თამბაქოს კორუფციული კვა(მ)ლი
ანონიმური რესპონდენტი:
მახსოვს, მე-5 კლასში ვიყავი სკოლიდან პირველად რომ გავიპარეთ და პირველი ინტერესი, რაც იყო სკოლიდან გაპარვის, ნანგრევებში დავიმალეთ და ძაან ბევრი სიგარეტი მოვწიეთ თანატოლებმა.
ტექსტი:
ახალგაზრდა მამაკაცი იმ წლებს იხსნებს, როცა სკოლის ეზოებსა და ქუჩის მოფარებულ ადგილებში მოზარდები სიგარეტის მოსაწევად იმალებოდნენ. მაშინ თამბაქო თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო, რადგან იაფი ღირდა და ყველგან, მათ შორის სკოლის მიმდებარედაც იყიდებოდა.
ჟურნალისტის კითხვა: ადრეულ ასაკში დაწყებულმა მოწევამ არ იმოქმედა თქვენს ჯანმრთელობაზე?
პასუხი: რა თქმა უნდა ჯანმრთელობაზეც მოქმედებს, – იღლები მალე, რაღაცები გეზარება, ვეღარ ხარ იმდენად აქტიური ადამიანი.
ტექსტი:
იმ დროს საქართველოში თამბაქოსთან ბრძოლის არავითარი სტრატეგია არ არსებობდა. მოგვიანებით, ევროკავშირთან გაფორმებულმა არაერთმა ხელშეკრულებამ და გაეროს კონვენციამ საქართველოს მთავრობა დაავალდებულა, თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად ზომები მიეღოთ.
თამბაქოს კონტროლის სტრატეგია საქართველოში 2013 წელს დამტკიცდა. 2018 წლიდან ამოქმედდა ფართომასშტაბიანი რეგულაციები. მათ შორისაა საჯარო ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა, თამბაქოს რეკლამის შეზღუდვა, ასევე აქციზისა და ფასის ზრდა.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თამბაქოს კონტროლის შესახებ რეგულაციებს 2017 წელს მხარი დაუჭირა.
აკაკი ზოიძე – ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი
მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს იმას, რომ ბავშვები, ახალგაზრდები აღარ იწყებენ მოწევას, სწორედ გახლავთ ფასი და ეს ფასი სწორედ არის დაკავშირებული აქციზთან.
ტექსტი:
მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის შემდეგ თამბაქოზე გადასახადები არ გაზრდილა, რეგულაციებმა დადებითი შედეგი მაინც მოიტანა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში მოზარდებს შორის მწეველთა რაოდენობა 18%-იდან 11%-მდე სწორედ ამ შეზღუდვების შედეგად შემცირდა.
ტექსტი:
მიმდინარე წლის 17 აპრილს საქარველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, საგადასახადო კოდექსში ცვლილება შევა და დაჭრილ თამბაქოზე, იგივე თუთუნის ნაწარმზე აქციზის განაკვეთი განახევრდება.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასევე ვკითხულობთ, რომ 30 ლარამდე მცირდება აქციზის განაკვეთი თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს ნაწარმზე.
კანონპროექტის ავტორები “ქართული ოცნების” ოთხი დეპუტატია: დავით სონღულაშვილი, ბეჟან წაქაძე, გოჩა ენუქიძე და ელგუჯა გოცირიძე. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რა მიზანს ემსახურება ეს ცვლილება საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლში.
პასუხის უფლება: დავით სონღულაშვილი – კანონპროექტის ავტორი, “ქართული ოცნების” დეპუტატი
ჟურნალისტის კითხვა: რატომ გადაწყვიტეთ ასეთი კანონი მიღება, რომელიც ბიუჯეტს კოლოსალურად აზარალებს და ვინ ლობირებს ამ კანონს?
დავით სონღულაშვილი: პირველი, ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია, რომ ბიუჯეტს კოლოსალურად აზარალებს, იმიტომ რომ არ არის დათვლილი სწორად ის, რომ გაზრდილი წარმოება ჩაანაცვლებს ამ თანხას და ეს თანხა კომპენსირდება სწორედ ამით.
ჟურნალისტის კითხვა: კვლევები არსებობს, რომ ახალგაზრდები მოწევას არ იწყებენ, რადგან ფასი არის მაღალი და ახლა როცა აქციზის ფასის დაწევას გეგმავთ, ეს გამოიწვევს ახალგაზრდების პროვოცირებას, რომ დაიწყონ მოწევა.
პასუხი: არცერთ ვარიანტში!
პასუხის უფლება: ბეჟან წაქაძე – კანონპროექტის ავტორი, “ქართული ოცნების” დეპუტატი
ჟურნალისტის კითხვა: კანონპროექტი ბიუჯეტს დაახლოებით 25 მილიონი ლარის ზარალს მიაყენებს.
ბეჟან წაქაძე: არაფერ ზარალს არ მისცემს.
ჟურნალისტის კითხვა: ასევე გაცნობიერებული გაქვთ თუ არა ის საფრთხეები, რაც შეიძლება აქციზის დაწევამ გამოიწვიოს, დაავადებათა გაზრდა მაგალითად, რაც მოწევის გაზრდას უკავშირდება.
ბეჟან წაქაძე: გავიგე, მაგრამ როგორც კულტურა ქართული თამბაქო იკარგება ქვეყანაში და ამიტომ რაღაც სტიმულირება თუ არ მიეცი, როგორც კულტურა ჩვენთან საერთოდ დაიკარგება.
ტექსტი:
ამ კანონპროექტს მოწინააღმდეგე მხარე მალევე გამოუჩნდა. ესენი არიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე მიიჩნევს, რომ ფასის შემცირების გამო შესახვევი თამბაქო ხელმისაწვდომი გახდება.
გიორგი ბახტურიძე – თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარე
Მოტივი ამ ცვლილების განხორციელების თურმე ყოფილა აჭარაში ფერმერების ხელშეწყობა. ეს არის სისულელე, პირდაპირ ვიტყვით! ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, რომ ხელი შევუწყოთო ადგილობრივ წარმოებასო. თუ ჩემ მოსახლეობას სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემას უქმნის და მიკლავს, გინდა ადგილობრივმა თამბაქომ მომიკლას, გინდა, ასე რომ ვთქვათ, იმპორტირებულმა. Რა მნიშნელობა აქვს?!
ტექსტი:
2020-21 წლის კვლევებით, საქართველოში მოსახლეობის 28,2% აქტიური მწეველია. 2016 წელს, რეგულაციების ამოქმედებამდე, ეს მაჩვენებელი 31%-ს შეადგენდა. პარლამენტში წარდგენილმა კანონპროექტმა შესაძლოა ბოლო წლების პროგრესი რისკის ქვეშ დააყენოს და საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ახალი პრობლემები წარმოშვას. თამბაქოს კონტროლის ალიანსის საგანგებო განცხადებაში წერია:
“კანონპროექტი ზეგავლენას ახდენს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან გადასახადების შემცირება, ხელმისაწვდომს გახდის ამ ლეტალურ პროდუქტს ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისათვის როგორიცაა ბავშვები და მოზარდები”.
დავით სონღულაშვილი – კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის მიზანია ადგილობრივი წარმოების დაცვა, ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედება, სექტორში კონკურენტუნარიანობის ზრდა და ადგილობრივი გადამამუშავებელი ინდუსტრიის განვითარების სტიმულირება.
სთენდაფი:
“სტუდია მონიტორი” დაინტერესდა, რატომ განიხილავს პარლამენტი კანონპროექტს, რომელიც ერთი მხრივ, დააზარალებს მოქალაქეების ჯანმრთელობას, მეორე მხრივ კი ბიუჯეტი ყოველწლიურად 25 მილიონამდე ლარს დაკარგავს. დღეს მოგიყვებით, ვის ბიზნესს შეიძლება უკავშირდებოდეს საგადასახადო კოდექსში სარისკო ცვლილება.
ტექსტი:
რადგან კანონპროექტის ავტორების არგუმენტია, სექტორში ადგილობრივი გადამამუშავებელი ინდუსტრიის სტიმულირება, ჩვენ სტატისტიკის ეროვნული სააგენტოდან ამ კომპანიების სია გამოვითხოვეთ. საუბარია კომპანიებზე, რომლებიც საქართველოში თუთუნს, იგივე დაჭრილ თამბაქოს აწარმოებენ.
12 კომპანიიდან 11 მცირე ბიზნესის სტატუსით სარგებლობს. რამდენიმე მათგანის შესახებ ინფორმაცია დღესდღეობით არ იძებნება. კომპანიებს შორის ვპოულობთ რამდენიმე მცირე საწარმოსაც და ბაზრის ლიდერ კომპანიას, რომელიც ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის კუთვნილი სააქციო საზოგადოება “თბილისის თამბაქოა”.
