წახალისებული “ჩადება” პოლიციაში

Divider dot 4 მაისი 2023

ჟურნალისტის ხმა: იარაღისა და ნარკოტიკების ჩადება – დაუძლეველი გამოწვევა პოლიციისთვის

ჟურნალისტის სტენდაფი: მოგიყვებით, როგორ შეიძლება აღმოჩნდეთ გისოსებს მიღმა, თუკი პოლიციას თქვენი დაკავების ინტერესი აქვს.

კონსტანტინე ცომაია: არის რა კიდევ რამდენიმე ადამიანი ისეთი, 7 წელი მისცეს და რავი – ზოგს წამალს უდებს და ზოგს იარაღს და.

ჟურნალისტის ხმა: გაჩვენებთ პოლიციელებს, ვისაც მოქალაქეები ჩადებაში ადანაშაულებენ.

ჟურნალისტის შეკითხვა: აი, ის შავი ჯიპი ბესელიასი არ არის, უფროსის?

პოლიციელი: არ ვიცი, პრესცენტრს მიმართეთ.

ჟურნალისტის ხმა: “თავისუფლების მონიტორმა” გამოიძია, თუ როგორ ცდილობს პოლიცია მოქალაქეების განეიტრალებას ე.წ. ჩადებებით.

აკაკი კობალაძე: პოლიციელებიც არ ელოდებოდნენ, მათ იცოდნენ, რომ დანაშაული არ არსებობდა და დანაშაული მათ უნდა მოეფიქრებინათ.

სათაური: წახალისებული “ჩადება” პოლიციაში

კონსტანტინე ცომაია, ბრალდებული: ნასამართლევი ხომ ვარ და სახლში შემოდიოდნენ, ჩხრიკავდნენ, ერთხელ რომ დავაშავე, იმის მერე, გეგონება, სულ მე ვაშავებდი რა და საბურთალოზე თუ რამე ხდებოდა, 90%-ს თუ არა, ნახევარს მე მაბრალებდა … არის რა კიდევ რამდენიმე ადამიანი ისეთი, 7 წელი მისცეს და რავი – ზოგს წამალს უდებს და ზოგს იარაღს და.

ჟურნალისტის სტენდაფი: 26 წლის კონსტანტინე ცომაია ჩვენ გლდანის ციხიდან დაგვიკავშირდა. გვითხრა, რომ პოლიციელებმა იარაღი ჩაუდეს და ცრუ ბრალდებით დააკავეს. ჩვენ 3 თვის განმავლობაში ვსწავლობდით მის საქმეს და ახლა გაჩვენებთ, როგორ შეიძლება “აღმოუჩინოს” პოლიციამ ნებისმიერ ჩვენგანს ჯიბეში, სახლში, მანქანაში ნარკოტიკი ან იარაღი. მოგიყვებით, როგორ შეიძლება აღმოჩნდეთ გისოსებს მიღმა, თუკი თქვენი დაკავება  პოლიციის ინტერესია.

ჟურნალისტი: ეხლა მოვედით კონსტანტინე ცომაიას საცოლესთან იმ ქუჩაზე, სადაც ის დააკავეს. ნანკა, მოვედით ჩვენ. გამარჯობა, ნანკა, როგორ ხარ?

ნანკა ოქრუაშვილი, კონსტანტინე ცომაიას ცოლი: ცუდად, ქორწილი უნდა მქონოდა და ციხეში მიწევს კოტეს ნახვა. 

ჟურნალისტი:იმ საღამოს აქ იყო ხომ? აქედან გავიდა, როდესაც დააკავეს?

ნანკა ოქრუაშვილი: კი, 10-ში ღამე აქ იყო. აი, აქ ეყენა მანქანა და სადღაც აი, ამ მონაკვეთში, ძალიან ახლოს დააკავეს.

ჟურნალისტი: შეგიძლია გვაჩვენო ის ადგილი?

ნანკა ოქრუაშვილი: კი, წამოდი, გაჩვენებთ. აქ ფიზიკურად ვერც მიიმალები, ანუ თუ ვინმესთან გადახტები…

ჟურნალისტის ხმა: კონსტანტინე ცომაია 2021 წლის 11 ივლისს, ღამის პირველი საათისთვის ამ ქუჩაზე დააკავეს – იარაღის უკანონო შეძენა-ტარების ბრალდებით. იგივე მუხლით სასჯელი მან უკვე მოიხადა და პატიმრობიდან 2018 წელს გათავისუფლდა. მაშინ დანაშაული აღიარა, ამჯერად კი ირწმუნება, რომ იარაღი პოლიციელებმა ჩაუდეს.

