შავი ზღვა საფრთხეში: ომის გამოძახილი საზღვრებს მიღმა

ჟურნალისტი: ნინო რამიშვილი
Divider dot 29 თებერვალი 2024

2023 წლის 6 ივნისის ღამეს, რუსმა სამხედროებმა უკრაინაში ნოვა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. ეს ქმედება შეფასდა როგორც “ეკოციდი”, რომელმაც გადააჭარბა რეგიონის ეკოლოგიური გამძლეობის ზღვარს. მოწამლული წყლის მოჭარბებამ შექმნა ეკოლოგიური კატარსტროფა შავ ზღვაში, რომელიც ისედაც განიცდიდა უყურადღებობას უკრაინაში მიმდინარე ომის დროს. შავი ზღვის 6 ქვეყნის – უკრაინის, საქართველოს, თურქეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და მოლდოვის გამომძიებელი ჟურნალისტები შეიკრიბნენ, რათა შეეფასებინათ ომის გავლენა შავი ზღვის ისედაც მყიფე ეკოსისტემაზე და გაერკვიათ როგორ ეხმაურებიან მთავრობები ამ ახალ რეგიონულ გამოწვევას.

კახოვკის კაშხალი

კახოვკას კაშხლის აფეთქებიდან მალევე, ადგილობრივი და საერთაშორისო მეცნიერების დახმარებით, უკრაინაში კონფერენცია გაიმართა, რათა განეხილათ ეკო-ტერორისტული აქტის გავლენა ჩრდილოეთ შავი ზღვის რეგიონის ეკოლოგიასა და ეკონომიკაზე. ექსპერტები შეთანხდნენ ერთ რამეზე: ეფექტი დამანგრეველი იყო. 

„დაზარალებულ რაიონში კლიმატის ცვლილება გამოიწვია ღია მიწის ფართობების ზრდამ და წყლის ზედაპირის შემცირებამ“, – ამბობს მარინა ზახაროვა, ნიადაგმცოდნეობის ინსტიტუტისა და აგროქიმიის მკვლევარი.

ომისგან გამოწვეული გარემოსდაცვით შედეგებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფის წევრები,კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ უკრაინას ესტუმრნენ .

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გამოააშკარავა გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე მთელი ომის განმავლობაში” – თქვა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ჰეიდი ჰაუტალამ. 

ფიზიკური გეოგრაფიის პროფესორისა და ბუქარესტის უნივერსიტეტის სანაპირო კვლევების სპეციალისტის, ალფრედ ვესპრემეანუს თქმით, უკრაინის ნოვა კახოვკას კაშხლის განადგურებამ წარმოქმნა წყალდიდობის განსაკუთრებული ტალღა, „რომელმაც ბევრი ნამსხვრევები შეაგროვა შავი ზღვისკენ მიმავალ გზაზე”.

მეთევზეების მდგომარეობა: ეკონომიკური და კულტურული უკუსვლა

მოტივტივე ნაღმებმა და დაზიანებულმა სამხედრო გემებმა სათევზაო ადგილები მომაკვდინებელ ლატარეად გადააქცია. “ყველაფერი დანაღმულია” – ამბობს პატარა საზღვაო ქალაქ ოჩაკივში მცხოვრები მეთევზე, ოლექსანდრ ჰრომოვი, რომლისთვისაც თევზაობა შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. 2022 წლის 24 თებერვლიდან ალექსანდრის ოჯახი, ისევე როგორც ბევრი, შავი ზღვის ქვეყნებიდან, შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა. 

უკრაინაში საბრძოლო შეტევებისგან დაზიანებული სანაპიროების მსგავსი ისტორია აქვს თურქეთის მჭიდროდ დასახლებულ მეთევზეების სოფელს: ზღვა, რომელიც ხალხს აყვავებას უქადდა, სავსეა ხიფათით.

2022 წლის მარტში, რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ერთ თვეში, თურქეთის ხელისუფლებამ კირკლარელის სანაპირო ქალაქ იგნეადაში თევზაობა აკრძალა. ქალაქი მდინარე მუტლუდერეს სამხრეთიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს და ქმნის თურქეთის საზღვარს ბულგარეთთან. ეს ყველაზე აქტიური სეზონი იყო მეთევზეებისთვის და აკრძალვა თვენახევარს გაგრძელდა. 

“აკრძალვა მოიხსნა, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვეშინია ზღვაზე სიბნელეში გასვლის, რადგან მოტივტივე ნაღმზე მოხვედრის შემთხვევაში ჩვენი გემები ვერ გადარჩება” – ამბობს იბრაჰიმ მეტინი, იგნეადას მეთევზეობის კოოპერატივის ყოფილი ხელმძღვანელი. 

ასეთი შემთხვევა თურქეთში ორჯერ მოხდა: 1. 2022 წლის 9 ნოემბერს თევზსაჭერი გემი, ბულგარეთთან ახლოს, იგნეადას სანაპიროზე, ნაღმს დაეჯახა და გემი დააზიანა, მაგრამ ეკიპაჟი გადარჩა; 2. 2023 წლის 5 ოქტომბერს თურქეთის დროშით მცურავი სატვირთო გემი, რუმინეთის სანაპიროსთან დაეჯახა ნაღმს, ამ შემთხვევაშიც გემი დაზიანდა, ეკიპაჟი უვნებლად გადარჩა. 

დელფინების დაღუპვა

ომის შემდეგ, შავ ზღვაში ათიათასობით დელფინი დაიღუპა, ვინაიდან დელფინები „ ქიმიური დაბინძურებისა და ხმაურის  მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიერეები არიან. 

ტუზლის ბუნების პარკის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ორი კვირით ადრეც კი, შავი ზღვის ამ ნაწილში უკვე უამრავი რუსული წყალქვეშა ნავი და გემი იყო.

“ისინი ღამით ძალიან ახლოს მოდიოდნენ, წყალქვეშა ნავებიდან და საბრძოლო გემებიდან იყენებდნენ ბგერულ სისტემას, რომელიც აზიანებდა დელფინებს” – ამბობს რუსევი. 

ეკოლოგების აზრით, აქტიური საომარი მოქმედებები უდიდეს ზიანს აყენებს ზღვის ორგანიზმებსა და ზოგადად ზღვას.

არც მონაცემები, არც კვლევები

უკრაინაში რუსეთის ომით გამოწვეული შავი ზღვის დაბინძურება ის თემაა, რომელსაც რეგიონის მეცნიერები ძლივს შეეხნენ. ყველა ქვეყნის საგამოძიებო ჯგუფის მრავალი მცდელობის მიუხედავად, მათ ვერ იპოვეს რაიმე მნიშვნელოვანი კვლევა ან მონაცემი, რომელიც დაადასტურებდა ომის გავლენას მთელ რეგიონზე.

თუმცა, რუმინულმა გუნდმა მოიპოვა მეცნიერულად შეგროვებული მონაცემები შავი ზღვის რუმინეთის სექტორში წყლის ხარისხის შესახებ. ეს მონაცემები მოიცავს 2021 და 2022 წლების რუმინეთის სექტორში, შავი ზღვის საზღვაო და სანაპირო გარემოს მდგომარეობის შესახებ ანგარიშებს, რომლებიც მომზადებულია კონსტანცაში, საზღვაო კვლევისა და განვითარების ეროვნული ინსტიტუტის “გრიგორე ანტიპას” მიერ. ამ ორი ანგარიშის შედარებითი ანალიზი ზოგიერთი პარამეტრის უჩვეულოდ დიდ განსხვავებას აჩვენებს. განსხვავებები იმდენად შესამჩნევია, რომ მათი ახსნა შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებული მოვლენით, რომელმაც შავი ზღვის წყლის ხარისხზე მოახდინა გავლენა. და რუსეთის ომი უკრაინაში, არის ყველაზე შესაძლებელი “განსაკუთრებული მოვლენა”.  

ხელისუფლების გულგრილობა და არარსებული რეგიონული თანამშრომლობა

“შავი ზღვის დაცვის მტკიცე პოლიტიკური სურვილი არ არსებობს” – ასე უპასუხა ნესრინ ალგანმა, ურბანული, გარემოსდაცვითი და ადგილობრივი მმართველობის პოლიტოლოგიის პროფესორმა, თურქული გუნდის მიერ დასმულ შეკითხვას.

შედეგად, გამოძიების თავდაპირველი ჰიპოთეზა დადასტურდა – შავი ზღვის ქვეყნების გარემოსდაცვითი პოლიტიკა ძირითადად სუსტი იყო და ნათელი მიზანი აკლდა, რამაც შავი ზღვის ეკოსისტემის სიმყიფე განაპირობა, რეგიონული თანამშრომლობა დაბინძურების წინააღმდეგ იყო არაადეკვატური, სისტემური ჩარჩოსა და კოორდინირებული ძალისხმევის არქონის გამო.

ზემოთ აღწერილი ეკოლოგიური კატასტროფა საჭიროებს რეგიონულ ერთობლივ კოორდინაციას, თუმცაღა ეს ნაბიჯები ჯერ კიდევ გადასადგმელია. 1992 წელს თურქეთმა, რუმინეთმა, უკრაინამ, საქართველომ და რუსეთის ფედერაციამ შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კონვენციას მოაწერეს ხელი. დოკუმენტის რატიფიკაცია 1994 წელს მოხდა. შავი ზღვის კომისიის მიზანია შავ ზღვაში დაბინძურების პრევენცია, შემცირება და კონტროლი საზღვაო გარემოს დასაცავად და შესანარჩუნებლად და ამ ვალდებულების შესასრულებლად თანამშრომლობისა და შეთანხმებული ქმედებების სამართლებრივი ჩარჩოს უზრუნველყოფა. 

მაგრამ ეს შეთანხმება არ შესრულებულა. თურქეთში, სტამბოლში დაფუძნებულ სამდივნოში მხოლოდ სამი ადამიანი მუშაობს.

შავ ზღვაში მიმდინარე ომმაც კი ვერ დაარწმუნა საქართველოს, რუმინეთის, მოლდოვის, თურქეთისა და ბულგარეთის მთავრობები შემდგომი ზომების მიღების აუცილებლობაზე.

როგორ იკვლევს საქართველო შავ ზღვას

ბათუმი

ნოვა კახოვკას ჰესის აფეთქებამ ვნებათაღელვა საქართველოშიც გამოიწვია. ზღვაზე დასვენების მსურველებში გაჩნდა კითხვები საბანაო წყლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამ ფონზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ შავი ზღვის წყლის მონიტორინგი გააქტიურდა და 10 დღეში ერთხელ, 12 სადგურზე ტარდებოდა. კახოვკის ჰესის შემთხვევამდე, სახელმწიფო წყლის სინჯებს 9 სადგურიდან იღებდა, შემდეგ დაამატეს 3 წერტილი. უწყების ცნობით შავი ზღვის წყლის სინჯებს 59 პარამეტრზე ამოწმებდნენ, მათ შორის მძიმე მეტალებზე და წყლის ხარისხი ნორმებს შეესაბამებოდა.

“კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა. 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობას დაემატა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიის 3 წერტილი. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები. სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.” – ეს არის განცხადება რომელსაც 10 დღეში ერთხელ გარემოს ეროვნული სააგენტო ზაფხულის პერიოდში აქვეყნებდა.

ლაბორატორია, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვიდან აღებულ სინჯებს აგზავნიდა, თბილისში მდებარეობს. 

“საათები წყვეტს კი  არა, წუთები წყვეტს. შეიძლება თბილისამდე ჩამოიტანო, მაგრამ ძვირი ჯდება, უნდა ჩადო ცივ ყუთებში მაშინვე და რომ მოდიხარ გზაში უკვე იცვლება ხარისხი. თან ოპერატირულიც არ ხარ, ეგ უნდა აკეთო კვირაში, მაქსიმუმ ორ კვირაში ერთხელ, აიღო რამდენი პლაჟიც არის, იმდენი ნიმუში და რამდენჯერ უნდა გააკეთო ეს თბილისში წამოღება ამისი” – ამბობს გარემოსდაცვითი შეფასების ექსპერტი ამბობს მამუკა გვილავა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი ბათუმში მდებარეობს. თუმცა შენობა იმდენად ამორტიზებულია, რომ ადგილზე ლაბორატორიული კვლევები თითქმის არ ტარდება, მხოლოდ მარტივი ანალიზები. არადა კონკრეტული პარამეტრების ადგილზე შემოწმება მნიშვნელოვანია – ამბობენ გარემოსდამცველები.  

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი

შავი ზღვის რეგიონში თანამედროვე ლაბორატორიის აღჭურვა სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ მოახერხა. არადა ჯერ კიდევ 2021 წელს გარემოს დაცვის მაშინდელმა მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და აჭარის მეთაურმა განაცხადეს, რომ ბათუმში აშენდებოდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ბათუმის ოფისი, სადაც განთავსდებოდა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები: “ჩვენ დღეს დავიწყეთ ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თანამედროვე პირობებში, მაღალ დონეზე აღჭურვილ ლაბორატორიაში ჩავატაროთ მნიშვნელოვანი კვლევები. შავი ზღვის ეკოსისტემის შენარჩუნება არის უმთავრესი პრიორიტეტი და ჩვენი ევროკავშირთან აღებული ვალდებულების ნაწილი” – ამბობდა ლევან დავითაშვილი. აღნიშნული ოფისის მშენებლობა ჯერაც არ დასრულებულა. 

ლაბორატორია ბათუმთან ახლოს ძველ სამხედრო დასახლებაში მდებარეობს. რეგიონული ოფისი ჩვენ სექტემბერში მოვინახულეთ, როცა შენობა უკვე აშენებული, თუმცა შიდა სამუშაოები შეჩერებული იყო. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კომპანიამ სამუშაოები ვერ დაასრულა და ახალ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება. ლაბორატორიის დასრულებას რამდენიმე თვეში ელოდებიან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მშენებარე რეგიონული ოფისი

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა საბრძოლო მოქმედებების კვალმა საქართველომდეც მოაღწია

2023 წლის 13 თებერვალს ბათუმში სანაპიროსთან ახლოს საზღვაო ნაღმი აფეთქდა. შემთხვევას თვითმხილველებიც ჰყავდა და ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საზღვაო ნაღმი იპოვეს. სასაზღვრო პოლიციას სხვა ასეთი ნაღმი არ აღმოუჩენია.

ბულგარეთმა, რუმინეთმა და თურქეთმა 2024 წლის იანვარში ოფიციალურად განაცხადეს შავ ზღვაში ნაღმების საწინააღმდეგო ჯგუფის შექმნა. სამ ქვეყანას შორის გაფორმებული მემორანდუმი მათი ქვეყნების ტერიტორიულ წყლებში ანტინაღმების გემების მოძრაობისა და სპეციალური მოქმედებების ერთობლივად განხორციელებას გულისხმობს. ჩვენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვკითხეთ, თუ რა ღონისძიებებს იღებს საქართველოს ხელისუფლება საზღვაო ნაღმების აღმოჩენისა და გაუვნებელყოფისათვის, რაზეც გვიპასუხეს: “სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მიერ საქართველოს საზღვაო სივრცეში დასახული ამოცანების შესრულების დროს, ზღვაზე ვიზუალური დაკვირვების გაძლიერება და საზღვაო საქმიანობაში ჩართული გემების ინფორმირება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში გაზრდილია კოორდინაცია, როგორც სამინისტროს ქვედანაყოფებს შორის, ასევე საზღვაო მოღვაწეობის სხვა სუბიექტებთან, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან, ნავსადგურების ადმინისტრაციებთან, კერძო სექტორთან”. მათივე ინფორმაციით სასაზღვრო პოლიციამ რეკომენდაციები და უსაფრთხოების შესაბამისი ზომების შესახებ მითითებები მისცა გემების მფლობელებსა და თევზსაჭერ კომპანიებს. 

საომარი მოქმედებები დრამატულ გავლენას ახდენს ზღვის ცოცხალ ორგანიზმებზე, საბრძოლო გემებით გამოწვეული ხმაური, მათთვის შესაძლოა მომაკვდინებელიც კი იყოს. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი ნათია კოპალიანი, გუნდთან ერთად პერიოდულად აკვირდება დელფინების პოპულაციას საქართველოში. მისი თქმით, უკრაინის ომის შემდეგ დელფინების მასშტაბური გამორიყვა საქართველოში არ მომხდარა, არის ერთეული შემთხვევები, რომელთა შესახებ მონაცემები ჯერ კიდევ გროვდება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შავი ზღვის ორ ქალაქში განთავსებულმა ხელსაწყომ ორჯერ დააფიქსირა ხმა, რომელიც მეცნიერების მოსაზრებით არის წყალქვეშა ხომალდის და რომელიც ზოგადად საფრთხეს წარმოადგენს დელფინებისათვის.

“არ ყოფილა მასობრივი გამორიყვა დელფინების, მიმდინარეობს მათზე დაკვირვება და მიღებული აკუსტიკური მონაცემების ანალიზი.

ჩვენ გვაქვს წყალქვეშა ხელსაწყოები, 4 გადმოგვცა ინგლისის ერთ-ერთმა უნივერსიტეტმა, 2 მოგვპარეს.  ერთ-ერთ ჩანაწერზე დაფიქსირდა ისეთი ტიპის ბგერები რომელიც დამახასიათებელია წყალქვეშა ნავისთვის” – გვეუბნება ნათია კოპალიანი.

შავი ზღვა ევროპაში ყველაზე დაბინძურებულია – უკრაინის ომამდე არსებული მდგომარეობა

შავი ზღვა ევროპაში ყველაზე დაბინძურებული ზღვაა. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპიროებებს. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია; ერთის მხრივ ის, რომ შავი ზღვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ზღვაა, მეორეს მხრივ კი მდინარეების მიერ ჩატანილი სხვადასხვა დამაბინძურებლები. ამასთანავე შავ ზღვაში ჟანგბადით მდიდარი მხოლოდ ზედა ფენაა, დანარჩენი ნაწილი 87% უჟანგბადო წყლის დონეა, რომელიც გოგირდწყალბადითაა გაჯერებული. ბოლო წლებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ გოგირწყალბადის უჟანგბადო ფენა 20-25 მეტრით აიწია და ჟანგბადოვანი ფენა შავ ზღვაში შემცირდა. ზღვის ბინადრების უმეტესობა (დელფინები, თევზები და სხვა) ძირითადად ჟანბგადის ფენაში ცოცხლობენ, ამ ფენის შემცირება კი მათი საცხოვრებელი გარემოს შემცირებას ნიშნავს. 

შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის დასადგენად და გასაუმჯობესებლად ევროკაშვირმა ბოლო წლებში არაერთი კვლევა ჩაატარა. 

გაეროსა და ევროკავშირის პროექტის: “შავი ზღვის ეკოლოგიური მონიტორინგის გაძლიერება” ფარგლებში 2016 წლიდან უკრაინაში, საქართველოსა და რუსეთში რამდენიმე კვლევა ჩატარდა. 2016 წელს წარმოებულ ერთობლივი კვლევების შედეგად, ზღვის წყალში, ფსკერის დანალექებში, მოლუსკებსა და თევზებში გაანალიზებული იქნა 2100 დამაბინძურებელი ნივთიერებების არსებობა და კონცენტრაცია. აღნიშნულ 2100 ნივთიერებაში შევიდა ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი პრიორიტეტული დამაბინძურებლები, რომელთა კონტროლის ვალდებულება ევროკავშირის ყველა ქვეყანას აქვს და რომლებიც გავლენას ახდენენ ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე. განსაზღვრული დამაბინძურებლებიდან შავ ზღვაში აღმოჩენილი იქნა 145 ნივთიერება. კვლევებმა საქართველოს წყლებში ზღვის სატრანსპორტო საშუალებებიდან მოხვედრილი დამაბინძურებლები – პოლიარომატული ნახშირწყლები გამოავლინა. გამოვლენილი იქნა საწარმოო პროცესების შედეგად მიღებული ქიმიური ნარჩენები: ბისფენოლი დიბუთილ ფთალატი და მონობუთილები, ნივთიერება, რომელიც გარუჯვის საწინააღმდეგო კრემის მთავარი შემადგენელი ნაწილია. ეს ნივთიერება ზღვის ორგანიზმებისათვის ზიანის მომტანი კონცენტრაციით საქართველოს სანაპიროებთან დააფიქსირეს. მავნე ფოსფორორგანული ნივთიერებები, რომლებიც  ყოველდღიური სარგებლობის პროდუქტებში გვხვდება, მაგ. ტექსტილი, ავეჯი, კომპიუტერები და ა. შ აღმოჩენილი იქნა მონიტორინგის ყველა სადგურში. ჯამურად ამ ნივთიერებების უდიდესი რაოდენობა გამოვლენილია დუნაის და დნესტრის დელტაში და საქართველოს წყლებში. 

დუნაისთან დაკავშირებით დუნაის  ჩააქვს მთელი ევროპის ნაგავი და ჩვენთან ახლა ასეთი დიდი ტერიტორიას არ მოიცავს, პატარა ქვეყანაა და შავის ზღვის აუზის მდინარეები, არც ისე დიდია, ყველაზე დიდი მდინარე რაც ჩადის, ეს არის რიონი. თუ რამე დაბინძურება არის ორგანული ნივთიერებების, ეს არის არასრულყოფილი საკანალიზაციო სისტემების შედეგად. წარმოიდგინეთ რამდენი სასტუმროებია სანაპირო ზონაში, დასასვენებელი სახლები, და აი ის საკანალიზაციო სისტემა ჩადის ზღვაში გაუწმენდავი – გვეუბნება ფონდ „კავკასიის ეკოლოგიის“ ხელმძღვანელი მანანა დევიძე. 

ის იხსენებს 2020 წელს ფოთში ზღვის ყვავილობის ფაქტს, როდესაც სანაპირო გამწვანდა. 

“იყო წყალმცენარეების მასიური გამრავლება, ევტროფიკაცია. ევტროფაკაცია კი კლიმატის ცვლილებებთანაც და ბუნებრივ მოვლენებთანაც არის დაკავშირებული, მაგრამ ძალიან ხშირად მას, თუ ერთვის ანტროფოგენური ზემოქმედება, ანუ ადამიანის მიერ ჩაშვებული ასე ვთქვათ, დამაბინძურებლების ზემოქმედება ემატება, მაშინ ხდება ევტროფიკაციის გამოვლენა და გაძლიერება, და ამას  ჰქონდა ადგილი. ეს მონაკვეთი, მუხლამდე წყალია საკმაოდ დიდ მონაკვეთზე, თხელწყლიანია. ეს პირველად მოხდა, იყო ორი წლის უკან, და ეს უკვე საგანგაშო სიგნალია, რომ ესეთი რაღაც ისე არ არი როგორც უნდა იყოს. ამას დაერთო კლიმატის ცვლილება, ტემპერატურის მომატება და დაბინძურებული წყლის ჩაშვება და ამ ერთობლიობამ გამოიწვია ეს მოვლენა” – ამბობს მანანა დავიძე, რომლის თქმითად შავ ზღვაში კანალიზაციით დაბინძურებული მდინარეების და წყლის ჩაღვრა საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე დიდი პრობლემაა.

ამ შემთხვევის გამოსაკვლევად და იმის დასაგენად თუ რამდენად დაბინძურებული იყო ზღვა, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სინჯები აიღო, თუმცა კვლევის შედეგები აღარ გამოუქვეყნებია. პასუხები, თუ რა გამოვლინდა სინჯებში, ვერც გარემოსდაცვითმა სპეციალისტებმა მიიღეს სახელმწიფო უწყებისგან.

ბოლო წლებში საქართველოს ზღვისპირა ქალაქებში მოეწყო და ამოქმედდა წყლის გამწმენდი ნაგებობები, გამონაკლისად დღემდე რჩება ფოთი, სადაც წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის რეაბილიტაცია და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო და 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. პროექტის თავდაპირველი ღირებულება 130 მილიონი ლარი იყო. რამდენიმე თვეში ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სამუშაოების  უხარისხოდ შესრულების  საფუძვლით ხელშეკრულება შეწყდა და უკვე გაზრდილი ბიუჯეტით 133 მილიონი ლარის ტენდერი 2018 წელს გამოცხადდა. ვერც ამ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეძლო სამუშაოების დასრულება და 2022 წელს კიდევ ახალი ტენდერი გამოცხადდა. ფოთში წყალარინების სისტემის მშენებლობის დასრულება 2024 წელს იგეგმება.

მამუკა გვილავა მრავალი წელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების გარემოსდაცვით პროექტებში საქართველოს წარმოადგენს. ამჟამად ევროკომისიის დაფინანსებული შავი ზღვის დაცვის პროექტში DOORS BLEAK SEA არის ჩართული. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ონლაინპლატფორმა და რუქა, რომელზეც დატანილია შავი ზღვის შესახებ მონაცემები ქვეყნებისა და კონკრეტული პარამეტრების მიხედვით. ვებგვერდი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. სატელიტური მონაცემები ანახებს სხვადასხვა დროში შავი ზღვის რომელ ნაწილში რა ტემპერატურაა, როგორია სხვადასხვა დამაბინძურებლების მონაცემები და ა.შ. 

გააკეთეს პორტალი და შავი ზღვის შესახებ სხვადასხვა მონაცემები შეყავთ. და ჩვენ კითხვა დაგვისვეს გააქვთ თქვენ ეს მონაცემები რო შევიყვანოთ? გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ვითომ გაზომა მაშინ ფოთში ზღვის ყვავილობა რო იყო, მაგრამ სად არის ის გაზომილი მონაცემები კაცმა არ იცის. გამოთხოვილიც არ მოგვცეს და დღეს არ არის შხამიანი ეს აყვავილებული და ხვალ შეიძლება გახდეს ამიტომ ჯობს დროზე გახდე ტრანსფარანტული, დროზე გამოაქვეყნო. ევტროფიკაციის ერთ-ერთი მაჩვენებელია ქლოროფილის რუკები, რაც იმას ნიშნავს ზღვა ყვავილობს თუ არა. – ამბობს მამუკა გვილავა. ის ეთანხმება სხვა გარემოსდაცვით სპეციალისტებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოში არასათანადოდ ტარდება შავი ზღვის მიკრობიოლოგიური კვლევაც. 

შავი ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგს აჭარის გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ატარებს. ბოლოს ინფორმაცია მონიტორინგის შესახებ საამართველოს სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე 2023 წლის 31 ივლისს არის გამოქვეყნებული. მათი ინფორმაციით სინჯები აღებული იქნა 7 ლოკაციაზე.

“ლაბორატორიული შესწავლით, შემდეგ მაჩვენებლებზე, 25 ივლისს შემოსული პასუხების თანახმად, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები, კოლიფაგი, ფეკალური სტრეპტოკოკი, ოქროსფერი სტაფილოკოკი, salmonella sp.  –  დადგინდა რომ ზღვის წყალი ყველა ამ ლოკაციაზე საბანაო წყლისადმი განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისია” – წერია აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს განცხადებაში.

ასოცირების შეთანხმებით საქართველოს ვალდებულება ჰქონდა ევროკავშირის დირექტივის ჰარმონიზაციის. მათ შორის საზღვაო სტრატეგიის შემუშავება, ზღვის წყლის ხარისხის შეფასება, წყლის კარგი სტატუსის განსაზღვრა, გარემოსდაცვითი მიზნებისა და ინდიკატორების ჩამოყალიბება. 

2021 წელს გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით, საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადდა შავი ზღვის მონიტორინგის პროგრამის წინადადება საქართველოსთვის, რომლის საფუძველზეც უნდა მოემზადებინა საქართველოს შავი ზღვის მონიტორინგის პროგრამა. როგორც აღმოჩნდა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ არ აქვს მონიტორინგის პროგრამა მომზადებული.

მამუკა გვილავა გვიყვება, რომ საქართველოს საზღვაო სტრატეგიაზე ევროპელმა ექსპერტმა იმუშავა და 100 გვერდიანი დოკუმენტიც შექმნა, თუმცა დოკუმენტს არ დამტკიცდა.

“საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივა (MSFD), მისი არსი არის რომ საზღვაო სტრატეგია უნდა შექმნას ქვეყანამ და 11 მიმართულება არის რაზეც კვლევებს უნდა ატარებდეს ქვეყანა. ეს სტრატეგია არის შემუშავებული, მაღალი კლასის ექსპრეტმა დაგვიწერა 2019 წელს. ასოცირებას ხელი მოვაწერეთ 2014-ში, იქ საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივა უნდა დავაკმაყოფილოთ – გარემოს დაცვითი სტრატეგია შევიმუშავოთ და არ ამტკიცებენ არაფრით. 100 გვერდი დაიწერა ძალიან კომპაქტურად და ქართველების მდგომარეობის გათვალისწინებით. დიაგნოზი რომ ნახოთ იმ დოკუმენტის 11 მიმართულებიდან ორს თუ სამ მიმართულებაზე ვზომავთ”.

მასალა მომზადებულია საგამოძიებო მედია ლაბის (IML) პროექტის ფარგლებში, JournalismFund-ის ფინანსური მხარდაჭერით.