უკონტროლო არაავტორიზებული რუსული სკოლები
ჟურნალისტი: რატომ ხსნიან საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულებებს რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ჩამოსახლებული ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის?
ირაკლი ხვადაგიანი: რუსეთის პროპაგანდის მინიმუმ საუკეთესო გამტარი იქნება
ჟურნალისტი: გაჩვენებთ სქემას, რომლითაც რუსული სკოლები საქართველოში ავტორიზაციის გარეშე ახერხებენ საქმიანობას.
ჰეფი სქულის წარმომადგენელი: ჩვენ გვაქვს საგანმანათლებლო ცენტრი და არა სკოლა
ჟურნალისტი: თქვენ გყავთ მოსწავლეები და სასკოლო საქმიანობას ეწევით
სტემლაბის წარმომადგენელი: ჩვენ გვაქვს რუსული სკოლის პროგრამა და ისინი იღებენ რუსეთის სკოლის ატესტატს
ჟურნალისტი: “სტუდია მონიტორმა” გამოიძია და ამ საღამოს გაჩვენებთ, თუ რა ბერკეტები აქვს ხელისუფლებას და იყენებს თუ არა მათ არაავტორიზებული რუსული სკოლების აღსაკვეთად.
განათლების მინისტრი: ასე არ ხდება კომენტარების ჩაწერა.
ჟურნალისტი: იცით რა, თქვენს პიართან გვქონდა მცდელობა, მაგრამ უარი გვითხრეს.
მინისტრი: გაგეცით პასუხი.
ჟურნალისტი: აბა, როგორ ხდება? გვითხარით.
დავით ძიძიშვილი: ამ სკოლებს ხელისუფლება იყენებს, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს
სათაური: უკონტროლო არაავტორიზებული რუსული სკოლები
ჟურნალისტის სტენდაფი: რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში მილიონ ნახევარზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა და 112 ათასზე მეტი დღემდე ჩვენს ქვეყანაში რჩება. საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები აქ აქტიურად ყიდულობენ უძრავ ქონებას, არეგისტრირებენ ბიზნესებს და ხსნიან საგანმანათლებლო დაწესებულებებს. “სტუდია მონიტორმა” გამოარკვია სქემა, რომლითაც კერძო რუსული სკოლები ავტორიზაციის გარეშე საქმიანობენ. ამ საღამოს, ასევე, მოგიყვებით, თუ რა ბერკეტები აქვს ხელისუფლებას და იყენებს თუ არა მათ არაავტორიზებული რუსული სკოლების აღსაკვეთად მაშინ, როცა შესაძლოა, რუსეთი ამ სკოლებს პროპაგანდის გამავრცელებელ რბილ ძალად იყენებდეს.
ჟურნალისტი: 2022 წელს, რუსეთის უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ, საქართველოში უკრაინის 224 ათასამდე მოქალაქე შემოვიდა და 26 ათასამდე მათგანი დარჩა. ეს უკრაინიდან დევნილი ანა ოქსანიჩენკოა. მშობლიური ქალაქი ვასილკოვი, 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად, ომის დაწყების დღესვე დატოვა.
ანა ოქსანიჩენკო, დევნილი უკრაინიდან: ბავშვებს გზადაგზა მუდმივად ვეუბნებოდი სახელებსა და გვარებს, ჩემს ტელეფონის ნომერს, ბებიის სახელს და გვარს, რადგან მეშინოდა, რომ ბავშვები დაიკარგებოდნენ, თუ ბომბი ჩამოვარდებოდა იმ გზაზე, სადაც გადავაადგილდებოდით მანქანით. 25 თებერვალს მივედით მოლდოვის საზღვართან და გადავკვეთეთ საზღვარი. იქ რამდენიმე თვე დავრჩით და 2022 წლის აგვისტოში ჩამოვედი საქართველოში ბავშვებთან ერთად.
ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი: ასე რომ, დღეს მე ვაცხადებ სანქციების პირველ ტრანშს, რომელიც რუსეთს გუშინდელი ქმედებების საპასუხოდ დაეკისრება.
