საეჭვო ნებართვები, ბინები ბენდელიანის ნათესავებისთვის
ჟურნალისტი: რატომ გასცემს თბილისის მერია მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობის ნებართვებს მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად?
ლაშა ბუღაძე: თბილისი ვერ გაუძლებს ამას
ირაკლი ჩიტაძე: რის ფასად ხდება ეს?
ჟურნალისტი: გაჩვენებთ, როგორ ისაკუთრებენ ფართებს მშენებარე კორპუსებში თბილისის მერის მოადგილის უახლოესი ნათესავები
საბა ბუაძე: სწორედ ბენდელიანი არის ის უხილავი ხელი, რომელიც ამ კომპანიას ეხმარებოდა და ეხმარება დედაქალაქის იერსახის დამახინჯებაში.
ჟურნალისტი: “თავისუფლების მონიტორმა” გამოიძია სამშენებლო კომპანიებთან ირაკლი ბენდელიანის საეჭვო კავშირები
ჟურნალისტი: თქვენი ახლობელია ირაკლი ბენდელიანი, ხომ ასეა?
მიხეილ კუჭავა: არანაირ ინტერვიუს მე თქვენ არ მოგცემთ
ირაკლი ბენდელიანი: რეალურად მაშინ მოხდა ამის შეძენა, სანამ მე მერიაში დავიწყებდი მუშაობას
სათაური: საეჭვო ნებართვები, ბინები ბენდელიანის ნათესავებისთვის
ჟურნალისტი: ეს მთაწმინდაა, თბილისის ისტორიული უბანი. მთაწმინდაზე წმ. მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესია 1913 წელს აშენდა. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ეკლესიის ხედს ეს მშენებარე კორპუსი ფარავს.
ირაკლი ჩიტაძე, ზალდასტანიშვილის ქუჩის მაცხოვრებელი: აი, ეს არის აშენებული დაახლოებით იმ დროს, როცა ეკლესია აშენდა აქ. იქით, აქ სახლი იდგა ულამაზესი, რომელიც დაანგრიეს და ააშენეს. აი, ეს ამბავი. ეს არის შესასვლელი, ეს არის კორპუსი. აქ მთავრდებოდა ეს კორპუსი, ამ კორპუსის სახურავი უნდა ყოფილიყო აქ, რასაც გვარწმუნებდნენ ყველას, ამოთხარეს მიწა და შიგნით ვაშენებთო, ეკლესიას არ ვეხებით, ხედი არ იცვლება და რეალობას ხედავთ ეხლა, რაც არის და ემატება კიდევ სართულები და რის ფასად ხდება ეს ყველაფერი?!
ჟურნალისტი: ადგილობრივი მცხოვრებლები ტვერელის ეკლესიასთან მშენებლობას უკვე 5 წელია აპროტესტებენ. ამბობენ, რომ ისტორიულ უბანში არსებული უძველესი საკომუნიკაციო ქსელი მრავალბინიანი კორპუსის მოთხოვნილებებს ვერ დააკმაყოფილებს.
ნიკა გრძელიძე, 8 მარტის ქუჩის მაცხოვრებელი: ერთი ეს გადაიღეთ რა, ავტომობილები როგორ ადიან და ჩამოდიან აქ. ანუ აქ არის ახლა როგორი ამბავი – გზის სიგანე არის 2,5-3 მეტრი ზოგან, ანუ საცალფეხოა, ტურისტული მარშრუტი არის და უძველესი უბანია რა…ქუჩაზე, სადაც 6-7 ავტომობილი მახსოვს ყველაზე ბევრი, პატარა ქუჩა არის, ვიწრო და იშვიათად დადიან აქ ავტომობილები და ძალიან მოუხერხებელია…და აქ, წარმოიდგინეთ, სატრანსპორტომ გასცა დასკვნა, სადაც უფლება მისცეს, რომ აქ იაროს 80-მა, 100-მა ავტომობილმა და აქ როგორ წარმოგიდგენიათ დადგეს ამდენი მანქანა?! ფიზიკურად პარკინგის ადგილები არ არის, გამტარუნარიანობა საერთოდ არა აქვს ქუჩას და ამის ნებართვა არის გაცემული.
