საარჩევნო დავების განმხილველი მოსამართლეების კავშირები კლანთან
ჟურნალისტის შეკითხვა: უცებ გკითხავთ რა, ბატონო ვალერიანე, თქვენ მოსამართლედ დაინიშნეთ მურუსიძესთან ერთად და ამის შემდეგ მოხდა თქვენი დაწინაურება…
ჟურნალისტის შეკითხვა: გკითხავთ, რადგანაც სხდომა დასრულებულია. თქვენ საარჩევნო დავებს განიხილავთ და თითქმის სულ არ აკმაყოფილებთ და რისი ბრალი არის ეს?
ჟურნალისტის ხმა: ვინ განიხილავს საარჩევნო დავებს სასამართლოში?
ნაზი ჯანეზაშვილი: ის იყო ლევან მურუსიძის თანაშემწე და მხარი დაუჭირეს სწორედ ამიტომ.
გვანცა წულუკიძე: კლანი არასოდეს დაუშვებს იმას, რომ საარჩევნო დავები განიხილონ დამოუკიდებელმა მოსამართლეებმა.
ჟურნალისტის ხმა: “სტუდია მონიტორმა” შეისწავლა, თუ რა ბერკეტები აქვს მოსამართლეთა გავლენიან კლანს საარჩევნო დავების განხილვის პროცესზე.
ლანა გალდავა: კლეპტოკრატიულ სახელმწიფოს ჯიბეში ჰყავს საოლქო საარჩევნო კომისია, საუბნო საარჩევნო კომისია და ცხადია, სასამართლო, თავისი ყველა ინსტანციით.
თამარ კორძაია: ინსტრუქცია აქვთ იმ მოსამართლეებს, ვინც საარჩევნო დავებს განიხილავენ და ზუსტად ერთი და იგივე არგუმენტაციით გვეუბნებიან სარჩელებზე უარს.
სათაური: საარჩევნო დავების განმხილველი მოსამართლეების კავშირები კლანთან
– მოქალაქენო, გთხოვთ, დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები!
ჟურნალისტი: ჩვენ ახლა მოვედი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. სწორედ ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს უცხადებდნენ უნდობლობას და აპროტესტებდნენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიცია და მოქალაქეები მაშინ, როდესაც ისინი სპეცრაზზმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
ჟურნალისტის ხმა: ცენტრალური საარჩევნო კომისია, იგივე ცესკო 17 წევრისგან შედგება, საიდანაც 9 – პარტიების, მათ შორის, 1 – “ქართული ოცნების” მიერაა წარდგენილი. მიმდინარე წლის თებერვალში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად კი, პროფესიული ნიშნით შერჩეულ 8 წევრს, მათ შორის, თავმჯდომარეს, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს. ამასთან, 27 ივნისს მიღებული კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილებით, ცესკოს დადგენილების მიღება ⅔-ის ნაცვლად, უმრავლესობით, ანუ ოპოზიციიდან დანიშნული წევრების მხარდაჭერის გარეშე შეუძლია. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვნად ზრდის ცესკოზე “ქართული ოცნების” ხელისუფლების გავლენას.
ჟურნალისტი: არჩევნების საბოლოო შედეგებს ცესკო აჯამებს საოლქო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული მონაცემების საფუძველზე. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს ცესკო ხელმძღვანელობს და აკონტროლებს. ის, თუ რა გავლენები აქვს ცესკოზე ხელისუფლებას უკვე გითხარით. მაშინ რა ბერკეტები რჩება ოპოზიციას და რაც მთავარია, ამომრჩეველს, რომ დაიცვას საკუთარი ხმა? დიახ – ეს ბერკეტია სასამართლო! მაგრამ როგორ მუშაობს სინამდვილეში ეს მექანიზმი? “სტუდია მონიტორმა” შეისწავლა და ახლა გაჩვენებთ, თუ ვინ განიხილავს საარჩევნო დავებს სასამართლოში და რა კავშირები აქვთ მათ სასამართლო კლანის ლიდერებთან და ხელისუფლებასთან?