ჟურნალისტი: უკრაინაში დაწყებული ომის გამო, რუსეთი საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცა, რის შემდეგაც ქვეყანა მილიონობით რუსეთის მოქალაქემ დატოვა და უმეტესად, ისეთ ქვეყნებს მიაშურა, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს არ მიუერთდნენ, მათ შორის, აღმოჩნდა საქართველოც. 2022 წელს საქართველოში მილიონ 460 ათასამდე რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, 2023 წლის 9 თვეში კი მილიონ ნახევარზე მეტი. ამასთან, 2022 წელს საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეებიდან 113 ათასამდე მათგანს აქაურობა არ დაუტოვებია. 2022-23 წლებში საქართველოში უცხოელებზე დარეგისტრირებული საცხოვრებელი ბინების 41% და მიწის ნაკვეთების 56% რუსებზე მოდის.
ჟურნალისტის სტენდაფი: უძრავი ქონების აქტიურად დაუფლებისა და ბიზნეს საქმიანობის პარალელურად, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ხსნიან საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც სკოლის მოსწავლეებს რუსეთის ფედერალური სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამისად ასწავლიან, საქართველოს განათლების სამინისტროში ავტორიზებულები კი არ არიან.
ჟურნალისტი: გამარჯობა, ჟურნალისტები ვართ და გვინდა გასაუბრება. ქართულად არ საუბრობთ?
ჰეფი სქულის წარმომადგენელი: no
ჟურნალისტი: Do you speak English?
ჰეფი სქულის წარმომადგენელი: я нет
ჟურნალისტი: not even in English, just Russian?
ჟურნალისტი: “ჰეფი სქული”, იგივე შპს “ჰეფი ედუ” 2023 წელს დააფუძნა რუსეთის მოქალაქე ეკატერინა შერჩენკოვამ. სკოლას 2 ფილიალი აქვს საქართველოში – თბილისსა და ბათუმში. სკოლის ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ პირველიდან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ემსახურებიან და ღირებულება წელიწადში 12-დან 14,500 ლარამდეა; სწავლებისთვის კი გამოიყენება სახელმძღვანელოები, რომლებიც როგორც გავარკვიეთ, რუსეთის ფედერალური სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებითაა შექმნილი. ვებ-გვერდის მიხედვით, სკოლის მოსწავლეებს ატესტატის მიღება ონლაინ, რუსეთში მოქმედი პარტნიორი სკოლის – “ფოქსფორდის” საშუალებით შეუძლიათ.
ჰეფი სქულის წარმომადგენელი: ჩვენ გვაქვს საგანმანათლებლო ცენტრი და არა სკოლა
ჟურნალისტი: თქვენ გყავთ მოსწავლეები და სასკოლო საქმიანობას ეწევით.
ჰეფი სქულის წარმომადგენელი: მე არ ვიცი, ჩვენ საგანმანათლებლო ცენტრი გვაქვს, ყველაფერი კანონის მიხედვით გვაქვს რეგისტრირებული.
ჟურნალისტი: ის სახელმძღვანელოები, რომლითაც ასწავლით, შეგიძლიათ გვითხრათ, ეს რა სახელმძღვანელოებია?
ჰეფი სქულის წარმომადგენელი: მე არ ვიცი, მე მისაღებში ვმუშაობ.
ჟურნალისტი: შეიძლება, რომ ვინმე დაგვალაპარაკოთ, ვინც ერკვევა ამ საკითხებში?
ჰეფი სქულის წარმომადგენელი: ახლა აქ ხელმძღვანელი არავინაა
ჟურნალისტი: საბოლოოდ სკოლის დამფუძნებელსა და დირექტორს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ მათ რუსეთთან არაფერი აკავშირებთ, მათ საგანმანათლებლო ცენტრში 100 ბავშვი სწავლობს და აპირებენ საქართველოს განათლების სამინისტროს მიმართონ აკრედიტაციისთვის.
კატერინა შერჩენკოვა, “Happy School”-ის დამფუძნებელი: ჩვენ წელს მივმართავთ აკრედიტაციისთვის და თუ მოვასწრებთ ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებას, იმედი მაქვს, რომ სექტემბრისთვის უკვე მივიღებთ აკრედიტაციას
ჟურნალისტი: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში 50 რუსულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა/სექტორი ფუნქციონირებს, სადაც 16 ათასზე მეტი მოსწავლე ირიცხება. ამასთან, ომის შემდეგ რუსულენოვან სკოლა/სექტორებში მოსწავლეების რაოდენობა დაახლოებით 1800-ით გაიზარდა და ნახევარზე მეტი წილი უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებზე მოდის.
ჟურნალისტის სტენდაფი: ავტორიზაცია სკოლას სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, ატესტატის გასაცემად სჭირდება. ავტორიზაციისთვის კი აუცილებელია, რომ სკოლა კანონით დადგენილი სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. სტანდარტები სკოლის ფილოსოფიას, კურიკულუმს, სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ/ ინფრასტრუქტურულ და მოსწავლეთა მხარდაჭერას ეხება. სტანდარტის შესაბამისობას სკოლებში ავტორიზაციის საბჭო ამოწმებს, რომლის წევრებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი
ჟურნალისტი: “სტუდია მონიტორი” თბილისში მოქმედ 10-მდე კერძო რუსულენოვან სკოლას ეწვია და გამოარკვია სქემა, რომლითაც ეს დაწესებულებები კანონით მოთხოვნილ ავტორიზაციის პროცესს გვერდს უვლიან. ამ სქემის მიხედვით, ეს სკოლები საქართველოში ე.წ. შპს-ებად რეგისტრირდებიან და საოჯახო საგანმანათლებლო ცენტრების სახელწოდებით მუშაობენ. ატესტატებს კი რუსეთში მოქმედი პარტნიორი სკოლების საშუალებით სთავაზობენ მოსწავლეებს.
იულია ასტაპოვიჩი რუსეთიდან საქართველოში 1 წლის წინ ჩამოვიდა შვილთან ერთად და დარჩა. სპეციალური საჭიროების მქონე შვილისთვის იულიამ “თბილისის დემოკრატიული სკოლა” შეარჩია:
იულია ასტაპოვიჩი, მიგრანტი რუსეთიდან :უბრალოდ მინდა, რომ ჩემმა შვილმა სხვა ბავშვებთან ერთად ითამაშოს. რუსეთში, ჩემი შვილი დადიოდა სპეციალურ სკოლაში, სადაც მხოლოდ სსმ ბავშვები იყვნენ და არ იყო მთლად განათლებაზე ან სოციალიზაციაზე ორიენტირებული სკოლა. აქ მომწონს, რომ არასტანდარტული მიდგომაა.
ჟურნალისტი: “თბილისის დემოკრატიული სკოლა” 2022 წლის სექტემბერში გაიხსნა ომის შემდეგ საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსულენოვანი მიგრანტებისთვის. სკოლის წარმომადგენელმა ჩვენს შეკითხვებს წერილობით უპასუხა:
ადა ტორჩინოვა, თბილისის დემოკრატიული სკოლის წარმომადგენელი: ჩვენ არ გვაქვს ავტორიზაცია, რადგან არ ვართ განათლების მიმწოდებლები. ჩვენ არ გავცემთ დიპლომებს. ჩვენ ვართ ოჯახებისა და ინდივიდების თემი, რომელმაც გადაწყვიტა ერთობლივი ძალით შეექმნა ნაყოფიერი გარემო ყოველგვარი სწავლებისთვის.
ჟურნალისტი: სკოლის ადმინისტრაციაში უარყოფენ მათ კავშირს მოსკოვის დემოკრატიულ სკოლასთან, რომლის ვებ-გვერდზეც მითითებულია, რომ თბილისში, წინამძღვრიშვილის 73/32-ში მოქმედი ეს სკოლა სწორედ მათი ფილიალია. ვებ-გვერდის თანახმადვე, “სკოლა მუშაობს, როგორც საოჯახო კლასი, ხოლო ატესტაცია რუსული პროგრამით ხორციელდება ინტერნეტით პარტნიორ სკოლაში, რომელსაც აქვს რუსეთის სახელმწიფო აკრედიტაცია და ლიცენზია”. რუსულენოვან მოსწავლეებს საქართველოში კერძო სკოლის მომსახურებას ბელარუსის სკოლების ფილიალებიც სთავაზობენ. მაგალითად, “სტემლაბი” ბელარუსში 2015 წლიდან ფუნქციონირებს, საქართველოში კი 2022 წელს დააფუძნა ის ბელარუსის მოქალაქე მაქსიმ ბელოვმა. ვებ-გვერდის მიხედვით,“სტემლაბის” თბილისისა და ბათუმის ფილიალები მრავალფეროვან სერვისს სთავაზობენ რუსულენოვან აუდიტორიას, მათ შორის სკოლას – პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის და “ატესტაციის მიღების შესაძლებლობა საქართველოში ახლახანს გადმოსული ბავშვებისთვის”. თბილისის ფილიალში “სტუდია მონიტორს” უთხრეს, რომ ამჟამად 36 ბავშვი ჰყავთ სკოლაში. სატელეფონო საუბარში, სადაც მათ საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქე მშობლის სახელით გავეცანით, დაგვიდასტურეს, რომ რუსეთის სკოლის პროგრამით ასწავლიან ბავშვებს, რომლებიც რუსეთის სკოლის ატესტატებს იღებენ.