ჟურნალისტი: გარდა ურბანული პრობლემებისა, ადგილობრივი მცხოვრებლები უსაფრთხოების გამოც ჩივიან.
ლაშა ბუღაძე, მთაწმინდაზე მაცხოვრებელი: შემიძლია დავასახელო კონკრეტული პროფესიონალები, რომლებიც გვაფრთხილებენ, მცირედი, ოდნავ უფრო ძლიერი ბიძგი და თბილისი ვერ გაუძლებს ამას. მე ქვევით ვცხოვრობ და ეს მთლიანად ჩვენ თავზე ჩამოვა, აღმოვჩნდებით, არ ვიცი სად, არც მინდა ვიფიქრო. მე როგორც მახსოვს, თავიდან ხო რაღაცებს გვაჩვენებდნენ, ასე არ იქნება, ხო ძაან ისეთ პირობებს გაძლევენ, რო აქ იქნება ოაზისი, ესეთი არაფერი არ აშენებულა აქამდე და ლამისაა სვეტიცხოველს ააშენებენ, ხუროთმოძღვრები მოყავდათ ბიზანტიიდან. 3:36 – ესეთ დაპირებებს იძლევიან, იტყუებიან, როგორც წესი, იმიტომ რომ ერთს გეუბნებიან და მეორე შენდება. ჩვენ მაშინაც რაც ვნახეთ, უკვე სახიფათო იყო, იმიტომ რომ ზოგადად სახიფათოა ეს ყველაფერი.
ჟურნალისტი: მშენებლობის მიმდებარედ მცხოვრებლებს უკვე დაუზიანდათ სახლები.
ირინე მჭედლიძე, ზალდასტანიშვილის ქუჩის მაცხოვრებელი: კედელი გვეშლება. უყურეთ, ეს არ იყო, უყურეთ, რამხელა ქვა ჩამოვარდა, არ იყო ეს, არა, არა. აი, რაც ეს მშენებლობა დაიწყო, იმის მერე ყველაფერი მოირყა, უყურეთ, აქ რა მდგომარეობაა, უყურეთ, რა საშიშია. აი, უყურეთ, ეს ხომ ჩამოვარდა, იქ ქვა ხომ ავიღეთ და ნახეთ, რა საშიშია.
ჟურნალისტი: თბილისის მერია მოსახლეობის პროტესტს არ ითვალისწინებს, სამაგიეროდ ითვალისწინებს მშენებელი კომპანიის სურვილებს და ეთანხმება მის სასარგებლოდ პროექტის ცვლილებებს.
ზურაბ ტაბატაძე, 8 მარტის ქუჩის მაცხოვრებელი: ალბათ, ერთი სამჯერ შეიცვალა პროექტი … რომ დაიწყო ამ სახლების ნგრევა, ვნახეთ, წინ იყო სულ ერთი სართული, აქეთ იყო 2 იმ ძველ ბანერზე და აქეთ იყო 4 თუ 5 სართული. მერე რაღაცა შეიცვალა, აღმოჩნდა ეხლა მესამე შენდება, იქეთ კიდევ მოემატა რაღაცა და ეხლა საერთოდ მოხსნეს და უკან უკვე სადღაც მე-8 სართული შენდება. ამ მოკლე ვადაში შეიცვალა სამჯერ ეს პროექტი. და ჩვენ, მოსახლეობამ რომ ვთხოვოთ ჩვენი სახლია ხო, აი, დაუშვათ მინდა მეორე სართული, არავითარ შემთხვევაში.
ჟურნალისტი: გქონდათ მცდელობა და არ მოგცეს?
ზურაბ ტაბატაძე, 8 მარტის ქუჩის მაცხოვრებელი: არა, არა, რაღაც კოეფიციენტებზე დაიწყეს საუბარი, ისტორიულია, ჩვენთვის არსებობს კოეფიციენტი, ამ სახლისთვის არა.
ჟურნალისტის სტენდაფი: მთაწმინდაზე მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობის თავდაპირველი ნებართვით კომპანია “მკ დეველოპმენტს” ასეთი ტერასული მშენებლობა უნდა განეხორციელებინა. თუმცა პროექტი არაერთხელ შეიცვალა და საბოლოოდ ასეთი მასშტაბური კორპუსის სახე მიიღო. “თავისუფლების მონიტორმა” გამოიძია, თუ რა კავშირი აქვს მშენებელი კომპანიის მფლობელს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან.
გრაფიკა: კომპანია “მკ დეველოპმენტის” 50%-ს მიხეილ (ბუბა) კუჭავა ფლობს, 50%-ს კი – ნოდარ მამულაშვილი. მიხეილ კუჭავას შვილი, მარიამ კუჭავა აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრის მოადგილეა. მიხეილ კუჭავას იგივე სახელწოდების კომპანია, ოღონდ – ლათინური აბრევიატურით, დამოუკიდებლადაც აქვს დაფუძნებული. თბილისში, MK Development-ის აშენებულ კორპუსებში ჩვენ დედაქალაქის მერის მოადგილის – ირაკლი ბენდელიანის ახლო ნათესავების სახელზე რეგისტრირებული ბინები აღმოვაჩინეთ.
ჟურნალისტი: ირაკლი ბენდელიანი ხომ არ დაგეხმარათ მშენებლობის ნებართვის მოპოვებასა და პროექტის არაერთხელ თქვენს სასარგებლოდ ცვლილებაში აქ მთაწმინდაზე, სადაც მოსახლეობა რამდენიმე წელია აპროტესტებს მშენებლობას?
მიხეილ კუჭავა, MK Development-ის დამფუძნებელი: საიდან მოიტანეთ ეგ ამბავი? და საერთოდ რატომ? მე არ მოგცემთ ეხლა თქვენ ინტერვიუს რა.
ჟურნალისტი: თქვენი ახლობელი ხომ არის ირაკლი ბენდელიანი?
მიხეილ კუჭავა, MK Development-ის დამფუძნებელი: მე თქვენ ინტერვიუს ეხლა არ მოგცემთ.
ჟურნალისტი: თქვენი ახლობელია ირაკლი ბენდელიანი, ხომ ასეა?
მიხეილ კუჭავა, MK Development-ის დამფუძნებელი: არანაირ ინტერვიუს მე თქვენ არ მოგცემთ.
გრაფიკა: კუჭავას კომპანიამ მთაწმინდაზე მშენებლობის პროექტი თბილისის მერიაში 2017 წლის სექტემბერში წარადგინა შესათანხმებლად და მალევე მშენებლობის კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვა, რაც მერიამ არ დაუკმაყოფილა. 2017 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მერად კახა კალაძე აირჩიეს, მის მოადგილედ კი ირაკლი ბენდელიანი დაინიშნა. 2018 წლის ოქტომბერში “მკ დეველოპმენტმა” მშენებლობის ნებართვა მოიპოვა, რომლითაც მშენებლობის სიმაღლე 20.9 მეტრით, ჩაღრმავება კი – 15.55 მეტრით განისაზღვრა. კომპანიას მშენებლობა 2020 წლის ოქტომბერში უნდა დაესრულებინა, რაც ვერ შეძლო. 2021 წლის თებერვალში თბილისის მერიამ კუჭავას კომპანიას მშენებლობის ნებართვა 2022 წლის აგვისტომდე გაუხანგრძლივა, ხოლო 2022 წელს კიდევ ერთხელ, ამჯერად 2024 წლამდე გადაუვადა მშენებლობა და შეუთანხმა პროექტი უკვე თვითნებურად განხორციელებული მშენებლობის შესაბამისად, რისთვისაც 10 ათას ლარით დააჯარიმა. ამ ეტაპზე არსებული საბოლოო პროექტით, საცხოვრებელი ფართობი 3166-დან 3846კვ.მ-მდე გაიზარდა, ხოლო ავტოსადგომის ფართობი 815-დან 653კვ.მ-მდე შემცირდა.
კახა კალაძე, თბილისის მერი, ტვ იმედის არქივიდან: ხაზგასმით ვაცხადებ, რომ არანაირ კორპუსებზე საუბარი არ არის, ეს არის 2-3 სართულიანი ტერასული ტიპის სახლები, არც კოეფიციენტის მატება არის და ყველაზე მთავარი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს ყველა პროცესი.
ჟურნალისტი: ასე არწმუნებდა თბილისის მერი 3 წლის წინ ადგილობრივ მოსახლეობას. ამის შემდეგ პროექტი არაერთხელ შეიცვალა, საცხოვრებელი ფართები გაიზარდა და არც ის დაპირება შესრულდა, რომ მშენებლობა ტვერელის ეკლესიას არ დაჩრდილავდა. 3 წლის შემდეგ თბილისის მერს მის განცხადებებს ვახსენებთ.
ჟურნალისტი: ბატონო კახა, ტვერელის ეკლესიასთან მიმდინარე მშენებლობაზე მინდა გკითხოთ. თქვენ აცხადებდით, რომ ტვერელის ეკლესიასთან არ შენდებოდა კორპუსი, იქ მხოლოდ 2-3 სართულიანი შენობები იქნებოდა და ხდებოდა ადგილობრივი მცხოვრებლების პირობების გაუმჯობესება. რეალურად კი იქ მომიჯნავედ მცხოვრებ ადამიანებს უკვე დაუზიანდათ სახლები, ასევე, გაიზარდა მასშტაბი მშენებლობის, ფაქტობრივად დაიფარა ტვერელის ეკლესიის ხედი და შეჭრილია მშენებლობა ტვერელის ეკლესიის ეზოსთან. რატომ მოხდა დეველოპერის სასარგებლოდ ყველა გადაწყვეტილების მიღება?
კახა კალაძე: არანაირი კოეფიციენტის მატება არ ყოფილა სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით.
ჟურნალისტი: მასშტაბი გაიზარდა მშენებლობის 700 კვადრატული მეტრით…
(აღარ პასუხობს კალაძე ჟურნალისტის შეკითხვას)
შუმი არქივის ვიდეოდან, რომელიც ასახავს ტვერელის ეკლესიასთან მშენებლობის წინააღმდეგ აქციას: ჩემ უფლებებს არღვევთ და მე მოვედი პასუხის გასაცემად.
ჟურნალისტი: კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი კარგად იცნობს თბილისის ისტორიულ ნაწილში ახალი მშენებლობების შედეგად წარმოქმნილ პრობლემებს. მათ შორის, ჩართული იყო ტვერელის ეკლესიასთან მიმდინარე მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში.
ჟურნალისტი: რაზე მიანიშნებს ის ფაქტი, რომ თავდაპირველად მერიამ გასცა ნებართვა 2-3 სართულიანი ტიპის მშენებლობებზე, შემდეგ ეტაპობრივად გაიზარდა მასშტაბი? ზოგადად, რამდენად გავრცელებული პრაქტიკაა ეს?
ცირა ელისაშვილი: ეს ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა და როგორც წესი, ჩვენ ზუსტად, აი, ამას ვპროგნოზირებთ ხოლმე, რომ აი, ამითი არ დამთავრდება. ესეთი ტიპის გადაწყვეტილებები, როდესაც პრობლემურ ადგილას პრობლემურ პროექტს ამტკიცებ, თან იმ გარანტიით, რომ აუცილებლად მოცულობა გაიზრდება, უბრალოდ, დანაშაულებრივი გადაწყვეტილებაა. სამწუხაროდ, ეს არ არის ერთეული შემთხვევები, როგორც წესი, ესე ხდება.
ჟურნალისტი: საბა ბუაძე, თბილისის საკრებულოს წევრი ოპოზიციური პარტია “ლელოდან” მიიჩნევს, რომ ტვერელის ეკლესიასთან მიმდინარე მშენებლობა მერიასა და მშენებელ კომპანიას შორის კორუფციულ კავშირებზე მიუთითებს
საბა ბუაძე: ის, რომ პროექტი წლების განმავლობაში უარესდებოდა, არ არის შემთხვევითი მოცემულობა. ამ პროექტის გაუარესება პირდაპირ არის დაკავშირებული იმ განსაკუთრებულ კორუფციულ და პირად ინტერესთან, რომელიც უხილავი ხელის სახით დაყვებოდა ამ პროექტს.
ჟურნალისტი: თუ გაქვთ ინფორმაცია ვისი ინტერესი იკვეთება ამ მშენებლობის უკან?
საბა ბუაძე: სწორედ ბენდელიანი არის ის უხილავი ხელი, რომელიც ამ კომპანიას ეხმარებოდა და ეხმარება დედაქალაქის იერსახის დამახინჯებაში
ჟურნალისტის ხმა: 36 წლის ირაკლი ბენდელიანი 2017 წლიდან იკავებს თბილისის მერის მოადგილის პოსტს. ის 19 წლის ასაკიდან, ანუ 2005 წლიდან მუშაობს საჯარო სამსახურში, ხოლო თანამდებობის პირის დეკლარაციას 2014 წლიდან ავსებს. სწორედ 2014 წელს იყიდა იპოთეკური სესხით 46 ათას დოლარად მან 55 კვ.მ ბინა და ავტოფარეხი ყიფშიძის #9-ში.
ჟურნალისტის სტენდაფი: ეს კორპუსი ყიფშიძის ქუჩაზე MK Development-მა ააშენა მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად. ამ კორპუსში ბინები ირაკლი ბენდელიანმა და მისი ცოლის დეიდამ შეიძინეს.
ჟურნალისტის ხმა: ყიფშიძეზე კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგ განცხადებით ადგილობრივმა მცხოვრებლებმა თბილისის მერიას 2013 წელს მიმართეს. ამის მიუხედავად, მერიამ კუჭავას კომპანიას იმავე წელს კ2 კოეფიციენტი გაუზარდა. მომდევნო წელს კი მერიის თანხმობით, კორპუსს კიდევ ერთი სართული დაემატა და შენობის სიმაღლე 38.7-დან 43 მეტრამდე გაიზარდა. ამასთან, საცხოვრებელი ფართობი 4100-დან 4363.7 კვ.მ-მდე გაიზარდა. ყიფშიძეზე სესხით ნაყიდი ბინა და ავტოფარეხი ირაკლი ბენდელიანმა დედას – მარეხი ალიბეგაშვილს 2016 წელს მიყიდა და ბინაზე იპოთეკური დატვირთვა მოიხსნა. ალიბეგაშვილი შვილის მსგავსად წლებია საჯარო მოხელეა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში მუშაობს. 2018 წელს ამავე კორპუსში მიხეილ კუჭავასგან ბენდელიანის ცოლის დეიდამ – ნანა მამადაშვილმა იყიდა 60,000 ლარად 325 კვ.მ სარდაფი.
ჟურნალისტის სტენდაფი: ამ კორპუსის მშენებლობას კი აქ მეზობლად მცხოვრები მოსახლეობა აპროტესტებდა, თუმცა საბოლოოდ თბილისის მერიამ მათი პროტესტი არ გაითვალისწინა და საბოლოოდ მშენებელ კომპანიას ყველა მოთხოვნა დაუკმაყოფილა. სწორედ აქ ფლობენ ბინებს ირაკლი ბენდელიანის მამა და ცოლის დეიდა.
ჟურნალისტის ხმა:
ტაბიძის 49 ნომერში ამ კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ თბილისის მერიას 4-ჯერ მიმართა განცხადებით. თუმცა, მერიამ არც ამჯერად გაითვალისწინა მოსახლეობის ინტერესი და პროექტი მშენებელი კომპანიის – “MK Development”-ის სასარგებლოდ რამდენჯერმე შეცვალა.
აქაც საცხოვრებელი ფართობი გაიზარდა. ამასთან, პროექტში შესული ცვლილებით, მე-6 სართულზე 2 ბინა გაერთიანდა. სწორედ, ეს გაერთიანებული ბინები აღმოჩნდა ირაკლი ბენდელიანის მამის – ხვიჩა ბენდელიანის საკუთრებაში. ხვიჩა ბენდელიანი, ცოლისა და შვილის მსგავსად, წლების მანძილზე საჯარო სამსახურში მუშაობს. ის ამჟამად თბილისის საკრებულოში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობაზეა დასაქმებული.
გრაფიკა: საჯარო რეესტრში არსებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ხვიჩა ბენდელიანმა ტაბიძის 49-ში მე-6 სართულზე 202 კვ.მ ბინა და ავტოფარეხი 2018 წლის აგვისტოში 102 ათას ლარად იყიდა. იმავე წელს იმავე კორპუსში მე-8 სართულზე 105 კვ.მ ბინა კომპანიამ თითქმის 3-ჯერ ძვირად, 350 000 ლარად გაყიდა. 2018 წელსვე ამავე კორპუსში, მე-3 სართულზე ირაკლი ბენდელიანის ცოლის, თამარ ლობჟანიძის დეიდამაც შეიძინა 56 კვ.მ ბინა 36 800 ლარად. იმ პერიოდში იმავე სართულზე 52 კვ.მ ბინას კომპანია MK Development-ი თითქმის 4-ჯერ ძვირად, 122 500 ლარად ყიდდა.
ჟურნალიტი: 100 ათასად რატომ მიყიდეთ 202 კვადრატი, როცა მაგის ნახევარ ფართს ყიდდით 350 ათას ლარად?
მიხეილ კუჭავა: მე თქვენ პასუხს არ გაგცემთ (კეტავს მანქანის კარს და მიდის)
ჟურნალისტი: ბატონო ირაკლი, უკავშირდება თუ არა მერიის მიერ კომპანია “მკ დეველოპმენტის” სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებები იმ ფაქტს, რომ სწორედ ამ კომპანიის აშენებულ კორპუსებში შეიძინეს ბინები და ფართები თქვენმა მშობლებმა?
ირაკლი ბენდელიანი: რეალურად მაშინ მოხდა ამის შეძენა, სანამ მე მერიაში დავიწყებდი მუშაობას, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, აი, გუშინაც რომ შემეძინა ეგ ფართი ხო, აი, ვერანაირ პრობლემას მაგაში ვერ ვხედავ.
ჟურნალისტი: მიხეილ კუჭავა არ არის თქვენი ახლობელი?
ირაკლი ბენდელიანი: არა, მე გეუბნებით, მიხეილ კუჭავასნაირი ნაცნობი ძალიან ბევრი მყავს-თქო ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში
ჟურნალისტი: ბატონო ირაკლი, თქვენ დეკლარაციაში მითითებული გაქვთ მხოლოდ თქვენი მეუღლის საკუთრებაში არსებული ბინა ახმეტელის ქუჩა 10 ნომერში, თუმცა თქვენ ამ მისამართზე არ ცხოვრობთ.
ირაკლი ბენდელიანი: კი, ბატონო, მერე? რახან არ ვცხოვრობ, საკუთრებაში თუ არის ჩემი ოჯახის, არ უნდა მივუთითო დეკლარაციაში?
ჟურნალისტი: პირიქით, უნდა მიუთითოთ, მაგრამ სად ცხოვრობთ?
ირაკლი ბენდელიანი: იმ დეკლარაციაში კარგად თუ ჩაიხედებით, სასესხო ხელშეკრულებებიც არის ატვირთული, რომელიც ამ ბინის შესყიდვას მოხმარდა სხვათაშორის და ეგენიც თქვით რა.
ჟურნალისტი: და რომელი ბინის? რატომ არ გაქვთ დეკლარაციაში მითითებული?
ირაკლი ბენდელიანი:მადლობა (მიდის)
ჟურნალისტის სტენდაფი: ამ კორპუსში ბენდელიანთან დაახლოებული პირისგან, დეკანოზ გიორგი ტატურაშვილისგან იყიდა ბინა მისი ცოლის დეიდამ, რომელიც მოგვიანებით გაყიდა. სასულიერო პირის სამშენებლო ბიზნესთან ირაკლი ბენდელიანის კავშირებზე ე.წ სუსის ფაილებშიცაა საუბარი.
ამონარიდი “თავისუფლების მონიტორის” არქივიდან:
ირაკლი ბენდელიანი: თქვენ საიდან იცით, მე როდის მხვდება ხოლმე მამა გიორგი? ჟურნალისტი: სავარაუდოდ, სუს-დან გაჟონილი ფარული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ 2019 წლის აპრილში დეკანოზი გიორგი ტატურაშვილი არაერთხელ შეხვდა მის მეგობარს, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს და მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვის მიღებაში დახმარება სთხოვა.
ჟურნალისტის სტენდაფი: “თავისუფლების მონიტორმა” დეკანოზ გიორგი ტატურაშვილის სამშენებლო ბიზნესთან ირაკლი ბენდელიანის შესაძლო კავშირზე ჟურნალისტური გამოძიება გასულ წელს მოამზადა. ამჯერად კი ჩვენ გავარკვიეთ, რომ მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის #19-ში მშენებარე კორპუსში გიორგი ტატურაშვილმა 2018 წლის აპრილში შეიძინა 69 კვ.მ ბინა 38 ათას დოლარად, რომელიც 4 თვეში იგივე ფასად მიყიდა ირაკლი ბენდელიანის ცოლის დეიდას.
გრაფიკა: ეს კორპუსი “იუნიქს ქონსთრაქშენმა” ააშენა, სადაც 50%-იან წილს სულიკო ვარსემაშვილის კომპანია ფლობს. ვარსემაშვილი 2009-11 წლებში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო, მაშინ ირაკლი ბენდელიანი ამავე სამინისტროში მუშაობდა ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.
ჟურნალისტი: არსებობს თუ არა კორუფციული რისკები, როდესაც თბილისის მერის მაღალჩინოსანთან დაკავშირებული სამშენებლო კომპანიები თბილისის მერიიდან გამარტივებულად იღებენ და ცვლიან სამშენებლო ნებართვებს, მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად და შემდეგ ამ აშენებულ კორპუსებში ფართებს ისაკუთრებენ სწორედ ამ მაღალჩინოსნის ოჯახის წევრები? ამ საკითხების შესწავლა “ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის” იურისტს ვთხოვეთ.
ილონა დიასამიძე, საია-ს იურისტი: გარკვეული კორუფციის ნიშნები ამ მოცემულობით იკვეთება. საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ ამ საკითხით იმიტომ, რომ თქვენ რა გარემოებებსაც უთითებთ – ახლო ნათესავები ყიდულობენ ქონებას, გარდა ამისა, გვაქვს შემთხვევა, რომ ეს კომპანიები, სამშენებლო კომპანიები სამშენებლო ნებართვებს ღებულობენ გამარტივებული წესით და შესაბამისად, არსებობს რაღაც ნიშნები, რითაც უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი უწყებები და ობიექტური გამოძიების შემდგომ უნდა დადგეს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ეს კორუფცია.
ჟურნალისტის სტენდაფი: ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, უშუალოდ ირაკლი ბენდელიანს არც სახლი აქვს და არც მანქანა. ცოლის – თამარ ლობჟანიძის საკუთრებაშია რეგისტრირებული 120კვ.მ ბინა ახმეტელის 10-ში. დეკლარაციებისვე მიხედვით, ბოლო 10 წელში ირაკლი ბენდელიანისა და მისი ცოლის ერთობლივმა შემოსავალმა 660,489 ლარი შეადგინა. ამ ფონზე შთამბეჭდავად გამოიყურება მისი მშობლებისა და უახლოესი ნათესავების საკუთრებაში დაგროვილი უძრავი ქონება.
ჟურნალისტი: ეს სახლი და მიწა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვისპირში ირაკლი ბენდელიანის მამის საკუთრებაშია; ეს მიწები და სახლი კი ყაზბეგში – დედას ეკუთვნის. უკვე გაჩვენეთ მისი მშობლებისა და ცოლის დეიდის სახელზე რეგისტრირებული ეს ბინები თბილისის ცენტრში – ვაკეში.
მთაწმინდის კადრების ფონზე ადგილობრივი მაცხოვრებლის ხმა: საიდან მოვიდა ეს კაცი, ან რა ძალაუფლება აქვს ეგეთი, ან რა ინტერესი აქვს რო ამას აკეთებს შუა ქალაქში და ხმას არ ვიღებთ არავინ. ხმას არ ვიღებთ არავინ.