– შემდეგი გაჩერება ისანი [ხმა მეტროდან]
ჟურნალისტის ხმა: ისანში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შედეგად არაერთი დარღვევა დაფიქსირდა: დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში, ბათილი ბიულეტენების დამატება ნამდვილებისთვის, უზუსტობა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაში. ამის გამო, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრები შევიდა ოპოზიციისა და დამკვირვებელი ორგანიზაციებისგან.
ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიამ, რომლის დაქვემდებარებაშიც 83 საარჩევნო უბანი შედიოდა, შემთხვევით გამოვლენილი 5 უბანი გადათვალა. 5-დან 4-ში დარღვევები გამოვლინდა. ამას გარდა, სრულად ან ნაწილობრივ გადათვალა კიდევ 12 უბანი, რომელთა შემაჯამებელ ოქმებშიც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ხარვეზი დაფიქსირდა. გამოვლენილი დარღვევების გამო, საიამ გაასაჩივრა კიდევ 50 უბნის შედეგების შემაჯამებელი ოქმები, რომლებიც ოლქის მიერ არ იყო გადათვლილი. ამასთან, ოპოზიციამ კიდევ 10-მდე უბნის შედეგების ხელახლა გადათვლა მოითხოვა, რაც საოლქო კომისიამ არ დააკმაყოფილა და არჩევნების შედეგები არ გააბათილა.
- ქალბატონ ფიქრიასთან ვართ.
- საიდანა ხართ?
- სტუდია მონიტორიდან .
- საარჩევნო უბნებზეა გასული.
- ბატონო?
- საარჩევნო უბანზეა გასული.
- რამდენ ხანში მობრუნდება?
- არ ვიცი.
ჟურნალისტის ხმა: ფიქრია ნიკოლაშვილი 2021 წელსაც ისნის საოლქო საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდა, როდესაც აღნიშნულ ოლქში “ქართული ოცნებიდან” კენჭს ისნის რაიონის გამგებელი კახაბერ ლაბუჩიძე იყრიდა. გავარკვიეთ, რომ ნიკოლაშვილის სიძის – კახაბერ მანჯგალაძის კომპანია “ფინეზა” სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, თბილისის გამგეობების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში იმარჯვებდა. ამ კომპანიას, ჯამში, 10 მილიონ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები აქვს მოგებული. ფიქრია ნიკოლაშვილი არ შეგვხვდა, თუმცა მოგვწერა, რომ მის საქმიანობას საოლქო კომისიაში სიძის ბიზნეს აქტივობებთან კავშირი არ აქვს.
- სასამართლოში წადით და დათვალეთ ყველა .
- ათასობით საჩივარზე იძახით მექანიკურიაო.
- უფლება გაქვთ სპეციალურად სასამართლოში მოითხოვოთ, გადაგითვლიან.
- სასამართლო, ქალბატონო, თქვენზე უკეთესაც ვიცი და თქვენ ოლქში რას აკეთებთ?
ჟურნალისტის შეკითხვა: ქალბატონო ლანა, თქვენ 2021 წელს იყავით “ლელოს” მაჟორიტარობის კანდიდატი ისნის რაიონში. აი, ეს კადრები გადაღებულია სწორედ მაშინ, არჩევნების შემდეგ, როდესაც თქვენ და დანარჩენმა ოპოზიციამაც გაასაჩივრა ისნის საოლქო კომისიაში შედეგები და ეს კომისიამ არ დააკმაყოფილა და მიგითითათ სასამართლოზე. როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები?
ლანა გალდავა, პარტია “ლელოს” საპარლამენტო მდივანი: მე არ ვიყავი მხოლოდ 2021 წელს, მონაწილეობას ვიღებდი, როგორც ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ასევე, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. რა თქმა უნდა, ორივე წელს იყო არნახული გაყალბების ფაქტები. ორივე არჩევნები, აი, ლეგიტიმურობის ზღვარზეც კი არ ყოფილა: იყო ჩატარებული არასამართლიან, არაკონკურენტუნარიან და რა თქმა უნდა, არათავისუფალ გარემოში, იმიტომ, რომ ყველა ეტაპზე – წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს, არჩევნების შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიაზე, შემდეგ უკვე სასამართლოში ირღვეოდა ჩვენი უფლებები. არათუ ირღვეოდა, საერთოდ, უფლებრივი მდგომარეობა ჩვენი ცნობილ არ იქნა და გამოქონდათ გადაწყვეტილებები სახელმწიფოს მმართველი პარტიის ინტერესების შესაბამისად. ანუ არის “ქართული ოცნება”, ანუ არის უმრავლესობა, უმრავლესობას, როგორც კლეპტოკრატიულ სახელმწიფოს ჯიბეში ჰყავს საოლქო საარჩევნო კომისია, საუბნო საარჩევნო კომისია და ცხადია, სასამართლო, თავისი ყველა ინსტანციით.
ჟურნალისტის ხმა: 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის დროს დაფიქსირებული დარღვევების გამო ისნის საარჩევნო ოლქის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში არაერთი სარჩელი შევიდა. მოსარჩელეებს შორის იყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც ისნის შვიდი უბნის შედეგების გაბათილებას მოითხოვდა.
ჟურნალისტის შეკითხვა: რა დარღვევების გამო ითხოვდით მაშინ ამ უბნების გაბათილებას და რა გადაწყვიტა სასამართლომ?
თამარ კორძაია, ენმ-ს წარმომადგენელი: 2021 წლის საარჩევნო დავები არაფრით არ განსხვავდებოდა 2020 წლის დავებისგან და საერთოდ, ინსტრუქცია აქვთ იმ მოსამართლეებს, ვინც საარჩევნო დავებს განიხილავენ და ზუსტად ერთი და იგივე არგუმენტაციით გვეუბნებიან სარჩელებზე უარს. ძირითადად არის, რომ მაგალითად თუ ვცდილობთ, რომ გავაუქმოთ კონკრეტული უბნის შედეგი, აუცილებლად არის პასუხი, რომ ამის ბათილად ცნობა მაინც ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე. მე მაქვს მოლოდინი, რომ 2024-შიც ყველაზე მეტად იქნება, იმიტომ, რომ ერთიანი, დიდი, პროპორცია არის და შესაბამისად, ამას გააკეთებენ, მაგრამ პირიქით, ამ შემთხვევაში გაცილებით ყურადღებით უნდა მოექცნენ ნებისმიერ უბნის შედეგებს, იმიტომ, რომ ნებისმიერმა უბანმა შეიძლება პროპორცია ყველა პარტიას შორის შეცვალოს გაბათილების შემთხვევაში, ამიტომ ვურჩევდი მოსამართლეებს, რომ დაფიქრდნენ და იგივე პრაქტიკას არ მიჰყონ ხელი 2024 წლის არჩევნებში.
ჟურნალისტის ხმა: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალომე სამხარაძემ თავისი გადაწყვეტილება ასე დაასაბუთა: “საარჩევნო უბნებზე ადგილი აქვს ხმათა რაოდენობის ნაკლებობას არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობასთან მიმართებით, აღნიშნული კი გავლენას ვერ მოახდენს კენჭისყრის საბოლოო შედეგებზე…სასამართლოს აღნიშნული არ მიაჩნია საარჩევნო კანონმდებლობის იმგვარ დარღვევად, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სადავო განკარგულების ბათილად ცნობა”.
მსგავს არგუმენტაციას იშველიებენ სხვა მოსამართლეებიც თავიანთ გადაწყვეტილებებში, რომლებითაც არ აკმაყოფილებენ საარჩევნო ადმინისტრაციების წინააღმდეგ პოლიტიკური პარტიებისა და დამკვირვებელი ორგანიაციების სარჩელებს.
მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებას საარჩევნო დავაზე, ასე ასაბუთებს: “სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის არგუმენტაციას იმაზე, რომ სადავო უბნებში გაბათილებული ბიულეტენების ოდენობა იმდენად ბევრია, რომ აღნიშნული წარმოადგენს სადავოდ გამხდარი უბნების ბათილად ცნობისა და შედეგების გადათვლის საფუძველს”.
ამგვარი არგუმენტაციით, 2021 წლის არჩევნების შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსთან დაკავშირებით სასამართლოში წარდგენილი არცერთი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მთლიანობაში, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოებმა,117 საქმე განიხილეს. აქედან: 93 – არ დაკმაყოფილდა, 2 – განუხილველი დარჩა, 1-ზე წარმოება შეწყდა, 8 – ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 13 – დაკმაყოფილდა.
რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ საარჩევნო დავების 80%-ის შემთხვევაში არ ხდება სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება? ჩვენ ამის გასარკვევად ახლა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” მივაკითხავთ, რომელსაც საარჩევნო დავებში მონაწილეობისა და მათზე დაკვირვების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ჟურნალისტის შეკითხვა: რაზე მიანიშნებს ის ფაქტი, რომ ასეთი დაბალია სასამართლო დავების დროს დადებითად გადაწყვეტილების მაჩვენებელი?
ნონა ქურდოვანიძე, საია-ს თავმჯდომარე: ეს რამდენიმე ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული. ყველაზე მარტივი, ეს შეიძლება იყოს უბრალოდ კომპეტენციის ნაკლებლობა, მაგრამ უფრო სერიოზული მიზეზები შეიძლება იყოს სხვაგან საძიებელი. კერძოდ, იქ, რომ საარჩევნო დავები პირდაპირ უკავშირდება არჩევნების შედეგებს, კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ ძალაუფლების შენარჩუნება ხდება თუ არ ხდება, ვინმე ლახავს თუ არა ბარიერს და ა.შ. ამიტომ ეს პოლიტიკურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას სასამართლოს მიერ სწორად გადაწყვეტილი საქმე და როდესაც შეიძლება მოსამართლე ხედავდეს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი წყდება მან ტენდენციურად – პოლიტიკური გავლენებით თუ სხვა ტიპის ჩარევების შედეგად მიიღოს სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ჟურნალისტი: საქართველოს სასამართლო სისტემა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან იმართება. თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელისუფლებასთან დაახლოებული გავლენიანი კლანის ხელშია – ეს დასტურდება არა მხოლოდ “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიებებით, არამედ მართლმსაჯულების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების კვლევებით. ჩვენ ახლა გაჩვენებთ, თუ რა ბერკეტები აქვს კლანს საარჩევნო დავების განხილვის დროს.
ჟურნალისტის ხმა: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო დავებს ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეები განიხილავენ. 2020 წლის აგვისტომდე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოქმედი 5 ვიწრო სპეციალიზაციიდან 4-ში საარჩევნო დავები შედიოდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო დავები ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მხოლოდ პირველი კატეგორიის სპეციალიზაციის მოსამართლეების განსახილველი გახდა.
სწორედ 2020 წელს გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაციამ – “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” კვლევა მოსამართლეთა წინასაარჩევნო მიგრაციაზე, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ვიწრო სპეციალიზაციებში მოსამართლეთა შემადგენლობის ფორმირებასთან დაკავშირებული ხარვეზიანი საკანონმდებლო ნორმები აჩენს რისკს, რომსაარჩევნო დავების ვიწრო სპეციალიზაციები სასამართლო სისტემაში არსებულ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან, ე.წ. კლანთან დაახლოებული პირებით დაკომპლექტდეს, რომლებიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ. GDI-ის კვლევის მიგნებებს არ დაეთანხმა იუსტიციის უმაღლესი საბჭო და წერილობით გამოხმაურებაში აღნიშნა, რომ სასამართლოში არანარი გავლენიანი კლანი არ არსებობს.
ჟურნალისტის შეკითხვა: კონკრეტულად რა შესაძლებლობები აქვს სასამართლო კლანს, რომ საარჩევნო დავები მათთან დაახლოებული მოსამართლეების ხელში მოხვდეს განსახილველად და რა პრობლემებს ქმნის ეს?
გვანცა წულუკიძე, GDI-ის კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორი: ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა არის, რომ სასამართლოს თავმჯდომარეებს საკუთარი დისკრეციის ფარგლებში შეუძლიათ ვიწრო სპეციალიზაციებში მოსამართლეების ცვლილება, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ შეუძლიათ საკუთარი შეხედულებისამებრ შეუცვალონ მოსამართლეებს ვიწრო სპეციალიზაცია და ამას იყენებენ ხოლმე რიგ შემთხვევებში, როდესაც მათ სურთ, რომ ამა თუ იმ კატეგორიის საქმის განხილვა მოხვდეს იმ მოსამართლის ხელში, რომელიც მათთვის არის სანდო და კლანისთვის არის ლოიალური და კლანი არასოდეს დაუშვებს იმას, რომ ისეთი კატეგორიის დავები, როგორიც არის საარჩევნო დავები, განიხილონ, ასე ვთქვათ, კეთილსინდისიერმა და დამოუკიდებელმა მოსამართლეებმა, რომლებიც არიან ერთეულნი, მაგრამ მაინც არიან სასამართლოებში და ისინი ვერსადროს მოხვდებიან იმ კატეგორიაში, რომლებმაც შეიძლება ასეთი ტიპის დავები განიხილონ.
ჟურნალისტი: ეს გახლავთ საარჩევნო დავებთან დაკავშირებული საჩივრების რეესტრი. როგორც ხედავთ, ამ დროისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოებმა დაახლოებით 10-მდე საჩივრის განხილვა დაასრულეს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. არც ერთი მათგანი არ დაკმაყოფილებულა. რეესტრიდან ასევე ჩანს, რომ საარჩევნო დავებს წელსაც ის მოსამართლეები განიხილავენ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ვინც – 2021 წელს. აი, მაგალითად, აქ გვხვდება მოსამართლე სალომე სამხარაძის სახელი და გვარი. ამიტომ ახლა შევეცდებით გავარკვიოთ, რა კავშირები აქვთ მათ სასამართლო კლანის გავლენიან ლიდერებთან.
ჟურნალისტის ხმა: სალომე სამხარაძე მოსამართლედ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2021 წლის ივნისში დანიშნა. მაშინ ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო და კარგად ახსოვს, თუ როგორ მიიღო საბჭომ სასამართლო კლანის გავლენიანი ლიდერის, ლევან მურუსიძის თანაშემწის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ დანიშვნის გადაწყვეტილება.
ჟურნალისტის ხმა: რა ნიშნით მოხდა სალომე სამხარაძის უვადო მოსამართლედ დანიშვნა და რა როლი ჰქონდა მის დანიშვნაში ლევან მურუსიძეს?
ნაზი ჯანეზაშვილი, “სასამართლო გუშაგის” დამფუძნებელი: სალომე სამხარაძის შემთხვევა არის საუკეთესო მაგალითი სწორედ იმისა, თუ როგორ ინიშნებიან სისტემაში სოციალიზებული, კლანთან დაახლოებული ადამიანები, ანუ აპარატის თანამშრომლები მოსამართლედ. ის იყო ლევან მურუსიძის თანაშემწე, ის მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მას ძალიან კარგად იცნობდა ეს გავლენიანი ჯგუფი, ჰქონდათ მუშაობის და თანამშრომლობის გამოცდილება და მხარი დაუჭირეს სწორედ ამიტომ. ვერ გახდებოდა ის ნამდვილად უვადო მოსამართლე, რომ არა მურუსიძის ან, ასე ვთქვათ, სხვა პირების მხარდაჭერა . ბუნებრივია, რომ ის შეასრულებს იმ მითითებას და იმ ადამიანის მითითებას, რომელმაც ის დანიშნა, ის არ შეასრულებს, რა თქმა უნდა, კანონის უზენაესობის პრინციპებს, ის გამოვა სწორედ ამ ჯგუფის ინტერესებიდან.
ჟურნალისტის ხმა: სალომე სამხარაძეს მოსამართლედ დანიშვნამდე დაახლოებით 20,000 ლარი ჰქონდა წლიური ანაზღაურება, 2024 წლის დეკლარაციის მიხედვით კი მისი, როგორც მოსამართლის ხელფასი 4-ჯერ მეტი – 85,513 ლარია. დეკლარაციის მიხედვით, სამხარაძის საკუთრებაში უძრავი ქონება არ ფიქსირდება, თუმცა, როგორც გავარკვიეთ, დის კუთვნილ ბინაშია რეგისტრირებული ჟვანიაზე ქუჩაზე.
სწორედ ამ ბინასთან მივაკითხეთ სალომე სამხარაძეს არაერთხელ, მაგრამ მასთან შეხვედრა ვერ მოვახერხეთ. ამიტომ შეკითხვები წერილობით გავუგზავნეთ, მაგრამ პასუხები ვერ მივიღეთ.
– მურუსიძე უვადო მოსამართლედ დაინიშნა. მის კანდიდატურას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 წევრი მიემხრო, 1 წევრის ხმა გაბათილდა, ხოლო 2 წინააღმდეგ წავიდა. წინააღმდეგ მისცეს ხმა არამოსამართლე წევრებმა – ნაზი ჯანეზაშვილმა და ირმა გელაშვილმა, ანა დოლიძემ კი ბიულეტენი გააბათილა, რადგან ამ პროცესს უკანონოდ მიიჩნევდა.
ჟურნალისტის ხმა: ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2018 წლის 28 დეკემბერს დანიშნა. იმავე დღეს საბჭომ უვადო მოსამართლედ გაამწესა ვალერიანე ფილიშვილი, რომელმაც ფეისბუკში საბჭოსადმი მადლობის ტექსტი გამოაქვეყნა და განსაკუთრებით გამოყო ლევან მურუსიძის წვლილი.
ვალერიანე ფილიშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საბჭოს ყველა იმ წევრს, რომლებმაც ხმა მოგვცეს უვადოდ დანიშვნაზე. ვულოცავ ჩემს კოლეგებს უვადოდ დანიშვნას, განსაკუთრებით ბატონ ლევან მურუსიძეს, რომელსაც ბევრი სასიკეთო საქმე აქვს გაკეთებული როგორც სასამართლოსთვის, ისე თითოეული მოსამართლისათვის. სწორედ ამიტომაცაა, რომ ბატონ ლევნს, როგორც მოსამართლესა და ადამიანს ყველა პატივს სცემს და აფასებს. თუ ვინმე იმსახურებდა უვადოდ დანიშვნას, ეს პირველ რიგში ბატონი ლევანი იყო.
ჟურნალისტის ხმა: უვადოდ დანიშვნიდან მალევე, 2019 წლის ივლისიდან ვალერიანე ფილიშვილი გორის რაიონული სასამართლოდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ. ამ დროიდან მის სახელს უკავშირდება არაერთი გახმაურებული საქმე, როდესაც მისი გადაწყვეტილებით დააჯარიმეს ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს დაკავებული აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები. მასვე განხილული აქვს არაერთი საარჩევნო დავა, რომლებშიც მოსარჩელეების მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.
ჟურნალისტის შეკითხვა: უცებ გკითხავთ რა, ბატონო ვალერიანე, თქვენ მოსამართლედ დაინიშნეთ მურუსიძესთან ერთად და ამის შემდეგ მოხდა თქვენი დაწინაურება, თქვენ სამადლობელი წერილი გამოაქვეყნეთ და განსაკუთრებით წვლილს აღნიშნავდით მისას, შეგიძლიათ გვიპასუხოთ?
ვალერიანე ფილიშვილი: ნახეთ, სხდომა მაქვს, იქ მობრძანდით და გიპასუხებთ.
ჟურნალისტი: რომელ საათზე მოვიდეთ?
ვალერიანე ფილიშვილი: დღეს მობრძანდით.
ჟურნალისტი: კარგით, მოვალთ.
ჟურნალისტის ხმა: მივაკითხეთ სასამართლოში. თუმცა ვიდეოინტერვიუზე მოსამართლემ უარი გვითხრა. მისთვის რამდენიმე შეკითხვის დასმა მაინც მოვახერხეთ.
ჟურნალისტი: როდესაც უვადო მოსამართლედ დაინიშნეთ 2018 წელს, შემდეგ გამოაქვეყნეთ თქვენ პოსტი, სადაც განსაკუთრებით დიდი დამსახურებები გამოყავით ბატონი ლევან მურუსიძის. ამის შემდეგ თქვენ გორიდან გადმოგიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. როგორ მოხდა ეს დაწინაურება? ამას ხომ არ უკავშირდება? თქვენი პასუხი გვაინტერესებს ამაზე.
ვალერინე ფილიშვილი: უვადოდ რომ დავინიშნე, მე გამოვაქვეყნე ეს 2019 წლის პოსტი, რომელიც თქვენ ახლა 2024 წელს გაინტერესებთ. რაც შეეხება გადმოყვანას სასამართლო სისტემაში ცხადდება შიდა გადაადგილებები და ერთ-ერთი ასეთი კონკურსის გამოცხადების დროს, მანამ თუ არ ვცდები 2-ჯერ-3-ჯერ უარი მეთქვა, თუ არ ვცდები მე-3 ჯერზე ვარ გადმოსული და მივიღე კონკურსში მონაწილეობა და გადაწყვიტა იუსტიციის უმაღლეს საბჭომ, რომ გადმოვსულიყავი თბილისის საქალაქო სასამართლოში.
ჟურნალისტი: თქვენ ასევე განიხილავთ საარჩევნო დავებს, ასევე აქციებზე დაკავებულების საქმეებს და ხშირად მათ აჯარიმებთ, საარჩევნო დავებს არ აკმაყოფილებთ, ეს ხომ არ უკავშირდება ისევ კლანის გავლენიან ლიდერებს და მათგან ხომ არ იღებთ მითითებებს?
ვალერიანე ფილიშვილი: არავინ არავის მითითებებს არ აძლევს და არავინ არ ექვემდებარება ამ მითითებებს, როგორც თქვენ გგონიათ.
ჟურნალისტი: როგორც წესი, დიდი რაოდენობით საარჩევნო დავებს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. ჩვენ უკვე გაჩვენეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს საარჩევნო დავების განმხილველი 2 მოსამართლის კავშირები სასამართლო კლანის გავლენიან ლიდერ ლევან მურუსიძესთან. თუმცა, როგორც გავარკვიეთ, არც რეგიონებშია განსხვავებული ვითარება.
ჟურნალისტის ხმა: საარჩევნო საჩივრების რეესტრიდან გავარკვიეთ, რომ 2021 წლის არჩევნების დროს არაერთი საჩივარი განიხილა ბათუმის საქალაქო სასამართლომ. ამიტომ ახლა სწორედ ბათუმში მივდივართ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2021 წლის არჩევნების დროს 6 საჩივარი განიხილა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ, რომელიც 2018 წლის იანვრიდან უვადო მოსამართლედაა გამწესებული. 2019 წლის სექტემბრიდან კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლედაა დანიშნული. 2021 წელს განხილული 6 საარჩევნო დავიდან 4 საჩივრის ავტორი იყო საია, 2-ის “სამართლიანი არჩევნები” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”. მოსამართლემ არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ჟურნალისტებმა 1 წლის წინ გადაიღეს ეს კადრები ერთ-ერთ რესტორანში, სადაც სასამართლო კორპუსის წარმომადგენლებმა კლანის ლიდერებთან ერთად იქეიფეს. კადრებში ჩანს, რომ ამღერებულ მურუსიძეს მხურვალე ტაშით აჯილდოვებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე.
ჯაბა ანანიძემ, “გაზეთ ბათუმელების” ჟურნალისტმა შეისწავლა მოსამართლე გოგუაძის მიერ ბოლო წლებში მიღებული გადაწყვეტილებები.
ჟურნალისტი: როგორც თქვენი სტატიიდან ირკვევა, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე საარჩევნო დავებთან ერთად ხშირად განიხილავს ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა საქმეებს და უმეტეს შემთხვევაში მათ აჯარიმებს. როგორ ფიქრობთ, ეს გადაწყვეტილებები ეფუძნება თუ არა სამართლებრივ მსჯელობას, თუ უფრო პოლიტიკური ელფერი დაკრავს?
ჯაბა ანანიძე: ჩანს, რომ ერთგვარად სასამართლო იქცა ხელისუფლების ხელში, როგორც ინსტრუმენტი, რომ მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენონ, როგორც პროტესტის ჩახშობის იარაღი. მე არ მახსენდება პრინციპში აქციის მონაწილე დაეკავებინოს პოლიციას და მოსამართლეს ის გაემართლებინოს. კიდევ უფრო საინტერესო შემთხვევა იყო, აი, პროტესტის გამოხატვის ფორმით, მოქალაქე ვაჟა თავართქილაძის შემთხვევა. ეს არის მოქალაქე, რომელსაც საკუთარი საშაურმე აქვს ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე და მან საკუთარი საშაურმის კედელზე გამოაკრა ქაღალდი, რომელზეც ეწერა კრიტიკული განცხადება, ის აკრიტიკებდა ბათუმის მერს – “ბათუმის მერი – ზონდერი მერი, ქალაქის მტერი”, ასეთი განცხადება იყო ამ ქაღალდზე გამოკრული. ამის გამო ის მოსამართლემ დააჯარიმა 1000 ლარით. ოღონდ ეს შემთხვევა იყო იმდენად დაუსაბუთებელი სამართლებრივად, რომ სააპელაციო სასამართლო ვეღარ წავიდა წინ და გააუქმა, შეწყვიტა სამართალწარმოება ამ საქმეზე. მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის შემთხვევაში ძალიან ბევრჯერ მოგვისმენია იურისტებისგან, მათ შორის, საიას შეფასება, რომ მას პრაქტიკულად არა აქვს დასაბუთება, ან ძალიან სუსტი აქვს დასაბუთება იგივე საარჩევნო დავების შემთხვევაში, როდესაც განიხილავს საარჩევნო დავებს.
ჟურნალისტი: ბატონო ალექსანდრე, გკითხავთ, რადგანაც სხდომა დასრულებულია. თქვენ საარჩევნო დავებს განიხილავთ და თითქმის სულ არ აკმაყოფილებთ და რისი ბრალი არის ეს?
ალექსანდრე: არასდროს არ…
ჟურნალისტი: ბატონო?
ალექსანდრე: არჩევნებს დაელოდეთ…
ჟურნალისტის ხმა: ალექსანდრე გოგუაძისთვის ჩვენ გვინდოდა გვეკითხა, ასრულებს თუ არა სასამართლო კლანის ლიდერების მითითებებს, როდესაც თითქმის არასდროს აკმაყოფილებს საარჩევნო სარჩელებს და თითქმის მუდმივად აჯარიმებს ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის გამომხატველ მოქალაქეებს, თუმცა მან ჩვენს შეკითხვებზე პასუხზე უარი თქვა.
მოქმედებენ თუ არა საარჩევნო დავების განმხილველი მოსამართლეები ხელისუფლებასთან დაახლოებული კლანის ლიდერების მითითებებით? ჩვენ ამ საკითხზე წერილობით მივმართეთ შეკითხვებით ლევან მურუსიძეს, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ერთ-ერთი მთავარი გარანტია საჩივრების ეფექტიანი განხილვის შესაძლებლობაა. როგორც უკვე გაჩვენეთ, ეს შესაძლებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ასეთ დროს, როგორც წესი, მოქალაქეებს საპროტესტო აქციების გზით უწევთ საკუთარი ხმების დაცვა. თუმცა ხელისუფლებასთან შეხმატკბილებული კლანის გავლენით ხშირად საპროტესტო აქციებზე დაკავებულების საქმეებსაც იგივე, საარჩევნო დავების განმხილველი მოსამართლეები განიხილავენ.