ლევან მურუსიძე: მე მირჩევნია ერთი ხოხობი ალაზანზედ რო შეიფრთხიალებს
ჟურნალისტის ხმა: რა კავშირი აქვს ლევან მურუსიძეს ალაზნის ველიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე მიწებთან?
ვის ეკუთვნის 170 ჰექტარი ხორბლის ყანა შირაქის ველზე?
თამთა მიქანაძე: მამაჩემმა შეიძინა და ჩემზე გააფორმა და ჩემი ოჯახის არის
ჟურნალსიტის ხმა: ბატონო ლევან თქვენ გააფორმეთ თამთა მიქანაძეზე კახეთში მიწები? ადასტურებთ ამას?
ჟურნალისტის ხმა: 120 კვადრატული მეტრის ბინა იპოდრომთან..
ჟურნალისტის ხმა: თქვენ შეიძინეთ?
თამთა მიქანაძე: კი
ჟურნალისტის ხმა: რა კავშირი აქვს თამთა მიქანაძეს მოსამართლე ლევან მურუსიძესთან?
ჟურნალისტის ხმა: თამთა მიქანაძე არის თქვენი ახლობელი, ხომ ასეა?
ლევან მურუსიძე: კი
ჟურნალისტის ხმა: ეს ბინაც თქვენ შეუძინეთ?
ჟურნალისტის ხმა: ვისია ეს ქონება და რატომ გაურბის “სტუდია მონიტორის” კითხვებს ლევან მურუსიძე.
სათაური: მურუსიძის ალაზნის ველის საიდუმლო
ლევან მურუსიძე: სოლომონის განძს, კრეზის სიმდიდრეს, ლეგენდად ოქროს, ლალს მობდღვრიალეს, მე მირჩევნია ერთი ხოხობი, ალაზანზე რომ შეიფრთხიალებს. ამიტომ ვერ მოგვერევიან, ამიტომ ვერ მომერევიან, მე მირჩევნია ერთი ხოხობი, ალაზანზე რომ შეიფრთხიალებს.
სტენდაფი: ალაზნის ველის მიმართ ლევან მურუსიძის პოეზიაში ჩაქსოვილი სენტიმენტები შემთხვევითი სულაც არ არის. ალაზნის ველიდან რამდენიმე კილომეტრში სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, მურუსიძესთან დაკავშირებული პირი ჰექტრობით მიწის თანამფლობელია. ბუნებრივი რესურსებით მდიდარი და უხვმოსავლიანობით განთქმულ შირაქის ველზე მოსამართლის ახლობელი ხორბლის ყანის თანამესაკუთრე 2016 წელს გახდა. “სტუდია მონიტორი” რამდენიმე თვის განმავლობაში იძიებდა და დღეს მოგიყვებით რა კავშირი აქვს ლევან მურუსიძის მიწების ოფიციალურ მესაკუთრესთან.
ჟურნალისტის ხმა: 2022 წლის 16 ივლისს, შუა ღამით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი დააკავეს. საკუთარ სახლში, სპეცოპერაციით აყვანილ ყოფილ მაღალჩინოსანს იარაღის უკანონო შენახვის, სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურებისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდება წარუდგინეს და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. სოსო გოგაშვილმა ციხიდან სასამართლო სისტემის მხილება დააანონსა. 2022 წლის 22 სექტემბერს მან ციხიდან განცხადება გაავრცელა და ლევან მურუსიძეს მიმართა:
სოსო გოგაშვილი: “ჩემო მურუს, ეხლა შენ ამას თუ გინდა მუქარა დაარქვი, მე ამას მხილებას ვეძახი.
