ინტელექტის ოკუპაცია

Divider dot 20 ივნისი 2023

ლაშა ნაცვლიშვილის მესიჯი:

მიშა, სალამი! Როგორ ხარ? დრო გაქვს რომ დაგირეკო?

მარი დუდუნია-ჟურნალისტი:

ჩემი ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე ლაშა ნაცვლიშვილთან კომუნიკაცია Whatsapp-ის საშუალებით წლების წინ მქონდა. როგორ ჩანს, მან ჩემი საკონტაქტო ნომერი შეინახა. 2023 წლის 25 მაისს, დილის 9:59 წუთზე მისგან შეტყობინება მივიღე, ოღონდ ადრესატი ვინმე მიშა იყო. ცხადი იყო რომ მესიჯი შეცდომით მომწერა. რამდენიმე წუთი ვიფიქრე მეთქვა თუ არა რომ სხვას წერდა, თუმცა გადავწყვიტე გამეგრძელებინა კომუნიკაცია. ვუპასუხე რომ მოეწერა და მანაც განაგრძო:

ლაშა ნაცვლიშვილის მესიჯი:

მიშა, ვესაუბრე საქპატენტს და ასეთი მოსაზრება გამოთქვა, რასაც, უნდა ვთქვა, რომ მეც ვიზიარებ: ისედაც მძიმე დარტყმა მივაყენე კობალაძეს და ახლა რომ შემოსავლებს მივმართო წერილით შემოწმების თაობაზე, პრაქტიკულად უნდა წარმოვჩინდე როგორც მხარე, რაც პერსპექტივაში, როცა აკრედიტაციის კონკურსი გამოცხადდება, ჩრდილს მიაყენებს საქპატენტის მიუკერძოებლობის იმიჯს და ზიანი მეტი იქნებაო. იქნებ როგორმე საქპატენტის წერილის გარეშე შემოვიფარგლოთ…

ჟურნალისტი: რედაქციაში შეტყობინებაში ნახსენები  გვარების და მოვლენების გაშიფვრა დავიწყეთ. ჩანს, რომ კობალაძე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ახსენებს და ამბობს, რომ საქპატენტმა მძიმე დარტყმა მიაყენა,  საავტორო უფლებათა ასოციაციაციის ხელმძღვანელი გიგა კობალაძეა. “ვესაუბრე საქპანტენტს” – აქ საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე უნდა იგულისხმებოდეს. 

რამდენიმე საათიანი მიმოწერის შემდეგ ლაშა ნაცვლიშვილმა, სავარაუდოდ მას შემდეგ, რაც შეცდომა აღმოაჩინა, აპლიკაცია ვოთსაფიდან მიმოწერა წაშალა. რამდენიმე წუთში კი, შეცვალა ტელეფონის ნომერიც. ჩვენ ჟურნალისტური გამოძიება დავიწყეთ. 

ნინო რამიშვილი – ჟურნალისტი: ჩვენ ახლა მოგიყვებით  როგორ ლობირებს ლაშა ნაცვლიშვილი კომპანიას, რომლის გამოყენებითაც რუსეთის ავტორთა საზოგადოება (RAO) სანქციებიდან თავის არიდებას ცდილობდა.

მარი დუდუნია – ჟურნალისტი: როგორ ხდება საქართველოში ინტელექტის ოკუპაცია და როგორ  გეგმავს საქართველოს ხელისუფლება საავტორო უფლებების მართვაზე კონტროლი გადასცეს რუსეთს, ქვეყანას, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი და რომელიც დასავლეთის მიერ სანქცირებულია უკრაინაში შეჭრის გამო.

ჟურნალისტი: მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, ბიძინა ივანიშვილის გუნდის მთავარი იდეოლოგი, ლაშა ნაცვლიშვილი ამჟამად ოფიციალურად თანამდებობას არ იკავებს. “თავისუფლების მონიტორის” მიერ მოპოვებული მიმოწერიდან ჩანს, რომ ის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში  დღემდეა ჩართული. მისი ძალაუფლება მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ნდობას და კეთილგანწყობას ეყრდნობოდა. 

ბიძინა ივანიშვილი (არქივი): ლაშა ნაცვლიშვილი არის ძალიან ნიჭიერი კაცი, ძალიან ნიჭიერი კაცია, ინტელექტუალია, ძალიან განათლებულია, ძალიან გამოცდილია…

ლაშა ნაცვლშვილი (არქივი): ბიძინა ივანიშვილი ხალხის მსახურების უკანასკნელი სიმბოლოა… მას არ სჭირდება ძალაუფლება, რადგან ის თვითონ არის ქართველების მორალური ძალაუფლების წყარო,  მას არ სჭირდება ჩვენი ფული, რადგან ყველა ქართველზე უფრო მდიდარია, მას არ სჭირდება გალავანი, რადგან შუშის სახლში ცხოვრობს, არანაირი კედელი ბიძინასა და ხალხს შორის არ არსებობს, რადგან ბიძინა ხალხია…

ჟურნალისტი: ლაშა ნაცვლიშვილის შეტყობინებიდან  ჩანს, რომ მიშა, ვისაც გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე მიმართავს, შემოსავლების სამსახურთან არის დაკავშირებული. გიგა კობალაძის წინააღმდეგ დაწყებული პროცესი კი, ხელისუფლებასთანაა შეთანხმებული. 

