რკინიგზის დაკარგული შემოსავლები და დირექტორის დამალული სიმდიდრე
ჟურნალისტი: გაჭიანურებული და დაუსრულებელი სარკინიგზო პროექტები. გაზრდის ნაცვლად შემცირებული სატვირთო გადაზიდვები.
ირაკლი ღარიბაშვილი: ეს პროექტი ჯდება დაახლოებით 700 მილიონი ლარი, გამტარუნარიანობა გაიზრდება 3-ჯერ.
ჟურნალისტი: ფეშენებელური ვილა, ძვირადღირებული ავტომანქანა, ათასობით დოლარის ღირებულების ბრენდული სამოსი და აქსესუარები – საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის დამალული სიმდიდრე, რომელიც სტუდია მონიტორმა გამოააშკარავა.
სანდრო ქევხიშვილი: დიახ, ეს არის დაუსაბუთებელი სიმდიდრე.
ჟურნალისტი: ამ საღამოს, ასევე, მოგიყვებით, თუ რა კავშირი აქვს რუსეთთან დავით ფერაძის უახლოეს მეგობარს, რომელსაც სარკინიგზო ტვირთების გადაზიდვები ჩააბარა.
ილონა დიასამიძე: მათი ახლო ურთიერთობა, საქმიანი ურთიერთობის მიღმა ურთიერთობა შეიძლება იყოს გარკვეული გავლენის მომხდენი.
სათაური: რკინიგზის დაკარგული შემოსავლები და დირექტორის დამალული სიმდიდრე
ჟურნალისტის სტენდაფი: “საქართველოს რკინიგზა” სტრატეგიული ობიექტია როგორც ქვეყნისთვის, ისე მისი დე ფაქტო მმართველის, ბიძინა ივანიშვილისთვისაც. 10 წლის წინ ივანიშვილმა სარკინიგზო ტვირთებისა და შემოსავლების კონტროლი დეიდაშვილს – უჩა მამაცაშვილს ჩააბარა. მოგვიანებით მისი პოლიტიკური გუნდიდან სწორედ “რკინიგზის” გენერალური დირექტორი, მამუკა ბახტაძე გამოარჩია ქვეყნის პრემიერ-მინისტრად. ბახტაძის ადგილზე “რკინიგზაში” ივანიშვილის კომპანიის დირექტორი, დავით ფერაძე დაინიშნა. ჩვენ გამოვააშკარავეთ “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორის დამალული ქონება. ამ საღამოს, ასევე, მოგიყვებით, თუ რა კავშირი აქვს რუსეთთან ფერაძის უახლოეს მეგობარს, მამუკა მერკვილაძეს, რომელსაც სარკინიგზო ტვირთების კონტროლი ჩააბარა.
ჟურნალისტის ხმა: თბილისიდან ჩუმათელეთამდე 120 კმ-იანი გზის მონაკვეთი ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე საათნახევარში გავიარეთ. ამის შემდეგ ავტობანიდან გადავუხვიეთ. სწორედ აქ იწყება ერთადერთი საავტომობილო გზა, რომელიც ხარაგაულის სოფელ ზვარემდე მიდის. უამინდობის დროს ერთ დროს ცნობილ ბალნეოლოგიურ კურორტამდე მისასვლელი საავტომობილო გზა იკეტება. მზიან ამინდში კი ამ დანგრეული 28 კმ-იანი გზის მონაკვეთის გავლას იმაზე მეტი დრო ჭირდება, ვიდრე თბილისიდან ჩუმათელეთამდე მგზავრობას. სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა ზვარეში რამდენიმე წლის წინ დაიწყო, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესის ნაცვლად, გაუსაძლისი გახადა.
თეიმურაზ მაღლაკელიძე, ზვარე-წიფის ოლქში ყოფილი მაჟორიტარი კანდიდატი ენმ-დან: აქ იყო ულამაზესი ბუნება, რომელიც ამ რკინიგზასთან დაკავშირებით, მოადგნენ და ჩამოჭრეს არასწორად რა და მთელი მთა წამოვიდა, მეწყრული გახდა და ეს მეწყერი იმდენად საშიშია, ეტაპობრივად, ყოველი წვიმის შემდეგ მდინარეს კეტავს, კაშხალივით კეთდება, გუბდება მდინარე და არის საშიშროება, იმხელა კაშხალი გაკეთდება, აი, გაწმენდასაც ვერ მოასწრებენ და იქ დაბლა რაც მოსახლეობაა, ყველას შეექმნება ძალიან დიდი საფრთხე.