ჟურნალისტის ხმა: ციხიდან გამოგზავნილ წერილში სუსის ყოფილმა მაღალჩინოსანმა შემდეგი ინფორმაცია გაამჟღავნა:
სოსო გოგაშვილი: ჩინჩალაძესა და მურუსიძეს კახეთში, კერძოდ დედოფლის წყაროში აქვთ 100 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი, რომელიც შეიძინეს ჩემი დახმარებით 2016 წელს. ნაკვეთები გაფორმებულია მათ სანდო პირზე, ხოლო ამ მიწის მოვლაში მათ სჭირდებოდათ მცოდნე ადამიანი, ვისი მოძებნაც მე მთხოვეს. მე ეს ადამიანი მათ დავაკავშირე. 2016 წლიდან ჩემს დაკავებამდე ისინი ჩემი დაცვის წევრის საშუალებით იყვნენ კავშირზე.
ჟურნალისტის ხმა: იმავე დღეს, სოსო გოგაშვილის დაცვის ყოფილმა უფროსმა, ალექსანდრე სამხარაძემ, სუსის ყოფილი მაღალჩნოსნის სიტყვები ტვ პირველთან დაადასტურა.
ალექსანდრე სამხარაძე: 2016 წელს უკვე მქონდა მე აქტიური კონტაქტი მურუსიძესთან. რეალიზაცია ხდებოდა მარცვლეულის და შემდეგ ქეში თანხა მიმქონდა მურუსიძესთან. 100-150-200 ათასის ყოფილა.
ჟურნალისტის ხმა: 22 სექტემბერსვე, ტელეკომპანია იმედმა, ლევან მურუსიძისა და ალექსანდრე სამხარაძის ჩანაწერი გამოაქვეყნა. მოსამართლის მიერ, ფარულად ჩაწერილი საუბრიდან დასტურდება, რომ ლევან მურუსიძეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა სოსო გოგაშვილთანაც და ალექსანდრე სამხარაძესთანაც. საუბარი სხვა ფაქტებთან ერთად კახეთის მიწებსაც შეეხო.
ლევან მურუსიძე: დღეს დილით ვიღვიძებ და ინტერპრესნიუსზე ეგეთი რაღაცა, გაუგონარი სისულელეა რა, რა უნდა ვთქვა, გადაწყვიტა რო წავიდეს და დაარტყას სასამართლოს და დამარტყას მე და ნუ დამარტყას რა, როგორც არი, თუ ამას ყველაფერს ხაზი გადაუსვა.
ხოდა რახან აირჩიე ეს გზა თქო, აი ამ ტრა…ის და რაღაცის, ნუ არ ველოდებოდი ნაღდად რა, მარა რახან ეს გზა აირჩიე თქო, აირჩიე მაშინ და მიყევი თქო. მიწაზე ვაბშე მიშა რა შუაშია. მაგი არი ერთი ოჯახი არი ვისიც არი მაგ მიწა, დაასახელოს, რაც უნდა ის ქნას.
ჟურნალისტის ხმა: ალექსანდრე სამხარაძემ მეორე დღეს, მედიასთან, დაასახელა კახეთში მიწების ფაქტობრივი მფლობელის ვინაობა.
ალექსანდრე სამხარაძე: ეს არის თამთა მიქანაძე, რომელმაც ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი გადაიფორმა 2016 წლის თუ არ ვცდები აგვისტოს თვე იყო და ახლა, 2022 წლის 16 სექტემბერს, თამთა მიქანაძისგან დაჩქარებული წესით გადაფორმდა სხვის სახელსა და გვარზე, დედაზე და დაზე.
ჟურნალისტი: ეს გადაფორმება მის სახელზე იყო მხოლო ფორმალობა?
ალექსანდრე სამხარაძე: რა თქმა უნდა, მაგიტომ გადაფორმდა სხვის სახელზე და გვარზე, რომ იქ არ დაფიქსირებულიყო არც მურუსიძე და არც ჩინჩალაძე.