ლაშა ნაცვლიშვილის მესიჯი: პროცესი არის სამართავი, სამი-ოთხი თვის განმავლობაში, ვიდრე არ დასრულდება კონკურსი, მანამდე კანონია მისაღები…

მარი დუდუნია – ჟურნალისტი:  ყოფილი მაღალჩინოსნისგან მიღებული ინფორმაციის გადამოწმება ჩვენ საქართველოს პარლამენტიდან დავიწყეთ. აქ, საკანონმდებლო ორგანოში გამოვარკვიეთ, რომ საავტორო უფლებების კანონში ცვილების განხილვის პროცესი დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს. ახალი კანონპორექტის ავტორი “საქპატენტია”, ცვლილებები  საავტორო უფლებათა ასოციაციას ეხება.

ჟურნალისტი: “საავტორო უფლებათა ასოციაცია” ქართველმა ავტორებმა 1999 წელს დააფუძნეს. ასოციაციის ძირითადი  ფუნქცია საავტორი უფლებების გამოყენებისთვის ნებართვების გაცემა, ჰონორარის შეგროვება და   მსოფლიოს მასშტაბით მისი  განაწილებაა.  გიგა კობალაძე ამ ორგანიზაციას 2011 წლიდან   ხელმძღვანელობს.

გიგა კობალაძე – საავტორო უფლებათა ასოციაციაციის (GCA) თავმჯდომარე: ჩვენ წარმოვადგენთ როგორც ადგილობრივ უფლების მფლობელებს, გვაქვს წარმომადგენლობითი ხელშეკრულებები და ამ ქსელით ხერხდება ის, რომ ერთმანეთის ვალდებულებები დავიცვათ. ჩვენ შევაგროვოთ ფრანგული, გერმანული თუ, ამერიკული ჰონორარი საქართველოში და მივცეთ მათ და პირიქით, მათ შეაგროვონ თავიანთ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ჰონორარი და შემდგომში გამოაგზავნონ ჩვენთან. 

ჟურნალისტი: ჰონორარის გაცვლა ხორციელდება ურთიერთწარმომადგენლობითი ხელშეკრულებების საფუძველზე. GCA-ის ასეთი ხელშეკრულება გაფორმებული აქვს 253 საერთაშორისო ორგანიზაციასთან. ყველა ეს ორგანიზაცია ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოების საერთაშორისო კონფედერაციის  – იგივე CISAC-ის წევრია.

გიგა კობალაძე: 2017 წელს, ჩვენ ვხდებით არამარტო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ლიდერი, არამედ ვუსწრებთ 2 ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც, როგორიც არის ბულგარეთი და სლოვაკეთი და სწორედ 2017 წელს, პირველად გაჩნდა იმის ნიშნები, რომ გარკვეული საფრთხე შეგვემჩნია ჩვენი სფეროს მიმართულებით. 

ჟურნალისტი: სიზაკის წევრია რუსეთის ავტორთა საზოგადოებაც.  2017 წლიდან, რუსეთმა CISAC-ის კონკურენტი ევრაზიული კავშირი შექმნა და დღემდე   ხუთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ბელარუსი და მოლდოვა გააწევრიანა. ორგანიზაციებს შორის ჰონორარის გაცვლისთვის კი, სპეციალური პლატფორმა  IP Chain შეიქმნა.

ვლადიმერ პუტინი (არქივი – 2018 წელი): გაცემულია ბრძანება საკადრო, ინტელექტუალური და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაზრდის მიმართულებით, ე.წ ციფრული ეკონომიკის მიმართულებით…

ჟურნალსიტი: აქ რუსეთის პრეზიდენტი სწორედ IP Chain-ზე საუბრობს. “თავისუფლების მონიტორთან” გიგა კობალაძე იხსნებს, რომ  ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაზე პირველი შეთავაზება რუსული საავტორო უფლება ასოციაციის, RAO-ს დირექტორთა საბჭოს წევრის და IP Chain-ის პრეზიდენტისგან, ანდრეი კრიჩევსკისგან 2018  წელს მიიღო.  IP Chain ქსელური ინფრასტრუქტურაა, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების სფეროში  საერთო ციფრული სივრცის შექმნას  ემსახურება. თავად IPChain-ის ქსელი ერთგვარი რეესტრია, სადაც ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან და ობიექტებთან დაკავშირებული ოპერაციები ხორციელდება და ინახება. IPChain-ის შტაბ-ბინა მოსკოვში, “სკოლკოვოს ინოვაციების ცენტრშია” განლაგებული.

