თამაში ორ საჭადრაკო დაფაზე

Divider dot 28 დეკემბერი 2023

კრემლის გავლენა შიშის ეფექტით

უარი სანქციებზე 

2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების დღეს, თბილისის ქუჩებში უკრაინის მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი გამოვიდა. დედაქალაქის მთავარი გამზირი ორფეროვანი დროშებით დაიფარა. 

სოციალურ ქსელში უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ასევე პარლამენტისა და “ქართული ოცნების” თავჯდომარემ. ისინი  საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებნდნენ, გადაედგათ ქმედითი ნაბიჯები შემდგომი ესკლაციის თავიდან ასარიდებლად. 

„ასეთ უსამართლობას უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა!!! სოლიდარობა უკრაინას!!!“ – ასე გამოეხმაურა რუსულ აგრესიას ომის პირველივე დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ თვითერში. 

საქართველოს მთავრობის სოლიდარობა უკრაინისადმი ერთი დღე გაგრძელდა. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მეორე დღესვე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესულ სანქციებს არ შეურთდებოდა, რადგან ეს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.  

” მინდა მკაფიოდ განვაცხადო და ერთმნიშვნელოვნად, რომ საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და ჩვენი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს, გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას”. 

რამდენიმე დღეში, განცხადება გაავრცელა ეროვნულმა ბანკმა:  „ეროვნული ბანკი მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად და არ და ვერ შეუწყობს ხელს სანქციების გვერდის ავლას“.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე უარის მთავარ მიზეზად ღარიბაშვილი ეკონომიკურ ფაქტორს ასახელებდა. მისი თქმით, ბოლო 7-8 წელიწადში რუსეთიდან ქვეყანაში 12 მილიარდი შემოვიდა და ის “მოსახლეობას ამ შემოსავალს არ მოაკლებს”.  

პრემიერის ამ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. შეფასებამ მოსკოვიდანაც არ დააყოვნა: “ყოჩაღ, ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ მისასლმებელია”, – განაცხადა  რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა.  ომის დაწყებიდან ერთ თვეში კი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია. 

საქართველოს მთავრობის არგუმენტი, თითქოს მოსკოვის წინააღმდეგ  სანქციების მხარდაჭერა სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება, ბოლო ორი წელია “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ნარატივადაა ქცეული. 2023 წლის მაისში ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, მოსკოვისთვის სანქციები არავის დაუწესებია.  

“საქართველო ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინას, – გაერო, ეუთო და ა.შ. თუმცა, ჩვენ ეკონომიკურ სანქციებს რუსეთს ვერ დავუწესებთ, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე”,  – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა ეკონომიკურ ფორუმზე. 

ომის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ, რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში “ქართულ ოცნებას”  კიდევ ერთხელ მოუწონეს საქციელი.

აპლოდისმენტები! როგორი სირთულეებიც არ უნდა იყოს მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობებში, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ გამოიჩინა გამბედაობა, არ დამორჩილებოდა ანტირუსულ ისტერიას და იხელმძღვანელა, პირველ რიგში, ეროვნულ ინტერესებსა და საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული პოზიციით. ასეთი პრიორიტეტებით საქართველოს ეკონომიკა განუხრელად იზრდება და ზედიზედ ორი წელია ორნიშნა ზრდას უჩვენებს. სხვათა შორის, რუსი ტურისტები კარგ შემოსავალს აძლევენ ქვეყანას“, – წერია განცხადებაში. 

NDI-ის კვლევის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებას საქართველოს მოსახლეობის 81%, ხოლო NATO-ში გაწევრიანებას 73% უჭერს მხარს.

Საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი გიორგი ბილანიშვილი განმარტავს, რომ რუსულ სამთავრობო გადაცემებშიც კი საქართველოზე მხოლოდ პოზიტიური პროპაგანდისტული გზავნილები ისმის.  

“ უმაღლესი ხელისუფლების დონეზე, ლავროვი მაგალითად, მხოლოდ პოზიტიურ განცხადებებს აკეთებს საქართველოსთან მიმართებით. Რა თქმა უნდა, ისინი ბედნიერები არ არიან, რომ საქართველო ევროკაშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს იღებს, მაგრამ დანარჩენ ნაწილში, მაგალითად, Სანქციებზე არმიერთება, რუსების საქართველოში უპრობლემოდ შემოსვლა და ა.შ., ამ ყველაფრით ისინი ძალიან კმაყოფილები არიან”, – ამბობს გიორგი ბილანიშვილი. 

“ომი გინდათ?”

ომის დაწყებიდან ოთხი თვის თავზე, “ქართული ოცნებიდან” ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა (პარტია “ხალხის ძალა”) –  სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელეს: “საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ასევე ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა”. 

ამ განცხადებამდე ორი კვირით ადრე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე მსგავსი შინაარსის გზავნილი გააჟღერა. 

“თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა,” – ღარიბაშვილის ამ სიტყვებით იწყება “ქართული ოცნების” მორიგი პროპაგანდისტული რიტორიკა. ეს გზავნილი უკრაინაში ომის დაწყებიდან ექვსი თვის თავზე სამთავრობო მედიისა და სხვადასხვა სამთავრობო სუბიექტების საშუალებით ვრცელდება და საქართველოს მოსახლეობას ცრუ დილემის წინაშე აყენებს, თითქოს დასავლეთი კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ ქვეყანას ომში ჩართვას სთავაზობს. 

გარდა გარე აქტორებისა, “ქართული ოცნების” ლიდერები ე.წ. “მეორე ფრონტის” გახსნის მცდელობაში ოპოზიციას ადანაშაულებდნენ. 

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა თქმა უნდა, თუ ვის სურს საქართველო ომში ჩაერთოს და ვის არ სურს, რადგან ომში ჩართვა არ არის მარტივი საკითხი. დღეს საქართველოს ომში ჩართვა ნიშნავს ქვეყნის განადგურებას. რაც დღემდე ვიცოდით, „ნაცმოძრაობას“ ეს ცალსახად სურს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მთავრობის ლიდერების ლექსიკონში გაჩნდა ახალი ფრაზა, – “გლობალური ომის პარტია”, რაც თავისი შინაარსით იმ საერთაშორისო ძალას მოიაზრებს, რომელიც საქართველოში ომის ახალი კერის გაჩაღებას ისახავს მიზნად. მამუკა მდინარაძემ ერთ-ერთ ოფიციალურ განცხადებაში “გლობალური ომის პარტიასა” და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის ტოლობის ნიშანი დასვა: “რასაც ვერ აღწევს გლობალური ომის პარტია, იმის მცდელობა დიახ, დაგიდასტურებთ, რომ არის საოკუპაციო მხრიდანაც”.

