ნათესაური კავშირები ქუთაისის საკრებულოში
ჟურნალისტი: მამათქვენის კომპანიასთან დაკავშირებით პრესცენტრს უნდა მივმართო? როგორ მოიპოვა მან მშენებლობის უფლება ისტორიულ უბნებში? იყენებს ის თქვენს გავლენას?
ჟურნალისტი: მოტივაციაც გაქვთ – ჩანს თქვენი დეკლარაციიდან იმიტომ, რომ ყოველწლიურად გჩუქნით მამათქვენი ფულს.
ამირან კოპალეიშვილი: მამაა და კი, მეხმარება.
ჟურნალისტის ხმა: შვილები საკრებულოში, მამები ბიზნესში – იყენებენ თუ არა თანამდებობის პირები გავლენებს საოჯახო ბიზნესების გასაფართოებლად?
ჟურნალისტი: თქვენ თანამდებობაზე იმიტომ დაინიშნეთ, რომ ბიჭიკო პაიკიძის მეგობარი ხართ, გრიგოლ ლილუაშვილის ნათელმირონის?
ჟურნალისტი: ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ იმის გამო დაინიშნეთ, რომ სუს-ის უფროსის ახლო ნათესავი ხართ?
ჟურნალისტი: თქვენი ცოლი არის თუ არა გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი?
ჟურნალისტის ხმა: “სტუდია მონიტორმა” გამოიძია და გაჩვენებთ, თუ როგორ ინაწილებენ მაღალ თანამდებობებს ქუთაისში სუს-ის უფროსის ნათესავები.
სათაური: ნათესაური კავშირები ქუთაისის საკრებულოში
გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის უფროსი: მე მყავს 25 ნათლული და ყველას ოჯახს ვცემ პატივს და ყველას სიკეთეს ვუსურვებ. მათ შორის ზოგი ბიზნესმენია, ზოგი საჯარო მოხელეა.
ჟურნალისტი: სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა რამდენიმე თვის წინ ასე უპასუხა “სტუდია მონიტორის” შეკითხვას მის შესაძლო გავლენაზე მილიონიან ტენდერებზე, რომლებშიც მისი ერთ-ერთი ნათლულის მამის, ვანის საკრებულოს წევრის – ბიჭიკო პაიკიძის კომპანია იმარჯვებდა. ამჯერად ჩვენ ქუთაისში მივდივართ, სადაც სუს-ის უფროსის არაერთი ნათესავია დასაქმებული მაღალ თანამდებობაზე, მათ შორის, საკრებულოში. დღეს ჩვენ გაჩვენებთ, იზრდება თუ არა ნეპოტიზმისა და სამსახურებრივი გავლენების შედეგად საკრებულოს დეპუტატების ოჯახის წევრების ბიზნესსაქმიანობიდან მიღებული შემოსავლები.
ჟურნალისტის ხმა: ქუთაისის ცენტრში, რუსთაველის 3 ნომერში არსებულ ამ 4-სართულიან შენობაში ქალაქის მერია, საკრებულო და იმერეთის რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაა განთავსებული. სწორედ რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილეა ლევან სანიკიძე, რომელიც ამ პოსტზე დანიშვნამდე რამდენიმე თვით ადრე ქუთაისის საკრებულოს წევრი გახდა “ქართული ოცნებიდან”. საკრებულოში მოხვედრამდე კი, ის ცოლისა და სიდედრის კუთვნილი კომპანიის, შპს “დინას” კომერციული დირექტორი იყო. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია “დინას”, რომელიც მეტალისა და რეზინის დეტალებს აწარმოებს, 2011 წლიდან დღემდე 52 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 105 ტენდერი აქვს მოგებული. აქედან თუკი 29 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერების მოსაგებად 10 წელი დაჭირდა, 23 მილიონამდე ლარის ღირებულების მას შემდეგ მოიგო, რაც სანიკიძე თანამდებობაზე დაინიშნა, ანუ ბოლო 3 წელში.
ლევან სანიკიძის თანამდებობაზე დანიშვნამდე, “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში, 2012-20 წლებში არაერთი მაღალი თანამდებობა ეკავა მის დას – თამარ სანიკიძეს: იყო განათლების მინისტრი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი და თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი. ამასთან, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ლევან სანიკიძე ბიჭიკო პაიკიძესთან დაახლოებული პირია.