სტემლაბის წარმომადგენელი: ჩვენ გვაქვს რუსული სკოლის პროგრამა. მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსის სკოლა ვართ, საგანმანათლებლო პროგრამა რუსული სკოლის მიხედვით გვაქვს.
ჟურნალისტი: ანუ იგივე ლიტერატურა გაქვთ, რაც რუსეთშია?
სტემლაბის წარმომადგენელი: დიახ, დიახ, დიახ… და ისინი იღებენ რუსეთის სკოლის ატესტატს.
ჟურნალისტი: მოგვიანებით სტემბლაბს უკვე, როგორც ჟურნალისტებმა, ისე მივაკითხეთ, თუმცა ვიდეოინტერვიუზე უარი გვითხრეს და მოგვწერეს, რომ საგანმანათლებლო ცენტრის სახით ფუნქციონირებენ და საქართველოს განათლების სამინისტროსგან აპირებენ ავტორიზაციის მოპოვებას. განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია გვიხსნის, რომ აუცილებელია სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რომ აღკვეთოს ქვეყანაში არაფორმალური განათლების ცენტრების არსებობა, რომლებიც რეალურად სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში რუსეთის, ფორმალური განათლების ცენტრებია.
სიმონ ჯანაშია, განათლების მკვლევარი: რაც შეეხება უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ესე უკანონოდ შემოსვლას ქვეყანაში, ნუ, ხო, ბევრი გზა არსებობს ამის რეგულირებისთვის…რუსეთის სახელმწიფო ძალიან ცდილობს, რომ სახელმძღვანელოებში შეიტანოს ისეთი შინაარსი, რაც ხელს შეუწყობს მათი პროპაგანდის გავრცელებას, მათი მოქალაქეების აღზრდას და საქართველო ხელს არ უნდა უწყობდეს, ცხადია, რუსული პროპაგანდის და რუსეთის მოქალაქეების აღზრდას საქართველოს ტერიტორიაზე.
ჟურნალისტი: ავტორიზაციის გარეშე სკოლის ფუნქციონირება საქართველოში დანაშაულია. სისხლის სამართლის კოდექსის, 192-ე პრიმა მუხლის მიხედვით, ეს არის “უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა, კერძოდ, ავტორიზაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობის შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელება ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება”. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს ამ მუხლით სულ 2 დანაშაული დარეგისტრირდა. ამდენივეა რეგისტრირებული 2023 წელსაც, თუმცა გახსნის მაჩვენებელი 0-ია. ქართული სახელმწიფო ორგანოების არაეფექტურ რეაგირებაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ საქართველოში უკვე 4 წელია ავტორიზაციის გარეშე ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას რუსული “School Club Georgia”.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, განათლების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, უკვე წელიწადი და 3 თვეა აწარმოებს გამოძიებას ამ სასწავლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გარეშე უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე. ამ ხნის მანძილზე “სქულ ქლაბმა”, რომელსაც გამოძიების დაწყების დროს მხოლოდ 1 ფილიალი ჰქონდა ბათუმში, საქმიანობა გააფართოვა და დამატებით გახსნა ფილიალები თბილისსა და ქობულეთში. “სქულ ქლაბის” თბილისის ფილიალში ვიდეოინტერვიუზე უარი თქვეს, თუმცა გვითხრეს, რომ საგამოძიებო სამსახურებიდან მათთვის არავის მიუკითხავს.
რატომ ვერ მოხერხდა 1 წლის და 3 თვის განმავლობაში “სქულ ქლაბ ჯორჯიას” უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ საქმის გამოძიების დასრულება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა? – ჩვენს ამ შეკითხვას საგამოძიებო სამსახურში არ უპასუხეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი: მოკლედ, როგორც ეხლა ვიკითხე და წეღანაც გითხარით, ამ თემასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი არ იქნება ჩვენი მხრიდან.