სამთავრობო პროპაგანდისტული მანქანის მძლავრი მუშაობის მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობას ამ ნარატივის არ სჯერა. ამას ადასტურებს CRRC-საქართველოს 2022 წლის ივლისში ჩატარებული კვლევის შედეგები. მოსახლეობის 60% მიიჩნევს, რომ მტკიცება, თითქოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად დასავლეთი საქართველოს ომში ჩართვას აიძულებს, ნაკლებად დამაჯერებელია ან  სიმართლეს არ შეესაბამება. 

ომის ცრუ დილემის პროპაგანდას აშშ-ს მაშინდელი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მალევე გამოეხმაურა. მან განმარტა, რომ გზავნილი, თითქოს აშშ-ს საქართველოს ომში ჩათრევა სურს, „რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა“. იმავე შინაარსით შეაფასა ევროკავშირის იმდროინდელმა ელჩმა კარლ ჰარცელმა “ომის დილემა”. 

„გულწრფელად ძალიან ვწუხვარ, როდესაც ვხედავ მათ, ვინც ასეთი ცრუ განცხადებების გავრცელებას ცდილობს ევროკავშირისა თუ აშშ-ის მიმართ. არც აქამდე ყოფილა ასეთი სურვილი და არც მომავალში დადგება ისეთი მომენტი, როდესაც ევროკავშირი ამ ომის შემდგომ გავრცელებას მოინდომებს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ყოფილი ამერიკელი დიპლომატი, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი დენიელ ფრიდი “სტუდია მონიტორთან” ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვაშინგტონისთვის სრულიათ თვალსაჩინოა უზარმაზარი ნაპრალი, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის შესახებ გაკეთებულ განცხადებებსა და მათ რეალურ ქმედებებს შორისაა. 

“საქართველოს მთავრობა რუსეთის წინაშე ძალიან შეშინებული ჩანს. შეერთებულ შტატებში ყველა აცნობიერებს, რომ საქართველო მოწყვლადია, როგორ პატარა სახელმწიფო უზარმაზარი მტრის წინაშე. შესაბამისად, აბსურდულად ჟღერს, თითქოს დასავლეთში ვინმეს საქართველოს ომში ჩართვა სურდეს. საქართველოს მთავრობას რატომღაც გონია, თუ რუსეთს არ გააკრიტიკებს, რუსეთი სულგრძელობას გამოიჩენს. ეს ასე არ არის, პუტინს არ დავიწყებია მისი საშიში გეგმები საქართველოსთან დაკავშირებით. უნდა ითქვას, რომ თავიდანვე ამერიკის ინტერესი საქართველოს მიმართ იყო არა მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა, არამედ უზარმაზარი პოტენციალი იმისა, რომ ის აუცილებლად გახდება დემოკრატიული სამყაროს ნაწილი. მერე რეგიონში ამ პერსპექტივით დაემატა უკრაინაც, საქართველო კი კარგავს ამ სტატუსს, მაგრამ შეუძლია მისი აღდგენა, თუ გააცნობიერებს მთავრობა, რომ პუტინი მარცხდება”. – აღნიშნა დენიელ ფრიდმა

როგორც ირკვევა, მსგავსი ცრუ დილემა, ევროკავშირში ინტეგრაციის სანაცვლოდ მეორე ფრონტის გახსნის შესახებ მხოლოდ საქართველოში არ გავრცელებულა. მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, “სოციალისტური პარტიის” ლიდერი და პრორუსი პოლიტიკოსი იგორ დოდონიც მოსალოდნელი ომის სცენარზე ხშირად საუბრობს. 

“მაია სანდუ მოლდოვას მისი კურატორების მიერ შემუშავებული გეგმით მართავს. მედიასაშუალებების დახურვა, მისთვის მიუღებელი პარტიებისა და პოლიტიკოსების ჩამოქვეითება, ნატოში სამომავლო გაწევრიანება და მოლდოვის მილიტარიზაცია, ეკლესიის დანაწევრება, – ესაა გზა, რისკენაც სანდუს მივყავართ. 22 რუსული საიტის გათიშვა მოლდოვის ტერიტორიაზე ამ სტრატეგიის ნაწილია. სტრატეგია მიზნად ისახავს მოლდოველი ხალხის პოლარიზებასა და ქვეყნის ომში ჩართვას”, – ამბობს დოდონი.

რუსეთის ჰიბრიდული ომის მძიმე არტილერია მოლდოვაში სწორედ კრემლისადმი ერთგულ პარტიებს ეკუთვნის. ესენია “სოციალისტური პარტია”, “კომუნისტური პარტია” და ნაციონალისტურ-კონსერვატიული მოძრაობა “შორ”, რომელიც არაკონსტიტუციურ პარტიადაა აღიარებული. ამ პარტიების ლიდერების პოლიტიკური საქმიანობა ბოლო წელიწადნახევარში მთლიანად მოლდოვის მოქმედი მთავრობის დადანაშაულებაზეა აგებული. მთავარი ბრალდება, რასაც ისინი მაია სანდუს მთავრობას უყენებენ, ესაა მოლდოვის ომში ჩათრევის მცდელობა. პირველი, ვისგანაც ეს გზავნილი მოლდოვაში გაისმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა იყო. ზახაროვამ მოლდოვის მთავრობას ოფიციალური კიევის მიერ ჩადენილი “დანაშაულის” თანამზრახველიც კი უწოდა. 

“მინდა გავაფრთხილო მოლდოვა, მოერიდოს უკრაინის მხარდაჭერის მიზნით პროცესში ღრმა ჩართულობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას რეგიონში რისკის ქვეშ დააყენებს”, – თქვა ზახაროვამ.  

ფრენების აღდგენა რუსეთთან

2023 წლის 15 მაისს კრემლის სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით ახალ ფაზაში შევიდა, – რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სავიზო რეჟიმი გაუქმდა. ასევე ძალადაკარგულად გამოცხადდა 2019 წლის ბრძანება, რომელიც რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით საჰაერო მიმოსვლას კრძალავდა. 

