სისტემისგან განწირულები

ჟურნალისტი: ქეთი თუთბერიძე ; რედაქტორი: ნანა ბიგანიშვილი
Divider dot 29 იანვარი 2024

გარდაცვლილი პატიმრის დეიდა: ავადმყოფი გაიყვანეს სახლიდან და მკვდარი მოგვიყვანეს. 

პატიმრობის მე-17 დღეს, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში, ე.წ გლდანის ციხეში ბრალდებული გარდაიცვალა. მთელი ამ დროის განმავლობაში იგი საავამდყოფოში გადაყვანას ითხოვდა.

გარდაცვლილი პატიმრის დედა: რატომ არ დატოვეს იმ ციხის საავადმყოფოში რომ გამოეკვლიათ ?!

როგორ აღმოჩნდა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბრალდებული ციხეში და რის საფუძველზე შეუფარდეს მას პატიმრობა?

ადვოკატი ზურაბ დგებუაძე: დაფიქსირებულია ვიდეოკამერაზე, სადაც შემაძრწუნებელი რამ ხდება. თითქოს წინასწარ იცის, რომ განწირულია. 

ჟურნალისტი: ეს რა არის რეალურად, თქვენი აზრით, ანუ რა მოხდა? რატომ მოხდა ასეთი რაღაც?

პროკურორი ლაშა გამყრელიძე: საქმის ინტერესებიდან გამომდინარე ამ თემაზე ვერ ვისაუბრებ.

გულგრილობა თუ  არაადამიანური მოპყრობა, როგორც სისტემური დანაშაული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრებისადმი…

ნიკა კვარაცხელია: როდესაც ადეკვატური სამედიცინო და სხვა ტიპის სერვისები არ არის ხელმისაწვდომი ამ პირისთვის, შეიძლება გაუტოლდეს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.

სათაური: სისტემისგან განწირულები

გარდაცვლილი პატიმრის დეიდა: ესა და ესა ვარო, თქვენი გამომძიებელიო. არაფერი ცუდი არ მითხრა-მეთქი… და ეს მითხრა…

ჟურნალისტის ხმა: ფსიქიატრიული ექსპერტიზის მოლოდინში მყოფი 45 წლის პატიმარი სასჯელაღსრულების მე-8 საპყრობილეში გარდაიცვალა. მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

გარდაცვლილი პატიმრის დეიდა: გავქვავდი, იცით?! ცრემლიც არ მვარდება. და არაფერი ცუდი არ მითხრა-მეთქი და სამწუხაროდო, სამწუხაროდო და თავში ჩავირტყი…

​​ჟურნალისტის სთენდაფი:

ჩვენ მოგიყვებით, როგორ აღმოჩნდა სამედიცინო დაწესებულების ნაცვლად ბრალდებული სამარტოო საკანში. რას შეეწირა იგი, – გულგრილობა თუ  არაადამიანური მოპყრობა, როგორც სისტემური დანაშაული?!

ჟურნალისტის ხმა: “სტუდია მონიტორმა” გარდაცვლილი პატიმრის საქმე დეტალურად შეისწავლა. მისი პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, ჩვენ გარდაცვლილი პატიმრის ვინაობას არ ვასაჯაროვებთ და მას შეცვლილი სახელით მოვიხსენიებთ.

გარდაცვლილი პატიმრის დედა: პირველ კურსზე რომ შევიდა, იარაღი დაადეს, დანა დაადეს, შარვალი გაიხადეო, არ გაიხადა, კიბეებზე ჩამოიყვანეს მეოთხე სართულიდან და სცემეს და აკრძალა უნივერსიტეტში სიარული. მერე მანტო გახადეს, მერე მამა მოუკვდა 51 წლის და მე დამყავდა უნივერსიტეტში, ვიდექი იქ და ველოდებოდი. შიშები ჰქონდა ყველაფრის.

