მეტი ძალადობა, მეტი რუსეთი
ზურაბ მახარაძე: აქვს ვინმეს რამე სათქმელი რუსეთიდან? – დიდი სიამოვნებით.
ჟურნალისტის ხმა: გორი, მესტია, ოზურგეთი, მარნეული – ადგილობრივების პროტესტის მიუხედავად, პრორუსული პარტია ახალ ოფისებს ხსნის.
ჟურნალისტის სტენდაფი: მოგიყვებით მათ კავშირებზე ხელისუფლებასთან.
ჟურნალისტის ხმა: გაჩვენებთ მტკიცებულებებს, თუ როგორ თანამშრომლობს ხელისუფლება კრემლთან დაკავშირებულ ძალადობრივ ჯგუფებთან.
ჟურნალისტის შეკითხვა: თბილისის მერიიდან მიიღებდით მშენებლობის ნებართვას და სწორედ ამის სანაცვლოდ თქვენ გადმოგეცათ 80 000 დოლარი და ეს ფართები.
კოკა მორგოშია: არა, მე არ მქონია ეგეთი კონტრაქტი არავისთან გაფორმებული.
ჟურნალისტის შეკითხვა: საჯარო რეესტრში დევს, ბატონო კოკა, აი, ხელშეკრულება.
ჟურნალისტის ხმა: “თავისუფლების მონიტორმა” გამოიძია, როგორ მფარველობს ხელისუფლება ძალადობრივ ჯგუფებს და როგორ ძლიერდება ქვეყანაში რუსული გავლენები.
ნინო დოლიძე: მოსახლეობას არ აქვს ძალიან ზუსტი და მკვეთრი აღქმა, რა არის მმართველი პარტიის პოზიციები ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით.
სათაური: მეტი ძალადობა, მეტი რუსეთი.
ჟურნალისტი ესალმება რესპონდენტს: გამარჯობა, ქალბატონო ირმა… ამ შენობაში ცხოვრობთ უკვე 30 წელია?
ირმა ნაჭყებია, აფხაზეთიდან დევნილი: კი, ამ შენობაში ვცხოვრობ 1993 წლის 7 ნოემბერიდან პირადად მე… ეს ომი ჩვენც გვეხება, ეს ომი ჩვენთანაა… რუსეთის მშვიდობაც ვიცით, რაც არის. იმიტომ რომ 1993 წელს, 27 ივლისს, მოაწერეს სოჭში ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და ქართულმა მხარემ ყველაფერი ტექნიკა გაიყვანა ფოთში. 1 სექტემბერს ჩვენ გვეგონა, რომ დამთავრდა ომი, ჩვენ ვენდეთ ამ რუსეთის მშვიდობას და 16 სექტემბერს სამშვიდობო რუსეთის ჯარი, რომელიც იდგა მშვიდობის დასამყარებლად, იმათმა ქვემეხებიდან და გრადებიდან განაახლეს ეს ბრძოლა… ეს “რუსული მშვიდობის” ფასი ჩვენ გამოვიარეთ და ვიცით, ჩვენს მერე გამოიარა 2008 წელმა. იმათმაც იციან რუსული მშვიდობის ფასი.
2008 წლის ომის კადრები.
ჟურნალისტი ესალმება რესპონდენტს: გამარჯობა, ქალბატონო ქეთევან.
ჟურნალისტის ხმა: ქეთევან სუხიტაშვილის შვილი, კაპრალი ოთარ სუხიტაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა. დედამ მხოლოდ გადმოცემით იცის, რომ შვილი, 2 თანამებრძოლთან ერთად, ცხინვალში ტანკით შესვლის დროს ააფეთქეს.
ჟურნალისტის შეკითხვა: რამდენი წლის იყო?
ქეთევან სუხიტაშვილი, აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის დედა: 33 წლისა იყო, ეხლა, 29 აპრილს დაბადების დღე აქვს, 47 წლისა უნდა გამხდარიყო. ძალიან ძნელია დედისთვისა, რომ საფლავიც რომ არა გაქვს, ძნელია.
ტელევიზორიდან ხმა: რუსმა სამხედროებმა დაბომბეს ივანო-ფრანკოვსკიც. სამიზნე სამხედრო ნაწილი იყო.