საქართველოს პრეზიდენტი Სალომე ზურაბიშვილი ახალ ამბავს თვითერზე გამოეხმაურა. 

“მორიგი რუსული პროვოკაცია! საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო აკრძალვის გაუქმება მიუღებელია, მანამ სანამ რუსეთი უკრაინის მიმართ აგრესიას და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს!”

2023 წლის მაისში რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღგენის შემდეგაც,  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კრიტიკა კვლავ დასავლელი პარტნიორებისკენ მიმართა. 

„ვეკითხები ჩვენს ევროპელ, დასავლელ მეგობრებს, თქვენ რომ მეუბნებით, შეწყვიტე ვაჭრობა, ეკონომიკა, ფრენები არ განაახლოო, თქვენ რატომ არ აკეთებთ ამას?! თუ გაინტერესებთ, რა ღირებულების საქონელი შეიძინა, მაგალითად, რუსეთისგან ევროკავშირმა? 2.5 ტრილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა ომის შემდეგ. რა სანქციებზეა საუბარი?!“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ექსპერტი საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში, გიორგი ბილანიშვილი განმარტავს, რომ პრემიერის ეს განცხადება საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაციური ზემოქმედების მცდელობაა:

“Სინამდვილეში, EU რა თქმა უნდა, ვაჭრობს, მაგრამ ეს ვაჭრობა მცირდება, ხოლო ჩვენს შემთხვევაში კი, ეს ვაჭრობა საგრძნობლად იზრდება და მათ შორის, იმ პროდუქციის ხარჯზე, რომელიც რუსეთს ომის გაგრძელებაში ხელს უწყობს. Საუბარია მაგ. Ჩიპებზე. თქვენ ვერ ნახავთ სანქციების თაობაზე რეპორტს, რომელშიც ყაზახეთთან ერთად საქართველო არ არის ნახსები, როგორც დერეფანი, საიდანაც შედის ამ ტიპის პროდუქცია”.

მონაცემები აჩვენებს, რომ ევროკავშირის ვაჭრობა რუსეთთან წლებია იკლებს.  2022 წლის თებერვლის შემდეგ,  ევროპიდან იმპორტის თვალსაზრისით რუსეთის წილი  9.6%-დან 1.7%-მდე შემცირდა, ხოლო ექპორტი – 3.8%-დან 1.4%-მდე. 

აშშ-ის ევროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2023 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები მხარს უჭერენ ევროკავშირთან ახლო პოლიტიკურ (54%) და ეკონომიკურ (52%) თანამშრომლობას. იმავე გამოკითხვაში, რუსეთის ფედერაცია აშშ-ისა და თურქეთის შემდეგ მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს (კაცები – 17%, ქალები – 8%). 

ჰიბრიდული ომის მკვლევარი დავით ძიძიშვილის ამბობს, რომ რუსული პროპაგანდის შედეგები მხოლოდ ამით არ იზომება. 

“თუ რუსული პროპაგანდის მიზანი არის, რომ ქართული საზოგადოება იყოს პრორუსი, მაშინ რუსული პროპაგანდა საქართველოში წარუმატებელია, მაგრამ თუ მიზანი არის, რომ ქართული საზოგადოება არ იყოს დასავლეთთან ახლოს, მაშინ წარმატებული”,  – ამბობს დავით ძიძიშვილი. 

ორბანის ერთგული მოკავშირე

“ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკის კალეიდოსკოპში ნათლად ჩანს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური განცხადებები გახშირდა, ხოლო რუსეთის კრიტიკა პირდაპირპროპორციულად შემცირდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ყველაზე ახლო მოკავშირე  “ქართული ოცნებისთვის” დღეს უნგრეთის ევროსკეპტიკოსი და პოპულისტი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანია. 

ირაკლი ღარიბაშვილი და ვიქტორ ორბანი მეუღლეებთან ერთად

Საქართველოსა და უნგრეთს შორის პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს დამყარდა, მას შემდეგ, რაც თბილისსა და ბუდაპეშტში საელჩოები გაიხსნა. ვიქტორ ორბანი 2012 წლის არჩევნებამდე 4 დღით ადრე თბილისში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ჩამოვიდა და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა: ​​”როგორც უნგრელ მეგობარს, დამიჯერეთ – ნუ დაბრუნდებით უკან; ირწმუნეთ საკუთარი თავის, ირწმუნეთ თქვენი ხელმძღვანელობის და გააკეთეთ თქვენი საქმე“.

დღეს ორბანი ისევ საქართველოს მთავრობის ახლო მოკავშირეა, მაგრამ ამჯერად სხვა მთავრობის. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებისადმი კრიტიკულად და სკეპტიკურადაა განწყობილი, პრემიერ ღარიბაშვილს 2023 წლის ოქტომბერში ორი დღით ესტუმრა. Შეხვედრის მთავარი მიზანი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება და  “მწვანე ენერგეტიკული კორიდორი – შავი ზღვის მიწისქვეშა კაბელი“ იყო. თუმცა ოფიციალური შეხვედრების მიღმაც, ირაკლი ღარიბაშვილმა სადღეგრძელოს სახით ორბანს მადლობა გადაუხადა, ევროკაშვირში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერისთვის და მას მისაბაძი პოლიტიკოსი უწოდა. 

ჰიბრიდული ომის მკვლევარი დავით ძიძიშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნება”  ღიად პრორუსული პარტია არასდროს გახდება, რადგან მთავრობაში აცნობიერებენ, რომ გაცხადებულად პრორუსული კურსის აღებისთანავე, ისინი იმ პარტიების გვერდით აღმოჩნდებიან, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების ძალიან მცირე ნაწილი უჭერს მხარს. 

“ქართული ოცნება ცდილობს თქვას, რომ იგი დასავლურ კურსს ინარჩუნებს. ორბანის ვიზიტიც სწორედ ასე გაასაღეს, – აი, ნახეთ,  მე დასავლეთისკენ ვარ, იმიტომ რომ ორბანი დასავლეთია. ეს კაცი არის ჩვენი მთავარი ლობისტი ევროკავშირში და სწორედ ამიტომ ჩამოვიდა ჩვენთან”, – ამბობს დავით ძიძიშვილი. 