ჟურნალისტის სტენდაფი: ცომაიას საქმეს ახლა თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. ჩვენ ამ დრომდე გამართულ ყველა სხდომას დავესწარით, შევისწავლეთ საქმეში არსებული მტკიცებულებები და მოგიყვებით იმ შეუსაბამობებზე, რომლებიც კონსტანტინე ცომაიასთვის პოლიციელების მიერ იარაღის ჩადებაზე მიანიშნებს.

ჟურნალისტის ხმა: გავარკვიეთ, რომ საქმეში მოწმეები მხოლოდ პოლიციელები არიან  და მათი ჩვენებები წინააღმდეგობრივია; არ არსებობს ჩხრეკა-დაკავების პროცესის ამსახველი ფოტო ვიდეო მასალა;  იარაღზე, რომელიც, პოლიციის თქმით, კოტეს აღმოუჩინეს, მისი  დეენემის კვალი არ არსებობს. კონსტანტინე ცომაიას საქმეში მოწმეები მხოლოდ  პოლიციელები არიან – ისინი, ვინც  ცომაია დააკავა.  თვალში მოგვხვდა, რომ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებში მოწმეები დაკავების ოპერაციის დეტალებს განსხვავებულად აღწერენ. მაგალითად, მოწმეები ჰყვებიან, რომ ცომაიას დასაკავებლად ვაკე-საბურთალოს სამმართველოდან 2 ეკიპაჟი გავიდა – თითოში  3-3 პოლიციელით. თუმცა ერთმანეთში ვერ თანხმდებიან, ეს 2 მანქანა ერთდროულად გავიდა ამ შენობიდან, თუ შემდეგ, გზაში ჩამორჩა ერთი – მეორეს.

ნიკოლოზ რუბაშვილი, პოლიციელი: ჩვენ, პირველი ჯგუფი გავედით ცოტა ადრე, მეორე ჯგუფი გამოვიდა ცოტა გვიან.

ადვოკატი: მეორე ჯგუფს რატომ დააგვიანდა გამოსვლა?

შალვა ჯინიყაშვილი, პოლიციელი: არ ვიცი.

ადვოკატი: ერთად რომ წახვედით, ანუ საიდან წახვედით, სამმართველოდან წახვედით?

გიორგი რუსიშვილი, პოლიციელი: კოსტავას 68ა ნომრიდან. სამმართველოს ადმინისტრაციული შენობიდან.

ჟურნალისტის ხმა: როდესაც საქმეს ვსწავლობდით, აღმოვაჩინეთ, რომ ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში ცომაიას დაკავების გადაწყვეტილება ოპერატიული ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის შემდეგ გადაწყვიტეს. ამის მიუხედავად, წინასწარ დაგეგმილ ოპერაციაში, ჩხრეკა-დაკავების პროცესი მეორე ეკიპაჟმა მაინც გამოტოვა, რადგან ადგილზე მისვლა დააგვიანა – ასე ყვებიან მოწმე პოლიციელები და იმასაც ამბობენ, რომ  ცომაია გაქცევას შეეცადა. თავად ბრალდებული იხსენებს, რომ ის პოლიციის ორმა ეკიპაჟმა დააკავა – ერთმა მანქანამ გზა წინიდან გადაუღობა, ხოლო მეორე მისი მანქანის უკან დადგა. ბრალდებული გაქცევის მცდელობის ვერსიას უარყოფს.

კონსტანტინე ცომაია: მეუღლის სახლიდან რომ გამოვედი და მანქანით წამოვედი, ჩემმა მეუღლემაც დაინახა, რომ უკან მანქანა მომყვებოდა რა, მარა არ მიმიქცევია ყურადღება… წინიდან მომადგა მანქანა რა და იქ ვიწრო გასასვლელია რა და მივაყენე მანქანა, რომ გამეტარებინა რა – ვიწრო გასასვლელია და გზა დავუთმე რა და გაჩერდა მანქანა და რომ არ გადიოდა, ხო ხვდები არა, ღამე, რაღაცა, ფარები გვქონდა ორივეს ჩართული, ვერც შევამჩნიე, რა მანქანა იყო და რომ არ დაიძრა არა, მივწიე მანქანა და გავაჩერე მანქანა და რავი სიგარეტს მოვუკიდე, წამებში ხდება რა და უცბად, აი, ვაფშე რო არ ელოდები ხო ხვდები, მარცხენა მხრიდან, მარჯვენა საჭიანი მანქანით ვიყავი და მარცხენა მხრიდან ვიღაცა იმენნა ფანჯარაში შემომიხტა და მეთქი რას შვები მეთქი და კარები გაიღო აქეთა მხრიდან, სამი კაცი ყველაზე ცოტა იყო, გადმომათრია და დავიყვირე ჩემი მეუღლის სახელი და ეგრევე პირზე ხელი ამაფარეს, ხელები ამომიტრიალეს და უკანა მანქანაში შემტენეს, ხელები გამაწევინეს ეგრევე წინ, ანუ მძღოლის მხარეს რა და ნარუშნიკები დამადეს და მერე წამიყვანეს სამმართველოს.

ჟურნალისტის შეკითხვა: აქ სადმე ვინმეს რამე კამერა ხომ არ აქვს ამ პერიმეტრზე?

შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მცხოვრები: ერთი სახლს აშენებდა და დააყენეს კამერა შიგნით, გარეთ არა.

ჟურნალისტი: აა, გარეთ არაა?

ჟურნალისტის სტენდაფი: ქუჩაზე, სადაც ცომაია დააკავეს, გარესათვალთვალო კამერები ვეძებეთ, თუმცა ვერსად ვერ აღმოვაჩინეთ. დაკავების პროცესი არ გადაუღია არც პოლიციას. შესაბამისად, შეუძლებელია პოლიციის ვერსიის დადასტურება, რომ ბრალდებული გაქცევას შეეცადა და რომ მეორე ეკიპაჟი პირველი ეკიპაჟის მიერ ცომაიას დაკავების შემდეგ მოვიდა.

ჟურნალისტის ხმა: ადვოკატის თქმით, პოლიციას მეორე ეკიპაჟის დაგვიანებისა და ცომაიას გაქცევის ვერსია იმისთვის სჭირდება, რომ  ჩხრეკისა და დაკავების ფოტო-ვიდეო მასალის არარსებობა გაამართლოს.

ტარიელ კაკაბაძე, ადვოკატი: ეს ყველაფერი არის ხელოვნურად შეთხზული იქიდან გამომდინარე, რომ პოლიციელებს სურთ გაამართლონ, გამართლება მოუძებნონ იმას, თუ რატომ ვერ მოახერხეს გადაღება. მე გეუბნებით, რომ სხვა საქმეშიც ზუსტად იგივეს უთითებენ, ვერ მოვახდინეთ გადაღება, რადგან ბრალდებული გაიქცა.

ჟურნალისტის ხმა: სასამართლოში დაკითხვის დროს, პოლიციელებმა განაცხადეს, რომ ცომაიას შეჩერების და მისგან იარაღის ამოღების გადაღება 3 პოლიციელით დაკომპლექტებულმა ერთმა ეკიპაჟმა ვერ შეძლო. ხოლო შემდეგ დაკავების გადაღება საჭიროდ აღარ მიიჩნიეს.

ტარიელ კაკაბაძე, ადვოკატი: როდესაც ამოიღეთ იარაღი ჯიბიდან, თუნდაც, შემდეგ რომ ამ იარაღისთვის ფოტო გადაგეღოთ, ამის განხორციელება არ შეგეძლოთ? ან ვიდეო რომ გადაგეღოთ?

გიორგი რუსიშვილი, პოლიციელი: აგიხსენით სიტუაცია, რომ იყო ადამიანი იარაღით. ორ პოლიციელს გვეკავა ხელით, გვყავდა შეჩერებული და იყო გამომძიებელი, რომელმაც გააცნო განჩინება, რომ უნდა მომხდარიყო მისი პირადი ჩხრეკა და იმ მომენტში, როცა იარაღი ამოვუღეთ მას, ვერ მოხდა ამის გადაღება და.

ადვოკატი: თქვენმა კოლეგამ. როცა იარაღს იღებდა და როცა ჩაუყავით ჯიბეში

შალვა ჯინიყაშვილი, პოლიციელი: ჯიბეში არა, უბეში. 

ადვოკატი: უბეში კი, ბატონო. უბეში ჩაყოფის მომენტში რამეს ავსებდა?

შალვა ჯინიყაშვილი, პოლიციელი: არ ვიცი, არ დამინახავს.

ნიკოლოზ რუბაშვილი, პოლიციელი: ბრალდებულის შეჩერების შემდგომ და უკვე ჩხრეკის ჩატარების შემდგომ, არანაირი პრობლემა აღარ იყო გადაღების ჩემს მიერ, თუნდაც ვიდეოკადრების და თუნდაც ფოტოების, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, დასაწყისი ვერ გადავიღეთ და აღარ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ აღნიშნული ქმედება განგვეხორციელებინა.

ტარიელ კაკაბაძე, ადვოკატი: ყველა საქმეში ერთიდაიგივე არგუმენტაცია აქვთ. თუ სასამართლო დაუშვებს პრაქტიკას და ასეთ მითითებებს გაიზიარებს, მაშინ საერთოდ აზრი ეკარგება საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის გადაწყვეტილებას, სადაც საუბარია, იმაზე, რომ პოლიციელთა ჩვენებები გამყარებული უნდა იყოს ნეიტრალური მტკიცებულებებით.

ჟურნალისტის ხმა: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება “ბირჟა მაფიის” საქმეს უკავშირდება. რეპერები 2017 წლის ივნისში დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს.  მუსიკოსები ამბობდნენ, რომ ნარკოტიკები პოლიციელებმა ჩაუდეს.  ცოტა ხნით ადრე კლიპში მათ  პოლიცია ჰყავდათ გაშარჟებული.

კახა ცნობილაძე, “ბირჟა-მაფიის” წევრის ადვოკატი: მას დაკავებისას უთხრეს – “ეხლა გარეპე”! იქ მიანიშნებდნენ, რომ იმ კლიპის გამო იყო დაკავებული. გაიმეტეს იმისთვის, რომ ესეთი კლიპი გადაიღო და სამწუხაროდ, უვადოდ თავისუფლების [აღკვეთის] მუხლი წაუყენეს.

ჟურნალისტის ხმა: დაკავებიდან რამდენიმე დღეში რეპერები გირაოთი გაათავისუფლეს, 6 თვეში კი პროკურატურამ მათ წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება შეწყვიტა, –  პოლიციამ  ვერ წარადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომ დაკავებისას რეპერებს  ნარკოტიკები ჰქონდათ.

ჟურნალისტის სტენდაფი: რეპერებისთვის ნარკოტიკების ჩადების საქმეზე ამ დრომდე არც ერთი პოლიციელი არ დაუკავებით. თუმცა ამ საქმიდან გამომდინარე საკონსტუტუციო სასამართლომ არაკონსტუტუციურად ცნო ჩხრეკასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გარკვეული ნორმები.

გურო იმნაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი: საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ თუკი ჩხრეკა ტარდება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ასეთი ჩხერკა უნდა იყოს გამყარებული სხვა ობიექტური მტკიცებულებებით. იარაღის უკანონოდ ტარების დანაშაულში  მთავარი საგამოძიებო ღონისძიება არის ჩხრეკა. პოლიციას ცხადია სერიოზული ძალისხმევა ჭირდება მოსამზადებლად, ღონისძიება იყოს აღბეჭდილი ვიდეოკამერაზე და ამავდროულად ასეთი ღონისძება სასამართლოსთვისაც არ ტოვებდეს რაიმე კითხვებს.

ჟურნალისტის ხმა: დავუბრუნდეთ კონსტანტინე ცომაიას საქმეს. პოლიცია  აცხადებს, რომ იარაღი მას ჩხრეკის დროს  აღმოუჩინეს. თავად დაკავებული ირწმუნება, რომ იარაღი ჩაუდეს. ჩადების ვერსიას რამდენიმე საეჭვო გარემოება ამყარებს: გარდა იმისა, რომ არ არსებობს იარაღის ამოღების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა, იარაღზე, რომელიც საქმის მასალებშია ჩადებული, ცომაიას დეენემისა და მეტალიზაციის კვალი არ აღმოჩნდა.

ნათია ნოზაძე, პროკურორი: ის, რომ გენეტიკური პროფილი კონკრეტულ რაღაცა ნივთზე არ ამოდის, ეს ცალსახად არც ადასტურებს და არც უარყოფს პიროვნების შემხებლობას კონკრეტულ ნივთთან მიმართებაში.

ჟურნალისტი: და მოწმის არ არსებობა და ვიდეოკადრების არარსებობა?

პროკურორი: ეხლა დასკვნით სიტყვას ხომ ვერ გეტყვით ამ სისხლის სამართლის საქმეზე?..

ჟურნალისტი: ანუ თქვენ ამბობთ, რომ ადამიანი, რომელზეც 10 დღით ადრე გქონდათ ინფორმაცია, რომ

პროკურორი: რასაც ვამბობ, უკვე გითხარით (მიდის)

ჟურნალისტი: კარგით, მადლობა.

ჟურნალისტის სტენდაფი: ცომაიას საქმე გამონაკლისი არ არის. ვაკე-საბურთალოს პოლიციას  იარაღის ჩადებაში სხვა მოქალაქეებიც ადანაშაულებენ.

ჟურნალისტის ხმა: აკაკი კობალაძე, მისი ბავშვობის მეგობრის, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე 2020 წელს დააკავეს. საქმეს პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა – კობალაძე წლების განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენელი იყო საარჩევნო კომისიებში.  დღეს ის ჩვენთან საუბარში იხსენებს,  რომ იარაღის ვაზნები სახლში ჩხრეკის დროს  ჩაუდეს და ამ ყველაფერში, წარსულში მისი ახლო ნაცნობი,  პოლიციის სამმართველოს უფროსი გრიგოლ ბესელია უშუალოდ იყო ჩართული.

აკაკი კობალაძე, არჩევნების დამკვირვებელი ოპოზიციიდან: პირადად ბესელია შემოვიდა ოთახში, სადაც მიმდინარეობდა გამომძიებელთან ჩემი წინასწარი გამოკითხვა. მომიტანა ჩემი მობილური ტელეფონი, რომელიც მქონდა ლოქერიში. ბოდიშს გიხდიო, მოგვიწიაო თქვენი სახლის ჩხრეკაო, იქ არაფერი კანონსაწინააღმდეგო და სისხლის სამართლებრივი არ არის და სახლში იმყოფება თქვენი სიდედრი, რომელიც არ აწერს ხელს. მე თვითონ ვთხოვე ჩემს სიდედრს ამ ნდობის გამო, რომ მოაწერე ხელი, პრობლემა არ იქნება და შემდეგ დამხვდა სიურპრიზი – 24 კალაშნიკოვის ტყვია, რომლებიც გამოშვებულია 1943 წელს, მაგრამ არც ჩემი და არც ჩემი ოჯახის წევრების დეენემის კვალი ზედ არ არის.

ჟურნალისტის ხმა: კობალაძე, რომელიც უკიდურესად დაძაბული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიჭირეს,  ამბობს, რომ პოლიცია მისი დაპატიმრებისას პოლიტიკურ დავალებას ასრულებდა.

აკაკი კობალაძე: პოლიციელებიც არ ელოდებოდნენ, მათაც არ იცოდნენ, იმიტომ, რომ რეალურად მათ იცოდნენ, რომ დანაშაული არ არსებობდა. ყველაფერი ძალიან კარგად იცოდნენ და დანაშაული მათ უნდა მოეფიქრებინათ, მათ უნდა აეწყოთ ეს დანაშაული, შეეფუთათ და შემდეგ მიეყიდათ საზოგადოებისთვის, რომ ოპოზიციურად განწყობილმა დამკვირვებლებმა არ დაინდეს თავისი ბავშვობის მეგობარი და სიკვდილის პირამდე მიიყვანეს. ბრალის წამიყენეს ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანამდე – ოღონდ შემდეგ უკვე დროებითი დაკავების იზოლატორში იქ თედოს გარდაცვალება აღარ ფიგურირებდა საქმეში,  დღესდღეობით მიდის საქმე იძულებაზე, ზეწოლაზე, ქრთამის მიცემაზე და შანტაჟზე.

ჟურნალისტის ხმა: აკაკი კობალაძე დაკავებიდან მალევე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დღემდე  გრძელდება. ამ დრომდე არ დასრულებულა ამ საქმეში პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამოძიება, რომელიც ჯერ კიდევ  2020 წლის ნოემბერში დაიწყო. სახელმწიფო ინსპექტორმა წერილობით გვიპასუხა, რომ ამ საქმეზე “გამოკითხულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხოლოდ ნაწილი. რაც შეეხება დანარჩენ თანამშრომლებს, დეპარტამენტში არაერთხელ დაბარების მიუხედავად, ისინი  საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდნენ”. ჩვენ შევეცადეთ აკაკი კობალაძის ბრალდებებზე გრიგოლ ბესელიასგან მიგვეღო პასუხები, თუმცა მან ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხა.

თუ კობალაძე დარწმუნებულია, რომ ის პოსტ-საარჩევნო პოლიტიკური დაძაბულობის და დევნის  მსხვერპლი გახდა, რატომ უნდა ჩაედოთ ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებს  იარაღი კონსტანტინე ცომაიასთვის და რისთვის ჭირდებოდათ მისი დაპატიმრება? აქ კიდევ ერთხელ  იკვეთება  პოლიციის უფროსის – გრიგოლ ბესელიას უშუალო ჩართულობა.

ჟურნალისტის შეკითხვა: რა ინტერესი უნდა ჰქონოდა გრიგოლ ბესელიას?

კონსტანტინე ცომაია: სამმართველოს უფროსი იყო და რამდენიმე საქმე რაც იყო კონკრეტული, ისინი არ ვილაპარაკე, რაც მაგათ უნდოდათ და მაგათი ინტერესი ის იყო, რომ საქმე გაეხსნათ, მაგათი ინტერესი ის არ არის, რომ სიმართლე გაარკვიონ, მაგათი ინტერესია, რომ გაუხსნელი საქმე არ შეეტენოთ და “ლიშბი” ვინმეს მიაწერონ და ვის უნდა მიაწერონ ხო? – თქვენ ვერ მიგაწერენ – ჟურნალისტებს, ბანკის თანამშრომლებს, ვის და ვის და – ცომაიას ან ჩემნაირს ვიღაცას სხვას ნასამართლევს.

ჟურნალისტის ხმა: გრიგოლ ბესელიასა და ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს მიზანმიმართულ დევნასა და ნარკოტიკების ჩადების მუქარაში კიდევ ერთი ყოფილი მსჯავრდებული ადანაშაულებს, რომელმაც სასჯელი ნარკოდანაშულისთვის მოიხადა. რეზი ანთიძემ ამის შესახებ გასული წლის ბოლოს ტვ “პირველის” ეთერში ისაუბრა და გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერები, რომლებშიც, მისი თქმით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიციელები ნარკოტიკების ჩადებით ემუქრებოდნენ იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანას არ დატოვებდა.

რეზი ანთიძე, ყოფილი მსჯავრდებული: ანუ პირდაპირ ჩემზე გადაწყვეტილი იყო ციხიდან ერთი კვირის გამოსვლის შემდეგ, რომ ჩაედოთ ნარკოტიკული საშუალება

ჟურნალისტი: საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?

რეზი ანთიძე: თვითონ მითხრა პირადად ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსმა, ბესელიამ ვინმემ.

ჟურნალისტის ხმა: სახელმწიფო ინსპექტორმა წერილობით გვაცნობა, რომ ამ საქმეზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაწყებულია პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით. ემუქრებოდა თუ არა ნარკოტიკების ჩადებით ყოფილ მსჯავრდებულს, ამ კითხვაზე გრიგოლ ბესელიამ პასუხი არ გაგვცა.

გრაფიკა: 40 წლის გრიგოლ ბესელია ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობზე მუშაობს. 23 წლის ასაკში უკვე ფოთის პოლიციის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მისი კარიერული წინსვლა კიდევ უფრო შთამბეჭდავია: ჯერ სამეგრელოს-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობდა, ხოლო შემდეგ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტზე მუშაობდა.

ჟურნალისტის სტენდაფი: ბოლო წლებში გრიგოლ ბესელია ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს დაადანაშაულეს მოქალაქეებმა ის და მისი თანამშრომლები იარაღისა და ნარკოტიკის ჩადებაში. ამ ბრალდებებზე  რეაგირების ნაცვლად ხელისუფლებამ ბესელია ცოტა ხნის წინ დააწინაურა. ის ახლა აჭარის პოლიციის უფროსია.

ჟურნალისტი: ბატონ გრიგოლ ბესელიასთან ვართ, შეკითხვები გვაქვს.

პოლიციელი: არ ვიცი, ადგილზე თუ იმყოფება.

ჟურნალისტი: ბატონო?

პოლიციელი: არ ვიცი ადგილზე არის თუ არა.

ჟურნალისტი:რომ გაგვირკვიოთ.

პოლიციელი: ადგილზე არ იმყოფება და პრესცენტრს მიმართეთ.

ჟურნალისტი:პრესცენტრს მივმართეთ და

პოლიციელი: დაელოდეთ პასუხს.

ჟურნალისტი: ის შავი ჯიპი ბესელიასი არ არის? უფროსის?

პოლიციელი: არ ვიცი

ჟურნალისტი: არ გვხვდება გრიგოლ ბესელია, ის ჩვენს კითხვებს არ პასუხობს.  მას პრესსამსახურის მეშვეობით მას გადავუგზავნეთ კითხვები ყველა იმ საქმეზე, რომლებზეც უკვე მოგიყევით, თუ როგორ ადანაშაულებენ მას მოქალაქეები იარაღის უკანონო ჩადებაში, ნარკოტიკების “ჩადების”მუქარაში, თუმცა როგორც ხედავთ, ბესელია გვემალება და ჩვენს კითხვებს არ პასუხობს.

ჟურნალისტის ხმა: “არა ჩადებას” – შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეისბუკ-გვერდზე ეს პოსტი 2018 წლის თებერვალში, მას შემდეგ გამოაქვეყნეს, რაც მოქალაქეებმა მასშტაბური საპროტესტო აქციები გამართეს პოლიციელების მიერ ნარკოტიკების ჩადების არაერთი შემთხვევის გახმაურების გამო.

ნათია მეზვრიშვილი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე: ჩადება პოლიციის პროფესიონალიზმისა და ინტელექტის შეურაცხყოფაა.

ჟურნალისტის ხმა: ამის მიუხედავად, იარაღისა და ნარკოტიკის ჩადების პრაქტიკას, როგორც ჩანს, პოლიცია კვლავაც მიმართავს პოლიტიკური ოპონენტებისა თუ წარსულში ნასამართლევი პირების გასანეიტრალებლად. ამასთან, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული სისხლის სამართლის დანაშაულების სტატისტიკაში, კვლავაც წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს სწორედ იარაღისა და ნარკოტიკის შეძენა-შენახვა-ტარების მუხლები. “თავისუფლების მონიტორმა” გაარკვია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა არა მხოლოდ გრიგოლ ბესელია, არამედ კონსტანტინე ცომაიას დაკავების ოპერაციაში მონაწილე სხვა პოლიციელებიც დააწინაურა. მაგალითად, გიორგი რუსიშვილი, ამჟამად გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტზე მუშაობს. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დააწინაურეს შალვა ჯინიყაშვილი. ჯინიყაშვილთან დაკავშირებული სკანდალური საქმეები არაერთხელ იყო გაშუქებული  მედიაში: 2014 წელს ის დაითხოვეს კიდეც და კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს, თუმცა შემდეგ ისევ აღადგინეს პოლიციაში. კონსტანტინე ცომაია ახლა მოსამართლე გიორგი არევაძის განაჩენის მოლოდინშია. სწორედ ამ განაჩენზე იქნება დამოკიდებული, მოუწევს თუ არა კიდევ, სულ მცირე. 8 წლის ციხეში გატარება.

კონსტანტინე ცომაია: დეენემიც არ ამოვიდა და გამომიშვეს, დაისვენებო,ისე მეუბნებიან, გეგონება კურორტზე ვარ და 8-დან 11 მდე და იარაღი იმიტომ ჩამიდეს, რომ წინაზე რომ იარაღზე ვიყავი, მოსამართლის შინაგანი რწმენისთვის უფრო დამაჯერებელია.

ჟურნალისტის ხმა: არის თუ არა კონსტანტინე ცომაია დამნაშავე, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელთა მოსაძიებლად პოლიციელებს ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებიათ.