სახელმწიფოს მილიონები “ჯორჯიან ეარვეისის” გადასარჩენად

ჟურნალისტი: ნინო რამიშვილი ; რედაქტორი: ნანა ბიგანიშვილი
Divider dot 30 ოქტომბერი 2023

ჟურნალისტი: “ჯორჯიან ეარვეისი”, ქართული ავიაკოკომპანია, 

რომელიც რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას მოითხოვდა.

თამაზ გაიაშვილი: რატომ არ უნდა აღდგეს ფრენები? მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის, ქართული ავიაციისთვის, რუსეთში ფრენები.

ჟურნალისტი: სახელმწიფო კომპანია საქაერონავიგაცია, რომელმაც  გაიაშვილის მილიონობით ლარის დავალიანებაზე უარი თქვა. 

გოჩა მეზვრიშვილი: და საიდან მოიტანე რო ვა ვაპატიეთ?

ჟურნალისტის შეკითხვა: თქვენ, ხომ დათანხმდით პატიებას?

გოჩა მეზვრიშვილი: არა, რეაბილიტაციას დავთანხმდით.

ჟურნალისტი: “სტუდია მონიტორმა” გამოიძია, როგორ აპატია მილიონობით ლარი “ჯორჯიან ეარვეისს” გოჩა მეზვრიშვილმა, მაშინ როცა, თავის შვილთან, ირაკლი მეზვრიშვილთან ერთად, თამაზ გაიაშვილი ბიზნესს აწყობდა.

ჟურნალისტის შეკითხვა: 20 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო კომპანიების დავალიანება გეპატიათ.

თამაზ გაიაშვილი: მე აღარ ვმუშაობ “ჯორჯიან ეარვეისში”

ჟურნალისტის შეკითხვა: ირაკლი ღარიბაშვილი დაგეხმარათ სახელმწიფოს ვალების ჩამოწერაში?

თამაზ გაიაშვილი: რაში დამეხმარა, სულელი ხო არ ხარ.

სათაური:   ”სახელმწიფოს მილიონები ჯორჯიან ეარვეისის  გადასარჩენად”

ჟურნალისტის სტენდაფი: ჩვენ მოგიყვებით, რა პრივილეგიებით სარგებლობს საქართველოს მთავრობასთან დაახლოებული ავიაკომპანია, რომელსაც რუსული კავშირები აქვს. გიჩვენებთ, როგორ აპატიეს “ჯორჯიან ეარვეისს” 150 მილიონ ლარზე მეტის დავალიანება და როგორ ეხმარება ხელისუფლება მილიონობით ლარით, უკრაინის მიერ დასანქცირებულ ქართულ ავიაკომპანიას. 

ჟურნალისტის ხმა: ტექსტი: 2023 წლის მაისში ვლადიმერ პუტინმა   საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა და რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღდგა. 

რუსეთის პრეზიდენტმა ფრენები 2019 წელს, გავრილოვის ღამეს, თბილისში გამართული ანტისაოკუპაციო აქციის შემდეგ აკრძალა.  

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომაზე, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, საქართველოს პარლამენტში გამოსვლას, თბილისის მთავარ გამზირზე საპროტესტო აქცია და არეულობა მოყვა. 20 ივნისის ანტისაოკუპაციო მიტინგი “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ რეზინის ტყვიებით დაშალა, რასაც ადამიანების დასახიჩრება მოჰყვა.

პროტესტით შეხვდა საზოგადოების ნაწილი რუსეთთან პირდაპირ ავიამიმოსვლის აღდგენასაც. აქციის მონაწილეები  საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ, არ დაეშვა რუსეთთან პირდაპირი ფრენები.

თამაზ გაიაშვილი: რატომ არ უნდა აღდგეს ფრენები, თუკი ჩვენ ვიძახით, რომ იცი რა რუსეთში ფენები არ უნდა აღდგეს რატო დაფრინავს მაშინ “თუქრიშ ეარლაინსი”,თურქული კომპანიები ყველა. მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის, ქართული ავიაციისთვის რუსეთში ფრენები.

ჟურნალისტის სტენდაფი: “ჯორჯიან ეარვეისი” ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელმაც როსავიაციისგან, რუსულ ავიაკომპანიებთან ერთად, პირდაპირი ფრენების ნებართვა მიიღო.  

ამის გამო ქართული ავიაკომპანიის ოფისს, რომელიც პარლამენტიდან სულ რამდენიმე მეტრში მდებარეობს, აქტივისტებმა კვერცხები დაუშინეს. 

ჟურნალისტის ხმა: მაშინ, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა, თითქმის სრულად დახურეს ცა რუსული ავიაციისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ რუსულ კომპანიებს პირდაპირი ავიამიმოსვლის ნებართვა მისცა. რასაც, საქართველოს მთავრობის მიმართ ევროკავშირის ქვეყნების დემარში მოჰყვა.

რუსეთთან აღდგენილი ფრენების საპასუხოდ, “ჯორჯიან ეარვეისი” უკრაინამ   დაასანქცირა, სანქცირებულთა სიაში მოხვდა კომპანიის დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილიც. 

რომან ბოკერია “ჯორჯიან ეარვეისის” ყოფილი დირექტორი: მინდა მადლობა გადაგიხადოთ პირდაპირი ავიამიმოსვილის აღდგენის და უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის”.

ჟურნალისტის ხმა: ვლადიმერ პუტინს ამ გადაწყვეტილებისათვის მადლობა მოსკოვში გამართულ ღონისძიებაზე “აირზენას” ყოფილმა დირექტორმა, რომან ბოკერიამ, საჯაროდ გადაუხადა. წლების განმავლობაში ქართული ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა პუტინს თავი საქართველოს ბიზნეს ელჩად წარუდგინა.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი: საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააყენა ვიზების გაუქმების და ფრენების აღდგენის საკითხი და ჩვენ საპასუხოდ ეს ნაბიჯი გადავდგით. 

ჟურნალისტის ხმა: “აირზენა”, სამთავრობო ბორტის მომსახურე ავიაკომპანია, 1993 წელს დაფუძნდა. 2004 წლიდან კომპანიას “ჯორჯიან ეარვეისი” დაერქვა.  

მისი მფლობელები, კომპანიის პრეზიდენტის, თამაზ გაიაშვილის ძმა და შვილი –  დავით და ეთერ გაიაშვილები არიან. 

რუსეთის ცის გახსნამდე ორი წლით ადრე, “ჯორჯიან ეარვეისმა” ფინანსური პრობლემების გამო, სასამართლოს გადახდისუუნაროდ აღიარების თხოვნით მიმართა და რეაბილიტაციის რეჟიმში გადაყვანა მოითხოვა. სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2021 წლის დეკემბრისთვის “ჯორჯიან ეარვეისს” ათეულობით კომპანიის და ათასობით მგზავრის მიმართ 175 მილიონი ლარის დავალიანება ჰქონდა, რისი გადახდასაც ის ვერ ახერხებდა. მათი განცხადებით, მილიონობით ლარი დავალიანება კომპანიას კოვიდპანდემიის გამო დაუგროვდა. 

კანონი, რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, რომლის საფუძველზე სასამართლომ ქართული ავიაკომპანიის საქმე განიხილა, საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სექტემბერში მიიღო. 

როინ მიგრიაული სამართლის დოქტორი: ორ რეჟიმს ითვალისწინებს აღნიშნული კანონი: გაკოტრების რეჟიმს და რეაბილიტაციის რეჟიმს. ოღონდ, როგორც უკვე ვთქვით, რეაბილიტაცია უფრო წინ წამოწეული ინსტიტუტი გახდა ვიდრე გაკოტრება, მაგრამ კრედიტორები ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც კოლექტიური დაკმაყოფილებას ექვემდებარებიან. 

ჟურნალისტის შეკითხვა: რეაბილიტაციის გეგმა უნდა შემუშავდეს კრედიტორებთან ერთად, თუ უკვე შემდეგ კრედიტორები უნდა დათანხმდნენ ამ გეგმას. 

როინ მიგრიაული: კრედიტორები რა თქმა უნდა აქტიურად მონაწილეობენ რეაბილიტაციის გეგმის შემუშავებაშიც და დამტკიცებაშიც.

ჟურნალისტის სტენდაფი: კრედიტორებთან მიღწეული შეთანხმებით “ჯორჯიან ეარვეისს” ვალის დიდი ნაწილი ჩამოეწერა. კომპანიას 175 მილიონიდან 90%, 158 მილიონ ლარი ეპატია. დარჩენილი 17 მილიონი ლარის გადახდისთვის კი 5 წლიანი ვადა მიეცა.  

გიგა ბათლიძე “ჯორჯიან ეარვეისის” იურისტი: 5 წლის განმავლობაში მოხდება დავალიანების დაფარვა, საუბარია მხოლოდ წარსულ დავალიანებაზე, რომელიც გახსნამდე იყო, იმის 10%, ანუ 90% ე.წ რაით ოფი მოხდა. ეხა გასტუმრება მოხდება დაახლოებით 17 მილიონის, 10% მოთხოვნების რაც არის. რაც არის უპრეცედენტო მხარდაჭერა კრედიტორების, კრედიტორებმა საერთო რაოდენობაში 90%ზე მეტი მხარდაჭერა გამოუცხადეს ამ გეგმას. რამოდენიმე სუბიექტით არის სახელმწიფო წარმოდგენილი, საქაერონავიგაცია, აეროპორტების გაერთიანება.

ჟურნალისტის ხმა: კრედიტორებს შორის, რომლებმაც, “ჯორჯიან ეარვეისის” სასარგებლოდ ვალის მოთხოვნაზე უარი თქვეს, 2 სახელმწიფო კომპანიაა – “საქაერონავიგაცია” და “აეროპორტების გაერთიანება”.  

“სტუდია მონიტორის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, “ჯორჯიან ეარვეისს” სახელმწიფო კომპანიების დავალიანება 20 მილიონ ლარზე მეტი ჰქონდა.

ავიაკომპანიის სახელმწიფოს მიმართ დავალიანებაზე, სავარუდოდ სუსიდან გაჟონილ საიდუმლო ფაილებშიც იძებნება ინფორმაცია. 

ჩანაწერებიდან ჩანს, რომ პრობლემის მოგვარებას თამაზ გაიაშვილი პროტოპრესვიტერი, გიორგი ზვიადაძის შუამავლობით, ჯერ კიდევ 2019 წლიდან პრეზიდენთან, პრემიერთან და მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან ცდილობდა.

ჟურნალისტის ხმა (ამონარიდი სუსის ფაილებიდან): პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ კომპანია “აირზენას”  მფლობელ თამაზ გაიაშვილს კომპანიის საკითხთან დაკავშირებით გამოუცხადა სრული მხარდაჭერა. ამასთან, დაჰპირდა, რომ საჭიროების შემთხვევაში კვლავ შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას. თ. გაიაშვილის თქმით, მის კომპანიას მოცემული მომენტისთვის სახელმწიფოს მიმართ გააჩნია 20 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება.

სატელეფონო საუბარი გიორგი ზვიადაძესთან: 

ჟურნალისტის შეკითხვა: ჩვენი ინფორმაციით თქვენ 2019-2020 წლებში თამაზ გაიაშვილს “ჯორჯიან ეარვეისის” დირექტორს ეხმარებოდით სახელმწიფო კომპანიების მიმართ დავალიანების საქმეში და უწევდით შუამავლობას მაღალჩინოსნებთან შეხვედრაში.

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: ეს არ არის სწორი ინფორმაცია.  

ჟურნალისტის შეკითხვა: კონკრეტულად რა არ არის სიმართლე, რომ შეხვედრაში ეხმარებოდით, თუ ზოგადად..

გიორგი ზვიადაძე: კონკრეტულად არ არის სიმართლე რომ მე შუამავლობას ვუწევდი. 

ჟურნალისტის შეკითხვა: ისე იცნობთ და მეგობრობთ თქვენ თამაზ გაიაშვილთან ხომ?

გიორგი ზვიადაძე: კი, რა თქმა უნდა და უდიდეს პატივს ვცემ

ჟურნალისტის შეკითხვა: იცოდით, ინფორმაცია გქონდათ რომ “ჯორჯიან ეარვეისს” ჰქონდა სახელმწიფოს დავალიანება?

გიორგი ზვიადაძე: ზოგადად ამის შესახებ ვიცოდი, მაგრამ არა ბატონი თამაზისგან.

ჟურნალისტის ხმა: “ჯორჯიან ეარვეისის” ფინანსური პრობლემა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნის შემდეგ მოგვარდა. თამაზ გაიაშვილმა პრემიერთან და მის ოჯახთან ახლობლობა საჯაროდ დაადასტურა.

თამაზ გაიაშვილი: მე ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ არ გამიცვნია, მე ვიცდნობდი “ქართუ” ბანკიდან და მამამისს ვიცნობდი და რა ვიცი, მის გარემოცვას ვიცნობდი ყევლას, მას ვიცნობდი მრავალი წელია და ჩვენი მეგობრობა დღეიდან არ მოდის.

ჟურნალისტის ხმა: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფუძნებული შპს „საქაერონავიგაცია” იმ კომპანიებიდან ერთ-ერთია, რომელიც “ჯორჯიან ეარვეისის” 20 მილიონიანი ვალის ჩამოწერას დათანხმდა. ის “ჯორჯიან ეარვეისის” ერთ-ერთი მსხვილი კრედიტორი იყო.  კომპანიის ფინანსური ანგარიშებიდან ირკვევა, რომ „საქაერონავიგაცია” მაშინ,  როდესაც გაიაშვილის კომპანიას მილიონობით ლარის ვალი ჩამოაწერა, თვითონაც წამგებიანი კომპანია იყო.  

2020 წელს მისმა ზარალმა 28.7 მილიონი ლარი შეადგინა. 2021 წელს კი წლიური ზარალი 8.8 მილიონი ლარია. 

ჟურნალისტის სტენდაფი: “სტუდია მონიტორმა” გამოარკვია, რომ  “საქაერონავიგაციის” დირექტორის, გოჩა მეზვრიშვილის შვილი და თამაზ გაიაშვილი ბიზნესპარტნიორები, ტვირთების გადამზიდი ავიაკომპანია, “საქართველოს ავიახაზების” დამფუძნებელები არიან.    

ჟურნალისტის ხმა: “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პირადი პილოტი, გოჩა მეზვრიშვილი “საქაერონავიგაციის” დირექტორის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებს. 

პროფესიონალი პილოტია გოჩა მეზვრიშვილის შვილი, ირაკლი მეზვრიშვილიც. 

წლების მანძილზე ირაკლი მეზვრიშვილის დამსაქმებელი თამაზ გაიაშვილი იყო. “ჯორჯიან ეარვეისის” შეფ პილოტის თანამდებობაზე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, პირადი პილოტის მოვალეობას ასრულებდა.

სწორედ ირაკლი მეზვრიშვილთან ერთად დააფუძნა თამაზ გაიაშვილმა “ჯორჯიან ეარვეის კარგო” 2020 წელს, მაშინ როდესაც “ჯორჯიან ეარვეისს” უკვე მრავალმილიონიანი დავალიანება ჰქონდა. ამ სატვირთო გადამზიდავი კომპანიის დამფუძნებელი ასევე,  იმ დროს გაკოტრების პირას მყოფი კომპანია “ჯორჯიან ეარვეისია”.

პირველი არხის არქივიდან ჟურნალისტის ხმა:ჯორჯიან ეარვეის კარგო”, ამ სახელწოდებით აპირებს სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე არსებულ კონკურენციაში ჩაბმას ქართული ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი”. ბოინგ ბ 737 800 უკვე თბილისის საერთაშორისო აროპორტშია და ჩინეთში პირველი რეისის შესასრულებლად ემზადება. 

რომან ბოკერია: ეს მოვლენა არის ისტორიული მოვლენა საქართველოს ეროვნულ ავიაციაში, 28 წლის განმავლობაში პირველად “ჯორჯიან ეარვეისმა” გახსნა კარგო მიმართულება.

ირაკლი მეზვრიშვილი: ჩვენ ვაპირებთ რომ მოვიცვათ ევროპის სატვირთოავიაბაზარი, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების და აზიის. ეს იქნება როგორც რეგულარული კარგო სატვირთო, ასევე სახიფათო ტვირთი.

ჟურნალისტის ხმა: თამაზ გაიაშვილისა და ირაკლი მეზვრიშვილის კომპანიისთვის სასტარტო წელი წარმატებული აღმოჩნდა, დაფუძნებიდან ერთ წელში შესრულებული რეისების მიხედვით, TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგში “საქართველოს ავიახაზებმა” მეორე პოზიცია დაიკავა. კომპანიამ 2021-2022 წლებში 3 ბოინგი გამოიყვანა ლიზინგით და ოფიციალური განცხადებით უახლოეს მომავალში კიდევ 2 ბოინგს დაიმატებს.

“საქაერონავიგაციაში” “ჯორჯიან ეარვეისთან” დაკავშირებულ კითხვებს არ უპასუხეს. გოჩა მეზვრიშვილს რამდენიმე კითხვა სამსახურთან დავუსვით,  როდესაც ის 2023 წლის “ტოიოტა ლენდკრუიზერით” მოვიდა. სახელმწიფო კომპანიამ დირექტორისთვის ბოლო მოდელის ტოიოტა 280 ათას ლარად რამდენიმე თვის წინ შეიძინა.  

ჟურნალისტის შეკითხვა: რატომ აპატია საქაერონავიგაციამ “ჯორჯიან ეარვეისს” მილიონობით ლარის დავალიანება?

გოჩა მეზვრიშვილი “საქაერონავიგაციის “დირექტორი: საიდან მოიტანე რო ვაპატიეთ?

ჟურნალისტის შეკითხვა: სასამართლოს გადაწყვეტილება არის ოფიციალური.

გოჩა მეზვრიშვილი: მერე სასამართლოს გადაწყვეტილებაში წაიკითხეთ რა წერია 

ნინო: რატომ ხომ დათანხმდით პატიებას?

გოჩა: არა.

ჟურნალისტის შეკითხვა: აბა?

გოჩა მეზვრიშვილი: რეაბილიტაციას დავთანხმდი

ჟურნალისტის შეკითხვა: და ეს  ნიშნავს ვალის ჩამოწერას.

გოჩა მეზვრიშვილი: არა, არა ნიშნავს… იმიტომ რომ, რო გაკოტრებულიყო არაფერს მივიღებდით და რეაბილიტაციაში მივიღებთ 10%. 

ჟურნალისტის შეკითხვა :  რეაულურად ჰქონდა  ფინანსური პრობლემები კომპანიას?

გოჩა მეზვრიშვილი: როგორ არ ჰქონდა., კოვიდის მერე.

ჟურნალსტის შეკითხვა: მაშინ როგორ მოახერხა გაკოტრების პირას მყოფმა “ჯორჯიან ეარვეისმა” და თამაზ გაიაშვილმა თქვენ შვილთან ერთად ავიაგადამზიდის დაფუძნება?

გოჩა მეზვრიშვილი: ეგ იმას უნდა კითხოთ.

ჟურნალისტის შეკითხვა: თქვენ არ გაგიჩნდათ კითხვები, რომ გაკოტრების პირას მყოფმა კომპანიამ დააფუძნა თქვენ შვილთან ერთად გადამზიდი კომპანია?

ჟურნალისტის სტენდაფი: “აეროპორტების გაერთიანება” კიდევ ერთი სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც “ჯორჯიან ეარვეისის” ვალების ჩამოწერას დათანხმდა. სახელმწიფო კომპანია არ გვაპსუხობს, თუ რატომ აპატია ვალი გაიაშვილის კომპანიას.

ჟურნალისტის ხმა: “ჯორჯიან ეარვეისი”, როგორც ქართული ავიკომპანია, წლებია აეროპორტის მომსახურების შეღავათიანი ტარიფითაც სარგებლობს. ამასთანავე ის აეროპორტების გაერთიანებისგან სახელმწიფო დოტაციასაც იღებდა კონკრეტული შესრულებისას. 

“ჯორჯიან ეარვეისის” კრედიტორების სიაში სალიზინგო და საწვავის მიმწოდებლებ კომპანიებთან ერთად, თბილისის აეროპორტის მმართველი კომპანია “ტავ ურბან საქართველოც” მოხვდა. 

“ტავ ურბანის” დავალიანება გაიაშვილის დაფუძნებულ კომპანიას პანდემიამდეც ჰქონდა. დაპირისპირებამ “ჯორჯიან ეარვეისსა” და “ტავ ურბანს” შორის პიკს 2019 წელს მიაღწია, როდესაც ავიაკომპანიამ 9 მილიონი ლარის დავალიანების გადახდაზე უარი განაცხადა.

თამაზ გაიაშვილი (არქივი): არ იქნება გადახდილი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის სამართლიანი მოთხოვნა.

ჟურნალისტის ხმა: როგორ დააგროვა 175 მილიონი ლარის დავალიანება, ან რატომ არ იხდიდა ვალს “ჯორჯიან ეარვეისი”, ამ ინფორმაციას არც სახელმწიფო კომპანიები და არც თავად ავიაკომპანია ასაჯაროვებს. დეტალური ინფორმაცია “ჯორჯიან ეარვეისის” შემოსავლებისა და მოგება ზარალის შესახებ, 

ფინანსური ანგარიშგების პორტალზე უნდა იყოს გამოქყვეყნებული. 

“სტუდია მონიტორმა” აღმოაჩინა, რომ თამაზ გაიაშვილის კომპანიის ფინანსური ანგარიშგებები პორტალზე არ იძებნება, რითიც კანონს არღვევს. ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებამ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა წერილობით დაგვიდასტურა, რომ კანონით “ჯორჯიან ეარვეისი” ვალდებულია ანგარიშები წარადგინოს, თუმცა ის არასოდეს წარუდგენია. ასევე მოგვწერეს, რომ ამის გამო “ჯორჯიან ეარვეისი” გააფრთხილებული და დააჯარიმებულია.

გიორგი დავითური IDFI-ის მთავარი იურისტი: ჩვენ ამ კომპანიას, მსგავს კომპანიას, დღეს სახელმწიფო უქვითავს გადასახადებს. ამ პირობებში ბუნებრივია იზრდება ინტერესი, ვინ არის ეს კომპანია და ხომ არ გვაქვს, მათ შორის ხელშეწყობით, გადასახადებისგან თავის არიდების მცდელობები? ეს ეჭვი განსაკუთრებით მძაფრდება იმიტო რო, სანამ მანდამდე მივალთ, საერთოდ კანონის უცხადეს მოთხოვნებსაც კი თავს არიდებს. ელემენტარული ინფორმაციას, რომელიც არც საგადასახადო საიდუმლო, არც არაფერი არ არის, კანონით ცალსახად ევალება კომპანიას, ეს იცის სახელმწიფომ ექვსი, შვიდი წელი, ამას განზრახ არ ასრულებს.

ჟურნალისტის ხმა: ჩვენ თამაზ გაიაშვილისთვსი გვინდოდა გვეკითხა, როგორ მოახერხა გაკოტრების პირას მყოფმა კომპანიამ ახალი სატვირთო გადამზიდის დაფუძნება და ბოინგების გამოყვანა, თუმცა მან ჩვენ შეკითხვებს არ უპასუხა.

ჟურნალისტის შეკითხვა: 20 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო კომპანიების დავალიანება ჩამოგეწერათ

თამაზ გაიაშვილი: მე აღარ ვმუშაობ “ჯორჯიან ეარვეისში”.

ჟურნალისტის შეკითხვა: ირაკლი ღარიბაშვილი დაგეხმარათ სახელმწიფოს ვალის ჩამოწერაში?

გოჩა მეზვრიშვილი: რაში დამეხმარა, სულელი ხო არ ხარ.

ჟურნალისტის შეკითხვა: 20 მილიონ ლარზე მეტი ჩამოგეწერათ დავალიანება.

ჟურნალისტის ხმა: საზოგადოების ნაწილის პროტესტის მიუხედავად, თამაზ გაიაშვილის კომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” რუსეთის მიმართულებით ფრენებს აგრძელებს.