წულუკიანის (რეფორმებს) რეპრესიებს მიღმა

ჟურნალისტი: თამარ გელაშვილი ; რედაქტორი: მაია მეცხვარიშვილი
Divider dot 1 მაისი 2023

თეა წულუკიანი: სისტემაში სერიოზული რეფორმა განხორციელდა და  ზოგი ამას რეპრესიებს უწოდებს.

ჟურნალისტის ხმა: რატომ დაითხოვეს ათეულობით პროფესიონალი მუზეუმებიდან, კინოცენტრიდან, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან და სხვა სახელოვნებო დაწესებულებიდან?

გიორგი გაგოშიძე: რასაკვირველია, ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური დევნაც იყო.

ჟურნალისტის ხმა: გაჩვენებთ, რა საფრთხეს  უქმნის თეა წულუკიანის პოლიტიკა მსოფლიო მნიშვნელობის კულტურულ მემკვიდრეობას.

ანა ბელფერ-კოენი: მუზეუმში სულ მცირე 4 მიმდინარე საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტი გაქრება უბრალოდ.

დენ ადლერი: ეს იგივეა, რომ ქართულ კულტურას თავი წააცალო.

ჟურნალისტის ხმა: “თავისუფლების მონიტორმა” გამოიძია, თუ რა კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილთან ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციას და კულტურის სფეროს ტოტალური კონტროლისკენ მიმართულ სამთავრობო პოლიტიკას.

მარინე მიზანდარი: ამ შენობის აგება, წარმოიდგინეთ, რამხელა ზიანს მიაყენებდა თვით მუზეუმის შენობის მდგომარეობას.

სათაური: წულუკიანის (რეფორმებს) რეპრესიებს მიღმა

ჟურნალისტის სტენდაფი: ბიძინა ივანიშვილის “პანორამა თბილისის” პროექტის ფარგლებში მშენებარე ამ სასტუმროს გახსნა 2023 წელს იგეგმება. მშენებლობის პირდაპირ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – ხელოვნების მუზეუმის შენობაა, რომელიც წლების მანძილზე ავარიულია. დღემდე გაურკვეველია შენობის ბედი, საიდანაც მუზეუმის ევაკუაცია გასული წლის ივლისში დაიწყო. ჩვენ ახლა ერთად გავარკვევთ, უკავშირდება თუ არა ივანიშვილის ბიზნეს ინტერესებს კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის გადაწყვეტილებები ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით.

ეკა კიკნაძე, ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი: ჩემი გათავისუფლება უკავშირდებოდა ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის გეგმას, გეგმას – შემუშავებულს ეროვნული მუზეუმის მიერ.

ჟურნალისტის ხმა: ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი ეკა კიკნაძე ერთ-ერთი პირველია, ვისაც კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ მისი რეპრესიული პოლიტიკა შეეხო.

გრაფიკა: ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კულტურის მინისტრის პოსტი 2021 წლის მარტში ჩაიბარა. ერთ თვეში კი ხელოვნების მუზეუმის დირექტორად მისი ყოფილი თანამშრომელი – ნიკოლოზ ახალბედაშვილი დანიშნა. ეკა კიკნაძე ჯერ ლაბორანტად გადაიყვანა, მოგვიანებით კი   მუზეუმიდან დაითხოვა. კულტურის სამინისტრომ 2021 წლის ივლისში გამოაქვეყნა მათივე დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები. ხელოვნების მუზეუმის შენობის მზიდი კონსტრუქციების  შესახებ დოკუმენტში წერია: “გუდიაშვილის ქუჩის მხარეს შენობის არსებული ნაწილის გაძლიერება შესაძლებელია არ იყოს რენტაბელური და რეკომენდებულია პუშკინის ქუჩის გასწვრივ შენობის დაშლა და იგივე მასალებით გადაწყობა”.

ფრაგემენტები არქივიდან – აქცია “ხელოვნების მუზეუმის გადასარჩენად”

ჟურნალისტის ხმა: საზოგადოების ნაწილს ეჭვი გაუჩნდა, რომ ხელისუფლებას ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის დანგრევა ჰქონდა განზრახული.

ჟურნალისტის სტენდაფი: ეჭვს რამდენიმე გარემობა აძლიერებდა: მაგალითად, ეს წერილები, რომლებიც 1970-ანი წლებიდან დღემდე ხელოვნების მუზეუმის ყოფილი ხელმძღვანელების მიერაა გაგზავნილი მთავრობაში – შენობის ავარიულობისა და გადაუდებელი რეაბილიტაციის აუცილებლობაზე;  ან მაგალითად ის, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ბოლოს 2019 წელს ჰქონდა დადგენილი შენობის ავარიულობის ხარისხი. გაუგებარი დარჩა, რას ემსახურებოდა განმეორებითი ექსპერტიზა, რომელმაც მუზეუმის ისტორიული შენობის აღდგენა “არარენტაბელურად” მიიჩნია; ან თუნდაც ის, თუ რატომ შეიმუშავა წულუკიანმა მუზეუმიდან ექსპონატების ევაკუაციის გეგმა თავიდან. ეს გეგმა უკვე შედგენილი იყო უცხოელ ექსპერტებთან ერთად 2017 წლის შემდეგ, როცა  მუზეუმი დამთავალიერებლებისთვის დაიკეტა. და კიდევ ერთი საეჭვო გარემობა – მუზეუმის რეაბილიტაციის არქიტექტურული კონცეფცია ჯერ კიდევ 2019-20 წლებში შემუშავდა, მაგრამ წულუკიანმა ის არც კი განიხილა.

ეკა კიკნაძე, ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი: ესაა რეაბილიტაციის გეგმა, ესაა ჟან ფრანსუა მილუს არქიტექტურული კონცეფცია იმისა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ხელოვნების მუზეუმი… პირველ ისტორიულ შენობაში უნდა ყოფილიყო მხოლოდ მუდმივმოქმედი გამოფენა და საჯარო სივრცეები. მეორე შენობა .. იქ უნდა ყოფილიყო რესტავრაცია-კონსერვაციის ცენტრი. წულუკიანი ამას ვერ ხედავდა… საუკეთესო სპეციალისტების მიერ შედგენილი რეაბილიტაციის გეგმა, რომელიც მან დაიწუნა, უფრო სწორად არც განიხილა, არც გაეცნო, მისთვის უკვე მოცემულობა – ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენდნენ ამ გეგმას, იყო მიუღებელი და მორჩა.შემდეგ მე უკვე მოვითხოვე ევაკუაციის გეგმა, ოფიციალურად წერილობით მივმართე დირექტორს …და აქედან უკვე მალევე მივიღე ბრძანება ჩამოქვეითების შესახებ.

ჟურნალისტის ხმა: ეკა კიკნაძის მსგავსად, ხელოვნების მუზეუმიდან ის თანამშრომლები დაითხოვეს, რომლებმაც ახალი მინისტრის გადაწყვეტილებები გააპროტესტეს.

ჟურნალისტის სტენდაფი: “თავისუფლების მონიტორის” მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, თუ რატომ შეიძლება აღმოჩენილიყო თეა წულუკიანისთვის მიუღებელი ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის არქიტექტურული კონცეფცია. ეს დოკუმენტები ბიძინა ივანიშვილის “პანორამა თბილისს” უკავშირდება, რომლის საპროექტო არეალში სწორედ ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობაა მოქცეული.

ჟურნალისტის ხმა: მუზეუმების კუნძული ბერლინში რამდენიმე მუზეუმს აერთიანებს და ის ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია. ბერლინის სახელმწიფო მუზეუმები “პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდს” მიეკუთვნება. 2010 წელს სწორედ ამ ფონდთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის დაფინანსებით დაიწყო საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა თბილისში “სამუზეუმო ქუჩის” პროექტის განვითარებაზე მუშაობა.

გრაფიკა: თბილისის ცენტრში სამუზეუმო ქუჩის მოწყობა  XIX საუკუნეში, კავკასიის მუზეუმის დაარსების დროს უნდოდათ. 2004 წლიდან კი, როდესაც “საქართველოს ეროვნული მუზეუმი” დაფუძნდა და მასში  12 მუზეუმი, ეროვნული გალერეა, 4 სახლ-მუზეუმი და 2 სამეცნიერო დაწესებულება გაერთიანდა, “სამუზეუმო ქუჩის” იდეა კვლავ გაცოცხლდა.

ჟურნალისტის ხმა: ამ პროექტზე, რომელიც რუსთაველის გამზირსა და გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე მუზეუმების შენობების რეაბილიტაციას ითვალისწინებდა, “სტუდია მილუ” 2006 წლიდან მუშაობდა. სწორედ ამ გეგმის მიხედვით ჩატარდა 2007-11 წლებში სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმისა და ეროვნული გალერეის რეაბილიტაცია. გადაწყვეტილი იყო ხელოვნების მუზეუმის შენობის აღდგენაც, თუმცა გეგმები ჩაიშალა.

გრაფიკა: 2012 წლის ოქტომბერში ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის გუნდმა ჩაიბარა. ერთ წელიწადში პრემიერმა ივანიშვილმა დადგენილება გამოსცა. ამ დადგენილებით, თბილისის მერიას, რომელსაც იმ დროს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლება მართავდა, დედაქალაქში  კულტურული მემკვიდრეობის ზონებში მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლება ჩამოერთვა. 2014 წლის არჩევნების შემდეგ თბილისის მერია ივანიშვილის გუნდმა ჩაიბარა. ივანიშვილმა  თბილისის ისტორიულ ცენტრში “პანორამა თბილისის” პროექტი წამოიწყო. 2015 წლის მარტში პრემიერმა ღარიბაშვილმა ახალი დადგენილება გამოსცა და თბილისის მერიას კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მშენებლობების ნებართვების გაცემის უფლება დაუბრუნა.

ჟურნალისტი ესალმება რესპონდენტს: გამარჯობა, როგორ ხართ?

ჟურნალისტის ხმა: მარინე მიზანდარი პრემიერ ივანიშვილის კაბინეტში კულტურის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და თანამდებობიდან 2014 წლის თებერვალში, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც  საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ძეგლის განადგურებას შეეწინააღმდეგა.

მარინე მიზანდარი, კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე: მე მახსოვს, პირველად რომ შევიტყვე ამის შესახებ, 2014 წელი იყო, თუ არ ვცდები და ვიღაც ჟურნალისტმა დამირეკა და თუ იცითო “პანორამა თბილისის” პროექტის შესახებო და არა, მე ვუთხარი, არ ვიცი-თქო და რომ ამიხსნა, რაზე იყო ორი სიტყვით საუბარი, ვერც დავიჯერე, მაგრამ ეს ყველაფერი აღმოჩნდა საშინელი სინამდვილე, უსასტიკესი…  კულტურის მინისტრის ყურადღების არეალში სწორედ ეს სამუშაოები უნდა ექცეოდეს დღესდღეობით, რომელიც დამანგრეველია… ამ შენობის აგება, წარმოიდგინეთ, რამხელა ზიანს მიაყენებდა თვით მუზეუმის შენობის მდგომარეობას.

გრაფიკა:

  • არ არის მისაღები. საპროექტო შენობა აკნინებს მიმდებარე კულტურულ მემკვიდრეობას; 
  • პირდაპირ ზიანს აყენებს მიმდებარე განაშენიანებას; 
  • დაირღვევა საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ;
  • ხელოვნების მუზეუმი, ჯანაშიას სახელმწიფო მუზეუმი – ეს არის უშუალო გარემოცვა, სადაც განსაზღვრულია მშენებლობა. თითოეული ეს ობიექტი არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს, რომელთა დომინანტური როლის დაცვის და შენარჩუნების ვალდებულებაც სახელმწიფოს არაერთი დოკუმენტით აქვს გაცხადებული

ჟურნალისტის სტენდაფი: ეს არის ამონარიდები თბილისის განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2014 წლის 18 დეკემბერის სხდომის ოქმიდან. ამ ჩანაწერებით  ირკვევა მიზეზები, თუ რატომ ეწინააღმდეგება საბჭოს წევრთა ნაწილი ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილზე ივანიშვილის სასტუმროს მშენებლობას. “თავისუფლების მონიტორმა” მოიპოვა კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელშიც ამ სხდომამდე 1 თვით ადრე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დამცავი ზონების სექციის შენიშვნებია ასახული.

გრაფიკა: დოკუმენტში წერია, რომ მიზანშეუწონელია მუზეუმის შენობის წინამდებარე მოედანზე გენგეგმაში ასახული ავტოსადგომის განთავსება და რეკომენდებულია საპროექტო ობიექტის გარშემო მდებარე მუზეუმების სპეციფიკა-მუშაობის რეჟიმების შესწავლა-ანალიზი. საპასუხო წერილში ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის 43-ე მუხლზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ეს მუხლი არ ითვალისწინებს კვლევაში ასეთი ინფორმაციის არსებობას.

ანანო ცინცაბაძე, იურისტი, „ინიციატივა საჯარო სივრცისათვის“: თბილისი იყო ჩასმული  იუნესკოს წინასწარული დაცვის ნუსხაში, ძველი თბილისი… ძალიან საეჭვოა, რომ ის რეალურ სიაში გადავიდეს “პანორამა თბილისის” შემდეგ, ფაქტიურად, გამორიცხულია.

ჟურნალისტის ხმა: არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტებმა, “პანორამა თბილისთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები შეისწავლეს და არაერთი დარღვევა აღმოაჩნიეს.

თბილისის ლანდშაფტი არის დაცული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონით. ყველანაირი მასშტაბური ტიპის მშენებლობა, როგორიც არის უზარმაზარი ახალი პროექტები, ამ ზონებში არის აკრძალული… 

ანანო ცინცაბაძე: “პანორამა თბილისი”, რომელიც არის უზარმაზარი მასშტაბის თანამედროვე  პროექტი, უხეშად შეიჭრა ამ ზონებში და დაარღვია არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონი, არამედ უამრავი საკრებულოს დადგენილებები და, პირველ რიგში, მაშინ მოქმედი გენერალური გეგმა.

ჟურნალისტის ხმა: საბოლოოდ, მშენებლობა ისე დაიწყო, რომ მშენებლობის ნებართვისთვის წარდგენილ ისტორიულ-არქიტექტურულ კვლევაში,  არაფერი იყო ნათქვამი იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენდა მასშტაბური მშენებლობა ისედაც ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ხელოვნების მუზეუმის ისტორიულ შენობაზე.

გრაფიკა: თეა წულუკიანის უწყებამ 2021 წლის ივლისში გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მუზეუმი “პუშკინის ქუჩის მხრიდან ესტაკადის მოწყობის შედეგად” ინგრევა.

ჟურნალისტის ხმა: “თავისუფლების მონიტორს” რამდენიმე წყარო ეუბნება, რომ ხელოვნების მუზეუმის ისედაც ავარიული შენობა “პანორამა თბილისის” მშენებლობამ მძიმედ დააზიანა.

ცირა ელისაშვილი,  კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის ხელმძღვანელი: ცეკავშირის შენობის დანგრევის შემდეგ, როდესაც უშუალოდ დაიწყო ფუნდამენტის სამუშოები და საძირკველს აცდა ასე ვთქვათ, ჩვენ მაშინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ გასკდა ხელოვნების მუზეუმის საძირკველი. ეს შენობა მაშინ იყო უკვე დაზიანებული, თავისი ის ქონდა, ვთქვათ, პრობლემა, თუმცა ამ მშენებლობამ რა თქმა უნდა მასზე გავლენა იქონია. მაგრამ ვინაიდან ეს ინფორმაცია იყო ჩვენთვის კულუარული  და ვინაიდან ჩვენ ამის გადამოწმების საშუალება არ მოგვეცა, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ნამდვილად ასე მოხდა, მაგრამ ჩვენ არანაირი ფაქტობრივი მასალა არა გვაქვს, აი, ეს არის პრობლემა.

თეა წულუკიანი, კულტურის მინისტრი: ხელოვნების მუზეუმის შენობის კვლევა და გამაგრების პროექტი დასრულდა, მაგრამ ყველა ქართული კომპანია, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, ამბობს უარს მის განხორციელებაზე… შესაბამისად, ვართ დროებით ჩიხში და გამოსავლის ძიებაში.

ჟურნალისტის ხმა: წულუკიანის თქმით, ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციისთვის აუცილებელია ხელით გაითხაროს საძირკველი 25 მეტრის სიღრმეზე, სადაც წყალია დაგროვილი და ჩაისვას 80-მდე ხიმინჯი, რაც შრომის უსაფრთხოების პრობლემას ქმნის და ეს აფერხებს  რეაბილიტაციას.

მარინე მიზანდარი: ქვეტექსტი ამგვარი მსჯელობის, როგორც ჩანს, მაინც ის არის, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ ამის გაკეთებას და უნდა გავწიროთ…როცა ლაპარაკია იმაზე, რომ ქვემოთ გრუნტის წყლებია და უკვე 2 მეტრის სიღრმეზე წყალია, შემიძლია, ყველას შევახსენო, რომ ვენეცია მრავალი საუკუნეა დგას წყალში და დღემდე შენარჩუნებულია მე-14-15 საუკუნის სახლები…ასე, რომ ამის ძალიან დიდი გამოცდილება, წყალში ხიმინჯების დამონტაჟების, წყალში მუშაობის, წყალში უსაფრთხოების ზომების დაცვის საერთაშორისო დიდი გამოცდილება არსებობს.