ჟურნალისტი: და შემდეგ ხელთავიდან გახდა საჭირო…
თემური: ხელთავიდან და მერე შემდეგში გააკეთეს ის ხაზი რა.
ჟურნალისტის ხმა: უგზოობისა და რკინიგზის მშენებლობის შედეგად განვითარებული მეწყერების გარდა, სოფლის მოსახლეობა იმის გამოც სწუხს, რომ ადგილობრივი მინერალური წყლის, “ზვარეს” ქარხანა განადგურდა, რაც დასაქმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო იყო მათთვის.
ჯამბულ ჩიტაძე, სოფელ ზვარეს მცხოვრები: მინერალური წყალი სათავე არ არის დამარხული, მარა სადაც ქარხანა იყო დამარხეს, მიწა დაყარეს, დამარხეს საერთოდ. შენობაც დამარხეს ნახევრად, თქვენც დაინახავდით. განადგურებული არაა, მა რა არი?! თვეში მილიონი ბოთლი წყალი ისხმებოდა, 120 კაცი დასაქმებული იყო, ნუ, თანამედროვე პირობებში 60 ხო დასაქმდებოდა?! ამ სოფლისთვის მაინც შეღავათი იყო, ხო? გარბის მერე ხალხი და აღარავინ აღარაა, მარტო სახლებია დარჩენილი, მეტი არაფერი.
ჟურნალისტის ხმა: სოფლის დატოვება რამდენიმე ოჯახს იმის გამოც მოუხდა, რომ საცხოვრებელი სახლები ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის არეალში მოექცა. მათ კომპენსაციები გადაეცათ. თუმცა ზვარეში არაერთი ოჯახია, რომელიც “საქართველოს რკინიგზას” მამაპაპისეული სახნავი მიწების მითვისებაში ადანაშაულებს. თინა ჩიტაძე ერთ-ერთი მათგანია. გვიყვება, რომ ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობამ არა მხოლოდ სახნავი მიწა დააკარგვინა, არამედ საცხოვრებელი სახლიც დაუზიანა. ჩიტაძეები ბოლო რამდენიმე წელია ეზოში ინახავენ ქვის ლოდებს, რომლებიც, მათი თქმით, იქვე რკინიგზის მშენებლობის დროს ჩამოიყარა ეზოში და სახლის კედლები დაბზარა.
თინა ჩიტაძე, სოფელ ზვარეს მცხოვრები: აფეთქება არ იყო მაშინ, ისე მუშაობდა ტრაქტორი ე, იქ, დაგორდა ქვაი და მოხვდა აგერ ამ ჩემს კედელს
ჟურნალისტი: ექსპერტიზა ჩატარდა? მოვიდნენ შემოწმებაზე?
თინა: ნახეს, 2-ჯერ იყვნენ. იქა დიდი ქვა იყო კიდევა დადებული იმხელა, ის რო დაგორებულიყო სულ დამინგრევდა აქა კუხნასა.
ჟურნალისტი: არავის არაფერი არ აუნაზღაურებია ე.ი. ზარალი?
თინა: არა, არა.
ჟურნალისტის ხმა: “საქართველოს რკინიგზის” განმარტებით, კომპანიას არ აქვს ინფორმაცია თინა ჩიტაძის სახლის დაზიანებაზე. კომპანიიდან ასევე მოგვწერეს, რომ მოსახლეობის მიწები არ მიუთვისებიათ და რეგისტრირებული ქონებების სანაცვლოდ სამართლიანი ფასი გადაიხადეს. “რკინიგზის” განმარტებით, ზვარეში 2016 წელს განვითარდა მეწყრული პროცესები, რომლის სალიკვიდაციო ხარჯები და, ასევე, მეორე მხარეს დერეფნის გადატანის ხარჯები სრულად მშენებელ კომპანიას დაეკისრა.
საქართველოს სარკინიგზო ხაზის ყველაზე რთული და ვიწრო ნაწილი უღელტეხილზე, ზვარეს მიმდებარედაა. სარკინიგზო ტვირთების წლიური გამტარუნარიანობა 27 მილიონი ტონაა. სწორედ გამტარუნარიანობის გაზრდის მოტივით შეცვალა “ქართულმა ოცნებამ” წინა ხელისუფლების დროს შემუშავებული თბილისი–მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტი.
ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრი, არქივი, 2015 წელი: როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ ჩვენ დაგვხვდა, რკინიგზას დახვდა პროექტი, რომელიც 50%-ით ამცირებდა გამტარუნარიანობას. შესაბამისად, რკინიგზის ახალმა ხელმძღვანელმა, დირექტორმა მამუკა ბახტაძემ და მისმა გუნდმა დაიწყეს მუშაობა ახალ პროექტზე, დაამუშავეს და ამ პროექტის შედეგად, იგივე ბიუჯეტით, ჩვენ ბიუჯეტი არ შეგვიცვლია, ეს პროექტი ჯდება დაახლოებით 700 მილიონი ლარი, გამტარუნარიანობა გაიზრდება 3-ჯერ.
ჟურნალისტის ხმა: ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ მისი პრემიერობის პირველი რაუნდის დროს დადო პირობა, რომ რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის განხორციელება 2019 წელს დასრულდებოდა.
ჟურნალისტის სტენდაფი: სარკინიგზო მაგისტრალის რეაბილიტაციის პროექტი ხელისუფლებამ 2010 წელს დაიწყო, თუმცა პროექტის დაწყებიდან 13 წლის შემდეგ სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და დაუსრულებელია. “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ვერ მოახერხა დაპირების შესრულება, რომლის მიხედვით, პროექტი 2019 წელს უნდა დასრულებულიყო.
ჟურნალისტის ხმა: შესაბამისად, ამ დრომდე შეუსრულებელია რკინიგზის გამტარუნარიანობის გასამმაგების დაპირებაც. თუმცა “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში სარკინიგზო ტვირთების გადაზიდვები ისე შემცირდა, რომ არსებული გამტარუნარიანობის თითქმის ნახევარიც აუთვისებელი რჩება. ამის გამო “საქართველოს რკინიგზა” და ქვეყანა ასეულობით მილიონი ლარის შემოსავალს კარგავს: “რკინიგზის” შემოსავლის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 1%-ია; ბიუჯეტში მისი შენატანი ნახევარ მილიარდ ლარს აღემატება. თავად “საქართველოს რკინიგზის” შემოსავლების ყველაზე დიდი წილი სწორედ ტვირთების გადაზიდვაზე მოდის – მაგალითად, 2022 წელს რკინიგზამ 674.7 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, აქედან 388.4 მილიონი ლარი – 14.7 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვის შედეგად მიღებული შემოსავალია.
უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ გააქტიურებული ე.წ. შუა დერეფნის მარშრუტმა “საქართველოს რკინიგზას” ახალი ტვირთებისა და შესაბამისად, დამატებითი შემოსავლის მოზიდვის შანსი მისცა. “შუა დერეფანი” მსოფლიოს 2 უმსხვილეს მოვაჭრეს – ჩინეთსა და ევროკავშირს ერთმანეთთან რუსეთის გვერდის ავლით, ცენტრალური აზიის, კავკასიის – მათ შორის საქართველოს, თურქეთისა და აღმოსავლეთ ევროპის გზით აკავშირებს. ამ მარშრუტის შემუშავება-განხორციელებაში საქართველო 2013 წლიდანაა ჩართული. თუმცა ხელისუფლებამ დღემდე ვერ აღმოფხვრა ხელშემშლელი ბარიერები, რაც უმთავრესად გაუმართავ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთანაა დაკავშირებული.
სტენდაფი: ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის ამ მონაკვეთზე მეწყრული პროცესები განვითარდა, რის გამოც უკვე რამდენიმე თვეა აქ მოძრაობის შეზღუდული რეჟიმია დაწესებული. რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის მსგავსად, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტიც ვერ დასრულდა დათქმულ ვადაში, რა დაპირებასაც “ქართული ოცნება” იძლეოდა.