ქეთევან სუხიტაშვილი: ისევ წარმომიდგა ის, აი, როცა ომი იყო და ბომბავდნენ და ზუსტად მე და ჩემი მეუღლე, ბოსტანი გვაქვს და ვიღებდით კარტოფილს და 100 მეტრის იქით ბომბები ჩამოცვივდა.
ჟურნალისტის ხმა: ომმა უკრაინაში რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის ჭრილობები განუახლა საქართველოში რუსეთის შემოჭრით დაზარალებულებს. 1992-93 წლებსა და 2008-ში რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებული ომების შედეგად, 10 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე დაიღუპა; 300 ათასი ადამიანი კი დევნილად იქცა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა.
ფრაგმენტი არქივიდან: საქართველოს რეგიონებში პარტია “კონსერვატიული მოძრაობა” ოფისების გახსნას განაგრძობს.
კოკა მორგოშია: ჩვენ უკვე ფაქტობრივად მოვრჩით საქართველოს მასშტაბით ყველა რაიონში ოფისების გახსნას.
ჟურნალისტის სტენდაფი: უკრაინის ომის ფონზე დასავლეთი საქართველოს რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე აფრთხილებს. ამ დროს აქ კიდევ უფრო გააქტიურდნენ ულტრამემარჯვენე პრორუსული ძალები. ჩვენ 2 წელია ვაკვირდებით ამ ძალების საქმიანობას საქართველოში. ახლა მოგიყვებით მათ კავშირებზე ხელისუფლებასთან, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.
ჟურნალისტის სტენდაფი: პირველ რიგში, გორში მივდივართ – ქალაქში, რომელიც ყველაზე ინტენსიურად დაიბომბა 2008 წელს და შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად დაზარალდა რუსეთის აგრესიისგან აგვისტოს ომში. ამ ქალაქში პრორუსული, ულტრამემარჯვენე პარტიის, “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისი 23 თებერვალს გაიხსნა.
ჟურნალისტის სტენდაფი: ჩვენ ახლა გორის ცენტრალურ მოედანზე ვართ. ეს ადგილი რუსეთმა 2008 წელს კასეტური ჭურვებით დაბომბა. შედეგად 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. უცნაურია, მაგრამ 14 წლის შემდეგ სწორედ ამ მოედანზე გახსნა პრორუსულმა “კონსერვატიულმა მოძრაობამ” პარტიული ოფისი.
ჟურნალისტის შეკითხვა: გამარჯობა, შეიძლება შემოვიდეთ?
“კონსერვატიული მოძრაობის” გორის ოფისის წარმომადგენელი: არა. თქვენ როგორ აზროვნებთ, თქვენი აზროვნების და თქვენი გადასახედი არის როგორი: თუ არა ხარ ამერიკის მხარეს, ე.ი. ხარ პრორუსული.
ჟურნალისტი: თქვენი პარტიის გაცხადებული პოლიტიკა ხომ არის რუსეთთან მოლაპარაკება?
“კონსერვატიული მოძრაობის” გორის ოფისის წარმომადგენელი: ჩვენი პარტიის გაცხადებული პოლიტიკა არის, დღეის მდგომარეობით, საქართველოს ომის თავიდან აცილება, ყველა ცდილობს მაქსიმალურად გაჭირვებული, გაუბედურებული და დახოცილი ხალხის, უკრაინელი მოსახლეობის
ჟურნალისტი: ვისაც ვინ ხოცავს?
“კონსერვატიული მოძრაობის” გორის ოფისის წარმომადგენელი: რატომ მისვამთ მაგ კითხვას, თუ პროვოკატორი არა ხართ?
ჟურნალისტის სტენდაფი: სამწუხაროდ, არ შეგვიშვეს ოფისში, რომ დაგვესვა კითხვები და ინტერვიუ ჩაგვეწერა მათთან, თუ რატომ გადაწყვიტეს პრორუსულ პარტიას შეერთებოდნენ.
ჟურნალისტის ხმა: პოლიტიკური პარტია “კონსერვატიული მოძრაობა” 2021 წლის ნოემბერში დაფუძნდა.
ზურაბ მახარაძე, “კონსერვატიული მოძრაობის” თავმჯდომარე: ბევრი მე ვიცი აქ, ჩვენი პატივცემული ლიბერალური ჟურნალისტიკაც სრულად არის წარმოდგენილი, ამ ყველაფერს გააშუქებს ესე: “პროპუტინისტურმა ჯგუფებმა რაღაცა შავბნელი ყრილობა ჩაატარეს და გასაგებია რა”.