ჟურნალისტი: როგორ მოახერხა თქვენი ცოლისა და სიდედრის კომპანია “დინამ” ბოლო 3 წელიწადში 20 მილიონი ლარის ტენდერის მოგება?
ლევან სანიკიძე: ბოლო 3 წელიწადში არ ვიცი, მაგრამ “დინა” მუშაობს 1996 წლიდან.
ჟურნალისტი: ბოლო 3 წელში, მას შემდეგ, რაც თქვენ თანამდებობაზე ბრძანდებით, მას შემდეგ მოიგო, ბოლო 3 წელში 20 მილიონი ლარის ტენდერი.
ლევანი: არა, რა სისულელეა, გამოითხოვეთ და ნახეთ.
ჟურნალისტი: წინა წლებში თქვენი და იყო განათლების მინისტრი…
ლევანი: კი, იყო
ჟურნალისტი: იყენებდით…
ლევანი: რას ვიყენებდი, რა უნდა გამომეყენებინა?
ჟურნალისტი: ერთი წუთით, 112 ტენდერიდან 105 მოიგო “დინამ”
ლევანი: სისულელეა.
ჟურნალისტი: თქვენ თანამდებობაზე იმიტომ დაინიშნეთ, რომ ბიჭიკო პაიკიძის მეგობარი ხართ, გრიგოლ ლილუაშვილის ნათელმირონის?
ჟურნალისტი: ფოტოებში, რომლებიც გრიგოლ ლილუაშვილის საარჩევნო კამპანიას ასახავს 2016 წელს ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში, ჩანს მისი ნათესავი – პაატა [ტატო] ლილუაშვილი. საჯარო სამსახურში ის მას შემდეგ დასაქმდა, რაც ხელისუფლება “ქართულმა ოცნებამ” ჩაიბარა: მუშაობდა ქუთაისის მერიაში, შემდეგ კი “იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის” ხელმძღვანელის პოსტზე დაწინაურდა. 2021 წლიდან ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა უკავია, რისთვისაც გასულ წელს ხელფასის სახით 34,049 ლარი მიიღო.
ჟურნალისტი: ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ იმის გამო დაინიშნეთ, რომ სუს-ის უფროსის ახლო ნათესავი ხართ?
ტატო ლილუაშვილი: მე აქ ვმუშაობ 2013 წლიდან.
ჟურნალისტი: 2013 წლიდან მუშაობთ?
ტატო ლილუაშვილი: კი
ჟურნალისტი: საკრებულოში?
ტატო ლილუაშვილი: მერიაში.
ჟურნალისტი: მანამდე ხომ იყავით იმერეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი
ტატო ლილუაშვილ: მანამდე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიყავი, ბევრი თანამდებობა მქონდა
ჟურნალისტი:როდის?
ტატო ლილუაშვილი: 2013-დან, 13-14-15… გავრბივარ, მერე მოვალ და შევხვდეთ დაგეგმილად.
ჟურნალისტი: კარგით.
ჟურნალისტის ხმა: მოგვიანებით ლილუაშვილს ვეღარ შევხვდით, ამიტომ ტელეფონით დავუკავშირდით.
ჟურნალისტი: 2016 წელს თქვენ გრიგოლ ლილუაშვილს საარჩევნო კამპანიაში ეხმარებოდით, ხომ ასეა?
ტატო ლილუაშვილი: ხო, ნათესავია და რა ვიცი, ნათესავები ყველა ვუდგავართ ერთმანეთს და არ ჯდება თქვენი კითხვები – რისი კითხვაც გინდოდათ, ნათესაობით დაინიშნეთო და გეუბნებით, უფრო ადრე, 2013 წელს დავინიშე ხელმძღვანელ თანამდებობაზე და …
ჟურნალისტი: მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახდით
ტატო ლილუაშვილი: როცა იყო არჩევნები, მაშინ ამირჩიეს.
გია ბასილაძე: არა ვარ “ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელი
ჟურნალისტი: თქვენი სახელი და გვარი?
გია ბასილაძე: არ ვარ ვალდებული, გითხრა.