სინამდვილეში, ბრიუსელში ვიქტორ ორბანს პუტინთან დაახლოებულ პოლიტიკოსად მოიხსენიებენ, რომელიც რუსეთისთვის სანცქიების მოხსნას ითხოვს, ხოლო უკრაინისთვის იარაღის გადაცემას ეწინააღმდეგება. 

საქართველოსა და უნგრეთს აერთიანებთ ტრადიციული ღირებულებების ერთგულება, ეს მოიცავს სამშობლოსა და რელიგიისადმი ერთგულებას, ოჯახის სიწმინდის, ტრადიციების პატივისცემას”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ორბანთან შეხვედრისას. 

Საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარი ვოლოდიმირ პოსვიატენკო “სტუდია მონიტორთან” ინტერვიუში საქართველოს მთავრობის უნგრეთთან დაახლოების ტენდენციას უარყოფით მოვლენად აფასებს. იგი მიიჩნევს, რომ ევროკავშირს მის შემდგენლობაში “მეორე ორბანისეული სახელმწიფო” აღარ სჭირდება. 

“ქართული ოცნება ცდილობს შექმნას არა ახალი ბელარუსი, არამდე “ორბანისეული უნგრეთის” ანალოგი კავკასიაში. ამისთვის მაქსიმალურად იყენებს საზოგადოების პოლარიზაციას, როგორც არჩვენების მოგების იარაღს. ორბანის მაგალითი ასეთივე წარმატებულია: ის ამბობს, რომ მისი პოლიტიკა არის საღი აზრის უკანასკნელი ბასტიონი გლობალიზაციის წინააღმდეგ. Სწორედ ესაა, რასაც ქართული ოცნება ცდილობს. გარდა ამისა, ორბანს მისი ინტერესები აქვს საქართველოსთან მიმართებით. მას სურს, ევროკავშირში გაჩნდეს მისი ახლო მოკავშირე ახალი წევრის სახით. დარწმუნებული ვარ, ორბანს რეალურად არც საქართველოს დეოკუპაცია ადარდებს და არც ტერიტორიული მთლიანობა აინტერესებს“, – განმარტავს ვოლოდიმირ პოსვიატენკო. 

ვიქტორ ორბანთან “ქართული ოცნების” მჭიდრო ურთიერთობას სკეპტიკურად უყურებენ ბრიუსელში. 4-5 მაისს უნგრეთში გამართულ კონსერვატორთა კონფერენციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობას  მწვავე კრიტიკა მოჰყვა ევროპელი სოციალისტების მხრიდან . “ქართული ოცნება” წლების განმავლობაში ევროპის სოციალისტური პარტიის (PES) მოკავშირე იყო, მიმდინარე წლის 29 ივნისს კი სოციალისტებმა საქართველოს მთავრობასთან კავშირი გაწყვიტეს. “მათი ქმედებები და პოზიციები ჩვენი ღირებულებებისგან შორს დგას”, – ეწერა PES-ის ოფიციალურ განცხადებაში. 

“ქართული ოცნების” მისამართით ევროპარლამენტარების კრიტიკა ისმის არა მხოლოდ ულტრაკონსერვატორ ორბანთან ურთიერთობის გამო, არამედ ბოლო წლებში ულტრა-მემარჯვენე, ჰომოფობიური და პრორუსული ჯგუფების გაძლიერებისთვის. მათ შორის გამორჩეული ადგილი უკავია ალტ-ინფოს,  – ექსტრემისტულ ულტრაკონსერვატიულ მოძრაობას, რომელიც სიძულვილის ენის კულტივირებით, ადამიანის უფლებათა დარღვევით და ღიად ანტიდასავლური იდეოლოგიით გამოირჩევა.

ალტ-ინფოს ეფექტი

ალტ-ინფოს ღია თანამშრომლობა კრემლთან

“საქართველოში არავის ხმას არ ამოვაღებინებთ, რომ ჩვენ მივისწრაფით NATO-სკენ. ვინც მაგაზე ლაპარაკს დაიწყებს, ენა უნდა ამოაძრო და კისერზე უნდა დაახვიო,” – ეს სიტყვები მოძრაობა “ალტ-ინფოსა” და პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” დამფუძნებელს, კონსტანტინე მორგოშიას ეკუთვნის. 

ერთ-ერთი ფუნდამენტური ცვლილება, რასაც პრორუსული, ანტილიბერალური და ჰომოფობიური “ალტ-ინფო” ითხოვს, საქართველოს საგარეო ვექტორის ჩრდილოეთით გადახრაა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს ინტეგრაცია კონსტიტუციის 78-ე მუხლით არის გარანტირებული. “ალტ-ინფოს” ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ამ ჩანაწერის გაქრობაა

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციიდან რვა თვეში, ომის ფონზე, “კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფოს” ხუთივე ლიდერი მოსკოვში ჩავიდა. მათივე განცხადებით, ვიზიტის მიზანი საქართველო-რუსეთის ურთიერთობების განმტკიცება იყო. კონსტანტინე მორგოშიას, ზურაბ მახარაძის, გიორგი ქარდავას, შოთა მარტინენკოსა და ირაკლი მარტინენკოს ვიზიტები რუსულმა სამთავრობო მედიამაც გააშუქა, ხოლო შეხვედრების ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში თავადვე გაავრცელეს. ფოტოსურათებზე ჩანს, რომ “ალტ-ინფოს” ლიდერები რუსეთის დუმის რამდენიმე წევრს, პუტინის ყოფილ მრჩეველს, სერგეი გლაზევსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის (СВР России)  პოლკოვნიკ იგორ მოროზოვს შეხვდნენ.

მოსკოვში 20-დღიანი ვიზიტის დასრულებიდან მალევე, საქართველოში დაბრუნებულმა პრორუსულმა პარტიამ საჯაროდ განაცხადა, რომ ისინი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის აქტიურ მზადებას იწყებენ. 

ზურა მახარაძე, შოთა მარტინენკო, კონსტანტინე (კოკა) მორგოშია, გიორგი ქარდავა, ირაკლი მარტინენკო

მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და რუსული პროპაგანდის მკვლევარი თამარ კინწურაშვილი განმარტავს, რომ დღესდღეობით საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის “ალტ-ინფოს” იდეოლოგიის მეინსტრიმად ქცევის მცდელობა, სახიფათო ტენდენციას წარმოადგენს. 