ჟურნალისტის ხმა: “კონსერვატიული მოძრაობა” ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფის, “ალტინფოს” ლიდერებმა დააფუძნეს. “ალტინფო” კი 2019 წელს გამოჩნდა საქართველოში.
ფრაგმენტი არქივის ვიდეოდან: რუსული იმპერიალიზმის მთავარი იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი ლევან ვასაძეს პირისპირ შეხვდა კიდეც.
ლევან ვასაძე: უღრმესი მადლობა რა ამხელა სიკეთისთვის.
ჟურნალისტის ხმა: “ალტინფოს” ბაზაზე პოლიტიკური პარტიის შექმნა პირველად პრორუსმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ სცადა. 2021 წლის მაისში მან გამართა კიდეც პარტია ”ერის” პრეზენტაცია, თუმცა მალევე გამოეთიშა პოლიტიკურ სცენას, რისი მიზეზიც, ვასაძის თქმით, მისი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გახდა. “კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერები, ისევე როგორც ვასაძე, ხშირად იმეორებენ, რომ მათი პარტია პროქართულია და არა – პრორუსული.
ნინო დოლიძე, ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი: ეს არის სწორედ რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მეთოდი.
ჟურნალისტის ხმა: ნინო დოლიძე საჯარო პოლიტიკის მაგისტრია და კარგად იცნობს რუსული პროპაგანდის მესიჯებსა და მათი გავრცელების მეთოდებს სხვადასხვა ქვეყანაში.
ნინო დოლიძე: და ამიტომ არის ეს პრორუსული ნარატივი, რომ ჩვენ არ გვჭირდება დასავლეთი, ჩვენ არ გვჭირდება არავინ, ვართ ქართველები და ჩვენ, ქართველები თავად მოვაგვარებთ ჩვენს პრობლემს. მაშინ, როდესაც ჩვენ აღიარებული გვაქვს, რომ რუსეთი არის ქვეყნის მტერი, რუსეთს აქვს ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებული და ცალსახად ქვეყანაში უნდა იკრძალებოდეს პრორუსული ნარატივები და პრორუსული აქტორები.
გრაფიკა: აკრძალვის და საქმიანობაში ხელშეშლის ნაცვლად, “კონსერვატიული მოძრაობა” სულ უფრო ფართოვდება. ბოლო 2 თვეში მათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 60-ზე მეტი ოფისი გახსნეს.
ნინო დოლიძე: აუდიტის სამსახურში არსებული დეკლარაცია ნამდვილად არ იძლევა ამის თქმის საშუალებას, რომ მათ აქვთ ამდენი ფინანსები, რომ ამდენი ოფისი გახსნან.
გრაფიკა: სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, “კონსერვატიულ მოძრობას” ამ დროისთვის მხოლოდ 116 შემწირველი ჰყავს, რომლებმაც ჯამში 110 ათას ლარამდე შეწირეს პარტიას. “კონსერვატიულ მოძრაობას” კი მარტის ბოლომდე 82 ოფისის გახსნა აქვს დაანონსებული მთელ საქართველოში.
ფრაგმენტი არქივიდან – ოზურგეთელები აპროტესტებენ ალტინფოს ოფისის გახსნას: ვერც შეხვალთ და ვერც გამოხვალთ, გდარაჯობთ, იცოდეთ, გითვალთვალებთ, იცოდეთ.
ჟურნალისტის ხმა: ოზურგეთის მსგავსად საქართველოს არაერთ მუნიციპალიტეტში მოჰყვა ადგილობრივების პროტესტი პრორუსული “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისის გახსნას. მსგავსი საპროტესტო აქციის შემდეგ მესტიაში იმ ადამიანებს სცემეს, რომლებმაც იქ “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისის დახურვა მოითხოვეს.
ჟურნალისტის შეკითხვა: თვითონ შეესწრო პოლიცია ძალადობას და არ დაუკავებია ამის მიუხედავად არცერთი მოძალადე?
ნატა ჯაფარიძე, აქტივისტი მესტიიდან: დიახ.
ჟურნალისტი: თქვენი აზრით რა შეიძლება ამის მიზეზი იყოს?