ჟურნალისტის ხმა: ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მედიამ დოკუმენტები გაავრცელა, რომ თამთა მიქანაძე 2016 წელს, კახეთში, 170 ჰექტრის – 1 700 000 კვადრატული მეტრის თანამფლობელი გახდა. მასთან ერთად კი მიწის მესაკუთრე ხათუნა მარტყოფლიშვილია, სოსო გოგაშვილის ცოლის და. სუსის ყოფილი უფროსის მოადგილის განცხადება, რომ მურუსიძეს მიწა მან აყიდინა უფრო გამყარდა. რეესტრიდან გამოთხოვილი დოკუმენტით, მიწაში ახალმა მესაკუთრეებმა 168 000 დოლარი გადაიხადეს.
“სტუდია მონიტორის” მოძიებული დოკუმენტებით დგინდება, რომ 2022 წლის 16 სექტემბერს, ანუ რამდენიმე დღით ადრე, სანამ ლევან მურუსიძე გოგაშვილის დაცვის უფროსთან საუბარს ჩაიწერდა, თამთა მიქანაძემ მიწის ნაწილი თავის სახელზე დაიტოვა, ნაწილი კი დედაზე, მანანა დობორჯგინიძეზე და დაზე, შორენა მიქანაძეზე დაჩქარებული წესით გადააფორმა.
სწორედ ამის შემდეგ თქვა ლევან მურუსიძემ, ალექსანდრე სამხარაძესთან საუბარში, რომ მიწა ერთ ოჯახს ეკუთვნის და ამით დაადასტურა, რომ თამთა მიქანაძეს იცნობს და მიწის შესახებ საქმის კურსშია.
“სტუდია მონიტორმა” თამთა მიქანაძეზე ინფორმაციის მოძიება და მურუსიძესთან მისი კავშირის კვლევა დაიწყო. თამთა მიქანაძის არაერთი ინტერვიუ მოვიძიეთ, საიდანაც დგინდება რომ ის სურსათის ეროვნულ სააგენტოში მუშაობს. ამის შემდეგ ჩვენ სესის ოფისთან გავემართეთ თამთა მიქანაძის სანახავად. დავინახეთ როგორ ტოვებდა ოფისის ტერიტორიას ავტომობილით. ცოტა ხანში ის საბურთალოზე, კარტოზიას ქუჩის ერთ კორპუსთან დავაფიქსირეთ. თამთა მიქანაძის მანქანა მომდევნო დღეებშიც შევნიშნეთ იმავე კორპუსთან და ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ ის აქ ცხოვრობს.
ჟურნალისტური გამოძიების პროცესში, ჩვენ ამავე ეზოში რამდენჯერმე გადავიღეთ ავტომობილი, რომლითაც ლევან მურუსიძე გადაადგილდება.
მერსედესის მარკის, ემელის ახალი მოდელის ჯიპი მოსამართლეს დეკლარაციაში არ შეუტანია, თუმცა ჩვენ ის არაერთხელ ვნახეთ ძეგვში, მისი სახლის ეზოში.
რამდენიმე კვირის შემდეგ, კარტოზიას ქუჩაზე, ლევან მურუსიძე სხვა ავტომობილით, სასამართლოს კუთვნილი ჰიუნდაი ელანტრათი გამოჩნდა. ეს ავტომობილიც თამთა მიქანაძის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ რამდენჯერმე გადავიღეთ.
14 აპრილს, მას შემდეგ რაც მურუსიძის მანქანა ეზოში შევნიშნეთ, ჩვენ კორპუსში შევედით და ლევან მურუსიძეს თამთა მიქანაძის საცხოვრებელ ბინასთან დაველოდეთ. ჩვენი მიზანი იყო ზუსტად გვცოდნოდა რომ კლანის მოსამართლე სწორედ თამთა მიქანაძეს სტუმრობდა.
ჩვენ ლევან მურუსიძე ბინიდან გამოსული გადავიღეთ, კადრში კარის ზღურბლზე ჩანს თამთა მიქანაძე, რომელიც მას აცილებს.