“საქართველოში პრორუსული ჯგუფები ნაკლებად პოპულარულები იყო აქამდე, მაგრამ მათი მეინსტრიმიზაციის მცდელობას ვხედავთ. ამას სწორედ “ალტ-ინფო” უწყობს ხელს, რომელიც თითქოს პოზიციონირებს ასე, – მე აქ ვიცავ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს და დღეს ჩვენთან თანხვედრაშია რუსეთის საგარეო პოლიტიკა”, – ამბობს თამარ კინწურაშვილი.

ალტ-ინფოს ძალადობრივი ანატომია

პრორუსული იდეოლოგიის მოძრაობა “ალტ-ინფო” 2019 წელს ინტერნეტმედიის სახით გამოჩნდა, ხოლო მოგვიანებით პოლიტიკურ პარტიად ტრანსფორმირდა. 

მხარდამჭერთა მობილიზებისთვის “ალტ-ინფო” სოციალური ქსელების დახურულ ჯგუფებსა და ჩეთს იყენებს. ანონიმურობის დაცვის პირობით, ამ ჩეთის ერთ-ერთმა წევრმა “სტუდია მონიტორს” რამდენიმე ე.წ. სქრინი მიაწოდა. როგორც “სქრინების” შინაარსიდან ირკვევა, ეს მიმოწერა 2022 წლის მარტით თარიღდება და საქართველოს რამდენიმე ქალაქში “ალტ-ინფოს” ოფისებთან გამართულ საპროტესტო აქციებს ეხება. “სტუდია მონიტორმა” სქრინების შესწავლისას, პროფილის ფოტოების მიხედვით, ორი ადამიანის იდენტიფიცირება მოახდინა. ესენი არიან “კონსერვატიული მოძრაობა – ალტ ინფოს” წევრები ოთარ დანელია და გია ბაინდურაშვილი. 

ჩეთში, სახელწოდებით რეიდი II, “ალტ-ინფოს” მარტვილის ოფისის იმდროინდელი ხელმძღვანელის, ოთარ დანელიას სახელით ფეისბუქ-მომხმარებელი დანარჩენ წევრებს მოუწოდებს, იყიდონ ცრემლმდენი აირით დატუმბული ბალონები, რითაც “მათ მოწინააღმდეგეებს” გაუმკლავდებიან. 

“აქ უკვე ძაან დიდი აგრესიაა, ოფისში ძლივს ვიჭერ ხალხს… რამე გაბედონ, “დრუჟბით” გავუვარდები ხალხს. ჯერ თავდაცვის რეჟიმზე ვართ, მითითებას გასცემენ ლიდერები თუ რამე იქნება სამოქმედო”, “მარტვილში რომ მოვიდნენ, ჩავხოცავთ,” “გავუბიტავთ თავებს”, – წერს შიდა ჩეთში მომხმარებელი, სახელით ოთარ დანელია.  

ოთარ დანელია და კონსტანტინე მორგოშია მარტვილში “ალტ-ინფოს” ოფისის გახსნაზე

“სტუდია მონიტორმა” ოთარ დანელიასთან დაკავშირება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. როგორც გაირკვა, დანელიამ “კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო” რამდენიმე თვის წინ დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა. ამ მუქარისშემცველ კომენტართან დაკავშირებით, “სტუდია მონიტორი” ალტ-ინფოს დამფუძნებელს, კონსტანტინე მორგოშიას დაუკავშირდა. 

“არ მახსოვს ასეთი რამ, მაგრამ ოთო აღარ არის ჩვენთან და არ არის საქართველოში, საერთოდაც სხვა ქვეყანაშია. ამ სქრინებთან დაკავშირებით არაფერი მახსოვს, იმდენი რამე ვრცელდება ჩვენზე, ათასი სიმართლე, ათასი სისულელე, ვერაფერს გეტყვით და ოთოს მაგივრად კომენტარს მე ვერ გავაკეთებ, სწორად გამიგეთ. როგორც მახსოვს, თავის დროზე ოთომ უარყო ეს სქრინები”, – გვითხრა კონსტანტინე მორგოშიამ. 

იმავე მიმოწერაში დანელია თანაგუნდელებს ამ სიტყვებით მიმართავდა: “ან ვიქნებით ჩვენ, ან იქნებიან ლიბერალები. არანაირი დათმობა ლიბერალებს, დედა უნდა ვუტიროთ”. ამავე დიალოგში მონაწილე გია ბაინდურაშვილი ასევე წერს, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის სრული მობილიზაციაა აუცილებელი.

“ეს ადამიანები ძალადობას, როგორც მიზნის მიღწევის ფორმას ამართლებენ და ამაზე საჯაროდ საუბრობენ. ეს არის ექსტრემიზმი და ექსტრემიზმს არ სჯის ხელისუფლება. რომ ვაკვირდებით, დღეს გარკვეული ეჭვიანობაც კი აქვთ ერთმანეთს შორის, იმიტომ რომ ხშირად ეს ჯგუფები წერენ, პრემიერ-მინისტრმა ჩვენგან გადაწერა რაღაცეები, რომ გზავნილები არის იდენტური. ორივე აქტორი საფრთხეს ხედავს დემოკრატიულ ინსტიტუტებში, რადგან ხელისუფლებაც ებრძვის არასამთავრობოებს, არაკონტროლირებად მედიას, ოპოზიციას და ამ რესურსებს იყენებს მათ წინააღმდეგ”, – ამბობს მედიის განვითარების ფონდის დირექტორი თამარ კინწურაშვილი.

“ალტ-ინფოს” სახელს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დარბევა, – 5 ივლისის მოვლენები უკავშირდება. 

2021 წლის 5 ივლისს ლგბტქ+ პრაიდის გაუქმების მოთხოვნით, “ალტ-ინფოს” ლიდერები, 10 ათასამდე მხარდამჭერთან და ათობით სასულიერო პირთან ერთად, პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ. იმ დღეს მათ მიზანში ორი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია ამოიღეს, გასაშუქებლად მისულ 50-ზე მეტ ჟურნალისტს კი ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. რამდენიმე მათგანი მძიმედ დაშავდა. მათ შორის იყო “ტვ პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც რამდენიმე დღეში სახლში გარდაიცვალა. 

5 ივლისის დარბევაში მონაწილე 27 ადამიანი დააკავეს, მაგრამ “ალტ-ინფოს” არცერთი ლიდერის წინააღმდეგ პროკურატურას საქმე არ აღუძრავს. 

დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი და ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ანდრო გოცირიძე განმარტავს, რომ “კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფოს” ძალადობრივი ქმედებები რეალურად კოლაბორაციონისტული მთავრობის შექმნას ემსახურება. 

“ალტ-ინფო  სხვა პრორუსული ორგანიზაციებისგან განსხავევბით, საკუთარი “ძალოვანი“ დანაყოფების მქონე ორგანიზაციაა, რომელიც  საჭიროების შემთხვევაში, როგორც ჩანს, მთავრობის მოქმედების თუ უმოქმედობის ფონზე, ახერხებს, დედაქალაქის ცენტრალურ მოედანსა თუ მის შემოგარენში დაუსჯელ ძალადობას. ეს არის ფონის შემზადება, რომ რუსული აგრესიის პირობებში, მოხერხდეს ის რაც რუსეთმა ვერ მოახერხა უკრაინაში: საოკუპაციო ან კოლაბორაცონისტური მთავრობის ჩამოყალიბება”, – ამბობს ანდრო გოცირიძე. 

ანტიდასავლურ პოლიტიკასთან ერთად, ანტილიბერალური ექსტრემიზმი “ალტ-ინფოსთვის” ერთ-ერთი უმთავრესი იდეოლოგიური ტრაექტორიაა. პროდასავლური მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დასავლური ქვეყნების ელჩების დემონიზება მათ ნარატივში ხშირად ისმის. პოლიტიკური საქმიანობაც ამ სტრატეგიით განაგრძეს. 

“ალტ-ინფოს” აქცია სახალხო დამცველის ოფისთან (წყარო: პუბლიკა)

5 ივლისის მოვლენებიდან რამდენიმე თვეში “ალტ-ინფოს” წევრებმა პოლიტიკური პარტია დააფუძნეს.

“5 ივლისი, – დღე, როცა საქართველოში ლიბერალური დიქტატურის დასასრული დაიწყო”,  – “ალტ-ინფოს” დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა კონსტანტინე მორგოშიამ პარტია “კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო” მხარდამჭერებს ამ სიტყვებით წარუდგინა.

პარტიამ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე 70-მდე ოფისის გახსნა მოახერხა და აქციებიც არაერთხელ გამართა. ამ აქციებზე  ანტიდასავლური, ანტილიბერალური და ჰომოფობიური მოწოდებები ხშირად ისმის, წვავენ ევროკავშირისა და აშშ-ის დროშებს, ხოლო გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებს “ალტ-ინფოს” მხარდამჭერები თავს ესხმიან. 

“ალტ-ინფოს” ორგანიზებით კიდევ ერთი ჰომოფობიური აქცია 2023 წლის 8 ივლისს პრაიდფესტივალის ჩაშლის მიზნით გაიმართა. ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, კერძო ტერიტორიაზე დაგეგმილი ფესტივალის ჩასაშლელად “კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფოს” წევრებმა რეგიონებიდან რამდენიმე ასეული ადამიანის ჩამოყვანა და პრაიდფესტივალის ტერიტორიაზე შეჭრა მოახერხეს. რადიკალურ, ჰომოფობიურ ჯგუფს ადგილზე ფესტივალის მონაწილეები არ დახვდათ, თუმცა ვიდეო მასალაში ჩანს, როგორ არბევენ და ძარცვავენ ჩაშლილი ფესტივალის ტერიტორიას. 

„მოვიგეთ! გავიმარჯვეთ!” – ასე მიულოცა ზურა მახარაძემ მხარდამჭერებს პრაიდფესტივალის ჩაშლა. 

იმ დღის ამსახველი ვიდეომასალა ონლაინგამოცემა “პუბლიკამ” დეტალურად შეისწავლა. ვიდეომასალაში, სახელწოდებით “8 ივლისის პატაკი მოძალადეებს”, ნათლად ჩანს, როგორ მიუძღვება “ალტ-ინფოს” ლიდერ ზურა მახარაძეს საპატრულო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი ფესტივალის ტერიტორიისკენ, ნაცვლად იმისა, რომ მათ წესრიგი დაამყარონ.

“ალტ-ინფოს” ექსტრემიზმით შარშან ამერიკული ტელეკომპანია VICE-იც დაინტერესდა. რეპორტაჟში ჟურნალისტი კონსტანტინე მორგოშიას ეკითხება, გმობს თუ არა მისი მხარდამჭერების მხრიდან ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე ძალადობას. 

“არა, არ ვგმობ. შემიძლია მოგატყუოთ, რომ ვგმობ, მაგრამ არ მოგატყუებთ”, – პასუხობს მორგოშია. 

მოსალოდნელი ომის შიშის დანერგვა 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული გზავნილი, თითქოს დასავლეთს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს, “ალტ-ინფოს” ანტიდასავლურ რიტორიკაში კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით ისმის. ამ ნარატივისა და მართლმადიდებლურ-ნაციონალისტური იდეებით შენიღბული რუსული პროპაგანდის გასავრცელებლად “ალტ-ინფო” საკუთარ მედიაპლატფორმას და სოციალურ ქსელებს ყველაზე აქტიურად იყენებს. 

“მეორე ავღანეთად რომ არ ვიქცეთ და მეორე მარიუპოლად რომ არ იქცეს თბილისი, მაგის უზრუნველყოფაში “კონსერვატიული მოძრაობა” შეასრულებს სტრატეგიულ როლს”, – განაცხადა საკუთარი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში “ალტ-ინფოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა მახარაძემ. 

ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე (წყარო: Facebook)

2023 წლის 18 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნახსენებია ფრაზა “ევრომაიდანის სცენარი”.  ორ კვირაში “ალტ-ინფომ”  მოძრაობა “ანტიმაიდანი” შექმნა. ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მახარაძე ვიდეომიმართვაში ომის მომასწავებელ სცენარს აღწერს და ომის შიშის კულტივირებაზე აგებულ გზავნილთან ერთად, იგი მხარდამჭერებს მოუწოდებს, შესწირონ ფული მოძრაობას “ანტიმაიდანი”. 

“ყველგან ჩვენ გარშემო არის ომი და ეს ომი მოდის ჩვენსკენ. აწი უახლოესი ათწლეული იქნება ომების ათწლეული და რამენაირად უნდა გადავურჩეთ ამას და ამისთვის პირველი ნაბიჯი არის ეს, – ჩაეწერეთ “ანტიმაიდანში”, – ამბობს ვიდეომიმართვაში ზურა მახარაძე. 