ნატა ჯაფარიძე: ის, რომ ხელისუფლება და ეს ადამიანები ანუ ერთად მოქმედებენ.
ჟურნალისტი: მესტიის ოფისის ხელმძღვანელი არის გიორგი რატიანი ხომ?
ნატა ჯაფარიძე: დიახ.
ჟურნალისტი: გიორგი რატიანი იყო სუსის თანამშრომელი?
ნატა ჯაფარიძე: 1იყო სუსის თანამშრომელი.
ჟურნალისტი: ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ ამის გამო არ დააკავეს არც ის და არც მისი პარტიის წევრები?
ნატა ჯაფარიძე: მე ვფიქრობ, უფრო ზევიდან არის ზოგადად ამ ჯგუფთან დაკავშირებით ეგეთი გადაწყვეტილებები.
ჟურნალისტის ხმა: “თავისუფლების მონიტორმა” გაარკვია, რომ მარნეულში “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისის პროტესტის ნიშნად გადაღებვის გამო ადგილობრივ აქტივისტს, სამირა ბაირამოვას სწორედ ის ადამიანები ემუქრებიან, რომლებმაც ძალადობრივი ჯგუფები მესტიაში ჩაიყვანეს.
მერაბ გიგანი: წინააღმდეგ შემთხვევაში, 2 დღეში ამოვდივართ და ამ საქათმეს, ნაციონალური მოძრაობის საქათმეს…
ჟურნალისტის ხმა: “კონსერვატიული მოძრაობის” რუსთავისა და მარნეულის ოფისების ხელმძღვანელი მერაბ გიგანი აქ სამირა ბაირამოვასა და ოპოზიციური პარტიების ადგილობრივ წარმომადგენლებს ემუქრება მარნეულში გადაღებილი ოფისის გამო. რატომ არ არიან ამ დრომდე დაკავებულები მესტიაში მოძალადეები, ამ კითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დრომდე არ გვიპასუხა. სამირა ბაირამოვას საქმის ბოლომდე მიყვანის პირობა კი შს მინისტრმა პარლამენტში დადო.
ვახტანგ გომელაური, შს მინისტრი: 151-ე მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე სამირა ბაირამოვაზე და ამაზე გამოძიება მიმდინარეობს და მივყვებით.
ჟურნალისტის ხმა: ალტინფოს წარმომადგენლების ძალადობრივი ანგარიშსწორების შედეგად 2019 წლიდან დღემდე ათობით ადამიანია დაზარალებული.
კონსტანტინე (კოკა) მორგოშია: ეხლა ყოველგვარი ქაოსის გარეშე, დაახლოებით 500-600 კაცი გამოვეყოთ ქუჩის აქეთა მხარეს და დავიძრათ მაგათი ოფისისკენ.
ჟურნალისტის ტექსტი: 2021 წლის 5 ივლისს სისხლიანი ჰომოფობიური აქციის ორგანიზატორი სწორედ ეს ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფი იყო. იმ დღეს პოლიციის თვალწინ, თბილისის ცენტრში ამ ჯგუფის წევრებმა 50-ზე მეტ ჟურნალისტს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ცემის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო ტვ “პირველის” ოპერატორმა, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ჟურნალისტებზე ძალადობის ამ არნახული ფაქტის გამო, სამართალდამცავებს არც ერთი ორგანიზატორი არ დაუკავებიათ.
ჟურნალისტის სტენდაფი: 2021 წლის სექტემბერში სახალხო დამცველმა პროკურატურას მიმართა და მოითხოვა, რომ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულიყო “ალტინფოს” ლიდერების მიმართ.
ჟურნალისტის შეკითხვა: როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლებოდა აერიდებინა თავი ძალოვან უწყებას ამ მოძალადე ჯგუფის ლიდერებისთვის ბრალის წარდგენაზე?გიორგი ბურჯანაძე, სახალხო დამცველის მოადგილე: არც ერთ საგამოძიებო ორგანოს პასუხი არ გაუცია, რაც კიდევ ერთხელ გვიქმნის განცდას და რწმენას იმისას, რომ გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს და მისი მიზანია ხელის დაფარება კონკრეტული პირებისთვის.