დოკუმენტების მიხედვით, “თბილისის თამბაქოს” 2022 წლიდან მისი შვილები, მიხეილ და ნათია ჩხარტიშვილები ფლობენ. 2021 წლამდე კომპანიის 51% თავად ვანო ჩხარტიშვილს ეკუთვნოდა, დანარჩენი წილი კი მის შვილებზე თანაბრად ნაწილდებოდა.
ბიძინა ივანიშვილი (არქივი)
„ვანო ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი ანგარიში გამიწია ნებისმიერი ბიზნესმენისგან განსხვავებით და ყველაზე მეტად დაიხია უკან, რისთვისაც მე მადლიერებას გამოვხატავ”.
ტექსტი:
ნედლეულს, რომელსაც ახალი კანონპროექტი ეხება, სწორედ “თბილისის თამბაქო” აწარმოებს, სახელწოდებით “დაჭრილი თამბაქო”.
ამავდროულად, თამბაქოს ნედლეული უკვე წლებია გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისგან. 2022 წელს საგადასახადო კოდექსში ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც თამბაქოს ნედლეულის იმპორტზე დაწესებული საგადასახადო შეღავათი 2026 წლის 1 იანვრამდე გახანგძლივდა. განმარტებით ბარათში წერია, რომ ამ ცვლილებით, სახელმწიფო ბიუჯეტი წლიურად დაკარგავს საშუალოდ მილიონ ნახევრამდე (1 391 450 ლარი) შემოსავალს.
“სტუდია მონიტორმა” ასევე შეისწავლა, რომ კომპანია მაღალი წლიური მოგებით გამოირჩევა.
2020 წელს “თბილისის თამბაქოს” მთლიანი მოგების მარჟამ 51% შეადგინა, ხოლო 2021 წელს 46%. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 45%-ია. საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების ანგარიშების პორტალის მიხედვით, მაჩვენებლებში ამ კომპანიის მთლიანი მოგება 2020 წელს – 17 მილიონი, 2021 წელს – 21 მილიონი, 2022 წელს ასევე 21 მილიონი იყო.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანტიკორუფციული პროექტების მენეჯერი სანდრო ქევხიშვილი საგადასახადო კოდექსში ამ ცვლილების მიღმა კორუფციის კვალს ხედავს.
სანდრო ქევხიშვილი – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანტიკორუფციული პროექტების მენეჯერი
ბიძინა ივანიშვილის გარდა მასთან დაახლოებული ბიზნესმენებიც ახერხებენ, რომ მათი ბიზნესისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებები მიაღებინონ საქართველოს ინსტიტუციებს…
ჟურნალისტი: რას წარმოადგენს ვანო ჩხარტიშვილი ქართული ოცნებისთვის და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისთვის?
პასუხი: ვანო ჩხარტიშვილი არის ერთ-ერთი საყრდენი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ გააკონტროლოს ეკონომიკური სექტორი საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით და ამის სანაცვლოდ ეს ადამიანი იღებს გარკვეულ სარგებელს სახელმწიფო ინსტიტუციებიდან. ეს იქნება მორგებული კანონპროექტების მიღება, ასევე იყო წარსულში გამოძიებები, რომლებიც მიანიშნებდნენ, რომ სასამართლო იღებდ ვანო ჩხარტიშვილის კომპანიების სასიკეთო გადაწყვეტილებებს.
ტექსტი:
ჩხარტიშვილის ოჯახის კუთვნილი “სმარტ კაპიტალ ჯგუფი” ფლობს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, აგრეთვე ღვინის, სასტუმროებისა და უძრავი ქონების ბიზნეს-პროექტებს.
ოლიგარქის ფავორიტი ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის თამბაქოს ბიზნესსა და ამ საკანონმდებლო ინიციატივას შორის კავშირის დასადგენად, “თბილისის თამბაქოს” დავუკავშირდით. ჯგუფის გენერალურ დირექტორს, რატი ღვამბერიას კითხვებით მივმართეთ, თუმცა პასუხად ზოგადი შეფასება მოგვწერეს.
პასუხის უფლება: რატი ღვამბერია – “თბილისის თამბაქოს” ჯგუფის გენერალური დირექტორი
თუ კანონპროექტი კონტრაბანდის შემცირებასა და ადგილობრივი მეთამბაქოების განვითარებას შეუწყობს ხელს, ეს სულისკვეთება მისასალმებელია. თუმცა, ჩვენ არ ვართ ამ ინიციატივის არც ავტორები და არც განხილვებში მოგვიღია მონაწილეობა, შესაბამისად, ვერაფერს გეტყვით კანონპროექტის დეტალებზე.
