახალციხის მერიას აქვს დაფუძნებული 12 ააიპ-ი, სადაც დასაქმებული ჰყავს 1216 ადამიანი და მათ ხელფასებზე იხარჯება 11 მილიონ ლარზე მეტი. ასევე, ააიპ-ების თანამშრომლებს ხელისუფლება იყენებს, როგორც ადმინისტრაციულ რესურსს, ხშირ შემთხვევაში. მაგალითად, 29 აპრილს “ქართული ოცნების” და რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე ახალციხიდან თბილისში წასაყვანი ადამიანების მობილიზებას უწევდა ააიპ „ახალციხის სერვის ჯგუფის“მთავარი ინჟინერი ირაკლი კურტანიძე. ანუ ის მობილიზებას ახდენდა როგორც აიპ-ის თანამშრომლების, ასევე საჯარო მოხელეების. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსგავსი ტიპის მობილიზებას გასულ წლებში ახდენდა საკრებულოს ყოფილი დეპუტატი და უკვე ამჟამად ააიპ „სასაფლაოების მართვის ცენტრის“ დირექტორი გიორგი ბეროშვილიც. ასევე, გვაქვს არაერთი შემთხვევა, როდესაც ააიპ-ების თანამშრომლები პარალელურად საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრები არიან “ქართული ოცნებიდან”. და ბოლოს, აღმოვაჩინეთ ისიც, რომ ააიპ ბაღების გაერთიანების დირექტორის მარინა მერაბიშვილის მეუღლეს “ქართული ოცნებისთვის” აქვს შეწირული 10 000 ლარი.
ჟურნალისტი: იმის გამო, რომ 1217 ადამიანია დღეს ახალციხის ააიპ-ებში დასაქმებული და ხშირად ეს ადამიანები არიან, როგორც თქვენ ბრძანეთ წეღან, ასევე, პარტიული აქტივისტები, ანუ რატომ არ უხდიან ვთქვათ პარტიული ბიუჯეტიდან და რატომ უხდით
ირაკლი ლაზარაშვილი, ახალციხის მერი: ჩვენი პარტიული მხარდამჭერი, კიდევ ერთხელ გეუბნებით, შეიძლება იყოს ნებისმიერი მოქალაქე, მათ შორის ააიპ-ის თანამშრომელიც
ჟურნალისტი: ეს ადამიანები, ააიპ-ის თანამშრომლები ბიუჯეტიდან იღებენ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდებიან
ირაკლი ლაზარაშვილი, ახალციხის მერი: მუშაობს ხალხი, ხალხი მუშაობს.
ჟურნალისტი: და მათ შორის არის მაგალითად “ოცნების” მხარდამჭერის აქციების ორგანიზება
ირაკლი ლაზარაშვილი, ახალციხის მერი: არა, არა. როდესაც აწყობს პარტია ორგანიზებას და გარკვეულ ორგანიზებაზე ხდება, შეიძლება მონაწილეობა მიიღოს ჩვენმა თანამშრომელმაც, რომელიც წერს შვებულებას და სრული კანონიერი უფლება აქვს, რომ მიიღოს მონაწილეობა.
ჟურნალისტის ხმა: დიმიტრი სამხარაძის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში, რომლებიც “ქართული ოცნების” რეგიონულ კოორდინატორებთან შეხვედრას ასახავს, შიდა ქართლის კურატორი აბელ აბესაძე დავაფიქსირეთ. აბესაძე 2021 წლიდან გუბერნატორის მოადგილეა შიდა ქართლში. ის ფეისბუკში ხშირად აქვეყნებს “ქართული ოცნების” შიდა ქართლის პარტიულ აქტივთან შეხვედრების ამსახველ ფოტოებს. ამ ფოტოზე ჩვენ რამდენიმე აქტივისტი ამოვიცანით, რომლებიც 1 წლის წინ კასპში “ოცნების” აგრესიულ აქციაში მონაწილეობდნენ ოპოზიციის და მედიის წარმომადგენლებზე. ორივე მათგანი მუნიციპალური ააიპ-ის თანამშრომელი აღმოჩნდა.
ნატო ცინცაძე: დიახ, დიახ, ესეთი დირექტივა მაქვს და ახლა მოშორდი მაქედან
ჟურნალისტის ხმა: ეს ნატო ცინცაძეა – კასპში ერთ-ერთი საბავშვო ბაღის თანამშრომელი.
ჟურნალისტი: გიული ყოჩიშვილს ვხედავთ, კასპის კულტურის სახლის წარმომადგენელს. ქალბატონო გიული, რას აპროტესტებთ?
გიული ყოჩიშვილი: შენს ჩამოსვლას.
ჟურნალისტი: ვისგან მიიღეთ დავალება?
გიული ყოჩიშვილი: არავისგან…
აქციის მონაწილის ხმა: ეეე გაააჯ…ით აქედან ახლა
ჟურნალისტის ხმა: მეტი დეტალის გასარკვევად შიდა ქართლში მივდივართ. გორში მუნიციპალურ იურიდიულ პირებში “ქართული ოცნების” აქტივისტების დასაქმების სქემას ჩვენ ადგილობრივი ონლაინ-გამოცემის, Qartli.ge-ის ჟურნალისტებთან ერთად ვიკვლევდით.
ჟურნალისტი: 00:21 საბა, როგორც გავარკვიეთ, გორის მუნიციპალიტეტს დაფუძნებული აქვს 12 ააიპი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017-18 წლის კვლევებში ნათქვამია, რომ შემოსავლის 34% მიდის ააიპ-ებში, ხომ? აი, ჩემი კითხვა არის, რამდენად ეფექტურად მუშაობენ ეს ააიპები და როგორ ხდება აქ თანამშრომლების შერჩევა?
საბა წიწიკაშვილი, qartli.ge-ის დამფუძნებელი: ჩვენ მოვიპოვეთ აუდიტის დასკვნა, როგორც შიდა, ასევე სახელმწიფო აუდიტის დასკვნები. 2023 წლის აუდიტის დასკვნებში წერია, რომ ეს თანამშრომლები ააიპ-ებში, თანამშრომლების დასაქმება ხდება კონკურსის გარეშე, რაც იწვევს ამავე დასკვნის მიხედვით, არაკვალიფიციური კადრების მოზიდვას. ეს რაოდენობა ხალხის, რომელიც არის აქ დათვლილი და მათ მიერვე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ ხალხს იყენებენ პარტიული ინტერესისთვის.
ჟურნალისტი: რას გულისხმობთ?
საბა წიწიკაშვილი, qartli.ge-ის დამფუძნებელი: როდესაც 2024 წლის როდესაც 29 აპრილს მოხდა რუსული კანონის თითქოსდა მხარდასაჭერი აქციის ორგანიზება ხელისუფლების მიერ, ამ ააიპ-ის თანამშრომლები წაიყვანეს გორიდან, რომლის ვიდეომასალაც გადაღებული გვაქვს. ამ ხალხს იყენებს, კულტურის განვითარების სააგენტოს და სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს თანამშრომლებს იყენებენ შემდეგ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ჩატარებული აქციებისთვის, რომელიც ორგანიზებული იყო ხელისუფლების და ისევ ის ავტობუსები იყვნენ და ისევ იმ მიკროავტობუსებით იყვნენ მობილიზებულები. ეს მტკიცებულებები ჩვენ გადაღებული გაქვს და ეს მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ამ ააიპ-ებს იყენებენ პარტიული მიზნებისთვის.
ჟურნალისტის ხმა: ყველაზე მეტი – 1043 ადამიანი “გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოშია” დასაქმებული. გავარკვიეთ, რომ ხელისუფლების მხარდამჭერ აქციებზე ხალხის მობილიზებით ამ სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი შათირიშვილი აქტიურობს, რომლის შვილიც გორის მერის, “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ნათლულია.“ქართულ ოცნებასთან” არიან დაკავშირებული გორის სხვა ააიპების ხელმძღვანელებიც: მაგალითად, “ქართული ოცნების” შიდა ქართლის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი იყო ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს დირექტორი ბექა გიუნაშვილი; ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორი გვანცა მჭედლიშვილი კი “ქართული ოცნების” შიდა ქართლის ქალთა ორგანიზაციის წევრია. სხვათაშორის ამ ააიპ-ის ყოფილი დირექტორები 2 წლის წინ სუს-მა კორუფციული ბრალდებებით მისცა პასუხისგებაში, თუმცა გირაოთი გათავისუფლებული ერთ-ერთი ყოფილი დირექტორი – ზურაბ ილურიძე შათირიშვილმა ბაღების სააგენტოში დაასაქმა თავის თანაშემწედ.
გორში მცხოვრები ფინანსისტი თამარ ედიშერაშვილი, რომელიც ოპოზიციური პარტია “ლელოს” მხარდამჭერია, ამბობს, რომ ააიპ-ებში დასაქმებულებს ხელისუფლება პარტიული ინტერესებისთვის იყენებს.
თამარ ედიშერაშვილი: აიპ-ები იქცნენ, აი, ეკონომიკის დაქცევის ერთ-ერთ მთავარ გმირებად, რა. იმიტომ, რომ რაში დაჭირდებათ, მნიშვნელობა არ აქვს, წელიწადში ერთხელ თუ 2 წელიწადში ერთხელ, ისინი ახლა, სად პარტია რომ აფინანსებს თავის მხარდამჭერს და სად კიდევ საბიუჯეტო ორგანიზაციებში რომ სხედან – მადლობლები, დავალებულები. აი, ეხლა ჩვენ ხომ ვატყობთ ხოლმე სტატუსებს როგორ უცბად, ერთი ხელის აკვრით ყველა ერთი და იგივე სტატუსს აზიარებს. მე პირადად დიტო სამხარაძეს არ ვიცნობ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ დიტო სამხარაძე რომ დადებს რაღაცას, მერე მუნიციპალიტეტებში ვირუსივით ვრცელდება, აი, ის რაღაცა ან უტიფარი გამოთქმა, ან რაღაც უტიფარი შეფასება. ძალიან ზედაპირზე დევს უკვე ეს მესიჯ ბოქსი, ვის რას ავალებენ, არა?! და მერე ეს ჩანს ხოლმე არჩევნებზე; ჩანს, როცა თბილისში ან სადმე სამთავრობო რაღაც ღონისძიება ეწყობა, რომ ავტობუსებით წაიყვანენ.
ჟურნალისტის ხმა: მუნიციპალურ ააიპ-ებში “ქართული ოცნების” აქტივისტების დასაქმებისა და ბიუჯეტიდან მათი ხელფასების დაფინანსების საკითხზე მმართველი პარტიის შიდა ქართლის კოორდინატორსა და რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე აბელ აბესაძესაც მივმართეთ შეკითხვებით:
ჟურნალისტი: რატომ არ უხდის პარტია ამ ადამიანებს თანხას საკუთარი ბიუჯეტიდან და მუნიციპალური აიპებიდან და შპს-ებიდან უხდის თანხებს?
აბელ აბესაძე: აი, რომელი შპს-დან ნახეთ, ერთი ფაქტი.
ჟურნალისტი: კი, ბატონო, გეტყვით ერთ ფაქტსაც და რამდენიმე ფაქტსაც
აბელ აბესაძე: ვერც ერთ ფაქტს ვერ მეტყვით
ჟურნალისტი: მაგალითად, გორში 2751 ადამიანია დასაქმებული და 18 მილიონი იხარჯება მათ ხელფასებზე და მათ შორის არიან ის ადამიანები
აბელ აბესაძე: რომელია პარტიული აქტივი? ადამიანები, რომლებიც მუშაობენ, საქმეს აკეთებენ, თქვენს ტელევიზიასთან არ ვთანამშრომლობ
ჟურნალისტი: ანუ ეს ადამიანები მონაწილეობენ ქართული ოცნების პარტიულ შეკრებებში, გადაღებული გვაქვს ვიდეომასალა
აბელ აბესაძე: თქვენ არ შეგიძლიათ არც ერთის სახელი და გვარი არ დამისახელოთ, მსგავსი ფაქტი, ამიტომ…
ჟურნალისტი: სახელს და გვარს გისახელებთ, მაგალითად, კასპში როდესაც დახვდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს, თქვენი პარტიის წევრები არიან ქალბატონი ნატო ცინცაძე…
აბელ აბესაძე: მშვიდობიან დღეს გისურვებთ
ჟურნალისტი: ანუ არ გვიპასუხებთ ამ შეკითხვებზე და არ შეგვხვდებით რომ ჩავიწეროთ ინტერვიუ?
აბელ აბესაძე: თქვენს ტელევიზიასთან არ ვთანამშრომლობ და შესაბამისად, შეხვედრითაც არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ შეგხვდეთ.
ჟურნალისტის ხმა: ანტიკორუფციულ ბიუროში წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით, 2023 წელს “ქართულმა ოცნებამ” ფულადი შემოსავლის სახით 12,669,074 ლარი მიიღო: აქედან 3,426,680 ლარი – სახელმწიფო ბიუჯეტიდან; 9,239,000 ლარი კი შემოწირულობების სახით. ამავე დეკლარაციის მიხედვით, პარტიას მხოლოდ 4 თანამშომლის ხელფასი აქვს დაფინანსებული, წლიურად 76,000 ლარით. ასევე, ერთჯერადად – 5 587.5 ლარით აქვს დაფინანსებული სიების დაზუსტებაში ჩართული 34 პირისა და 2 კოორდინატორის მომსახურება.
ჟურნალისტი: გამარჯობა, ბატონო დიტო, შეიძლება, რომ ჩაგწეროთ, “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტი ვარ.
დიმიტრი სამხარაძე, ქართული ოცნების რეგიონული მდივანი: მეზარება თქვენთან საუბარი. მაგარი მეზარება თქვენთან საუბარი.
ჟურნალისტი: კოორდინატორებთან დაკავშირებით, რამდენი კოორდინატორი ჰყავს რეგიონებში “ქართულ ოცნებას”?
დიმიტრი სამხარაძე, ქართული ოცნების რეგიონული მდივანი: ვინ გეკითხება, რამდენი თანამშრომელი გვყავს? ვინ გეკითხება?
ჟურნალისტი: დეკლარაციის მიხედვით, მხოლოდ 4 თანამშრომელი გყავთ. არ უხდით ხელფასს პარტიის თანამშრომლებს? პარტია არ უხდის?
დიმიტრი სამხარაძე, ქართული ოცნების რეგიონული მდივანი: რა შენი საქმეა?
ჟურნალისტის ხმა: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, 2019 წელს მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში 61,401 თანამშრომელი იყო დასაქმებული და მათ ხელფასებზე 262,210,100 ლარი დაიხარჯა. ცოტა ხნის წინ კი “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტურმა” 2023 წლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით სახელმწიფო სსიპ-ებში და ა(ა)იპ-ებში 176,100 ადამიანია დასაქმებული, რაც ბოლო 10 წლის რეკორდული მაჩვენებელია.
ჟურნალისტი: რატომ ზრდის ხელისუფლება ააიპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობას და ვის ასაქმებს ძირითადად?
გოგა თუშურაშვილი, IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი: თუ დავაკვირდებით, თუ როგორ ხდება თანამშრომელთა დასაქმება და გადავხედავთ იგივე საშტატო ნუსხებს, რამდენად დუბლირება ხდება კონკრეტული პოზიციების და აშ, ლოგიკურია, ჩნდება კითხვები, რომ საკმაოდ ხშირია შემთხვევები, რომ შესაძლებელია პოლიტიკური ნიშნით ხდებოდეს თანამშრომელთა მობილიზება, რომელსაც მერე უკვე მმართველი პარტია გამოიყენებს თავისი დავალებების შესასრულებლად. ჩვენ გვაქვს მუნიპალიტეტები, სადაც ააიპებში დასაქმებულთა რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის 10%-იან მაჩვენებელს აჭარბებს.
ჟურნალისტი [არქივის მასალა]: “თბილსერვის ჯგუფის” საქმეზე სასამართლო განხილვა 13 ნოემბერს განახლდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ის 4 მოწმე დაიკითხა, რომლებიც, გამოძიების ინფორმაციით, “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლებად ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები, სინამდვილეში კი ისინი “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორებად მუშაობდნენ”
ჟურნალისტის ხმა: „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე თბილისის მაშინდელ მერს, გიგი უგულავას ბრალი 2013 წელს წაუყენეს. საგამოძიებო უწყებების ცნობით, უგულავას დავალებით მერიის მუნიციპალურ საწარმოში, შპს „თბილსერვის ჯგუფში“ 2 წლის მანძილზე ფიქტიურად იყო დასაქმებული “ნაციონალური მოძრაობის” 764 აქტივისტი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა და პროკურატურამ თბილისის მერია 5 240 000 ლარის საბიუჯეტო თანხის გაფლანგვაში დაადანაშაულეს. გიგი უგულავა ბრალდებას უარყოფდა და აცხადებდა, რომ მუნიციპალურ საწარმოში დასაქმებულები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ და არა პარტიულ დავალებას. თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე უგულავას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, სააპელაციომ კი სასჯელი შეუმცირა და პატიმრობის ვადა საბოლოოდ 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით განესაზღვრა.