ჟურნალისტის ხმა: ცხინვალიდან დევნილმა გიორგიმ სოციალურ ქსელში ქალი გაიცნო. რამდენიმედღიანი მიმოწერის შემდეგ, ურთიერთობა  დაეძაბათ. სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, მან ქალს უცენზურო და მუქარის შემცველი ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა. საჩივარი გიორგის წინააღმდეგ უცნობმა ქალმა 2023 წლის 20 ივნისს შეიტანა. პოლიცია მის დასაკავებლად  იმავე დღეს, სასამართლოს განჩინების გარეშე ნაქირავებ ბინაში მივიდა, სადაც იგი დედასთან ერთად ცხოვრობდა .

გარდაცვლილი პატიმრის დედა: მილიცია რომ მოვიდა, გეძებდითო იქო, აქო და მოვიდნენ და შემოსულან და ჩასვეს. თავი ესე, მაღალი რომ იყო, დააწევინეს და თუ ყელზე ვინმე ხელს მოკიდებდა, შიში ჰქონდა, რომ დაიხრჩობოდა. და ესე რომ მოკიდა, შეიყვანა მანქანაში… 

ჟურნალისტის ხმა: დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილ მოქალაქეს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა ედებოდა ბრალად, რაც ადევნებას და ტელეფონით არასასურველ კომუნიკაციას გულისხმობს. გამოკითხვის ოქმში დაზარალებული წერდა, რომ გიორგი მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. თავად დაკავებულმა მუქარის შემცველი ტექსტური შეტყობინების გაგზავნა აღიარა, მაგრამ განმარტა, რომ ეს ხუმრობა იყო და უცნობმა ქალმა მისი სიტყვები არასწორად გაიგო. პოლიციამ ისიც გაარკვია, რომ დაზარალებული და დაკავებული პიროვნება ფიზიკურად ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.

გარდაცვლილი პატიმრის დედა: იქით-აქეთ, ხელებზე ბორკილი და გაჰყავთ. ამან უთხრა, ვერ წამოგყვებით, აი აქ დამტოვე ღამე და გამათენებინეთო, მე იქ კახეთში ვერ წამოგყვებით, მე იქ მოვკვდებიო. თუ დედა აქა მყავს გვერდით, მე არ შემიძლიაო.   

პოლიციის მთავარ სამმართველოში მისი გამოკითხვა ადვოკატის გარეშე დილის 5 საათამდე  გაგრძელდა, გამთენიისას კი საგარეჯოში,  წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. როგორც ირკვევა, იმ ღამით თბილისის არცერთ იზოლატორში ადგილი არ მოიძებნა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პოლიციამ დაკავებულის დეიდას უფლება მისცა, საგარეჯოში გაჰყოლოდა.

გარდაცვლილი პატიმრის დეიდა: წავედით საგარეჯოში. რა უნდა ვთქვა, ძაან კარგი ხალხი იყვნენ იქაც, ის  ბადრაგებიც, ჩვეულებრივ მიიღეს. რადგან მისიანი იყო იქ, მას აღარ ეშინოდა ისე და ვიყავი გარეთ. ვიდექი იქ შესასვლელში. არც სკამებია, არაფერი. 

ჟურნალისტის ხმა: როგორც გარდაცვლილის დეიდა გვიყვება, გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა არც საგარეჯოს იზოლატორის ექიმს გამოჰპარვია.

გარდაცვლილი პატიმრის დეიდა: მოითხოვა ექიმი, ექიმი შევიდა და მერე მითხრა, ეს არ ვიციო რა არისო, ამას შველა უნდაო და აქ რანაირად მოხვდაო?!

ჟურნალისტის ხმა: დაკავებიდან ორი დღის შემდეგ, დედამ პოლიციაში შვილის ფსიქიკური ჯანმრთელობის ამსახველი დოკუმენტაცია წარადგინა, – დიაგნოზი და დანიშნული მედიკამენტების სია, რასაც ბრალდებული წლების განმავლობაში უწყევატად იღებდა. 