გიგა კობალაძე: საქართველოში სრულიად გაუფრთხილებლად ჩამოდის რუსული დელეგაცია 4 კაცის შემადგენლობით, რომელსაც სათავეში უდგას ანდრეი კრიჩევსკი, რომელიც რუსეთში ძალიან ცნობილი ადამიანია ამ სფეროში და არამარტო, იმიტომ რომ კურირებს და წარმოადგენს ამ სფეროში არსებული ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირს რუსეთში. ჩამოდის ეს ადამიანი და ითხოვს ჩემთან შეხვედრას, მე ვხვდები ამ ადამიანს და ის უკვე პირდაპირ, დაუფარავად ამბობს, რომ ან გავწევრიანდებით ამ ევრაზიულ კავშირში და პლიუს ვისარგებლებთ მათ მიერ შექმნილი ჰონორარის განაწილების პლატფორმით, რომელიც გულისხმობს ევროპაში შეგროვებულო ჰონორარის განაწილებას ცენტრალიზებულად და ბუნებრივია, ეს გულისხმობს პერსონალური ინფორმაციის თავმოყრას ავტორების, მათ შორის ქართველი ავტორების ცენტრალიზებულად, მოსკოვში თავმოყრას და გვეუბნება, რომ ან გავხდებით ამ ევრაზიული კავშირის წევრი და ვისარგებლებთ ამ პლატფორმით, რომელსაც IP Chain ჰქვია, ან  არადა ჩვენი ურთიერთობა, რომელიც აქამდე არ იყო კონფლიქტური შეიძლება გადაიზარდოს კონფლიქტში და შეიქნას პრობლემები.

არქივი: ანდრეი კრიჩევსკი რომელიც ცნობილი კომპანიის  ,,მელოდიის” მფლობელია და ასევე მაღალი პოსტები უჭირავს საავტორო უფლებების ორგანიზაციაში,  სკანდალში გაეხვა – მას კრიმინალური წარსული გაუხსენეს ….

ჟურნალისტი: ანდრეი კრიჩევსკი რომელმაც გიგა კობალაძეს თქმით, საავტორო უფლებათა ასოციაციის გაწევრიანების სანაცვლოდ მას ევრაზიული კავშირის ხელმძღვანელობა და მაღალი ჰონორარი შესთავაზა, რუსულმა მედიამ არაერთხელ დაადანაშაულა კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში. ანდრეი კრიჩევსკი 42 წლის, პროფესიით იურისტი – რუსეთის უფლებამფლობელთა კავშირის  და ასევე,  ,,ფირმა მელოდიის” გენერალური დირექტორია.  კრიჩევსკი ამავდროულად რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო აკადემიის გამგეობის წევრია. ის ევრაზიული კავშირის გენერალური მდივანია 2017 წლიდან დღემდე. ის გვევლინება ნაციონალური საკოორდინაციო ცენტრის – ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული ტრანზაქციების ასოციაციის IPChain-ის პრეზიდენტადაც.

GCA-სთან არშემდგარი გარიგებიდან რამდენიმე  თვეში, 2019 წელს, საქართველოში იდენტური პროფილის ორგანიზაცია, საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია, იგივე “გერა” დაფუძნდა, რომელსაც რეესტრში  ორგანიზაციის რუსული ბეჭედი ჰქონდა დაფიქსირებული.  

საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციის, იგივე გერას  დამფუძნებლების ნაწილი ღიად  გამოხატავდა რუსეთის ფედერაციის მიმართ  სიმპათიას.

არჩილ ფურცელაძე – მომღერალი (არქივი): “RAO რუსეთის ეს ორგანიზაცია… ჩვენ ვართ მათი, ასე ვთქვათ, შვილობილი კომპანია, მათ უფრო მეტი ძალა და უფრო მეტი რესურსი აქვთ და უფრო მეტად გამჭვირვალება შეიძლება დავინახო მათგან შემოსული ინფორმაცია ”…

ჯემალ სეფიაშვილი – კომპოზიტორი (არქივი): მოსკოვში ჩემი, ჩემი ოჯახის ყოფნის პერიოდი არის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი ჩემ ცხოვრებაში. არ მინდოდა ჩამოსვლა, სახლი მქონდა მოსკოვში.

ჟურნალისტი: რუსულმა საავტორო უფლებათა ასოციაცია RAO-მ, გერას დაფუძნების დღესვე, 2019 წლის 1 მარტს გაუფორმა ორმხრივი ხელშეკრულება და გადასცა ექსკლუზიური უფლებამოსილება, გასცეს საქართველოს ტერიტორიაზე RAO-ს რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოებების საჯარო შესრულების უფლება. ამ გარიგებამდე ცოტა ხნით ადრე RAO-მ, GCA-ისთან ორმხრივი ხელშეკრულება გააუქმა.

გერაში თავისუფლების მონიტორს გენერალური  დირექტორი, თამარ გვარიშვილი შეხვდა. თამარ გვარიშვილი, ასოციაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე გვარიშვილის  დაა.