მოძრაობა “ანტიმაიდანის” შექმნიდან რამდენიმე დღეში “ალტ-ინფოს” დამფუძნებელმა და ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ სახელმწიფო გადატრიალების გეგმის ავტორად აშშ-ის საელჩო, ხოლო შემსრულებელ აქტორად ოპოზიცია დაასახელა. 

ღმერთმა ნუ ქნას, სახელმწიფო სტრუქტურები ვერ იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე, ამ შემთხვევაში, ჩაირთვება ანტიმაიდანი… ამრევი ჰყავთ შემოყვანილი ქვეყანაში აი, იმ ოპოზიციას, რომელიც გასუსულია და ჩუმად არის და რაღმონიტორიმოაც შტერი სახით იყურება, თითქოს არაფერი ხდება. ზუსტად ვიცით, რომ იარაღიც აქვთ შემოტანილი, ზუსტად ვიცით, რა ჩატებში როგორ ჰყავთ გაერთიანებული არა მარტო ქართველები, მათ შორის, უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელორუსიდან ჩამოყვანილი თავიანთი პერვერტები, ზუსტად ვიცით, რომ რაღაც საკრარული მსხვერპლის გეგმაც აქვთ დასახული, ზუსტად ვიცით, რომ აშშ-ს საელჩოში დაგეგმილია ეს ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე”, – უთხრა ტვ პირველს მორგოშიამ. 

რას ისახავს მოძრაობა ანტიმაიდანი მიზნად და ვის უპირისპირდება ეს მოძრაობა, ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხების მისაღებად, “სტუდია მონიტორი” კონსტანტინე მორგოშიას რუსეთში დაუკავშირდა. 

“ჩვენ სულ ვამბობდით, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით იქნება სპეკულაციები, რასაც გარე ძალები გამოიყენებენ სათავისოდ. ასევე იგეგმებოდა უკრაინელების, აქ ჩამოსული რუსების, ბელარუსების მიერ ულტრალიბერალური ფლანგის გააქტიურება, ანუ 2014 წლის მაიდანის სცენარი საქართველოში, – აი, ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ მთელი 7-8 თვის განმავლობაში. ანუ თუ მოეწყობოდა მაიდანი, ამუშავდებოდა ანტიმაიდანი,” – განაცხადა მორგოშიამ. მან ასევე დააკონკრეტა, რომ “გარე ძალებში” ის საქართველოს დასავლელ პარტნიორებს გულისხმობს. 

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ანდრო გოცირიძე მიიჩნევს, რომ “ანტიმაიდანის” თეორიის გააქტიურება რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი პოსტულატია, თითქოს დასავლეთი მისთვის არასასურველი მთავრობის დამხობას ხელს უწყობს. 

“რაც შეეხება მოძრაობის “ძალოვან” მხარეს, ცნობილია, რომ ეს ჯგუფი (ალტ-ინფო) დაუსჯელად განხორციელებული ძალადობრივი აქციებით გამოირჩევა და ანტიმაიდანის რეკრუტირებაც სოციალურ ქსელში ძალადობრივი მოწოდებების ფონზე ხდებოდა. მმართველი ძალა, მის მიერ კონტროლირებული უწყებები და “ანტიმაიდანის” ორგანიზატორები ერთმანეთს პრობლემებს არ უქმნიდნენ. ამგვარად, ხელისუფლება ცდილობდა რუსული პროპაგანდის ზემოაღნიშნული პოსტულატი რეფორმების შეფერხების ფონზე დასავლეთიდან წამოსული კრიტიკის ასახსნელად გამოეყენებინა და დასავლეთის დისკრედიტაცია მოეხდინა,” – განმარტავს ანდრო გოცირიძე.

ვინ აფინანსებს ალტ-ინფოს? 

დაფუძნების დღიდან ამ დრომდე პარტიას “კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო” შემოწირულობების სახით 612 ათას ლარამდე აქვს მიღებული. ამ პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველი თავად ამავე პარტიის წევრი კახაბერ ელიზბარაშვილია. მას პარტიის ანგარიშზე საერთო ჯამში 42 845 ათასი ლარი აქვს ჩარიცხული. 

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ელიზბარაშვილმა 2017 წელს კომპანია “დაბო” დაარეგისტრირა, სადაც იგი 50%-იან წილს ფლობდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სტატისტიკური ბიზნეს რეგისტრის მიხედვით, ამ კომპანიას დღეს არა აქტიური სუბიექტის სტატუსი აქვს მინიჭებული. მის სახელზე გაფორმებული სხვა ბიზნესი საჯარო რეესტრის ბაზაში არ ფიქსირდება. 

კახაბერ ელიზბარაშვილის საქმიანობის შესახებ სოციალურ ქსელშიც მწირი ინფორმაცია მოიპოვება. იგი მხოლოდ “ალტ-ინფოს” სხვადასხვა აქციების ამსახველ ვიდეო და ფოტომასალაში ფიქსირდება. ერთ-ერთ ვიდეოში ელიზბარაშვილი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის დროშებს წვავს. 

კახაბერ ელიზბარაშვილი წვავს აშშ-ის და ევროკავშირის დროშებს (წყარო: Facebook)

“კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფოს” შემოსავლის წყაროს არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” (DRI) ორი წელია იკვლევს. DRI-ის მკვლევარი ქეთი მურღულია “სტუდია მონიტორთან” ინტერვიუში გამოთქვამს ვარაუდს, რომ “ალტ-ინფოსთვის” შემომწირველთა ერთ-ერთ წყაროს რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები წარმოადგენენ. 

“ჩვენ კონსტანტინე მორგოშიასთან ჩავწერეთ ინტერვიუ და მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებას აქტიურად აწარმოებს რუსეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენებთან, რაც ბადებს ეჭვს, რომ კონსერვატიული მოძრაობის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო სწორედ ისინი არიან. 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით “კონსერვატიულ მოძრაობა – ალტ-ინფოს” 102 შემომწირველი ჰყავს. აქედან 101 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირია. რადიკალური მოძრაობის ყველაზე მსხვილი შემომწირველებიდან უძრავ ქონებას მხოლოდ კახაბერ ელიზბარაშვილი და მერაბ გიგანი ფლობენ. მერაბ გიგანი ასევე ამ ძალადობრივი და ღიად პრორუსული დაჯგუფების რუსთავის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელია”, – ამბობს ქეთი მურღულია. 

თავად “ალტ-ინფოს” წევრები ტელევიზიისა და პარტიის მთავარ ფინანსურ მხარდამჭერად მისსავე დამფუძნებელსა და ლიდერს, ბიზნესმენ კონსტანტინე მორგოშიას ასახელებენ.

მორგოშია წარსულში “პატრიოტთა ალიანსის” წევრი, მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი და მოძრაობა “ალტერნატივა საქართველოსთვის” დამფუძნებელი იყო. 

“სტუდია მონიტორმა” 2022 წლის მარტში ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა და მორგოშიას სახელზე რეგისტრირებული რამდენიმე მსხვილი კომპანია აღმოაჩინა. გამოძიების თანახმად, 2017 წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მორგოშიას ერთ-ერთ კომპანიას ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო ეპატია. ამას წინ უსწრებდა “პატრიოტთა ალიანსის” აქციები მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. კონსტანტინე მორგოშია აქციების პერიოდში სწორედ “პატრიოტთა ალიანსის” წევრი იყო. მოგვიანებით, რეესტრის დოკუმენტების თანახმად ირკვევა, რომ მორგოშიამ თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში კორპუსის მშენებლობის ნებართვა მერიისგან მიიღო. 

კონსტანტინე მორგოშიას სახელი სუს-ის ე.წ. კრებსებშიც გვხვდება. 2021 წლის სექტემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უკანონო მოსმენების ამსახველი დოკუმენტების უპრეცედენტო მასშტაბის გაჟონვა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მასალების ავთენტურობა სრულად დადასტურებული არ არის, ათასობით ფაილში მორგოშიას შესახებ შემდეგი შინაარსის ინფორმაცია იძებნება:

“პარტია “ქართული იდეის” თავმჯდომარე ლევან ჩაჩუამ, თანამოაზრე თორნიკე კივილაძეს აცნობა, რომ ა/ო “ალტერნატივა საქართველოსთვის” და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი კონსტანტინე მორგოშია არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პროექტი“, წერია სუს-ის კრებსებში. 

რას ამბობენ დასავლეთში ალტ-ინფოზე? 

2023 წლის 19 ივლისს LGBTI Intergroup-ის წევრმა ექვსმა ევროპარლამენტარმა კონსტანტინე მორგოშიას წინააღმდეგ სანქცირების დაწესება მოითხოვა. მოთხოვნას თბილისიდან მეორე დღესვე გამოეხმაურნენ. 

„სინამდვილეში მიზანი არის, რომ გაჩნდეს პრეცედენტები საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენებისა“, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, “ქართული ოცნების” წევრმა მიხეილ სარჯველაძემ,

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, პარალელურად კი გაფართოების 120-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის ადამიანის უფლებათა ნაწილში ევროკომისია იმ ოთხ კონკრეტულ მოთხოვნას ასახელებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ მომავალ წელს უნდა შეასრულოს. მათ შორისაა 2021 წლის 5 ივლისსა და 2023 წლის 8 ივლისს განხორციელებული ძალადობის ორგანიზატორთა პასუხისგებაში მიცემა. 

2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი დარბევა დღემდე მთავრობის არცერთ წევრს არ დაუგმია, არც “ალტ-ინფოს” ლიდერები გაუკრიტიკებიათ. მსგავსი “დუმილის სტრატეგია” და ძალადობრივი აქტის ორგანიზატორებისადმი მთავრობის ლოიალური დამოკიდებულება კითხვებს ბადებს არა მხოლოდ ევროსტრუქტურებში, არამედ ვაშინგტონშიც. 2023 წელს ტერორიზმის შესახებ გამოქვეყნებულ, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში “ალტ-ინფო” ნახსენებია როგორც  ექსტრემისტული ძალა. 

“ორგანიზაცია, რომელიც ძალადობრივ ექსტრემიზმთან ასოცირდება, 2021 წლის ძალადობის სხვა ორგანიზატორებთან ერთად, პასუხისგებაში არ მიუციათ. 2022 წელს „ალტ-ინფომ“ და მისმა პოლიტიკურმა პარტიამ, „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ ქვეყნის მასშტაბით საკუთარი წარმომადგენლობა გააფართოვა”, – წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. 

პრორუსული პარტიების დაფუძნება, შემდეგ კი გაუქმება მოსახლეობის მცირე მხარდაჭერის გამო, გავრცელებული პოლიტიკური პრაქტიკაა საქართველოში. ამგვარი პარტიების რეიტინგი, როგორც წესი, 1%-ს არ აღემატება. გამონაკლისი იყო 2016 წელს “პატრიოტთა ალიანსის” 5%-იანი შედეგი საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ამ პარტიისადმი მხარდაჭერაც 3-4 წელში მნიშვნელოვნად შემცირდა. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოსკოვში ანტიდასავლური მსოფლმხედველობის მქონე არაერთი ქართველი პოლიტიკოსი ჩასულა, ჰომოფობიური, ანტილიბერალური რიტორიკაც არაერთხელ გამოუვლენიათ, მაგრამ “კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო” აღმოჩნდა ერთადერთი, რომელიც მის მხარდამჭერებს ფიზიკური ძალადობისკენ ღიად და დაუფარავად მოუწოდებს. აქამდე არსებული სხვა პრორუსული პარტიებისგან მათ ის ფაქტიც განასხვავებს, რომ დასავლელი პარტნიორები სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ მოლოდინს, “ალტ-ინფოს”, როგორც ექსტრემისტული სუბიექტის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ ქმედითი ნაბიჯები დროულად გადადგას. 

ავტორები: თეო ქავთარაძე, ქეთი თუთბერიძე, ტატიანა გერტა (მოლდოვა) 

რედაქტორი: ნინო ზურიაშვილი 

———————–

მასალა მომზადებულია “მედიის საერთაშორისო მხარდაჭერის” (IMS) მიერ დაფინანსებული პროექტის – “ქალი გამომძიებელი ჟურნალისტების ქსელი” (WIJN) – ფარგლებში. მასალის იურიდიული ექსპერტიზა განხორციელდა UNESCO-ს მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.