ჟურნალისტის ხმა: ეს ვიდეო ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურის დღეს არის გადაღებული ქუთაისში. ამის შემდეგ გია ბასილაძე, რომელიც მანამდე “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგეობის კომპანიაში” მუშაობდა, ქუთაისის საკრებულოს არა მხოლოდ წევრი, არამედ თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდა, რისთვისაც გასულ წელს ანაზღაურების სახით 43,227 ლარი მიიღო. მასვე აქვს დაკისრებული “ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელობა. ბასილაძის ცოლი – ხათუნა ლილუაშვილი სუს-ის უფროსის ნათესავია. თანამდენონაზე ქმრის დანიშვნის შემდეგ ხათუნა ლილუაშვილი ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ერთ-ერთი ფილიალის მმართველი გახდა, ასევე – საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. ხოლო შვილი – მარიამ ბასილაძე – საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი.
არქივიდან ჟურნალისტის ხმა: ჩვენი ინფორმაციით, დაჭრილია ქუთაისის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ზაქრო მამასახლისი.
ჟურნალისტის ხმა: ზაქრო მამასახლისი მისი ოჯახის კუთვნილ სასტუმრო “დიმასთან” მეზობელმა დაჭრა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მეზობელი საკრებულოს დეპუტატს სავარაუდოდ საკანალიზაციო ჭასთან დაკავშირებული საკითხის გამო ედავებოდა. მამასახლისს სასტუმროს გარდა, სხვა არაერთი ბიზნესი აქვს. საკრებულოს წევრობამდეც ის თავისი კერძო ბიზნესით იყო დაკავებული. მისი ოჯახის საკუთრებაშია ტაქსების კომპანია. საკრებულოს წევრი კი ის თავის ცოლის ძმასთან – გია ბასილაძესთან ერთად გახდა.
ზაქრო მამასახლისი: რა შუაშია გია ბასილაძე? საქართველოში ყველა ერთმანეთის ნათესავები ვართ. არ გრცხვენიათ, რაზე აპელირებთ?
ჟურნალისტი: თქვენგან გვაინტერესებს, ანუ ნეპოტიზმთან დაკავშირებით ვამზადებთ სიუჟეტს – თანამდებობა და პარტიული თანამდებობა მათ შორის თქვენ ჩაგაბარეს თუ არა იმიტომ, რომ თქვენი ცოლი არის გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი?
გია ბასილაძე: უკვე დასაწყისი გაქვს, ძვირფასო, ისეთი ცუდი, არც მაქვს სურვილი გიპასუხოთ: თქვენა ხართ ნეპოტიზმირებული და რა ვიცი, რა გითხრათ, არაობიექტური და მაგი არაა, ჟურნალისტი უნდა იყო დამოუკიდებელი და რომელიმე მხარეს არ უნდა წარმოადგენდე და თქვენ წარმოადგენთ მხარეს, რომელიც საქართველოს მტერია და ომის პარტიას უძახიან მაგ ბლოკს, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები ხართ თქვენ და…
ჟურნალისტი: თქვენი ცოლი არის თუ არა გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი?
გია ბასილაძე: დავამთავრე, დავამთავრე…
ჟურნალისტი: თქვენი ცოლიც მუშაობს…
გია ბასილაძე: და მერე რა?
ჟურნალისტი: თქვენი შვილი საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანია?
გია ბასილაძე: მერე რა? მთელი ოჯახი “ოცნების” მომხრეები ვართ, მხარდამჭერები ვართ და რა ვიცი, რა გითხრათ და რა თქმა უნდა, შვილიც “ოცნების” მომხრეა და ცოლიც “ოცნების” მომხრეა, აბა, განხეთქილება კი არაა ოჯახში და რა არის ამაში განსაკუთრებული? ეგია ნეპოტიზმი?
ჟურნალისტი: თქვენი ოჯახის წევრები მუშაობენ და თქვენც მუშაობთ სამთავრობო უწყებაში თუ არა იმიტომ, რომ ხართ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავები?
გია ბასილაძე: რა თქმა უნდა არა. რა შუაშია? მე ნათესავი ვარ, 55 წელი ვიყავი ნათესავი მაგრამ არ ვყოფილვარ, არც თავმჯდომარე ვყოფილვარ და არც თანამდებობა მქონია.