ჟურნალისტის კითხვა: ბატონო ლევან გამარჯობა, თქვენ აქ მოდიხართ ძალიან ხშირად თქვენს ახლობელთან თამთა მიქანაძესთან..
ლევან მურუსიძე: კი, კი, მერე?
ჟურნალისტის: ეს პიროვნება, თამთა მიქანაძე დაასახელა სოსო გოგაშვილმა თქვენს სანდო პირად
ლევან მურუსიძე: კი, მერე?
ჟურნალისტი: რომელზეც თქვენ გადააფორმეთ კახეთის მიწები
ლევან მურუსიძე: კი, მერე?
ჟურნალისტი: თამთა მიქანაძე არის თქვენი ახლობელი, ხომ ასეა?
ლევან მურუსიძე: კი მერე?
ჟურნალისტის ხმა: მოსამართლემ თამთასთან ახლობლობა დაადასტურა, თუმცა გაქცევა სცადა და კიბეებისკენ წავიდა, რათა თავი აერიდებინა ჩვენი კითხვებისთვის.
ჟურნალისტის კითხვა: თქვენ გადააფორმეთ თამთა მიქანაძეზე კახეთში მიწები?
ადასტურებთ ამას?
ჟურნალისტის ხმა: მურუსიძემ ჩვენი კითხვა უპასუხოდ დატოვა. ამის შემდეგ, ჩვენ თამთა მიქანაძეს ვკითხეთ, როგორ გახდა კახეთში 170 ჰექტარი მიწის თანამფლობელი.
ჟურნალისტი: 2016 წელს თქვენ სახელზე გაფორმდა კახეთში მიწა 1 700 000 კვადრატული მეტრი, რომელიც შეიძინა ლევან მურუსიძემ.
თამთა მიქანაძე: ლევან მურუსიძესა არ შეუძენია, მამაჩემმა შეიძინა და ჩემზე გაფორმდა და ჩემი ოჯახის არის.
ჟურნალისტი: თქვენმა ოჯახმა როგორ შეიძინა?
თამთა მიქანაძე: მამაჩემმა შეიძინა, მამაჩემი აგრონომი იყო მთელი ცხოვრება და მუშაობდა ამ სფეროში
ჟურნალისტი: სოსო გოგაშვილმა თქვა, რომ ეს მიწა შეიძინა ლევან მურუსიძემ და გადააფორმა..
თამთა მიქანაძე: სოსო გოგაშვილმა რა თქვა.. მეტს მე ვერ გეტყვით ვერაფერს.
ჟურნალისტის ხმა: ნიშანდობლივია, რომ 170 ჰექტარ მიწას თამთა მიქანაძე სოსო გოგაშვილის ცოლის დასთან, ხათუნა მარტყოფლიშვილთან ერთად ფლობს. თამთა მიქანაძემ ვერ გვიპასუხა, რა კავშირი ჰქონდა მას, ან მამამისს ხათუნა მარტყოფლიშვილთან.
ჟურნალისტი: მაშინ როგორ მოხდა, რომ ამ მიწის მესაკუთრე ასევე არის არის სოსო გოგაშვილის ცოლის და ხათუნა მარტყოფლიშვილი.
თამთა მიქანაძე: ვერ გეტყვი, ეგ არ ვიცოდი თავის დროზე.
ჟურნალისტი: როგორ თქვენ ერთად ხართ მესაკუთრეები და არ იცოდით?
თამთა მიქანაძე: მამაჩემმა შეიძინა.
ჟურნალისტი: მამათქვენმა ხათუნა მარტყოფლიშვილი სად ნახა?
თამთა მიქანაძე: ეს არის ჩემი, ჩემი ოჯახის არის, მეტს ვერ გეტყვით ვერაფერს.
ჟურნალისტი: ხათუნა მარტყოფლიშვილი სად ნახა მამათქვენმა?
თამთა მიქანაძე: მე არ ვიცი.
ჟურნალისტის ხმა: თამთა მიქანაძე ცრუობს, როდესაც ამბობს რომ ხათუნა მარტყოფლიშვილის შესახებ არ იცოდა, რადგან მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ საჯარო რეესტრში, მიწის შესყიდვის დოკუმენტს, მიქანაძემ და სოსო გოგაშვილის ცოლის დამ ხელი ერთდროულად მოაწერეს.
სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით, სასამართლომ მისი და ოჯახის წევრების ქონება დააყადაღა, მათ შორის ხათუნა მარტყოფლიშვილის კუთვნილი წილი ამ მიწებიდან. სოსო გოგაშვილის ოჯახმა ამ ქონებასთან დაკავშირებით კომენტაზე უარი გვითხრა.
სტენდაფი: თამთა მიქანაძის მამა, ედნარ მიქანაძე წლების განმავლობაში საჯარო სამსახურში მუშაობდა. ის 1999-2004 წლებში დეკლარაციასაც ავსებდა, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. სახელმწიფო უწყების თანამშრომელი იყო თამთა მიქანაძის დედა, მანანა დობორჯგინიძეც. სტატისტიკის სამსახურმა ის 2021 წელს, 50 წლიანი მუშაობისთვის დააჯილდოვა. დეკლარაციის შევსების პერიოდში, მათი ოჯახის წლიური შემოსავალი 2000 ლარი იყო, ჰქონდათ ბინა თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე. მოგვიანებით, ედნარ მიქანაძის საკუთრებაში დარეგისტრიდა 1500 კვ.მ მიწა გარდაბანში და მანანა დობორჯგინიძის სახელზე მიწა და სახლი გურიაში. ბიზნეს რეესტრში არ იძებნება ედნარ მიქანაძის სახელზე რაიმე სახის ბიზნესი, ის არც ინდმეწარმედ ყოფილა დარეგისტრირებული.
ჟურნალისტის ხმა: ჩვენ ვკითხეთ მანანა დობორჯგინიძეს ვის ეკუთვნოდა შირაქის მიწები
ჟურნალისტი: თქვენმა მეუღლემ იყიდა ეს მიწა??
მანანა დობორჯგინიძე: დიახ.
ჟურნალისტი: თქვენმა მეუღლემ როგორ მოახერხა ამ მიწის შეძენა?
მანანა დობორჯგინიძე: თანამდებობა ჰქონდა.
ჟურნალისტი: მამათქვენმა როგორ შეიძინა, საჯარო მოხელე იყო, რომელიც დეკლარაციას ავსებდა.
თამთა მიქანაძე: ამაზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით, ეს არ არის ლევან მურუსიძის, ეს მინდა გითხრათ.
ჟურნალისტი: თქვენმა ოჯახმა როგორ შეძლო ამ თანხის გადახდა, 168 000 დოლარია გადახდილი. როგორ შეიძინა თქვენა ოჯახმა?
თამთა მიქანაძე: არ ვიცი ვერ გეტყვით.
ჟურნალისტის ხმა: “სტუდია მონიტორის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თამთა მიქანაძე წლებია ცხოვრობს საბურთალოზე, აქსისის პრესტიჟულ კორპუსში. ჩვენ მას ვკითხეთ, ვისი საკუთრებაა 120 კვადრატული მეტრის ბინა, ხედით იპოდრომზე.
ჟურნალისტი (ლევან მურუსიძეს): ეს ბინაც თქვენ შეუძინეთ?
ჟურნალისტის ხმა: ლევან მურუსიძემ არ გვიპასუხა კითხვაზე მან შეუძინა თუ არა თამთა მიქანაძეს აქსისის პრესტიჟულ კორპუსში ბინა.
ჟურნალისტი: თქვენ წლებია ცხოვრობთ აქსისის კორპუსში, ეს ბინა თქვენ შეიძინეთ?
თამთა მიქანაძე: ესეც ჩემი ოჯახისაა
ჟურნალისტი: თქვენ შეიძინეთ?