ტექსტი:
ამავე საკითხის გარკვევა კანონპროექტის ავტორებთანაც ვცადეთ.
პასუხის უფლება: დავით სონღულაშვილი – კანონპროექტის ავტორი, “ქართული ოცნების” დეპუტატი
ჟურნალისტის კითხვა: ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებული კომპანიის სასარგებლოდ გეგმავთ ამ კანონპროექტის მიღებას?
პასუხი:: რაღაცებზე მინდოდა პასუხის გაცემა და არ გაგცემთ, რადგან ძალიან უხეშობთ.
ჟურნალისტი: არა ბატონო ბეჟან, რას ბრძანებთ?! შეკითხვას გისვამთ და არ მპასუხობთ.
პასუხი: ვალდებული ვარ გიპასუხოთ?
ჟურნალისტი: საჯარო მოხელე ბრძანდებით და კანონპროექტის ავტორი ხართ, შესაბამისად ვალდებული ხართ.
პასუხი:: დამანებე რა თავი!
პასუხის უფლება: დავით სონღულაშვილი – კანონპროექტის ავტორი, “ქართული ოცნების” დეპუტატი
იმპორტს რომ ადგილობრივი წარმოება ჯობია მგონი მანდ კითხვა არ არის!
ჟურნალისტის კითხვა: ადგილობრივ წარმოებაში “თბილისი თამბაქოს” გულისხმობთ, რომელიც ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა?
პასუხი: არა, როგორ იქნება ვინმესთვის მიღებული კანონპროექტი, როცა ადგილობრივი წარმოებისთვისაა.
ჟურნალისტი: ვინ არის ადგილობრივი მწარმოებელი?
პასუხი: მწარმოებლები, აბა ვინ?!
ჟურნალისტი: ძირითადად არის თბილისის თამბაქო, რომელიც ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის კომპანიაა.
პასუხი: თუ თქვენ გნებავთ კამათი, ეს თქვენი უფლებაა, მაგრამ ეს კანონპროექტი არის იმისთვის, რომ წახალისდეს თამბაქოს წარმოება რეგიონებში.
სთენდაფი:
ვანო ჩხარტიშვილი ერთ-ერთია იმ ბიზნესმენებს შორის, რომელმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა და მთავრობას ნდობა გამოუცხადა. საუბარია კანონზე, რომელიც დასავლელი პარტნიორების მტკიცებით, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსს სრულიად აფერხებს და რომელსაც ათობით ათასი მოქალაქე ქუჩაში დილიდან ღამემდე აპროტესტებს.
ტექსტი:
ჩხარტიშვილის სავარაუდო კავშირი პოლიტიკურ გარიგებებთან ჯერ კიდევ 2018 წლის სექტემბერში გაჟონილი ფარული სატელეფონო ჩანაწერით გაცხადდა, თუმცა ჩანაწერის ავთენტურობა საგამოძიებო სტრუქტურებს დღემდე არ შეუსწავლიათ.
ფარულ ჩანაწერში სამი პირი მონაწილეობს: სავარაუდოდ ვანო ჩხარტიშვილი, “თბილისის თამბაქოს” მაშინდელი წარმომადგენელი ირაკლი ჩუბინიშვილი და ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი. ისინი ერთიანი სადისტრიბუციო კომპანიის შექმნას განიხილავენ, რაც მათივე თქმით, შეთანხმებულია ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილთან, ასევე საქმის კურსშია ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
სთენდაფი:
საუბარში ახსენებენ პარტიას იგივე ფონდს, რომელმაც ამ სქემის მიხედვით ბაზარზე დისტრიბუტორი კომპანიის შემოსავლის 50% უნდა მიიღოს. მაშინ ვანო ჩხარტიშვილმა ჩანაწერის ავთენტურობა არ დაადასტურა, ხოლო მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ჩაატარებული ექსპერტიზის მიხედვით ჩანაწერი მონტაჟი და მანიპულაციაა.
ტექსტი:
ოფიციალური დოკუმენტით დგინდება, რომ “თბილისის თამბაქომ” სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხითაც ისარგებლა. კერძოდ, 2015 წელს სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში “თბილისის თამბაქომ” მიზნობრივი თანადაფინანსების სახით ბიუჯეტიდან სამას ორმოცდაცამეტი ათას ხუთას ლარზე მეტი (353,589,71) მიიღო.
სთენდაფი:
თამბაქოს აქციზის ზრდას, თამბაქოს მოხმარებისგან მოქალაქეების, განსაკუთრებით მოზარდების დაცვას ის საერთაშორისო ხელშეკრულებებიც ითვალისწინებს, რომელზეც საქართველოს მთავრობას ხელი აქვს მოწერილი. ერთ-ერთია ევროკომისიის შედგენილი დოკუმენტი, სადაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ სამოქმედო გეგმა გაიწერა. ამ დოკუმეტის 28-ე თავში წერია, რომ საქართველო ვალდებულია ხელი შეიუწყოს თამბაქოს მოხმარების პრევენციას.
ტექსტი:
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების 283-ე მუხლი საქართველოს ავალდებულებს, თამბაქოს ნაწარმზე დაწესებული აქციზი დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტს რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით.
აკაკი ზოიძე – ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი
Ჩვენ ეს გვაქვს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდბეულება, რომ 90 ევრო უნდა იყოს ყოველ 1000 სიგარეტზე და ასეთივე, მსგავსი აქციზი უნდა იყოს თამბაქოს ყველა პროდუქტზე, იმისთვის რომ უზრუნველვყოთ, ერთი უფრო ძვირი თამბაქოს პროდუქტიდან არ გადავიდნენ უფრო იაფ თამბაქოს პროდუქტზე და ყველაზე ერთიანი ტიპის დაბეგვრა იყოს. ყოველი 30% აქციზის ზრდა და ფასის ზრდა, შესაბამისად იწვევს 10%-ით შემცირებას მწეველობის ინიციაციას. ანუ, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პირობებში, ეს იქნება დაახლოებით 90-100 ათასი ადამიანი და ბავშვი, რომელიც არ იწყებს მოწევას.
ტექსტი:
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის „თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენცია“ ხელმომწერ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, თამბაქოსთან ბრძოლის მიზნით სხვადასხვა ვალდებულებებს აკისრებს. კონვენციის მე-6 მუხლი თამბაქოზე ფასებისა და აქციზის ზრდას ითვალისწინებს. ახალი კანონპროექტი კონვენციის ამ მუხლსაც ეწინააღმდეგება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში “სტუდია მონიტორს” განუმარტეს, რომ ეს კანონპროექტი ბოლო წლების მიღწევას ჯანდაცვის სფეროში ხაზს გადაუსვამს.
კახა ღვინიანიძე – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი
ასეთი ცვლილების შემთხვევაში ბაზარზე გაჩნდება იაფი თამბაქო, რომელიც პირველ რიგში ხელმისაწვდომი ხდება ყველაზე დაუცველი ფენისთვის. ესენი არიან ახალგაზრდები და ღარიბები, რაც ნიშნავს იმას, რომ გაიზრდება თამბაქოს მოხმარება თავისი თანმდევი ეფექტებით. ის ეფექტები დღეს და ხვალ შეიძლება არ გამოჩნდეს, მაგრამ კიბო, გულსისხლძარღვთა დაავადებები აუცილებლად გამოჩნდება მომავალში.
ტექსტი:
გაეროს ინფორმაციით, თამბაქოს გამო გაწეული ჯანდაცვის პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯებით მიღებული წლიური ზარალი 800 მილიონ ლარს აღემატება. ეს თანხა საქართველოს მშპ-ის 2.4%-ს უტოლდება. თამბაქოს მავნე ზედმოქმედებით გარდაცვლილთა რაოდენობა საქართველოში ყოველწლიურად 11 ათასს აჭარბებს.
ინიცირებული კანონპროექტის გამო შეშფოთება უკვე გამოთქვა გაერომ. განცხადებაში წერია, რომ კანონპროექტის ავტორების არგუმენტები კრიტიკას ვერ უძლებს. “შემოთავაზებული ცვლილებებით, საქართველო დაშორდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს და საერთაშორისო ვალდებულებებს, რაც შეაფერხებს ქვეყნის მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე”.
კახა ღვინიანიძე – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი
ამ კანონის როგორც სავარაუდო შედეგი, რომელიც დადგება და ასევე პროცესიც მიანიშნებს, რომ ეს ყველაფერი ხელს აძლევს თამბაქოს ინდუსტრიას, ეს შედეგად მოიტანს მომხმარებელთა ზრდას, თამბაქოს მოხმარების ზოგად ზრდას, რაც ეწინააღმდეგება როგორც საზოგადოებრივ ინტერესებს, ასევე სახელმწიფოს ინტერესებს.
სთენდაფი:
მთავრობის საქმიანობაში თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის ინდექსით, საქართველოს მდგომარეობა გაუარესდა. ამას მოწმობს 2023 წლის საერთაშორისო კვლევა, რომლის მონაცემებით, 90 ქვეყნიდან საქართველო 86-ე ადგილს იკავებს. თამბაქოს კონტროლის ალიანსის საგანგებო განცხადებაში გარკვევით წერია, რომ ახალი კანონპროექტი კორუფციის ნიშნებს შეიცავს.
გიორგი ბახტურიძე – თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარე
2020 წლიდან მოყოლებული უარესდება ეს ინდექსი და რატომ უარესდება, მთავარი რა გახლავთ: 2018 წლის პირველ ივნისამდე საქართელოს მთავრობას ევალებოდა ნორმატიული აქტის დამტკიცება, რომელიც გამჭვირვალეს გახდიდა თამბაქოს ინდუსტრიასა და კონკრეული თანამდებობის პირებს შორის ურთიერთობას და ასევე მოხდებოდა ამ ურთიერთობების დეკლარირება. ეს ნორმატიული აქტი მომზადდა 2018 წელსვე, წარედგინა მთავრობას და დღეის მონაცემებით, ეს ნორმატიული აქტი არის დაბლოკილი ფინანსთა სამინისტროს მიერ.
ტექსტი:
ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფინანსთა სამინისტროს წერილით მივმართეთ, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია.
საქართველოში მეთამბაქეობა მაღალმთან აჭარაში, ლაგოდეხსა და მარნეულშია გავრცელებული. საგადასახადო კოდექსის თანახმად, თამბაქოს ნედლეული ფერმერებისთვის არ იბეგრება, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ეს დარგი სახელმწიფოსგან მეტ-ნაკლებად წახალისებულია. შესაბამისად, ახალი კანონპროექტი არა ფერმერების, არამედ თამბაქოს ადგილობრივი მწარმოებლების ხელშესაწყობად განიხილება.
სანდრო ქევხიშვილი – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანტიკორუფციული პროექტების მენეჯერი
რეალურად ასეთი ტიპის კანონმდებლობების მიღებით რა თანხაც არ შევა ბიუჯეტში, ეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ზარალი, რაც ადგება სახელმწიფოს, რადგან მიტაცებულმა ინსტიტუციამ სარგებელი მიანიჭა კერძო ინტერესს საჯარო ინტერესის ხარჯზე. ეს არის კორუფციული დანაშაული.
ტექსტი:
თამბაქოზე აქციზის ზრდას ბიძინა ივანიშვილიც რომ ეწინააღმდეგება, 2018 წელს გამართულ პრესკონფერენციაზე მისი განცხადება ადასტურებს.
ბიძინა ივანიშვილი – “ქართული ოცნების” დამფუძნებელი (არქივი)
არ შეიძლებოდა მოგების გადასახადის ერთ დღეში გაუქმება, ამას სჭირდებოდა მსჯელობა და პრევენციები სჭირდებოდა, – იგივე იაფი ღვინო, იაფი სიგარეტი… ღვინოზე და სიგარეტზე აქციზების ზრდამ მათ რიცხვზე მოახდინა გავლენა მოგების გადასახადის გაუქმების შემდგომ, რადგან ბიუჯეტი ხომ უნდა შევსებულიყო და გაძვირდა აქციზები სიგარეტზე და ღვინოზე. ამან გამოიწვია ღარიბი მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბება.
ტექსტი:
მოსახლეობის გაღარიბების მიზეზად ივანიშვილი თამბაქოს ნაწარმზე ფასის ზრდას ასახელებდა. სინამდვილეში, ყველა საერთაშორისო კონვენცია, შეთანხმება თუ ევროკავშირის შიდა რეგულაცია სახელმწიფოებს ავალდებულებს, რეგულარულად გაზარდონ ფასი თამბაქოს ნაწარმზე. ამ გადაწყვეტილების მიზანი ერთადერთია, – მოქალაქეების, განსაკუთრებით კი მოზარდების დაცვა თამბაქოს მოხმარებისგან და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება.