სასამართლო კლანის ლიდერების დამალული სიმდიდრე

ჟურნალისტი: ნინო რამიშვილი ; რედაქტორი: მაია მეცხვარიშვილი
Divider dot 3 მაისი 2023

ლევან მურუსიძე: მე ვარ ლევან მურუსიძე, ამ სასამართლოს ლიდერი.

ჟურნალისტის ხმა: რატომ და რა ქონებას მალავენ სასამართლო კლანის ლიდერები?

ჟურნალისტის სტენდაფი: მოგიყვებით სასამართლო კლანის ლიდერების მდიდრულ ცხოვრებასა და გადამალულ ქონებაზე, რაც ამ სისტემაში კორუფციაზე მიანიშნებს.

კახა წიქარიშვილი: მოსამართლე ამას ასრულებს და კლანი იღებს ფულს ამ საქმეებში.

ჟურნალისტის ხმა: გაჩვენებთ, რა ფუფუნებაში ცხოვრობენ სასამართლო კლანის ლიდერები.

ჟურნალისტის შეკითხვა: რატომ არ უთითებთ თქვენს დეკლარაციაში თქვენს მეუღლეს, ლელა ჭანიას?

ლევან მურუსიძე: არ მყავს მეუღლე, გადაამოწმე ოფიციალურად რა და.

ჟურნალისტის ხმა: “სტუდია მონიტორმა” გამოიძია, თუ როგორ ცდილობს კლანი ძვირადღირებული ქონების დამალვას.

სათაური: სასამართლო კლანის ლიდერების დამალული სიმდიდრე

ხმა 2022 წლის 20 ივნისის აქციიდან: “დიდება საქართველოს! დიდება ევროპას! ჩვენ აუცილებლად ძალიან მალე გავხდებით ევროპული დიდი ოჯახის წევრი! გაუმარჯოს საქართველოს!”

ჟურნალისტის სტენდაფი: ბოლო ერთი თვის განმავლობაში აქ არაერთხელ შეიკრიბა ათიათასობით ადამიანი და საქართველოს ევროინტეგრაცია მოითხოვა. ამისთვის კი ერთ-ერთი მთავარი პირობა მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემაა, რასაც სასამართლოში არსებული კლანური მმართველობა უშლის ხელს. ახლა მოგიყვებით სასამართლო კლანის ლიდერების მდიდრულ ცხოვრებასა და გადამალულ ქონებაზე, რაც ამ სისტემაში კორუფციაზე მიანიშნებს.

ნაზი ჯანეზაშვილი, “სასამართლო გუშაგის” დამფუძნებელი: სასამართლო სისტემის მთავარი ლიდერი არის მიხეილ ჩინჩალაძე, სათავეში, შეუცვლელია…ჩინჩალაძესთან ერთად აუცილებლად უნდა ვახსენოთ მურუსიძე.

ჟურნალისტის შეკითხვა: შესაბამისად, ეს 2 ლიდერი გამოიკვეთა სასამართლოს კლანის ლიდერად?

ნაზი ჯანეზაშვილი: კი, მურუსიძე არის ადამიანი, რომელიც ხშირად სპიკერობს საზოგადოებასთან, ეს არის მნიშვნელოვანი, ჩინჩალაძე ფაქტობრივად დამალულია ამ წლების განმავლობაში.

ჟურნალისტის ხმა: ნაზი ჯანეზაშვილი 4 წლის განმავლობაში მუშაობდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად. ამ პერიოდში ბევრი ინფორმაცია მოიპოვა, რაც სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობას ადასტურებს. ის დეტალურად აღწერს, თუ როგორ მართავს კლანი სისტემას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისა და სასამართლოების თავმჯდომარეების მეშვეობით: საბჭოს ხელშია მოსამართლეების დანიშვნა-დაწინაურებისა და დასჯის ბერკეტები; თავმჯდომარეები კი უზრუნველყოფენ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების კლანის წევრ მოსამართლეებზე განაწილებასა და შესაბამის ინსტრუქტაჟს.

ნაზი ჯანეზაშვილი: იდენტიფიკაცია, რომ კლანის წევრია ის ადამიანი, შეგვიძლია ამით: მაგალითად, ავიღოთ სერგო მეთოფიშვილი, ბევრი თანამდებობა გამოიცვალა, იყო თავმჯდომარე სასამართლოში, მოვალეობის შემსრულებელი, კოლეგიის თავმჯდომარე, შეიცვალა კოლეგიები, მუდმივი როტაციაა… მაგალითად, ირაკლი ბონდარენკო, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს. რატომ დასჭირდათ და გააგზავნეს ის თბილისის სააპელაციოდან ქუთაისში? აი, ეს ხდება მუდმივად…როტაცია თავმჯდომარის და საბჭოს წევრის თანამდებობაზე პირდაპირ მიანიშნებს კლანურობას.

ჟურნალისტის სტენდაფი: ქართული მართლმსაჯულების სისტემა რომ კლანის ხელშია, ამაზე არაერთი საერთაშირისო ორგანიზაციისა და პარტნიორი ქვეყნების შეფასებებსა და ანგარიშებშია საუბარი. აი, მაგალითად, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, სადაც წერია, რომ “კლანთან” აფილირებული მოსამართლეები დაინიშნენ უმეტესად ადმინისტრაციულ საქმეთა პალატებში; ეს კი ვენეციის კომისიის დასკვნაა, რომელშიც ნათქვამია, რომ იუსტიციის საბჭო კორპორატიულად და საკუთარი ინტერესების მიხედვით იმართება.

ჟურნალისტი ხვდება რესპონდენტს: გამარჯობა
ჟურნალისტის ხმა: კახა წიქარიშვილი კარგად იცნობს სასამართლო სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებს, რადგან წლების მანძილზე მუშაობდა უზენაეს სასამართლოში და ასევე მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრი იყო.

ჟურნალისტის შეკითხვა: ქართული მართლმსაჯულების სისტემაში დღეს არსებული კლანური მმართველობა რამდენად შეიცავს კორუფციის ნიშნებს? 

კახა წიქარიშვილი, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრი: უფრო მეტად კორუფცია სასამართლო სისტემაში არსებობს ისეთი ფორმით, რომ მოსამართლეს ეუბნებიან, როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 

ჟურნალისტის შეკითხვა: კლანის წევრები ეუბნებიან ამას?

კახა წიქარიშვილი: კი, კლანის წევრები მოსამართლეს ეუბნებიან, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს… მოსამართლე ამას ასრულებს და კლანი იღებს ფულს ამ საქმეებში.

ჟურნალისტის ხმა: ჩვენ 6 თვის მანძილზე ვსწავლობდით და ვაკვირდებოდით სასამართლო კლანის ლიდერებისა და გავლენიანი წევრების ქონებრივ დეკლარაციებს, ასევე, მათი ოჯახის წევრების სახელზე რეგისტრირებულ ქონებებს, სოციალურ ქსელებში მათ მიერ გამოქვეყნებულ ფოტომასალას.

ჟურნალისტის სტენდაფი: გავარკვიეთ, რომ კლანის ლიდერები დიდძალ ქონებას მალავენ, რადგან დეკლარაციებში მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების შესახებ მონაცემებს არ უთითებენ. ქონებები კი, რომელთა კანონიერი წარმომავლობის დადასტურება კლანის ლიდერებს გაუჭირდებოდათ, სწორედ ამ ოჯახის წევრებზეა რეგისტრირებული.

ლევან მურუსიძე: მე ვარ ლევან მურუსიძე, ამ სასამართლოს ლიდერი.

ჟურნალისტის ხმა: სასამართლო კლანის ერთ-ერთი ლიდერი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანი, ამჟამად კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ლევან მურუსიძე უკვე 22 წელია, რაც ამ სისტემაში მუშაობს. საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ის 2006 წლიდან ავსებს თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციას. თუმცა არცერთხელ მიუთითებია მასთან ერთად მცხოვრები ქალის და მასზე რეგისტრირებული ქონების შესახებ ინფორმაცია. სტუდია მონიტორმა არაერთი მტკიცებულება მოიპოვა, რომ ლევან მურუსიძე მის სახელზე რეგისტრირებულ ამ სახლში – მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში, ლელა ჭანიასთან ერთად ცხოვრობს. ამასთან, არაერთმა წყარომ დაგვიდასტურა, რომ ისინი წლებია ერთმანეთთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში არიან. თუმცა, თავად მურუსიძე უარყოფს, რომ ცოლი ჰყავს.

ჟურნალისტის შეკითხვა: რატომ არ უთითებთ დეკლარაციაში თქვენს მეუღლეს ლელა ჭანიას?

ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე: არ მყავს მეუღლე, გადაამოწმე ოფიციალურად რა და.

ჟურნალისტის შეკითხვა: რას გულისხმობთ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში ხართ?

ლევან მურუსიძე: საერთოდ არ მყავს მეუღლე.

ჟურნალისტის შეკითხვა: იქ ხომ ლელა ჭანიას მანქანა იდგა ეზოში?

ლევან მურუსიძე: არა.

ჟურნალისტის შეკითხვა: ჩვენ დავაფიქსირეთ არაერთხელ თქვენ ერთად ცხოვრობთ.

ლევან მურუსიძე: კი, ბატონო, გასაგებია.

ჟურნალისტის შეკითხვა: ფოტოებიც გვაქვს.

ლევან მურუსიძე: შეიძლება, გასაგებია, მაგრამ არ არის ეგრე.

ჟურნალისტის შეკითხვა: თქვენი ფოტოები გვაქვს ერთად გადაღებული, სამოგზაუროდაც ერთად ბრძანდებოდით, ახლაც ერთად იყავით და წინა წლებშიც ერთად იყავით.

ლევან მურუსიძე: არა, გეშლებათ .

ჟურნალისტის შეკითხვა: ერთად ცხოვრობთ, გადაღებული გვაქვს კადრები, ბატონო ლევან.

მანქანით მიდის მურუსიძე და აღარ პასუხობს კითხვებს.

გრაფიკა: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია II-ის მიერ დაფუძნებული „ივერიის ღვთისმშობლის ხატის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის ფონდის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ლევან მურუსიძეს ჯერ კიდევ 2010 წელს აქვს მითითებული ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების გრაფაში ლელა ჭანია.

ნაზი ჯანეზაშვილი, ფრაგენტი არქივიდან: შენა ხარ მონა! უსირცხვილო! შვილი დანიშნე მოსამართლის თანამდებობაზე!

ჟურნალისტის ხმა: 2021 წლის ივნისში კი, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან გზირიშვილის შვილი – ალექსანდრე გზირიშვილი მოსამართლედ დაინიშნა და ნეპოტიზმის ფაქტი დაფიქსირდა, ნაზი ჯანეზაშვილმა გაასაჯაროვა ის ინფორმაციაც, რომ ალექსანდრეს შვილის ნათლია  იყო ლევან მურუსიძის ცოლი – ლელა ჭანია.

ჟურნალისტის შეკითხვა: თქვენ თქვით, რომ ალექსანდრე გზირიშვილის შვილის ნათლია არის ლევან მურუსიძის მეუღლე ლელა ჭანია და თქვით, რომ ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რატომაც ალექანდრე გზირიშვილი დაინიშნა მოსამართლედ.

ნაზი ჯანეზაშვილი: ამ ოჯახს ჰქონდა წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკა, როგორ შეეღწიათ სასამართლო სისტემაში ისე, რომ მუდმივი თანამდებობა მიეღოთ. მომაწოდეს მერე რამდენიმე ხანში ინფორმაცია, ასე მითხრეს ყოველ შემთხვევაში, რომ მურუსიძის ცოლმა მონათლა მისი შვილი, ეს კითხვები დავსვი გასაუბრებაზე და ძაან ბუნდოვანი იყო მათი დამოკიდებულება.

ჟურნალისტის შეკითხვა: არ უარყო, ყოველ შემთხვევაში.

ნაზი ჯანეზაშვილი: არ უარყო, ეს იყო მთავარი.

ჟურნალისტის სტენდაფი: ჩვენ რამდენიმე დღე გავატარეთ ლევან მურუსიძის სახლთან მცხეთაში, სოფელ ძეგვში. არაერთხელ დავაფიქსირეთ ამ სახლის ეზოში ლევან მურუსიძისა და ლელა ჭანიას კუთვნილი ავტომანქანები. ახლაც, დილის 10-ის ნახევარია, ისევ მოვედით ლევან მურუსიძის სახლთან და ველოდებით სამსახურში წასვლის დროს, რომ გადავიღებთ და გაჩვენებთ მურუსიძისა და ჭანიას ავტომანქანებს.

ჟურნალისტი: გამოდის, გამოდის – მურუსიძეა. 

მურუსიძის შემდეგ ჭანია ტოვებს სახლს მანქანით.

ჟურნალისტის ხმა: “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანალიტიკოსი სანდრო ქევხიშვილი წლების მანძილზე სწავლობს თანამდებობის პირების დეკლარაციებს.

ჟურნალისტის შეკითხვა: ოჯახის წევრების გრაფაში ვინ უნდა მიუთითოს თანამდებობის პირმა დეკლარაციის შევსებისას?

სანდრო ქევხიშვილი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანალიტიკოსი: თანამდებობის პირმა დეკლარაციის შევსებისას უნდა მიუთითოს მისი მეუღლე, შვილები და, ასევე, ის ადამიანი, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობს ერთ სახლში

ჟურნალისტის შეკითხვა: მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მეუღლესთან გაფორმებული სამოქალაქო ქორწინება?

სანდრო ქევხიშვილი: თუ მაინც ერთად ცხოვრობენ, ერთ სახლში ცხოვრობენ, მაინც უნდა მიუთითოს ეს ადამიანი.

ჟურნალისტის სტენდაფი: მას შემდეგ, რაც ლელა ჭანიას სახელზე რეგისტრირებული ქონებების ჩამონათვალს გავეცანით, ნათელი გახდა, თუ რისთვის ჭირდება ლევან მურუსიძეს მისი დამალვა დეკლარაციაში. წავიდეთ, ერთად ვნახოთ სახლები და მიწის ნაკვეთები, რომლებიც ლელა ჭანიამ ბოლო წლებში იპოთეკური სესხების გარეშე შეიძინა. ჩვენ ახლა ამოვედით საირმის ქუჩაზე, რათა მოვძებნოთ ის კორპუსი, სადაც ლელა ჭანიას აქვს ბინა. დაახლოებით, აი, აქეთ უნდა იყოს.

ჟურნალისტის ხმა: საირმის 51 ნომერში, 60 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა ლელა ჭანიამ 2016 წელს შეიძინა 45 856 დოლარად.  გავარკვიეთ ისიც, რომ მანამდე ლელა ჭანია დიღმის მასივის პირველ კვარტალში, ამ ავარიულ კორპუსში იყო რეგისტრირებული. ამ კორპუსში, რომელიც საბჭოთა პერიოდში ბეჭდვითი სიტყვის კომბინატის პროფტექნიკური სასწავლებლის საერთო საცხოვრებლის დანიშნულებით აშენდა, დაახლოებით 15 კვ.მ ფართობის ოთახებია თითოეულ მაცხოვრებლებზე.

გრაფიკა: 2016 წელს ყოველგვარი იპოთეკური სესხის გარეშე, ლელა ჭანიამ თბილისში, მეფე მირიანის 9 ნომერში 63 კვადრატული მეტრი ბინა 30 ათას დოლარად, ხოლო 627 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კი მეაბრეშუმეობის ინსტიტუტთან – 31 350 დოლარად შეიძინა. 2015 წელს ლელა ჭანიამ ბათუმში, გორგასლის 156-ში იყიდა 50 კვადრატული მეტრი ბინა 24 ათას დოლარად, ხოლო თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე 700 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი – 35 ათას დოლარად. ანუ ჯამში, 2 წელიწადში ლელა ჭანიამ 166 200 აშშ დოლარის ღირებულების ბინები და მიწის ნაკვეთები შეიძინა.

ჟურნალისტის სტენდაფი: ახლა შევეცდებით გავარკვიოთ, თუ რა სახსრებით მოახერხა ლელა ჭანიამ 2 წელიწადში 3 სახლისა და 2 მიწის ნაკვეთის შეძენა. ამისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში მოვედით, სადაც ლელა ჭანია სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს უფროსად მუშაობს.

ჟურნალისტის შეკითხვა: გამარჯობა, სტუდია მონიტორიდან ვართ. ლელა ჭანიასთან გვინდა შეხვედრა.

სასამართლოს დაცვის თანამშრომელი: არ ვიცი, ჩვენ საქმის კურსში არ ვართ.

ჟურნალისტი: სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს უფროსია.

დაცვა: არ ვიცი ეხლა, გასაუბრება ესე არ ხდება.

ჟურნალისტი: ჟურნალისტები ვართ და კითხვების დასმა გვინდა მასთან.

დაცვა: არ ვიცი, დაელოდეთ, ჩვენს პრესსამსახურს დავუკავშირდებით, მაგის მიხედვით…

ჟურნალისტის სტენდაფი: თბილისის საქალაქოს სასამართლოში ლელა ჭანიასთან შეხვედრის საშუალება არ მოგვცეს, რათა გვეკითხა, თუ როგორ მოახერხა ბინების შეძენა და ხომ არ არის ეს ლევან მურუსიძის დაუსაბუთებელი ქონება? ამიტომ ამ შეკითხვებს მას პირადად და პრესსამსახურის მეშვეობით გავუგზავნით.

ჟურნალისტის ხმა: შეკითხვების გაგზავნის შემდეგ ლელა ჭანია თავად დაგვიკავშირდა მესინჯერით.

ჟურნალისტის შეკითხვა: ლევან მურუსიძესთან ერთად ხომ ცხოვრობთ?

ლელა ჭანია, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს უფროსი: მე არ ვცხოვრობ, მუდმივად არსად არ ვცხოვრობ, ჩემი საცხოვრებელი მაქვს  და მე სადმე თუ დავრჩები, ეგ არ არის მე მგონი თქვენი საქმე.

ჟურნალისტის შეკითხვა: არ ხართ კანონიერ ქორწინებაში კი, ბატონო, მაგრამ ხომ ცხოვრობთ ლევან მურუსიძესთან ერთად?

ლელა ჭანია: არავისთან არ ვცხოვრობ მუდმივად.

ჟურნალისტის შეკითხვა: ფოტოებს და ვიდეოებს ძეგვის სახლიდან ხომ აქვეყნებთ?

ლელა ჭანია: დანარჩენზე მე თქვენთან არ ვაპირებ საუბარს.

ჟურნალისტის შეკითხვა: ფოტოებს და ვიდეოებს ძეგვის სახლიდან ხომ აქვეყნებთ?

ჟურნალისტის ხმა: ლელა ჭანიამ ჩვენს სხვა შეკითხვებს არ უპასუხა. გავარკვიეთ, რომ საჯარო რეესტრში მის სახელზე არანაირი ბიზნესკომპანია არაა რეგისტრირებული. შესაბამისად, მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო ხელფასი უნდა იყოს.

გრაფიკა: სასამართლოში ლელა ჭანიას თანამდებობრივი სარგო თვეში 2750, ხოლო წელიწადში 33 ათასი ლარი, ანუ დაახლოებით 11 ათასი დოლარია. ეს იმას ნიშნავს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ბინების შესაძენად ჭანიას 15 წლის მანძილზე უნდა ეგროვებინა ხელფასი ისე, რომ საჭმელ-სასმელსა და სხვა აუცილებელ ხარჯებში 1 თეთრიც არ დაეხარჯა.

ჟურნალისტის ხმა: არადა, გავარკვიეთ, რომ ლელა ჭანია ძვირადღირებული ბრენდული სამოსისა და სამკაულის დიდი მოყვარულია და ამაში ყოველწლიურად სოლიდურ თანხებს ხარჯავს. ამ თანხების წარმომავლობა კი საეჭვოა, რადგან მათ შესაძენად არათუ ჭანიას, არამედ ლევან მურუსიძის ხელფასიც არასაკმარისია. მურუსიძის წლიური სარგო დაახლოებით 70 ათასი ლარია, ამასთან, როგორც მისი დეკლარაციიდან ჩანს, ხელფასის ნახევარს ის სესხებში იხდის. ჭანიას საკუთრებაში არსებული ოქროს ყელსაბამების, სამაჯურებისა და ბეჭდების დიდი ნაწილი ჩვენ “ფრანკოფონტანას” ქსელურ მაღაზიებში აღმოვაჩინეთ.

ჟურნალისტის შეკითხვა: და ამ ბეჭედს რა აწერია?

გამყიდველი: ფასი?

ჟურნალისტი: დიახ

გამყიდველი: 2363-ია საწყისი ფასი.

ჟურნალისტი: 2363-ია საწყისი ფასი?

გრაფიკა: ასეთი ბეჭედი ჭანიას ამ ფოტოში უკეთია. ასეთი ყელსაბამი, რომელიც ლელა ჭანიას ამ ფოტოში უკეთია, “ფრანკოფონტანაში” დაახლოებით 5000 ლარი ღირს, კულონი – 800 ლარამდე; ასეთი სამაჯურის ღირებულება 10 ათას ლარამდეა.  ასეთის კი  5000 ლარამდე.

ჟურნალისტის სტენდაფი: ლელა ჭანიას მიერ სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოქვეყნებული ფოტოებიდან აშკარაა, რომ მის პირად კოლექციაში ათეულობით ძვირადღირებული ოქროს ბეჭედი, ყელსაბამი, საყურეები და სამაჯური ინახება.

გრაფიკა: ეს “გუჩის” საათი ონლაინ სავაჭრო პლატფორმებზე სულ მცირე 10 ათასი დოლარი, ანუ დაახლოებით 30 ათასი ლარი ღირს.

ჟურნალისტის ხმა: ლელა ჭანია ძვირადღირებული ბრენდული სამოსისა და აქსესუარების აქტიური მომხმარებელია. მხოლოდ სოციალურ ქსელებში მის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ ფოტომასალაშიც კი ჩანს, რომ ის პრემიუმ ხაზის სამოსსა და აქსესუარებზე ათასობით ლარს ხარჯავს. ლელა ჭანიას ფოტოების შესწავლის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ დოლჩე&გაბანა განსაკუთრებით იზიდავს. ეს მისთვის მეგობრების მიერ მირთმეული ამ საიუბილეო ტორტიდანაც კარგად ჩანს.

გრაფიკა: “დოლჩე&გაბანას” ეს წითელი სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ჭანიას ამ ფოტოში აცვია, ბრენდული სამოსის ონლაინ მაღაზია farfetch.com-ზე 823 დოლარი, ანუ 2400 ლარი ღირს; ეს ფეხსაცმელი – 865 დოლარი, ანუ 2500 ლარი, ეს ბოტასები კი – 560 დოლარი, ანუ 1700 ლარი.

ჟურნალისტის ხმა: “დოლჩე&გაბანასა” და “გუჩის” გარდა, ლელა ჭანიას გარდერობში უხვად მოიპოვება ისეთი პრემიუმ ბრენდების სამოსი და აქსესუარები, როგორიცაა “პრადა”, “მოსკინო”, “ფურლა”, “ვალენტინო”, “ჯიმი ჩუ”, “მიუ-მიუ”, “მაკქუინი”, , “კასადეი”, მანოლო ბლანიკი. ამ ფოტოში ლელა ჭანიას დაახლოებით 4000 ლარამდე ღირებულების სამოსი აცვია: მაგალითად, D&G ასეთი ბოტასები ფარფეჩ. ქომ-ზე 560 დოლარი ღირს; “ფურლას” ეს ჩანთა – 350 დოლარი. გუჩის ეს  სათვალე – 299$. TUZZI-ს ამ მაისურის ღირებულება კი 140 ევროა. ამ ფოტოში კი ჭანიას ჯამში 5000 ლარამდე ღირებულების სამოსი აცვია. “დოლჩე გაბანას”ეს ფეხსაცმელი ფარფეჩ. ქომ-ზე 823$ ღირს, “მიუ მიუს” ეს სათვალე – 332$. მარკ კეინის ეს პერანგი 200 ევრო ღირს, შარვალი კი – 230 ევრო. ლელა ჭანია ძეგვში ლევან მურუსიძის სახელზე რეგისტრირებულ ამ სახლში გადაღებულ ფოტოვიდეომასალას ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში. მაგალითად, ამ სახლშია გადაღებული ეს ვიდეო, სადაც ჩანს ძვირადღირებული საახალწლო აქსესუარებით მორთული ოთახები, რომელსაც ფეისბუკის კომენტარებში “ლელას ლაპლანდიად” და “ლელას საოცრებათა სამყაროდ” მოიხსენიებენ მისი მეგობრები. ამავე ვიდეოში ჩანს თაროებზე განთავსებული ძვირადღირებული სასმელების კოლექცია. ამ ვიდეოში კი ლელა ჭანია უკვე ძვირადღირებული სააღდგომო აქსესუარების კოლექციას გვაჩვენებს.

ჟურნალისტის სტენდაფი: ბინები, ავტომობილი, ძვირადღირებული სამკაული, ბრენდული სამოსი – ამ ყველაფერზე დახარჯულ ასიათასობით ლარს ლევან მურუსიძე საზოგადოებას უმალავს, რადგან დეკლარაციაში ლელა ჭანიას შესახებ მონაცემებს არ უთითებს.

სანდრო ქვეხიშვილი: ესეთი სიტუაცია ცალსახად არის რისკის შემცველი. აქ შეიძლება წესით უნდა ხდებოდეს 2 რამ: ერთი, ის რომ საქართველოს პროკურატურა უნდა ინტერესდებოდეს ამ თემით, განსაკუთრებით თუ ეს ეხება მაღალი თანამდებობის პირს. 

ჟურნალისტის შეკითხვა: მითუმეტეს, მოსამართლეს თუ ეხება.

სანდრო ქევხიშვილი: მითუმეტეს მოსამართლეს თუ ეხება და უნდა დაიწყოს გამოძიება – მართლა რამესთან ხომ არ გვაქვს საქმე. მეორე, რაც უნდა მოხდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს აქვს დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტი და ამ დეპარტამენტმაც უნდა შეისწავლოს ესეთი შემთხვევა.

ჟურნალისტის ხმა: საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციების მონიტორინგის სამსახურის უფროსმა სატელეფონო საუბარში განგვიმარტა, რომ მურუსიძის დეკლარაციის მონიტორინგს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუ ჩვენ ოფიციალური განცხადებით მივმართავთ.

ჟურნალისტის შეკითხვა: ვთქვათ, გადაწყდა, რომ მოხდეს ლევან მურუსიძის დეკლარაციის მონიტორინგი, შემდეგ უკვე თქვენი ნაბიჯები რა იქნება?

ბესიკ ვეკუა, საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციების მონიტორინგის სამსახურის უფროსი: ვაცნობებთ თანამდებობის პირს, რომ დაწყებულია ამ და ამ საფუძვლებზე მისი დეკლარაციის მონიტორინგი, მოვთხოვთ დოკუმენტაციას და თუ გამოვლინდება შეუსაბამობები დეკლარაციაში არსებულ მონაცემებს შორის და ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემებს შორის, მივმართავთ შეკითხვით, მას აქვს უფლება გასცეს პასუხი და ჩვეულებრივი პროცედურაა როგორც ვახორციელებთ მონიტორინგს

ჟურნალისტის შეკითხვა: თუ თქვა, რომ არა, არ ვცხოვრობ მასთან მუდმივად და ხანდახან რჩება უბრალოდ, ეს ყველაფერი თქვენთვის იქნება საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ ერთად ცხოვრობენ?

ბესო ვეკუა: როცა ჩვენ შეკითხვით მივმართავთ, გამყარებულია კონკრეტული საფუძვლით. მონიტორინგის პროცესი გამოაჩენს ყველაფერს.

გრაფიკა: საჯარო სამსახურის ბიურომ ბოლო 5 წლის განმავლობაში 2000-მდე დეკლარაცია შეამოწმა და აქედან ნახევარზე მეტი დააჯარიმა, თუმცა პროკურატურას მხოლოდ 11 შემთხვევაში მიმართა. აქედან 3 საქმეზე გამოძიება შეწყდა,  დანარჩენ 8 შემთხვაზე კი, თუ როგორ დასრულდა გამოძიება, ბიურო ინფორმაციას არ ფლობს. პროკურატურაში კი ჩვენს შეკითხვაზე, თუ რა შედეგებით დასრულდა საჯარო სამსახურის ბიუროდან გაგზავნილ 8 საქმეზე გამოძიება, არ უპასუხეს.

ფრაგმენტი “თავისუფლების მონიტორის” არქივიდან: “დოკუმენტების მიხედვით, მიხეილ ჩინჩალაძის მამიდამ, მედეა ჩინჩალაძემ ჯანაშიას ქუჩაზე ბინები და ავტოფარეხები 2009 წელს შეიძინა, თუმცა ჩვენი წყაროს ცნობით, რეალური მფლობელი სწორედ მიხეილ ჩინჩალაძეა”.

ჟურნალისტის სტენდაფი: ჩვენი ეს ჟურნალისტური გამოძიება 2019 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდა, რომლითაც დავადგინეთ, რომ ჩინჩალაძის მამიდა დაუოჯახებელი იყო და მიხეილ ჩინჩალაძესთან ერთად ცხოვრობდა ბახტრიონის ქუჩაზე. ამის მიუხედავად, სასამართლო კლანის ლიდერმა მამიდის შესახებ ცნობები დეკლარაციაში არ მიუთითა და ასე დაუმალა საზოგადოებას მედეა ჩინჩალაძის სახელზე რეგისტრირებული ბინები და ავტოფარეხები თბილისის ცენტრში, ვერაზე.

მედეას ჩინჩალაძის მეზობელი: ალბათ, მაგათთან ცხოვრობს ზაფხულიდან.

ჟურნალისტი: ანუ ზაფხულიდან არ გინახავთ?

მეზობელი: მე პირადად არა

ჟურნალისტი: მაგათთან სად, ქალბატონო?

მეზობელი: სადღაც საბურთალოზე ცხოვრობდა ძმა მაგისი და.

ჟურნალისტის ხმა: მიხეილ ჩინჩალაძეს მედიაში გამოქვეყნებული ეს ცნობები არ უარუყვია. მას ჩვენც არაერთხელ მივმართეთ შეკითხვებით, თუმცა არ გვიპასუხა. სამსახურში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ის ვერ ვიპოვეთ. ჩავაკითხეთ მცხეთაში, სოფელ საგურამოში, სადაც ის ამ ფეშენებელურ ვილაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად, თუმცა კარი არ გაგვიღეს, რომ შეკითხვები დაგვესვა მიხეილ ჩინჩლაძისთვის. ირეაგირა თუ არა საჯარო სამსახურის ბიურომ, რომელსაც თანამდებობის პირების დეკლარაციების მონიტორინგი ევალება? ამ კითხვის პასუხად ბიუროდან მოგვწერეს, რომ ჩინჩალაძის 2019 წლის დეკლარაციის შემოწმების შედეგად დარღვევები ვერ აღმოაჩინეს.

ჟურნალისტის სტენდაფი: სასამართლო კლანის ლიდერებისა და წევრების ცოლების გვერდებს სოციალურ ქსელებში რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებოდით. შევისწავლეთ მათ მიერ გამოქვეყნებული ფოტომასალები და გავარკვიეთ, რომ კლანის მოსამართლეები ცოლებთან ერთად ბევრს მოგზაურობენ, თუმცა მათ დეკლარაციებში სამოგზაურო ხარჯების შესახებ ინფორმაცია ვერ აღმოვაჩინეთ.

ჟურნალისტის ხმა: ეს საბერძნეთში 2019 წელს გადაღებული ფოტოა. ფოტოზე ჩანს ლევან მურუსიძე და ლელა ჭანია. ასევე, სასამართლო კლანის კიდევ ერთი წევრი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, ამჟამად კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკო და მისი ცოლი გიული გიორგაძე, რომელიც ასევე სასამართლო სისტემაში მუშაობს – კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში კონსულტანტად. ბონდარენკოს შვილი ლელა ჭანიას ნათლულია. ამასთან, ისინი ერთსა და იმავე კორპუსში ფლობენ ბინებს ბათუმში. სტრასბურგში გადაღებული ეს ფოტოები სასამართლო კლანის კიდევ ერთი წევრის, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის, ამჟამად კი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარის, სერგო მეთოფიშვილის ცოლმა, დიანა მეთოფიშვილმა 2018 წელს გამოაქვეყნა ფეისბუკში. ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს, რომ მათთან ერთად არიან ლელა ჭანია და გიული გიორგაძეც. ათენი, სანტორინი, ვენეცია, რომი, ვენა, ტივოლი, ბადენ-ბადენი, ბერლინი, პარიზი – ეს იმ ქალაქების არასრული ჩამონათვალია, საიდანაც სასამართლო კლანის წევრების ცოლები და მათთან მცხოვრები პირები ფოტოებს აქვეყნებენ სოციალურ ქსელებში.

სანდრო ქევხიშვილი: დეკლარაციაში აუცილებელია ჩაწერო ნებისმიერი ხარჯი, რომელიც აღემატება 5000 ლარს. ამ ხარჯის არ მითითება არის დარღვევა და როგორც მინიმუმ დაჯარიმების საფუძველია, თუ დამატებით ეჭვებს იწვევს ეს დეკლარაციაში არ მითითება, მაშინ შეიძლება გამოძიებაც დაიწყოს, წესით უნდა იწყებოდეს.

ჟურნალისტის ხმა: ეს ვიდეომასალა ანონიმურმა წყარომ მოგვაწოდა, სადაც ჩანს, თუ როგორ მიემგზავრებიან ლევან მურუსიძე და ლელა ჭანია თბილისის აეროპორტიდან სტამბულის მიმართულებით “თურქეთის ავიახაზებით”. ამავე ვიდეომასალაში ჩანს, რომ მურუსიძესთან ერთად, სერგო მეთოფიშვილი და მისი მეუღლე მიემგზავრებიან. იმის გასარკვევად, თუ სად გაემგზავრნენ, დიდი დრო არ დაგვჭირვებია. ლელა ჭანიამ რამდენიმე საათში გამოაქვეყნა ფეისბუკში ლისაბონში გადაღებული ფოტო. იმისათვის, რომ გაგვერკვია, დაახლოებით რა თანხა დაუჯდებოდათ მოსამართლეებს პორტუგალიაში დასვენება, პირველ რიგში, უნდა გაგვეგო, თუ რამდენ დღეს გაატარებდნენ ისინი ლისაბონში. ამისათვის ჩვენ აეროპორტში 7 ღამის გათენება მოგვიწია.

ჟურნალისტის სტენდაფი: ახლახანს მოვიდა ლევან მურუსიძის მანქანით ერთი ადამიანი. თქვენ კადრში ხედავთ ჩემს უკან ლევან მურუსიძის მანქანას, ემელს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისიც მალე ჩამოვა.

ჟურნალისტის ხმა: ლევან მურუსიძე, ლელა ჭანია, სერგო და დიანა მეთოფიშვილები, პორტუგალიიდან 8 დღის შემდეგ დაბრუნდნენ თბილისში. ჩვენი ყურადღება მიიქცია ჩემოდნების რაოდენობამაც. კადრებში ჩანს, რომ ლევან მურუსიძე და ლელა ჭანია თბილისიდან თითო-თითო ჩემოდნით გაემგზავრნენ, უკან კი 2-2 ჩემოდნით დაბრუდნენ.

გრაფიკა: მურისიძესა და მეთოფიშვილს პორტუგალიაში მათ თანმხლებთან ერთად 8 დღის  გასატარებლად მინიმუმ 2400-2400 ლარი უნდა ჰქონოდათ, რასაც კანონი ავალდებულებს ვიზიტორებს პორტუგალიაში შესასვლელად. სასტუმროში კი, თუ Booking.com-ის ფასებით ვიხელმძღვანელებთ, ორადგილიან ნომერში სულ მცირე 3000-3000 ლარი უნდა გადაეხადათ. ამას უნდა დავუმატოთ “თურქეთის ავიახაზების” ორმხრივი ბილეთის ღირებულება თბილისი-ლისაბონი-თბილისის მიმართულებით, რაც ერთ ადამიანზე მინიმუმ 1500 ლარია. ამ მონაცემების შეკრებით კი ვნახავთ, რომ მხოლოდ მგზავრობის, სასტუმროსა და კანონით მოთხოვნილი დღიური ხარჯი  მნიშვნელოვნად აჭარბებს 5000 ლარს, ანუ თანამდებობის პირისთვის კანონით მოთხოვნილ თანხას, რომელიც დეკლარირებას ექვემდებარება.

ჟურნალისტის ხმა: სერგო მეთოფიშვილს ვკითხეთ, თუ რატომ არ უთითებს დეკლარაციებში სამოგზაურო ხარჯებს, რაზეც გვიპასუხა, რომ სამსახურებრივ მივლინებებში დადის ცოლთან ერთად, თუმცა როცა პორტუგალიაში დასვენებაზე ვკითხეთ, დაიბნა:

ჟურნალისტის შეკითხვა: მხოლოდ სამსახურებრივი მივლინებით დადიოდით?

სერგო მეთოფიშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე: ბორჯომში ვიყავი წინა თვეს, მეუღლეც წავიყვანე.

ჟურნალისტი: პორტუგალიაშიც ხომ იყავით წინა თვეს.

სერგო მეთოფიშვილი: სადა?

ჟურნალისტი: პორტუგალიაში.

სერგო მეთოფიშვილი: არ ვიცი, არ მახსოვს, სად ვიყავი პორტუგალიაში.

ჟურნალისტი: წინა თვეს პორტუგალიაში იყავით თუ არა არ გახსოვთ?

სერგო მეთოფიშვილი: არა კოვიდი მქონდა მე, დამემართა კოვიდი

ჟურნალისტი: ივნისში პორტუგალიაში არ იყავით?

სერგო მეთოფიშვილი: არ გპასუხობთ, აი, არასერიოზულად მეკითხებით მე მეუღლესთან ერთად სადღაცა იყავიო, ბორჯომში, რატო არ ასახეო

ჟურნალისტი: ბორჯომში არ მიკითხავს განგებ.

რესპონდენტი თიშავს ტელეფონს.

ჟურნალისტის შეკითხვა: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკომ არ უპასუხა ჩვენს შეკითხვას, თუ რატომ არ უთითებს დეკლარაციაში სამოგზაურო ხარჯებს. მოგზაურობისა და სხვა ხარჯების შესახებ გვინდოდა დაგვესვა შეკითხვები ლევან მურუსიძისა და ლელა ჭანიასთვის, თუმცა ჩვენი გადამღები ჯგუფის გამოჩენისთანავე ისინი მანქანით გაიქცნენ. ამის შემდეგ ლევან მურუსიძეს ტელეფონით მივწერეთ შეკითხვები, თუმცა პასუხები ვერ მივიღეთ.

ლევან მურუსიძე და სერგო მეთოფიშვილი არასწორად შევსებული დეკლარაციების გამო 2018 წელს დააჯარიმეს. პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე ხელმძღვანელობდა იმ პერიოდში საჯარო სამსახურის ბიუროსთან არსებულ კომისიას. მაშინ ის არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის თანამშრომელი იყო.

საბა ბუაძე, პარტია “ლელოს” წევრი: ყველაზე დიდი პარადოქსი არის, რომ მაგალითად დეკლარაციების მონიტორინგის სისტემას ასაჩივრებს მურუსიძე, რომელიც თავად არის ადმინისტრაციული კოლეგიის ხელმძღვანელი; ასაჩივრებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმდროინდელი წევრი მეთოფიშვილი, რომელიც ასევე გავლენიანი წევრი იყო ამ სასამართლოს კლანის, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს სისტემა ამ ხალხისთვის არის მართლაც ძალიან დიდი პრობლემა. 4:37 ის, რომ დეკლარაციების მონიტორიგის სისტემა აუცილებელია, მათ შორის სასამართლოსთან მიმართებით არის აუცილებელი, ეს დასტურდება მიხეილ ჩინჩალაძის შემთხვევაში, სადაც სახეზე გვაქვს ძალიან ცხადი სისხლის სამართლის დანაშაული, როდესაც მან არ მიუთითა განზრახ მასთან მუდმივად მცხოვრები პირი მამიდა, რომელზეც გაფორმებული იყო რამდენიმე ასეული ათასი დოლარის ღირებულების ქონება.

ჟურნალისტის ხმა: სასამართლომ მურუსიძისა და მეთოფიშვილის საჩივრები დააკმაყოფილა და ჯარიმები უკან დაუბრუნა.

გრაფიკა: სასამართლომ ფაქტად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა დეკლარაციებში უზუსტო/არასრული ინფორმაციები მიუთითეს, თუმცა იქვე დაადგინა, რომ “თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მონაცემების უზუსტოდ დიფერენენცირება ან რაიმე მონაცემების მიუთითებლობა არ შეიძლება შეფასებულიყო მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენად”. საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონით, „დაუსაბუთებელი ქონება“ არის ქონება, რომლის კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს არ გააჩნია. ამასთან, „ოჯახის წევრში“ იგულისხმება პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი.

ჟურნალისტის სტენდაფი: ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებით გაჩვენეთ, რომ სასამართლო კლანის ლიდერები ქონებრივ დეკლარაციაში არ უთითებენ ოჯახის წევრებად მათთან მუდმივად მცხოვრებ პირებს. ამავდროულად ამ პირების სახელზე დიდძალი დაუსაბუთებელი ქონებაა, რადგან მათი კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები ჩვენ ვერ მოვიპოვეთ. ამ მტკიცებულებების მოძიება და შესაბამისი კვალიფიკაცია, არის თუ არა სახეზე კორუფციული გზით მიღებული ქონების გადამალვის მცდელობა, პროკურატურის პრეროგატივაა.

კახა წიქარიშვილი: 2 წელი, 2013-14 წლებში იყო დაპირისპირება კლანსა და “ქართულ ოცნებას” შორის. ამ დროს სასამართლოს შიგნით დაიწყო მოძრაობა ბიძინასთან კავშირების დამყარებისთვის, რამდენიმე ჯგუფი ცდილობს ბიძინასთან გავიდეს კავშირზე. ყველაზე მარჯვე აღმოჩნდა ჩინჩალაძის ჯგუფი. მიხეილ ჩინჩალაძემ, რომელიც პირდაპირ კავშირზე იმყოფება უკვე ბიძინასთან, მან ბიძინა ივანიშვილს დაუმტკიცა, რომ აქვს უნარი კონკრეტულ საქმეებზე ზემოქმედების და იყო რამდენიმე, კაბელების საქმე მათ შორის, სადაც მოხდა ჩარევა და ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ფსონს ჩინჩალაძის გუნდზე.  ამის პარალელურად ვხედავთ, რომ “ქართული ოცნება” დგამს ნაბიჯებს, რომ სასამართლო სისტემა ნელ-ნელა გადააბაროს კლანს.

ნაზი ჯანეზაშვილი: მურუსიძე რომ არა, ჩინჩალაძე ვერ შეძლებდა, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაელაგებინა ურთიერთობა. 

ჟურნალისტის შეკითხვა: მურუსიძის დახმარებით მოხდა ბიძინა ივანიშვილთან?

ნაზი ჯანეზაშვილი: მე ესე ვფიქრობ იმიტომ, რომ ჩინჩალაძეს, ამ შემთხვევაში პერსონებსაც აქვს მნიშვნელობა, მურუსიძემ შეძლო კომუნიკაცია უკეთესი

ჟურნალისტი: ბიძინა ივანიშვილთან?

ნაზი ჯანეზაშვილი: და ალბათ ბიძინა ივანიშვილის გემოვნებისაც აღმოჩნდა მურუსიძე, უფრო ადვილად შეძლეს ურთიერთობის დამყარება. ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება დგას ძალიან დიდწილად ამ სასამართლოზე.

ჟურნალისტის ხმა: ბიძინა ივანიშვილის ადვოკატს მივწერეთ შეკითხვები სასამართლო კლანის ლიდერებთან ყოფილი პრემიერის თანამშრომლობის შესახებ, თუმცა პასუხები ვერ მივიღეთ.

ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს ხმა: ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია, ყველამ კარგად იცის, რომელ ოლიგარქზეა საუბარი. გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყანა გახდეს იმ ხალხის მძევალი, რომლებიც ძალაუფლების ჩრდილში რჩებიან.