ჯოზეფ ნაი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი: ძალაუფლების მოპოვება, რომ მიიღოთ სხვებისგან ის, რაც გსურთ, 3 გზით შეგიძლიათ – იძულებით, მოსყიდვით ან მიმზიდველობაში დარწმუნებით. იძულებასა და მოსყიდვას მე ვეძახი ხისტ ძალას, ხოლო საწადელის მიღწევის უნარი მიმზიდველობაში ან მომხიბვლელობაში დარწმუნება-დაჯერებით, არის რბილი ძალა.
ჟურნალისტი: სწორედ ამერიკელმა პოლიტოლოგმა ჯოზეფ ნაიმ გამოიყენა პირველად ტერმინი “რბილი ძალა”, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკაში ძალაუფლებისა და გავლენის გაზრდის არაძალადობრივ მეთოდებს აღწერს.
გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის უფროსი: 2022 წელს უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები სხვადასხვა სახის სადაზვერვო ღონისძიებების განსახორციელებლად, საქართველოში მათთვის მისაღები იდეოლოგიის გასავრცელებლად და გავლენის ინსტრუმენტების მოსაპოვებლად კვლავ აქტიურად განაგრძობდნენ ე.წ. რბილი ძალის გამოყენებას… აღნიშნული აქტორები ცდილობდნენ სხვადასხვა კულტურული, საგანმანათლებლო თუ საექსპერტო შეხვედრების ორგანიზებასა და მოწყობას…კონტროლზე იქნა აყვანილი აღნიშულ საქმიანობაში მონაწილე ხელშემწყობი პირები და ორგანიზაციები, მიმდინარეობდა მათი კავშირებისა და და დაფინანსების წყაროების გამოვლენა და ხელშეშლა.
ჟურნალისტი: ეს განცხადება სუს-ის უფროსმა პარლამენტში სამსახურის ბოლო, 2022 წლის ანგარიშის წარდგენის დროს გააკეთა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რბილი ძალის პოლიტიკის საწარმოებლად სხვა სახელმწიფოების მიერ ეფექტურ მეთოდად საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების განხორციელება განიხილებოდა. სუს-ის ანგარიშში არაფერია ნათქვამი საქართველოში მოქმედ არაავტორიზებულ რუსულენოვან სკოლებზე, რომლებსაც უსაფრთხოებისა და პროპაგანდის სპეციალისტები სწორედ რუსული რბილი ძალის იარაღად მიიჩნევენ.
დავით ძიძიშვილი, ჰიბრიდული ომის მკვლევარი: რუსეთის ხელისუფლებას ახასიათებს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, იგი იყენებს ყველა შესაძლებლობას, რომელიც მას ეძლევა იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური და სამხედრო მიზნები განახორციელოს, მათ შორის იყენებს რუსულ საგანმანათლებლო ინსტიტუციებს და ამ ინსტიტუციებს არა მარტო თავის ტერიტორიებზე, არამედ ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე, სადაც ეს არის. ამიტომ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ამ წუთას, დღეს თუ არ არის, ხვალ გახდება რბილი ძალის ინსტრუმენტი ცალსახად იმიტომ, რომ იქ ვრცელდება იგივე იდეოლოგია, რა იდეოლოგიითაც პუტინი ზრდის რუსეთის მოქალაქეებს რუსეთში.
ჟურნალისტი: საქართველოში მოქმედი არაავტორიზებული რუსული სკოლები რუსეთის ფედერალური სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად შექმნილი სახელმძღვანელოებით ასწავლიან. მაგალითად, “ჰეფი სქულში” I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო-მეთოდური კომპლექსი – Школа России გამოიყენება. პროგრამის ვებ-გვერდის მიხედვით, ეს სასწავლო-მეთოდური კომპლექსი რუსეთის მოქალაქის აღზრდის პრინციპს ეფუძნება, “რომლისთვისაც განუყოფელია თავისი და სამშობლოს ბედი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის დღევანდელობასა და მომავალზე”. აი, რას წერს ამ პროგრამის შესახებ რუსეთის მედია: “ იგი იქცა საბჭოთა განათლების მემკვიდრედ, რომელმაც მისი საუკეთესო ტრადიციები შეინარჩუნა. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი გვიხსნის, რომ ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ეს სკოლები სწორედ რუსული პროპაგანდის მიზნებს მოემსახურება საქართველოში.
ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ანალიტიკოსი: ქვეყნიდან გაქცეული ჯგუფი როდესაც აფუძნებს სკოლას, რომელიც საბჭოური საგანმანათლებლო სისტემის საუკეთესო გამოცდილების შენარჩუნებას დეკლარირებს, ხვალ რუსეთის პროპაგანდის მინიმუმ საუკეთესო გამტარი იქნება, იმიტომ რომ რუსეთის ოფიციალური პოლიტიკაც სხვას არაფერს არ ამბობს, რომ ის საბჭოეთის საუკეთესო გამოცდილების აღდგენას და გაუმჯობესებას ცდილობს.
ჟურნალისტი: როგორ შეიძლება ამ ყველაფერზე ქართულმა სახელმწიფომ თვალი დახუჭოს?
ირაკლი: თუკი ვიტყვით, რომ ეს არის ქართული, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო, ვერ დახუჭავს თვალს და თუ თვალს ხუჭავს გასაგებია, რომ ეს ესეთი არ არის და არის ზუსტად ამავე განზომილებაში, რომლისთვისაც ეს, ჩვენი გასადახედიდან კატასტროფა, არის სრულიად ბუნებრივი, მოსაწონი და გასაგები.
ჟურნალისტი: საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საქმიანობაზე პასუხისმგებელი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა, რომელსაც არაერთხელ მივმართეთ წერილობით და ვკითხეთ, თუ რა ზომებს მიმართავენ არაავტორიზებული რუსულენოვანი სკოლების უკანონო საქმიანობის აღსაკვეთად, თუმცა პასუხები ვერ მივიღეთ. ამის შემდეგ შევეცადეთ შეკითხვები მინისტრისთვის დაგვესვა.
ჟურნალისტი: ძალიან გთხოვთ, 2 კითხვა მაქვს სულ. თითქმის მე-2 წელია, რაც საქართველოში არაავტორიზებული რუსული სკოლები
გიორგი ამილახვარი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი: დამშვიდდით.
ჟურნალისტი: არა, მშვიდად ვარ, კითხვას გისვამთ.
გიორგი ამილახვარი: შეათანხმეთ პიართან.
ჟურნალისტი: იცით რა, მე თქვენს პიართან ბევრჯერ მქონდა მცდელობა.
გიორგი ამილახვარი: ასე არ ხდება კომენტარების ჩაწერა.
ჟურნალისტი: იცით, რა თქვენს პიართან გვქონდა მცდელობა, მაგრამ უარი გვითხრა. აბა, როგორ ხდება გვითხარით.
ჟურნალისტი: რუსული პროპაგანდისა და ჰიბრიდული ომის მკვლევარი დავით ძიძიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ხელისუფლებას შეუძლია არაავტორიზებული რუსული სკოლების დახურვა. ის იხსენებს, თუ როგორ გაუუქმა არსებულმა ხელისუფლებამ 2017 წელს საქართველოში მოქმედ თურქულ სკოლებს ავტორიზაცია და დახურა.
დავით ძიძიშვილი, ჰიბრიდული ომის მკვლევარი: გამოდის, რომ ამ სკოლებს ხელისუფლება იყენებს, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს, ისე იყენებს და თუკი ამის საჭიროება აქვს, მაშინ მიდის ამ პროცესში და ხურავს ასეთ სკოლებს, თუკი აქვს რაიმე ინტერესი, მაშინ შეუძლია, რომ დიდხანს თვალი დახუჭოს.
ჟურნალისტის სტენდაფი: თბილისში, ამ ადგილზე, გრიშაშვილის 51 ნომერში, წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა თურქული, დემირელის სახელობის სკოლა, რომელსაც 2017 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ავტორიზაცია შეუჩერა და სკოლაც დაიხურა. ახლა თურქული სკოლის ნაცვლად, ამ შენობაში ფუნქციონირებს რუსული კერძო სკოლა “ინტელექტ-პლიუსი”, რომელსაც ავტორიზაცია 2018 წელს მიანიჭეს.
ჟურნალისტი: უკრაინაში შეჭრამდე რუსეთმა სამხედრო აგრესია საქართველოზე განახორციელა 2008 წელს, რის შემდეგაც დღემდე რუსეთის მიერაა ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები. ამ ფონზე საქართველოს მთავრობა საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეულ რუსეთის მოქალაქეებს არა მხოლოდ ფართოდ უღებს კარს, არამედ საშუალებას აძლევს მათ, გახსნან არაავტორიზებული სკოლები, სადაც საგანმანათლებლო პროცესი ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო პროგრამით ხორციელდება.