როგორ შეიძლება იყენებდეს რუსეთი საქართველოს სანქციებისგან თავის ასარიდებლად

ჟურნალისტი: ნინო რამიშვილი ; რედაქტორი: მაია მეცხვარიშვილი
Divider dot 31 დეკემბერი 2023

საქართველოს მთავრობაში ირწმუნებიან, რომ სრულად იცავენ რუსეთისთვის უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, თუმცა “სტუდია მონიტორის” მიერ მოპოვებული ინფორმაცია აჩენს ეჭვებს, რომ შესაძლოა ხდებოდეს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება რუსეთისთვის სანქციების ასარიდებლად.

“აიტი-დისტრიბუშენი” საქართველოში, ჭიათურის სოფელ კაცხში, 2019 წელს დააფუძნა ბელარუსის მოქალაქე სერგეი კოპიტაენკომ. კომპანია კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებითა და პროგრამული უზრუნველყოფით საბითუმო ვაჭრობას ეწევა. კომპანიის საწყობი თბილისში, სავაჭრო ცენტრ “ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზაშია” განთავსებული.

კოპიტაენკომ 2023 წლის მარტში, თავის რუს პარტნიორთან ერთად, მოსკოვში დააფუძნა შპს “DIGITAL RETAIL“, რომელიც ქართული კომპანიის მსგავსად, კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებითა და პროგრამული უზრუნველყოფით საბითუმო ვაჭრობას ეწევა. 

“სტუდია მონიტორის” მიერ საქსტატიდან მოპოვებული მონაცემების მიხედვით, “აიტი-დისტრიბუშენი” 2023 წელს ჩინეთიდან საქართველოში ტოპ-10 იმპორტიორ კომპანიას შორისაა, ამასთანავე – საქართველოდან სომხეთში ექსპორტიორების სიაშია.

ტოპ 10 იმპორტიორი ჩინეთიდანტოპ 10 საიმპორტო საქონელი ჩინეთიდან
სს კავკასიან პეტ კომპანიპორტატიული ციფრული გამომთვლელი მანქანები
შპს ავტოტექნორეზინის ახალი პნევმატური სალტეები და საბურავები ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის
შპს აიტი-დისტრიბუშენიბრტყელი ნაგლინი რკინისა ან არალეგირებული ფოლადისაგან
შპს ალტამოწყობილობები ჰაერის კონდენცირებისათვის
შპს ალფა პეტიპოლიეთილენტერეფტალატი
შპს ემტექნიკსიავტომობილები-თვითმცლელები, განკუთვნილი უგზოობის პირობებში ექსპლუატაციისათვის
შპს ჯი არ სიბრტყელი ნაგლინი რკინისა ან არალეგირებული ფოლადისაგან სიგანით
შპს თეგეტა თაიარ იმპორტსსამთვლიანი ველოსიპედები, თვითგორიები, პედლებიანი ავტომობილები და ანალოგიური სათამაშოები ბორბლებზე; ეტლები თოჯინებისათვის; თოჯინები; სათამაშოები
შპს იუ-ჯი-თიმთლიანად ავტომატური სარეცხი მანქანები
შპს ნოვაშინაური ქათმის (Gallus domesticus) ნაკლავის ნაწილები და სუბპროდუქტები, გაყინული
ჩინეთიდან მსხვილი იმპორტიორები და ტოპ-10 იმპორტირებული საქონელი ჩინეთიდან 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში

კომპანიამ სომხეთსა და ყაზახეთში სხვადასხვა სახის ელექტრომოწყობილობები გაიტანა, მათ შორის, მონაცემების დამუშავების ციფრული ბლოკები, პროცესორები და კონტროლერები, ხმის, გამოსახულების ან სხვა მონაცემების მიღების, გარდაქმნის და გადაცემის მოწყობილობები. 

საერთაშორისო სანქციების შესაბამისად, ამ მოწყობილობების რუსეთისთვის მიწოდება 2023 წლიდან აკრძალული აქვს ევროკავშირს, აშშ-ის, იაპონიას, გაერთიანებულ სამეფოს. ივნისიდან კი მათი მესამე ქვეყნებში გატანაც შეზღუდეს, საიდანაც ეს პროდუქცია შესაძლოა რუსეთში შევიდეს. ევროკავშირის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიის თანამშრომლობის შედეგად შემუშავებულია ორმაგი დანიშნულების პროდუქციის სია, ვინაიდან დადგენილია, რომ ამ პროდუქციას რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებისთვის იყენებს.

“ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ იქ, დამკვეთი რომ მიიღებს ამ საქონელს, მერე რას უშვება”, – უთხრა “სტუდია მონიტორს” “აიტი-დისტრიბუშენის” წარმომადგენელმა ქეთი მასხულიამ, – “მაშინ სახელმწიფო დონეზე უნდა კონტროლდებოდეს ეგ ყველაფერი და სახელმწიფოს არ აქვს ასეთი ბერკეტები. ჯერჯერობით ჩვენს მიმართაც არანაირი პრეტენზია არ ყოფილა არც საბაჟოზე და არც რაიმე სხვა ორგანოში”.

ივნისის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ხელმძღვანელმა ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ სანქციებისთვის გვერდის ავლა “არსებით პრობლემაა” და რომ ამ საკითხებს ის სხვადასხვა ქვეყნებთან განიხილავდა – თურქეთის, ყაზახეთის, საქართველოს, არაბთა გაერთიანებული საემიროებისა და სომხეთის ჩათვლით. მაშინ გამოცემა POLITICO-მ ო’ბრაიენის ამ განცხადებას საბაჟოებიდან მოპოვებული ინფორმაცია დაურთო, რომლის მიხედვით, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების – საქართველოს, ყაზახეთისა და სომხეთის – ვაჭრობა რუსეთთან გაიზარდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

ივნისიდანვე ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი აამოქმედა, რომელითაც კიდევ უფრო გაძლიერდა ზომები სანქციებისთვის გვერდის ავლის რისკის შესამცირებლად, კერძოდ, შეიზღუდა ისეთი ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების ტრანზიტი, რაც შეიძლება რუსეთის სამხედრო და ტექნოლოგიური განვითარების გაძლიერებას დაეხმაროს.

“სტუდია მონიტორმა” საქსტატიდან მოიპოვა სანქციების პაკეტით განსაზღვრული ელექსტროსაქონლით ვაჭრობის მონაცემები, რის შედეგადაც გავარკვიეთ, რომ ამ პროდუქციის ტრანზიტს არაერთი კომპანია ეწეოდა საქართველოში, მათ შორის 2023 წელსაც, როდესაც ეს სანქციები ამოქმედდა.

ჩინეთიდან საქართველოში იმპორტი 2023 წლის 10 თვეში კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 23%-ით გაიზარდა და 1 მლრდ 132 მილიონი აშშ შეადგინა. ამასთან, ამ პერიოდში ჩინეთიდან უმეტესწილად სწორედ ელექტრომოწყობილობები იქნა შეძენილი.

2023 წელს ორმაგი დანიშნულების ელექტრომოწყობილობებს ჩინეთის გარდა თურქეთიდანაც არაერთი ქართული კომპანია ყიდულობდა. 

2023 წლის პირველ 10 თვეში თურქეთიდან იმპორტის მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 10%-ით გაიზარდა და 2 მილიარდ 104 მილიონი დოლარი შეადგინა.

2023 წლის იანვარ-სექტემბერში სანქცირებული ელექტროსაქონლის თურქეთიდან იმპორტს და შემდეგ სომხეთში ექსპორტს ახორციელებდა ქართული კომპანია – შპს გეოიმპექსი. კომპანიის დირექტორმა ბესიკ ქორიძემ “სტუდია მონიტორს” უთხრა, რომ სექტემბერში შემოსავლების სამსახურისგან რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტით სანქცირებული ელექტროსაქონელის კოდები და შეტყობინება მიიღო, რომ ამ კოდებით ექსპორტი საქართველოდან აღარ განეხორციელებინათ.

“ერთი თვის წინ მოხდა ამ კოდის საქონლის აკრძალვა, ზუსტად არ მახსოვს, ერთი თუ ორი თვის წინ მოხდა და ყველა საქონელი უკან დაბრუნდა თურქეთში. საქართველოდან გატანა ყველა შემთხვევაში აიკრძალა, ექსპორტი არცერთ ქვეყანაში არ შეიძლება”, – გვითხრა ბესიკ ქორიძემ.

საქართველოდან სომხეთში ექსპორტის მაჩვენებელი 2023 წლის პირველ 10 თვეში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 56%-ით გაიზარდა და 657,524,710 აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, განსაკუთრებული ზრდა სწორედ ორმაგი დანიშნულების ელექტროსაქონლის ექსპორტში ფიქსირდება. მაგალითად, 2023 იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1280%-ით გაიზარდა ციფრული ბლოკების ექსპორტი და 3,047,730 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ სომხეთში განსაკუთრებით გაიზარდა სხვადასხვა ქვეყნიდან ელექტრომოწყობილობების იმპორტი. ამის გამო სომხეთში მოქმედი ზოგიერთი კომპანია უკვე მოექცა სანქციების ქვეშ. მაგალითად, აშშ-მ დაასანქცირა შპს “ტაკო”, რომელიც სომხეთში ელექტრომოწყობილობებით ვაჭრობის სფეროში ოპერირებდა.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად კი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელი თინა ხიდაშელი “სტუდია მონიტორთან” საუბარში ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სომხეთის გარდა, ე.წ. მესამე ქვეყნების სიაშია, ასევე, ყაზახეთი და ყირგიზეთი, რომლებთანაც საქართველოს ექსპორტის მაჩვენებლები დრამატულადაა გაზრდილი. ეს კი საფუძვლიან ეჭვს აღძრავს, რომ შესაძლოა ამ გზითაც ხდებოდეს საქართველოს გამოყენება რუსეთისთვის სანქციებისგან ასარიდებლად.

საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტის მაჩვენებელი 2023 წლის პირველ 10 თვეში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 900%-ით, ანუ 57-დან 564 მილიონ დოლარამდე გაიზარდა; რაც შეეხება ყაზახეთს, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში 580 მილიონ დოლარამდე ღირებულების ექსპორტი განხორციელდა საქართველოდან, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 240%-ით აღემატება.

“შეხედეთ ყირგიზეთთან პროცენტის ზრდის მაჩვენებელს, ყირგიზეთი ამერიკამ შეიყვანა იმ სიაში სახელმწიფოების, რომლებიც სწორედ, აი, ამ სანქციების მეორადი გზით თავის არიდების ქვეყნები არიან, ანუ სომხეთი და ყირგიზეთი და ჩვენ ზუსტად სომხეთთან და ყირგიზეთთან გვაქვს გაზრდილი ყველაზე მეტად ვაჭრობა, სომხეთის რიცხვი კიდევ ისეთი არაა, ყირგიზეთის მონაცემი არის წარმოუდგენელი.

საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია თქვას, რომ იცი რა, ჩემი საბოლოო დანიშნულების ქვეყანა ყირგიზეთია და მის იქით მე არ მაქვს კონტროლიო. ტექნიკურად თუ მივუდგებით საკითხს, ხო, მართალია, მაგრამ რეალურად, ნუ, არ ვიცი ახლა, მინიმუმ იმის მერე, რაც ამერიკელებმა გამოაქვეყნეს ამ მაღალი რისკის მატარებელი ქვეყნების სია, ვფიქრობ, რომ მინიმუმ იმის შემდეგ მაინც უნდა დაფიქრებულიყვნენ, რა ტიპის ვაჭრობა აქვთ ქვეყნებთან, რომელთანაც საერთოდ არ ჰქონდათ მანამდე არავითარი ვაჭრობა და რამ გამოიწვია ეს”, – უთხრა “სტუდია მონიტორს” თინა ხიდაშელმა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, რომელიც პასუხისმგებელია სანქციების პაკეტით გათვალისწინებული ელექტროსაქონლის საქართველოში შემოტანისა და ქვეყნიდან გატანის პროცესის კონტროლზე, “სტუდია მონიტორმა” მიმართა შეკითხვებით, თუმცა პასუხები ვერ მივიღეთ, თუ როგორ ახერხებენ კომპანიები ამ პროდუქციით ვაჭრობას საქართველოს ტერიტორიის გავლით. 

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების დაკისრების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდებოდა ამ სანქციებს:

“საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და ჩვენი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს, გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას. შესაბამისად, მე, როგორც პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის წინაშე, მთავრობის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაზე, ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით ვიხელმძღვანელე, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით“,თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის 25 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მეორე დღეს.

თუმცა 2023 წლის ზაფხულში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს და აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან: “საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან საქართველოს მიერ მიღებულია საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1 200-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 800-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

იმავე პერიოდში, ასევე, განცხადებით გამოეხმაურა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სანქცირებული ელექტრომოწყობილობების საქართველოს გავლით გატანის საკითხს, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ  საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო “სრულად იცავს დადგენილ წესებს და მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ფორმალობას”.

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ოპოზიციის წარმომადგენელი თეონა აქუბარდია სანქციებთან მიმართებაში მთავრობას გადაწყვეტილება საპარლამენტო დებატების შემდეგ უნდა მიეღო, რაც რუსეთისთვის სანქციების არიდების პროცესში საქართველოს ჩართულობაზე ეჭვებს გამორიცხავდა.

“არის რაღაცა სანქციები, რასაც შეგვეძლო, რომ შევერთებოდით. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი განსაზღვრავს საგარეო და საშინაო პოლიტიკას და შემდგომ მთავრობა ახორციელებს მას, ამაზე მსჯელობაც კი არ ხდება. ჩვენ თუ ვლაპარაკობთ, რომ პარლამენტში წარვადგენთ მთლიანად მოსახლეობას, ნორმალურ ქვეყნებში მოხდებოდა მსჯელობა და შემდეგ იქნებოდა განხილვა იმისა, შეგვიძლია რაღაცა ეკონომიკურ სანქციას შევუერთდეთ, თუ არ შეგვიძლია, საგარეო  პოლიტიკის კუთხით ეს რამხელა მნიშვნელობას მოგვცემდა, როცა გვინდა ევროკავშირის წევრობა”, – გვითხრა თეონა აქუბარდიამ.

საქართველოს მთავრობა, მისივე ქვეყნის კანონმდებლობით ოკუპანტად აღიარებული რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს არ მიუერთდა და უფრო მეტიც დრამატულად გაზარდა მასთან ვაჭრობის მოცულობა და ქვეყნის რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება.

2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან იმპორტი 31%-ით გაიზარდა და 927 მლნ დოლარი შეადგინა. ყველაზე მეტად რუსეთიდან საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა: 2021 წელს 135 მილიონი დოლარის ნავთობპროდუქტები შემოვიდა საქართველოში, 2022 წელს – 620 მილიონ დოლარის, 2023 წლის 9 თვეში კი – 477 მილიონი დოლარის ღირებულების.

“ნავთობიმპორტიორთა კავშირის” ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი გვიხსნის, რომ ეს რუსული ნავთობპროდუქტების სიიაფითაა განპირობებული. მისივე თქმით, რუსეთი საქართველოს ნავთობპროდუქტს ფასდაკლებით აძლევდა, რადგან რუსულ ნედლ ნავთობს წელიწადზე მეტია ევროკავშირის მიერ ემბარგო ადევს, დასანქცირებულია რუსული გიგანტი ნავთობკომპანიებიც.

“ჩვენ სანქცირებულ პროდუქტს არ ვიღებდით. სანქცირებული რუსეთში არის გიგანტური დიდი კომპანიები – ეს “როსნეფტი” იქნება თუ სხვა, აქედან არ მოდიოდა. პარალეურად, აი, პატარა კერძო კომპანიები, რომლებიც არ არიან სანქცირებული, მათგან  შემოდიოდა საქართველოში. “რეგულარს” ვიღებდით მთლიანად რუსეთიდან. ბიზნესი სადაც ნახავს იაფად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, იქ იყიდის, რადგან მერე უნდა გაყიდოს და უნდა ნახოს მოგება. ეს არი ბიზნესი” – ამბობს ვახტანგ იობაშვილი.

მისივე თქმით, რუსეთი საწვავის საკითხს ყოველთვის იყენებდა და იყენებს პოლიტიკურ იარაღად და ასე მოიქცა საქართველოს შემთხვევაშიც, როდესაც 2023 წლის სექტემბერში რუსეთის ხელისუფლებამ საავტომობილო ბენზინის ექსპორტი აკრძალა: “ეს იყო პოლიტიკური განკარგულება. ამ დადგენილებას რუსეთმა მოაყოლა, რომ გაწევრიანდით ევრაზიის კავშირშიო და არ ექნება პრობლემაო”. 

უკრაინაში ომის შემდეგ საქართველოს სუპერმარკეტებში უკრაინული სურსათი ფაქტობრივად სრულად რუსულმა ჩაანაცვლა. “იმპორტიორთა კავშირის” ხელმძღვანელი ივა ჭყონია გვიხსნის, რომ გაძვირებული უკრაინული პროდუქცია იაფმა რუსულმა სურსათმა ჩაანაცვლა.

“იმპორტის მოცულობა გაიზარდა და გასაკვირი ამაში არაფერი არ არის, რომ რუსეთიდან გაიზარდა. იმიტომ, რომ ლოგისტიკა იაფი არის, წარმოება უფრო იაფია, და ა.შ.” – ამბობს ივა ჭყონია.

იმპორტთან შედარებით მცირედ, მაგრამ გაზრდილია საქართველოდან რუსეთში ექსპორტის მაჩვენებელი.

უმსხვილესი ექსპორტიორები რუსეთში
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
სს ბადაგონი
სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა
სს ლომისი
შპს Bolero & Company
შპს GVMT Group
შპს ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი
შპს ასკანელი ძმები
შპს ატლანტიკ საქართველო
შპს გლობალ დისტრიბუშენ
შპს დემე
შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია
შპს თეისთ ეურაზია
შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
შპს კახური ღვინის მარანი
შპს ლოადს
შპს პაკო 2017
შპს რუსელოის
შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი
შპს ფრეშბერი ექსპორტ
ტოპ-20 ექსპორტიორი რუსეთში 2023 წლის იანვარ-სექტემბერში

უმსხვილეს ექსპორტიორებს შორის უმეტესად ღვინის მწარმოებელი კომპანიები არიან. 2006 წელს რუსეთმა ქართულ ღვინოზე ემბარგო დააწესა, რამაც ამ სფეროში წლების მანძილზე მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა, თუმცა საბოლოოდ გაიზარდა ქართული ღვინის ხარისხი, ფასი და პოპულარიზაცია სხვა ქვეყნებში. 2012 წლის შემდეგ კი, როდესაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა, რუსეთმა ქართულ ღვინოზე ემბარგო გააუქმა, რის შემდეგაც იგი კვლავაც რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული გახდა.

“სტუდია მონიტორის” შეკითხვას, თუ რატომ იზრდება საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე და რამდენად მიზანშეწონილია ეს იმ ფონზე, როდესაც დასავლეთი მუდმივად აფართოებს სანქციებს აგრესორ ქვეყანაზე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ არ უპასუხა.

თინა ხიდაშელის თქმით, რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების გაზრდას მოკლევადიანი ეფექტი აქვს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხოების რისკებს აჩენს: 

“ხელისუფლების დამოკიდებულებამ გამოიწვია სინამდვილეში ეს მაღალი ხარისხის ბმა და ჩამოკიდება რუსულ ეკონომიკაზე, რომელიც მანამდე ნამდვილად ამ მასშტაბის არ ყოფილა. უსაფრთხოება დოლარებით არ გაიზომება. სინამდვილეში, გაცილებით უფრო ძვირი გვიჯდება ამ სანქციებთან არ შეერთება გრძელვადიანად, ვიდრე ის მოკლე ეფექტი, რაც უკავშირდება რუსული ბაზრიდან შედარებით იაფად საქონლის შემოტანას და ა.შ.”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ბოლო კვლევის მიხედვით, 2022-23 წლებში საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა, რაც “საფრთხის შემცველია, რადგან, ტრადიციულად, რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს”.


მასალა მომზადებულია “მედიის საერთაშორისო მხარდაჭერის” (IMS) მიერ დაფინანსებული პროექტის – “ქალი გამომძიებელი ჟურნალისტების ქსელი” (WIJN) – ფარგლებში.

ამავე პროექტის ფარგლებში უკრაინელი ჟურნალისტის მიერ მომზადებულ მასალას იმაზე, თუ როგორ გაიზარდა თურქეთიდან და ყაზახეთიდან რუსეთში ორმაგი დანიშნულების ელექტრომოწყობილობების იმპორტი იხილეთ ამ ბმულზე. რა ვითარებაა მოლდოვაში რუსეთისთვის სანქციების არიდების საკითხთან დაკავშირებით, ამ თემაზე გაეცანით სტატიას ამ ბმულზე. როგორ გაიზარდა სომხეთიდან რუსეთში ექსპორტი და რა რისკები არსებობს სანქციების არიდების კუთხით, მასალას გაეცანით ამ ბმულზე. მასალების იურიდიული ექსპერტიზა განხორციელდა UNESCO-ს მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.