მარი დუდუნია – ჟურნალისტი: როგორ მოხდა, რომ იმ დღესვე, რა დღესაც დაფუძნდა გერა, გაუფორმა რაომ ხელშეკრულება? 
თამარ გვარიშვილი – “გერა”: კი, კი, რა თქმა უნდა. იყო წინა სამუშაო პროცესი. ორი თვით ადრე, ერთი თვით, ნამდვილად ვერ გეტყვით, ასე ზუსტად ამაზე პასუხს, იმიტომ რომ რავიცი, პირველი მარტია ჩვენი დაფუძნება კი. ნამდვილად არ მახსოვდა პირველ მარტსვე თუა გაფორმებული ხელშეკრულება.

მარი დუდუნია: რა იყო რუსული ინტერესი, რა სურდათ მათ?

თამარ გვარიშვილი: Რუსული ინტერესი არა, ჩვენი ინტერესი იყო, რომ RAO-სთან გვქონოდა ხელშეკრულება. იმიტომ რომ ქართული მუსიკა, ყველაზე ხშირად ჟღერს სწორედ რუსეთის ფედერაციაში.

ჟურნალისტი: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლამდე რაომ გერას 1 200 000 დოლარზე მეტი ჩაურიცხა ავტორ-შემსრულებელთა ჰონორარისთვის. 

რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რაოსა და გერას კავშირი დამატებით მნიშვნელობას იძენს. 

Რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან  მალევე რაომ ესტონეთის ავტორთა საზოგადოებას ოფიციალური  წერილით მიმართა და ფინანსური ტრანზაქციებისთვის გერას ანგარიშის გამოყენება მოითხოვა. წერილში პირდაპირ წერია, რომ ქართული კომპანიის ანგარიში რაოს სანქციების თავის არიდებაში დაეხმარება: 

“ახლახან, RAO-ს პრობლემები შეექმნა, ჰონორარის უცხოურ ვალუტაში გაცვლასთან დაკავშირებით, უმსხვილესი რუსული ბანკების დასანქცირების გამო… თუმცა, სანქციები არ მოქმედებენ, რუსეთის ფარგლებს გარეთ რუსული რუბლით ოპერაციებზე… იმისთვის რომ გავაგრძელოთ ჰონორარების გადახდა, ვცდილობთ ვიპოვოთ სიტუაციიდან გამოსავალი… გვსურს შემოგთავაზოთ შემდეგი: ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია “გერა” საქართველოდან, შეძლებს მიიღოს რუსული რუბლი და შემდეგ გადაცვალოს ეს რუბლი ამერიკულ დოლარში ან ევროში… ვინაიდან “გერას” აქვს ურთიერთწარმომადგენლობითი ხელშეკრულება RAO-სთან ჩვენ შევძლებთ გადავიხადოთ ყველა ვალდებულება ამ ორგანიზაციის მეშვეობით….RAO-მ და GERA-მ უკვე დანერგეს ისეთი IT ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ორივე მხარის მიერ მოხდეს გადასახადების გამჭვირვალედ გადახდა”.

მარი დუდუნია: Სანქციებიდან თავის არიდებაში არ იყენებდა გერას რაო? 

თამარ გვარიშვილი: რა მხრივ შეიძლება გამოეყენებინა? Არა, წერილიდან კი ჩანს, მაგრამ წერილს არანაირი ქმედება ხომ არ მოჰყოლია. არც ევროპულ ორგანიზაციას მოუმართავს ჩვენთვის, რომ თანახმა ვართ ამაზე, კი ბატონო, თქვენი მეშვეობით გადმოვრიცხავთ და არც რაოდან მოუმართავთ რომ დაგვეხმარეთ ამაში.

ჟურნალისტი: ჩვენ ესტონურ ორგანიზაციასაც დავუკავშირდით, მათ მოგვწერეს, რომ GERA-ს ანგარიშზე თანხა არ გადაურიცხავთ და ომის დაწყების შემდეგ  რუსულ საავტორო უფლებათა ასოციაციასთან RAO-სთანაც გაწყვიტეს კავშირი. ესტონური ასოციაციის თავმჯდომარემ მატი კალეპმა დამატებით ასევე მოგვწერა, რომ GERA არ არის CISAC-ის წევრი ორგანიზაცია და მასთან თანამშრომლობას არ აპირებენ.

“თავისუფლების მონიტორმა” გერას რუსეთთან კავშირის არაერთი დოკუმენტი მოიპოვა.ანდრეი კრიჩევსკი დაკავშირებულია ბრიტანულ კომპანია PRIME Time Aw Lab Limited-თან, რომლის დირექტორიც როსტისლავ ბრაჰარნიკია. ის  2015-2017 წლებში, კიდევ ერთი კომპანიას Aswad Properties ხელმძღვანელობდა. 2019 წელს, საქართველოში, Aswad Properties LTD-იმ  დააფუძნა შპს მოსტი და შპს როზუმი, რომლის თანამფლობელიც ალექსანდრე გვარიშვილი და მისი მეუღლე ელეონორა ნადარეიშვილი არიან.

მარი დუდუნია: ორი კომპანიის შესახებ მინდა გკითხოთ, როზუმი და მოსტი. ორივე კომპანია არის დაფუძნებული კომპანია ASWAD-ის მიერ, რომელიც არის დაკავშირებული ანდრეი კრიჩევსკისთან. ანდრეი კრიჩევსკის ინიციატივა იყო საქართველოში გერას და ამ ორი კომპანიის დაფუძნება? 
თამარ გვარიშვილი: საქართველოში ვისი ინიციატივა იყო უკვე გიპასუხეთ. ეს იყო ქართველი ავტორ-შემსრულებლების ნება.

ჟურნალისტი: გერას ხელმძღვანელი დაფუძნდებიდან დღემდე ალექსანდრე გვარიშვილია. მას “ევრაზიული კავშირის” პრეზიდენტთან ანდრეი კრიჩევსკისთან კავშირზე შეკითხვა საქართველოს პარლამენტში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კანონში შესატან    ცვლილებებზე განხლვის დროს  დავუსვით.

მარი დუდუნია: ანდრეი კრიჩევსკისთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ

ალექსანდრე გვარიშვილი: არ მცალია. პარლამენტში მიმდინარეობს ჩემი კანონის განხილვა.

ჟურნალისტი: “გერას” ხელმძღვანელი საკუთარ კანონად იმ კანონის მოიხსენიებს, რომლის  მიღების აუცილებლობაზეც  ლაშა ნაცვლიშვილი შეცდომით ჩვენთან გამოგზავნილ მესიჯში წერდა. დღეს მოქმედი კანონმდებლობით ავტორ შემსრულებელთა ჰონორარის შეგროვება განაწილების ექსკლუზიური უფლებამოსილება მხოლოდ GCA-ს აქვს. ამ კანონის შეცვლის მოთხოვნით გერას წევრებმა პარლამენტს 2 წლის წინ მიმართეს.

საავტორო და მომიჯნავე უფლებების კანონის დახვეწაზე  და  ევროპულ სტანდარტებთან  დახლოებაზე საქპატენტი წლებია მუშაობდა.  ავტორ შემსრულებელების ნაწილი  გიგა კობალაძის მიმართ პრეტენზიებს საჯაროდ გამოხატავდა, მათ შორის პარლამენტში  ბიუროს სხდომაზეც.

სახელმწიფო ორგანიზაცია საქპატენტი, რომელიც საავტორო უფლებების სფეროში პოლიტიკას განსაზღვრავს, აცხადებდა რომ გერას საქმიანობა უკანონო იყო. ეს პოზიცია საქპატენტმა რადიკალურად შეიცვალა რაც თავმჯდომარედ სოსო გიორგაძე დაინიშნა.  სავარაუდოდ,  სწორედ მას ესაუბრება ლაშა ნაცვლიშვილი.

მარი დუდუნია: ლაშა ნაცვლიშვილთან რატომ ათანხმებთ როგორ უნდა იმოქმედოთ გიგა კობალაძის წინააღმდეგ?

სოსო გიორგაძე – საქპატენტის თავმჯდომარე: არავითარი მტკიცებულება ვერ იარსებებს, წლებია გასული რაც მსგავსი კომუნიკაცია არ მქონია, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ. გეუბნებით თვალით არ მინახავს, ქუჩაშიც არ შემხვედრია.

ჟურნალისტი:  სოსო გიორგაძემ საქპატენტის თავმჯდომარედ დანიშვნიდან მცირე ხანში GCA აუდიტი ჩაატარა და გიგა კობალაძე ავტორების ჰონორარების არასამართლიან განაწილებაში დაადანაშაულა.

გიგა კობალაძე: საქპატენტმა, რომელსაც კანონით არ აქვს უფლება მოითხოვოს შემოწმება ჩვენი და ჩვენი ტიპის ორგანიზაციებს, ასეთი უფლება არსად არ აქვს პატენტ ოფისს, გვთხოვა რომ შევემოწმებინეთ, ჩვენ გამომდინარე იქიდან რომ არანაირი დარღვევა არ გვქონდა, მივეცით ეს თანხმობა და ლოგიკურია რომ არ მივცემდით თანხმობას თუ დარღვევა გვექნებოდა და დასკვნით ვერცერთი დარღვევა ვერ დადგინდა სიტყვაც არ წერია დასკვნაში დარღვევის შესახებ, მაგრამ ხდება ამ დასკვნის ინტერპრეტირება იმგვარად, რომ მოხდეს ჩვენი დისკრიმინირება.

ჟურნალისტი: GCA-ის ავტორთა უფლებების დაცვის ექსკლუზიური უფლებამოსილება საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაფორმებული ურთიერთწარმომადგენლობითი ხელშეკრულებების გამო ჰქონდა. კანონპროექტით ჯისიეს 253 საერთაშორისო ორგანიზაციასთან ხელშეკრულება გაუუქმდება და აკრედიტაციის მისაღებად  კონკურსი გამოცხადდება.  

კონკურსი ლაშა ნაცვლიშვილის მესიჯშიც არის ნახსენები-პროცესი უნდა მართონ, სანამ კონკურსი არ დასრულდება. 

Როგორია ეს პროცესი?

ბაია კვიციანი – პარლამენტის წევრი: Აკრედიტაცია დაიყოფა ორ ეტაპად. Ჯერ იქნება ნაწილობრივი აკრედიტაცია, რომ გაიარო შენ ის მოთხოვნები, რაც დაყენებული არის დააკმაყოფილო და შემდეგ უკვე შენ რამდენიმე თვე მოგეცემა, რომ მოიტანო ეს ურთიერთწარმომადგენლობითი ხელშეკრულებები. ახლა, ახლანდელი მდგომარეობით ერთ-ერთ ორგანიზაციას უკვე აქვს – ყველაზე მეტი ურთიერთწარმომადგენლბითი ხელშეკრულება, რომლებიც ავტომატურად გაუქმდება.

ჟურნალისტი: ეს ორგანიზაცია GCA-ია, რომელიც საავტორო უფლებათა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას არ დათანხმდა. კალევ რატუსი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ესტონეთის საავტორო უფლებათა ასოციაციას. სწორედ მის პერიოდში შექმნა რუსეთმა ევრაზიული კავშირი.

კალევ რატუსი – ესტონეთის ავტორტა საზოგადოების ყოფილი თავმჯდომარე: ისინი ცდილობენ ყველაფერში ჩაყონ ხელი თქვენ რეგიონში, მათ ეს სცადეს სხვა ქვეყნებში. მათ სჯერათ, რომ თქვენი რეგიონი უფრო სუსტია, ცდილობენ რომ ზეგავლენა მოიპოვონ. ორი წლის წინ წერილი გავაგზავნე საქართველოს პარლამენტში და მივწერე, რომ საქმეები ისე არ უნდა წავიდეს, როგორც RAO-ს სურს.

ჟურნალისტი: ალექსანდრე გვარიშვილი იცინის. “თავისუფლების მონიტორმა” გვარიშვილის ევრაზიული კავშირის გენერალურ მდივანთან და IP Chain-ის პრეზიდენტთან – ანდრეი კრიჩევსკისთან ბიზნეს კავშირების დამადასტურებელი დოკუმენტები  მოიპოვა.  ასევე დავადგინეთ კრიჩევსკის საქართველოში ყოფნისა და მისი ბიზნესსაქმიანობის ფაქტები. მათ შორის მოვიპოვეთ გვარიშვილისა და კრიჩევსკის შეხვედრის ამსახველი ვიდეო.

თავსუფლების მონიტორს აქვს მტკიცებულებები, რომ ანდრეი ბორისის ძე კრიჩევსკი საქართველოში ბიზნესს ისრაელის მოქალაქის,  ანდრე ბირიჩ კრზიზევსკის სახელით აწარმოებს –  მან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში მილიონობით დოლარი შემოიტანა. 

რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფიგურა ანდრეი კრიჩევსკი  საქართველოში აფუძნებს და ყიდულობს კომპანიებს, ფლობს უძრავ ქონებას. ჩვენ ხელთ არსებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ მას მინიმუმ ორი პასპორტი   აქვს – რუსეთისა და ისრაელის მოქალაქის. 

ისრაელის მოქალაქის სახელით ანდრე ბირიჩ კრზიზევსკის 2022 წელს მიღებული აქვს საქართველოში ბინადრობის უფლება. საცხოვრებელ მისამართად თბილისის ცენტრში, მთაწმინდაზე ბინა აქვს მითითებული.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მცირე ხანში, 8 აპრილს Საქართველოში სააქციო საზოგადოება “აშმუნაინ გრუპი”  დაფუძნდა, რომლის საწესდებო კაპიტალი 3 მილიონი ლარით განისაზღვრა. 

აშმუნაინ  გრუპის თანადამფუძნელები ალექსანდრე გვარიშვილი  და ანდრეი კრიჩევსკი არიან, კიდევ ორ სხვა პირთან ერთად.   

დაფუძნებიდან 6 თვეში აშმუნაინ გრუპის  საწესდებო კაპიტალი 18 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 

2022 წლის გაზაფხულ-ზაფხულში  კი, სააქციო საზოგადოება ალექსანდრე გვარიშვილთან ერთად 7 კომპანიას აფუძნებს. ასევე, ყიდულობს 3 სხვა კომპანიაში წილებს. 

ჩვენთან ინტერვიუში გერას გენერალური დირექტორი, ალექსანდრე გვარიშვილი და,  ანდრეი კრიჩევსკითან ნაცნობობას  უარყოფდა.

მარი დუდუნია: ანდრეი კრიჩევსკი, ბევრი რუსული სანდო მედიის ცნობით, არის დაკავშირებული კრიმინალურ სამყაროსთან. 

თამარ გვარიშვილი: ვაიმე, მართლა არ ვიცნობ ამ ადამიანს. აი ვისზე მელაპარაკებით ახლა. აი, სახელი და გვარი ვიცი, ვიცი რომ იყო რაოს გენერალური დირექტორი. Მართლა, ჩემ ცხოვრებაში არც დამიგუგლავს, თორემ მეცოდინებოდა, რომ კრიმინალურ სამყაროსთან აქვს კავშირი. არ ვიცი.

ჟურნალისტი: ჩვენ ისრაელელი ბიზნესმენის ანდრეი ბირიჩის სახელით შექმნილი კრიჩევსკის ფეისბუკის ანგარიში ვიპოვეთ, სადაც მის მეგობრებს შორის თამარ გვარიშვილია.

ზაზა შენგელია – “ბრავო რექორდს-ის” თანადამფუძნებელი: მე წარმოვადგენ ბიზნესკომპანიას ბრავო რეკორდსს, ჩვენ არა ვართ კოლექტიური მართვის ორგანიზაცია და ბიზნესინტერესები არა გვაქვს.

ნინო რამიშვილი – ჟურნალისტი: როდესაც გერა დაფუძნდა თქვენ ფიქრობდით თუ არა რომ ეს არის რუსეთთან დაკავშირებული ორგანიზაცია?

ზაზა შენგელია: რა ვიცი, ხო, იქ ლაპარაკია რუსეთიდან წამოღებულ ფულზე. ჩვენ რო რაღაცაზე შევთანხმდით? 

ნინო რამიშვილი: არ გინდათ ამაზე საუბარი?


ჟურნალისტი: თავისუფლების მონიტორმა გამოარკვია 2022 წლის 18 აგვისტოს, კრიჩევსკის აშმუნაინ გრუპმა ხმის ჩამწერი კომპანიის ,,ბრავო რექორდსის“ 25%-იანი წილი იყიდა და კომპანიაში 350 000 დოლარის ინვესტიცია ჩადო. ბრავო რექორდსის თანამდამფუძნებელი ზაზა შენგელიაა. ამ კომპანიაში წილებს სხვებთან ერთად ფლობენ  ბიზნესმენ სულხან პაპაშვილის შვილები – სალომე და ქეთევან პაპაშვილები.

კრიჩევსკის კომპანიამ  ბრავო რექორდსის გარდა, წილები შეისყიდა სხვა  ქართული კომპანიებში – შპს ლამარიაში და კომპანია პარკ ფლეისში. სამშენებლო კომპანია  პარკ ფლეისი 2 200 000 დოლარად შეიძინა.

დეტოქსის წვენების მწარმოებელი კომპანია ჰეპი გრინის მფლობელები აშმუნაინ გრუპი  და ფორმიქსი არიან. 

ორივე კომპანია ანდრეი კრიჩევსკისთან არის დაკავშირებული,  პირველი მან,  როგორც ისრაელის მოქალაქემ დააფუძნა, მეორე კი, როგორც რუსეთის მოქალაქის პასორტით.

სახელოვნებო სივრცე აღმაშენებლის გამზირზე, რომელიც გერას წარმომადგენლებმა საზეიმოდ გახსენს, ანდრეი კრიჩევსკი კომპანია კეტარის ეკუთვნის. ისტორიული შენობის ღირებულება დაახლოებით 2 600 000 დოლარია. 

მარი დუდუნია – ჟურნალისტი: ანდრეი კრიჩევსკი განსაკუთრებულ ინტერესს ხელოვნებისა და IT ტექნოლოგიების მიმართ იჩენს. ის არის კომპანია IP Development-ის თანადამფუძნებელი, რომელსაც  მონაცემთა ცენტრი ისრაელში აქვს. კრიჩევსკის კვალს ისრაელის პასპორტით დიდ ბრიტანეთშიც მივაკვლიეთ.  მისი კომპანია ლონდონში ბიოტექნოლოგიური კვლევებითაა დაკავებული.  

Საქართველოში კრიჩევსკის  საავტორო უფლებებით დაინტერესებაში გიგა კობალაძე პოლიტიკურ საფრთხეს ხედავს. 

გიგა კობალაძე: რაც ყველაზე მთავარია, ეს ემსახურება მიზანს, რომ რუსეთმა ეს სფერო ჩაიგდოს არა იმდენად საავტორო უფლებების კუთხით, არამედ იმიტომ რომ აკონტროლოს სახელოვნებო წრეები, ჰქონდეს მასზე გავლენა, როგორც ეს კომუნისტური პერიოდიდან მოყოლებული, როგორც მათ შექმნეს ე.წ. წითელი ინტელიგენცია, როგორც აკონტროლებდნენ მათ, როგორც მათ იყენებდნენ პროპაგანდის იარაღად ინდოქტრინიზაციისთვის და ა.შ ასეთი პროცესები მიდის ახლაც, რომ საქართველოშიც დასაყრდენი ჰქონდეს რუსეთს.

ჟურნალისტი: ვერის უბნის მელოდიებისა და სხვა მრავალი ნაწარმოების ავტორის, კომპოზიტორის, გიორგი ცაბაძის საავტორო უფლებების მემკვიდრე, ასევე კომპოზიტორი კახა ცაბაძე იხსენებს, რომ წლების წინ მას თანამშრომლობა რუსეთის ავტორთა საზოგადოება რაომ წლების წინ შესთავაზა.

კახა ცაბაძე – კომპოზიტორი: რაომ მეც შემომთავაზა და ვიყავით ჩვენ რაოს წევრი, მამაჩემიც იყო მერე მეც ვიყავი როგორც მემკვიდრე, მე პირადად მაქვს ნათქვამი უარი რაოსთვის . რუსეთი არა მგონია თანხობრივ პრეტენზია ქონდეს მატერიალური, ეს რაღაცა სხვააგავლენა, მუსიკა ვთქვათ ხელოვნება კულტურა საქართველოში არის ერთ-ერთი მტავარი სფერო ჩვენი სიამაყისაც და გამოხატვისაც და სწორედ ეს სფერო აინტერესებთ.

ჟურნალისტი: ნიკა მაჩაიძე 25 წელზე მეტია ელექტრონულ მუსიკას ქმნის. მისი მელოდია თეატრებში, ტელე, საკლუბო და სხვადასხვა სივრცეში ჟღერს.

ნინო რამიშვილი: თქვენ გქონდათ შემოთავაზება გერადან?

ნიკა მაჩაიძე: კი, მქონდა, დამირეკეს არ ვიტყვი ვინ მიეკავდა, მარა სხვადასხვა ადამიანებმა დამირეკეს. ყველას ვუთხარი უარი.

ნინო: რას გთავაზობდნენ?
ნიკა: მთავაზობდნენ რო გადმოდი ჩვენთან, ჩვენ უფრო მეტად შევაგროვებთ ფულს, აი რუსეთში შენ მუსიკას უკრავენ, მე უთხარი რო რუსეთში ჩემ მუსიკას რო უკრავენ მერე გადმორიცხეთ აქაურ ქოფირაითის კომპანიაში, ან ჩემ ფაბლიშერს გადაურიცხეთ და ის მომცემს, რატო უნდა შევიდე მაგისთვის თქვენ კომპანიაში, რუსულში, რატო უნდა ვიყო რუსულ კომპანიაში გაწევრიანებული.

მარი დუდუნია – ჟურნალისტი: ზემოთ შეთანმხებულია რომ კობალაძეს ბოლომდე ვაწვებით?

ლაშა ნაცვლიშვილი: კი, რასაკვირველია…საბოლოო გადაწყვეტილება, აღმოჩენილ დარღვევებზე უნდა დადგეს თუ არა სისხლის სამართლის პასუხიმსგებლობა, რასაკვირველია მიზანშეწონილობის პრინციპის გათვალისწინებით იქნება დამატებით მისაღები, მაგრამ კობალაძის მხილების და რყევის პროცესი რომ უნდა გაგრძელდეს, ეს იმთავითვე შეთანხმებულია.

ჟურნალისტი:  საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის რყევას აგრძელებს პრო-სამთავრობო მედია, როგორც ეს ნაცვლიშვილის წერილშია. ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტი, რომელიც პრო-სამთავრობო მედიებს გაუგზავნეს, სადაც გაწერილია როგორ უნდა გააშუქონ კობალაძის საწინააღმდეგოდ პროცესი.

ვიდრე პარლამენტი  ახალ კანონს მიიღებს და საქპატენტი გადაწყვეტს რომელ ორგანიზაციას მისცეს აკრედიტაცია, როგორც ლაშა ნაცვლიშვილის მიმოწერიდან ირკვევა ხელისუფლებას უკვე გადაწყვეტილი აქვს რა მოხდება შემდეგ:  ქართველი ავტორების უფლებების მართვას რუსეთთან დაკავშირებულ ორგანიზაციას გადასცემენ. 

“ზემოთ” უკვე გადაწყვეტილია გიგა კობალაძისა და მისი ორგანიზაციის ბედიც.

ლაშა ნაცვლიშვილის მესიჯი: აღმოჩენილ დარღვევებზე უნდა დადგეს თუ არა სისხლის სამართლის პასუხიმსგებლობა, რასაკვირველია მიზანშეწონილობის პრინციპის გათვალისწინებით იქნება დამატებით მისაღები.

ნიკა მაჩაიძე: არ ვითანამშრომლებ ნამდვილად, რატომ უნდა ვითანამშრომლო კომპანიასთან რომელსაც კავშირი აქვს ჩემ მტერ ქვეყანასთან, ქვეყანასთან რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩემი ქვეყნის ნაწილი, მემუქრება ყოველ ჯერზე…