ჟურნალისტის ხმა: დაინიშნენ თუ არა გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავები ქუთაისში თანამდებობებზე ნათესაური ნიშნით – ჩვენს შეკითხვებს სუს-ის უფროსმა არ უპასუხა.
ჟურნალისტი: ქუთაისის საკრებულოში 35 დეპუტატია. 19 მათგანი იქ “ქართულ ოცნების” წარდგინებით მოხვდა. 19-დან 3-ის ახლო კავშირი სუს-ის უფროსთან და სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები უკვე გაჩვენეთ. ახლა კი ქუთაისის საკრებულოში შესაძლო კორუფციის შესახებ მოგიყვებით.
ამ კადრებში, რომელიც ქუთაისის საკრებულოს სხდომათა დარბაზის მიმდებარედ 2018 წელსაა გადაღებული, ჩანს, რომ წინა მოწვევის საკრებულოს წევრები “ქართული ოცნებიდან” მათსავე კოლეგას ოპოზიციური პარტია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ფიზიკურად უსწორდებიან. ამის გამო არავინ დაუკავებიათ, თუმცა ჯგუფურად ცემის, ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მიხედვით, ბრალი წაუყენეს ქუთაისის საკრებულოს წევრებს “ქართული ოცნებიდან” – ამირან კოპალეიშვილსა და იმედა საღინაძეს. კოპალეიშვილმა და საღინაძემ 2019 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს სარჩელით, რომელშიც მიუთითეს, რომ მათ საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის მედიის და სათვალთვალო კამერების მიერ ასახული ცემის ვიდეოკადრები, უკანონოდ იყო მოპოვებული და შესაბამისად, დაუშვებლად უნდა ეცნოთ. თუმცა, 2020 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით, საკონსტუტუციო სასამართლომ ეს სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღო. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კი დღემდე გრძელდება კოპალეიშვილი-საღინაძის საქმის არსებითი განხილვა. ამირან კოპალეიშვილი დღესაც ქუთაისის საკრებულოს წევრია – ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე; იმედა საღინაძე კი – ამავე კომისიის მოწვეული სპეციალისტი. უფრო მეტიც, ბოლო წლებში სულ უფრო იზრდება მათი ოჯახის წევრების ბიზნესები სახელმწიფო შესყიდვების შედეგად მიღებული მილიონიანი კონტრაქტების გზით.
საგზაო-სამშენებლო კომპანია “გი-ან 2011” ამირან კოპალეიშვილის მამას – გია კოპალეიშვილს ეკუთვნის. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, ამ კომპანიას 2014 წლიდან დღემდე 33 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 75 ტენდერი აქვს მოგებული იმერეთის რეგიონში და მათ შორის, ქუთაისში. ტენდერების აბსოლუტური უმრავლესობა კომპანიამ მას შემდეგ მოიგო, რაც ამირან კოპალეიშვილი ქუთაისის საკრებულოს წევრი გახდა. ამასთან, ხშირია შემთხვევა, როდესაც კომპანია დაბალი კონკურენციის ან დაბალი ფასის გამო იმარჯვებს ტენდერში, თუმცა გამარჯვების შემდეგ ხარჯთაღრიცხვას ზრდის და დამატებით თანხას იღებს. მაგალითად, ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღამდე მისასვლელი გზის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში შპს “გი-ან 2011”-მა 2 კონკურენტს დაბალი ფასის გამო აჯობა და მერიამაც მას ხელშეკრულება 440,540 ლარზე გაუფორმა 22 მარტს. თუმცა 11 ივნისს, კომპანიის მიმართვის საფუძველზე, მერიამ სახელშეკრულებო ღირებულება 14,627 ლარით გაზარდა.
ჟურნალისტი: ეს შენობა ქუთაისის ცენტრში, რომელშიც “ქართულ ოცნებას” 96კვ.მ საოფისე ფართი აქვს ნაქირავები, გია კოპალეიშვილს ეკუთვნის. მისი შვილის დეკლარაციის მიხედვით, ამავე მისამართზეა 180 კვ.მ ბინა, რომელიც ამირან კოპალეიშვილის სახელზე რეგისტრირებული ერთადერთი უძრავი ქონებაა და ისიც მამამ აჩუქა. დეკლარაციიდანვე ირკვევა, რომ საკრებულოს წევრს 30,000 ლარიანი წლიური ანაზღაურება არ ყოფნის და ყოველწლიურად იღებს მამისგან ფულად საჩუქარს: მაგალითად, შარშან მამამ მას 25,000 ლარი აჩუქა, შარშანწინ – 16 ათასი ლარი; 2021 წელს კი – 17 ათას ლარზე მეტი.
ჟურნალისტი: ბატონო ამირან, გამარჯობა, მე ვარ სტუდია მონიტორის ჟურნალისტი. თქვენთან გვაქვს ერთი კითხვა: მამათქვენის კომპანიამ 2017 წლიდან მოიგო 30 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი, მას შემდეგ, რაც თქვენ დეპუტატი გახდით. თქვენ ლობირებთ მის კომპანიას?
ამირან კოპალეიშვილი: მანამდეც მუშაობდა.
ჟურნალისტი: მანამდეც მუშაობდა, თუმცა განსაკუთრებით დიდი ტენდერები მოიგო მას შემდეგ, რაც დეპუტატი გახდით თქვენ, 30 მილიონი ლარის ტენდერები აქვს მოგებული თქვენი დეპუტატობის შემდეგ
ამირანი: გავიგე რომ აქვს, მაგრამ…
ჟურნალისტი: თქვენ ლობირებთ მამათქვენის კომპანიას?
ამირანი: არა, რა თქმა უნდა არა. ის თვითონ მშენებელია, დაახლოებით 47 წელია, რაც მაგ სფეროშია და როცა ეს სახელმწიფო შესყიდვები, ტენდერები დაიწყო, იმის მერე მონაწილეობს, მუშაობს.
ჟურნალისტი: თუმცა ის, რომ თქვენი დეპუტატობის შემდეგ მოიმატა ტენდერების რაოდენობამ?
ამირანი: არ ვიცი, ვერ დაგეთანხმებით, არ ვიცი ზუსტად, წინა წლებში როგორ ქონდა, რა მოცულობის ტენდერები, თუმცა არ მგონია, რომ მის მერე, რაც მე გავხდი საკრებულოს წევრი
ჟურნალისტი: რიცხვები ამას აჩვენებს …
ამირანი: და მითხარით მაშინ მანამდე როგორ იყო?
ჟურნალისტი: მანამდე გაცილებით ნაკლები ჰქონდა მოგებული.
ამირანი: მაინც? აი, დავუშვათ 2016 ში რამდენი ქონდა?
ჟურნალისტი: თქვენ არ იცით?
ამირანი: არა ნამდვილად არ ვიცი, ზეპირად არ ვიცი.
ჟურნალისტი: მოტივაციაც გაქვთ – ჩანს თქვენი დეკლარაციიდან იმიტომ, რომ ყოველწლიურად გჩუქნით მამათქვენი ფულს.
ამირანი: მამაა და კი, მეხმარება.
ჟურნალისტის ხმა: საგზაო სამშენებლო კომპანია “ელ თი ბი ჯგუფი” იმედა საღინაძის შვილს – ბექა საღინაძეს ეკუთვნის. კომპანია 2020 წელს დაფუძნდა, თუმცა უკვე 3 მილიონამდე ლარის ღირებულების 14 ტენდერის მოგება მოახერხა. აქედან 900 ათას ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები ქუთაისის მერიის მიერ იყო გამოცხადებული.
კოპალეიშვილის მამის კომპანიის მსგავსად, საღინაძის შვილის კომპანიაც დაბალი კონკურენციისა და ფასის პირობებში იმარჯვებს, თუმცა ამ შემთხვევაშიც, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ხშირად ცვლილებები შედის და არა მხოლოდ ფასი, არამედ სამუშაოს შესრულების ვადებიც იზრდება.
ჟურნალისტი: თქვენმა კომპანიამ – “ელ თი ბიმ”, რომელიც 2020 წელს დაფუძნდა, ბოლო 3 წელიწადში მოიგო 3 მილიონი ლარის ტენდერები. მამათქვენის გავლენით მოახერხა თქვენმა კომპანიამ ამ ტენდერების მოგება?
ბექა საღინაძე: ბოდიში ახლა, მოგვიანებით დამირეკეთ და გიპასუხებთ.
ჟურნალისტი: და ახლა რომ გვიპასუხოთ?
ბექა საღინაძე: ახლა ვერ გიპასუხებთ, შეხვედრაზე ვარ.
ჟურნალისტის ხმა: მოგვიანებით ჩვენს შეკითხვებს იმედა და ბექა საღინაძეებმა არ უპასუხეს.
ჟურნალისტი: მიანიშნებს თუ არა ასეთი შემთხვევები ინტერესთა კონფლიქტზე ან სხვა დარღვევაზე?
გოგა თუშურაშვილი, IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი: ზოგადად, ჩვენს მიერ განხორციელებული ტენდერების მონიტორინგი აჩვენებს, რომ საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც კონკრეტული თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ სახელმწიფო ტენდერებს ისე, რომ არ არის უზრუნველყოფილი ჯანსაღი კონკურენცია. აქ შეიძლება ვისაუბროთ ჩვენ ირიბად ინტერესთა კონფლიტზეც, ვინაიდან ნუ აქ უკვე ინტერესი ჩნდება, რომ კონკრეტული პირის ოჯახის წევრის კომპანიამ, ასე ვთქვათ, მიიღოს სარგებელი და არ იყოს უზრუნველყოფილი კონკურენცია, რაც მიგვიყვანს, ასე ვთქვათ, სახელმწიფო თანხების არამიზნობრივ ხარჯამდე.
ადგილობრივი მცხოვრების ხმა არქივის ვიდეოდან: აი, ხალხო, რისთვის მოჭრეს ეს ხე, იმიტომ კი არა, რომ საფრთხეს უქმნიდა ვიღაცას ან კოსტავა ვიღაცაზე ნერვიულობდა, აი, ამისთვის მოჭრეს, რომ იქიდან ტექნიკა დაეყენებინა და ჩაესხათ ბეტონი და იქიდან ასევე სამშენებლო მასალები რომ გადაიტანონ და უფრო ადვილად ააშენოს კოსტავამ თავის სახლი და ჩაიჯიბოს მილიონები.
ჟურნალისტის ხმა: დავით კოსტავა, ვისზეც განჯის ქუჩაზე მცხოვრები ქალბატონი საუბრობს ამ ვიდეოში, ქუთაისის საკრებულოს წევრის, მაგდა კოსტავას მამაა. პრობლემური მშენებლობის ნებართვა განჯის ქუჩაზე დავით კოსტავამ 2021 წლის 10 ნოემბერს მოიპოვა, მას შემდეგ, რაც მისი შვილი საკრებულოს წევრი გახდა. მოსახლეობის პროტესტის შემდეგ, 2022 წლის 12 აგვისტოს მშენებლობის უფლება შეუჩერდა, რადგან გაირკვა, რომ “ნებართვით შეთანხმებული დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა ფაქტობრივ მდგომარეობას და საჭიროებდა მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრების კორექტირებას”. 2023 წლის ივნისში ქუთაისის მერიამ მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანება გააუქმა.
ჟურნალისტი: ეს არის ის 10-სართულიანი კორპუსი რიონის სანაპიროზე, რომლის მშენებლობასაც აპროტესტებდნენ მის გვერდით კორპუსის მცხოვრებლები 2 წლის წინ, მაგრამ, როგორც ხედავთ, კორპუსი აშენებულია და აქ 1 კვ.მ ფართის ღირებულება 850 დოლარია.
ჟურნალისტის ხმა: სხვათაშორის, გვერდით კორპუსი, საიდანაც პროტესტი მოდიოდა, ასევე დავით კოსტავამ ააშენა, რომელშიც ბინების ნაწილი მისგან სახელმწიფომ დევნილებისთვის შეიძინა, რისთვისაც 9 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. ბოლო წლებში დავით კოსტავას სამშენებლო კომპანიის ინტერესები ქუთაისში სულ უფრო მზარდია. სწორედ მისი ოჯახის კომპანიას გადასცა ქუთაისის მერიამ ჯერ კიდევ 2008 წელს მიწა აღნაგობის უფლებით ქალაქის ისტორიულ ნაწილში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე ბიზნესცენტრის ასაშენებლად. თუმცა ამ ადგილზე ახლა ბიზნესმენი 3-სართულიან სასტუმროს აშენებს. ეს კი მე-19 საუკუნეში აგებული ე.წ. “გუბერნსკი ციხის” შენობაა, რომელშიც 2005 წლამდე იყო განთავსებული სასჯელაღსრულების დაწესებულება. ეს ტერიტორია დავით კოსტავამ იყიდა 1,750,000 ლარად – ის ამ ისტორიული შენობის დანგრევას და მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას აპირებს.