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მას ფსიქო-სომატური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მისი ერთ-ერთი მკურნალი ფსიქოთერაპევტი წერს, რომ პაციენტის მდგომარეობა წლების განმავლობაში იყო სტაბილურად არადამაკმაყოფილებელი, ხოლო გამწვავების პერიოდში დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა. ექიმის დანიშნულებით იგი იღებდა მედიკამენტებს და ანტიდეპრესანტებს.

გარდაცვლილი პატიმრის დედა: თუ მე თავზე არ ვედექი, ვერ ჭამდა. უნდა დაელია წამალი შუადღისას და მერე შევაჭმევდი და ეგ იყო სულ მისი ჭამა.

ჟურნალისტის ხმა: გარდაცვლილი პატიმრის დედა  გვიყვება, რომ ჯანმრთელობის პრობლემები მის შვილს 18 წლიდან ტრავმის შედეგად დაეწყო. ჰქონდა სიკვდილის შიში, დედის გარეშე დამოუკიდებლად ვერ ჭამდა, ხოლო მყარ საკვებს ბავშვობიდან ვერ ყლაპავდა.

გარდაცვლილი პატიმრის დედა: ბოლო ათ წელზე მეტია ძაან დაიმძიმა ცხოვრება და ნევროზმა დაამძიმა. აი, ესე კარებს თუ გახსნიდა და ქუჩაში გავიდოდა, ფეხები მიკანკალებს, ფეხებში რაღაცა მომდის, მოვკვდები?! მოვკვდები, დედა მოვკვდები…. აი მეშინია, აი აქ ვერ ვყლაპავ, ცუდად ვარ… 

ჟურნალისტის ხმა: საგარეჯოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გიორგიმ დღენახევარი გაატარა. 

​​ჟურნალისტის სთენდაფი:

პირველი და უკანასკნელი სასამართლო პროცესი დაპატიმრებიდან ორ დღეში, 22 ივნისს გაიმართა, შემდეგი პროცესი კი 50 დღის შემდეგ ჩაინიშნა, როცა ბრალდებული უკვე გარდაცვლილი იყო. რადგან ადევნების მუხლი სასჯელად ჯარიმასაც ითვალისწინებს, ადვოკატი გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა. თუმცა მოსამართლე, დავით მგელიაშვილმა პატიმრობის შეფარდების შესახებ პროკურორის შუამდგომლობა გაითვალისწინა

ჟურნალისტის ხმა: ადვოკატი ზურაბ დგებუაძე, რომელიც ამ საქმეში ბრალდებულის გარდაცვალების შემდეგ ჩაერთო,  ამბობს, რომ  მისი დაპატიმრება ოჯახისთვის მოულოდნელი იყო.

ზურაბ დგებუაძე: თუ იმ შემთხვევაში დადგინდება პირის ბრალეულობა, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს ჯარიმა, სავალდებულო საზოგადოებრივი შრომა, ჩართვა პირის ან, უკიდურეს შემთხვევაში, თუ ეს რეციდივისტია ან პირობითი სასჯელი ჰქონდა და მაინც ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული ან სხვა სახის დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, ამ შემთხვევაში მაქსიმუმ ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

ჟურნალისტის ხმა: დიდუბე -ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი,  ლაშა გამყრელიძე აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვდა. წინასწარი პატიმრობის ერთ-ერთ არგუმენტად კი სწორედ ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებდა.

ჟურნალისტი: რატომ ითხოვდით პატიმრობას გირაოს სანაცვლოდ?

ლაშა გამყრელიძე: სანამ პირს არ შეუმოწმდება შესაბამის დაწესებულებაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ფსიქიკური მდგომარეობა, მანამდე ექსპერტი ვერ დაადგენს იგი შერაცხადი იყო თუ შეურაცხადი… თუმცა არსებობდა საქმეში არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით საკმარისი იყო მის მიმართ პატიმრობის გამოყენებისთვის.

ზურაბ დგებუაძე: გაოცებას იწვევს სამართლებრივი თვალსაზრისით პროკურორის შუამდგომლობა და შესაბამისად, სასამართლოს განჩინება, რის საფუძველზედაც შეუფარდეს პატიმრობა. ესე იგი პროკურორის შუამდომლობაზე, რა ვიცი, რა გითხრათ?! მხოლოდ ზოგადი ფრაზები, ეპიზოდურად მოჰყავს მონაკვეთები, რომელიც აბსოლუტურად არ ჯდება საქმესთან მიმართებაში.

ჟურნალისტის სთენდაფი: 

ამ სისხლის სამართლის საქმიდან ირკვევა, რომ იმ დროს, როდესაც სასამართლო პროცესზე გიორგის ბედი წყდებოდა, პროკურორს ორი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმე ერთმანეთში აერია. პროკურორი  თავის შუამდგომლობაში იმ არგუმენტებს ეყრდნობა, რომელსაც გიორგის საქმესთან არავითარი შემხებლობა არ ჰქონია და სრულიად სხვა სისხლის სამართლის საქმის დეტალებს აღწერს. 

ჟურნალისტის ხმა: ,,მაგალითად: საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულია მ. , ასევე დაზარალებული ოჯახის წევრები, რომლებიც იძლევიან ბრალდებულის მამხილებელ ინფორმაციებს. არსებობს საფრთხე, რომ ა. ზემოქმედებას მოახდენს მოწმეებზე”.  

ასევე პროკურორი მის შუამდგომლობას საქმეში არარსებულ მტკიცებულებასა და ინფორმაციაზე აფუძნებს, ხოლო აღკვეთის ღონიძიების გამოყენების საფუძვლად შემაკავებელ ორდერსა და ოქმებზე მიუთითებს, მაგრამ ასეთი ორდერი ამ საქმის მასალებში არ მოიპოვება. 

საქალაქო სასამართლოში პროკურორის შეცდომა მოსამართლე დავით მგელიაშვილს არ შეუმჩნევია, – უფრო მეტიც,  დასაბუთება საფუძვლიანად მიიჩნია და ბრალდებული ციხეში გაუშვა.  

ზურაბ დგებუაძე: ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, – ყველა უმტკიცებს სამართალდამცავებს და სხვათაშორის, სასამართლო პროცესზეც იგივე ხდება, რომ ეს კაცი აუცილებლად დაიღუპება თუ მის მიმართ გამოყენებული იქნება საპატიმრო ღონისძიება. უფრო მეტიც, დედა აძლევს ექიმის დანიშნულებას, დიაგნოზს და გულქვა მოსამართლე და პროკურორი მაინც და მაინც იღებენ გადაწყვეტილებას, რომ დააპატიმრონ.

ჟურნალისტის ხმა: ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვები პროკურორ ლაშა გამყრელიძეს მაშინ დავუსვით, როცა მორიგ სასამართლო პროცესზე შედიოდა.

ჟურნლისტი: ჩვენ შევისწავლეთ ეს საქმე დეტალურად და გაგვიჩნდა კითხვა.  თქვენს შუამდგომლობაში არის ნახსენები ეპიზოდი, – სრულიად სხვა საქმიდან მოყვანილი, აი, ნახეთ, მე ხმამაღლა არ მინდა ვთქვა, აი, გახაზული მაქვს და ასევე ნახსენებია შემაკავებელი ორდერი, რომელიც არ იდო ამ საქმეში. ეს რა არის რეალურად, თქვენი აზრით, ანუ რა მოხდა? რატომ მოხდა ასეთი რაღაც?

პროკურორი: საქმის ინტერესებიდან გამომდინარე ამ თემაზე ვერ ვისაუბრებ.

ჟურნალისტი: ანუ შეცდომა არის ტექნიკური თუ რა არის?

პროკურორი: არანაირი შეცდომა არ არის საპროცესო დოკუმენტებში, შესაბამისი დოკუმენტები ეყრდნობა მხოლოდ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებული მტკიცებულების საფუძველზეა შედგენილი ყველა საპროცესო თუ საგამოძიებო მოქმედების ამსახველი დოკუმენტი. ეს შემიძლია გითხრათ.

ჟურნალისტი: დიახ, თუმცა შეცდომა არის ცალსახად. 

პროკურორი: არანაირი შეცდომა საპროცესო თუ საგამოძიებო დოკუმენტების ამსახველ ოქმებში არ მოიპოვება, ეს შემიძლია გითხრათ.

ჟურნალისტის ხმა: ბრალდებული მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ე.წ. გლდანის ციხეში 22 ივნისს, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გადაიყვანეს. იმავე დღეს ის სამარტოო საკანში მოხვდა. სამედიცინო მოხსენებით ბარათში, რომელსაც ციხის ექიმი ირაკლი მაისურაძე აწერს ხელს, წერია: “განთავსდეს დეესკალაციის ოთახში, აღენიშნება დეპრესია”.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე  ციხეებში არსებულ სისტემურ პრობლემებს წლებია იკვლევს. 

ნესტან ლონდარიძე: როდესაც ხდება გამოვლენა ფსიქიკური პრობლემის, რა თქმა უნდა აქ მომატებული მეთვალყურეობა უნდა განხორციელდეს, რაც სამწუხაროდ ძალიან ხშირად ირღვევა. ირღვევა იმ კუთხით, რომ ძალიან ხშირად ვხვდებით ამ პიროვნებებს, რომლებიც დეესკალაციის ოთახში არიან განთავსებულნი. ამას უნდა ჰქონდეს მიზნობრივი დანიშნულება, გარკვეულ საფრთხეს უნდა უქმნიდეს როგორც საკუთარ თავს ისე გარშემომყოფებს და განთავსებული უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში, მაგრამ განსაკუთრებული რისკის შემთხვევაშიც კი, როცა გვაძლევს ჩვენება, რომ უნდა განთავსდეს დეესკალაციის ოთახში, არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს. თუმცა პრაქტიკაში ძალიან ხშირად ვხვდებით სწორედ ამ ვადების დარღვევას. 

ჟურნალისტის ხმა: მარტოობის შიშით გამოწვეული სტრესი მისთვის აუტანელი იქნებოდა, – გვეუბნება ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი, ვისთანაც გიორგი მკურნალობდა.

რეზო კორინთელი: ის გარეთ ვერ გადიოდა, როგორც მე ვიცი, დედამისის  გარეშე პატარა დისტანციაზეც კი და იწვა სულ სახლში; უხალისობის პერიოდებიც ჰქონდა, მძიმე უხალისობის. რა თქმა უნდა, ასეთ პაციენტს რომ ათავსებ ასეთ იმაში (გარემოში), ძალიან მძიმეა.

ჟურნალისტი: თქვენ, როგორც ფსიქიატრს არასდროს არ გაგჩენიათ განცდა, რომ ის შეიძლება საშიში ყოფილიყო საზოგადოებისთვის? 

პასუხი: სოციალურად?! არა, არანაირი!

ჟურნალისტის ხმა: მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მან შვიდი დღე-ღამე გაატარა.

ჟურნალისტის ხმა: დეესკალაციის ოთახებში არსებულ მძიმე პირობებს საერთაშორისო ორგანიზაცია “ციხის რეფორმა” შემდეგნაირად აღწერს: 

“დეესკალაციის ოთახებში ყოფნის დროს, პატიმრებს უმეტესად არ ეძლევათ შხაპის მიღების და გასეირნების საშუალება, შეზღუდული აქვთ მაღაზიით სარგებლობის, სატელეფონო ზარით, პირადი მიმოწერით და პაემნით სარგებლობის უფლება. არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. პატიმრების განცხადებით, დეესკალაციის ოთახში მათ შეზღუდული აქვთ სახალხო დამცველთან და ადვოკატთან დარეკვის უფლებაც”.

არსებული მავნე პრაქტიკა არაადამიანურ და ღირსებისშემლახავ მოპყრობადაა შეფასებული სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშებშიც.

ნიკა კვარაცხელია: იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დეესკალაციის ოთახში განცალკევებით, ხანგრძლივად მოთავსება ისეთ პირობებში, როდესაც ადეკვატური სამედიცინო და სხვა ტიპის სერვისები არ არის ხელმისაწვდომი ამ პირისთვის, შეიძლება გაუტოლდეს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.

ჟურნალისტის ხმა: გიორგის  მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. ამას მოწმობს პატიმრის გარდაცვალების შემდეგ შედგენილი ციხის მედპერსონალის გამოკითხვის ოქმები.

ამონარიდი გამოკითხვის ოქმებიდან: 

“იგი უჩიოდა კბილების არარსებობას და ტკივილებს პირის ღრუში და ზოგად სისუსტეს. ასევე ჰქონდა ფსიქოლოგიური ჩივილები, კერძოდ, არ იღებდა საკვებს. ამბობდა, რომ მხოლოდ დედამისის მიერ მიწვდილ საჭმელს ჭამდა. იგი ითხოვდა, მასთან მისულიყო დედამისი და მას მიეცა მისთვის საკვები. დღის განმავლობაში, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, არ მიუღია საკვები და წყალი. საღამოს, 23 ივნისს იგი გადმოვიყვანე სამედიცინო პუნქტში, რის შემდეგაც მოხდა ინტრავენურად საინფუზიო ხსნარის გადასხმა. ასევე მიეცა მისთვის დანიშნული მედიკამენტები”.

„დაწესებულებაში შემოყვანის დროს მას ეტყობოდა, რომ დაწესებულებაში მოთავსების გამო იყო ძალიან დათრგუნული და შეშინებული, ასევე ექიმ ფსიქიატრის დანიშნულებით დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა. ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ იგი განიცდიდა დაწესებულებაში ყოფნის ფაქტს და იყო დაძაბული. ჩანდა, რომ იგი იყო მშვიდი, უკონფლიქტო ადამიანი”. 

ჟურნალისტის ხმა: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმართა რთული მდგომარეობა, სამედიცინო მომსახურების და სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კვლავაც გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ეს მძიმე რეალობა სახალხო დამცველის ანგარიშებში ყოველწლიურად აისახება. ყოველწლიურად გაიცემა რეკომენდაციებიც, რაც პატიმრების ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას უნდა აუმჯობესებდეს. თუმცა რეკომენდაციათა მნიშვნელოვან ნაწილს სახელმწიფო უწყებები რომ არ ითვალისწინებს, სახალხო დამცველის აპარატშიც დაგვიდასტურეს.

ნიკა კვარაცხელია: ცალსახაა, რომ პენიტენციურ სისტემაში, როდესაც პირი იმყოფება, პასუხისმგებლობას სრულად იღებს სახელმწიფო, რომ უზრუნველჰყოფს მის უსაფრთხოებას და უზრუნველჰყოფს იმას, რომ ღირსეულ პირობებში მოიხადოს სასჯელი. რეკომენდაციების შესრულებას რაც შეეხება, სამწუხაროდ არ არის მაღალი მაჩვენებელი და არის პრობლემები ამ მიმართულებით.

ჟურნალისტი: რატომ ვერ წყდება ეს პრობლემები, თქვენი აზრით? ამის რესურსი არა აქვს სახელმწიფოს და მთავრობას, თუ ამის ნება არ არსებობს?

 პასუხი: ვფიქრობ, საკითხი არ არის განხილული ერთიანად, კოორდინირებულად და კონცეპტუალურად გააზრებული, რომ მოხდეს გარდამტეხი ნაბიჯების გადადგმა.

ჟურნალისტის ხმა: აგრეთვე, 23 ივნისს მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში შედგენილ სამედიცინო კონსულტაციის ბარათში წერია, რომ პატიმარი “ვივა-მედის კლინიკაში” გადაყვანას თავადვე ითხოვდა. 

გარდაცვლილი პატიმრის დეიდა: სთხოვდა, გადამიყვანეთ საავადმყოფოშიო. რატომ არ გადაიყვანეს?!  რადგან არ ჭამდა საჭმელს, წვეთოვანი დაუდგეს. სიმართლე გითხრათ, გაგვიხარდა, ვიფიქრეთ, წვეთოვანი მაინც კვებავს და უკეთესია მისთვის. ე.ი. გამოიყვანეს ისევ და ისევ შეიყვანეს ციხეში.

გარდაცვლილი პატიმრის დედა: რატომ არ დატოვეს იმ ციხის საავადმყოფოში, რომ გამოეკვლიათ, როგორი ავადმყოფი იყო, რა სტკიოდა, რა აწუხებდა?! მიიყვანეს და მეორე დღეს გამოიყვანეს, ისევ დააბრუნეს და მერე იქ დალია სული ჩემმა საცოდავმა…

ჟურნალისტის ხმა: რატომ დაემსგავსა ამ პატიმრის სიცოცხლის ბოლო ორი კვირა ე.წ. გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას, ამ კითხვაზე პასუხის პოვნა პატიმრობის შესახებ კოდექსშიც ვცადეთ.

საია-ს იურისტი ჯანო ჭკადუა განმარტავს, რომ პატიმრობის კოდექსის მიხედვით, საქართველოს ნებისმიერი სასჯელაღსრულების დაწესებულება ვალდებულია, პატიმარს გაუწიოს ისეთივე სამედიცინო დახმარება და მედიკამენტოზური მკურნალობა, რისი შესაძლებლობაც მას ციხის გარეთ ექნებოდა. 

ჯანო ჭკადუა: როდესაც პირი პენიტენციურ დაწესებულებაში პირველად შედის, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი სამედიცინო შემოწმება. სამედიცინო შემოწმება გულისხმობს, როგორც გარედან მის ფიზიკურ დათვალიერებას, რაიმე დაზიანებები ხომ არ გააჩნია ამ ადამიანს, ამასთანავე აუცილებლად უნდა მოხდეს ფსიქოლოგის მიერ მისი შემოწმება, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შემოწმება. თუკი ადამიანს გააჩნია ჯანმრთელობის ისეთი სახის პრობლემა, რომელიც ადგილზე მკურნალობას ვერ ექვებდებარება, ან ადგილზე შესაბამისი მომსახურების გაწევა შეუძლებელია, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ის გადაყვანილიქნეს შესაბამის დაწესებულებაში.

ჟურნალისტის ხმა: პატიმრობის შესახებ კანონთან ერთად, არსებობს სახალხო დამცველის რეკომენდაციაც: თუ ციხის მედპერსონალის მუშაობა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრის უსაფრთხოებისთვის საკმარისი არ არის, იგი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სხვა კლინიკაში.

რატომ მოათავსეს ბრალდებული დეესკალაციის ოთახში და რატომ არ გადაიყვანეს იგი საავადმყოფოში, ამ კითხვებით “სტუდია მონიტორმა” სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიმართა, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია.

​​ჟურნალისტის სთენდაფი: 

პატიმრებისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიშში წერია, რომ პროცესი ხშირ შემთხვევაში ჭიანურდება, რაც დაკავშირებულია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გადატვირთულობასთან. პატიმრებს თვეების განმავლობაში უწევთ ლოდინი პენიტენციურ დაწესებულებაში, მაშინ, როცა ისინი ფსიქიატრიულ სტაციონარში გადაყვანას საჭიროებენ. აქედან გამომდინარე, ჩნდება რისკი, რომ დროში გაწელილმა ბიუროკრატიამ შესაძლოა, პატიმრების სიცოცხლეც კი იმსხვერპლოს.

ჟურნალისტის ხმა: ექსპერტიზის დროში გაწელილ პროცესთან დაკავშირებით, რაც სახალხო დამცველის ანგარიშებშია ასახული, სამხარაულის ეროვნული ბიუროდან მოგვწერეს: 

“გასულ წლებში ნამდვილად შეიქმნა პრობლემა გამოსაკვლევი პირების დეპარტამენტში დროულად მოთავსებასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეული იყო  Covid-19-ის პანდემიით. ამასთან, 2020 წლის გაზაფხულზე, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში, სასჯელაღსრულების სისტემაში გამოცხადებული იყო სრული კარანტინი და არ ხდებოდა გამოსაკვლევი პირების ბადრაგირება ჩვენს დეპარტამენტში. დღეისათვის, ანუ 2023 წლის მდგომარეობით – ზემოაღნიშნული საკითხი სრულად არის აღმოფხვრილი და გამოსაკვლევ პირთა დეპარტამენტში მოთავსება ხდება ექსპერტიზის დანიშვნიდან დადგენილ ვადებში”.

ნესტან ლონდარიძე: მათი (პატიმრების) უფლებრივი მდგომარეობა, სანამ ექსპერტიზის დასკვნა დაიდება, უნდა ჩავთვალოთ, რომ რისკის ქვეშ დგას. და ძალიან დაგვიანებული შეიძლება აღმოჩნდეს. და აი, აქედან გამომდინარე აუცილებელია, პირველ რიგში შესწავლის საგანი დადგეს, ხომ არ არის ექსპერტიზის დასკვნის მიღებამდე სამედიცინო ნაწილის გამოყენება საჭირო… მით უფრო, როდესაც საუბრობს პატიმარი იმის შესახებ, რომ მას დედის გარეშე საკვების მიღებაც არ შეუძლია, უჩივის იმას, რომ ის ვერ გაძლებს და ის საუბრობს სიკვდილზე ჯანმრთელობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს სამედიცინო პერსონალისთვის, რომ ამაზე ყურადღება იყოს გამახვილებული. 

ჟურნალისტის ხმა: გიორგის ფსიქიატრიული ექსპერტიზის პასუხი 20 დღეში გახდა ცნობილი. იმ დროისთვის იგი გარდაცვლილი იყო. სამხარაულის ბიუროს დასკვნაში წერია, რომ ის საჭიროებდა იძულებით მკურნალობას, რომელიც უნდა ჩატარებულიყო არა ციხეში, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.

ჟურნალისტის ხმა: სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისა და სამართლიანი განაჩენის მოლოდინში მყოფი პატიმრის სიცოცხლე 2023 წლის 7 ივლისს ციხის საკანში დასრულდა. იგი 45 წლის იყო, განათლებით იურისტი, რომელიც წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა

ზურაბ დგებუაძე: მისი სიკვდილიც დაფიქსირებულია ვიდეოკამერაზე, სადაც შემაძრწუნებელი რამ ხდება. ჩანს, როგორ კვდება პატიმარი, თითქოს წინასწარ იცის, რომ განწირულია, მაგრამ ვერსად შველას ვერ ჰპოვებს.

ჟურნალისტის ხმა: გარდაცვალების მიზეზი უცნობია, რადგან ექსპერტიზის დასკვნა ამ დრომდე არ არის. ადვოკატმა ზურაბ დგებუაძემ საჩივარი უკვე შეიტანა და პროკურატურას შუამდგომლობით მიმართა. საქმე სამსახურებრივი გულგრილობის მუხლითაა აღძრული, ხოლო გარდაცვლილის დედას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

ჟურნალისტი: რეალურად ვინ არის პასუხისმგებელი გარდაცვალებაზე? 

ზურაბ დგებუაძე: აუცილებლად უნდა დადგეს პასუხისმგებლობა იმ სამართალდამცავი ორგანოების, კონკრეტულად, გამომძიებლის, პროკურორის და მართლმსაჯულების ორგანოს წარმომადგენლის, – მოსამართლის.

ჟურნალისტის ხმა: გამოძიება დაწყებულია, თუმცა სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ ჩანიშნულა. ობიექტური გამოძიების მოთხოვნით, გიორგის ოჯახმა  გენერალურ პროკურორს, პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართა. ოჯახის წევრების გარდა, წერილს გარდაცვლილი პატიმრის 70-მდე მეგობარი აწერს ხელს.

გარდაცვლილი პატიმრის დედა: მეტი შვილი არა მყავს, აღარავინ არა მყავს, უბედური დედა ვარ.