ჟურნალისტის ხმა: “თავისუფლების მონიტორის” შეკითხვას, თუ რატომ არ წაუყენეს ბრალი “ალტინფოს” ლიდერებს 5 ივლისს ძალადობის ორგანიზებისთვის, პროკურატურაში არ უპასუხეს. 2020 წლის ოქტომბერში “ფეისბუკმა” და “იუთუბმა” “ალტინფოსთან” დაკავშირებული არაერთი გვერდი დაბლოკა არაავთენტიკური და კოორდინირებული ქცევის გამო. ნოემბერში კი “ალტინფომ” კომუნიკაციების კომისიისგან ტელემაუწყებლობის უფლება მიიღო.
მარტინენკო: აქ არ იქნება პროდასავლური საქართველო.
მახარაძე: კიი, რუსეთთან თანამშრომლობაში უნდა შევიდეთ, რო უკრაინას რაც დაემართა, ჩვენ არ დაგვემართოს, ხო, მაგას ვამბობთ ჩვენ, კი.
ჟურნალისტის ხმა: პრორუსული და ძალადობრივი მესიჯების გასავრცელებლად “კონსერვატიული მოძრაობა” და მასთან დაკავშირებული რადიკალები ახლა სწორედ ამ სატელევიზიო არხს იყენებენ აქტიურად.
მორგოშია: სინამდვილეში არავის ხმას არ ამოვაღებინებთ, პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩვენ მივისწრაფით ნატოსკენ. ვინც მაგის ლაპარაკს დაიწყებს, ენა უნდა ამოაძრო და კისერზე უნდა დაახვიო. პირდაპირ გეუბნებით, ძალიან ცუდ დღეში ჩავარდებიან.
ქარდავა: პირველ რიგში, ეგეთი ლიბერალებისგან გავწმინდავთ ქვეყანას!
ნიკა სიმონიშვილი, საია-ს თავმჯდომარე: ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებას, შეაჩეროს მაუწყებლობა.
ჟურნალისტი: მაშინ რა ბერკეტი არსებობს ეთერში ამ ძალადობრივი მოწოდებების შესაჩერებლად?
ნიკა სიმონიშვილი: აქ, ამ ვიდეოებში და არა მარტო ამ ვიდეოებშიც არის ისეთი გამონათქვამები, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა დანაშაულებს შესაძლოა შეიცავდეს და აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერზე რეაგიერება უნდა იყოს.
ვახტანგ გომელაური: მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი, კანონი მიიღეთ, დამევალება და აღვასრულებ.
ჟურნალისტის ხმა: “ალტინფოსთან” დაკავშირებულ შეკითხვებზე დეპუტატებს პარლამენტში ასეთი პასუხი გასცა ვახტანგ გომელაურმა.
ნიკა სიმონიშვილი: შს მინისტრი პირდაპირ იტყუება და ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ კანონი არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. შევახსენებთ, რა თქმა უნდა შს მინისტრს სსკ იმ მუხლებს, რომლებიც ადგენენ პასუხისმგებლობას მუქარისთვის, რომლებიც ადგენენ პასუხისმგებლობას ძალადობრივი მოწოდებებისთვის, რომლებიც ადგენენ პასუხისმგებლობას ძალადობის და ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებისთვის, რაზედაც შსს-ს დაწყებული აქვს გამოძიება, თუნდაც 5 ივლისთან მიმართებით, ხომ? და რაზეც შეუძლიათ ახლა აი, ამ ვიდეოებზე დაიწყონ გამოძიება.
ჟურნალისტის სტენდაფი: “თავისუფლების მონიტორმა” გაარკვია, რომ დასჯის ნაცვლად, პრორუსული მოძალადე ჯგუფების ლიდერები ხელისუფლებისგან ფინანსურ სარგებელს იღებენ. ახლა მცხეთაში ჩავალთ, რათა გავარკვიოთ “კონსერვატიული მოძრაობისა” და ”ალტინფოს” ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ რა სარგებელი მიიღო მთავრობისგან.
ჟურნალისტის ხმა: მცხეთაში, 3000-მდე კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე მცხეთის არქეოლოგიური ბაზის ნასყიდობის ხელშეკრულება მორგოშიასთან დაკავშირებულ კომპანიას სახელმწიფომ 2016 წლის მარტში გაუფორმა. ამ დროს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იყო, ხოლო მორგოშია მცხეთაში მაჟორიტარობის კანდიდატად იყრიდა კენჭს კვირიკაშვილთან ღიად დაპირისპირებული პროროსული პარტიის “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” რიგებიდან.
გიორგი კვირიკაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი: ჩვენ ვერ ვიქნებით ვერანაირ სტრატეგიულ პარტნიორობაში ვერც ახლა და ვერც მომავალ პარლამენტში ვერც “პატრიოტთა ალიანსთან” და ვერც ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ ძალასთან.
ჟურნალისტის ხმა: 2016 წელს კვირიკაშვილის ამ საჯარო განცხადებას წინ უძღოდა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების ღია კონფრონტაცია კვირიკაშვილისა და მისი გუნდის წევრებთან მიმართებაში. ხოლო 2017 წელს დაპირისპირება იმდენად გამძაფრდა, რომ კვირიკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, “პატრიოტებმა” შიმშილობისა და მასობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზება დაიწყეს. სწორედ ამ დროს კვირიკაშვილი ახალ განკარგულებას გამოსცემს, რომლითაც მორგოშიასთან დაკავშირებულ კომპანიას მცხეთაში ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო ეპატია. ხოლო მორგოშიასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ კომპანიას, რომელსაც მცხეთის სოფელ მუხრანში ხილის გადამამუშავებელი საწარმო უნდა აეშენებინა, საინვესტიციო ვალდებულებები შეუცვალა და პირგასამტეხლოსგანაც გაათავისუფლა.
ჟურნალისტის შეკითხვა: იმ პერიოდში გიორგი კვირიკაშვილის და ქუმსიშვილის წინააღმდეგ იყო კამპანია აგორებული, როდესაც მათ ბანკირებს ეძახდნენ. გქონიათ თქვენ ესეთი კომუნიკაცია, რომ მისულხართ გიორგი კვირიკაშვილთან და დიმიტრი ქუმსიშვილთან და გითქვამთ რომ და სანაცვლოდ სთხოვეთ ამ პროექტის განხორციელება?
კონსტანტინე (კოკა) მორგოშია, კონსერვატიული მოძრაობის დამფუძნებელი: სისულელეა. გიორგი კვირიკაშვილიც პროფესიით იყო ბანკირი, ფინანსისტი, დიმიტრიც, როგორც ვიცი და ეგ პროფესია მაქვს მეც და შესაბამისად, როგორ შეიძლებოდა ან მე ეგეთი რაღაცა ჩემ თავზე ამეღო?!
ჟურნალისტის ხმა: ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან მსგავსი ფარული გარიგებების ეჭვებს სავარაუდოდ სუს-დან გასულ წელს გაჟონილ ფაილებში კონსტანტინე მორგოშიასთან დაკავშირებული არაერთი ჩანაწერი აღრმავებს. მაგალითად, ამ ფაილებში არის ჩანაწერი, რომლის მიხედვით, საქართველოში მოქმედი კიდევ ერთი პრორუსული პარტიის “ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ მორგოშიას 2-ჯერ მისცა მას მშენებლობის ნებართვა და ამ ფორმით 300 ათასი დოლარი გადასცა. სავარაუდოდ, სუს-დან გაჟონილი ფაილების ავთენტურობა დღემდე ამ ფაილების არაერთმა ფიგურანტმა დაადასტურა. თუმცა,სანდრო ბრეგაძემ “თავისუფლების მონიტორს” უთხრა, რომ მორგოშია-კალაძის ფინანსურ კავშირებზე არც ინფორმაცია აქვს და არც უსაუბრია. ამ კავშირებს უარყოფენ თავად მორგოშიაცა და კალაძეც.
ჟურნალისტის სტენდაფი: “თავისუფლების მონიტორმა” მოიპოვა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ თბილისის ცენტრში, ყიფშიძის მიმდებარედ ამ კორპუსის მშენებლობის ნებართვის თბილისის მერიიდან მოპოვებაში კონსტანტინე მორგოშია მონაწილეობდა.
ჟურნალისტის ხმა: დოკუმენტების მიხედვით, ამ კორპუსში 300 კვ.მ-ზე მეტი ბინები და 80 ათასი დოლარი მორგოშიას სწორედ სამშენებლო ნებართვების მოპოვების სანაცვლოდ უნდა მიეღო.
ჟურნალისტის შეკითხვა: თბილისის მერიიდან მიიღებდით მშენებლობის ნებართვას და სწორედ ამის სანაცვლოდ თქვენ გადმოგეცათ 80 000 დოლარი და ეს ფართები
კოკა მორჰოშია: არა, მე არ მქონია ეგეთი კონტრაქტი არავისთან გაფორმებული.