ჟურნალისტის სტენდაფი: თეა წულუკიანის თქმით, ხელოვნების მუზეუმის შენობის რეაბილიტაციისთვის ან მის მიერ დაკვეთილი პროექტი უნდა გადაკეთდეს, ან უცხოელი სპეციალისტები უნდა ჩამოიყვანონ. სამინისტრო უარს ამბობს თბილისის “სამუზეუმო ქუჩის” პროექტის ფარგლებში მომზადებულ მუზეუმის რეაბილიტაციის კონცეფციაზე, ამასთან არ გვიპასუხეს კითხვაზე – გაგრძელდება თუ არა თავად სამუზეუმო ქუჩის პროექტი მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანმა ეროვნული მუზეუმის გაერთიანება დაშალა.

გრაფიკა: კულტურის მინისტრის 2021 წლის 19 აპრილის ბრძანებით, ეროვნულ მუზეუმს გენერალური დირექტორის ნაცვლად დირექტორთა საბჭო ხელძღვანელობს. საბჭოს წევრები არიან ეროვნული მუზეუმის ბაზაზე ცალკე ჩამოყალიბებული  მუზეუმთა ჯგუფის 4 დირექტორი.

თეა წულუკიანი, კულტურის მინისტრი: ღიად ვაცხადებ, რომ იმ დიდმა გაერთიანებამ, ვითარცა საბჭოთა კავშირმა, არ გაამართლა. არ გაამართლა ეროვნული მუზეუმის მიერ ყველა სხვა მუზეუმის შესრუტვის პოლიტიკამ, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო.

ჟურნალისტის ხმა: საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან წულუკიანმა ჯამში 70-მდე თანამშრომელი დაითხოვა. მათ შორის აღმოჩნდა არქეოლოგი ანა მგელაძე.

ანა მგელაძე, ეროვნული მუზეუმის ყოფილი უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი: ეროვნულ მუზეუმში 2000 წელს მივედი, 17 წლის რომ ვიყავი სტუდენტად, მას შემდეგ მუზეუმის კარი ჩემთვის ყოველთვის ღია იყო და ეს კარი ჩემთვის დაიხურა 2022 წლის 1 ივნისს.

ჟურნალისტის ხმა: მუზეუმში მუშაობის დროს ანამ არაერთი   გრანტი მოიპოვა. იანვარში მონაწილეობა უნდა მიეღო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამეცნიერო ფონდის – ლუის ლიკის პროექტში, თუმცა ის და ამ პროექტის ხელმძღვანელი, არქეოლოგი ნიკოლოზ წიქარიძეც, სამსახურიდან დაითხოვეს. წიქარიძე 2016 წელს სასამართლოში “პანორამა თბილისის” წინააღმდეგ შეტანილი ადმინისტრაციული სარჩელის ერთ-ერთი თანაავტორი იყო. ანა მგელაძე კი გათავისუფლებმდე საჯაროდ დაუპირისპირდა ხელოვნების მუზეუმის ახალ დირექტორს. ნიკოლოზ ახალბედაშვილი რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული იმ 13 პროექტის შეჩერებას მოითხოვდა, რომლებშიც ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

ანა მგელაძე: იქ არავის არ აინტერესებდა არც ჩემი განათლება, არც ჩემი პროფესია, არც ჩემი კვალიფიკაცია. ეს გახლდათ სადამსჯელო დისციპლინარული ტიპის დაკითხვა, რომელიც მე იქ ნიკოლოზ ახალბედაშვილმა ერთპიროვნულად მომიწყო.

ჟურნალისტის ხმა: ეროვნული მუზეუმიდან დათხოვნილები თავს  მინისტრის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად მიიჩნევენ და შელახული უფლებების აღდგენისთვის სასამართლოში იბრძვიან.

ჟურნალისტი ხვდება რესპონდენტს: გამარჯობა … 

ჟურნალისტის ხმა: დავით ომსარაშვილი ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული 15 თანამშრომლის უფლებებს იცავს სასამართლოში.

დავით ომსარაშვილი, “სოლიდარობის ქსელის” იურისტი: ამ ადამიანების გათავისუფლებამ, ერთი მხრივ, ნიღაბი ჩამოხსნა, აი, ამ სისტემას, რომელიც  ათავისუფლებს ყველას, მიუხედავად იმისა, რა კვალიფიკაციისაა, რა ცოდნისაა და რა გაუკეთებია, თუ მას ექნება კრიტიკული  შეხედულება.

დავით ლორთქიფანიძე, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი: მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის ეს თანამშრომლები, ყველანი წარმოადგენდნენ ძალიან ღირსეულ პროფესიონალებს. ეხლა ეს გადაწყვეტილებები მიღებულია სხვების მიერ, რომლებსაც სხვა ხედვა აქვთ, მათ უნდა მოვუსმინოთ არგუმენტებით…

ჟურნალისტის შეკითხვა: თქვენ როგორ გადაურჩით ამ პროცესებს?

დავით ლორთქიფანიძე: რას ნიშნავს, როგორც გადავურჩი? მე ვარ სახელმწიფო სამსახურში და ვასრულებ ჩემს პროფესიულ მოვალეობას. თუ სახელმწიფო ჩათვლის, რომ მე ცუდად ვასრულებ, ალბათ, დავტოვებ თანამდებობას და ჯერჯერობით ეს საკითხი არ დამდგარა.

ჟურნალისტის სტენდაფი: გარდა სამართლებრივი პრობლემებისა, ეროვნული მუზეუმიდან პროფესიონალი კადრების დათხოვნა შესაძლოა გაცილებით მძიმე დანაკლისი აღმოჩნდეს ქართული არქეოლოგიისთვის. ჩვენ არაერთ უცხოელ სპეციალისტს შევხვდით და ვესაუბრეთ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ამ დანაკარგის გამო ეს დარგი 20-30 წლით უკან დაიხევს.

ჟურნალისტი: გამარჯობა.

ანა ბელფერ-კოენი: გამარჯობა, მე ანა ბელფერ-კოენი ვარ. 

ჟურნალისტი: სასიამოვნოა.

ჟურნალისტის ხმა: ამერიკის ებრაული უნივერსიტეტის პროფესორი ანა-ბელფერ კოენი 1993 წლიდან მუშაობს საქართველოში ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა მეცნიერულ კვლევებზე. ანა ბელფერ კოენს უკვე შეკრებილი ჰყავდა სხვადასხვა ქვეყნიდან მეცნიერების ჯგუფი, რომლებსაც საქართველოში ახალი კვლევა უნდა დაეწყოთ. თუმცა ექსპედიცია წელს ჩაიშალა, რადგან პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ეროვნული მუზეუმიდან დაითხოვეს და გათხრებზე ნებართვა მოთხოვნილ ვადაში ვერ მიიღეს.

ანა ბელფერ-კოენი, არქეოლოგი, ამერიკის ებრაული უნივერსიტეტის სრული პროფესორი: ჩვენ ვაგვარებდით გერმანიიდან, ამერიკიდან და ისრაელიდან ექსპერტების ჩამოსვლას და უცებ გავიგეთ, რომ ახლა არ გვაქვს  ნებართვა…  ბოლო წვეთი იყო, როცა ჩემი უახლოესი კოლაბორაციონისტი ნინო ჯაყელი გაათავისუფლეს მუზეუმიდან და აუკრძალეს კოლექციებთან წვდომა.თუ მაგალითად ჯაყელს არ დააბრუნებენ, მუზეუმში სულ მცირე 4 მიმდინარე საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტი გაქრება უბრალოდ, ვადა ეწურება. მე რისიც ძალიან მეშინია ,ეს ისაა, რომ რამდენიმე წელში შესაძლოა იქ არქეოლოგიური ძეგლი აღარც დაგვხვდეს, ყველაფერი ღირებული წაიშალოს.

ჟურნალისტის ხმა: ეს დენ ადლერია, კონექტიკუტის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.  1995 წლიდან საქართველოში სხვადასხვა არქეოლოგიურ კვლევებში მონაწილეობს. თუმცა ამჯერად მისი კვლევა შეჩერებულია –  წელს, როგორც თავად ამბობს, ეროვნულ მუზეუმში დაცულ მასალებზე წვდომა აღარ აქვს.

დენ ადლერი, არქეოლოგი, კონექტიკუტის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი: დღეს გვყავს ძლიერი კორპუსი პრეისტორიკოსების და არქეოლოგების საქართველოში, რაც  30 წლის წინ, არ არსებობდა…  უცებ ვხედავ ამ ადამიანებს ამ ყველაფრისგან  შორს გარიყულს, ეს იგივეა, რაც ქართულ კულტურას თავი წააცალო; რაც ქართული არქეოლოგია დააბრუნო ერთი ან ორი თაობით უკან წარსულში.

ჟურნალისტის ხმა: ანა ბელფერ-კოენისა და დენ ადლერის მსგავსად, ეროვნული მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლების შემდეგ შექნილ პრობლემებზე საუბრობს კიდევ ერთი უცხოელი არქეოლოგი მინესოტას უნივერსიტეტიდან რიდ კოილი.

რიდ კოილი, არქეოლოგი, მინესოტას უნივერსიტეტი: მე ვმუშაობდი უმეტეს მათგანთან, ვინც გაათავისუფლეს მუზეუმიდან. გასაკვირია, რომ მათი პროფესიონალიზმი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა… შენ  ვერ შეძლებ ასე  უბრალოდ დაიქირავო ვიღაც ახალი, რომელსაც ეს ყველაფერი ეცოდინება. ვერ გაუშვებ ადამიანებს, რომელთაც 10, 20, 40-წლიანი გამოცდილება აქვთ ამ საქმეში. უბრალოდ შეუძლებელია, რომ ახალი თანამშრომლებით ჩაანაცვლო… ვფიქრობ, ამ ყველაფერს ძალიან ტრაგიკული და ხანგრძლივი  გავლენა ექნება ამ სფეროში. 

ჟურნალისტის ხმა: უცხოელი მეცნიერების თქმით, რამდენიმე საერთაშორისო პროექტი წელს ჩაიშალა, რადგან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ნებართვები დროულად არ გასცა. სააგენტოში ამ საკითხზე ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხეს.

თეა წულუკიანი: ესენი არიან ვითომ დიდი მეცნიერები, რომლებსაც აქვთ შემუშავებული ასეთი სქემა: ისინი უკავშირდებიან უცხოელ არქეოლოგებს პროაქტიულად, აყიდინებენ, ასე ვთქვათ, ბილეთებს თვითმფრინავის, რომ ჩამოდით ამა და ამ დროს, მეცნიერებს იწვევენ და როდესაც ეს ხალხი უკვე ჩამოდის, მხოლოდ მერე ახსენდებათ, რომ არსებობს კულტურის სამინისტრო, რომელიც ერთადერთი უწყებაა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან ერთად, რომელიც გაცემს ნებართვას გათხრაზე. როდესაც ფული უკვე დახარჯულია და ვიღაცეების მიერ ფული უკვე აღებულია, შემდეგ იწყება შეწუხება იმ საელჩოების, აქ მყოფი საელჩოების, რომელთა მოქალაქეებიც უკვე ადგილზე არიან ბარით ხელში და წერაქვით ხელში და  ფუნჯით ხელში, რომ გათხარონ.

ჟურნალისტის ხმა: კულტურის სამინისტრო არ პასუხობს, რა ბედი ელის იმ შეჩერებულ საერთაშორისო პროექტებს, რომლებშიც ეროვნული მუზეუმიდან დათხოვნილი თანამშრომლები იყვნენ ჩართულები, მისცემენ თუ არა მათ მუზეუმში დაცულ კოლექციებზე წვდომის უფლებას.

გრაფიკა: ეროვნული მუზეუმის ახალი დებულების მიხედვით, “სამუზეუმო ფონდში, კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის, დაინტერესებული პირის, მათ შორის მუზეუმთა გაერთიანებაში დასაქმებული თანამშრომლის დაშვება შესაძლებელია მხოლოდ დირექტორატის გადაწყვეტილებით. დირექტორატის გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობოს სამინისტროს“. დებულების ეს ნორმა მუზეუმიდან დათხოვნილმა თანამშრომლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

ჟურნალისტი: გამარჯობა, ბარტონო გიორგი, როგორ ბრძანდებით?

გიორგი გაგოშიძე: გამარჯობა, არა მიჭირს.. თავად?

ჟურნალისტი: მადლობა.. ამ ადგილას ბევრი საპროტესტო აქცია გაიმართა ბოლო დროს. ყოფილხართ ამ აქციების მონაწილე?

გიორგი გაგოშიძე: დიახ…

ჟურნალისტი: ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს იყო რეალურად ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გაგათავისუფლეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან?გიორგი: ალბათ, დიახ.

ჟურნალისტის ხმა: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი გაგოშიძე 2010 წლიდან მუშაობდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში. ბოლო დროს ის კვლევის სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2022  წლის დასაწყისში მეცნიერი სამსახურიდან დაითხოვეს. გიორგი გაგოშიძე, რომლის მამა – არქეოლოგი იულონ გაგოშიძე წინა ხელისუფლების დროს სახელმწიფო მინისტრი იყო დიასპორის საკითხებში, იმ გარემოებებზე საუბრობს, რამაც მინისტრ წულუკიანის მხრიდან პოლიტიკური ნიშნით მის დევნაში დაარწმუნა.

გიორგი გაგოშიძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კვლევის სამსახურის ყოფილი უფროსი: ჩემი გათავისუფლების რეალური მიზეზი, ჩემი აზრით, რაღაცა გლობალური საკითხია.  ერთი – ის ჩემი პოზიცია, ბიოგრაფია, ჩემი გვარი, ჩემი მშობლებიდან დაწყებული შვილებით დამთავრებული, ყველა გაათავისუფლეს.  ყველანი ვმუშაობდით ჩვენ კულტურის სამინისტროს სსიპ-ებში. 

ჟურნალისტი: თქვენც ფიქრობთ, რომ ეს პოლიტიკური დევნაც იყო? 

გიორგი გაგოშიძე: რასაკვირველია, ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური დევნაც იყო.

ჟურნალისტის ხმა: თეა წულუკიანი თავის საჯარო გამოსვლებში გიორგი გაგოშიძეს გელათის სამონასტრო კომპლექსის არასწორად გადახურვის საქმესთან აკავშირებს, თუმცა გაგოშიძის გათავისუფლების ბრძანებაში ეს მიზეზები  მითითებული არ არის. გაგოშიძის გარდა, სააგენტოდან კიდევ 70-მდე თანამშრომელი დაითხოვეს. თავად სააგენტოს დირექტორი კი  თანამდებობიდან უფრო ადრე, საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. მუზეუმის მსგავსად, სააგენტოს თანამშრომლებიც რეორგანიზაციის დროს გაათავისუფლეს. ისინიც თავს პოლიტიკური ნიშნით დევნის მსხვერპლებად მიიჩნევენ და სასამართლოში ჩივიან.

ჟურნალისტი: გამარჯობა, თქვენ იცავთ კულტურის სააგენტოდან გათავისუფლებულთა უფლებებს.

თათია ქინქლაძე: დიახ.

ჟურნალისტის ხმა: “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” იურისტი თათია ქინქლაძე კულტურის სამინისტროდან დათხოვნილი 15 ადამიანის უფლებებს იცავს.

ჟურნალისტის შეკითხვა: გათავისუფლებული თანამშრომლები საუბრობენ რეპრესიებზე და მათ შორის პოლიტიკური ნიშნით დევნაზე. რაში გამოიხატება ეს? 

თათია ქინქლაძე, ISFED-ის იურისტი: ჩვენ მივმართეთ კომისიას და დეტალური სხდომის ოქმები გასაუბრების და შეფასების კრიტერიუმები არ მიგვიღია. ეს იყო საკმაოდ ჩაკეტილი პროცესი, რაც პირდაპირ მიუთითებდა იმაზე, ეს პროცესი იყო ხელოვნური პროცესი იმისთვის, რომ რეორგანიზაცია ყოფილიყო საფუძველი გათავისუფლების და, რიგ შემთხვევაში, გაეთავისუფლებინათ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ  კრიტიკული ხელისუფლების მიმართ.

ჟურნალისტის სტენდაფი:  დაითხოვეს თუ არა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან თანამშრომლები პროფესიული ნიშნით თუ ეს იყო პოლიტიკური დევნა? რა კრიტერიუმებით აფასებდა კომისია მათ პროფესიულ დონეს და რატომ ასაიდუმლოებს სააგენტო საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმებს? ჩვენ ახლა შევეცდებით ეს შეკითხვები სააგენტოს ხელმძღვანელს, ნიკოლოზ აზნაურაშვილს დავუსვათ.

ჟურნალისტი:  გამარჯობა, “თავისუფლების მონიტორიდან” ვართ ჟურნალისტები და თუ შეიძლება ნიკოლოზ აზნაურაშვილთან გვინდა გასაუბრება.

დაცვა : ბატონი ნიკოლოზი არ ბრძანდება. მივლინებაშია.

ჟურნალისტი: და როდის დაბრუნდება მივლინებიდან ბატონი ნიკოლოზი?

დაცვა: მაგი ჩვენ ხო არ ვიცით,  არ ვიცით… 

ჟურნალისტი: მადლობა. როგორც დაცვამ გვითხრა დირექტორი ადგილზე არ არის, მივლინებაშია და არ იციან როდის დაბრუნდება, ამიტომ ჩვენ შევეცდებით  წერილობით მაინც გავუგზავნოთ მას ეს შეკითხვები.

ჟურნალისტის ხმა: ნიკოლოზ აზნაურაშვილი თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრად მუშაობის დროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. ხოლო მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანმა კულტურის მინისტრის თანამდებობაზე გადაინაცვლა, აზნაურაშვილი მის სამინისტროში გენინსპექციის უფროსად დანიშნა, მოგვიანებით კი – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პოზიციაზე დააწინაურა. აზნაურაშვილმა “თავისუფლების მონიტორის” შეკითხვებს არც წერილობით უპასუხა. თეა წულუკიანმა პარლამენტში გამოსვლისას ძეგლთა დაცვის სააგენტოდან თანამშრომლების დათხოვნას რეფორმა უწოდა.

თეა წულუკიანი: ძეგლთა დაცვის სისტემაში სერიოზული რეფორმა განხორციელდა. ზოგი ამას რეპრესიებს უწოდებს, ორივე რ-ზე იწყება და არა უშავს. რეფორმა გულისხმობს იმას, რომ ვინც ნეპოტიზმით, უცოდინრობის მიუხედავად მუშობდნენ სისტემაში, ჩვენ მათ დავემშვიდობეთ.

ფრაგმენტი სალომე ჯაშის ფილმიდან “მოთვინიერება

გაგა ჩხეიძე, ეროვნული კინოცენტრის ყოფილი დირექტორი: პირველივე თემა, რაზეც ვისაუბრეთ, ეს იყო სალომე ჯაშის ფილმი “მოთვინიერება”, რომელიც ეძღვნება ცნობილი ივანიშვილის დენდროლოგიური პარკის  შექმნას და ეს იყო, როგორც ჩანს, მომავალი კულტურის მინისტრის გაღიზიანების მიზეზი: ის ამტკიცებს, რომ ეს არაა მისი კერძო ბაღი, ის არის ღია საზოგადოებისთვის და “დოკუმენტალისტი რეჟისორი” – ესაა მისი სიტყვები – “არ უნდა იტყუებოდეს”… უბრალოდ ვურჩიე მას, რომ ენახა ფილმი და შემდეგ გამოეტანა დასკვნა.

ჟურნალისტის ხმა: ასე იხსენებს ეროვნული კინოცენტრის უკვე ყოფილი დირექტორი გაგა ჩხეიძე კულტურის ახალ მინისტრთან პირველ შეხვედრას. ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი ნაწილობრივ ეროვნულმა კინოცენტრმა დააფინანსა. მინისტრმა აუდიტის სამსახურს კინოცენტრის საქმიანობის შესწავლა დაავალა. აუდიტის დასკვნა 2021 წლის 30 აგვისტოსაა შედგენილი. მასში სხვადასხვაგვარ დარღვევებზეა საუბარი, მათ შორის, ხაზგასმულია, რომ კინოცენტრის დირექტორის ზოგიერთი გადაწყვეტილება “შესაძლოა, შეიცავდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს”. 2022 წლის მარტში აუდიტის დასკვნა კულტურის მინისტრმა პროკურატურას გადაუგზავნა, ხოლო გაგა ჩხეიძე დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვა. მის ადგილზე კი თეა წულუკიანმა კარლო სიხარულიძე დანიშნა, რომელიც იმავდროულად კულტურის მინისტრის მოადგილეცაა.

გაგა ჩხეიძე, ეროვნული კინოცენტრის ყოფილი დირექტორი: როგორ შეიძლება კულტურის მინისტრის მოადგილე ამავე დროს იყოს მისი დაქვემდებარებული სსიპ-ის ხელმძღვანელიც?! ყოვლად წარმოუდგენელია, რომ მოადგილე კარლო სიხარულიძემ შეიყვანოს აუდიტი თავის ორგანიზაციაში.

ჟურნალისტის ხმა: მინისტრის გადაწყვეტილებით, კინოცენტრიდან დაითხოვეს არა მხოლოდ დირექტორი და ბუღალტერი, არამედ საკონკურსო კომისიაც. ეს ჯგუფი  სრულმეტრაჟიანი  მხატვრული ფილმის წარმოების დაფინანსებაზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენისთვის შეიქმნა. ახალი კომისიის შემადგენლობაში კი აღმოჩნდნენ “ქართული ოცნების” ხელისუფლების ისეთი აქტიური მხარდამჭერები, როგორიცაა რეჟისორი გოგა ხაინდრავა და Pos TV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია.

ჟურნალისტის სტენდაფი: დაითხოვა თუ არა კინოცენტრის ხელმძღვანელობა და საკონკურსო კომისია წულუკიანმა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკზე გადაღებული ფილმის საპასუხოდ და არის თუ არა ინტერესთა კონფლიქტი კარლო სიხარულიძის კინოცენტრში დანიშვნის გამო? – ჩვენ შევეცდებით ამაზე თავად დირექტორს გავესაუბროთ:

ჟურნალისტი: გამარჯობა. “თავისუფლები მონიტორის” ჟუნრალისტები ვართ და ბატონ კარლოსთან გვინდა გასაუბრება.

მარიამი, კინოცენტრის წარმომადგენელი: ამ ეტაპზე ვერ შეძლებთ დაკავშირებას, იმიტომ რომ  მივლინებაშია  და თუ გინდათ დაკავშირება, ოფიციალურად უნდა მოგვმართოთ

ჟურნალისტი: სად მოგმართოთ ოფიციალურად? პრესსამსახური ჩვენ არ გვპასუხობს.

მარიამი, კინოცენტრის წარმომადგენელი: კი, ბატონო, მეილზე შეგიძლიათ მოგვწეროთ.

ჟურნალისტის ხმა: კინოცენტრის დირექტორმა არც მეილზე გაგზავნილ  შეკითხვებს უპასუხა. თეა წულუკიანი ერთადერთი მინისტრია, რომელსაც “ქართული ოცნების” მმართველობის 10-წლიან პერიოდში მთავრობის კაბინეტი პრაქტიკულად არ დაუტოვებია. ივანიშვილმა 2012 წელს მას იუსტიციის სამინისტრო და სასამართლო სისტემის რეფორმირება ჩააბარა. დღეს დაუსრულებელი რეფორმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა. ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია გვეუბნება, რომ თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის გადაწყვეტილება მან პარტია “ქართული ოცნების” მაშინდელ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეათანხმა.

ჟურნალისტის სტენდაფი:  ფონდი “ქართუ” კულტურისა და სპორტის სფეროს ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია წლების მანძილზე. თუმცა, მე ახლა  ხელთ მაქვს სავარაუდოდ სუს-დან გაჟონილი ფაილებიდან ერთ-ერთი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ “ქართუს” მუზეუმების, ანსამბლების, თეატრების და სხვა დაწესებულებების დაფინანსება შეეწყვიტა.

ჟურნალისტის შეკითხვა: 2020 წლის იანვარში სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონ აბულაძეს თქვენ უთხარით, რომ ფონდი წყვეტს მუზეუმების, ანსამბლების, თეატრების, რუსთაველის ფონდის და სხვა ორგანიზაციული დაწესებულებების დაფინანსებას და მაინტერესებდა, რა იყოს ამის მიზეზი?

 ნინო კიკნაძე, ფონდ “ქართუს” იურისტი: კითხვაზე – ძეგლების პროგრამა არის თუ არა მიმდინარე, გიპასუხეთ და ძეგლებთან მიმართებაში პროექტი კვლავ მიმდინარეა, თუ კონკრეტული სხვა რაღაცა კითხვები გაქვთ, ძალიან გთხოვთ მეილზე გამოგზავნეთ.

ჟურნალისტის ხმა: რამდენს ხარჯავს ფონდი 2021-22 წლებში კულტურის სფეროს დაფინანსებაზე, არც “ქართუმ” და არც კულტურის სამინისტრომ არ დააზუსტეს. აი, რა თქვა თეა წულუკიანმა პარლამენტში  ფონდ ქართუზე:

თეა წულუკიანი: არ ყოფილა, რაც მე მინისტრი ვარ, რომ მე ეს ფონდი შემეწუხებინოს იმიტომ, რომ მათ ისედაც ბევრი პროექტი აქვთ მიმდინარე, ძალიან დიდ თანხებს ხარჯავენ, როგორც წარსულში აქვთ დახარჯული ქართულ კულტურაზე და მის შენარჩუნებაზე და მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ უნდა იქონიოს ელემენტარული რიდი და მადლიერების განცდა უნდა ჰქონდეს.

ჟურნალისტის ხმა: ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებას მისი ადვოკატის საშუალებითაც შევეცადეთ, თუმცა ვერ  მივიღეთ პასუხი შეკითხვაზე – აპირებს თუ არა “ქართუდან” თეატრების, მუზეუმებისა და სხვა სახელოვნებო დაწესებულებებისთვის დაფინანსების შეწყვეტას ან ხომ არ შეცვალა  გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და რა იყო ამის მიზეზი.

ჟურნალისტის სტენდაფი: კინოცენტრიდან, ეროვნული მუზეუმიდან, ხელოვნების მუზუმიდან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან დათხოვნილი ათეულობით ადამიანი ახლა სასამართლოს მოლოდინშია. ისინი სწორედ სასამართლოს მეშვეობით შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ მინისტრმა წულუკიანმა უკანონოდ გაათავისუფლა სამსახურიდან. რამდენიმე მათგანმა უკვე მოიგო კიდეც სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში და ახლა ბრძოლას ზემდგომ ინსტანციებში აგრძელებს, თუმცა წულუკიანს მსგავსი გამოცდილება ანუ თანამშრომლების უკანონოდ დათხოვნის პრაქტიკა  იუსტიციის სამინისტროში უკვე გავლილი აქვს. მიუხედავად წაგებული საქმეებისა და იუსტიციის სამინისტროში უკანონო დათხოვნებისა და რეპრესიების გამო მინისტრ წულუკიანის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

სულხან სალაძე, იურისტი: ქალბატონი წულუკიანის მინისტრად დანიშვნა,  გამწესება ამ პოზიციაზე ნიშნავს, რომ ის რაღაც კონკრეტულ მიზანს ემსახურება და ეს მიზანი არის  მკვეთრი ცენტრალიზაცია და ტოტალური კონტროლი მთელი სისტემის. კონტროლი ვის შეუძლია ყველაზე კარგად? შეუძლია თეა წულუკიანს და ის სწორედაც ამიტომ არის ახლა ამ პოსტზე,  ასრულებს თუ არა ის ამ დავალებას და გამოსდის თუ არა, – ზედმიწევნით, საუკეთესო ტრადიციებში აკეთებს ამ ყველაფერს. 

ჟურნალისტი: ვის დავალებას გულისხმობთ?

სულხან სალაძე: თუ ეს არ მოსწონს მმართველი პარტიის ლიდერშიფს, თუ ეს არ მოსწონს იმ ადამიანს, რომელიც დღეს დისტანცირებულია პოლიტიკიდან თავისივე განცხადებით… შეუძლებელია ისინი ამას ხედავდნენ, არ ეთანხმებოდნენ და არ იღებდნენ საპასუხო ზომებს.