თბილისის წყლის ოფშორული საიდუმლო
ჟურნალისტური გამოძიება ეხება სახელმწიფოს მიერ სტრატეგიული ობიექტების პრივატიზაციას. „თბილისის წყლის”, „ჟინვალჰესის”, „მცხეთაწყალკანალის” და „საქწყალკანალის” გაყიდვის მიზნით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და თბილისის მერიის მიერ 2007 წლის ოქტომბერში გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად შვეიცარული „მულტიპლექს სოლუშენსი” დასახელდა, რომელიც მზად იყო, ობიექტები 85,6 მილიონ დოლარად შეეძინა, 350 მილიონი დოლარის ინვესტიცია განეხორციელებინა და ტარიფი 2013 წლამდე 2,95 ლარზე მეტად არ გაეზარდა. პრეზიდენტმა ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ განკარგულებას ხელი 2007 წლის ნოემბერში პოსტიდან გადადგომამდე ერთი დღით ადრე მოაწერა. განკარგულებაში ორი მნიშვნელოვანი შეუსაბამობა დაფიქსირდა: ა)ობიექტები ნაცვლად შვეიცარული „მულტიპლექს სოლუშენისა”, ვირჯინიის კუნძულზე რეგისტრირებულ „მულტიპლექს ენერჯი ლიმითედს” გადაეცა. ამ კომპანიაზე ისევე, როგორც „მულტიპლექს სოლუშენზე”, არ არსებობდა არანაირი ინფორმაცია. 2) მოგვიანებით, პრეზიდენტმა გამოსცა ახალი განკარგულება, რომელშიც გასაყიდი ობიექტების ჩამონათვალში „რუსთავწყალკანალიც” გაჩნდა, არადა ეს ობიექტი ინტერესთა გამოხატვაში საეთოდ არ ფიგურირებდა. ინვესტორთან ხელშეკრულება გაფორმდა 5 თვის შემდეგ. ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს მთავრობამ ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევით გაასაიდუმლოვა, მოვიპოვეთ და ორი დარღვევა აღმოვაჩინეთ: ა)თბილისის წყალი, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებლებით 85 მილიონ დოლარად უნდა გაყიდულიყო, ხელშეკრულებით 70 მილიონ დოლარად გაიყიდა. ბ) ინვესტორებს, რომლებსაც 350 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეცხორციელებინათ, ხელშეკრულებით 220 მილიონის განხორციელება დაევალათ. გამოძიების გასვლიდან რამდენიმე თვეში ტარიფი, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 2.95 ლარისა, 3.15 ლარამდე გაიზარდა.