ჟურნალისტი: საჯარო რეესტრში დევს ბატონო კოკა, აი, ხელშეკრულება.
კოკა მორგოშია: მე ეს ბინები ვიყიდე, იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე რომ მოვიპოვე ნებართვა და თანხები დავხარჯე და შესაბამისად მივიღე ის, რაც დავხარჯე.
ჟურნალისტის ხმა: კონსტანტინე მორგოშია 2017 წლიდან მოვალეთა რეესტრშია, რადგან “პატრიოტთა ალიანსში” უკანონო შემოწირულობისთვის 2016 წელს დაკისრებულ ჯარიმას – 180 ათასი ლარს არ იხდის. ამის მიუხედავად, მორგოშია ღიად აცხადებს, რომ ბიზნესები აქვს. კომპანიებსა და ქონებას ის უკვე წლებია ოჯახის წევრების სახელზე აფორმებს.
ჟურნალისტის სტენდაფი: სავარაუდოდ, სუს-დან გაჟონილ ფაილებში არაერთი ჩანაწერია იმაზე, რომ ამ ჯგუფის ლიდერი კონსტანტინე მორგოშია ე.წ. სუს-ის პროექტია.
ამონარიდი სუს-ის ფაილებიდან: პარტია “ქართული იდეის” თავმჯდომარე ლევან ჩაჩუამ, თანამოაზრე თორნიკე კივილაძეს აცნობა, რომ ა/ო “ალტერნატივა საქართველოსთვის” და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი კონსტანტინე მორგოშია არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის „პროექტი“.
ჟურნალისტის ხმა: ამ ჩანაწერების ნამდვილობა “ფიგურანტებმა თავისუფლების” მონიტორთან საუბარში არ დაადასტურეს.
დავით ზურაბიშვილი: მეტი საქმე სუს-ს კი არა აქვს, აბა, ახლა აგენტებს რომ დასდევდეს და რაღაცა რუსების იმას, ეგ არაა მაგათი საქმე.
ჟურნალისტის ხმა: ქართული ოცნების ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები დღეს ღიად ჰყვებიან, რომ რადიკალური ძალადობრივი ჯგუფები სწორედ უსაფრთხოების სამსახურის ეგიდით მოქმედებენ საქართველოში.
დავით ზურაბიშვილი, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე: სუს-ის მეშვეობით ხდებოდა ასეთი რაღაცეები ყოველთვის და ახლაც სუს-ის მეშვეობით ხდება, ამიტომ მათ ეს ზოგჯერ ჭირდებოდა ისეთი იდეებისა და აზრების პროპაგანდისთვის, რასაც თვითონ ვერ შვებოდა იგივე ბიძინა ივანიშვილი და მასთან უშუალოდ ასოცირებული პოლიტიკოსები.
ჟურნალისტის ხმა: ჩვენ შევეცადეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაგვერკვია, მართავს თუ არა ეს სამსახური ძლიერ ულტრამემარჯვენე რადიკალურ ჯგუფებს ქვეყანაში, თუმცა პასუხები ვერ მივიღეთ.
კონსერვატიული მოძრაობის წევრი: აი, ამ ჩვენს ოჯახში, ჩვენს მეორე ოჯახში…
ჟურნალისტის ხმა: კონსერვატიული მოძრაობა არ არის ერთადერთი პრორუსული პოლიტიკური ორგამიზაცია საქართველოში, რომელიც ბოლო პერიოდში გააქტიურდა.“თავისუფლების მონიტორმა” გაარკვია, რომ გასულ წელს დაფუძნდა ორგანიზაცია “სოლიდარობა მშვიდობისთვის”. ორგანიზაციის თავმჯდომარე პრორუსული პარტიის “პატრიოტთა ალიანსის” ტელევიზიის – “ობიექტივის” წამყვანი მერაბ ჭიქაშვილია. ხოლო დამფუძნებლები ყოფილ გენერალურ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირები არიან.
ანდრია ფარცხალაძე: რუს მოქალაქეებზე თავდასხმა შექმნის იმის საფუძველს, რომ საქართველო დაადანაშულონ ფაშიზმში.
ჟურნალისტის ხმა: ეს ორგანიზაცია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” გუნდის ერთ-ერთი წამყვანი სახე – ანდრია ანზორ ფარცხალაძეა, ოთარ ფარცხალაძის შვილი.
ჟურნალისტის სტენდაფი: ჩვენ ახლა ვეძებთ “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ოფისს, აი, ეს არის. გამარჯობა, არის აქ ვინმე?
ხმა: მობრძანდით.
ჟურნალისტი: გამარჯობა, ბატონო მერაბ, ჩვენ ვართ სტუდია მონიტორიდან, ანდრია აქ არის, ადგილზე?
მერაბ ჭიქაშვილი: ვინ?
ჟურნალისტი: ანდრია.
მერაბ ჭიქაშვილი: ვის კითხულობთ?
ჟურნალისტი: ანდრია ფარცხალაძეს.
მერაბ ჭიქაშვილი: არა. არ არის აქ, არ არის.
ჟურნალისტის ხმა: ანდრია ფარცხალაძე ოფისში არ დაგვხვდა, თუმცა ორგანიზაციის თავმჯდომარემ მასთან თანამშრომლობა დაგვიდასტურა.
მერაბ ჭიქაშვილი: მე პირადად, მერაბ ჭიქაშვილმა ანდრია ფარცხალაძეს, რომელიც არის ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური წევრი, დიახ, მე ვთხოვე პირადად, რომ მას მიეღო მონაწილეობა. არა აქვს უფლება?
ჟურნალისტი: ძირითადად რუსეთზე არის აწყობილი ამ ორგანიზაციის საქმიანობა? – ამას გეკითხებით.
მერაბ ჭიქაშვილი: ძირითადად რუსეთზე არისო, მეკითხებით, კი, ძირითადად, რუსეთ-საქართველოზეა, იმიტომ, რომ რუსთეთთან გვაქვს მთავარი პრობლემა მოსაგვარებელი.
ჟურნალისტის ხმა: ოთარ ფარცხალაძემ ადვოკატის საშუალებით გვიპასუხა, რომ რაიმე სახის შემხებლობა აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობასთან არ გააჩნია.
ჟურნალისტის შეკითხვა: თქვენც და მერაბ ჩიქოვანიც უკავშირდებით ოთარ ფარხალაძეს, ხომ ასეა? მერაბ ჩიქოვანი არის ოთარ ფარცხალაძის იურისტი და თქვენ ბრძანდებით, თქვენი შვილი არის ოთარ ფარცხალაძის ახლო მეგობარი.
ზურაბ ჩოხელი, “სოლიდარობა საქართველოსთვის” დამფუძნებელი: ნათესავი. ოთარის ამ ორგანიზაციასთან საქმე არა აქვს. მე ვარ თვითონ ფულის შემომტანიც, ბიზნესმენიც.
ჟურნალისტის სტენდაფი: ეს არის თბილისის ცენტრი, ორბელიანის მოედანი. ახლა გაჩვენებთ, როგორ აქვთ ერთმანეთის მიყოლებით გახსნილი ოფისები პრორუსულ პარტია “პატრიოტთა ალიანსს” და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს.
დავით თარხან-მოურავი: მოგესალმებით სუყველას.
ჟურნალისტის ხმა: ამ და სხვა მათთან დაკავშირებულმა პრორუსულმა ორგანიზაციებმა ჯერ “პატრიოტული ფრონტი” დააარსეს, ხოლო შემდეგ, 21 თებერვალს ღია წერილი მიწერეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომელშიც ვკითხულობთ: “საჯაროდ მოვაწერეთ ხელი დეკლარაციას საქართველოს სრული სამხედრო ნეიტრალიტეტის შესახებ და მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან შესაბამისი ცვლილებების შეტანას კონსტიტუციაში”.
ნინო დოლიძე: ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვხედავთ ქმედით ნაბიჯებს ხელისუფლების მხრიდან, რომ ეს არის დეკლარირებული არჩევანი – პროდასავლური კურსი. მოსახლეობას არ აქვს ზუსტი და მკვეთრი აღქმა, რა არის მმართველი პარტიის პოზიციები ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით.
ირმა ნაჭყებია: ეს ფაქტი, რომ პროპაგანდა ეწევა პრორუსულ ძალებს და რა ვიცი, ეს ფაქტი არის ნამდვილად სამარცხვინო.