ჟურნალისტის ხმა: ეკონომისტი გიორგი აბაშიშვილი გვიხსნის, რომ “შუა დერეფნის” შესაძლებლობების გამოყენებაში ქვეყანას ყველაზე მეტად სწორედ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა უშლის ხელს.
გიორგი აბაშიშვილი, “ბიზნეს ინსაიდერის” დამფუძნებელი: ცხადია, სახმელეთო ტრანსპორტიც და სარკინიგზო ტრანსპორტიც, საქართველოს გეოგრაფიიდან გამომდინარე, მარტო აღებული ვერ უზნრუნველყოფს ტვირთების საბოლოო დანიშნულებამდე მიტანას ვერც ერთი მიმართულებით. ცხადია, ამ შემთხვევაში საპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, შესაბამისად, ეს ყველაფერი …აუცილებლად უნდა იყოს ერთმანეთთან ბმაში.
ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრი, არქივი, 2015 წელი: ჩვენი ქვეყნის პოტენციალი მთავარი რაც არის, ეს არის ჩვენი ადგილმდებარეობა, რომელიც უნდა იქნას სრულად რეალიზებული და გამოყენებული… სწორედ ამას უკავშირდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის მშენებლობას ჩვენ დავიწყებთ მომავალ წელს უკვე.
მამუკა ბახტაძე, ექსპრემიერი,“საქართველოს რკინიგზის” ყოფილი გენ. დირექტორი, არქივი, 2016 წელი: მოდერნიზაციის პროექტი მნიშვნელოვან კავშირში არის ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებასთან, როგორც მოგეხსენებათ, ანაკლიის დასრულება იგეგმება 2019 წელს, შესაბამისად, ჩვენც მოდერნიზაციის პროექტის ამ ნაწილის დასრულებას ვგეგმავთ 2019 წლის ბოლომდე.
ჟურნალისტის ხმა: ყოფილი და დღესაც მოქმედი პრემიერების ამ დაპირებების მიხედვით, ახლა ამ ადგილზე, ანაკლიაში პორტი 4 წლის აშენებული უნდა იყოს. თუმცა რეალურად აქ დღემდე არაფერია აშენებული. დღემდე დაუსრულებულელია რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტიც. ამასთან, ბოლო რამდენიმე თვეა გაურკვეველი ვადითაა დახურული ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთიც.
სტენდაფი: გაჭიანურებული და დღემდე დაუსრულებელი სარკინიგზო ინფრასტრუქტურული პროექტები, სარკინიზგო ტვირთების გამტარუნარიანობის გაზრდის ნაცვლად აუთვისებელი პოტენციალი – ასეთია “საქართველოს რკინიგზის” დღევანდელი რეალობა. ამ ფონზე კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშნები ჩნდება იმ ქონების წარმომავლობასთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო წლებში “საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა დააგროვა.
ჟურნალისტის ხმა: დავით ფერაძე “საქართველოს რკინიგზის” გენერალურ დირექტორად 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა, მას შემდეგ, რაც მისმა წინამორბედმა და მომავალმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფინანსთა მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა. თავად ფერაძე კი რკინიგზაში დანიშვნამდე ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში მუშაობდა “მტკვარი ჰესის” დირექტორის თანამდებობაზე.
თანამდებობის პირის დეკლარაციას დავით ფერაძე 2018 წლიდან ავსებს. ხელფასს ის “საქართველოს რკინიგზიდან” და მისი შვილობილი კომპანიებიდან იღებს. 2018-23 წლებში ანაზღაურების სახით დავით ფერაძემ ჯამში მილიონ 200 ათას ლარზე მეტი მიიღო. ამას ემატება ცოლის – თამარ კახაიას მიერ კომპანია “ზიპლაინ კაუკასუსიდან” მიღებული შემოსავალი – ჯამში, 150 ათას ლარამდე. დეკლარაციების მიხედვით, ფერაძეს დანაზოგი თითქმის არ აქვს და ბანკებიდან სესხები აქვს გამოტანილი. მარნეულის სოფელ იმირში 6000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთები დავით ფერაძეს დეკლარირებული აქვს. ასევე, მითითებული აქვს, რომ ფლობს და თვეში 440 დოლარად აქვს გაქირავებული 150კვ.მ ბინა თბილისში, ჩიქოვანის 9 ნომერში. იქვე აქვს 20კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი.
სტენდაფი: დავით ფერაძემ ბოლო დეკლარაცია 31 იანვარს შეავსო და ჩაწერა, რომ მას და მის ცოლს ეკუთვნით მიწის ნაკვეთები თბილისში, ივერთუბანში. დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი ამ მიწის ნაკვეთებზე აშენებულ ფეშენებელურ ვილაზე, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ და ახლა გაჩვენებთ.
ჟურნალისტის ხმა: საცხოვრებელი ფართობი – 293 კვ.მ, საზაფხულო ფართობი – 218 კვ.მ, დამხმარე ფართობი – 63 კვ.მ, აუზის ფართობი – 45 კვ.მ, ჩოგბურთის კორტები, გამწვანებული ეზო – ეს არის დავით ფერაძის საკუთრებაში არსებული ფეშენებელური ვილა, რომელსაც “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი ქონებრივ დეკლარაციაში მალავს.
ჟურნალისტი: ახლა მე თქვენ გაჩვენებთ კადრს, თუ როგორ სახლში ცხოვრობს ის ივერთუბანში… ანუ რასთანა გვაქვს საქმე, თქვენ ბევრი დეკლარაცია გაქვთ შესწავლილი და უფრო მარტივად აგვიხსნით, ალბათ, რასთანა გვაქვს საქმე, რას აკეთებს საჯარო მოხელე ამით?
სანდრო ქევხიშვილი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანალიტიკოსი: ეს შემთხვევა პირდაპირი მაგალითია დეკლარირების ვალდებულების დარღვევის. ეს უკვე საკმარისი ინფორმაციაა
ჟურნალისტი: ანუ ეს არის დაუსაბუთებელი სიმდიდრე?
სანდრო: ეს არის დაუსაბუთებელი სიმდიდრე, დიახ, ეს არის დაუსაბუთებელი სიმდიდრე, რომელიც უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ პირველ რიგში შემოწმდეს ამ ადამიანის დეკლარაცია… აუცილებლად ეს შემთხვევები უნდა გაიგზავნოს პროკურატურაში შემდგომი გამოძიებისთვის, მხოლოდ გამოძიებას შეუძლია დაადგინოს, ხომ არ არის აქ რეალურად დაუსაბუთებელი ქონება და სხვადასხვა კორუფციული დანაშაული.
ჟურნალისტის ხმა: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მიხედვით, თანამდებობის პირს აქვს დეკლარირებული ქონების წარმომავლობის დასაბუთების ვალდებულება. ანუ თუკი დავით ფერაძე დეკლარაციაში ამ ფეშენებელურ ვილას ჩაწერდა, ის ვალდებული იქნებოდა დაესაბუთებინა, თუ რა სახსრებით შეძლო მისი აშენება და კეთილმოწყობა.
სტუდია მონიტორის შეკითხვებს დავით ფერაძემ წერილობით უპასუხა. მოგვწერა, რომ სახლის მშენებლობა, რომელშიც ის და მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ და ეს ჩვენმა აეროგადაღების კამერამაც არაერთხელ დააფიქსირა, ჯერ კიდევ დაუსრულებელია და შესაბამისად, მის დეკლარირებას ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ აპირებს. ფერაძემ უპასუხოდ დატოვა ჩვენი შეკითხვა, თუ როგორ და რა შემოსავლებით მოახერხა ამ სახლის აშენება და კეთილმოწყობა ან რატომ არ მიუთითა ეს ხარჯები დეკლარაციაში. გავარკვიეთ, რომ მხოლოდ ეს სახლი არ არის, რასაც ფერაძე ქონებრივ დეკლარაციაში მალავს. დეკლარაციაში არაფერია მითითებული, თუ რა სახსრებით ყიდულობს ფერაძის ცოლი ძვირადღირებულ ბრენდულ სამოსს, აქსესუარებსა და სამკაულს.
“პრადას” ასეთი ჩანთა, რომელიც “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორის ცოლს, თამარ კახაიას ამ ფოტოში უჭირავს ხელში, ერთ-ერთ ონლაინ სავაჭრო პლატფორმაზე $3,410 ღირს. “დიორის” ეს ჩანთა კი – $4,600 დოლარი. თამარ კახაიას ფოტოების შესწავლის შედეგად გავარკვიეთ, რომ ის არა მხოლოდ ძვირადღირებული ბრენდული სამოსის, არამედ ძვირფასი სამკაულის მოყვარულიცაა. მაგალითად, ამ ფოტოში მას მაჯაზე უკეთია კარტიეს სამაჯური, რომლიც მინიმუმ 5000 დოლარი ღირს. დავით ფერაძემ მოგვწერა, რომ თუ ცოლის საკუთრებაში არსებული რომელიმე ეს ნივთი დეკლარირებას საჭიროებს, შესაბამისი წესით აისახება დეკლარაციაში. კანონის შესაბამისად, ფერაძე ვალდებულია ამ ნივთების დეკლარირებაზე, რადგან თითოეული მათგანის ღირებულება 5000 ლარზე მეტია.
სტუდია მონიტორმა არაერთხელ გადაიღო დავით ფერაძის ცოლი RAV-4-ის საჭესთან, რომელიც ძმის სახელზეა რეგისტრირებული. ასეთი ავტომანქანა მინიმუმ 20 ათასი დოლარი ღირს, თუმცა ის “რკინიგზის” გენერალური დირექტორის ხელმძღვანელს დეკლარირებული არ აქვს.
ქონებრივ დეკლარაციაში შეუსაბამობების გამო დავით ფერაძე 2019 წელს დააჯარიმა საჯარო სამსახურის ბიურომ. მაშინ ბიურომ მისი ძმა – თეიმურაზ ფერაძეც დააჯარიმა, რომელიც ფინანსთა სამინისტროში საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. დაჯარიმების საფუძველი ის ფაქტი გახდა, რომ თეიმურაზ ფერაძემ დეკლარაციაში არ მიუთითა მის მიერ მიღებული ანაზღაურება, ასევე, ერთჯერადი შემოსავალი, რომელიც აღემატებოდა 3000 ლარს და ერთჯერადი გასავალი, რომელიც აღემატებოდა 5000 ლარს. თეიმურაზ ფერაძემ ბოლოს დეკლარაცია 2022 წელს შეავსო, საიდანაც ირკვევა, რომ ძმის მეზობლად, ივერთუბანში მანაც შეიძინა სახლი და მიწის ნაკვეთი. ივერთუბანშივე იყიდა ფერაძეების მამამ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მიმდინარე წლის დასაწყისში უკვე გაიცა სახლის მშენებლობის ნებართვა.
გასული წლის იანვრიდან თეიმურაზ ფერაძე სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია. პრეზიდენტად კი მისი და მისი ძმის მეგობარი და ბიზნეს-პარტნიორი მამუკა მერკვილაძეა არჩეული.
“საქართველოს რკინიგზაში” გენერალურ დირექტორად დანიშვნისთანავე დავით ფერაძემ რკინიგზის შვილობილ კომპანიაში – შპს ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალებში – ჯერ დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი დირექტორად დანიშნა მამუკა მერკვილაძე, სადაც ეს უკანასკნელი 2018 წლის ბოლომდე იყო დასაქმებული.
“ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალები” სატვირთო საექსპედიტორო მომსახურებას ეწევა, რომელიც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სარკინიგზო, საგზაო და საზღვაოსნო ტრანსპორტით მშრალი ტვირთის ტრანსპორტირებასთანაა დაკავშირებული.
მშრალ ანუ საკონტეინერო ტვირთებს ფოთის პორტი ემსახურება. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს რკინიგზით საკონტეინეტო ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებელი, მზარდმა მოთხოვნამ კი პორტში ახალი ტერმინალის მოწყობის აუცილებლობა გააჩინა.
სტენდაფი: ეს არის ადგილი ფოთში, სადაც ახალი მულტიმოდალური ტერმინალი წლის ბოლომდე უნდა გაიხსნას. ტერმინალი შუა დერეფნის ფარგლებში საქართველოს რკინიგზით ფოთის პორტში გადასაზიდ ტვირთებს მოემსახურება. ტერმინალის საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონი დოლარია. მას ქართულ-ყაზახური კომპანია ააშენებს. ქართულ მხარეს ამ კომპანიაში “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორის დავით ფერაძის უახლოესი მეგობარი მამუკა მერკვილაძე წარმოადგენს.
ჟურნალისტის ხმა: მამუკა მერკვილაძეს მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან – ის რუსეთში ქართველთა დიასპორის ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტია. მერკვილაძის ცოლი თამარ დუდუნია რუსეთის ესტრადის მომღერალია, რომელიც ამ კონცერტზე გამოსვლის შემდეგ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დააჯილდოვა. მამუკა მერკვილაძე დავით ფერაძის ცოლთან ერთად კომპანია “ზიპლაინ კაუკასუსს” ფლობს, ხოლო ძმასთან – თეიმურაზ ფერაძესთან ერთად – შპს “სკალას”. დანიშნა თუ არა ფერაძემ მამუკა მერკვილაძე რკინიგზაში მეგობრობისა და ბიზნეს კავშირების გამო, ამ კითხვაზე პასუხად “საქართველოს რკინიგზამ” მოგვწერა, რომ “კომპანიის საოპერაციო საქმიანობის სწორად წარმართვისა და იმ შედეგების მიღწევისთვის რა შედეგებიც დღეს საქართველოს რკინიგზას აქვს, დავით ფერაძემ შეკრიბა გუნდი, რომლის საქმიან უნარებსაც ენდობოდა. მათ შორის იყო მამუკა მერკვილაძე”.
“საქართველოს რკინიგზაში” 2020 წელს დასაქმდა მგზავრთა გადაყვანის ფილიალის დირექტორის მოადგილედ გიორგი გომარელი, რომელიც მანამდე დავით ფერაძის სიმამრის ბიზნესპარტნიორი გახდა შპს “მარდიელი კაპიტალში”. ეს კომპანია თბილისში სასტუმრო “ვესტის” მფლობელია. 2022 წელს გომარელი, რკინიგზაში თანამდებობაზე მუშაობის პარალელურად, ამ კომპანიის დირექტორიც გახდა. ამჟამად ის რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების განყოფილების უფროსის მოადგილეა და ამავდროულად კერძო კომპანია “მარდიელი კაპიტალის” დირექტორიც.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტს ვთხოვეთ შეეფასებინა, არის თუ არა სახეზე ინტერესთა კონფლიქტი, როდესაც დავით ფერაძემ მაღალ თანამდებობზე ნიშნავს მეგობრებს ან მისი ოჯახის წევრების ბიზნესპარტნიორებთან.
ილონა დიასამიძე, საია-ს იურისტი: „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულირება. შესაბამისად მასზე ვრცელდება ინტერესთა კონფლიქტისათვის დადგენილი რეგულირება. თანამდებობის პირს ეკრძალება ოჯახის წევრისა და სხვა დაკავშირებული პირების თანამდებობებზე დანიშვნა, რომლებიც უშუალოდ მის ზედამხედველობაში, ქვემდებარეობაში არიან.
ჟურნალისტი: ბიზნეს პარტნიორი შეიძლება მივიჩნიოთ დაკავშირებულ პირად?
ილონა: ითვლება. იმიტომ რომ მათი ახლო ურთიერთობა, საქმიანი ურთიერთობის მიღმა ურთიერთობა შეიძლება იყოს გარკვეული გავლენის მომხდენი, ამიტომ ეს უნდა გახდეს შესწავლის საგანი და შესაბამისმა უწყებებმა შესაბამისი გამოკვლევის შემდგომ უნდა მიიღონ დასაბუთებული გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით.
ჟურნალისტის ხმა: დავით ფერაძის ქონებრივი დეკლარაცია ანტიკორუფციულმა ბიურომ მიმდინარე წელს უნდა შეისწავლოს. ამის შემდეგ გაირკვევა, თუ როგორ ირეაგირებს სახელმწიფო “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორის მიერ საეჭვო ქონების დაგროვების ფაქტზე.
სოფელ ზვარეში მცხოვრების ხმა: არც ჯებირებს უკეთებენ, არაფერს არ უკეთებენ, პატრონი არ არის არაფერი. იმ ზევით საყარი გააკეთეს, ღმერთმა ნუ ქნას და მოშვავდეს, თორე ის ნუნისის წყალი დაიკეტება და მერე სულ წაგვიღებს და ეგ იქნება ახლა. არავინ მოიკლავს ჩვენი წაღებისთვის თავს, მარა.