ჟურნალისტი: ქალბატონო მაგდა, თქვენთან გვაქვს კითხვა, “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტი ვარ. მამათქვენის კომპანიის მშენებლობას აპროტესტებდა მოსახლეობა, თუმცა მან მაინც მოახერხა აშენება. გამოიყენა მან თქვენი გავლენა, ის, რომ თქვენ ხართ საკრებულოს დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”?
მაგდა კოსტავა: ძალიან დიდი ბოდიში, არანაირად არ მსურს კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით, თქვენ გითხრეს, რომ უნდა მიმართოთ პრესცენტრს.
ჟურნალისტი: მამათქვენის კომპანიასთან დაკავშირებით პრესცენტრს უნდა მივმართო? როგორ მოიპოვა მან მშენებლობის უფლება ისტორიულ უბნებში? იყენებს ის თქვენს გავლენას?
მაგდა კოსტავა: ძაან დიდი ბოდიში, მოგრამ კომენტარის აღებასაც ხო თავისი ფორმა აქვს.
ჟურნალისტი: მოვედი და ვთხოვე თქვენს პიარს კომენტარი. თქვენი პოზიცია გვაინტერესებს იმ მშენებლობებთან დაკავშირებით, რომელსაც მოსახლეობა აპროტესტებს
მაგდა კოსტავა: ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ ვერანაირ კომენტარს და ვერანაირ პოზიციას მე იმ მშენებლობებთან დაკავშირებით, რომელზედაც ჩემთან მოსახლეობას არ მოუმართავს, მე რეკომენდაციას და კომენტარს ვერ მოგცემთ.
ჟურნალისტი: რატომ? თქვენ საკრებულოს დეპუტატი ბრძანდებით, არ გაქვთ პოზიცია?
მაგდა კოსტავა: მე მომმართა მოქალაქეებმა იმასთან დაკავშირებით? მოსახლეობა ჩემთან არ მოსულა, შესაბამისად მე ვერანაირ პოზიციას თქვენ
ჟურნალისტი: არ გაიგიათ? ღიად შუქდებოდა.
მაგდა კოსტავა: დაიცავით წესი
ჟურნალისტი: საკრებულოში ჩვენ ვიყავით და თქვენ არ იყავით.
მაგდა კოსტავა: საკრებულოში არ ვიყავი იმიტომ, რომ ადგილზე არ ვყოფილვარ, ზოგადად, არ ვიყავი, ზოგადად, ქალაქში.
ჟურნალისტი: ჰოდა სადაც ბრძანდებოდით იქ მოვედით.
მაგდა კოსტავა: სადაც ვბრძანდები, ეს არის ჩემი სამსახური, მეორე სამსახური და ამ სამსახურში მეორე ნაწილთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხს არ ვაპირებ. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ამ დაწესებულებაში არ გაძლევთ კომენტარს.
ჟურნალისტი: მე ვითხოვე კომენტარი, საკრებულოში თქვენ არ დადიხართ სხდომაზე და…
დავით კოსტავა: საოცრებას გეტყვით, ბიზნესმენი ვარ, ტერიტორიას ვყიდულობ და კორპუსების აშენება მინდა . თქვენ ეხლა დათო კოსტავას ესაუბრებით, 60 წლის კაცს, რომელიც ბიზნესით დაკავებულია 40 წელიწადია, გაგიკვირდებათ და რა შუაშია აქ მაგდა კოსტავა?მაგდას არ შეეხოთ, არაფერ შუაში არაა მაგდა.
ხვიჩა ვაშაყმაძე, სერტიფიცირებული გიდი, სამოქალაქო აქტივისტი: სტატუსის შემთხვევაში, როგორც საპარლამენტო ქალაქის შემთხვევაში ქუთაისისადმი ინტერესი იზრდებოდა და შესაბამისად, ამას მოყვებოდა საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, ინვესტიციების მოზიდვა და ა.შ. მხოლოდ აეროპორტის იმედზე არ უნდა ვიყოთ, შესაბამისად, როგორც ცენტრალურ ხელისუფლებას, ისე ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა გააჩნდეს რაღაც განვითარების გეგმა. მსოფლიოში ძალიან ბევრ ქალაქს ნახავთ, რომელსაც არანაირი ისტორია არ გააჩნია და ამას ხელოვნურად ქმნიან. ამ ქალაქს ეს ბუნებრივად აქვს, აი, კოლხეთის სამეფოდან დაწყებული, შემდეგი პერიოდიდან, აბსოლუტურად ყველაფერი გამოუყენებელია, უამრავი რამის ატრაქცია შეიძლება ტურისტს შეთავაზო. მშენებლობები დაიწყო ისტორიულ ნაწილში მაღლივი კორპუსების და აბსოლუტურად შეუსაბამო ნაგებობები გაჩნდა უკვე ქალაქის ცენტრში, ცენტრალური მოედანიც გამოდგება ამის მაგალითად და ძალიან ბევრი ადგილია ესეთი, ასე რომ ხელისუფლება არ იყენებს ამ ქალაქის პოტენციალს, რომელიც მას გააჩნია.
ჟურნალისტის ხმა: როგორ აუარესებს საჯარო სექტორის საქმიანობას და მოქალაქეების ყოველდღიურობას ნეპოტიზმი, ანუ მეგობრებისა და ნათესავებისათვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭება მათი დამსახურების მიუხედავად? – ამის გასარკვევად “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მივაკითხეთ, რომლის ინიციატივისაც ნეპოტიზმის კრიმინალიზაციის შესახებ ხელისუფლებამ უარი უთხრა 2015 წელს.
სანდრო ქევხიშვილი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” პროგრამების მენეჯერი: ნეპოტიზმი არის კორუფციის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ძალიან ხშირად მივიწყებულია ხოლმე, თუმცა ქართულ კონტექსტში ძალიან მწვავედ დგას ეს პრობლემა. ნეპოტიზმს აქვს ცუდი შედეგები, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, რომელიც რეალურად უნდა იყოს დაკომპლექტებული პროფესიონალებით. როდესაც ნეპოტიზმით, ნათესაური ნიშნით ხდება ჩანაცვლება ამ ადამიანებით პროფესიონალების, როგორც წესი, ეს ადამიანები არ არიან იმდენად კვალიფიციური, რომ შეასრულონ ეს საქმე. ნეპოტიზმი შეიძლება ასევე ზიანს აყენებდეს პირდაპირ ბიუჯეტს. თუ ოდესმე დადგება ისეთი სიტუაცია, როდესაც შეიქმნება პოლიტიკური ნება, რომ გატარდეს მასშტაბური ანტიკორუფციული რეფორმა, ნეპოტიზმის კომპონენტი აქ აუცილებლად უნდა იყოს და ჩვენ ყველას მოგვიწევს ფიქრი იმაზე, როგორ გავაკეთოთ ეს – კრიმინალიზება გავაკეთოთ ნეპოტიზმის თუ სხვა მეთოდებით.
ბიძინა ივანიშვილი, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე: რა ვიცი ახლა, ნაცნობობით ხდება ალბათ ხო ძირითადად. აბა, როგორ მოძებნი სპეციალისტებს? ეხლა ქართველები, ფრანგებს უყვართ კიდევ ძალიან ნაცნობობით, ახლობლობით დანიშვნა და ესა.
ჟურნალისტის ხმა: ჩვენ უკვე არაერთი ჟურნალისტური გამოძიება მოვამზადეთ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან და ქვეყნის დე ფაქტო მმართველ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ნეპოტისტურ ფაქტებზე: ივანიშვილთან ახლო ნაცნობობის შედეგად დანიშნული თანამდებობის პირები მართავენ დღემდე ქვეყანას: შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველები არიან; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – გრიგოლ ლილუაშვილი კი – ივანიშვილის “ქართუ ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.