თამთა მიქანაძე: კი
ჟურნალისტი: როგორ შეიძინეთ, თქვენც ხომ საჯარო მოხელე ხართ, თანამდებობის პირი არ ბრძანდებით, დეკლარაციას არ ავსებთ.
თამთა მიქანაძე: ჩემმა ოჯახმა.
ჟურნალისტი: თქვენ ოჯახს საიდან ჰქონდა? თქვენი ოჯახის დეკლარაცია საჯაროა.
თამთა მიქანაძე: მე არ ვავსებ დეკლარაციას, ჩემი ოჯახი.
ჟურნალისტი: რეესტრში რატომ არ არის რეგისტრირებული ეს ბინა?
თამთა მიქანაძე: მე ვერაფერს ვერ გიპასუხებთ მეტს, იმიტო რო რაც არ უნდა გიპასუხოთ მაინც ინტერპრეტირებული იქნება.
ჟურნალისტის ხმა: თამთა მიქანაძემ ვერ გვიპასუხა, თუ რატომ არ ასახა რეესტრში, რომ ბინა მისი საკუთრებაა. კორპუსის ბოლო ამონაწერი საჯარო რეესტრში 2023 წლის აპრილშია გაკეთებული, სადაც სხვა ბინების მესაკუთრეები ასახულია, მიქანაძის ბინა კი ისევ აქსისის მფლობელობაშია. ამ კორპუსში კვადრატული მეტრის ფასი საშუალოდ 1000 დოლარი იყო.
თამთა მიქანაძეს საკუთარ ლინკდინზე მითითებული აქვს რომ 2010 წლიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსია. 2017 წლის საშტატო ნუსხით ამ თანამდებობისთვის ანაზღაურება წლიურად 18 000 ლარი იყო. როგორ მოახერხა დაახლოები 120 000 დოლარის ღირებულების ბინის შეძენა მიქანაძემ ვერ გვიპასუხა.
თამთა მიქანაძეს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რომელიც დაახლოებით 4 წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა და აქედან გამომდინარე სავარაუდოდ ამერიკის მოქალაქეა.
ჟურნალისტი: თქვენ შვილი გააჩინეთ ამერიკაში, ლევან მურუსიძემ დააფინანსა ეს?
თქვენი ამერიკაში ვიზიტი ვინ დააფინანსა?
თამთა მიქანაძე: მე თითონ დავიფინანსე.
ჟურნალისტის ხმა: თამთა მიქანაძის სახლიდან გამოსულ მურუსიძეს როდესაც კახეთის მიწებთან მის კავშირზე ვკითხეთ, კიბეებზე დაეშვა. ჩვენ მოსამართლეს ასევე ვკითხეთ მან შეუძინა თუ არა ბინა აქსისის კორპუსში თამთა მიქანაძეს, მურუსიძემ არცერთ შეკითხვაზე არ გვიპასუხა, 14 სართული შეუჩერებლად ჩამოირბინა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.
ლევან მურუსიძის დაუსაბუთებელი ქონების შესახებ ჟურნალისტური “გამოძიება სტუდია მონიტორმა 2 წინ მოამზადა”. მაშინ დავადგინეთ, რომ სასამართლოს ლიდერი დეკლარაციაში მალავს მასთან მუდმივად მცხოვრებ ქალს და მის სახელზე შეძენილ უძრავ ქონებას. ასევე გავარკვიეთ, რომ ლელა ჭანია ძვირადღირებულლი ბრენდული სამოსის, აქსესუარებისა და ძვირფასეულობის მოყვარულია.
სტენდაფი: ეს ჟურნალისტური გამოძიება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც მოხვდა. რამდენიმე თვეში ლევან მურუსიძე და 3 მოსამართლე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა.
“ქართულმა ოცნებამ” არ გაიზიარა ოპოზიციის მოთხოვნა, რომ დასანქცირებული მოსამართლეების საკითხი საპარლამენტი კომისიას გამოეძიებინა. უფრო მეტიც, ანტიკორუფციული სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს გადაწყვეტილება, რომ შეესწავლათ ლევან მურუსიძისა და სხვა მოსამართლეების დეკლარაციები, სასამართლომ გააუქმა.
ჟურნალისტის ხმა: რეკომენდაციები მოსამართლეთა კორუფციის პრევენციის შესახებ, ჯერ კიდევ სრულად არ არის განხორციელებული – აღნიშნავს ევროკომისია და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის შესასრულებელ რეკომენდაციებს შორის ჩაწერა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მოთხოვნა. სასამართლოს საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის. “სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციით კეთილსინდისიერების შემოწმების გავლა 60 მოსამართლეს მოუწევდა, მათ შორის ლევან მურუსიძესაც.
ნაზი ჯანეზაშვილი: უნდა შემოწმდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კეთილსინდისიერება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, რომელთა დანიშვნა ცალკე საგანი იყო და ასევე უნდა შემოწმდეს სასამართლოს თავმჯდომარეების კეთილსინდისიერება. თუკი ისინი მიიჩნევენ, რომ მათი კეთილსინდისიერება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას და მართლაც წარმატებით გადალახეს თავის დროზე ეს ეტაპი, მაშინ რისი ეშინიათ. როგორც ჩანს, მათ აქვთ სერიოზული შიში, რომ ამ ტესტს ვერ გაივლიან.
ჟურნალისტი: თუკი ე.წ. ვეტინგი განხორციელდებოდა, როგორ უნდა შეეწმოებინათ მოსამართლეების კეთილსინდისიერება?
ნაზი ჯანეზაშვილი: ერთ-ერთი და უპირველესი, მათი ჩართულობა რამდენად იყო კორუფციულ გარიგებებში, როგორ დააგროვეს მათ დიდძალი ქონება, როგორ გამდიდრდნენ მოსამართლის თანამდებობაზე, მაშინ როდესაც, მათი ხელფასი ამის საშუალებას არ იძლევა. საქმეების განხილვის დროს, როგორ იღებდნენ მოსამართლეები გადაწყვეტილებებს, ის ახდენდა თუ არა გავლენას სხვაზე, ან თითონ იყო თუ არა გავლების ქვეშ მოქცეული და ისე იღებდა თავის გადაწყვეტილებებს.
ჟურნალისტის ხმა: ევროკავშირის ეს რეკომენდაცია მიუღებელი აღმოჩნდა “ქართული ოცნებისთვის”. დასანქცირებისა და არაერთი მტკიცებულებების მიუხედავად, მოსამართლეთა მიუკრძოებლობასა და პატიოსნებას ეჭვ ქვეშ არც ბიძინა ივანიშვილი აყენებს.
ბიძინა ივანიშვილი: სასამართლოში დღემდე ითხოვენ ვეტინგს, ანუ უცხოური მმართველობის შემოღებას, რომელმაც რეპრესიები უნდა ჩაატაროს და სასამართლო სისტემა აგენტურით უნდა დააკომპლექტოს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დამოუკიდებელი საერთაშორისო კვლევის თანახმად, ქართული სასამართლო სამართლიანობისა და ეფექტიანობის კრიტერიუმებით არაერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის სასამართლოსაც კი უსწრებს.
ჟურნალისტის ხმა: ევროკავშირის მიერ, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მოთხოვნას კრიტიკულად შეხვდნენ მოსამართლეები.
ლევან მურუსიძე: წლების განმავლობაში მიდის სასამართლოს დისკრედიტაცია, მიდის მოსამართლეების დევნა, დემონიზაცია, ანუ ქმნიდნენ ნოყიერ ნიადაგს იმისთვის რომ მოხდეს სასამართლო სისტემიდან მოსამართლეების გაყრა. მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე.